24 April 2017
  • 1079 ნახვა

რეფერენდუმი თურქეთში

შესავალი

2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების ჩავარდნამ ერდოღანს საშუალება მისცა ჩამოეშორებინა ათასობით რეალური თუ წარმოსახვითი მოწინააღმდეგე არმიაში, სასამართლო კორპუსში, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, მედიაში და გაეტეხა პარლამენტის წინააღმდეგობა. იანვარში 550-იდან 339-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცვლილებათა პაკეტს კონსტიტუციაში, რომელიც გულისხმობს თურქეთის ტრანსფორმაციას საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტოზე, უფრო სწორად კი - სუპერსაპრეზიდენტოზე. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე 16 აპრილს გაიმართა. მცირე უპირატესობით (51,4%) რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა გაიმარჯვეს.

ერდოღანი და მისი მხარდამჭერი მმართველი პარტია ერთხმად ამტკიცებს, რომ მმართველობის ფორმის ცვლილება გააერთიანებს ქვეყანას, აღკვეთავს შესაძლო პოლიტიკურ კრიზისს და მოიტანს სტაბილურობას. ზოგიერთი პოლიტიკოსი მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ ტერორის შეწყვეტასაც პირდება. თუმცა ოპოზიცია, განსაკუთრებით კი რესპუბლიკური სახალხო პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ შეხედულებას და თვლის, რომ ცვლილებები მხოლოდ ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში მოქცევას შეუწყობს ხელს.

ამ ცვლილებების თანახმად უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პრეზიდენტი თავად ნიშნავს მინისტრებს, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვიცე-პრეზიდენტებს (ეს თანამდებობა კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ შეიქმნება). ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ხელისუფლების მუშაობას, მათ შორის სამინისტროების შექმნა და ლიკვიდაცია, მიიღება სახელმწიფოს მეთაურის მიერ. მის ხელშია ქვეყნის ბიუჯეტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა. პრეზიდენტს შეეძლება გარკვეული გადაწყვეტილებების პარლამენტის გვერდის ავლით მიღება. ქვეყნის მეთაურს უფლება ეძლევა ერთპიროვნულად შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტს უფლება აქვს ჩაატაროს პარლამენტის ხელახალი არჩევნები, თუმცა ამ შემთხვევაში იგი თავადაც უნდა გადადგეს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ამ შემთხვევაში ერთდროულად ჩატარდება. თავად პარლამენტის შემადგენლობა გაფართოვდება 550-იდან 600 დეპუტატამდე. მინიმალური ასაკი დეპუტატობის კანდიდატებისთვის იქნება 18 წელი. ამასთან ერდოღანმა გამოთქვა სურვილი პარლამენტში იხილოს მეტი ახალგაზრდა დეპუტატი. პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი და მას მიეცემა უფლება არმიაში მაღალ თანამდებობებზე სამხედრო პირები დანიშნოს. პრეზიდენტისთვის უქმდება პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებაში მონაწილეობის უფლების აკრძალვაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების, ერდოღანს პრეზიდენტად აირჩევენ 2019 წელს და იგი თანამდებობაზე დარჩება 2029 წლამდე.

რეფერენდუმის წინ შექმნილი ვითარება

რეფორმის წინ საუბარი იყო იმ ძირითად პრობლემებზე, რომელიც ამ შესწორებებს უკავშირდება. ხალხის ინფორმირებულობა რეფორმების შესახებ დაბალია. ამ თემის შესახებ არ მოწყობილა არცერთი სერიოზული პოლიტიკური დებატი. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ ხმა მისცეს პრეზიდენტ ერდოღანს და არა საკონსტიტუციო ცვლილებას. თავის მხრივ მნიშვნელოვანია რეფერენდუმის ორგვარობაც. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მიმართულია პარლამენტის უფლებამოსილების შეკვეცისა და სანაცვლოდ მისი რიცხოვნობის გაზრდისკენ, რეფორმის მონაწილეები ამის შესახებ დუმან. არასახარბიელო იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ თურქეთში შექმნილი შიდაპოლიტიკური კლიმატიც. ქვეყანა ცხოვრობს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 2016 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული. უსაფრთხოების საკითხი ქურთული მუშათა პარტიისა და ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ კვლავ მოუგვარებელია. ხელისუფლება კრიტიკის ქვეშ მოექცა მასმედიაზე ზეწოლისა და საჯარო შეკრებების თავისუფლების შეზღუდვის გამო. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში, რომელიც ქურთებით არის დასახლებული, სიტუაცია რთულია, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობდა რეფერენდუმის ჩატარების წინ.

ამჟამად თურქეთში მოქმედებს 1982 წლის კონსტიტუცია, რომელიც თავის მხრივ 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიიღეს. ბევრი თურქის, მათ შორის ერდოღანის მოწინააღმდეგის აზრით, იგი მორალურად დაძველდა, არის სამხედრო რეჟიმის მემკვიდრეობა და მოითხოვს კარდინალურ შესწორებას. კონსტიტუციის ცვლილებისკენ მოწოდება გააქტიურდა 2002 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა კონსერვატორული შეხედულების სამართლიანობისა და განვითარების პარტია ერდოღანის ხელმძღვანელობით. დროთა განმავლობაში კონსტიტუციური ცვლილებები ერდოღანის იდეა ფიქსად იქცა.

მმართველობის პირველ წლებში ერდოღანი ცვლილებების აუცილებლობას ხსნიდა ევროკავშირის მოთხოვნებით. 2007 და 2010 წლებში ჩატარდა ორი კონსტიტუციური რეფერენდუმი. 2007 წელს დაუშვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები. მანამდე თურქეთში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა. 2010 წლის რეფერენდუმზე კონსტიტუციაში უფრო მეტი ცვლილება შევიდა. მათ შორის იყო სამხედრო პირების სამოქალაქო სასამართლოების იურისდიქციის ქვეშ გადაცემა. ასევე პარლამენტს მისცეს მეტი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და პროკურორების დანიშვნის მიმართულებით.

მაშინდელ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად შეხვდა. ითვლებოდა, რომ დემოკრატიზაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები აუცილებელი იყო თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. თუმცა დღეს სიტუაცია სხვაგვარია. ბრიუსელის მიმართ თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებების, ევროკავშირის შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაზე გაცვლის, ოპოზიციის წევრების მასობრივი დაკავებების და მედიაზე ზეწოლის შემდეგ ევროინტეგრაციაზე სერიოზულად არავინ საუბრობს. შესაბამისად 16 აპრილის რეფერენდუმის მიზანი არ იყო ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა. როგორც ცვლილებების მომხრეები აცხადებენ, მისი მიზანია რეჟიმის გაძლიერება და საპრეზიდენტო „ძლიერი თურქეთის“ შექმნა.

თუ მმართველი ხელისუფლება შეძლებდა პარლამენტში კენჭისყრის დროს 367 ხმის მიღებას, მას საკითხის რეფერენდუმზე გატანა არ დაჭირდებოდა. თუმცა ერდოღანს 28 ხმა დააკლდა და შესაბამისად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის ბედი 16 აპრილს დანიშნული რეფერენდუმის გზით გადაწყდა. პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის ფუნქციონერები აქტიურ სააგიტაციო კამპანიას ეწოდნენ. თავისი გამოსვლისას სახელმწიფოს მეთაურმა პირდაპირ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე ცვლილებების მოწინააღმდეგეები ივლისის სამხედრო მეამბოხეების გვერდით დგანან. ერდოღანმა არ დაივიწყა საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეების ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებაც: „სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია ამბობს „არა“. ისინი, ვინც მის მხარეს იჭერენ, ამბობენ „არა“. თხუთმეტმა მილიონმა თურქმა ახალგაზრდამ მიიღო „წერილი პრემიერისგან“ საკონსტიტუციო რეფორმების მხარდაჭერისკენ მოწოდებით.

დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციური პარტიების და აქტივისტების ორგანიზებული საჯარო აქციები რეფორმების წინააღმდეგ აიკრძალა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ან მოხდა მათი დარბევა პოლიციის მხრიდან. თვით სიტყვა „არა“ კი შეიზღუდა საჯარო ხმარებაში. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო ფურცლების გავრცელებაზე, რადგანაც მათზე დიდი წითელი ასოებით ეწერა „არა“. წამყვანმა თურქულმა გაზეთმა Hurriyet-მა გააუქმა ინტერვიუ მთავარ ეროვნულ მწერალთან და ნობელის პრემიის ლაურეატ ორჰან ფამუქთან, რომელიც რეფერენდუმის დროს ცვლილებების საწინააღმდეგოდ აპირებდა ხმის მიცემას.

დაპირისპირება ევროპასთან

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებდა, რომ რეფერენდუმის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები დაახლოებით თანაბარი იყო. შესაბამისად რეჯეფ ტაიპ ერდოღანს დაჭირდა ევროპაში მცხოვრები თურქების ხმები, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნიათ. მხოლოდ გერმანიაში ცხოვრობს 1,4 მილიონი თურქი ამომრჩეველი. მათგან 50-60% ბოლო წლებში არჩევნების დროს მხარს უჭერდა ერდოღანს და მის სამართლიანობისა და განვითარების პარტიას. საფრანგეთში თურქების რაოდენობა აღწევს 500 ათასს. ამდენივე თურქი ცხოვრობს ნიდერლანდებში. მათ ნახევარს უფლება აქვს ხმა მისცეს თურქეთში გამართული არჩევნების ან რეფერენდუმის დროს. ევროპაში თურქები აღმოჩნდნენ 1960-იან წლებში, როდესაც ისინი ომის შემდგომ დანგრეული ეკონომიკის აღდგენით სამუშაოებზე გასტარბაიტერებად მიიწვიეს. ბევრი მათგანი დარჩა ევროპაში, გადაიყვანა იქ თავისი ოჯახი და შედეგად ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი თურქული დიასპორები გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ბელგიაში. თურქეთის ხელისუფლება არ ივიწყებს ამ დიასპორებს და ძირითადად წინასაარჩევნოდ მათი მიმართულებით მუშაობას ააქტიურებს. ევროპელები დიდი ხნის განმავლობაში მსგავს აქციებს ყურადღებას არ აქცევდნენ.

ემიგრანტების ხმების მოსაპოვებლად ერდოღანმა ევროპაში ძლიერი პროპაგანდისტული დესანტი გააგზავნა საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წამყვანი პირების სახით. ამასთან მან საჭიროდ არ ჩათვალა მიეღო ევროპული ქვეყნების თანხმობა სააგიტაციო კამპანიის ჩასატარებლად. ევროპული სახელმწიფოები რთული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ერთი მხრივ მათ არ სურდათ ანკარასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭება, რასაც შეეძლო მიგრანტების შესახებ შეთანხმების ჩაშლა. ევროპული ღირებულებებით ასევე მიუღებელია მშვიდობიანი პოლიტიკური შეკრებების აკრძალვა, მათ შორის მიგრანტების მონაწილეობით. ამავდროულად ევროპულ სახელმწიფოებს არ სურთ დაეხმარონ ერდოღანს და მის მინისტრებს თურქეთში სწორედ ამ ევროპული ღირებულებების ლიკვიდაციაში. ვითარებას ამძაფრებდა უსაფრთხოების საკითხებიც. ერთი მხრივ თურქული დიასპორა ევროპაში ერთგვაროვანი არ არის და აგიტაციის დროს შესაძლებელი იყო მათ შორის დაპირისპირების წარმოშობა. 5 აპრილს, ბრიუსელში, თურქეთის საკონსულოსთან მოხდა დაპირისპირება რეფერენდუმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მეორე მხრივ გასათვალისწინებელი იყო ევროპაში მზარდი ულტრამემარჯვენე პარტიების ანტიიმიგრანტული განწყობებიც.

ავსტრიამ და შვეიცარიამ არ მისცეს თურქეთს ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება სააგიტაციო მიტინგები ჩაეტარებინათ თურქულ დიასპორასთან. გერმანიის სამი ქალაქის - კიოლნის, გატენაუს და ფრეხენის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა უარი განუცხადეს თურქ მინისტრებს შეხვედრის დაგეგმვაზე „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“. ნიდერლანდებმა არ შეუშვა ქვეყანაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავაშოღლუ, ხოლო ოჯახისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ფატმა ბეთულ საიან კაია „არასასურველ უცხოელ პერსონად“ გამოაცხადა. საპასუხოდ ერდოღანმა ნიდერლანდების და გერმანიის ხელისუფლება ნაცისტურ რეჟიმს შეადარა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვაზე დაიწყო საუბარი.

თურქეთის მხრიდან ევროპის წინააღმდეგ კონფრონტაციაზე წასვლა აიხსნება არა თურქული პოლიტიკური კულტურისა და ფსიქოლოგიის სპეციფიკით, არამედ პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური გათვლებით. იგი ცდილობდა გამოეყენებინა ყველა საშუალება თურქების საკუთარი დროშის ქვეშ კონსოლიდაციისა და 16 აპრილის რეფერენდუმზე მობილიზაციისთვის. ერთ-ერთი აპრობირებული და საიმედო მეთოდი კი ამ შემთხვევაში არის საშინაო და საგარეო მტრის წინააღმდეგ თანამოქალაქეთა გაერთიანება. შიდა მტრების როლს თურქეთში უკვე დიდი ხანია თამაშობენ აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის თანამოაზრეები და ქურთი ტერორისტები ქურთისტანის მუშათა პარტიიდან. მათ დაემატა საგარეო მტრის სახე „მზაკვარი ევროპის“ სახით, რომელიც მხოლოდ გარეგნულად „ინიღბება დემოკრატიული ფასეულობებით. ერდოღანის გათვლებით, თურქების ნეგატიური ფსიქოლოგიური რეაქცია ევროპის მხრიდან „შეურაცხყოფაზე“ რეფერენდუმის დროს მისთვის სასარგებლოდ იმუშავებდა. ეს ეხება როგორც რესპუბლიკაში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თურქებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერები

რეფერენდუმს მხარს უჭერდა ამჟამინდელი ხელისუფლება: პრეზიდენტი ერდოღანი, პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და მმართველი პარტიის სხვა მინისტრები თუ დეპუტატები.

მათ გარდა რეფერენდუმზე დადებითი პასუხის დაფიქსირებას ემხრობიან ნაციონალისტები ოპოზიციური „ნაციონალური ერთობის პარტიიდან“ უცვლელი ლიდერის დევლეთ ბახჩელის მეთაურობით. ამ გადაწყვეტილებამდე პარტია ძლიერი შიდაპარტიული კრიზისის ხარჯზე მივიდა. პარტიის წევრთა ნაწილმა გააკრიტიკა ბახჩელის და ერდოღანის კავშირი, დატოვა პარტია და საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა.

მასმედიის დიდი ნაწილი, რომელიც ივლისის პუტჩის შემდეგ მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა, ასევე მოუწოდებდა მოსახლეობას დაეფიქსირებინა დადებითი პასუხი. ყოველდღიურად თურქულ ტელევიზიაში ან პრესაში წამყვანები და ექსპერტები უხსნიდნენ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემის დადებით მხარეს.

საკონსტიტუციო ცვლილების მოწინააღმდეგეები

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა სახალხო-რესპუბლიკური პარტია - თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის ათათურქის პარტია. პარტიის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს. მათი აზრით იგი გამოიწვევს ერთპიროვნულ მმართველობას და გახდება კატასტროფა თურქული დემოკრატიისთვის.

კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა კიდევ ერთი საპარლამენტო პარტია - პროქურთული სახალხო-დემოკრატიული პარტია. 2015 წლის ზაფხულში ქურთული საკითხის მშვიდობიანი მოგვარების ჩავარდნის შემდეგ იგი ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცა. პარტიის წევრებს ადანაშაულებენ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერაში, რომელიც ოფიციალურ ანკარას ტერორისტულად ყავს გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თურქეთში დაიწყო პარტიის წევრების მასობრივი დაკავებები. დააკავეს მისი ლიდერი სელახათინ დემირთაშიც, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა 143 წლით ემუქრება. თუმცა თავისუფლებაზე მყოფი დეპუტატები მოუწოდებდნენ თავიანთ მომხრეებს 16 აპრილის რეფერენდუმზე უარის დაფიქსირებისკენ.

თურქეთის მოსახლეობას ცვლილებების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდბენ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. მაგალითად, ცნობილი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი აცხადებდა, რომ რეფერენდუმზე „არას“ შემოხაზვას აპირებდა.

ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ფეთჰულა გიულენის მომხრეები მოძრაობა „ჰიზმეთიდან“, რომელსაც ოფიციალური ხელისუფლება ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მოძრაობის წევრების უმრავლესობამ მოასწრო თურქეთიდან გაქცევა, საიდანაც აქტიურ აგიტაციას ეწეოდნენ ცვლილებების წინააღმდეგ.

ქურთებისა და გიულენის მომხრეებისთვის რეფერენდუმზე მათთვის დადებითი შედეგის მიღწევა გადარჩენის საკითხს წარმოადგენდა. ძლიერი პრეზიდენტი სავარაუდოდ გააძლიერებს რეპრესიებს მათ წინააღმდეგ. სეკულარული ოპოზიციისთვის - სახალხო-დემოკრატიული პარტიისთვის, მემარცხენეებისა და ნაციონალ-დისიდენტებისთვის ცვლილებების განხორციელება ნიშნავს თურქეთის შემდგომ ისლამიზაციას, მის სულ უფრო დაშორებას სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებისგან, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა რესპუბლიკის დამფუძნებელმა ათათურქმა.

ხელისუფლება ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ქურთისტანის მუშათა პარტია და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებებს წარმოადგენენ.

კიდევ ერთი გახმაურებული ისტორია რეფერენდუმის წინ იყო მმართველი პარტიის დეპუტატის ოზან ერდემის გადადგომა. მან თანაპარტიელები გააფრთხილა, რომ რეფერენდუმზე წარმატების შემთხვევაში თურქეთს სამოქალაქო ომი ელოდება. ეს განცხადება კი დეპუტატს პოლიტიკურ კარიერად დაუჯდა.

რეფერენდუმის შედეგები და სიტუაციის სამომავლო განვითარება

რეფერენდუმში მცირე უპირატესობით - 51,4%-48,6%-ის წინააღმდეგ გაიმარჯვეს ცვლილებების მომხრეებმა. „თურქეთმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება“ - განაცხადა ერდოღანმა ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის სიტყვებით კი თურქეთი საკუთარი დემოკრატიის ისტორიაში ახალ ეტაპზე გადავიდა. რეფერენდუმის დასრულებისთანავე სტამბულში და იზმირში დაიწყო მასობრივი აქციები რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად. ოპოზიცია ქურთების და სახალხო-რესპუბლიკური პარტიის სახით ხელისუფლებას შედეგების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს და ბიულეტენების 60%-ის გადათვლას ითხოვს. თურქული საზოგადოების გაყოფის მასშტაბს ადასტურებს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაც (86%).

ცვლილებებს ძირითადად მხარი დაუჭირეს თურქეთის ცენტრალურ ნაწილში და ანატოლიის პროვინციაში, სადაც ერდოღანის და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის რეიტინგი მაღალია. საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას აქ მხარი ამომრჩეველთა 70%-მა დაუჭირა. საპირისპიროდ იზმირში, ანტალიაში, აიდინში და ხმელთაშუაზღვისპირა სხვა ქალაქებში ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცა მოსახლეობის 60%-მა. სტამბულსა და ანკარაში ხმები თითქმის თანაბრად გაიყო, თუმცა ცვლილებების მოწინააღმდეგეებმა მცირე უპირატესობით მაინც გაიმარჯვეს: სტამბულში - 51,4%, ხოლო ანკარაში 51,1%. ერდოღანს მხარი დაუჭირეს თურქული დიასპორის წარმომადგენლებმა, რაშიც დიდი როლი ითამაშა ევროპულ ქვეყნებთან კონფლიქტმა.[1]

მიუხედავად ფორმალური გამარჯვებისა, რეფერენდუმის შედეგებს რთულად შეიძლება ვუწოდოთ ერდოღანის ტრიუმფი. სავარაუდოდ ერდოღანის პოლიტიკა საშინაო და საგარეო არენაზე იქნება აგრესიული, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არსს წარმოადგენდა. დღის წესრიგში უკვე დგას სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი, რომელიც ასევე რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. მისი გაუქმება 2004 წელს წარმოადგენდა თურქეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მისი აღდენა გააძლიერებს არსებულ შიშის ატმოსფეროს და გაზრდის მმართველი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური პროტესტის ალბათობას.

მომავალი თურქეთის გარკვეული კონტურები უკვე იკვეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საშინაო მიმართულებით იქნება სამხედროების წასვლა პოლიტიკური არენიდან. ახალი ცვლილებების თანახმად, მათ აკრძალული აქვთ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება. ათათურქის პერიოდიდან მოყოლებული სამხედროები წარმოადგენდნენ სახელმწიფოს სეკულარული ხასიათის გარანტს. ისინი საკუთარ ხელში იღებდნენ ძალაუფლებას, როდესაც ხელისუფლება არღვევდა თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის პრინციპებს. დღესდღეობით სამხედროებს არ გააჩნიათ საკმარისი ძალაუფლება სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად და ნებისმიერი მცდელობა არსებული ხელისუფლების დამხობისა მოითხოვს საგარეო აქტორების აქტიურ ჩარევას.

თურქეთის საგარეო პოლიტიკის კონსტანტა იქნება სამხედრო-პოლიტიკური კავშირი აშშ-სთან. ამასთან ნატოს ფარგლებში თურქეთი ეცდება დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას და ვაშინგტონისთვის შეუცვლელი პარტნიორის სახის ჩვენებას. თურქეთისთვის პრობლემას წარმოადგენს რაქაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ამერიკელები ქურთულ ჯგუფებთან ერთად ატარებენ. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენას ორი ქვეყნის სტრატეგიული კავშირის საფრთხის ქვეშ დაყენება არ შეუძლია. ევროკავშირთან მიმართებით კი თურქეთის სამომავლო ურთიერთობები დაეფუძნება ინტერესებს და არა ღირებულებებს. ამავდროულად გაურკვეველი ვადით გადაიწია თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივამაც.

ამავდროულად თურქეთი ეცდება საკუთარი გეოპოლიტიკური ორიენტაციის დივერსიფიკაციას. ანკარა კიდევ უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს ახლო აღმოსავლეთს, ევრაზიას და ცენტრალურ აზიას. თურქეთი ეცდება გახდეს მსოფლიო ძალა და თურქულენოვანი სამყაროს არაფორმალური ლიდერი. აღნიშნული მისწრაფება გამოიწვევს დაპირისპირებას სხვა რეგიონულ ძალებთან, მათ შორის რუსეთთან. თურქეთი საკუთარ პოლიტიკას ახლო სამეზობლოში აწარმოებს არა პარტნიორობის, არამედ საკუთარი გავლენის მოპოვების და გაზრდის კატეგორიებით. ჯერ კიდევ 2008 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავათოღლუს შემოთავაზებული „ნული პრობლემა მეზობლებთან“ გულისხმობდა თურქეთის გავლენის ზრდას მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის ლობისტური ჯგუფების და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების გამოყენებით.

გარკვეულწილად თურქეთის ახალი კონსტიტუცია მოახდენს ირანის სახელმწიფო მმართველობის და უფლებამოსილების გადანაწილების სისტემის ელემენტების „კოპირებას“. ირანმა აჩვენა შიდა მდგრადობა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მაგალითი ბოლო წლების მნიშვნელოვანი საგარეპოლიტიკური გამოწვევების წინ, როგორიც იყო დასავლეთის სანქციები, არაბული გაზაფხულის ტალღა და ტერორისტული საფრთხე. ამავდროულად მან მოახერხა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საკუთარი ძალის საზღვრებს მიღმა პროეცირება. თურქეთის ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერორიზმის პრობლემას აწყდება საკუთარ ტერიტორიაზე, აღნიშნული მმართველობის მოდელი მისაბაძია.

რეფერენდუმის შემდგომი თურქეთის განვითარების მოდელი („პლებისციტური დემოკრატია“) მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთისთვის, ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის. იგი ასევე საინტერესოა როგორც სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი შესაძლო მოდელი მომავალში. სწორედ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი წარმოადგენს ისეთი ტიპის ლიდერს, რომელიც ბევრის აზრით არის ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა და რომელსაც უკეთ შეუძლია თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირება (რაზეც გამუდმებით საუბრობდნენ რეფერენდუმის წინ ერდოღანის მხარდამჭერები).

"პლებისციტური დემოკრატიის" მოდელი გულისხმობს ავტორიტარული ტიპის ძლიერ ლიდერს, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას იმყარებს საყოველთაო არჩევნების გზით და პასუხისმგებელია არა ინსტიტუტების, არამედ პირდაპირ ხალხის წინაშე. ერდოღანმა ეს მოდელი გარკვეულწილად გადაიღო უგო ჩავესისგან. რუსული მაგალითისგან განსხვავებით, სადაც შედეგები წინასწარ განსაზღვრულია და პოლიტიკური ველიც ისეა მოწყობილი, რომ ხელისუფლებამ შეუძლებელია წააგოს, თურქეთსა და ვენესუელაში შესაძლებელია სურპრიზები (ერდოღანის 51,4% ამის მაჩვენებელია). თუმცა რეჟიმი იძულებულია გარისკოს, რათა შემდგომი პოლიტიკური ქმედების დროს მოსახლეობის არჩევანს დაეყრდნოს.

მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის შედეგებით დადასტურდა სამართლიანობის და განვითარების პარტიის და პირადად პრეზიდენტ ერდოღანის გამარჯვება, თურქეთმა პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ერდოღანს დაჭირდა ორი წელი, რომ მიეღწია ახალი სახელმწიფო სისტემის მოსაწყობად აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. თუმცა იგი ძალაუფლებას იღებს გაყოფილ საზოგადოებაში, რომელსაც ბოლო წლებში ახასიათებს კონფლიქტების და ძალადობის მზარდი პოტენციალი. პრეზიდენტ ერდოღანის „ახალი თურქეთის“ მშენებლობის ამბიციური გეგმების რეალიზაცია დამოკიდებულია მის უნარზე იმოქმედოს პოლარიზებული საზოგადოების ფარგლებში. საერთაშორისო საზოგადოებას კი მოუწევს მოემზადოს ორი განსხვავებული სცენარისთვის - ქვეყნის ძლიერი ლიდერის ხელში კონსოლიდაციის ან თურქეთის სრულ ქაოსში ჩაფლობისთვის.

 



[1] ცვლილებების სასარგებლოდ ხმა მისცეს ნიდერლანდებში (71%), ბელგიაში (75%), ავსტრიაში (73%), გერმანიაში (63%) და საფრანგეთში (65%)

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

24 April 2017

თურქული გამბიტი

24 April 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

24 April 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

24 April 2017

ობამა

24 April 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

24 April 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

24 April 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

24 April 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

24 April 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

24 April 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

24 April 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

24 April 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

24 April 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

24 April 2017

'პატივი კატალონიას?!'

24 April 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

24 April 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

24 April 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

24 April 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

24 April 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

24 April 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

24 April 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

24 April 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

24 April 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

24 April 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

24 April 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

24 April 2017

ბრექსიტის ლოგიკა

24 April 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

24 April 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

24 April 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

24 April 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

24 April 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

24 April 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

24 April 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

24 April 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

24 April 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

24 April 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

24 April 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

24 April 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

24 April 2017

უნგრული სუვერენულობა

24 April 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

24 April 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

24 April 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

24 April 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

24 April 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

24 April 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

24 April 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

24 April 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

24 April 2017

დასავლური გახლეჩა

24 April 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

24 April 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

24 April 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

24 April 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

24 April 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

24 April 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

24 April 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

24 April 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

24 April 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

24 April 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

24 April 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

24 April 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

24 April 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

24 April 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

24 April 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

24 April 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

24 April 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

24 April 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

24 April 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

24 April 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

24 April 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

24 April 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

24 April 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

24 April 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

24 April 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

24 April 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

24 April 2017