13 June 2017
  • 608 ნახვა

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

ფოტო: www.on.ge

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოულოდნელი არ იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ქვემოთ განხილულია ზოგიერთი ასეთი ფაქტორი და ასევე ამ ალიანსის პერსპექტივა არჩევნებში გასამარჯვებლად.

პირველი ფაქტორი: იდეოლოგიური თავსებადობა

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოში რთულია გამოკვეთო პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური იდენტობა, რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში მეტნაკლებად შესაძლებელია დავინახოთ იდეოლოგიური სიახლოვე. ორივე პარტიის პოლიტიკური ენა და შეხედულებათა სისტემა ლიბერალური პრინციპებზე დგას და საგარეო პოლიტიკური ხედვებით მკვეთრად პროდასავლური აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ორივე პარტია არის პოსტკომუნისტური ლიბერალური პარტია, რომელთათვის განვითარების გზა გადის საბჭოთა წარსულისაგან განთავისუფლებაზე და ლიბერალური დემოკრატიის შენებაზე. ორივე პარტია, დემოკრატიზაციის დეტერმინანტებად აღიქვამს საბაზრო ეკონომიკურ რეფორმაციას, სამოქალაქო თავისუფლებების უზენაესობას, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველყოფას, ქვეყნის შეუვალ პროდასავლურ ორიენტაციას, სოციალურ მოდერნიზაციას, კულტურულ ტრანსფორმაციას და ა.შ. ამით, ორივე პარტია ახლოს დგას ტიპიური პოსტსაბჭოთა ლიბერალური პარტიების იდენტობასთან, რომლებიც მრავლად არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და ძირითადად ვიწრო ოპოზიციურ ჯგუფებს წარმოადგნენ.

თუკი ახლოდან დავაკვირდებით, გარდა რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემორკატებისა, საქართველოში არ არსებობს სხვა მცირე პარტია, რომელიც ასე მკაფიოდ იქნებოდა კონცენტრირებული კულტურული ლიბერალიზმის და მოდერნიზაციის პარადიგმაზე. ამიტომ, ისიც ლოგიკურია რომ მხოლოდ ეს ორი პარტია გაერთიანდა, რადგან მსოფმხედველობრივად ასე ახლოს ერთმანეთთან მხოლოდ ეს ორი პარტია დგას, მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმის მიმართ ერთგულება სხვა პარტიების ამბიციაც არის. თუმცა, როგორც რესპუბლიკური პარტიის ასევე თავისუფალი დემოკრატების მიერ გამოყენებული არაპოპულისტური პოლიტიკური ენა არ არის წარმოდგენილი სხვა პოლიტიკურ პარტიებში.

მცირე პარტიის ფაქტორი

ორივე პარტიამ იცის, რომ ცალ-ცალკე არჩევნებში მონაწილეობით გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ. ამას ასევე ადასტურებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ის ფაქტი, რომ გაერთიანების გარეშე საქართველოში რთულია ლიბერალური პარტიისათვის საპარლამენტო ბარიერის გადალახვა. ამის ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ მიუხედავად პრო-დემოკრატიული განწყობებისა, ტრადიციული ქართული საზოგადოებისათვის მიუღებელია ორივე პარტიაში თავმოყრილი იდეების წარმოდგენა პარლამენტში. ამიტომ, გასულ საპარლამენტო არჩევნებში, ორივე პარტიამ დაუშვა სტრატეგიული შეცდომა და არ გაერთიანდა ერთ ბლოკად. თუმცა, ორივე პარტიათა აღებული ხმათა რაოდენობა ერთად რომ დავაჯამოთ უკვე ხუთ პროცენტიან ბარიერს ლახავდნენ.

აქედან გამომდინარე, ალბათ საპარლამენტო არჩევნებში დაშვებულ შეცდომას უნდა დავუკავშიროთ ის, რომ ამჯერად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ორივე პარტიამ გადაწყვიტა ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეთა ხმების მობილიზაცია და მათი ინტერესების წარმოდგენა პარლამენტში.

ლიდერთა ნაკლებობა

ალბათ, ძირითადი მიზეზი რატომაც აქამდე არ მოხდა რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანება არის ის, რომ ორივე პარტიას მიაჩნდა, რომ მათ ჰყავდათ გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც მაღალი მორალური ავტორიტეტით სარგებლობდნენ ქართულ საზოგადოებაში. ცხადია აქ საუბარია დავით უსუფაშვილიზე (რესპუბლიკური პარტიის შემთხვევაში) და ირაკლი ალასანიაზე (თავისუფალი დემოკრატების შემთხვევაში). მას შემდეგ რაც ორივე მათგანმა საკუთარი პარტია დატოვა, ამ ფაქტმა შექმნა ერთგვარი კრიზისი როგორც რესპუბლიკურ პარტიაში ასევე თავისუფალ დემოკრატებში, რადგან არც ერთ პარტიას არ ჰყავს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში და შესაბამისად პარტიაც ამ ლიდერის თვისებებსა და ავტორიტეტს  დააფუძნებდა არჩევნებში ცალკე  მონაწილეობის სტრატეგიას. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებას თუ დავაკვრიდებით, რესპუბლიკური პარტიის შემთხვევში, დავით უსუფაშვილზე როგორც ლიდერზე იმედების დამყარება უპერსპექტივო აღმოჩნდა, მაშინ როდესაც თავისუფალი დემოკრატები უფრო ახლოს იდგნენ მიზანთან და ცოტა დააკლდათ საარჩევნო ბარიერის გადალახვამდე, რასაც შესაძლოა განაპირობებდა მათი ლიდერის, ირაკლი ალასანიას ფაქტორი.

იქნება თუ არა ეს ალიანსი წარმატებული?

გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭიროა, ასეთი ალიანსის მომავალი უფრო პერსპექტიულად ჩანს ვიდრე პესიმისტურად. თუმცა, ალბათ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბლოკი ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეების ხმებზე იმუშავებს, გარდა სამოქალაქო თავისუფლებებისა და ლიბერალური-დემოკრატიის დისკურსებზე ორიენტირებისა, მათ მოუწევთ კონცეტრირება ასევე იმ პრობლემებზე თუ საკითხებზე, რომლებიც ყოველდღიურ რეალობად იქცა საქართველოში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუნდაც ლიბერალური სენტიმენტების მატარებელი ამომრჩეველისათვის, საკმარისი არ არის მხოლოდ ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული მორალური თუ ფილოსოფიური შეხედულებების პროპაგანდა. შესაბამისად, ორივე პარტიისათვის საჭირო ხდება მკაფიო შეხედულებების წარმოდგენა ისეთ საკითხებისადმი როგორებიცაა განათლების სისტემა, სიღარიბე, უთანასწორობა და ა.შ.

რამდენად შეძლებს საუკეთესო შეხედულებების წარმოდგენას საარჩევნო ბლოკი ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით რთული სათქმელია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ზოგადად ორივე პარტიაში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა ერთი და იგივე შეხედულებების გამეორება, რომლებიც ორინტირებულია მოდერნიზაციისა და კულტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობაზე.

ცხადია, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ რადგან ორივე პარტია პოსტკომუნისტური ლიბერალური პარტიის სტილს მისდევს, მათ დღის წესრიგიში ლოგიკურად არის წამოწეული კულტურული ცვლილებების აუცილებლობა. თუმცა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოსთან, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან სადაც სიღარიბე და უთანასწორობა უპრცენდენტოთ იზრდება, ლიბერალ დემოკრატიული ორიენტაციის პარტიებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ კულტურული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრონ. გარდაუვალია, რომ ამგვარი ქცევა და მიდგომა, ასეთი პარტიების მხოლოდ მარგინალიზაციას მოახდენს და შესაბამისად იმის რისკი, რომ თავად ლიბერალური შეხედულებების ამორჩეველი ზურგს აქცევს მათ ასევე დიდია. ამრიგად, როგორც რესპუბლიკურ პარტიას ასევე თავისუფალ დემოკრატებს ალბათ მოუწევს საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიისა და მოქმედების სტილი მნიშვნელოვნად დახვეწა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.


მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

13 June 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

13 June 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

13 June 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

13 June 2017

უპარტიო “დემოკრატია”

13 June 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

13 June 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

13 June 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

13 June 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

13 June 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

13 June 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

13 June 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

13 June 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

13 June 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

13 June 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

13 June 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

13 June 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

13 June 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

13 June 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

13 June 2017