19 May 2017
  • 2014 ნახვა

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

ერაყის ქურთისტანის შესახებ

1.         დე ფაქტო ავტონომია მოიპოვა 1991 წლიდან

2.         რეგიონული მთავრობა ჩამოაყალიბა 1992 წლიდან

3.         გარდამავალი კონსტიტუცია შექმნა 2005 წლიდან

4.         ერაყის ქურთისტანი: სადავო ტერიტორიების ჩათვლით 78 736 კვ.კმ

5.         მოსახლეობა 5  500 000

6.         მთლიანი შიდა პროდუქტი 23.6 მილიარდი დოლარი, ერთ ადამიანზე 7 700 დოლარი      

 

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის შექმნა და ერაყის ქურთისტანი

ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მრავალი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის განსახლების, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი გეოგრაფიული არეალი რეგიონული და გლობალური ძალების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. პოლიტიკური ყურადღება კი ხშირად გეოპოლიტიკური ცვლილებების საფუძველი ხდება, რაც ისტორიაში არაერთხელ დადასტურდა.


თანამედროვეობასთან მიახლოებული სახით ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური ერთეულები გასული საუკუნის დასაწყისიდან ნდება. 1916 წელს, საიქს-პიკოს სახელით ცნობილი საიდუმლო შეთანხმებით, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ახლო აღმოსავლეთის ახალი რუკის კონტურები მოხაზეს. შეთანხმება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის არაბული სამფლობელოების გაყოფას ისახავდა მიზნად.

ლონდონი და პარიზი გამოთქვამდნენ მზადყოფნას, ერთ-ერთი არაბული სიუზერენიტეტი ქვეშ ეცნოთ და დაეცვათ არაბული სახელმწიფო ან არაბული ქვეყნების კონფედერაცია. საიქს-პიკოს შეთანხმებით, დღევანდელი ერაყის, სირიის, იორდანიის, ქუვეითისა და ისრაელ-პალესტინის ტერიტორია საფრანგეთისა და ბრიტანეთის კონტროლს ექვემდებარებოდა ან გავლენის სფერო ხდებოდა. მოგვიანებით, 1919 წელს, ერთა ლიგამ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკა სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნა.

1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ინგლისის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი  გეგმავდა ქურთისტანის კანდიდატურის წამოყენებას. ქურთების განსახლების არეალი, შესაძლოა, ეღიარებინათ მოკავშირე სახელმწიფოთა მანდატს ქვეშ მყოფ პოლიტიკურ ერთეულებს შორის და არსებობდა შესაძლებლობა მიეღო დამოუკიდებლობა. გავრცელებული ცნობით, ბრიტანელ პოლიტიკოსს საწყის სიაში ქურთისტანის ჩართვა დაავიწყდა და შესწორება მოგვიანებით ითხოვაშესწორება ქურთისტანზე არ გამოჩნდა ფრანგულ ვერსიაში. არსებობს მოსაზრება, რომ ქურთისტანის მოხვედრა ბრიტანეთის მანდატს ქვეშ საფრანგეთს არ სურდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დამოუკიდებელი ქურთისტანის პროექტს კვლავ ითხოვდა, რადგან დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული მიზანი ბოლშევიკურ რუსეთს, თურქეთს და მესოპოტამიას შორის ბუფერული სახელმწიფოს შექმნა იყო.

ოსმალეთის იმპერიის რეგიონებისთვის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებზე იყო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის .. “მე-14 პუნქტში”. აშშ-ის პრეზიდენტი თვითგამორკვევის კონცეფციას ემხრობოდა, თუმცა მოგვიანებით, აშშ ომისშემდგომი სამშვიდობო პროცესიდან გავიდა და აშშ- კონგრესმა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარი თქვა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ერაყის საკითხზე განსაკუთრებით ბრიტანეთი აქტიურობდა. თურქეთთან ერთადერთი უთანხმოების საგანი მოსულის ზონა იყო. ბრიტანეთში გადაწყვიტეს, რომ მოსულის ნავთობით მდიდარი რეგიონი ერაყის სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელობას წარმოადგენდა.


ერთა ლიგის საბჭომ მხარი დაუჭირა ბრიტანეთს და მოსული ერაყის ნაწილი გახდა. მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, გადაწყვეტილებას თურქეთიც დაეთანხმა. 1922 წლის 24 დეკემბერს დაიდო ინგლის-ერაყის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ერაყში მცხოვრებ ქურთებს უნდა ჰყოლოდათ საკუთარი მთავრობა. 100 წლის შემდეგ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ერაყელ ქურთებს საკუთარი მთავრობა შესაძლოა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამართავად დასჭირდეთ.

გეოპოლიტიკა, თუ პოლიტიკის გავლენა გეოგრაფიაზე

კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაკვეთში პოლიტიკის გავლენის, ისტორიული ცვლილების და ძალაუფლების გამოყენების პრაქტიკაა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთში ეთნიკური ქურთების ბრძოლა დამოუკიდებელობის მოსაპოვებლად


გეოპოლიტიკის ცოდნა და პრაქტიკა, მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნებისა და ერი-სახელმწიფოების, როგორც დომინანტურ პოლიტიკური ინსტიტუტის დაფუძნებას. ახლო აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფოს წარმოქმნის რეალური შესაძლებლობა კი სწორედ გეოგრაფიული და ისტორიული ფაქტორების გავლენით ხდება. ამიტომ რის საინტერესო ერაყში მიმდინარე მოვლენის გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში დანახვა.

კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, ამ შემთხვევაში ერაყის ტერიტორიის ჩრდილოეთით კომპაქტურად განსახლებამ, ეთნიკური ქურთების პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელოვანი წინაპირობა შექმნა. ეთნოსმა დაისახა სახელმწიფოებრიობის მოპოვების მიზანი, რაც, თავის მხრივ, ერაყის ტერიტორიაზე პოლიტიკური ძვრების საფუძველი გახდა. მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი, პოლიტიკა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფიული ცვლილებების მიზეზი გახდეს. სწორედ ჩამოყალიბებული პოლიტიკა იყო ბრიტანეთისა და საფრანგეთისთვის მთავარი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მე-20 საუკუნის დასაწისში ახლო აღმოსავლეთში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დადგა

ახლო აღმოსავლეთი და ქურთების ამბიციები

რეგიონული კონფლიქტებით გამოწვეულ ქაოსურ მდგომარეობაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი და მთელი მსოფლიო შესაძლოა ახალი სახელმწიფოს შექმნის რეალობის წინაშე დადგეს. .. ისლამურ სახელმწიფოსთან ხანგრძლივი წარმატებული დაპირისპირებისა და მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობების შედეგად, სახელმწიფო კონტურების გამოკვეთის ყველაზე დიდი შესაძლებლობა ერაყის ქურთისტანს აქვს. თავის მხრივ, ერაყში, სირიასა და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა ქურთების შანსებს მეტ-ნაკლებად სამივე ქვეყანში ზრდის.


რეგიონის ლიდერობის ხშირად გადაჭარბებული ამბიციების მიუხედავად, ქურთების სამხედრო-პოლიტიკური ძალა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაში უდავოდ მზარდი ფაქტორია. ამ კუთხით აღსანიშნავია რეგიონში არსებული გამოწვევები და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დანახვას ერაყისა და სირიის სამხედრო ოპერაციების მიღმაც გეგმავს და ორიენტირად რეგიონის სახელმწიფოებთან პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას ისახავს.

ახლო აღმოსავლეთში ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნისთვის რამდენიმე ძალა იბრძვის, მათ შორის სირიის დემოკრატიული კავშირის პარტია თავისი სამხედრო ჯგუფებით, „სახალხო თავდაცვის შენაერთები“ და „ქურთისთანის მუშათა პარტია“, თუმცა დამოუკიდებლობის შესაძლობლობა ერაყის ქურთისტანისთვის ყველაზე მაღალია და უპირატესი მდგომარეობა აქვს. დაბრკოლებების მიუხედავად, რეგიონის არასტაბილური მდგომარეობა, ქალაქ მოსულის წარმატებული ოპერაცია და ერაყის მყიფე პოლიტიკური ვითარება ქურთების ლიდერებს ისტორიული ამოცანის განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

ერაყის ქურთისტანის შიდა პოლიტიკური ვითარება

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია .. ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყის ქალაქ მოსულის აღების შემდეგ, ერაყელი ქურთების ლიდერები ოფიციალური ბაღდადის წარუმატებლობაზე ხშირად საუბრობენ და დამოუკიდებლობის განზრახვას აჟღერებენ. მთავარი მოქმედი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი მასუდ ბარზანია. მას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და დედაქალაქად ერბილის გამოცხადება სურს. მრავალგზის დაპირებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩაშლის ფონზე, მასუდ ბარზანის ხშირად ადანაშაულებენ, რომ დამოუკიდებლობის იდეას სხვა ინტერესების გასატარებლადაც იყენებს.

მასუდ ბარზანი


ერაყის ქურთისტანში ბარზანის ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას ქურთისტანის პატრიოტთა კავშირი და პარტია მოძრაობა ცვლილებებისთვის, იგივე გორანი ოპონირებენ. სამი პარტიის წინააღმდეგობის საფუძველი პრეზიდენტ ბარზანის ვრცელი საპრეზიდენტო ვადა და პოლიტიკური რეფორმების შეუსრულებელი დაპირებებია. უთანხმოების მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი პარტია დამოუკიდებლობის იდეას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ქურთისტანის პატრიოტთა კავშირს ახალ სახელმწიფოში ბარზანისა და მისი პარტიის ლიდერობა არ სურს.

ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობის საკითხს ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან სხვადასხვა საკითხში ბერკეტადაც იყენებენ, მაგალითად, ნავთობის ექსპორტისა და ქვეყნის შემოსავლებში ქურთისტანის რეგიონული მთავრობის წილებზე საუბრისას. ბაღდადი ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგება, უთანხმოების ერთ-ერთი საფუძველი ნავთობით მდიდარი კირკუკის რეგიონია, რომელსაც ქურთები თავიანთი სახელმწიფოს ფარგლებში მოიაზრებენ.

"ფეშმერგა" - ს მებრძოლები


.. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ქურთების მიერ მიღწეული წარმატებების დროს დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაზრდის პარალალურად, აღსანიშნავია, რომ რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლამ ერბილისა და ბაღდადის მნიშვნელოვანი დაახლოება გამოიწვია. ქურთები ამბობენ, რომ ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მთვარი როლი შეასრულეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამთავრობო არმიასთან თანამშრომლობის გარეშე ისლამისტების პოზიციების შესუსტება და მოსულიდან და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მათი განდევნა თანამშრომლობის გარეშე ორივე ძალას გაუჭირდება.

აშკარა უთანხმოების მიუხედავად, ქურთების ეშმერგას დანაყოფები და სამთავრობო არმია ადამიანური რესურსებით, საბრძოლო უნარებითა და შეიარაღებით ერთმანეთს მნიშვნელოვნად ამაგრებენ.

ქალაქ მოსულის სამხედრო ოპერაციამთავარი წყალგამყოფი?

პოლიტიკური ბატალიების პარალელურად, ერაყის კოალიციური არმია ქალაქ მოსულის გათავისუფლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლას აწარმოებს. ერაყს ისლამისტებისგან გათავისუფლება ძვირი უჯდება, მათ შორის, აღსანიშნავია შეტაკებების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა. ოპერაცია დიდწილად წარმატებით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში დასრულდება. დასრულდება ერაყში ისლამისტების ბოლო ფორპოსტის არსებობაც.


მოსულიდან ჯიჰადისტების განდევნის შემდეგ, ოპერაციაში შესრულებული მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ქურთისტანის ერაყის შემადგენლობიდან გასვლის საკითხი სავარაუდოდ, კვლავ აქტუალური გახდება. მოსაზრებას ამყარებს ფაქტი, რომ 2017 წლის აპრილის დასაწყისში ერაყის ქურთისტანის მთავარი პარტიები დამოუკიდებლობის რეფრენდუმის საკითხზე .. საგზაო რუკაზე შეთანხმდნენ. რეგიონის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ერაყიდან გამოყოფა ქურთების ბუნებრივი უფლებაა.

პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებით, რეფრენდუმზე ერთობლივი კომიტეტი იმუშავებს. ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წევრები უკვე საუბრობენ თარიღზეცრეფერენდუმი მიმდინარე წელსვე უნდა ჩატარდეს, ქურთისთანის პარტიები კი მოლაპარაკებებს ბაღდადთან და მეზობელ სახელმწიფოებთან უახლოეს მომავალში დაიწყებენ. უკვე გადაიდგა პირველი პრაქტიკული ნაბიჯიც. 4 აპრილს ერაყის კირკუკის პროვინციის საბჭომ ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრას ბოიკოტი მხოლოდ არაბებმა და თურქმენებმა გამოუცხადეს.

ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხმა ახალი იმპულსი დაეშის მიერ ჩრდილოეთ ერაყში დაწყებული სამხედრო კამპანიის შემდეგ შეიძინა. ერაყის სამთავრობო არმიის ნაწილებმა ჯიჰადისტებთან შეტაკებების შედეგად რამდენიმე რაიონი მიატოვეს, დაკარგულ ტერიტორიაზე კონტროლი კი მოგვიანებით ქურთების ეშმერგას სამხედრო ჯგუფებმა დაიბრუნეს და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს. .. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოპოვებული წარმატებების ფონზე, ქურთების ლიდერები ამტკიცებენ, რომ ქურთისტანის თვითგამორკვევის უფლების გამოყენებისთვის შესაფერისი დროა. ერაყის ქურთისტანის ლიდერი მასუდ ბარზანი ფიქრობს, რომ ჩეხოსლოვაკიის მსგავსად სამომავლოდ ერაყი ორ ან მეტ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაიყოფა.


აღსანიშნავი ფაქტორია ქურთების დაჟინებული პრეტენზიები კირკუკსა და სხვა სადავო ტერიტორიებზე, რომელიც ქურთებმა 2014 წელს მას შემდეგ დაიკავეს, რაც ერაყის სამთავრობო არმიამ დაეშთან ბრძოლისას კრახი განიცადა და აღნიშნული ტერიტორიები დატოვა. სავარაუდოდ, ბრძოლით დამოუკიდებლად მოპოვებულ ტერიტორიებზე კონტროლს ქურთები მარტივად არ დათმობენ.

ერაყის პოლიტიკური ვითარება და აშშ-ის ინტერესები

ბაღდად-ერბილის მოლაპარაკებების პროცესი მნიშვნელოვანია რეგიონული თუ გლობალური სახელმწიფოებისთვისაც. პირველ რიგში, აღსანიშნავია აშშ, რომელიც ერაყელ ქურთებს ჯიჰადისტებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს. ამ ეტაპზე აშშ-ის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ქურთების დამოუკიდებლობის იდეას მხარს არ უჭერს. მათი აზრით, ერაყის ახალი არეულობა დამატებით სისხლისღვრას გამოიწვევს, თურქეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის და ირანთან კონფლიქტის პროვოცირებას შეუწყობს ხელს. ბევრი ანალიტიკოსი ასევე ფიქრობს, რომ ქურთების სახელმწიფო არ იქნება ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი, თუმცა ეს ფაქტორი სახელმწიფოებრიობისთვის გადამწვეტი ბარიერი თავისთავად არ არის.

ახალი სახელმწიფოს შექმნა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ უცხო სახელმწოფოებისგან ქურთისტანის მხარდაჭერა ერბილისა და ბაღდადის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ეკონომიკური კავშირების გარეშე არაეფექტიანი და დაძაბულობის შემქმნელი გახდება. ბაღდადისა და ერბილის თანამშრომლობის შემთხვევაში კი, აშშ ქურთისტანის სახით შეიძენს პარტნიორს, რომელიც აშკარად არასტაბილურ რეგიონში ვაშინგტონის უსაფრთხოების ინტერესების დამცველი იქნება. მით უმეტეს, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყება ქურთების ბრძოლისუნარიანობაში უკვე არაერთხელ დარწმუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყის ტერიტორიიდან ქურთისტანის სახელმწიფოს გამოყოფა აშშ-ისთვის რისკებთანაა დაკავშირებული, ქურთისტანის დამოუკიდებლობამ დრამატულად მყიფე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვაშინგტონისთვის შესაძლოა ახალი შესაძლებლობების საფუძველი გახდეს.

ქურთების დამოუკიდებლობის ხელშეწყობა გააღრმავებს კავშირებს საზოგადოებასთან, რომელიც ვაშინგტონთან ურთიერთოებებს აქტიურად უჭერს მხარს, თან ისეთ რეგიონში, სადაც აშშ კეთილგანწყობით ძალიან ცოტა ქვეყნისგან თუ სარგებლობს. აშშ-ის გადასახედიდან, ქურთისტანის დამოუკიდებლობამ ერაყი შესაძლოა პოლიტიკურად უფრო მართვადიც გახადოს. უდავოა, რომ თავის მხრივ, ქურთები მიესალმებიან აშშ-ის დამატებით ინვესტიციებს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში.


ამერიკელი პოლიტიკოსები შესაძლოა დარწმუნდნენ, რომ ქურთისტანის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ახლო აღმოსავლეთის მშფოთვარე რეგიონში, ვაშინგტონის ეროვნული ინტერესების დაცვის შანსებს, სავარაუდოდ, უფრო გაზრდის ვიდრე შეამცირებს

ისრაელის გეოპოლიტიკური ინტერესები

ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესაძლებლობაზე საუბრისას, აუციელებლია აღინიშნოს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით რეგიონის ისეთი ძლიერი სახელმწიფოს ფაქტორი, როგორიც ისრაელია.

ერაყელ ქურთებსა და ისრაელს შორის პირველი კონტაქტები გასული საუკუნის 60-იანი წლებში დამყარდა, როდესაც ისრაელის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ბენ-გურიონმა .. პერიფერიული ალიანსის სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგია დაფუძნებული იყო რეგიონის სახელმწიფოებთან და ეთნიკურ-რელიგიურ ჯგუფებთან ახლო კავშირებზე არაბულ სახელმწიფოებთან კონფლიქტის დროს. კონფლიქტში ერაყის სამომავლო როლზე ისრაელის შიშების გამო, აუცილებელი იყო ქურთებთან სანდო ურთიერთოებების განსაზღვრა, რომელთაც უთანხმოება ჰქონდათ ცენტრალურ მთავრობასთან.

ისრაელისა და ერაყელი ქურთების პრაქტიკული თანამშრომლობა სწორედ 60-იანი წლებიდან დაიწყო. ისრაელის დაზვერვის სამსახურმა, მოსადმა ქურთი მებრძოლების წვრთნა და შეიარაღება დაიწყო, რომელსაც მუსტაფა ბარზანი ხელმძღვანელობდა.

ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ ისრაელის სტრატეგიაზე, რომელიც არაბული სამყაროს ერთიანობის გარღვევას რეგიონულ პოლიტიკურ ძვრებთან ახლო კონტაქტით და იდენტობის საკითხთან დაკავშირებული კონფლიქტების გაჩაღებით ცდილობს. ისრაელი იმგვარად მოქმედებს, რომელიც მის ეროვნულ ინტერესებს საუკეთესოდ ემსახურება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი ნავთობის იმპორტის 75 პროცენტს სწორედ ერაყის ქურტისტანიდან ახდენს. .. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში კი ქურთებს ეხმარება. ერბილთან ახლო კავშირებით, თელ-ავივი რეგიონის სტრატეგიული გარემოს გაუმჯობესებას ცდილობს, განსაკუთებით იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის წინაშეა.

ერაყისგან ქურთისტანის დამოუკიდებელობის საერთაშორისო აღიარების მხარდასაჭერად, ისრაელმა პოლიტიკური, დიპლომატიური და მედია კამპანია გააჩაღა. ისრაელის მაღალჩინოსნები უკვე რამდენიმე წელია მოუწოდებენ აშშ-ის, რომ ქურთების დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ქურთების რეგიონულმა მთვრობამ ისრაელში პოლიტიკური მრჩეველიც კი გაგზავნა.

ღია მხარდაჭერის ფონზე, სავარაუდოა, რომ ისრაელი ფსონს ქურთისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამომავლო როლზე დებს. ქურთისტანის დამოუკდებლობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტრატეგიული თვალსაზრისით ისრაელისთვის პოზიტიური ძვრების განმაპირობებლი იქნება. ერაყის ჩრდილოეთში ქურთების სახელმწიფო შესაძლოა გახდეს დიდი ქურთული სახელმწიფოს ბირთვი, რომელიც მოგვიანებით, სირიის, თურქეთისა და ირანის ეთნიკური ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებსაც მიიერთებს. სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იქნება ისრაელის საოცნებო მოკავშირე რეგიონში.

ისრაელისა და ერაყელი ქურთების თანამშრომლობა ორმხრივი სარგებელის მიღებაზეა დაფუძნებული და .. ნულოვანი ჯამის თამაშის წესებს არ გულისხმობს, სადაც ერთის მოგება, მეორეს წაგებას ნიშნავს. ახალი ქვეყანა ქურთისტანის დიდი სახელმწიფოს ისტორიული ამოცანისკენ სწრაფვას ისრაელთან მოკავშირების ფონზე გააგრძელებს.

თელ-ავივთან სტრატეგიული პარტნიორობა ქურთების იზოლაციის საფრთხეს შეამცირებს და მათ რეგიონში მანევრირების შესაძლებლობას გაუზრდის. რაც შეეხება ისრაელის სარგებელს, ქურთისტანის ახალი სახელმწიფოს აღმოცენება თელ-ავივს აღმოსავლეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის რისკებს შეუმცირებს.


ახლო აღმოსავლეთში ქურთისტანის დიდი სახელმწიფო შესაძლოა ისრაელის გეოპოლიტიკური ინტერესების მხარდამჭერი ფაქტორი გახდეს სირიაში, სადაც ომი ამ დრომდე გრძელდება. სირიის ეთნიკურ და რელიგიურ ნაწილებად დაყოფა ისრაელისთვის უპირატესი მიღწევა იქნება, რადგან ისრაელის ჰეგემონიას ძლიერი სირია საფრთხეს უქმნის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა ქურთების მისწრაფებებს უჭერს მხარს, სავარაუდოდ, არის რწმენა, რომ ქურთების სახელმწიფო თურქეთსა და ირანს წინააღმდეგობის რკალს შეუქმნის. თელ-ავივში შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ქურთების სახელმწიფოს არსებობა შეამცირებს ორივე სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ ისრაელთან კონფლიქტს სრული ყურადღება დაუთმონ.

სტრატეგიული მეტოქე ირანის წინააღდმეგ ისრაელი ერაყის ქურთისტანის ტერიტორიას უკვე მნიშვნელოვნად იყენებს. საერთაშორისო მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დაზვერვა ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ქურთების ტერიტორიიდან საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებს.

ერაყელი ქურთები დახმარების სანაცვლოდ ისრაელისგან სარგებელსაც იღებენ. ქურთისტანის რეგიონის მხარდაჭერა მხოლოდ ნავთობის შესყიდვით არ შემოიფარგლება. ერაყის ქურთისტანში ისრაელი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ენერგეტიკის, მშენებლობის, კომუნიკაციების და უსაფრთხოების სფეროებში. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ქურთისტანში ისრაელის კომპანიებს სამხედრო და დაზვერვის რეზერვის ოფიცრები მართავენ, რომელთაც მოსადის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი დანი იატომი ხელმძღვანელობს.

თურქეთის ფაქტორი

მიაღწევს თუ არა ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობას, მნიშვნელოვანწილად თურქეთზეც არის დამოკიდებული. ქურთების ბრძოლა თვითგამორკვევისთვის თურქეთისთვის მგრძნობიარე საკითხია, რადგან ქურთები თურქეთის ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა და მოსახლეობის 15-20%- შეადგენენ. აღსანიშნავია, “ქურთისტანის მუშათა პარტიისმრავალწლიანი ბრძოლა თურქეთის ტერიტორიაზე სუვერენული უფლებების გასაზრდელად, რაზეც ანკარა მკვეთრად უარყოფითად რეაგირებს. ერაყში ქურთული სახელმწიფოს წარმოქმნის პრევენციას თურქეთი განსაკუთრებით აქტიურად  2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ ცდილობს და არც ქურთი სამხედროების დაბომბვაზე ამბობს უარს.

სურათზე მარცხნივ მასუდ ბარზანი, მარჯვნივ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი


ენერგორესურსებით მდიდარი ერაყის ქურთისტანთან თურქეთს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვს და მსხვილ ინვესტიციებსაც ახორციელებს. სავაჭრო პარტნიორობა ძირითადად ერაყის ქურთისტანის ნავთობის დიდი მარაგებითაა განპირობებული

პოლიტიკური სიფრთხილის პარალელურად, თურქეთის მმართველმა ელიტამ ერაყის არასტაბილურობის ფონზე ერაყელ ქურთებში შესაძლოა ერთგვარი ბუფერი დაინახოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ლიდერს, მასუდ ბარზანისა და მის ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიას, “ქურთისტანის მუშათა პარტიასთანჯანსაღი დამოკიდებულება არ აქვს. თურქეთის ხელისუფლება კიქურთების მუშათა პარტიასტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. “ქურთების მუშათა პარტიასმხარდაჭერა აქვს მასუდ ბარზანის მოწინააღმდეგექურთისტანის პატრიოტთა კავშირისგან”.

აღნიშნული პოლიტიკური დინამიკიდან გამომდინარე, თურქეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალის ინვესტირებას სწორედ ბარზანის მიმართულებით ახდენს. აღნიშნულიდან შესაძლებელია ვარაუდი, რომ თურქეთსქურთისტანის რეგიონული მთავრობისდამოუკიდებლობამ შესაძლოა ნაკლები საფრთხე შეუქმნას, ვიდრე ამასქურთისტანის მუშათა პარტიადა სირიელი ქურთების გაერთიანებები, “დემოკრატიული კავშირის პარტიადასახალხო დაცვის შენაერთიაკეთებენ.

ანკარა, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის შემდეგ მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელმაც პირდაპირი ასახვა შესაძლოა უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზეც ჰპოვოს. ერაყის ტერიტორიაზე ქურთების სუვერენული სახელმწიფოს გაჩენა პოლიტიკური პროცესის რეგიონის სხვა სახელმწიფოებზე გავრცელების შანსებს უთუოდ გაზრდის, მით უმეტეს, რომ ეთნიკური ქურთები მიზნის მისაღწევად თურქეთის ტერიტორიაზეც იბრძვიან. ველაფერი ალბათ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეინარჩუნებს მასუდ ბარზანი ხელისუფლებას.

ირანის ფაქტორი

თურქეთში, სირიასა და ერაყთან ერთად, ქურთული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს ირანშიც. სხვადასხვა მონაცემებით, ირანის მოქალაქე 5-დან 7 მილიონამდე ეთნიკური ქურთია. ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის ამბიციას წინააღმდეგობა შესაძლოა სწორედ ირანმა გაუწიოს. ქალაქ მოსულში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, ირანელები და ქურთები საერთო მტრის, .. “ისლამური სახელმწიფოსწინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობენ. თეირანს ჯერჯერობით განსხვავებული პოზიცია აქვს ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან. ირანი მხარს უჭერს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და ერბილსა და ბაღდადს შორის უთანხმოების დროს შუამავლობას ცდილობს.

ირანის ხელისუფლების წინააღმდეგობა შესაძლოა ორი ფაქტორით იყოს განპიროებებული: ქურთისტანის რეგიონული ხელისუფლების დამოუკიდებლობას შესაძლოა მსგავსი ეფექტი ჰქონდეს ირანის ზოგჯერ წინააღდეგობრივ ქურთულ მოსახლეობაშიც; მეორე განმსაზღვრელი კი, გეოპოლიტიკური ბერკეტიააშშ-სა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ქურთისტანის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ირანის გავლენა რეგიონში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს

ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის პარალელურად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ირანმა წინააღმდეგობრივი მოქმედება შეზღუდოს. ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხი ირანისთვის შესაძლოა მისაღები გახდეს, თუ ერაყის ხელისუფლება ქურთების მისწრაფებებს მწვანე შუქს აუნთებს და გამოყოფაზე მოლაპარაკებას დასთანხმდება. თურქეთის მსგავსად, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე შესაძლოა ირანიც გადაეწყოს და მისგან სარგებლის მიღებაც კი შეძლოს.

რა შეიძლება იყოს საქართველოს ინტერესები?

ადვილად მოწყვლადი კავკასიისთვის, სადაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არაერთი სამხედრო კონფლიქტი მოხდა და საშიშროება დღესაც არსებობს, მშვიდობიანი რეგიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კავკასიის ცენტრალური ქვეყანა საქართველო, ყურადღებით უნდა დააკვირდეს სამეზობლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს  და გაანალიზოს განვითარების შესაძლო სცენარები. თანამედროვე ეპოქაში ჯერ კიდევ უდიდესი დამოკიდებულება არსებობს ბუნებრივი რესურსების მიმართ, რაც ხშირად ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსსაც განსაზღვრავს. ამ კონტექსში თბილისი, საზღვრიდან 800 კილომეტრში მდებარე ერაყის ქურთისტანის მოვლენების ანალიზს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ახდენდეს.

საქართველოსთვის ერაყის ქურთისტანი, პირველ რიგში, ენერგორესურსებით შეიძლება გახდეს საინტერესო. რეგიონს არაოფიციალური მონაცემებით, 45 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგი აქვს. სავარაუდოა, რომ რეგიონში ისლამისტების დამარცხება და ქალაქ მოსულის აღება პოლიტიკური პროცესების დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ამ კონტექსტში ქურთისტანთან კონტაქტების დამყარება შესაძლებელია. საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა და შესაბამისად, ქვეყნის ინტერესში ბაზრის დივერსიფიცირება მუდმივად უნდა იდგეს. ირანთან ეკონომიური კავშირების გამოცოცხლების პარალელურად, შემდეგ ეტაპზე საქართველომ შესაძლოა იფიქროს ქურთისტანის პერსპექტივაზეც.

ბუნებრივი რესურსების მიმართულებით, საქართველოსა და ქურთისტანის სამომავლო ურთიერთობები აქტუალური შესაძლოა ისევ და ისევ საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის გამოც გახდეს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში ქურთისტანისთვის მნიშვნელოვანი გახდება ნავთობის ინდუსტრიის განვითარება, რაშიც აქტიურ მონაწილეობას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაც მიიღებს. შემდეგი ნაბიჯი კი ბუნებრივია, რესურსების ექსპორტირების საკითხი იქნება და დასავლეთის დაინტერესების შემთხევევაში თბილისს შეუძლია ქურთისტანის ნავთობი ბათუმისა და ფოთის, რამდენიმე წელიწადში კი ანაკლიის პორტებამდე მიიტანოს.

საქართველოს სტრატეგიული ინტერესი შეიძლება გამოხატული იყოს ქურთებთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობითაც. ერაყელ ქურთებისთვის, რომლებსაც ორგანიზებული ბრძოლის და საერთაშორისო კომუნიკაციის მნიშვნლოვანი გამოცდილება დაუგროვდათ, უსაფრთხოების სფერო შეიძლება ითქვას პრიორიტეტულია. საქართველოსთვის კი რეგიონში ახალ პოლიტიკურ ერთეულთან, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა აუცილებელ ზომადაც კი უნდა იყოს განხილული. მით უმეტეს, რომ ერაყელ ქურთებთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მრავალწლიანი აქტიური კონტაქტი აქვთ.

უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა პირველ რიგში შეეხება საერთაშორისო ტერორირზმის წინააღმდეგ მიმართულ ერთობლივ ქმედებას. ახლო აღმოსავლეთში მოსახვედრად რადიკალურად განწყობილი ჯგუფები კავკასიის გავლითაც ხვდებოდნენ და ექსტრემიზმისტული ნაკადების შესაზღუდვა ორივე მხარის ინტერესებში არის და იქნება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სადაზვერვო მონაცემების გაცვლის საკითხიც.    

პოლიტიკურ აქტივობამდე, ერაყელ ქურთებს დღის წესრიგში ქალაქ მოსულის რადიკალი ისლამისტებისგან გათავისუფლება აქვთ უპირველეს ამოცანად დასახული. მოვლენების განვითარებას საქართველომ თვალი არ უნდა მოაშოროს. თანამშრომლობაზე დაფუძნებული სტაბილური რეგიონი რაციონალურად მოაზროვნე ყველა სახელმწიფოს ინტერესშია. სუვერენულ ქვეყანასთან კავშირების დამყარებას ქურთებიც ენთუზიაზმით შეხვდებიან, რადგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს ამოცანა საერთაშორისო კავშირების გაძლიერება იქნება.   

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

19 May 2017

თურქული გამბიტი

19 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

19 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

19 May 2017

ობამა

19 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

19 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

19 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

19 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

19 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

19 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

19 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

19 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

19 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

19 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

19 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

19 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

19 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

19 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

19 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

19 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

19 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

19 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

19 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

19 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

19 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

19 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

19 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

19 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

19 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

19 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

19 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

19 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

19 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

19 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

19 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

19 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

19 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

19 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

19 May 2017

უნგრული სუვერენულობა

19 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

19 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

19 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

19 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

19 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

19 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

19 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

19 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

19 May 2017

დასავლური გახლეჩა

19 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

19 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

19 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

19 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

19 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

19 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

19 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

19 May 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

19 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

19 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

19 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

19 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

19 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

19 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

19 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

19 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

19 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

19 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

19 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

19 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

19 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

19 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

19 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

19 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

19 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

19 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

19 May 2017