03 May 2017
  • 959 ნახვა

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

შესავალი

24 აპრილს, საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვში ევროკავშირის მაღალჩინოსანი - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი პირველად ჩავიდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2014 წელს დაიკავა, ხოლო რუსეთში ვიზიტის თარიღის შეთანხმება ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრა უმაღლეს დონეზე წელიწადში ორჯერ იმართებოდა.

რუსეთში ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომლის მიხედვითაც, ევროპა ამ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს. „ბებერი კონტინენტი“ კარგავს ყოფილ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას და შესაბამისად, რუსეთის ყურადღება „აღმოსავლეთით შებრუნებისკენ“ (поворот на Восток) უნდა იყოს მიმართული. მიუხედავად ამისა, რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აღმოსავლეთში - ჩინეთი გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს აშშ-სთან ურთიერთობას. სი ძინპინი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რეზიდენცია „მარ-ა-ლაგოში“ ეწვია და ამერიკული არმიის მიერ „ტომაჰავკებით“ ბაშარ ასადის ავიაბაზის განადგურებას მშვიდად შეხვდა. რუსეთს ამ თავდასხმის შესახებ სამხედრო კავშირის წყალობით წინასწარ შეატყობინეს, თუმცა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის მომზადების პროცესი კვლავ ჩიხშია შესული. ორივე ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაძაბულია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ევროკავშირი ამასთან ერთად რუსეთისთვის მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს და ამიტომაც მოსკოვსა და ბრიუსელს შორის სრულფასოვანი კონტაქტების არარსებობა არაბუნებრივად გამოიყურება.

თანამშრომლობის შესაძლებლობები

საბოლოოდ, 2017 წლის 24 აპრილს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, რომელიც ჩინეთსა და ინდოეთში ვიზიტიდან ევროპაში ბრუნდებოდა, მოსკოვს ეწვია და მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. შეხვედრის დასაწყისში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპელი სტუმარი დაარწმუნა, რომ მიუხედავად „დასავლეთთან რთული ურთიერთობისა“, რუსეთის მიზანს კვლავ წარმოადგენს ევროკავშირთან სრულფასოვანი თანამშრომლობის აღდგენა. მოლაპარაკებების შემდგომ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა, რომ მათ მოახერხეს სხვადასხვა საკითხის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების (ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სამეცნიერო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, უპირველეს ყოვლისა კი სირიაში მიმდინარე მოვლენების განხილვა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებით, მხარეები შეეხნენ „გარკვეულ პოზიტიურ ნაბიჯებს, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის დროს გადაიდგა, მათ შორის ტერორიზმთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის საკითხებში“. რუსეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა „კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ დიალოგი ანტიტერორისტული პრობლემატიკის შესახებ ხანგრძლივვადიანი პაუზის შემდეგ განახლდება“. ფედერიკა მოგერინის განცხადებით: „ჩვენს წინაშე არის საერთო ამოცანები, რომელიც უკავშირდება ტერორიზმთან ბრძოლას. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ თანამშრომლობით ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა სიტუაცია სირიაში, ლიბიაში და სხვა რეგიონებში“.

უკრაინის და სანქციების საკითხი

შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდა იმ წინააღმდეგობებზეც, რომელმაც ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობების რადიკალური დეგრადაცია გამოიწვია. სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნულ მიზეზებს ხაზი ნათლად გაუსვა. მისი სიტყვებით, პოზიციების განსხვავებულობა „დიდწილად განპირობებულია ურთიერთობების საერთო ფონით, რომელიც ევროკავშირში რუსეთის მიმართ უკრაინის მოვლენების შემდგომ შეიქმნა“. ლავროვის შეფასებით, ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში და შემდგომ განვითარებული მოვლენები რუსეთს აიძულებდა აქტიურად ჩაბმულიყო უკრაინის შიდა სიტუაციაში, რათა დაეცვა რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები. სხვა სიტყვებით, მოსკოვის აზრით, ევროკავშირმა არაადეკვატური რეაგირება მოახდინა რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთებაზე და დონბასში აქტიურ ჩარევაზე. ფედერიკა მოგერინიმაც მთავარი უთანხმოება უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტს და ყირიმის ანექსიას დაუკავშირა. მან ევროკავშირის უარი აღიაროს ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის იურისდიქცია „პრინციპულ პოზიციად“ დაასახელა და ორგანიზაციის ქმედება ერთადერთ შესაძლებელ რეაქციად მიიჩნია.

რაც შეეხება ორივე მხარისთვის მტკივნეულ სანქციების საკითხს, მინისტრმა ლავროვმა მოსკოვისთვის ტრადიციული პოზიცია გააჟღერა, რომლის მიხედვითაც რუსეთი არ აპირებს სანქციების საკითხის წინ წამოწევას. მიუხედავად ამისა, მან აღიარა, რომ მოლაპარაკებების დროს ამ თემასაც შეეხნენ. ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მოგერინის სიტყვებზე, რომ მინსკის შეთანხმება ყველა მხარემ უნდა შეასრულოს. „როგორც ხვდებით, ეს ეხება კიევში მყოფ ხელისუფლებასაც, დონეცკში და ლუგანსკში მყოფ მეამბოხეებსაც და ევროკავშირსაც, რადგანაც გერმანია და საფრანგეთი დიდწილად სწორედ ევროკავშირის სახელით მოქმედებდნენ.“ მისი სიტყვებით, რუსეთის მოვალეობაა უზრუნველყოს ლუგანსკის და დონეცკის კონსტრუქციული ქმედება და საკუთარი ვალდებულებების შესრულება, ხოლო თავის მხრივ გერმანიამ და საფრანგეთმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის ხელისუფლების მიერ მინსკის ხელშეკრულების პატივისცემა. ამასთან ლავროვის სიტყვებით, მხოლოდ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არასწორია, რადგანაც ევროკავშირის განცხადებით, მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულება ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. მან მოითხოვა გარკვეული სახის რეაქცია უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირის მხრიდან, რადგანაც მინსკის მოლაპარაკებების ნათელ საბოტაჟს ისიც ეწევა. ევროკავშირისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც იგი მსხვერპლად მიიჩნევს, არასტანდარტული მიდგომაა.

ბერლინში, პარიზსა თუ ბრიუსელში უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება კიევში უარს აცხადებს მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, უკრაინის მთავრობაზე ძლიერი ზეწოლა რისკის შემცველია პრეზიდენტ პოროშენკოს სუსტი პოზიციების და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გამო. მინსკის პროცესი კიევის ხელისუფლების და რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სეპარატისტების წყალობით ჩიხში შევიდა, რასაც სავარაუდოდ ევროკავშირშიც აცნობიერებენ. მიუხედავად ამისა, გერმანია და საფრანგეთი უარს აცხადებენ ანტირუსული სანქციების მოხსნაზე, რადგანაც უკრაინაში მიმდინარე კრიზისის ფონზე ეს მოსკოვზე ზეწოლის ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტია.

ორმხრივი ურთიერთობები vs. საერთაშორისო თანამშრომლობა

ორმხრივი სანქციების შენარჩუნება ხელს უშლის რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ეკონომიკურ, ფინანსურ, ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ სფეროებში ძველი ურთიერთობების აღდგენას. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ ფედერიკა მოგერინი პერსპექტივებზე საუბრისას აქცენტს აკეთებდა რუსეთისა და ევროკავშირის შეთანხმებულ ქმედებებზე საერთაშორისო არენაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სირიაში, ლიბიასა და პალესტინაში თანამშრომლობაზე, ასევე არქტიკის ათვისებასა და დაცვაზე. „ევროკავშირის მზად არის გააძლიეროს კოორდინაცია და თანამშრომლობა იმ შესაძლო მიმართულებების, რომელშიც რუსეთს და ევროკავშირს შეუძლიათ პოზიტიური როლის თამაში მსოფლიოს წინაშე დღეს არსებული კრიზისების გადასაჭრელად,“ - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა.

მოსკოვში ეს მიდგომა არასაკმარისად მიაჩნიათ. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში დადასტურებულია რუსეთის დაინტერესება ევროკავშირთან საგარეო პარტნიორობაში, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც გასულ წელს მიიღეს, „სიტყვა პარტნიორობა არ გვხვდება და რუსეთთან ურთიერთობა „გამოწვევად“ არის შეფასებული“. ლავროვის აზრით, ბრიუსელის მიზანია „დაამუხრუჭოს“ ორმხრივი ურთიერთობები და ამავდროულად, ითანამშრომლოს რუსეთთან საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად. მოგერინის აზრით კი, „ორმხრივი სანქციების პირობებში აბსურდულია ერთმანეთს სტრატეგიული პარტნიორები ვუწოდოთ“.

დონბასის კონფლიქტის გაყინვა, ხოლო მასთან ერთად სანქციების გაურკვეველი ვადით შენარჩუნება წარმოადგენს ძლიერ ბარიერს რუსეთისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად. სერგეი ლავროვმა მას „სისტემური პრობლემა“ უწოდა, თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, რაც თავისთავად უკვე კარგია... ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთის მეზობლები ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთ. პრობლემები უკეთესია მოვაგვაროთ და არ შევქმნათ მათგან ხელოვნური ბარიერები დიალოგისთვის“. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, მოსკოვი თვლის, რომ პოლიტიკური დიალოგი ორ მხარეს შორის რეგულარულად უნდა გაიმართოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მას დაეთანხმა: „ევროკავშირში ყოველთვის ვთვლიდით, რომ კონსტრუქციული, ღია და გულწრფელი დიალოგი წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს. ეს დამოკიდებულება სწორია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებითაც, რომელიც არის არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ საერთაშორისო მოთამაშეც“.

რუსეთის მხრიდან ულტრამემარჯვენე ძალების მხარდაჭერა

დიალოგის აღდგენისკენ გაკეთებული საჯარო განცხადებები პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა ზემოთნახსენები სისტემური პრობლემების გარდა, დიალოგის შედეგზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს რუსეთის საგარეო პოლიტიკური გათვლები ევროპასთან დაკავშირებით. საუბარია რუსეთის მხრიდან ოფიციალურად არაღიარებულ, მაგრამ ნაციონალისტური და მემარჯვენე პოპულისტური ძალების მიმართ ფაქტიურად არსებულ ღია მხარდაჭერაზე. ამის ნათელი გამოვლენა იყო 24 მარტს, კრემლში ვლადიმირ პუტინის და მარინ ლე პენის შეხვედრა. მანამდე სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი შეხვდა რადიკალური მემაჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერ ფრაუკე პეტრის. ბოლოდროინდელი ევროპული მოვლენები - გერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტიის დამარცხება ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოპულარობის კლება, მარინ ლე პენის დაბალი შანსები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აჩვენებს იმას, რომ მოსკოვმა გადაჭარბებით შეაფასა ევროპული მემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლის შანსები.  

მოსკოვის ურთიერთობა ევროსკეპტიკოსებთან ბრიუსელში უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს და კიდევ უფრო ართულებს რუსეთისთვის იმ მეინსტრიმულ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობების დალაგებას, რომლებიც ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავენ. ემანუელ მაკრონის საფრანგეთის არჩევნებში თითქმის 100%-იანი გამარჯვება და მისი სურვილი გაამყაროს ურთიერთობები გერმანიასთან, სადაც წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ფორმირებას მოახდენს ან ანგელა მერკელი, ან კრემლისადმი არანაკლებ კრიტიკულად განწყობილი სოციალ-დემოკრატი მარტინ შულცი, რუსეთს სანქციების შემცირებას ან ევროპასთან ურთიერთობების დათბობას არ უქადის. ცხადია, რომ მოსკოვისთვის აუცილებელია ევროპის მიმართ პოლიტიკაში სერიოზული კორექტივების შეტანა.  

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

03 May 2017

თურქული გამბიტი

03 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

03 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

03 May 2017

ობამა

03 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

03 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

03 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

03 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

03 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

03 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

03 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

03 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

03 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

03 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

03 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

03 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

03 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

03 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

03 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

03 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

03 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

03 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

03 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

03 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

03 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

03 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

03 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

03 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

03 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

03 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

03 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

03 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

03 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

03 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

03 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

03 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

03 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

03 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

03 May 2017

უნგრული სუვერენულობა

03 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

03 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

03 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

03 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

03 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

03 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

03 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

03 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

03 May 2017

დასავლური გახლეჩა

03 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

03 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

03 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

03 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

03 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

03 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

03 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

03 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

03 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

03 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

03 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

03 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

03 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

03 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

03 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

03 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

03 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

03 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

03 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

03 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

03 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

03 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

03 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

03 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

03 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

03 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

03 May 2017