13 June 2017
  • 952 ნახვა

ცხოვრება ჯარის შემდეგ

"რა გზებზე ვიარეთ და სწორზე გვიცურავს ფეხი”

ნაწყვეტი მეთაურის წერილიდან ჯარისკაცისადმი

 

 

საქართველოში ნაომრობა 22 ლარით ფასდება. 1000 ლარს მხოლოდ გარდაცვილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი იღებს, ხოლო საკონტრაქტო სამსახურს თუ 20 წელზე ადრე დაანებებ თავს, არც ნამსახურეობის წლები გეთვლება, არც ჯარში მიღებული ცოდნა გამოადგება ვინმეს და არც შეიარაღებული ძალები იზრუნებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქედ შედგე.

შეიარაღებულ ძალებთან სამსახურის შესახებ კონტრაქტის გაფორმება საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შეუძლია. გაივლის ჯერ კარანტინს, შემდეგ სწავლებას და თუ ამას გაუძლო, დადებს ფიცს და გააფორმებს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც სამშობლოს 4 წელი ემსახურება.

საკონტრაქტო სამსახურით სამხედრო მოსამსახურეთა უმეტეს ნაწილს რეგიონების მოსახლეობა წარმოადგენს სადაც  განათლების ხელმისაწვდომობა თუ დასაქმების დონე, სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი საკუთარ თავს ჯარში პოულობს - ზოგს ბრძოლის ჟინი და სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს, ზოგსაც, სკეპტიკური გათვლა - ძალა მაქვს, დანარჩენს იქ მასწავლიან. დიახ, ასწავლიან, ასწავლიან ტოპოგრაფიას, საცეცხლეს, ტაქტიკას, საინჟინროს, კავშირგაბმულობას, დაგეგმარებას და ბევრ სხვა აუცილებელ უნარს. სამხედრო სამსახურში ყოფნისას ეს უნარები აუცილებელია, თუმცა რამდენად გამოსადეგია ისინი სამოქალაქო ცხოვრებაში?

სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნება სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკმაოდ რთულია. განსხვავებულია ცხოვრების წესი, რეჟიმი, რითმი, და რაც მთავარია, სამოქალაქო ცხოვრებაში არც ტოპოგრაფია, არც ტაქტიკა და არც სხვა დანარჩენი სპეციფიკური ცოდნა შესაძლოა სულაც არ გამოგადგეს.  დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო ამისთვის მზად არის - სამხედრო მოსამსახურეებს დათხოვნის შემთხვევაში მათ ასეთი ცხოვრებისთვის ამზადებენ : მათ აქვთ არჩევანი - ისწავლონ, ან დასაქმდნენ თავდაცვის უწყებაში სამოქალაქო თანამდებობებზე და თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზოარონ, ან აიღონ ისეთი კომპენსაცია, რომელიც მათ ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას მისცემს. ომის ვეტერანებზე კიდევ დამატებითი შეღავათები მოქმედებს. სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მხოლოდ მადლიერების გრძნობა არ ამოძრავებს . გათვლა საკმაოდ სკეპტიკურია: ადამიანი, რომელმაც იცის როგორ ისროლოს, საიდან ისროლოს ეფექტურად, როგორ გაიქცეს, გადარჩეს, დაიმალოს არ უნდა ჩააგდო ისეთ მდგომარეობაში, სადაც ამ ცოდნის გამოყენება დასჭირდება. მას უნდა ჰქონდეს საშუალება იცხოვროს ღირსეულად, და ქვეყნის წინაშე ვალდებულების მოხდის შემდეგ ახალი ცხოვრება იმაზე ფიქრის გარეშე დაიწყოს, თუ როგორ შეინახოს საკუთარი თავი თუ ოჯახი.

საქართველოში სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის ხვედრი საკმაოდ მძიმეა: კომპენსაცია ერთჯერადია და თანაც მინიმალური. სამხედრო პენსია მხოლოდ 20 წლიანი ნამსახურეობის შემდეგ, წოდების შესაბამისად ინიშნება. დასაქმების შესაძლებლობა იმ ცოდნით, რასაც ჯარი იძლევა, მინიმალურია, შესაბამისად, ძნელია სწავლის გაგარძელებაც მაშინ, როდესაც შემოსავალი არ გაქვს, ხოლო ის, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდი - პრივილეგია სულაც არ არის. ოფიცრებისგან განსხვავებით, რომელთაც თავდაცვის ეროვნული აკადემია უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომებს აძლევს, რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს - ასეთი შესაძლებლობა წართმეული აქვთ. უმეტესობა  მათგანი ჯარში სწორედ შესაძლებლობებისთვის მიდის, თუმცა რა ელით კონტრაქტის დამთავრების შემდეგ?

კონტრაქტის დამთავრების შემდეგ ქართველ ჯარისკაცს სამსახურის პოვნა “ნაცნობობითაც” უჭირს. მასზე შეიარაღებული ძალები არ ზრუნავს. ვეტერანი 20 წლამდე ნამსახურეობის გარეშე არ ხარ. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩაგეთვალოს. ერთჯერადი კომპენსაცია უკეთეს შემთხვევაში ერთი თვე შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, ხოლო პროფესიულ განათლებაზე თავდაცვის სამინისტრო პირზე, რომელმაც შეიარაღებულ ძალებს ცხოვრების მინიმუმ 4 წელი და შესაძლოა ჯანმრთელობაც შესწირა, არ ზრუნავს. არჩევანი არც თუ ისე დიდია და პირები, ვის გაწვრთნაზეც სახელმწიფომ ფული, დრო და ენერგია დახარჯა საკუთარ ადგილს სამოქალაქო საზოგადოებაში ძნელად პოულობენ. მათ ისიც არ იციან, ირიცხებიან თუ არა რეზერვში, რომლის კონცეფციაზეც უკვე მერამდენე წელია მუშაობენ.  სამაგიეროდ ადვილია ასეთი ადგილის პოვნა ერაყში, სირიაში, ავღანეთში, უკრაინაში,  აფრიკაში - ნებისმიერ კონფლიქტურ ზონაში, სადაც ამ უნარებისთვის საკამოდ დიდ თანხას იხდიან კერძო დამსაქმებლები თუ ტერორისტული დაჯგუფებები.

დიდ ბრიტანეთში სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურის დასრულების შემდეგ სპეციალური პროგრამა გააჩნია. სპეციალური სამსახური თავდაცვის უწყებაში სამხედრო მოსამსახურის დათხოვნამდე 2 წლით ადრე და დათხოვნიდან შემდგომი ორი წლის განმავლობაში დათხოვნილ სამხედროებს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციაში ეხმარება; ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე თავდაცვის უწყებაში არსებობს რამოდენიმე სამსახური, რომელიც არა მხოლოდ კომპნსაციებს, არამედ კარიერულ შესაძლებლობებსაც სთავაზობს გადამდგარ სამხედროებს. კიდევ ბევრი ქვეყნის მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც სახელმწიფო ზრუნავს სამხედრო მოსამსახურეებზე, საქართველოში კი  ნაომრობის ფასი 22 ლარია.

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

 

 

მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

13 June 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

13 June 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

13 June 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

13 June 2017

უპარტიო “დემოკრატია”

13 June 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

13 June 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

13 June 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

13 June 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

13 June 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

13 June 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

13 June 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

13 June 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

13 June 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

13 June 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

13 June 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

13 June 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

13 June 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

13 June 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

13 June 2017