20 June 2017
  • 1117 ნახვა

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

ფოტო: www.fotolia.com

გასული კვირის ბოლოს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას წამოაყენა წინადადება საქართველოში კონსტიტიუციური მონარქიის შემოღების თაობაზე. ასეთი ინიციატივით კათალიკოს-პატრიარქი ადრეც გამოსულა, თუმცა ათი წლის წინ, პატრიარქის ამ ინიციატივაზე სერიოზული მსჯელობა პოლიტიკურ სივრცეში არ გამართულა.

პატრიარქის ხელახალ განცხადებას კონსტიტუციური მონარქიის შემოღების თაობაზე გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური სივრციდან. როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ თემასთან მიმართებით ჰომოგენურია და აღიქმება, როგორც საინტერესო ინიციატივა, რომელიც პოზიტივის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისათვის. ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან გაისმა მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ შესაძლოა ქვეყანა ჯერ არა არის მზად ასეთი სისტემის ფორმირებისთვის, თუმცა გამორციხული ამ მხრივ არაფერია.

რა არის კონსტიტუციური მონარქია?

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური მონარქია ზოგიერთი ევროპული ქვეყნის თანამედროვე მმართველობის ფორმაა, მისი ისტორიული ფესვები ანტიკური ხანიდან მოდის.  თანამედროვე სამყაროში კი კონსტიტუციური მონარქია აღიქმება, როგორც სახელმწიფო, სადაც მონარქი მეფობს მაგრამ არ მმართვას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, მონარქი შეზღუდულია გადაწყვეტილებების მიღებაში და ის წარმოჩინდება როგორც წარსულის სიმბოლო და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ელიზაბეტ მეორე არის კონსტიტუციური მონარქი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სახელმწიფოს მეთაურია მაგრამ მისი ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციური წესით (ბრიტანეთს არა აქვს კოდიფიცირებული კონსტიტუცია). ასევე, ელიზაბეტ მეორე წარმოადგენს ბრიტანეთის ერთიანობის სიმბოლოს და არის ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების დედოფალი, მათ შორის ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის. თუმცა, მიუხედავად შეზღუდული მონარქიისა, ბრიტანეთის დედოფალი ასრულებს ერთგვარი პოლიტიკური მრჩევლის როლს ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტისათვის.

გარდა დიდი ბრიტანეთისა, ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მონარქიაა შვედეთი. შვედეთის სამეფოს სახლის ოფიციალური ვებგვერდი ამბობს, რომ „შვედური მონარქია ეფუძნება ტრადიციას, რომელიც ათას წელზე მეტს ითვლის. ჩვენ არ ვიცით ვინ იყვნენ შვედეთის პირველი მეფები, მაგრამ სავარაუდოდ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ძლიერი და გავლენიანი ოჯახების ლიდერები“. შვედეთის მეფის ფუნქციები განისაზღვრება 1974 წლის საკონსტიტუციო აქტით, რომლის მიხედვითაც „მეფე არის სახელმწიფოს მეთაური“. სხვა ფუნქციებთან ერთად, შვედეთის მეფის უფლებამოსილებაა წარმოადგენდეს შვედეთს საერთაშორისო ასპარეზზე.

თანამედროვე დასავლეთ ევროპულ სამყაროში, გარდა დიდი ბრიტანეთისა და შვედეთისა, კონსტიტუციური მონარქია მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: დანია, ბელგია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და ა.შ. კონსტიტუციური მონარქიის პრაქტიკა თითქმის ერთი და იგივეა ყველა ევროპულ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მონარქი შეზღუდულია გადაწყვეტილებების მიღებაში და მისი როლი ძირითადად ცერმონიული დანიშნულებისაა.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად შეზღუდული ძალაუფლებისა, სამეფო ოჯახების გავლენა თანამედროვე დასავლეთ ევროპულ საზოგადოებებში დიდია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეფო ოჯახებს აქვთ გარკვეული არაფორმალური ძალაუფლება, მდიდარი ფინანსური შესაძლებელობები და სხვა რესურსები, რასაც ალბათ განაპირობებს მათი ისტორიული როლი, როგორც ძლიერი ოჯახების, რომლებიც წარსულში ფლობდნენ  ქვეყნის დოვლათს.

კონსტიტუციური მონარქია და თანამედროვე ქართული კონტექსტი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უძველესი მონარქისტული წარსული აქვს, ჩვენ არასდროს გამოგვიცდია რას ნიშნავს ცხოვრება კონსტიტუციური მონარქიის პირობებში. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ისტორია არის ტრადიციული მონარქისტული მმართველობის ისტორია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება შეზღუდული ანუ კონსტიტუციური მონარქიისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ისტორიულ ნარატივებში და ზოგადად ქართულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მეფის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობას, ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ისეთ პირობებში რა დროსაც მონარქია ანაქრონიზმად აღიქმება და წარმოჩინდება როგორც ერთგვარი მესხიერების პოლიტიკის ნაწილი. უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, თანამედროვე ქართველისთვის, მეფობა მეტწილად იგივდება ჰეროიკულ ისტორიულ ნარატივებთან, წარსულთან რომლის დღევანდელობაში რეინკარნაცია ალბათ რთული წარმოსადგენია.

დასავლურ კულტურაში, კონსტიტუციური მონარქიის ცენტრალური ფუნქციაა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც გარკვეულ ტრადიციებზეა აგებული. საქართველოში, კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შემთხვევაში რთულია თქვა რამდენად შეძლებს მეფე იყოს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი, ამის სირთულეს კი ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს.

პირველი არის ის, რომ მეფეს გაუჭირდება შეასრულოს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტის როლი, რადგან ასეთი ფუნქციის შესრულებას სჭირდება არა მხოლოდ მეფის ინსტიტუტის ფორმალიზაცია, არამედ გარკვეული გამოცდილებისა და ტრადიციების ქონა ქვეყანაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შემთხვევაში, შესაძლებელია მეფემ ვერ შეასრულოს ერთგვარი პოლიტიკური მედიატორის როლი, რადგან ასეთი პრაქტიკა საქართველოში ჯერ არ ყოფილა. შესაბამისად, შესაძლებელია ასეთ ვითარებაში შეიქმნას მეტი კრიზისი და მოხდეს მეფის ინსტიტუტის გროტესკული აღქმა.

მეორე ფაქტორი არის ის, რომ მეფეს შესაძლოა არ ჰქონდეს პოლიტიკურ კრიზისზე გავლენის მექანიზმები. მარტივად რომ ვთქვათ, სამეფო ოჯახი ვერ იქნება ისეთი მაღალი ავტორიტეტის მატარებელი და ვერ ექნება გავლენიანი პოზიციები, რათა მან შეძლოს პოლიტიკურ ძალთა შორის მოლაპარაკებების წარმოება. დასავლეთ ევროპულ კულტურაში, რადგანაც მონარქისტული წესრიგი უწყვეტად განაგრძობს არსებობას, სამეფო ოჯახების გავლენები და ავტორიტეტი განსაზღვრავს პოლიტიკური სტაბილურობის პერსპექტივებს. საქართველოში კი, უკვე დავიწყებული სისტემის ხელახალი დაბრუნება (თუნდაც ტრანსფორმირებული სახით) ვერ შექმნის ისეთ გავლენიან სამეფო ოჯახს, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს პოლიტიკური ცხოვრების ტენდენციებზე.

წარსულის სიმბოლოზაციის მცდელობა და მისი აწმყოში გამოყენება

მსჯელობა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ საქართველოში მნიშვნელოვნად უკავშირდება წარსულის სიმბოლიზაციის, მისი ერთგვარი იდეალიზაციის მცდელობას. თუმცა, ზოგიერი პოლიტიკოსის აზრით წარსულის სიმბოლოების გამოყენებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს აწმყოზეც და კონსტიტუციური მონარქიის დამყარებამ საქართველოში მეტი პერსპექტივა გააჩინოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ცხადია წარსულის გამოცდილების გაზიარება აწმყოსთან მიმართებაში შესაძლოა სასარგებლოც იყოს, მაგრამ როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენი მონარქისტული წარსული არ მოდის თანხვედრაში იმასთან რა მიზანიც აქვს კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართული მონარქისტული ტრადიციები არ ეფუძნება დემოკრატიულ სივრცეში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას (როგორც ეს ევროპაშია), არამედ ის ეფუძნება სუვერენის აბსოლუტური ძალაუფლების იდეალიზაციას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მსჯელობა კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ ლეგიტიმურია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში, რა დროსაც არ ჩანს პოლიტიკურ ლიდერი რომელიც შეძლებს პოლიტიკური კრიზისების მოგვარებას. თუმცა, ერთია თეორიული მსჯელობა და მეორეა პრაქტიკული შესაძლებელობა. მარტივად რომ ვთქვათ, კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შემთხვევაში, შესაძლოა ვერ მივიღოთ ის შედეგი რაც გვსურს და მივიღოთ ერთგვარად შემოტრიალებული შედეგი: მეფე, რომელსაც თავადაც უკვირს რომ მეფეა.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

20 June 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

20 June 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

20 June 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

20 June 2017

უპარტიო “დემოკრატია”

20 June 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

20 June 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

20 June 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

20 June 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

20 June 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

20 June 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

20 June 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

20 June 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

20 June 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

20 June 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

20 June 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

20 June 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

20 June 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

20 June 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

20 June 2017