19 May 2017
  • 904 ნახვა

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ



1989 წლის შემდეგ, პოსტკომუნისტურ სივრცეში პოლიტიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი დასავლური კონსტიტუციონალიზმის ტრადიციების გაზიარებას დაეფუძნა. შესაბამისად, შეიცვალა საარჩევნო სისტემაც, რა დროსაც ძირითადი აქცენტები კეთდებოდა დასავლური პრაქტიკის სხვადასხვა გამოცდილებათა გადმოტანაზე კონსტიტუციურ და პოლიტიკურ სისტემაში. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჩამოყალიბდა „შერეული“ საარჩევნო სისტემა, რომელიც გულისხმობდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის შერწყმას.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უქმდება და რჩება მხოლოდ პროპორციული სისტემა. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს ერთგვარ კომპრომისს ოპოზიციასთან, რომელიც დიდი ხანია მოითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით უქმდება საარჩევნო ბლოკები, რასაც ხელისუფლება უკავშირებს პარტიული სისტემის განვითარებას და სრულყოფას. ქვემოთ მოკლედ არის მიმოხილული მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების არსი.

პროპორციული საარჩევნო სისტემა

ზოგადად, ცნობილია რომ საარჩევნო სისტემები გავლენას ახდენს პოლიტიკაზე და პირიქით, მაგალითად, პარტიული სისტემები განსაზღვრავენ საარჩევნო კანონმდებლობას.[1] კერძოდ, პროპორციული სისტემის ფორმირება მეტწილად დამახასიათებელია და მორგებულია მრავალპარტიული სისტემებისათვის. უმთავრესი არგუმენტი კი რაც აძლიერებს პროპორციული სისტემის უპირატესობას მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ასეთი ფორმულის პირობებშია შესაძლებელი რაც შეიძლება მეტი პარტია იქნას წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც თავის მხრივ აყალიბებს პოლიტიკურ პლურალიზმს და მეტნაკლებად ყველა სოციალური ფენის რეპრეზენტაციის მექანიზმს პარლამენტში.

რასაკვირველია, პარტიათა მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრების გასამდიდრებლად, თუმცა ასეთმა დივერსიფიკაციამ შესაძლოა გაართულოს პარტიათა შორის კონსენსუსი და შექმნას არასტაბილური გარემო გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე, მრავალპარტიული სისტემა არ არის მაინცდამაინც გარანტი იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებს ექნებათ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. შესაძლოა მრავალპარტიულ სისტემაშიც პოლიტიკური ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდეს ერთ პარტიას, რომელიც დომინირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში (მაგალითად შვედეთის სოციალ - დემოკრატიული პარტიის ტრიუმფი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946-1976).

შესაძლოა, მრავალპარტიული სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის წყალობით ამომრჩეველმა გამონახოს პარტია (მცირე, საშუალო და დიდი), რომელიც წარმოადგენს მას პარლამენტში, რაც ცხადია გაცილებით კარგი შესაძლებლობაა ფართო არჩევანის გასაკეთებლად ვიდრე ორპარტიული სისტემის პირობებში შეიძლება გაკეთდეს, როდესაც მოქალაქე ფაქტიურად ვალდებულია ორ პარტიას შორის გააკეთოს არჩევანი, რაც ზღუდავს პოლიტიკური თავისუფლების პრინციპს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მემარცხენე სენტიმენტების მქონე ამომრჩეველს ფაქტიურად არ ყავს წარმომადგენელი პარტია კონგრესში, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს (თუმცა ცხადია ისიც, რომ როგორც რესპუბლიკურ ასევე დემოკრატიულ პარტიებში არსებობს არამეინსტრიმული ჯგუფები, მაგ. პროგრესისტები, Tea Party და ა.შ.). რასაკვირველია ამ შემთხვევაში, მას ექნება საშუალება ასეთი არჩევანი მაჟორიტარული ფორმულის გამოყენებით გააკეთოს, მაგრამ ეს ვერ ქმნის მისი ინტერსების რეპრეზენტაციის ძლიერ საშუალებას, რადგანაც პარტიებს გავლენა აქვთ მათი ლიდერების თუ წარმომადგენლების ქცევებზე და შეხედულებებზე.

მრავალპარტიული სისტემის პირობებში, პროპორციული საარჩევნოს სისტემა შესაძლებლობას აძლევს მცირე პარტიებს წარმოდგენილ იქნან პარლამენტში, თუმცა ეს შეიცავს იმის რისკებსაც, რომ ასეთი პარტიები, გარკვეული მხარდაჭერის სანაცვლოდ შესაძლოა გარიგებაში შევიდნენ ხელისუფლებასთან და შესაბამისად მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. ასეთ შემთხვევაში კი ცხადია აზრი ეკარგება მცირე პარტიების რეპრეზენტაციას პარლამენტში და ასეთი ტენდენციები მხოლოდ ხელს უწყობს დემოკრატიული დეფიციტის გაჩენას საზოგადოებაში და ინსტიტუტების მიმართ ნდობის ჩამოშლას.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემებიდან, მკვლევარები ყველაზე ძველ და ყველაზე მარტივ ფორმულად მაჟორიტარულ სისტემას განიხილავენ, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნიდან იღებს.[2] ცხადია, უმთავრესი განსხვავება მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ მაჟორიტარული სისტემის პირობებში მცირე პარტიებს თითქმის არა აქვთ შესაძლებლობა პარლამენტში წარმომადგენლობის ყოლის. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც რომელიმე სპეციფიკური ქალაქის, მუნიციპალიტეტი თუ ოლქის ადგილობრივი მოსახლეობას შესაძლოა გააჩნდეს ძალიან სპეციფიკური პოლიტიკურ იდეალები, რომლებიც არ გამოხატავს სხვა მეინსტრიმული პარტიების შეხედულებებს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, კი ასეთი მოსახლეობის მიერ არჩეული მცირე პარტიის წარმომადგენელი თავს მოწყვლად პოლიტიკოსად იგრძნობს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და შესაძლებელია ხშირად მოხდეს მისი პოლიტიკური იდეების, პრაქტიკისა და მიდგომების მარგინალიზაცია თუ სტიგმატიზაცია.

შერეული საარჩევნო სისტემა

შერეული საარჩევნო სისტემა არის მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის ერთგვარი შენაერთი. ასეთი სისტემა ცდილობს გამონახოს, როგორც მაჟორიტარული ასევე პროპორციული სისტემების ის ელემენტები, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო საარჩევნო სისტემის ფორმირებას.  პრაქტიკულად, შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში მოქალაქე აკეთებს ორ არჩევანს, ერთის მხრივ ის ირჩევს მაჟორიტარს, მეორე მხრივ კი პარტიას, რომელსაც ის აღიქვამს როგორც მისი ინტერესების წარმომადგენლობას პარლამენტში. შერეული საარჩევნო სისტემა თავის მხრივ, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ შერეული საარჩევნო სისტემის ფორმები (ცხადია განსხვავებული სახით ვიდრე საქართველოში) ასევე მოქმედებს თანამედროვე ევროპულ დემოკრატიებში (მაგ. გერმანია და უნგრეთი).

არსებული საკონსტიტუციო დებატები საქართველოში

როგორც ზემოთ არის აღნიშნული, საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული კონსტიტუციის ახალი პროექტით უქმდება „შერეული“ საარჩევნო სისტემა, რაც ნიშნავს მაჟორიტარული მეთოდის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით პარლამენტში წარმომადგენლობა ეყოლება მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც გადალახავს დაწესებულ 5 პროცენტიან ბარიერს. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის, 37-ე მუხლის მე-6 პარაგრაფი ამბობს:


პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დიდი ხანია დღის წესრიგში აყენებდნენ, „ქართული ოცნებისმიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილება ისევ მტკივნეულად აღიქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ასეთი სისტემის ფორმირებით ხელისუფლება ისევ ცდილობს ძალაუფლების მონოპოლიზაციას უკვე განსხვავებული მეთოდებით. მაგალითად, ოპოზიციური პარტიაპატრიოტთა ალიანსი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, უკვე აცხადებს რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ახალი ინიციატივა საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მორგებულია მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებზე და ოპოზიციისათვის გაცილებით უსამართლო სისტემა იქმნება ვიდრე ეს იყო მაჟორიტარული სისტემა.[3] თუმცა ცხადია, ხელისუფლება არ იზიარებს ოპოზიციის პათოსს და მიაჩნია რომ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება ერთგვარი კომპრომისია, მაგალითად პარლამენტის წევრის, გიორგი კახიანის პოზიცია ასეთია:

 

"როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იწყებდა, მაგალითად, საარჩევნო სისტემაზე, თავიდან საკითხი იდგა ასე: მაჟორიტარული სისტემა იქნებოდა თუ პროპორციული. დღეს ამ თემაზე კი აღარ ვმსჯელობთ, არამედ იმაზე, პროპორციულ სისტემაში მანდატების გადანაწილება როგორ მოხდეს და თუ ამ კომპრომისს ვერ ხედავენ ჩვენი ძვირფასი კოლეგები, სად ვიყავით და სად ვართ და კონსენსუსი წარმოუდგენიათ იმდაგვარად, რომ ყველაფერი, რასაც იტყვიან, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ არა, კომისიის ბოიკოტირებას მოახდენენ, ასეთი მიდგომა, ბუნებრივია, არ გამოდგება და ვერაფერს ვერ მიაღწევენ"

 

რასაკვირველია, ხელისუფლება ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილების რაციონალიზაცია და არგუმენტაცია დააფუძნოს დემოკრატიული ცხოვრებისადმი აუცილებელი პროცესის - კომპრომისის კულტურას. თუმცა, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობა აღნიშნული ცვლილებისადმი ბადებს იმის საფუძველს, რომ საუბარი კომპრომისის შესახებ ერთგვარად მანიპულაციური რიტორიკაა ვიდრე რეალობა. გარდა ოპოზიციური წინააღმდეგობისა, ხელისუფლებისათვის პრობლემას ქმნის ისიც, რომ შესაძლოა მანდატების განაწილების ახალი სისტემა კრიტიკის საგანი გახდეს ვენეციის კომისიისათვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების დაკვირვების პროცესში.

გარდა კომპრომისის კულტურისა, სხვა არგუმენტი, რომელიც ხელისუფლებას მოყავს საარჩევნო სისტემის ტრანსფორმაციისთვის ეფუძნება იმას, რომ შემოთავაზებული ვარიანტის მიზანია უზრუნველყოს მოსალოდნელი კრიზისების თავიდან აცილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალ-დემოკრატმა, უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ეს კონკრეტული არგუმენტი ასე ახსნა:

 

რადგან ჩვენ გვაქვს მყიფე პარტიული ლანდშაფტი, რადგან ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, ძალიან ბევრი პარტია შედის პარლამენტში და რთულდება ხოლმე უმრავლესობის ფორმირება, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამან განაპირობა იტალიაში ის, რომ თითქმის ყოველ წელს ახალი არჩევნები ინიშნებოდა, იცვლებოდა მთავრობები, რადგან ის კოალიციები, რომელიც დგებოდა, ხშირ შემთხვევაში, ვერ თანხმდებოდნენ და მთავრობები იშლებოდა. ეს რომ თავიდან იყოს აცილებეული, სწორედ ამიტომ არის ეს ნაბიჯი გადადგმული

 

როგორც ზემოთ ითქვა, პროპორციული სისტემის ერთ-ერთ გამოწვევად მკვლევარები მიიჩნევენ გაზრდილ საფრთხეებს პოლიტიკურ პარტიათა შორის ინტენსიურ და ღრმა კონფრონტაციისა,  რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფოს არაეფექტური ფუნქციონირება და არასტაბილური გარემო განვითარებისთვის. გამომდინარე აქედან, ხელისუფლების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათ სურთ წარმოდგენილი სისტემით შექმნან გადაწყვეტილების მიღების სწრაფი მექანიზმი  პოლიტიკურად რაციონალური მიდგომაა, თუმცა გაუმართლებელი დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრებისათვის.  

საინტერესოა ის, რომ არსებული დებატების პროცესში ასევე გაისმა მოსაზრება ონდტის მეთოდის შემოღების შესახებ საარჩევნო სისტემაში.[4] ინიციატივა თავისუფალ დემოკრატებს ეკუთვნის და  ფიქრობენ, რომ ონდტის ფორმულა არც ერთ გაუნაწილებელ მანდატს არ ტოვებს, თავის მხრივ კი თავისუფალი დემოკრატების ეს ინიციატივა ასევე გაიზიარა ინტერპარტიულმა ჯგუფმა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა ინიციატივის წამოყენებისას არ განმარტეს დეტალურად (საჯარო სივრცეში), რატომ შეიძლება იყოს აღნიშნული მეთოდი (და არა სხვა მეთოდი) ყველაზე ხელსაყრელი, როგორც მათთვის ასევე ინტერპატიულ ჯგუფში შემავალი სხვა პარტიებისათვის. ასევე,  აღნიშნული ინიციატივის პრაქტიკული რეალიზაციის პერსპექტივა სუსტია იმდენად რამდენადაც, რთულია ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა პოლიტიკურ აქტორებს შორის, როგორც პარლამენტში ასევე პარლამენტს გარეთამის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ხელისუფლების ინტერესია პოლიტიკური გადაწყვეტილებების სწრაფი მექანიზმის ამუშავება და არა პლურალისტური გარემოს შექმნა.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ გამომდინარე პოსტსაბჭოთა ქართული პოლიტიკის თავისებურებებიდან, რომელიც ხასიათდება ემოციური ტენდენციებითა და პარტიათა შორის მოლაპარაკებების კულტურის ნაკლოვანებით, ალბათ ლოგიკურია ისიც რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ახალ საარჩევნო სისტემაზე ვერ თანხმდებიან ქვეყნის მეინსტრიმული პოლიტიკური აქტორები. ასევე, პრობლემას ქმნის ისიც, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ არ არსებობს სრული კონსენსუსი თავად მმართველ პარტიაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნებისმაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება წარმოდგენილ სისტემას და მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

შენიშვნა: სტატია დაწერილია 10 მაისს.

[1]იხ. Rein Taagepara, ‘Electoral Systems’, in: Carles Boix and Susan C. Stokes (eds). The Oxford Handbook of Comparative Politics (Oxford, UK: Oxford University Press, 2007)

[2]იხ. Pippa Norris, ‘Choosing Electoral Systems: Proportional, Majoritarian and Mixed Systems’, International Political Science Review Vol 18(3) July 1997: 297-312

[3] იხ. გადაცემა არგუმენტების დრო, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, 19/04/2017

[4]დ’ონდტის მეთოდი არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც გამოიყენება პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში და რომლის პრაქტიკაც არსებობს  ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში (მაგ. ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ა.შ.). დ’ონდტის ფორმულა უკავშირდება ბელგიელ იურისტსა და მათემატიკოსს ვიქტორ დ’ონდტს, რომელმაც ფორმულა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში განავითარა და მიზნად ისახავდა ბელგიის პარლამენტში სხვადასხვა ლინგვისტური ჯგუფებისა და პოლიტიკური ტრადიციების რეპრეზენტაციას.

ქვემოთ იხილეთ დ’ონდტის მეთოდის გამოყენების სიმულაციური მაგალითი (წყარო: http://electoralreform.wikia.com/wiki/D'Hondt_Method):

მოცემულ სურათზე წარმოდგენილია 10 მანდატი, რომელიც უნდა გადანაწილდეს  4 პარტიას შორის, რომლებმაც მიიღეს 25, 000, 19, 000, 12,000 და 8,000 ხმა:

გამყოფი   

პარტია  A

პარტია  B

პარტია  C

პარტია D

1

25000 [1]

19000 [2]

12000 [4]

8000 [7]

2

12500 [3]

9500   [5]

6000  [10]

4000

3

8333   [6]

6333   [8]

4000

2667

4

6250   [9]

4750

3000

2000

პირველ სვეტში წარმოდგენილი გამყოფები არის უბრალოდ ციფრები 1, 2, 3, და ასე შემდეგ, ანუ იმდენი რამდენიც საჭიროა. შემდეგ კი, თითოეულ რიგში წარმოდგენილი ციფრები არის გამყოფის მიერ განაწილებული ხმები კონკრეტული პარტიისათვის; ხოლო ფრჩხილებში განთავსებული ციფრები კი არის ამ კოეფიციენტთა რანჟირება სიდიდის მიხედვით. როდესაც 10 (ან რამდენი ადგილიც არის გადასანაწილებელი) უმაღლესი კოეფიციენტი დალაგდება, თითოეული პარტია იღებს იმდენ ადგილს, რამდენ უმაღლეს ციფრსაც მოიპოვებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პარტიებმა მიიღეს 4, 3, 2 და 1 ადგილი.

მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

19 May 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

19 May 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

19 May 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

19 May 2017

უპარტიო “დემოკრატია”

19 May 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

19 May 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

19 May 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

19 May 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

19 May 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

19 May 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

19 May 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

19 May 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

19 May 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

19 May 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

19 May 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

19 May 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

19 May 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

19 May 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

19 May 2017