28 June 2017
  • 605 ნახვა

კოოპერაციული მეურნეობების არამდგრადობა


2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პოლიტიკას. ძირითადი არგუმენტი კოოპერატივების მხარდაჭერისა არის ის, რომ საქართველო არის მცირე მიწიანი ქვეყანა, სადაც მიწები საკმაოდ ფრაგმენტულად და მცირე ზომებით არის გადანაწილებული. მოსახლეობის 90% პროცენტს მფლობელობაში აქვს მხოლოდ 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი, რაც ვერ გახდება დიდი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბების წინაპირობა. ეს არგუმენტი მართლაც დამაჯერებლად გამოიყურება, რადგან მცირე მიწიან გლეხს გაუჭირდება იმუშაოს მასშტაბზე, ამასთან ერთად, მისთვის რთული იქნება გასაღების ბაზრის მოძიება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც გაუჩნდება პრობლემები. მაგალითად, გლეხს, რომელსაც აქვს 1 ჰექტარი მიწა, გაუჭირდება მოიყვანოს იმ ოდენობის პროდუქცია, რომელიც მას სტიმულს მისცემს განაგრძოს მიწის დამუშავება, რადგან პროდუქციის რეალიზაციით მიღებული მოგება არ იქნება საკმარისი.

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი კოოპერატივების წასახალისებლად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაა. მიიჩნევა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მოახდენენ არსებული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას და მოსახლეობას გაუჩნდება უფრო მეტი შემოსავალი. საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი გამოირჩევა არაპროდუქტიულობით. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულთა 49 პროცენტი სოფლის მეურნეობის სფეროშია ჩართული, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში დაახლოებით 8 პროცენტია. ამ მხრივ აღსანიშნავია ისიც, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 პროცენტი იმპორტირებულია, რადგან ქართული მეურნეობები ვერ აკმაყოფილებენ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ეკონომისტთა ნაწილი სოფლის მეურნეობის დაბალ პროდუქტიულობას სწორედ მიწის დანაწევრებას მიაწერენ.

სამეცნიერო ლიტერატურაში კოოპერატიული მეურნეობების უპირატესობად ასახელებენ შემდეგ ფაქტორებს:

  1. კოოპერატივებში გაერთიანებით ადამიანებს საშუალება ეძლევათ იმუშაონ მასშტაბზე. საწარმოო საშუალებების გაერთიანებით ადამიანებს შეუძლიათ გაზარდონ პროდუქციის რაოდენობა და შეამცირონ ფასი;

  2. კოოპერატივებში გაერთიანებით იზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;

  3. კოოპერატივის  წევრებს შეუძლიათ დაგეგმონ ისეთი აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა კოოპერატივში გაერთიანების გარეშე. მაგალითად, კოოპერატივს შეუძლია უკეთესად წარმართოს მარკეტინგული კამპანიები, შრომითი რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების გზით.

  4. გარდა ამისა, კოოპერატიული მეურნეობა არის ბიზნესის წარმოების დემოკრატიული ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს საკუთარი შრომის პროპორციულად გადაინაწილონ თანამშრომლობით მიღებული სარგებელი და ასევე ერთობლივად დემოკრატიული ფორმით მართონ საწარმო.

 

კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები საქართველოში

2013 შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მეშვეობით. სააგენტო საშუალოდ 4 მილიონ ლარს ხარჯავს წლიურად.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წასახალისებლად საქართველოს მთავრობა ახორციელებს სპეციალურ საშეღავათო  პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

-" მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება) და გრანტი;

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს (2017 წლის 1 იანვრამდე);

- ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის; არ იბეგრება 5 ჰა-მდე მიწის ფართი რომლიც 2004 წლის 31 მარტამდეა შეძენილი; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;

- საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის საქმიანობის ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი;

- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასევე სარგებლობენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში მოქმედებს."

 

2016 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 1586 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. კოოპერატივების განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში კოოპერატივებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის დახმარებას, რაც, ძირითად შემთხვევაში, მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანადგარებისა და საჭირო მასალების გადაცემას. მაგალითად, 2016 წელს, სახელმწიფო დაეხმარა 207 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელთაც გადაეცათ 265 აგროკომპლექტი. სააგენტოს აქვს განსხვავებული შეღავათები იმ კოოპერატივებისათვის, რომლებიც მდებარეობენ სასაზღვრო ზოლში, მაღალმთიან რაიონებში და საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს თაფლისა და რძის წარმოება. ბოლო წლებში ამ მიმართულებით დაიხარჯა საკმაოდ დიდი თანხა, რაც ძირითადად გადაეცემოდა რეგისტრირებულ კოოპერატივებს ძირითადად კონკრეტული დანადგარების სახით (მაგ. თაფლის წარმოების შემთხვევაში გაიცემოდა ფუტკრის სკები, თაფლის საწურები და ა.შ.).

შთამბეჭდავია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მიერ გამოყოფილი დახმარებაც. მხოლოდ, ევროკავშირმა, 2013-2016 წლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წასახალისებლად 40 მილიონი ევრო გამოყო. აქედან, 18 მილიონი საბიუჯეტო დახმარების სახით იყო გამოყოფილი, 15 მილიონო გაიცა გრანტების სახით, 3 მილიონი კი -  გაიცა აჭარაში სოფლის მეურნეობის პროექტების წასახალისებლად.

 

კოოპერატივების განვითარების პრობლემები

საქართველოში კოოპერატივებზე ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ამ ეტაპზე, კოოპერატივების დიდ ნაწილს უდგას მდგრადობის პრობლემა. მას შემდეგ რაც შეწყდება საერთაშორისო დონორების მხრიდან გაწეული დახმარება, შესაძლოა ახლად დაარსებულ კოოპერატივებს გაუჭირდეთ საქმიანობის გაგრძელება. უმთავრეს გამოწვევებად სახელდება კრედიტზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, ასევე რეალიზაციის ბაზრების მხრივ არსებული პრობლემები. მართლაც, ბანკების სასესხო პორტფელში სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების ოდენობა 2-3 პროცენტამდე მერყეობს. საპროცენტო განაკვეთები სოფლის მეურნეობის სექტორში საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ ევროკავშირის რეალობას (ევროკავშირის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სექტორში საპროცენტო განაკვეთები 2-3 პროცენტია).

გარდა ამისა, კოოპერატივებისათვის, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში მოღვაწე სხვა კერძო ფირმებისთვის პრობლემას წარმოადგენს ცოდნაზე და ექსპერტიზაზე ხელმისაწვდომობა. არ არსებობს შესაბამისი დარგობრივი ცენტრები, რომლებიც ადგილობრივ ფერმერებს მისცემდნენ ცოდნას მაგალითად ახალი თესლისა და შხამ-ქიმიკატების შესახებ. სოფლის მეურნეობაში არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნების ხელმისაწვდომობა პრობლემად რჩება არამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის.

ადამიანურ კაპიტალში, გადამზადებასა და ზოგადად განათლებაში ჩადებული მცირე სახელმწიფო ინვესტიციები აისახება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მუშაობაზეც. კოოპერატივებში წარმოებული პროდუქციის რეალიაზაცია მოითხოვს სპეციფიკური უნარების ცოდნას, რაც ბუნებრივია რეგიონებში შეზღუდულია. მაგალითად, ასეთ უნარებს მიეკუთვნება მარკეტინგის და ბუღალტერიის ცოდნა, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უკავშირდება ქართულ საზოგადოებაში სოციალური კაპიტალის სიმცირეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს შორის ნდობა მცირეა. კოოპერაციისათვის მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი, პირველ რიგში, ეს არის ნდობა და მეორე კი საერთო სიკეთისა და სარგებელის მიღების პერსპექტივა. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ეს ორი არსებითი საკითხი მწვავედ დგას. ერთის მხრივ, არსებობს საზოგადოებაში ნდობის ნაკლებობა, რაც თავის მხრივ უკავშირდება მასობრივ დე-ინდუსტრიალიზაციას და ინდუსტრიული საზოგადოებიდან ტრადიციულ საზოგადოებად გადაქცევას და მეორე მხრივ, კი ეკონომიკური ტრანზიციის თანმდევ ნეგატიურ შედეგებს. ეკონომიკური სარგებელი, თავის მხრივ საკმაოდ დაბალია, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ფუნდამენტური გამოწვევები კაპიტალზე, კრედიტზე და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც თავის მხრივ იწვევს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ კოოპერატიული მეურნეობების წახალისება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა თუ მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღმოიფხვრება, ამ მხარდაჭერას ექნება მხოლოდ სოციალური მხარდაჭერის ერთჯერადი ეფექტი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, უდგათ იგივე პრობლემები, რაც ზოგადად დგას სოფლის მეურნეობაში. ამიტომაც, მთავრობამ, კოოპერატივების მხარდაჭერის პარალელურად ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთი ფუნდამენტური პრობლემების დაძლევაზე, როგორიც არის პროდუქციის რეალიზაცია და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები: ფოთის მაგალითი

28 June 2017

ვიწრო ინტერესები საზოგადოებრივი სიკეთის წინააღმდეგ

28 June 2017

მცირე და არაეფექტური ბიუროკრატია

28 June 2017

საქართველო-ევროკავშირი: თავისუფალი ვაჭრობის შედეგები

28 June 2017

სახელმწიფო დანახარჯები საქართველოსა და ევროკავშირში

28 June 2017

„აწარმოე საქართველოში“ - გაურკვეველი შედეგები

28 June 2017

სახელმწიფო შესყიდვების როლი განვითარების პოლიტიკაში

28 June 2017

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა - რაც მეტი მით უკეთესი

28 June 2017

ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება

28 June 2017

კონკურენციის სააგენტოს უძლურება

28 June 2017

კვლევა და განვითარება საქართველოში

28 June 2017

ეკონომიკის სამინისტრო უკვე 1,5 წელია ნაქირავებში ცხოვრობს

28 June 2017

სად მიდის საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებელი

28 June 2017