25 May 2017
  • 874 ნახვა

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ირგვლივ სიტუაცია სულ უფრო მეტად იძაბება. „ლევადა-ცენტრმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც რუსების დამოკიდებულება მინისტრთა კაბინეტის მეთაურის მიმართ მკვეთრად გაუარესებულია. ამას თან დაერთო მწვავე დაპირისპირება პრემიერ-მინისტრის პრესმდივან, ნატალია ტიმაკოვას და სოციოლოგიური ცენტრის წარმომადგენლებს შორის. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ კრემლში აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან.

„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის შედეგები

„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვა საპროტესტო აქციების შემდეგ ჩატარდა, რომელიც ალექსეი ნავალნიმ მოაწყო. აქცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა და იგი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ მიერ გადაღებული ფილმის გამოსვლის ფონზე გაიმართა. ფილმი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილებათა გადაჭარბებას ეხებოდა. სოციოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რუსეთის მთავრობის მეთაურის მიმართ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება ფიქსირდება. იგი მხოლოდ მოსახლეობის 8%-ში იწვევს სიმპათიას, რაც მისი პრეზიდენტობის (2008-2011 წლები) 22-25%-ს და 2013 წლის 12-18%-ს ჩამოუვარდება. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მედვედევთან დაკავშირებით პოზიცია არ გააჩნია (30%). 17%-ს კი არ შეუძლია მედვედევის შესახებ პოზიტიური რამ თქვას (განსხვავებით 4-8%-ისა მისი პრეზიდენტობის დროს).

პირველად დიდი ხნის განმავლობაში, მედვედევისადმი უნდობლობის მაჩვენებელმა გადააჭარმბა მათ რიცხვს, ვინც მას „ძირითადად ენდობა“: 33% 30%-ის წინააღმდეგ. ამასთან მაჩვენებლების გაუარესება ბოლო ექვსი წელია ფიქსირდება. მაგალითად, 2012 წლის აპრილში მედვედევს მოსახლეობის 47% ენდობოდა, ხოლო 25% არ ენდობოდა.

თავად „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგები დიმიტრი მედვედევის რეიტინგის ვარდნას მთელ რიგ მიზეზებს უკავშირებენ, მათ შორის ეკონომიკური სტაგნაციის გაგრძელებას, ცხოვრების დონის დაცემას და „პოსტყირიმული კონსესუსის“ ეფექტის შესუსტებას. თუმცა მარტში რეიტინგების სწრაფი ვარდნა სავარაუდოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ფილმ „Он вам не Димон“-ის გამოსვლას უკავშირდება. YouTube-ზე ორ მარტს ატვირთული ფილმი უკვე 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ფილმში ალექსეი ნავალნი სასახლეებზე, იახტებზე და ვენახებზე ჰყვება, რომელთაც არაფორმალურად რუსეთის პრემიერ-მინისტრი ფლობს.

რუსულ საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული წარმოდგენა, რომ ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკი ქურდობს და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი კორუფციაშია ჩაბმული. სხვა სიტყვებით, პრემიერ-მინისტრ მედვედევის კორუფციული ბრალდებები მხოლოდ ადასტურებს რუსების წარმოდგენას ხელისუფლების „უკანონობაზე“. მედვედევი ამ მხრივ მრავალთაგან ერთ-ერთია, რომელმაც ფილმის წყალობით ყურადღების ცენტრში მოყვა.

განსხვავებული რეაქციები „კრიტიკაზე“

გამოკითხვის ყველაზე გახმაურებული ნაწილის თანახმად კი მოსახლეობის 45% მინისტრთა კაბინეტის მეთაურის გადადგომას ემხრობა. მანამდე ყველაზე ცუდი შედეგები მედვედევმა 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში აჩვენა, როდესაც მის გადადგომას 38-39% ემხრობოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინ შესამჩნევი იყო ეკონომიკური ზრდის შემცირება, ხოლო მედვედევს როგორც „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლები, ასევე ვლადიმირ პუტინი აკრიტიკებდა. პრეზიდენტმა მედვედევის მიმართ საჯარო დამოკიდებულება 2014 წლის დასაწყისში შეცვალა, როდესაც რუსეთი გეოპოლიტიკური კრიზისისკენ მიექანებოდა, ხოლო ეკონომიკაში სიტუაცია სულ უფრო დიდ მღელვარებას იწვევდა. პუტინმა უარი თქვა მინისტრთა კაბინეტისგან დისტანცირებასა და მათ რეგულარულ კრიტიკაზე და რამდენიმე წლით (ბოლოდროინდელ მოვლენებამდე) აღმასრულებელ ხელისუფლებასთან სოლიდარიზაციის ტაქტიკა აირჩია.

ბოლო დრომდე ამ მოდელის გადახედვის ნიშნები არ შეინიშნებოდა. კრემლმა პრემიერს სახელმწიფო დუმაში მოხსენების წინ მაქსიმალურად კომფორტული წინაპირობა შეუქმნა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა მედვედევი მოხსენებამდე მიიღო და იგი კრიზისის წარმატებით დაძლევისთვის შეაქო.

ცხადია, რომ პრეზიდენტისთვის პრემიერ მინისტრის მომავლის და მთავრობის მეთაურის ოპოზიციისადმი დამოკიდებულების საკითხი ორი სხვადასხვა განზომილებაა. თუმცა პირველი მეორეზე ზეგავლენას აუცილებლად ახდენს: მედვედევის შესაძლო გადადგომის შესახებ საუბრები (ელიტაში ხდება მოლოდინის ფორმირება, რომ ეს მომავალი წლისთვის მოხდება), ხელისუფლებას მთავრობის მეთაურზე ნებისმიერი თავდასხმებისადმი მგრძნობიარეს ხდის. აქედან გამომდინარეობს სხვა პრობლემაც: საპროტესტო აქციებმა საჯარო სივრცეში დააბრუნეს კორუფციის თემა, რომელზე პასუხისგან თავის შეკავებაც პუტინს გაუჭირდება.

ამავდროულად, პრეზიდენტის პირველი რეაქცია უფრო ინერციული ხასიათის იყო: პრობლემის არსებობის აღიარება და აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციებისგან დისტანცირება. ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ გეგმაზომიერ სამუშაოს ატარებს, ხოლო კრემლის დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ „საყოველთაოდ ცნობილია“. თუმცა პუტინმა იქვე განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ „წარმოადგენს ერთჯერადი აქციების ნაკრებს, არამედ სამუშაოს, რომელიც კორუფციის ნებისმიერი გამოვლინებისადმი ტოტალური მიუღებლობის ფორმირებას გულისხმობს. ეს არის მუდმივი სამუშაო და იგი დროში შეზღუდული არ არის“.

პუტინის სიგნალი ნათლად იკითხება: არასისტემური ოპოზიციისადმი ნეგატიური დამოკიდებულება  და დისკუსიის დიმიტრი მედვედევის ირგვლივ ფორმირება. ამავდროულად პუტინის მხრიდან მედვედევისადმი პერსონალური დამოკიდებულების დაფიქსირება არ ხდება.

თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ კრიტიკაზე განსხვავებას შინაარსისა და ემოციური ფონის თვალსაზრისით მედვედევის საჯარო რეაქციასა და პუტინის საჯარო რეაქციას შორის. მაგალითად, ნატალია ტიმაკოვამ ლევადა-ცენტრის კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ხელისუფლების ხელმძღვანელი მსგავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს დიდ მნიშვნელობას არ აქცევს, მითუმეტეს ლევადა-ცენტრის, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს“. ლევადა-ცენტრის დირექტორმა ლევ გუდკოვმა საპასუხოდ გამოცემა „Фонтанка.ру“-სთვის მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი მედვედევის პრესმდივნისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ რეაქციის არქონა ხელისუფლების არადამაჯერებლობის ნიშანია. გუდკოვის სიტყვებით, გამოკითხვა ორგანიზაციის ინიციატივით და ხარჯებით ჩატარდა.   

პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადება ბევრად უფრო თავშეკავებული იყო. „ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით სოციოლოგიას, თუმცა გასაგები დაშვებებით. ამ საკითხის გასაანალიზებლად გარკვეული დრო დაგვჭირდება.“ - განაცხადა პესკოვმა. ამავდროულად მან ფრთხილად დაუჭირა მხარი ხელისუფლებას: „ხელისუფლების სამუშაო რთულია. მას ბევრ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას აღება უწევს და გარკვეული გადაცდომები მის მუშაობაში შეიძლება მოხდეს. ეს მისაღებია,“ - აღნიშნა პესკოვმა.

მოსაზრება ხელისუფლების კრიტიკოსთა ანგაჟირებულობის შესახებ (მედვედევისთვის გამოკითხვის შედეგები კრიტიკად და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად განიხილება) კრემლისთვის ყოველთვის გადამწყვეტი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ „ლევადა-ცენტრი“ „უცხოეთის აგენტად“ დაასახელეს: საფუძველად კი ცენტრის წარმომადგენლების „მტრულ“ ფორუმებზე გამოსვლა დასახელდა (მაგალითად რუსეთის შესახებ კონფერენციაზე პოლონეთში). „ლევადა-ცენტრი“ საკუთარი სტატუსის აღიარებას ეწინააღმდეგება, თუმცა სასამართლო დავას უაზროდ მიიჩნევს.

ამ მხრივ უკვე ნათელია, რომ კრემლმა მედვედევის თეზისი კვლევის ანგაჟირებულობის შესახებ არ გაიზიარა. ამასთან, მისი რეიტინგის ვარდნას სხვა სოციოლოგიური ცენტრების გამოკითხვებიც ადასტურებენ. „ФОМ“-ას მონაცემებით, მედვედევისადმი უნდობლობის მაჩვენებელი თებერვლიდან აპრილამდე 22%-დან 27%-მდე გაიზარდა. „ВЦИОМ“-ის მონაცემებით, პრემიერის ნდობის რეიტინგი მარტის შემდეგ 4,4, პუნქტით - 19,2%-დან 14,8%-მდე (23 აპრილის მონაცემები) შემცირდა. მედვედევისადმი უკმაყოფილება კი 11,7%-დან 15,6%-მდე გაიზარდა.

პესკოვის თავშეკავებულმა რეაქციამ გაამძაფრა საუბრები მედვედევის შერყეული პოზიციების შესახებ. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მთავრობის მეთაურის ირგვლის შექმნილი სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს.

თავდასხმა დიმიტრი მედვედევზე

დიდი ხმაური გამოიწვია სააგენტო „Bloomberg”-ის სტატიამ, რომლის თანახმადაც დიმიტრი მედვედევი საკუთარი პოლიტიკური მომავლის ბედს ეჭვის თვალით უყურებს. კრემლთან დაახლოებული ორი წყაროს ინფორმაციით, არის ვარაუდი, რომ პრემიერის პოზიციები საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მოწყვლადი გახდება. სააგენტო მიუთითებს, რომ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ორჯერ გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრი, რათა საკუთარი პოზიციები გაემყარებინა. მედვედევი ამ პრაქტიკაში გამონაკლისად ითვლებოდა.

ამასთან, სააგენტო მიუთითებს, რომ მედვედევის მომხრეები ამჟამინდელ პრობლემებს კრემლში არსებულ პოლიტიკურ მოწინააღმდეეებს უკავშირებენ. მათ შორის არიან სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირები, მაგალითად „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი. Bloomberg-ი აცხადებს, რომ სეჩინი ეკონომიკაში სახელმწიფოს დომინირების მომხრეა, რაც მედვედევის და ხელისუფლებაში მყოფი სხვა თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი ტექნოკრატების მიდგომას ეწინააღმდეგება. 2016 წელს მედვედევმა ვერ შეუშალა ხელი როსნეფტის მიერ უფრო მცირე კონკურენტების შეძენას. აღნიშნული გარიგების დროს პუტინმა სეჩინს დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში ასევე არსებობს შიში, რომ თუ პუტინს რაიმე დაემართება, მას კონსტიტუციის თანახმად მედვედევი შეცვლის.

თავისთავად პუბლიკაცია სენსაციურ ან რეალურად საინტერესო ინფრომაციას არ შეიცავს, თუმცა იგი მედვედევის ირგვლივ შექმნილი საინფორმაციო ველის ნეგატივს აძლიერებს და მისი სწრაფი გადადგომის მოლოდინების ზრდის პროვოცირებას ახდენს. საინტერესოა პესკოვის ძალზე რბილი რეაქციაც. მან მხოლოდ ეჭვი გამოთქვა, რომ Bloomberg-ი კარგად იცნობს მედვედევს და მის შესახებ ინფორმაციას ფლობს. ამასთან პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, უფრო დეტალურად ეს საკითხი „ხელისუფლებაში მყოფი კოლეგებთან“ განიხილონ. მასალის ნეგატიური შეფასება პესკოვის მხრიდან არ მომხდარა.

მედვედევი ეტაპობრივად არასასურველ ფიგურად ყალიბდება არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინისთვის, არამედ მთელი სისტემისთვის. მას აკრიტიკებს კომუნისტური პარტია და „სამართლიანი რუსეთი“, მისგან დისტანცირებას ახდენს „ერთიანი რუსეთიც“ (Единая Россия). 28 აპრილს ტელეარხ „Дождь“-ის სიუჟეტის თანახმად, დიმიტრი მედვედევი და მისი მთავრობა საპირველმაისო დემონსტრაციისთვის „ერთიანი რუსეთის“ მიერ შეთავაზებულ ლოზუნგებში არ ფიგურირებდა. ხალხს შესთავაზეს შეექოთ პუტინი და პროექტები შორეულ აღმოსავლეთში. ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხმა განაცხადა, რომ 21 აპრილს პარტიის გენერალურმა საბჭომ 36 ლოზუნგიანი სია დაამტკიცა. გენერალური საბჭოს მდივან ევგენი რევენკოს უცნაურად მიიჩნია, რომ პირველ მაისს პრემიერ მედვედევსა და მის მთავრობასთან დაკავშირებული ლოზუნგები არ იყო. მისი სიტყვებით, „ასეთი ფაქტი მას არ ახსოვს“.

საინტერესოა ФСБ-ს პოზიციაც, რომელსაც კომუნისტმა ვალერია რაშკინამ განცხადებით მიმართა, შეამოწმოს ალექსეი ნავალნის ფილმში ნაჩვენები ფაქტების სინამდვილე. სამსახურმა დეპუტატს საკუთარი პასუხი დახურული სახით გაუგზავნა. ეს ქმნის ორმაგ განცდას, რომ ფილმში არსებობს ეჭვის საფუძველი, ხოლო მასზე საუბარს ФСБ არასასურველად მიიჩნევს.

დიმიტრი მედვედევის მდგომარეობის გაუარესება რეჟიმის შიგნით ერთგვარ ჩაკეტილ წრეს ქმნის. ერთი მხრივ იზრდება მისი გადადგომის წინაპირობები და არგუმენტები, ხოლო მეორე მხრივ მედვედევის ფიგურის კონფლიქტურობა და გაძლიერებული პოლიტიკურ-საკადრო სისუსტე მის სამომავლო კომფორტულ დასაქმებას ართულებს. ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტად მედვედევის უმაღლეს სასამართლოში გადაყვანა მოიაზრებოდა. რუსეთში საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოების გაერთიანება იგეგმება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს და ქვედა ინსტანციის სასამართლოების განაჩენების გასწორების ფუნქციებს შეითავსებს.  თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ფილმი ამ პროცესს საგრძნობლად აფერხებს. მედვედევის „გაზპრომში“ გადასვლას კი გავლენიანი ელიტური მოთამაშეების მხრიდან შეხვდება წინააღმდეგობა.

დასკვნა

დიმიტრი მედვედევის ირგვლიც შექმნილი საჯარო სკანდალი და საზოგადოებრივი ნდობის შემცირება პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მთავრობის მეთაურს, არამედ პრეზიდენტ პუტინსაც. სკანდალი რუსეთის ასზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციების საბაბად იქცა. რუსეთის პრეზიდენტი კი ქუჩის აქციებს უფრთხის და მათში „ფერადი რევოლუციების“ საფრთხეს ხედავს. მეორე მხრივ პუტინისთვის, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, მემკვიდრის არჩევის პრობლემა რთულდება.

დიდი ალბათობით მედვედევი მემკვიდრეების სიიდან ამოიშალა. სავარაუდოდ, კრემლის მეთაურმა იცოდა უძრავი ქონების იმ ობიექტებზე, რომელთაც მთავრობის მეთაური უკანონოდ ფლობდა. თუმცა სკანდალი და საჯარო დისკრედიტაცია მედვედევის პოლიტიკურ კაპიტალს აუფასურებს და მას მოწყვლადს ხდის. მედვედევის მხარეს არის პუტინისადმი ლოიალობა, რომელიც მან 2008-2012 წლის პრეზიდენტობის დროს დაადასტურა. მიუხედავად ამისა, დღეს მედვედევს ძლიერი მოკავშირეები ხელისუფლებაში არ ყავს. მას არ აქვს არც სახალხო მხარდაჭერა. მოდერნიზატორების და ლიბერალების მხარდაჭერა მედვედევმა 2011 წელს დაკარგა, როდესაც ხელისუფლება პუტინს დაუბრუნდა. პრემიერ-მინისტრი პუტინისგან განსხვავებით ვერ გრძნობს ტრადიციონალისტური, ძლიერი სახელმწიფოს მომხრე საზოგადოების განწყობებსაც. მსგავსი მემკვიდრე კი სისტემის დანგრევის საფრთხეს ქმნის. მემკვიდრე ლოიალური, სანდო და ამასთან ძლიერიც უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის მეთაურს სწრაფად გადააყენებენ. პუტინს არ უყვარს გადაწყვეტილებების ზეწოლის ქვეშ მიღება, მითუმეტეს, როდესაც ზეწოლა საზოგადოებისგან და სისტემური ოპონენტებისგან მოდის. ახალი პრემიერის დანიშვნა ერთი მხრივ საიმედო მემკვიდრის მოძებნის საკითხს, მეორე მხრივ კი სამომავლოდ ეკონომიკური და სოციალური კურსის განსაზღვრას უკავშირდება. სავარაუდოდ, ეს ორი საკითხი პუტინს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

25 May 2017

თურქული გამბიტი

25 May 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

25 May 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

25 May 2017

ობამა

25 May 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

25 May 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

25 May 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

25 May 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

25 May 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

25 May 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

25 May 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

25 May 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

25 May 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

25 May 2017

'პატივი კატალონიას?!'

25 May 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

25 May 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

25 May 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

25 May 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

25 May 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

25 May 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

25 May 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

25 May 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

25 May 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

25 May 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

25 May 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

25 May 2017

ბრექსიტის ლოგიკა

25 May 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

25 May 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

25 May 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

25 May 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

25 May 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

25 May 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

25 May 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

25 May 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

25 May 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

25 May 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

25 May 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

25 May 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

25 May 2017

უნგრული სუვერენულობა

25 May 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

25 May 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

25 May 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

25 May 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

25 May 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

25 May 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

25 May 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

25 May 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

25 May 2017

დასავლური გახლეჩა

25 May 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

25 May 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

25 May 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

25 May 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

25 May 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

25 May 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

25 May 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

25 May 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

25 May 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

25 May 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

25 May 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

25 May 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

25 May 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

25 May 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

25 May 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

25 May 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

25 May 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

25 May 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

25 May 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

25 May 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

25 May 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

25 May 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

25 May 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

25 May 2017

რეფერენდუმი თურქეთში

25 May 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

25 May 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

25 May 2017