09 June 2017
  • 2447 ნახვა

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

ცნობილია, რომ თანამედროვე ტერორიზმის სამშობლო რუსეთია. სწორედ იქ დაიბადა პირველი საბრძოლო რევოლუციური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლების და პირადად მეფის წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული ტერაქტი განახორციელა. ამასთან აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის კლასიკური რევოლუციური მოძრაობები ტერორიზმს ბრძოლის მეთოდებში არ იყენებდნენ. ლენინი, რომლის ძმაც ტერორისტი იყო, პრინციპულად უარყოფდა ტერორის ეფექტურობას. ტერორისტული აქტის „რევოლუციის“ იარაღად ჩამოყალიბება შედარებით ახალი მოვლენაა. 

აუცილებელია მკაფიოდ განვასხვავოთ კლასიკური რევოლუცია თანამედროვესგან. კლასიკური რევოლუცია, რომელიც კასტროს გამარჯვებით იყო ინსპირირებული და ლათინური ამერიკის რევოლუციურ აფეთქებასთან ერთად დასრულდა, წარმოადგენდა მშრომელთა მოძრაობას ემანსიპაციის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უფლებათა თანასწორობისთვის. თავისი არსით, იგი საერთო მოდერნიზატორული მოძრაობის ნაწილი იყო, რომელმაც მეტნაკლებად განვითარებული ქვეყნები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოიცვა. რევოლუციის კავშირი მოდერნიზატორულ პროექტთან კარგად ჩანს გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყნებში, სადაც რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ყველანაირი მემკვიდრეობითი პრივილეგია კანონმდებლობით იკრძალებოდა და „თანამედროვეობის“ დამყარება იწყებოდა - მასობრივი ინდუსტრიალიზაცია, ელექტრიფიკაცია, განათლების და ჯანდაცვის სისტემების განვითარება.

კლასიკური რევოლუციური მოძრაობის შედეგად, კაპიტალისტურმა ქვეყნებმა მოდერნიზაციის პროცესის დროს თანდათან გადალახეს ფეოდალური გადმონაშთები და ეტაპობრივად დაამყარეს სამართლებრივი თანასწორობა, ეკონომიკური აღმავლობა, მოსახლეობის სოციალური დაცვის მექანიზმები და შექმნეს ეფექტური ინდუსტრია. შედეგად, მოდერნიზაციის პროექტი, დაძაბული კლასობრივი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ მშვიდობიანი გზით განხორციელდა, ხოლო ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილის სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. რევოლუციურმა მოძრაობამ დაკარგა პროგრამა და იშვიათი გამონაკლისების გარდა (მაგალითად „წითელი ბრიგადები“ 70-80-იანი წლების იტალიაში) გაქრა.

ტერორისტული ჯგუფების პროგრამამ კი ძირეული ცვლილება განიცადა. ისინი სულ უფრო ამოდიოდნენ არა მოდერნიზატორული პროექტის, არამედ მისი კრიტიკის პოზიციიდან. მათი პროგრამა მართალია ინარჩუნებდა მარქსისტულ (ინტერნაციონალისტურ, მოდერნისტულ) იერს, თუმცა ძირითადად თანამედროვე გლობალიზებული კაპიტალისტური საზოგადოების (კერძოდ ფინანსური კაპიტალის ან საერთაშორისო ვაჭრობის) წინააღმდეგ იყო მიმართული. აღნიშნულმა ჯგუფებმა უარყვეს მოდერნიზაციის იდეოლოგია და კონსერვატიზმის პოზიციებზე გადავიდნენ. სწორედ მათ დროს გაჩნდა ტერორიზმი, როგორც რევოლუციური (უფრო კონტრრევოლუციური) მოძრაობის ბრძოლის ფორმა. დღეს ტერორისტული ჯგუფები აღნიშნულ იდეოლოგიას მისდევენ და დასავლური ტიპის გლობალური კაპიტალიზმის თუ მოდერნისტული იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან. ამავდროულად ისინი ფართოდ იყენებენ ტერორს საკუთარი მიზნების მისაღწევად და გამოდიან ეროვნული გაერთიანებების თუ რელიგიური იდეოლოგიების დაცვის პრინციპებით.

ტერორიზმი და მოდერნიზაცია

შეუძლებელია გავიაზროთ ტერორიზმის წარმოშობის მიზეზები თავად მოდერნიზაციის გარკვეული ასპექტების განხილვის გარეშე. მოდერნიზაცია ანგრევს საზღვრებს და აკნინებს ეროვნულ სუვერენიტეტს, ქმნის სამრეწველო წარმოების და მოხმარების ერთგვარობას და უზრუნველყოფს კაპიტალის შეუზღუდავ მოძრაობას. ფაქტობრივად მოდერნიზაცია მიისწრაფვის ზესახელმწიფოებრივი გლობალური სივრცის შექმნისკენ, სადაც ადამიანებისა და კაპიტალის გადაადგილებისა და ვაჭრობის თავისუფლებისთვის შეზღუდვა არ იარსებებს. ეს მძლავრი მოძრაობა კოლოსალურ გავლენას ახდენს სოციალურ სფეროზეც და მას კლასიკური რევოლუციური მოძრაობის მოთხოვნილებების სტილში გარდაქმნის.

თანამედროვე სახელმწიფო, ძალადობის სახელმწიფო აპარატის ხელში მონოპოლიზაციის შედეგად ყალიბდება. ფეოდალურ საზოგადოებაში არსებობდა უკონტროლო ძალადობის მრავალი კერა. ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება ადგილობრივი ფეოდალის თავნებობის მსხვერპლი გამხდარიყო. მისი დაცვის საშუალებას კი ტრადიციული სტრუქტურები - ოჯახი და კლანი წარმოადგენდა. საერთო სამართლებრივი სისტემის არარსებობის დროს ინდივიდის დაცვა ხშირად სისხლიანი შურისძიების - ვენდეტას სახეს იღებდა. ოჯახი და კლანი უზრუნველყოფდა შრომისუუნარო მოხუცების შენახვასაც. მოდერნიზაციამ ნელ-ნელა წაშალა ტრადიციული გაერთიანებების ყველა შესაძლო ფორმა და ინდივიდის დაცვის ლოკალური ფორმები სოციალური დაცვის საერთო სახელმწიფოებრივი ფორმებით შეცვალა. პოლიცია და სასამართლო ვენდეტას ნაცვლად, საპენსიო ფონდები ოჯახური დაცვის ნაცვლად და ა.შ. ერთი მხრივ სოციალური დაცვის არქაული ფორმების ჩანაცვლება ათავისუფლებს ადამიანებს, თუმცა ამავდროულად მათ მარტოობისთვის წირავს.   

მოდერნიზაციის პროცესს ჰყავს საკუთარი გამარჯვებულები და დამარცხებულები. გამარჯვებულები არიან ერები განვითარებული ეკონომიკით და სოციალური სფეროთი. მოდერნიზაციის მსხვერპლებად კი სოციალური სტრუქტურების არმქონე ჩამორჩენილი ეკონომიკის ქვეყნები იქცნენ. მაგალითად, აფრიკაში მოდერნიზაციამ ტრადიციული ჯგუფების ნგრევა გამოიწვია, თუმცა სახელმწიფომ მათი სოციალური დაცვის სხვა სტრუქტურებით ჩანაცვლება ვერ მოახერხა. სწორედ მოდერნიზაციის მიერ ტრადიციულ ინსტიტუტებზე თავდასხმა აღიქმება მტკივნეულად ტრადიციულ საზოგადოებებში - თანამედროვე გლობალიზაციის მსხვერპლ ქვეყნებში. ადამიანები ასეთი საზოგადოებებიდან თანამედროვე, „უსახო“ საზოგადოებაში თავს დაკარგულად გრძნობენ. მოდერნიზაციის დადებითი მხარეები ამ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის არა დამცველად და პროგრესის მომტანად, არამედ უცხო და აგრესიულ დამანგრეველ ძალად აღიქმება.   

მოდერნიზაციის წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი, თანამედროვე ცხოვრების წესის წინააღმდეგ ბრძოლის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს. მას ორი მიზანი გააჩნია. ერთი მხრივ, ეს არის ძალადობაზე სახელმწიფოს მონოპოლიის იდეის დანგრევა. მეორე მხრივ კი, მოდერნიზაციის სისტემის ბირთვისთვის, სოციალური უსაფრთოხების სისტემისთვის დარტყმის მიყენება.   

ტერორიზმი ცდილობს აჩვენოს, რომ უსაფრთხოება თანამედროვე საზოგადოებაში მიუღწეველი მითია. მეტიც, მისი მიზანია აჩვენოს, რომ მხოლოდ კლანური, ოჯახური უსაფრთხოების სისტემა არის ეფექტური. იგი მართლაც ეფექტურია იმ სახით, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზონის შექმნას ტერორისტებისთვის, რომელიც მათ თანამედროვე ატომიზირებულ საზოგადოებაში არ გააჩნიათ. სამართალდამცავი ორგანოების ბრძოლას თანამედროვე ტერორიზმთან ართულებს ის ფაქტი, რომ მათ უწევთ მოქმედება არა ატომიზირებული ინდივიდების, არამედ საერთო უსაფრთხოების ოჯახური და კლანური სისტემის წინააღმდეგ.

ტერორისტული აქტების ტრანსფორმაცია და ტერორისტთა თვითრადიკალიზაცია

ტერორისტული აქტის რამდენიმე სახეობა არსებობს. კლასიკური ტერორისტული თავდასხმა (მაგალითად ხალხოსნების რუსეთში) მიმართული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. კლასიკური ტიპის რევოლუციონერები ხალხმრავალ კაფეტერიებს არ აფეთქებდნენ, რადგანაც მისი მსხვერპლი ჩვეულებრივი ხალხი გახდებოდა, რომელთა სახელითაც ტერორისტები მოქმედებდნენ.

გარდამავალი ეტაპის ტერორისტები, მაგალითად „წითელი ბრიგადები“, ძირითადად ადამიანების მძევლად აყვანით იყვნენ დაკავებული. მძევლად აყავდათ არა განსაკუთრებული ზიზღის ობიექტები, არამედ ის პიროვნებები, რომელთა საშუალებითაც გარკვეული მიზნისთვის უნდა მიეღწიათ (მაგალითად ციხიდან გაეთავისუფლებიათ თანამებრძოლები).

პირველი ორი ტიპის ტერორიზმი გარკვეულწილად რაციონალურია. მას აქვს ნათლად ფორმულირებული მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოს. ტერორისტული აქტის თანამედროვე მოდიფიკაცია კი აქცენტს „ჩვეულებრივ ადამიანებზე“ აკეთებს. დღეს ტერაქტს ხშირად თვითმკვლელი ტერორისტი ჩადის. ასეთი ტიპის ტერორიზმი შეგვიძლია ირაციონალურად მივიჩნიოთ.

თანამედროვე ტერორიზმის ამოსავალი წერტილი არის მოდერნული საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ცენტრი არ აქვს. ტერორისტი მოქმედებს სისტემაში ცენტრის გარეშე, სადაც მისი ნებისმიერი წევრი თანაბრად მოწყვლადია. ტერორისტის ერთადერთი ამოცანა თანამედროვე სახელმწიფოს მიერ შექმნილი უსაფრთხოების ტოტალური სივრცის საპირისპიროდ საფრთხის ტოტალური სივრცის შექმნაა. ამიტომაც ხშირად ტერაქტები ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ხდება.  

მსგავსი ტიპის ტერორიზმის მხარდამჭერები მის რაციონალურობაზე მიუთითებენ. ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ეგვიპტურ გაზეთ „ალ-უსბუში“ გამოქვეყნდა ლიტერატორ ამრუ ნასიფის სტატია, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში თვითმკვლელი ტერორისტების მასობრივი გამოყენების იდეას აჟღერებდა (თავად მწერალს სურდა ერთ-ერთი მოხალისე გამხდარიყო). ნასიფი წერდა, რომ 250-მა პალესტინელმა მოწამეობრივ სიკვდილზე თანხმობა განაცხადა. არაბულ სამყაროში ეს ციფრი შეიძლება ათასამდეც ავიდეს. თითოეულ აფეთქებას საშუალოდ ათი დაღუპული და 50-მდე დაშავებული ადამიანი მოყვება. შესაბამისად ათას თვითმკვლელს შეუძლია ისრაელს ათი ათასი დაღუპული და 50 ათასი დაშავებული მოუტანოს.

ნასიფის სამხედრო სტატისტიკა ისეთივე აბსურდულია, როგორც მისი სტრატეგია. ტერაქტების ამ სერიით გამოწვეული მსხვერპლი საგზაო შემთხვევებით გამოწვეულ მსხვერპლზე დიდი არ იქნება. თვითმკვლელი ტერორისტების ერთადერთი სამიზნე პანიკის დათესვა და საყოველთაო საფრთხის განცდის შექმნაა. ამიტომაც თანამედროვე ტერორისტი ხშირად არ არჩევს სამიზნეს ლოგიკური გათვლებით, არამედ თავდასხმას ბრმად ახორციელებს.

თანამედროვე ტერორიზმის შესწავლის დროს აუცილებელია სტრუქტურული მიდგომის გამოყენება. შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტული დაჯგუფებები უზარმაზარი ექსტრემისტული სტრუქტურის პირველი ეშელონია, რომელსაც მსოფლიო წესრიგის ძალადობრივი მეთოდებით შეცვლა სურს. მეორე ეშელონში კი შედიან ავღანეთი, პაკისტანი, ერაყი, სირია, სუდანი, იემენი, ლიბია და სხვა ქვეყნები, რომელთა ტერიტორიებზეც განთავსებულია ტერორისტების სამეთაურო შტაბები, საწვრთნელი ცენტრები და შეიარაღება. ამ ქვეყნების ხელისუფლება ხშირად უფლებას აძლევს ტერორისტებს გამოიყენონ სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. ისინი ამ ჯგუფებს აწვდიან შეიარაღებას, დოკუმენტებს თუ სადაზვერვო ინფორმაციას. მათ ტერიტორიაზე განთავსებულია ფინანსური ინსტიტუტებიც, რომელთა გავლითაც ტერორისტები დაფინანსებას იღებენ. თუმცა ჯიჰადის საბაზისო ქვეყნები ძირითადად ეკონომიკურად სუსტ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. საკმაოდ შეზღუდული რესურსების ფონზე მათ არ შეუძლიათ ტერორისტულ ჯგუფებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ.

ფინანსურ დახმარებას ტერორისტებს აწვდის მესამე ეშელონის, ძირითადად სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარი სახელმწიფოები. ეს ქვეყნები წარმოადგენენ მონარქიებს, რომელთა შემოსავლის მთავარი წყარო ნავთობის და ბუნებრივი აირის გაყიდვაა. მათი დიდი ნაწილი ისლამის სალაფიტური მიმართულების მიმდევრებია და სპარსეთის ყურის ნაპირებზე მდებარეობს, რაც საკუთარი ძალისხმევის კონსოლიდირების და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობას აძლევს.

საუდის არაბეთი წარმოადგენს მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ წყაროს სალაფიტური ჯიჰადიზმისთვის, რომელიც „ალ-ყაიდას“, „თალიბანის“, „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ორგანიზაციებისთვის იდეოლოგიური წყაროა. მაგალითად, აშშ-ს, ისრაელის და რუსეთის სპეცსამსახურების ინფრომაციით, საუდის არაბეთის სამხედრო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა „ალ-ყაიდა“, „თალიბანი“ და მათი ოპერაციები ავღანეთში. მსოფლიოში სუნიტური ტერორისტული მოძრაობების დაფინანსებაში საუდის არაბეთი დაადანაშაულა ჰილარი კლინტონმაც. 2016 წლის მაისში, The New York Times-ში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიის თანახმად, საუდის არაბეთი მილიონობით დოლარს ხარჯავს სუნიტური ისლამის რადიკალური ფორმის, ვაჰაბიზმის დაფინანსებაში, რომელმაც მოახდინა 9/11 ტერაქტების ავტორების ინსპირირება და ამჯერად წარმოადგენს ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას.

ამავდროულად, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად ყატარი აფინანსებს სირიაში ალ-ნუსრას ფრონტს, პალესტინაში ჰამასს, ასევე ტერორისტულ ჯგუფებს აფრიკაში. დოჰაში გახსნილია „იუსუფ ალ-ქარდავის სახელობის ისლამური აღმავლობის ცენტრიც“. ალ-ქარდავი წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ მიმართულებას ისლამში და ცნობილია საკუთარი მკაცრი ფატვებით. ყატარელ შეიხთა ნაწილი აფინანსებს ისლამურ სახელმწიფოსაც, თუმცა ყატარის მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს. ალ-ყაიდას დაფინანსებაში ადანაშაულებენ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და ქუვეითს.

ტერორისტთა თვითრადიკალიზაცია

საერთაშორისო ტერორიზმს ახალი სახე აქვს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „მარტოხელა ტერორისტი“ მარგინალურ მოვლენას წარმოადგენდა, ხოლო დღეს ინდივიდუალური ჯიჰადის საშიშ ტენდენციად ფორმირდება. ნიცაში, ვიურცბურგსა და დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტები ამის ნათელი დადასტურებაა. ახალი ფორმაციის ტერორისტები საკმარისად თვითმყოფადები არიან: ისინი თავად მიდიან რადიკალურ იდეებამდე, თავად გეგმავენ საკუთარ აქციას და თავად ახორციელებენ მას.

რაც უფრო ვითარდება და იხვეწება ახალი ტექნოლოგიები, მით უფრო მკაცრი და სწორხაზოვანი ხდებიან ტერორისტები. ახალი ტიპის ტერორიზმს არ სჭირდება ორგანიზაცია, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს. მას არ სჭირდება არც საიდუმლო მომზადება. საკმარისია მხოლოდ სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილი და ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი. ტერორისტი შეიძლება კავშირში არ იყოს რომელიმე ორგანიზაციასთან და წარმოადგენდეს ფრუსტრირებულ, რადიკალური სწავლებებით აღტკინებულ ახალგაზრდას, რომელსაც სურს მისთვის უცხო საზოგადოებაზე შური იძიოს. ეს ნათლად აჩვენა ტერაქტების სერიამ 2016 წელს გერმანიაში, თავდასხმამ პოლიციელზე მაგნანვილში (საფრანგეთი) და ტერაქტმა ორლანდოში (აშშ). რადიკალური ისლამი ამ დროს იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს, ანუ მარქსის თანახმად, მისი იდეა მატერიალურ ძალად იქცევა. ხშირად ასეთი ტიპის ტერაქტებს ევროპის სივრცეში დაბადებული ან ევროპული სახელმწიფოების მოქალაქე მუსლიმები აწყობენ. მათ ფუნდამენტალიზაციას და ისლამიზაციას კი მილიონობით გარეშე ფაქტორი იწვევს, როგორიცაა უთანასწორობა, „გეტოიზაცია“ და ა.შ. 

ახალი ტერორისტული საქმიანობის საფუძველში დგას ძლიერი და ძალზე ეფექტური იდეოლოგიური მუშაობა. ტერორისტების რიგებს ავსებენ მოქალაქეები როგორც ღარიბი ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, ასევე უზრუნველყოფილი ევროპული ქვეყნებიდან. რადიკალური ისლამიზმი გარდაიქმნა დოქტრინად, რომელიც მიმზიდველია ფართო მასებისთვის, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად. შესაბამისად ეს პრობლემა რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებით არ გადაიჭრება. სანამ იდეოლოგია შეინარჩუნებს მიმზიდველობას, მათ ადგილზე ყოველთვის ახალი ორგანიზაციები წარმოიქმნება. აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის აქტიური მუშაობა. დღეს რადიკალების მხარეს არის მზარდი იდეოლოგიური ერთობა, ხოლო მათი მოწინააღმდეგეების მხარეს - იდეოლოგიური დაყოფა.  

თანამედროვე ტერორისტების იდეოლოგიურ ეფექტურობას ემატება პრინციპულად ახალი შესაძლებლობები საინფორმაციო-კომუნიკაციურ სფეროში. სოციალური ქსელები მათ წევრებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ ინფორმაციული ზემოქმედებისთვის სამიზნე აუდიტორიის შერჩევა. ინტერნეტი იძლევა ხალხთა დიდი მასის შორიდან კონტროლის, პროპაგანდის მსხვერპლთა მოკლე ვადაში მობილიზაციის, ვირუსული ინდოქტრინაციის გატარების, ტერორისტების რიგებში ხალხის გადმობირების შესაძლებლობას. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ინიციატივა ტერორისტების მხარეს არის. 

ახალი ფორმაციის ტერორისტის ფსიქოლოგიური და სოციალური პორტრეტის შექმნა რთულია. საკმარისია შევხედოთ ბოლო დროინდელ თავდასხმებს, რომელიც მარტოხელა ჯიჰადისტებმა განახორციელეს, რომ დავინახოთ რამდენად მრავალფეროვანია თვითრადიკალიზებული ტერორისტები - ასაკის, სოციალური სტატუსის თუ ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. სან-ბერნარდინოში ეს იყო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახური წყვილი - აშშ-ს მოქალაქე საიდ ფარუკი და მისი მეუღლე, რომელსაც აშშ-ში ცხოვრების უფლება ქონდა. ვიურცბურგის მატარებელში - ახალგაზრდა დევნილი ავღანეთიდან, ორლანდოში - ავღანური წარმომავლობის აშშ-ს მოქალაქე უმაღლესი განათლებით და კარგი სამუშაო ადგილით, ნიცაში - ახალგაზრდა ტუნისელი საფრანგეთის მოქალაქეობით, რომელიც ასევე არ წარმოადგენდა ღარიბ ფენას.

თუმცა მათ აქვთ საერთო მახასიათებელიც, რაც თვითრადიკალიზაციის წინაპირობებში მდგომარეობს. თვითრადიკალიზაციისთვის აუცილებელია ნიადაგი - სოციალური დაუკმაყოფილებლობა, საზოგადოებაში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილება, პერსპექტივების არარსებობა. სოციალური უსამართლობის განცდა, რომელსაც დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში მრავალი მოქალაქე განიცდის, გარკვეულ პირობებში თვითრადიკალიზაციის გამომწვევად შეიძლება იქცეს.

მაშინ, როდესაც დასავლეთის სამართალდამცავი წრეები მზარდი თვითრადიკალიზაციის წინააღმდეგ იბრძვიან, ისლამური სახელმწიფო აგრძელებს ევროპაში მომხდარი ტერაქტების საკუთარი თავისთვის მიწერას მაშინაც კი, როდესაც ტერაქტთან შეხება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციისთვის იდეალური სიტუაცია შეიქმნა: არ არის საჭირო არც იარაღის და ასაფეთქებლის შეძენა, არც ორგანიზაციული საქმიანობა მებრძოლების გადასაბირებლად, მოსამზადებლად და ადგილზე მისაყვანად. ტერორისტული ორგანიზაციები რისკებს არ წევენ ჩავარდნის დროსაც. მთელი პროცესის წარმატება ინტერნეტში პროპაგანდაზეა დამოკიდებული.

ტერაქტი - „სანახაობა“

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ გახდა ირაციონალური მასობრივი მკვლელობები განსაკუთრებით ეფექტური თანამედროვე ეპოქაში. ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავრცელება. თანამედროვე ტერაქტი წარმოუდგენელია მედიის გარეშე. იგი დიდწილად ხორციელდება სწორედ ტელევიზიისა და ინტერნეტისთვის.

მასმედია თანამედროვე მოდერნიზაციის გლობალიზებულ სივრცეში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სწორედ ის აძლევს აღნიშნულ სივრცეს ერთიანობას (და არა პოლიცია, კანონმდებლობა, საბანკო კაპიტალი ან მითუმეტეს ენის და კულტურის ერთობა). ეროვნული სივრცე დღეს დიდწილად განისაზღვრება სატელევიზიო სივრცის გავრცელებით. მედია მისი წევრებისთვის სიმბოლიზირებს ამ სივრცის გამჭვირვალობას. გამჭვირვალობის რეჟიმში კი ძალადობის ღიაობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს. თუ გავაანალიზებთ სატელევიზიო სიახლეებს დასავლეთში, დავინახავთ, რომ მასში უდიდეს როლს თამაშობს სიახლეები მკვლელობების, გაუპატიურებების და ძარცვების შესახებ. ძალადობის კერები წარმოადგენს ინტერესის მთავარ ობიექტს მომხმარებლისთვის, რომელიც ერნსტ იუნგერის აზრით, ყველაზე უფრო სამყაროში უსაფრთხოებას აფასებს.

ძალადობის მუდმივი დემონსტრაცია „სტატისტიკური ადამიანის“ ყოველდღიურობას ავანტურის ელფერს აძლევს და ამავდროულად, პარადოქსულად აძლიერებს საკუთარი უსაფრთხოების განცდას. ფროიდის აზრით, სხვების დაღუპვის დემონსტრირება ადამიანში საკუთარი “უკვდავობის” ილუზიას ქმნის. ამასთან ძალადობის დემონსტრირებას ყოველთვის თან მოსდევს ხელისუფლების მიერ კონტროლის მექანიზმების გაძლიერების დემონსტრირებაც. ყოველი ახალი მკვლელობა ტელეეკრანზე პოლიციის რეიტინგს ზრდის და თანამედროვე სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობას ადასტურებს.

ტერორიზმი ამ ვითარებაში სუპერსანახაობად ყალიბდება. კოსტა გავრასის ფილმი „შეშლილი ქალაქი“ კარგად აჩვენებს, თუ რამდენად ჭირდება ტელევიზიას ტერორიზმის სანახაობა და როგორ მანიპულირებს იგი ამით.

ტერორიზმი, ყოველდღიური კრიმინალისგან განსხვავებით, რომელსაც ლოკალური ხასიათი აქვს, ქმნის საყოველთაო მოწყვლადობის განცდას, რასაც დიდწილად საერთაშორისო სატელევიზიო ქსელებით ტირაჟირება უზრუნველყოფს. გლობალური სივრცის გამჭვირვალობა პანიკის გასავრცელებლად გამოიყენება, რომელიც თავად „საყოველთაო უსაფრთხოების“ საზოგადოების საფუძვლისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ეპოქის დადგომამდე თანამედროვე სახის ტერორიზმი საკუთარ არსს დაკარგავდა. აზრი არ ექნებოდა კონცერტზე ათობით ადამიანის მკვლელობას, თუ ამის შესახებ მხოლოდ მიმდებარე კვარტლის მცხოვრებლები გაიგებდნენ. თანამედროვე სახის ტერორიზმი არის ანტიმოდერნისტული, კონსერვატორული ძალების რეაქცია, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის მოდერნიზებული საზოგადოების სტრუქტურებს, კერძოდ კი მასმედიას იყენებენ. პარადოქსი იმაშიც მდგომარეობს, რომ თავად ტერორისტები კომუნიკაციის იმ ელექტრონულ საშუალებებს იყენებენ აქტიურად, რომელთა აკრძალვაც საკუთარ ქვეყანაში სურთ.

ტერორიზმის შესაჩერებლად ეფექტური საშუალება იქნება მასზე ინტერნეტსა თუ ტელევიზიაში საუბრის შეწყვეტა. თუმცა თანამედროვე სამყაროში ეს შეუძლებელია.

ტერორიზმი და პოლიტიკა

თანამედროვე ტერორიზმი საკუთარ ამოცანებს ასრულებს არა ქალაქების ქუჩებში, არამედ საზოგადოების საჯარო სფეროში, სადაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ხდება. თანამედროვე პოლიტიკა სულ უფრო ემსგავსება ჯაჭვს: მედია - საზოგადოებრივი აზრი -პოლიტიკური გადაწყვეტილება - მედია - საზოგადოებრივი აზრი და ა.შ. განსაკუთრებით ნათლად ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მანია ადასტურებს. პოლიტიკის ფორმირება ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა ასე დამოკიდებული მედიასა და საზოგადოებრივ აზრზე. 

ტერორიზმი დღეს პირდაპირ და სწრაფ ზეგავლენას ახდენს აქტუალურ პოლიტიკაზე. ტერაქტმა შეიძლება გამოიწვიოს მოლაპარაკებების ჩაშლა, ხელისუფლების გადადგომა, ქვეყნის პოლიტიკური კურსის ან ხელმძღვანელობის ცვლილება. ტერორიზმი გახდა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური ქმედება და მისი განხორციელება პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყანაში პოლიტიკური სტრუქტურის ხასიათზე. ყველაზე ნათლად ეს პალესტინელების და ისრაელის მხრიდან ტერორისტული თავდასხმების გამოყენებისას ჩანს. პალესტინელები ცდილობენ ტერაქტები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართონ, რათა შემდეგ ისრაელში მედიამ და საზოგადოებრივმა აზრმა პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მოახდინონ. საპასუხოდ კი ისრაელი ცდილობს საკუთარი ტერორი პალესტინელ პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართოს და მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება პირდაპირი დაშინების გზით მოახდინოს. ტერორიზმის ფორმა პირდაპირ კავშირშია იმ საზოგადოების პოლიტიკურ სტრუქტურებთან, რომელიც ტერორისტული აგრესიის ობიექტს წარმოადგენს. 

კლაუზევიცი ომს პოლიტიკის სხვა საშუალებით გაგრძელებად მიიჩნევდა. ამ აზრის ჭეშმარიტებასთან ერთად აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საომარი მოქმედებები განსხვავედება იმ ომებისგან, რომელსაც კლაუზევიცი გულისხმობდა. დღეს ომი წარმოადგენს საპოლიციო აქციას, რომლის მიზანია ძალადობის კერის განადგურება და პოლიტიკური სივრცის ერთგვარობის და გამჭვირვალობის შენარჩუნება. მსგავსი ტიპის ომები, ტერორიზმის მსგავსად, დიდწილად მედია საშუალებებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ არმიები და ტერორისტული ორგანიზაციები ერთი მიმართულებით ევოლუციონირებენ და ერთმანეთის სარკისებრ ანარეკლებს სულ უფრო ემსგავსებიან. პალესტინელი ლიდერების წინააღმდეგ მიყენებული სარაკეტო დარტყმები, ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების სალიკვიდაციო ოპერაციები თუ წმენდები ჩეჩნეთში სწორედ გარკვეული პოლიციური სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულებაა. თავის მხრივ, ყოველი ტერაქტი სულ უფრო ეხმარება ულტრამემარჯვენეებს დასავლეთში ასობით და ათასობით მხარდამჭერის მიმხრობაში. ამ დროს შიში ლიბერალურ ღირებულებებზე უფრო ძლიერია. ფრუსტრირებული ისლამისტები ახდენენ მშვიდობიანი ბიურგერების რადიკალიზებას, ფრუსტრირებული ბიურგერები კი იმ ახალგაზრდების რადიკალიზებას, ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი ისლამურ ფუნდამენტალიზმს არ მიმხრობოდა. ეს სიტუაცია სპორადული ტერაქტების ფონზე მუდმივ კონფლიქტებს და ევროპულ ნაციონალურ პარლამენტებში ულტრამემარჯვენე პარტიების წევრების ზრდას იწვევს. ახალი ტიპის ტერორიზმის პარალელურად ხდება ულტრამემარჯვენე პოპულიზმის და პოსტ-წესრიგისეული ლიდერების პოპულარობის ზრდა. გამოსავალი კი ამ ჩაკეტილი წრიდან არ ჩანს. 

ტერორიზმი და მაზოხიზმი

ტერორიზმი, როგორც აღვნიშნე, ძირითადად აქტუალურ პოლიტიკაზე ახდენს ზემოქმედებას. თუმცა, იგი არ შეიძლება დავიყვანოთ მოსახლეობაში პანიკის და დაუცველობის გრძნობის გენერირებამდე. ტერორს აქვს უნიკალური თვისება: ის ბუმერანგივით მოქმედებს არა მხოლოდ ტერორის სამიზნე პოლიტიკოსებზე და საზოგადოებაზე, არამედ თვით ტერორისტებზე და მათ ქვეყნებზე. დღეს ამა თუ იმ მოსახლეობის ჯგუფის დისკრედიტაციის საუკეთესო საშუალება მათი ტერორიზმთან დაკავშირებაა. რთულია იმ ზიანის შეფასება, რომელიც ტერორიზმმა მთელ მსოფლიოში მუსლიმებს მოუტანა. ისლამისტი ტერორისტების გამოჩენამდე, ევროპულ კულტურულ მეხსიერებაში მუსლიმი ასოცირდებოდა კეთინგანწყობილ პერსონაჟთან ჩაიხანაში ჩალმით ან ჩილიმით. დღეს მუსლიმები ხშირად ასოცირდებიან საფრთხესთან და სისასტიკესთან. მსგავსი კლიშეების ფორმირებას კი დიდწილად მასმედია უწყობს ხელს.

ტერორიზმი თავისთავად იწვევს მასთან დაკავშირეული საზოგადოების იზოლაციას. იზოლაცია გარკვეულწილად ტერორისტების პროგრამის ნაწილიც არის, რომლებიც მოდერნიზებულ საზოგადოებაში ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. თუმცა ამ იზოლაციას, როგორც წესი მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო შედეგები მოყვება.

ტერორი მედიაში თამაშობს ორგვარ როლს - იგი ერთი მხრივ თავდასხმის სამიზნის დესტაბილიზაციას ახდენს, მეორე მხრივ კი ტერორისტების იზოლირებას უზრუნველყოფს. ტერორისტების დემონიზირება სწრაფად ხდება. ამიტომაც ხშირად ჩნდება ეჭვები, რომ ტერაქტების ორგანიზატორები სპეცსამსახურებია, რომელთაც რადიკალური ძალების იზოლაცია და დემონიზაცია, ხშირად კი ამა თუ იმ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.

მიუხედავად ამისა, ტერორიზმში არსებობს მაზოხიზმის დიდი დოზაც. მისი სისტემური და ხანგრძლივი გამოყენება გაკვეულწილად კოლექტიური არასრულფასოვნების და საკუთარი თავის მიმართ ზიზღის გამოხატულებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ტერორიზმის უკან იმალება არა მხოლოდ მოდერნისტული სამყაროს მიუღებლობა, არამედ მასში ინტეგრაციის დრამატული წარუმატებლობაც. ტერორიზმი არის შურისძიება მსოფლიოსთვის (და საკუთარი თავისთვისაც) მისი პირობებისადმი ადაპტაციის შეუძლებლობის გამო.

მრავალფეროვნების მართვის ახალი მოდელი

დიდი ბრიტანეთი ძლიერი სპეცსამსახურების და სხვადასხვა სახის ექტრემიზთან ბრძოლის დიდი გამოცდილების მქონე ქვეყანაა. თუმცა მანაც ვერ უზრუნველყო საკუთარ მოქალაქეთა ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვა. ისევე როგორც ვერ მოახერხა ბელგიამ, საფრანგეთმა ან გერმანიამ. პრობლემა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებში არ მდგომარებს და იგი უფრო ღრმად იმალება იმ საზოგადოებაში, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მზად არ აღმოჩნდა. საზღვრების წაშლა და გახსნილობა, როგორც ცხოვრების მოწყობის მთავარი პრინციპი, დღეს რეალობასთან დაჯახებას ვერ უძლებს. შესაბამისად მოსალოდნელია გარკვეული კორექტივების შეტანა, რომლის შედეგიანობაც დამატებით კითხვებს აჩენს.

საპროტესტო პარტიები და მოძრაობები ყველაფერში გლობალიზაციის პროცესს ადანაშაულებენ, რაც პოლიტიკური სიტუაციის გამარტივებას ნიშნავს. თავად გლობალიზაცია დასავლური ექსპანსიური და მესიანისტური ცივილიზაციის პროდუქტს წარმოადგენს. დღევანდელი ვითარების ფესვები კი უფრო ადრინდელ პერიოდში, გასული საუკუნის შუა წლებში უნდა ვეძებოთ, როდესაც მსოფლიო პერიფერიის კოლონიური მოწყობა დასრულდა.

ყველა ყოფილი კოლონიური იმპერია დღეს ტერორისტულ და ექტრემისტულ საფრთხეს აწყდება. მათგან განსხვავებით, კოლონიური წარსულის არმქონე ევროპული ქვეყნები ნაკლებად განიცდიან ტერორიზმის ეფექტს. საფრთხის დონე ამ შემთხვევაში ყოფილი იმპერიის ნიშნებზე თუ დეკოლონიზაციის პროცესზე დამოკიდებული არ არის. დიდი ბრიტანეთი შედარებით რბილად დაშორდა საკუთარ კოლონიებს, როდესაც საფრანგეთი ცდილობდა მათ შენარჩუნებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თუ ალჟირში. თუმცა ეს განსხვავება დღევანდელ სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ ახდენს.

მნიშვნელოვანია, რომ მეტროპოლიის და კოლონიის ურთიერთობები შინაარსის ცვლილების მიუხედავად შენარჩუნდა. XX საუკუნის შუა წლებში დამოუკიდებელი ქვეყნების უმრავლესობამ ვერ მოახერხა ქმედითი კეთილდღეობის სახელმწიფოების შექმნა, რამაც ამ ქვეყნების მოსახლეობაში კულტურულად ახლო მეტროპოლიებში გადასახლების სურვილი გაამძაფრა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში დაწყებული ეკონომიკური აღმავლობა მიგრაციის დიდი ტალღების წახალისებას ახდენდა. მოთხოვნის შემცირებასთან მიუხედავად, უცხო კულტურის მატარებელი ადამიანები განვითარებულ ქვეყნებში დარჩნენ და მათი ანკლავები სოციალურ-პოლიტიკურ ყოფის შემადგენელ ფაქტორებად იქცნენ. შესაბამისად გლობალიზაციამ მოახდინა აღნიშნული ფენომენის კატალიზება და არა მისი შექმნა.

ჩამოსულთა ინტეგრაციის პოლიტიკის ჩავარდნა ევროპული სახელმწიფოების უმაღლესმა პირებმა რამდენიმე წლის წინ აღიარეს. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტს ევროპაში ალტერნატიული მოდელების შექმნის შესახებ დისკუსია არ გამოუწვევია. პოლიტიკური განწყობები იცვლება და მიგრანტთა მიღების თუ მათი ქვეყანაში დარჩენის პირობების გამკაცრების მოთხოვნები ევროპულ საზოგადოებებში სულ უფრო იზრდება. ცვლილებები კი ამ მიმართულებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. მეორე მხრივ კი პრობლემად რჩება უკვე არსებული ჯგუფები და მათთან ურთიერთობის ფორმები. სიტუაცია უკვე დიდი ხანია სამართალდამცავი სფეროდან საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის, პრინციპების და ორგანიზების სფეროში გადავიდა, რაც შესაბამისად მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

ცხადია, რომ მხოლოდ შემზღუდავი ქმედებებით საკითხი ვერ გადაიჭრება. დისკუსია ევროპული საზოგადოებების მოწყობის, კერძოდ კი მრავალფეროვნების მართვის მოდელის შემუშავების შესახებ, გარდაუვალია. ტერორიზმი წარმოადგენს მხოლოდ ფერმენტს, რომელიც ამ დისკუსიის აუცილებლობას უფრო ამძაფრებს. გლობალური ტრენდი რე-სუვერენიზაციის და ნაციონალური სახელმწიფოებისთვის „კონტროლის დაბრუნების“ (ბრექსიტის მთავარი ლოზუნგი) შესახებ უფრო რთულ კითხვას სვამს - რას წარმოადგენს დღეს სუვერენიტეტი? აბსოლუტური მონარქიის დასრულების შემდეგ სუვერენიტეტის წყარო გახდა ხალხი. იგი ადრეც იყო სოციალურად ფრაგმენტირებული, თუმცა ამავდროულად კულტურულად ერთგვაროვან მოცემულობას წარმოადგენდა. დღეს კულტურული განსხვავებულობაც თვალშისაცემია და კულტურულად განსხვავებული ელემენტები თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს მოითხოვენ. შესაბამისად, საზოგადოების სტრუქტურის სირთულიდან გამომდინარე მხოლოდ „მარჯვნივ გადანაცვლებით“ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდება.

ტერორიზმი დღეს წარმოადგენს აისბერგის თავს, ხოლო წყლის ქვეშ დაფარულია მთელი რიგი პრობლემების, რომელთა გადაწყვეტაზეც მსოფლიოს მომავალი მოწყობა დიდწილად დამოკიდებულია.  

 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

09 June 2017

თურქული გამბიტი

09 June 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

09 June 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

09 June 2017

ობამა

09 June 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

09 June 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

09 June 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

09 June 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

09 June 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

09 June 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

09 June 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

09 June 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

09 June 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

09 June 2017

'პატივი კატალონიას?!'

09 June 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

09 June 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

09 June 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

09 June 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

09 June 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

09 June 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

09 June 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

09 June 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

09 June 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

09 June 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

09 June 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

09 June 2017

ბრექსიტის ლოგიკა

09 June 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

09 June 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

09 June 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

09 June 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

09 June 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

09 June 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

09 June 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

09 June 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

09 June 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

09 June 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

09 June 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

09 June 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

09 June 2017

უნგრული სუვერენულობა

09 June 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

09 June 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

09 June 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

09 June 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

09 June 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

09 June 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

09 June 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

09 June 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

09 June 2017

დასავლური გახლეჩა

09 June 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

09 June 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

09 June 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

09 June 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

09 June 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

09 June 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

09 June 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

09 June 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

09 June 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

09 June 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

09 June 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

09 June 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

09 June 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

09 June 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

09 June 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

09 June 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

09 June 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

09 June 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

09 June 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

09 June 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

09 June 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

09 June 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

09 June 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

09 June 2017

რეფერენდუმი თურქეთში

09 June 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

09 June 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

09 June 2017