26 April 2017
  • 1003 ნახვა

აშშ-ჩინეთი: კონფრონტაცია არ არის გარდაუვალი

2017 წლის 6-7 აპრილს ფლორიდაში გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის სი ძინპინის შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორებს შორის ასახელებენ ივანკა ტრამპს და მის მეუღლე ჯარედ კუშნერს. ჯარედ კუშნერის დაკავშირება ამერიკაში ჩინეთის ელჩთან უზრუნველყო ჰენრი კისინჯერმა. აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების დიალოგს ლობირებდა ჩინეთში მომუშავე და ჩინური კომპანიების პარტნიორი ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებიც. რომ არა საჰაერო თავდასხმები სირიის პროვინცია იდლიბში, სწორედ აშშ-ჩინეთის სამიტი იქნებოდა აპრილის დასაწყისის უმთავრესი მოვლენა. ტრამპსა და სის შორის დიალოგი დაემთხვა აშშ-ს სარაკეტო თავდასხმას სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე. ამერიკული ვერსიის თანახმად, მოლაპარაკებების დროს, ჩინეთის ლიდერმა სარაკეტო თავდასხმის გადაწყვეტილების მიმართ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ, კანადური „გლობ ენდ მეილის“ ინფორმაციით, მედიას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აუწყა.  

ეკონომიკური ურთიერთობა

„მხარეებმა მოახერხეს უფსკრულის პირიდან დაშორება“ - მსგავსი მეტაფორებით შეაფასა მსოფლიო პრესამ ორი უმთავრესი ეკონომიკის წარმომადგენელი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა. მრავალი თვის განმავლობაში, საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან ტრამპი ემუქრებოდა ჩინეთს (მოგვიანებით ეს მუქარა ინტერნეტში მემად იქცა) მკაცრი ეკონომიკური ზომებით, რათა გაეუმჯობესებინა ის სავაჭრო დისბალანსი, რომლის გამოც აშშ გაუმართლებელ დანაკარგებს განიცდიდა. საკუთარი მუქარის გასამყარებლად, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტრამპმა ადმინისტრაციის სავაჭრო ბლოკში მაღალ თანამდებობებზე დანიშნა ძლიერი ანტიჩინური ბექგრაუნდის მქონე ორი პიროვნება: რეიგანის ადმინისტრაციის ვეტერანი რობერტ ლაითჰაიზერი სავაჭრო მოლაპარაკებებში (USTR) აშშ-ს წარმომადგენლად, ხოლო კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ნავარო ახალშექმნილი ვაჭრობის და მრეწველობის ოფისის ხელმძღვანელად და ვაჭრობის ეროვნული საბჭოს დირექტორად. ნავარო ავტორია გახმაურებული წიგნების „ჩინეთიდან მომავალი სიკვდილი“ და „მცოცავი ვეფხვი“, სადაც იგი ჩინური მილიტარიზმის საფრთხეზეც საუბრობს. ამასთან ახალარჩეულმა პრეზიდენტმა 2 დეკემბერს დაურეკა ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენს, ხოლო მეორე დღეს Fox-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ არ არის ვალდებული შეინარჩუნოს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა.

კონკრეტული პროტექციონისტული ნაბიჯების გადადგმის დაძაბულმა მოლოდინმა მაქსიმუმს მიაღწია მარტში, როდესაც კონგრესში გავრცელდა სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმომადგენლის ოფისის ყოველწლიური გეგმა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ არსებული „სტატუს-ქვო“ აუტანელია და დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა კარგავდა საგარეო ბაზრებს, ხოლო ამერიკელ მწარმოებლებს და მუშებს არ შეეძლოთ უცხოურ ფირმებთან კონკურენციისგან გამოწვეული დანაკარგების რეალური შეფასება. აღნიშნულ გეგმას მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-ს დეფიციტმა დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში 2016 წელს 800 მილიარდი დოლარი შეადგინა. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული საქონელი სხვა ქვეყნებში მაღალი ტარიფებით იბეგრება, როდესაც ამ ქვეყნებს აშშ-ში საკუთარი პროდუქცია ნულოვანი ტარიფით შემოაქვთ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ სავაჭრო ურთიერთობებში „სამართლიანობის აღდგენის“ უმთავრესი და უპირველესი სამიზნე ჩინეთი უნდა გამხდარიყო. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია „დიდი ჩინური დღის“ შესახებ, რომლის დროსაც აშშ გამოაცხადებდა 45%-იანი ტარიფების შემოღებას ჩინურ საქონელზე, მიყიდიდა იარაღის დიდ პარტიას ტაივანს, ხოლო აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო დაიწყებდა გამოძიებას იუანის კურსით მანიპულირების შესახებ. ამ იდეის ლობისტებს შორის მოიხსენიებდნენ ბენონს და ნავაროს. ჩინეთის წინააღმდეგ განწყობილი იყო ამერიკული ბიზნესიც, რომელიც ჯერ კიდევ ბილ კლინტონის დროიდან ცდილობდა ადმინისტრაციის გამოყენებას ჩინეთზე ზეწოლისათვის. ობამას პრეზიდენტობის დროს სწორედ ამერიკული ბიზნესი უჭერდა მხარს ტრანსწყნაროკეანური (TPP) შეთანხმების გაფორმებას, რომელიც დიდწილად ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოსალოდნელი იყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი.

თუმცა ტრამპსა და სის შორის ორდღიანმა მოლაპარაკებებმა სიტუაცია კარდინალურად შეცვალა. შეხვედრის შემდეგ ჩინური მხარე დაეთანხმა თეთრი სახლის ე.წ. „ასდღიან გეგმას“, რომლის მიზანია ამერიკული ექსპორტის სწრაფი ზრდა და შესაბამისად ჩინეთთან ვაჭრობაში დეფიციტის შემცირება. შეერთებული შტატები კი აღნიშნულ პერიოდში თავს შეიკავებს ჩინეთთან ურთიერთობაში ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისგან. ამასთან ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა გამოთქვა იმედი, რომ ჩინური მხარე ეცდება აშშ-სთან ვაჭრობაში საკუთარი პროფიციტის შემცირებას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ობამას დროს დაწყებულ დიალოგს სტრატეგიული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხების შესახებ დაემატება კიდევ ორი - თანამშრომლობა სამართალდამცავ სფეროსა და კიბერუსაფრთხოებაში და ურთიერთობა სოციალურ და კულტურულ საკითხებში.

რასაკვირველია, მსოფლიოს ორი უძლიერესი ქვეყნის ლიდერებს შორის შეთანხმება გავლენას მოახდენს როგორც მთელ გლობალურ ეკონომიკასა და ვაჭრობაზე, ასევე კონკრეტულ ქვეყნებზეც, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომელიც ამერიკელ კოლეგასთან საუბარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა წამოაყენა: „Xinhua”-ს ინფორმაციით, სიმ გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მ მონაწილეობა მიიღოს პროექტში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. ცნობილია, რომ აღნიშნული პროექტი, რომლის დაწყების შესახებაც პეკინმა ჯერ კიდევ 2013 წელს გამოცხადა, გულისხმობს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ და „XXI საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შექმნას. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მოიცავს ევრაზიის დიდ ნაწილს და აერთიანებს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს განვითარებად სახელმწიფოებთან. ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისმიმართულებით ერთმანეთთან თანამშრომლობს საქართველო და ჩინეთიც, რის შესახებ შეთანხმებასაც ხელი 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრთან ბეიჯინგში მოაწერა.

სამხედრო-პოლიტიკური უთანხმოება

სამხედრო-პოლიტიკური უთანხმოება ბეიჯინგსა და ვაშინგტონს შორის არ გამქრალა. იგი ეხება ბოლო წლებში არსებულ დაძაბულობას მხარეებს შორის სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, სადაც აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა მხარეების დაახლოება ვერ გამოიწვია. ვერ მოხდა გარღვევა ჩრდილოეთ კორეის საკითხშიც. სახელმწიფო მდივნად არჩევის დროს რექს ტილერსონი დაემუქრა ჩინეთს საპასუხო ნაბიჯებით, თუ იგი არ შეწყვეტდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო კუნძულებთან მანევრების ჩატარებას. 12 ივლისს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ჩინეთი არღვევს ფილიპინების სუვერენიტეტს და მას არ აქვს „ისტორიული უფლება“ სადაო კუნძულებზე. საპასუხოდ ჩინეთმა განაცხადა, რომ იგი საკუთარ ტერიტორიას სხვა სახელმწიფოებს არ დაუთმობს.

ამასთან ერთად, ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთმა ააშენა შვიდი ხელოვნური კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. კუნძულებზე განთავსებულია პორტები და რადარები. საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CSIS) ბოლო ანგარიშში არსებულ სურათებზე ნათლად ჩანს კუნძულებზე განლაგებული საზენიტო დანადგარებიც. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ხელოვნური კუნძულები მათზე განთავსებული ინფრასტრუქტურით ემსახურებიან სამოქალაქო ნაოსნობის უსაფრთხოებას. ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა დეკემბერში განაცხადა, რომ თავდაცვითი საშუალებების განთავსება კუნძულებზე „ლეგალურია“.

აშშ ჩინეთის ქმედებას რეგიონში დაძაბულობის ზრდად და აშშ-ს მოკავშირეებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ამერიკაში თვლიან, რომ რეგიონში არსებული კუნძულების მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობას. მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით აშშ არ ერევა ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტებში.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია დეკემბერში, როდესაც ჩინურმა გემმა გაიტაცა აშშ-ს საზღვაო ფლოტის წყალქვეშა დრონი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „დრონი მოქმედებდა საერთაშორისო წყლებში და ატარებდა სამეცნიერო კვლევას“. მოგვიანებით ჩინეთმა დააბრუნა ამერიკული დრონი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ჩინეთის ქმედებამ მხარეებს შორის დაძაბულობის განეიტრალებას ხელი ვერ შეუწყო. რეგიონში დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის ვერ განმუხტა მარ-ა-ლაგოში შეხვედრამაც, თუმცა აღნიშნულმა საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია ჩრდილოეთ კორეაში განვითარებული მოვლენების ფონზე.

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ათწლეულებია საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანს წარმოადგენს. შეთანხმების „დახმარება დენუკლეარიზაციის ნაცვლად“ და ექვსმხრივი მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებას არ გააჩნია მოლაპარაკების ქმედითი მექანიზმი ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციაში აქტიურად განიხილებოდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების მექანიზმები. ერთ-ერთი მათგანი იყო ისრაელის გამოცდილება ერაყის და სირიის ბირთვული პროგრამების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს სამხედრო ძალის გამოყენებით ამერიკული დაზვერვისთვის ცნობილი სარაკეტო-ბირთვული კომპლექსების განადგურებას.

ჩინეთის ლიდერთან მარ-ა-ლაგოში შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან იყო მცდელობა მოეხდინა ზეწოლა სი ძინპინზე კორეის საკითხთან დაკავშირებით. აშშ-მ ჩინეთის ლიდერს შესთავაზა შემოეღო სანქციები კორეის რეჟიმის წინააღმდეგ და გაეტარებინა უფრო აქტიური პოლიტიკა. თავის მხრივ, ჩინეთისთვის პრობლემას წარმოადგენს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, რის გამოც მან სამხრეთ კორეასთან ეკონომიკური ომიც კი წამოიწყო (ტურიზმის შეზღუდვა, ჩინეთში კორეულ ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლა და ა.შ.)  

ჩინეთის ურთიერთობა საკუთარ მოკავშირესთან ბოლო წლებში სულ უფრო გართულდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთს არ სურს გამოიწვიოს რეჟიმის კრახი და საკუთარ საზღვრებთან არშემდგარი სახელმწიფოს წარმოქმნა. იგი ეკონომიკურად მხარს უჭერდა კიმის რეჟიმს გაეროს სანქციების შემოღების შემდეგაც. ამასთან კონფლიქტმა კორეის ნახევარკუნძულზე შეიძლება გამოიწვიოს გაერთიანებულ კორეაში ამერიკული გავლენის გაძლიერება და ჩრდილოკორეელ დევნილთა ნაკადი ჩინეთში. შესაბამისად, სი ძინპინის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით კურსის რადიკალური ცვლილება და უფრო მკვეთი პოზიციის დაკავება მოსალოდნელი არ არის. მითუმეტეს, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში შეთანხმება ვერ მოხერხდა. ჩინეთში თვლიან, რომ ჩრდილოეთ კორეა არ ქმნის ბირთვულ იარაღის თავდასხმისთვის და იგი მხოლოდ რეჟიმის შესანარჩუნებლად ჭირდება. კიმის აზრით, სადამ ჰუსეინის და მუამარ კადაფის ბედი სხვაგვარად განვითარდებოდა, მათ ხელში რომ ბირთვული იარაღი ყოფილიყო. ამავდროულად პოტენციური ბირთვული პროგრამა წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეისთვის წარმოადგენდა საკვები პროდუქტების და სხვა აუცილებელი დახმარების მიღების საშუალებას.

ამავდროულად ბეიჯინგში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამის სამომავლო განვითარებას. ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელშიც ფხენიანის პოლიტიკა გააკრიტიკეს. მან გარკვეული სანქციებიც გამოიყენა: შეწყვიტა მეზობელი ქვეყნიდან ქვანახშირის იმპორტი და მკაცრი კონტროლი დააწესა იმ სავაჭრო გემებზე, რომლებიც აკრძალვასთვის გვერდის ავლას ცდილობენ. სატელიტებიდან გადაღებული სურათები აჩვენებს, რომ ჩრდილოკორეულ სავაჭრო გემებს აეკრძალათ ჩინეთის პორტებში გაჩერება და მათ უკან გაბრუნება მოუწიათ. ქვანახშირი ჩრდილოეთ კორეისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ვაშინგტონმა კი აშშ-ჩინეთის სამიტის შემდეგ გადაწყვიტა გაეძლიერებინა ზეწოლა როგორც ფხენიანზე, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე. კორეის ნახევარკუნძულის ნაპირებისკენ გაემართა აშშ-ს საზღვაო ფლოტის დამრტყმელი ჯგუფი ატომური ავიამზიდი „კარლ ვინსონის“ მეთაურობით. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიზანია დაასრულოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ჩინეთის დახმარებით თუ დახმარების გარეშე.

მიუხედავად აგრესიული რიტორიკისა, სირიის პრეცედენტის გამოყენება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბევრად უფრო რთულია. კიმის რეჟიმმა ამერიკული თავდასხმის საპასუხოდ შესაძლოა საარტილერიო ან სარაკეტო ცეცხლით უპასუხოს ამერიკულ სამხედრო ობიექტებს სამხრეთ კორეაში და დაბობმოს სეული (რის შესახებაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ოფიციალურადაც განაცხადა). მსგავსი ტიპის შეტევა გამოიწვევს მასშტაბურ კონფლიქტს, რომელიც აშშ-ს გამარჯვების შემთხვევაშიც კი დიდ ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგად დაუჯდება.

აშშ-ს მხრიდან თავდასხმას აზრი ექნება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის ხელში საკონტინენთაშორისო ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის შემთხვევაში, რაც კიმის რეჟიმს რუსეთის და ჩინეთის შემდეგ მესამე ქვეყნად აქცევს, რომელსაც შეეძლება აშშ-ს კონტინენტურ ნაწილს ბირთვული დარტყმა მიაყენოს. მსგავსი ტიპის რაკეტების პირველ წარმატებულ გამოცდამდე კი ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს რამდენიმე წელი აშორებს.

აშშ-ს გააქტიურების მიზანი სავარაუდოდ ჩინეთზე გავლენის მოხდენაა, რომ იგი შეუერთდეს აშშ-ს პოლიტიკას და მონაწილეობა მიიღოს ჩრდილოეთ კორეის ბლოკადაში. მანევრების მიზანია კინ ჩენ ინზე ზეწოლაც, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მეექვსე ბირთვული გამოცდის ჩატარება 15 აპრილს, კიმების დინასტიის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის 105 წლის იუბილეზე იგეგმებოდა. თუმცა „მზის დღემ“, რომელიც გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნა, ბირთვული გამოცდის გარეშე ჩაიარა. არსებობს ვარაუდი, რომ კიმ ჩენ ინმა ამერიკული სამხედრო ფლოტის აქტიურობის ფონზე დროებით გადადო ბირთული გამოცდის ჩატარება.

დასკვნა

შედეგად, ოფიციალური პირების და დასავლური თუ ჩინური მედიის ინფორმაციით, ორივე მხარე შეხვედრით კმაყოფილი დარჩა. ტრამპის ადმინისტრაციას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ პროპაგანდისტულმა მომზადებამ და რეგულარულად გაგზავნილმა მუქარის სიგნალებმა შედეგი გამოიღო და ჩინეთი აშშ-ში ექსპორტს შეამცირებს. ჩინური პრესა კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ „კონფრონტაცია აშშ-სა და ჩინეთს შორის არ არის გარდაუვალი“ და ორმხრივი ურთიერთობის დროს მხარეები პრაგმატულ მიდგომას ირჩევენ.

შეხვედრის წარმატება ადასტურებს „გეოპოლიტიკური ფაზლების“ თეორიის მომხრეთა ვარაუდებს, რომლებიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას ერთ მთლიანობაში არ განიხილავენ. ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებობს როგორც დაძაბულობის წერტილები (სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ჩრდილოეთ კორეა), ასევე საკითხები, რომელშიც ორ ქვეყანას მოლაპარაკება და თანამშრომლობა შეუძლია (სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები).

თუ სამომავლოდ კონტაქტები ორ მხარეს შორის ფლორიდაში შეხვედრის მსგავსად წარიმართება, მსოფლიოში კვლავ დაიწყება საუბარი „დიდი ორიანის“ (G2) და „ჩიმერიკას” (Chimerica) შესახებ. ბოლო წლებში აშშ-მ დაკარგა ერთპიროვნული ლიდერობა. ჩინეთი, რომელიც აშშ-ს გაუთანაბრდა ეკონომიკის ზომით, ლიდერის როლის ასაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიოში არსებული ლიდერობის ვაკუუმი მინიმუმ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შეავსოს „დიდი ორიანის“ ფორმატმა. მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, დანარჩენ ქვეყნებს მოუწევთ გლობალურ ეკონომიკასა და ვაჭრობაში როლების ახალ გადანაწილებასთან შეგუება. 

მსგავსი

„ბრექსითის“ ნისლიანი პერსპექტივა: დილემათა ჯამი

26 April 2017

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა საქართველოსთვის

26 April 2017