24 April 2017
  • 1074 ნახვა

სერგეი ლავროვი სოხუმში: რუსულ-აფხაზური და რუსულ-ქართული ურთიერთობები

შესავალი

18-19 აპრილს გაიმართა სერგეი ლავროვის ორდღიანი ვიზიტი აფხაზეთში. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მას მესამედ ეწვია.

მინისტრის პირველი ვიზიტი გაიმართა 2008 წლის 15 სექტემბერს. თვითმფრინავი, რომლითაც ის აფხაზეთში ჩავიდა, იყო პირველი სამოქალაქო ლაინერი, რომელიც რესპუბლიკაში ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ დაეშვა. სერგეი ლავროვის პირველი ვიზიტი სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. მისი მიზანი იყო სამხრეთ კავკასიაში „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი სტატუს-კვოს ხაზგასმა. მეორედ რუსი მინისტრი აფხაზეთში 2011 წლის 26 აპრილს ჩავიდა. მაშინ მოსკოვმა და სოხუმმა გაცვალეს ნოტები უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამასთან ერთად ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის (გაწვეულებისთვის და საკონტრაქტო სამსახურზე მყოფთათვის) განსაკუთრებული რეჟიმის დამყარების შესახებ. სერგეი ლავროვის მესამე ვიზიტი ფორმალურად მიეძღვნა რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნას სოხუმში. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ მისი მნიშვნელობა მხოლოდ ცერემონიალური მომენტით არ შემოიფარგლება.

კონფრონტაცია რუსეთსა და დასავლეთს შორის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი გაიმართა დასავლეთსა და რუსეთს შორის მზარდი კონფრონტაციის ფონზე. სამხრეთ კავკასიის კონტექსტში ეს დაპირისპირება უკავშირდება საქართველოს ფაქტორს. ოფიციალურმა თბილისმა სერგეი ლავროვის სოხუმში ჩასვლა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ნეგატიური შეფასება გააკეთა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. დღეს სწორედ აბაშიძე არის მთავარი დიპლომატი საქართველოში, რომელიც ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან (იგი რეგულარულად ხვდება სერგეი ლავროვის მოადგილეს, გრიგორი კარასინს). თბილისის პოზიციას მხარს უჭერს დასავლეთიც, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას რუსული ჰეგემონური ამბიციებისკენ გადადგმულ უკანონო ნაბიჯად აფასებს.

2008 და 2011 წლის ლავროვის ვიზიტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული და დასავლური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან მსგავსი შეფასება მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მაღალჩინოსნის სოხუმში ან ცხინვალში ჩასვლის შემთხვევაში რიტორიკა იგივე სახეს ატარებს. არცერთი ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრე, არ იტყვის უარს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. თბილისის მხრიდან აღნიშნული რეგიონების აღიარების გარეშე, კი აშშ და ევროკავშირიც არ შეცვლიან საკუთარ მიდგომას „კავკასიაში ახალი რეალიების შესახებ“ (აღნიშნული ტერმინი მოცემულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ბოლო ორ გამოცემაში (2013 და 2016 წლის), სადაც რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტად „რჩება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო პოზიციების გამყარება, საიმედო დაცვის უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“).

შედეგად სახეზე გვაქვს ორი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობა. პირველ მათგანში არსებობს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა, რომლის ნაწილსაც დროებით აკონტროლებს რუსეთი. ხოლო მეორე რეალობაში არსებობს სამი განსხვავებული სახელმწიფო, რომელთაგან ორში მოსკოვი თამაშობს უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველმყოფის ექსკლუზიურ როლს. ამასთან აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ახალი სტატუს-კვოს დარღვევის მცდელობა თბილისის ან დასავლეთის მხრიდან არ მომხდარა. 2008 წლისგან განსხვავებით, რუსეთის და დასავლეთის კონფრონტაციის კონტექსტში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აქტუალობა პოსტსაბჭოთა სივრცეში შემცირდა. ყველაზე მძაფრი თემა ამჯერად არის უკრაინა. საქართველოს კონფლიქტური რეგიონების პრობლემატიკა კი ყირიმის ქეისის კონტექსტში განიხილება. ლავროვის ვიზიტის მიზანი იყო რუსეთის ახალი საელჩოს კომპლექსის გახსნა, რაც აჩვენებს, რომ 2014 წლის სცენარის მულტიპლიკაცია არ წარმოადგენს რუსული პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას აფხაზეთში. ამ თეზისს აძლიერებს მსგავსი სურვილის არქონა აფხაზეთის ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში. ბრიტანელი ექსპერტი ტომას დე ვაალი საუბრობს 2014 წლის რუსულ-აფხაზურ ორმხრივ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებზე: „თითქმის ვერავინ შეამჩნია, როგორ შეცვალა აფხაზურმა მხარემ ხელშეკრულების თავდაპირველი სახე. მისგან ამოიღეს გარკვეული მომენტები. სიტყვა „ინტეგრაცია“ შეიცვალა „სტრატეგიული პარტნიორობით“. რუსებს უფლება არ აქვთ მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა. საგარეო პოლიტიკა გახდა „კოორდინირებული“ და არა „შეთანხმებული“. სამი წლის გასვლის შემდეგაც შიდა აფხაზური პოლიტიკური კონსესუსი არ გამქრალა. იგი უფრო გაძლიერდა 2015 და 2016 წლის შიდაპოლიტიკური რყევების შემდეგ.

ლავროვის აფხაზეთში ვიზიტის მიზნები

დღეს სწორედ რუსულ-აფხაზური ასიმეტრიული პარტნიორობა წარმოადგენს მოსკოვსა და სოხუმს შორის ძირითად ურთიერთობის ფორმას. ქართულ-აფხაზური კონფლიქტური დღის წესრიგი აფხაზეთში უკანა ფონზე გადავიდა. სერგეი ლავროვის ვიზიტის პროგრამაში ცერემონიალური ღონისძიებების გარდა იყო მოლაპარაკებები დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესთან. შეხვედრების დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. პრეზიდენტ ხაჯიმბას განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს გარკვეული საკითხები, რომელთა შორის იყო:

1) რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დაცვა.

2) აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივება.

3) აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება აფხაზეთის თანამშრომლობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ორგანიზაციის ყველა წევრის კონსესუსის შემთხვევაში მოხდება. ლავროვმა ასევე ისაუბრა ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობაზე, რომლის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ჟენევის დისკუსიების ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული.

საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში

2017 წლის მარტში აფხაზეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შარშანდელი დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცია. ოპოზიციამ ვერ მიიღო საკონტროლო პაკეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ხელისუფლებაც ვერ ჩათვლის არჩევნების შედეგებს საბოლოო გამარჯვებად.

რუსეთის მინისტრის ვიზიტის წინ აფხაზი დეპუტატები ჩამოყალიბდნენ სახალხო კრების სპიკერის კანდიდატურაზე. თანამდებობაზე აირჩიეს ვალერი კვარჩია, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მომხრედ ითვლება. მიუხედავად ამისა ოპოზიციის რიგებში არიან ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, როგორიცაა ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და რესპუბლიკის ამჟამინდელი მეთაურის კონკურენტი წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე ასლან ბჟანია. რუსეთმა არჩევნების წინ უფრო ფრთხილი პოლიტიკა აირჩია და თავი აარიდა 2004 წლის შეცდომების გამეორებას, როდესაც მთელი რესურსები მიმართული იყო რუსეთისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად. მოსკოვში მიხვდნენ, რომ კონკურენცია აფხაზურ საგარეო პოლიტიკურ პროექტებს შორის არ არსებობს.

აფხაზური პარტიკულარიზმის საკითხი

მიუხედავად ამისა არ გამქრალა ეჭვები აფხაზური პარტიკულარიზმის შესახებ. მოსკოვში დღემდე ფიქრობენ, რომ რესპუბლიკა ცდილობს რუსეთის გავლენის შემცირებას საკუთრების უფლების საკითხებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ პოლიტიკოსები (მაგალითად ალმას ჯაპუა), რომლებიც ეწინააღმდეგებიან უცხოელების (მათ შორის რუსების) მიერ აფხაზური უძრავი ქონების შეძენას.

ეკონომიკური ლოგიკა მოითხოვს „რესპუბლიკის გახსნას“ (თუნდაც შეზღუდულ ფორმატში, რადგან რუსეთის და რამდენიმე ქვეყნის გარდა, რომლებიც სოხუმისგან გეოგრაფიულად დაშორებული არიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობა არავინ აღიარა). თუმცა პოლიტიკური მიზეზები, უპირველეს ყოვლისა კი აფხაზური ელიტის შიში დაკარგოს ექსკლუზიური სტატუსი უბიძგებს აფხაზებს საპირისპირო ნაბიჯების გადადგმისკენ. სავარაუდოდ, ლავროვის ვიზიტის ერთ-ერთ განსახილველ საკითხთა შორის ესეც იყო. 

საქართველოსა და რუსეთს შორის „სავაჭრო დერეფნების“ საკითხი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. საუბარია სატრანზიტო დერეფნებზე რუსეთსა და საქართველოს შორის. აღნიშნული თემა განიხილებოდა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრაზე 2017 წლის 7 თებერვალს. ფაქტობრივად ეს საკითხი მოსკოვსა და სოხუმს შორის დიალოგის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესია. შეხვედრის შემდეგ რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტისთვის დერეფნების გახსნა დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, თუმცა დასძინა, რომ პროცესი ცივილიზებული გზით უნდა გადაწყდეს. დერეფნების გახსნა აფხაზეთისთვის მტკივნეული საკითხია, მიუხედავად აფხაზეთის დამოკიდებულებისა რუსულ ფინანსებზე და უსაფრთხოების გარანტიებზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია აფხაზეთში ოპოზიციის და საზოგადოების დამოკიდებულებაც, რაც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელს უშლის ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ.

სავარაუდოდ სწრაფი და გარდამტეხი შედეგები რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში არ არის მოსალოდნელი, ამიტომაც კრემლი შეეცდება თავიდან აირიდოს დაძაბულობა და ახალი კონფლიქტები. საქართველოსთან ურთიერთობაში კი მოსკოვი გააგრძელებს ნორმალიზაციის პოლიტიკას, რომელიც მიბმული იქნება დასავლეთთან ურთიერთობაზე და უკრაინასა და სირიაში ჩამოყალიბებულ ვითარებაზე. 

მსგავსი