03 July 2017
  • 843 ნახვა

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

აშშ-ს ბოლო სამ პრეზიდენტს ჰქონდა საკუთარი „ბოროტების ღერძი“, სამივე მათ წინააღმდეგ  ბრძოლის საკუთარ მეთოდებს იყენებდა და არცერთი მათგანისთვის ამ ბრძოლას წარმატებაარ მოუტანია. ჯორჯ ბუშ უმცროსის სიაში შედიოდა ირანი, ერაყი და ჩრდილოეთ კორეა, ხოლო მისმა ბრძოლის მეთოდებმა ახლო აღმოსავლეთში ირანის ექსპანსია და ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის განვითარება გამოიწვია. ობამას „ღერძი“ გახდა ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, რუსეთი და ებოლას ვირუსი. დაავადება თავად გაქრა, ისლამისტებმა სირიის და ერაყის ნაწილი დაიკავეს და ბოლო დრომდე წარმატებულად აკონტროლებდნენ, ხოლო რუსეთზე ზეწოლამ ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ აზიაში აშშ-ს პოზიციების დასუსტება, ასევე ამერიკული ინტერესებისთვის საშიში ჩინეთის გაძლიერება გამოიწვია.

დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ს მოსახლეობას არა საგარეო პოლიტიკური, არამედ შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას დაპირდა, საკუთარი „ღერძი“ აქვს. იგი მოიცავს „კუბის დიქტატურას“, „ირანელ ტერორისტებს“ და „ჩრდილოეთ კორეელ შეშლილებს“. თითოეული მათგანი, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის აზრით, შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ემუქრება. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტრამპს წინამორბედების მსგავსად არ შეუძლია „ბოროტების ღერძის“ დამარცხება და საკუთარი ბრძოლით მხოლოდ მესამე ქვეყნების გაძლიერებას ახდენს. თუ ბუში აძლიერებდა ირანს, ხოლო ობამა ჩინეთს, ტრამპი დახმარების ხელს უწვდის იმ ქვეყანას, რომელთან თანამშრომლობაშიც მას ბრალს დებენ - რუსეთს.

 

„არათავისუფლების კუნძული“

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ბევრი საუბრობდა, რომ ამერიკულ-კუბური დაპირისპირება წარსულს ჩაბარდა. კუნძულის ბლოკადა, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ დაიწყო, არა მხოლოდ უშედეგო აღმოჩნდა (განსაკუთრებით ცივი ომის შემდეგ), არამედ სერიოზულ ზიანსაც აყენებდა აშშ-ს იმიჯს. შედეგად წინა ადმინისტრაციამ კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსი აირჩია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. წარმატებები კი მხოლოდ კუბასთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით არ შემოიფარგლებოდა. კუნძულის ბლოკადის უარყოფით ობამამ გააუმჯობესა აშშ-ს იმიჯი ლათინური ამერიკის ქვეყნების თვალში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კონტინენტზე ვაშინგტონის კონტროლის აღდგენის თვალსაზრისით.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა კასტროს ქვეყნის მიმართ ტრამპის პოლიტიკაზე. არსებობდა ობამას კურსის შენარჩუნების მოლოდინიც, რადგანაც საკუთარ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში ტრამპი ამომრჩევლებს დაპირდა, რომ სხვა ქვეყნებში რეჟიმების შეცვლით არ იქნებოდა დაკავებული. თუმცა ამ ადამიანთა იმედები ფიდელ კასტროს სიკვდილთან ერთად გაქარწყლდა, რომელსაც ტრამპი აღფრთოვანებით შეხვდა. ფლორიდაში კუბელ მიგრანტებთან შეხვედრისას კი ტრამპმა ობამას კურსის ნაწილობრივი ცვლილება დააანონსა.   

ცხადია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა კუბასთან ურთიერთობები ბოლომდე არ გაწყვიტა და კუნძულზე საელჩო შეინარჩუნა. თუმცა ამავდროულად, გააფრთხილა ამერიკელი ტურისტები, კუბაზე ჩასვლისგან თავი შეიკავონ. სავარაუდოდ მათ აეკრძალებათ კერძო ტურებით (ანუ ტურისტული სააგენტოების მიღმა) კუნძულზე ჩასვლა, ასევე ნებისმიერი სახის ფინანსური კონტაქტები კუბელ სამხედროებთან აფილირებულ ორგანიზაციებთან (კუბელი სამხედროები კი, როგორც ცნობილია კუნძულზე სასტუმროების ბიზნესის მთავარი მფლობელები არიან). ტრამპმა სანქციების შემდგომი მოხსნა დაუკავშირა კუბაზე ადამიანის უფლებების დაცვას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. „ახლა, როდესაც მე პრეზიდენტი ვარ, ჩვენ ვამხელთ კასტროს რეჟიმის დანაშაულებს“ - განაცხადა მან. ტრამპმა კუბელები ასევე „ვენესუელაში მიმდინარე ქაოსსა“ და „ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიყიდვაში“ დაადანაშაულა.

რას უკავშირდება კუბის ტრამპის „ბოროტების ღერძში“ ჩართვა? ამის მიზეზი კუბის, როგორც საგარეო პოლიტიკური ფაქტორის გაქრობა და შიდა პოლიტიკურ ფაქტორად გადაქცევაა. რესპუბლიკელების ელექტორატი და ისტებლიშმენტი კუნძულის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ, ხოლო ტრამპი საკუთარ თანაპარტიელებს (მათ შორის, გავლენიან რესპუბლიკელ მარკო რუბიოს) ამ მოთხოვნას უსრულებს.

ტრამპი მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ შორსმიმავალი სტრატეგიული მოგებით რისკავს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის ხანგრძლივვადიან ინტერესებს დიდი ღირებულება არ გააჩნია. თუ ობამასთვის კუბა და მასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გასაღები იყო, ტრამპს ეს გასაღები არ ჭირდება, რადგანაც საკუთარ სამხრეთელ მეზობლებთან დაახლოებას იგი არ აპირებს. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი უარს ამბობს ზემოქმედების სოციალურ ინსტრუმენტებზე, მაგალითად ემიგრირებულთა მიგრაციული ამნისტიის გზებზე. უფრო მეტიც, ახალი არალეგალების შემოსვლის აღსაკვეთად მექსიკასთან კედლის აშენებას აპირებს. ტრამპი უარს ამბობს ეკონომიკურ ინსტრუმენტებზეც. ტრანს-წყნარ ოკეანული თავისუფალი ვაჭრობის ზონის დატოვება, NAFTA-ს რეფორმირების მოთხოვნა და ამერიკული საწარმოების ამერიკის ტერიტორიაზე დაბრუნება სწორედ ამაზე მიუთითებს.

ექსპერტები (მათ შორის უფლებადამცველებიც) უკვე საუბრობენ, რომ ძველი ბლოკადის პოლიტიკისადმი დაბრუნება უშედეგო იქნება და ამერიკელებს ადრე თუ გვიან ობამას ჩართულობის პოლიტიკისადმი დაბრუნება მოუწევთ.

ამიტომაც, ჰავანა სავარაუდოდ უარით უპასუხებს ტრამპის წინადადებას კუბელებსა და ამერიკელებს შორის უკეთესი გარიგების დადების შესახებ. კუბის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრუნო როდრიგესის განცხადებით, მის ქვეყანას „საკმარისი მოთმინება“ გააჩნია, რომ ტრამპის რეჟიმის დასრულებას დაელოდოს.

როგორი იქნება გაშვებული შესაძლებლობების ფასი? ცხადია, რომ ლათინური ამერიკული ქვეყნების აშშ-სთან დაახლოების პოლიტიკის ოთხ (ან რვა) წლიანი შეჩერება რეგიონში ჩინეთის გავლენის გაზრდას გამოიწვევს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის პოლიტიკის კიდევ ერთი ბენეფიციარი რუსეთი იქნება. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მოსკოვი, რომელმაც მაისში კუბისთვის ნავთობის მიწოდება განაახლა (კუნძული დღეში 130 000 ბარელს მოიხმარს, ხოლო მხოლოდ 50 ათასს მოიპოვებს), მზადაა კუბაზე რუსული ბაზები დააბრუნოს. ამიტომაც, როგორც სენატორმა პატრიკ ლიჰიმ აღნიშნა, საკუთარი ქმედებებით ტრამპი „არა მხოლოდ ზიანს აყენებს ამერიკულ ბიზნესს და კუბელ ხალხს, არამედ ამერიკის ნაპირებიდან 90 მილში ქმნის ვაკუუმს, რომელსაც ჩვენი მტრები შეავსებენ“.

 

„ირანული საცეცები“

ბოროტების ღერძის მეორე ელემენტი ირანია. ტრამპი აქაც ცდილობს დაასამაროს ობამას ადმინისტრაციის მიღწევა (ბირთვული შეთანხმება) და იგი აქაც მესამე ქვეყნის (რუსეთის) გაძლიერებას უწყობს ხელს.

კუბის შემთხვევის მსგავსად, ამ საგარეო პოლიტიკურ აქციაშიც შიდაპოლიტიკური ლოგიკა იკვეთება. ამერიკული ისტებლიშმენტის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ირანი საგარეო პოლიტიკური მტრის როლისთვის შესაფერისი კანდიდატურაა. სწორედ ირანთან ბრძოლაში ცდილობს ტრამპი აჩვენოს საკუთარი ძალა და თანმიმდევრულობა. სწორედ ირანის წინააღმდეგ კოალიციის შეკვრას ემსახურებოდა ტრამპი პირველი საერთაშორისო ვიზიტები საუდის არაბეთსა და ისრაელში.

თუმცა კუბისგან განსხვავებით, კონფლიქტი ირანთან ბოლო პერიოდის ამერიკის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის მუდმივი შემადგენელი ნაწილი იყო. იგი არ გამქრალა ობამას მმართველობის პერიოდშიც. ყოფილი პრეზიდენტიც მუდმივად ებრძოდა ბუშის პოლიტიკის შედეგად გაძლიერებულ ირანს, ხოლო ბირთვული გარიგებით მან ერთგვარი „წითელი ხაზები“ გაავლო და დაპირისპირებიდან ბირთვული იარაღის ფაქტორი გამორიცხა. გარიგების შემდეგ თეთრი სახლიც და ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეიც აცხადებდნენ, რომ ირანულ-ამერიკულ ურთიერთობებში არავითარ ნორმალიზაციაზე საუბარი არ არის.

ობამას ხშირად ირანის ეფექტურად შესაკავებლად გამბედაობა და თანმიმდევრულობა არ ყოფნიდა. შედეგად დღეს თეირანი ახლო აღმოსავლეთში დომინანტ ძალას წარმოადგენს. „მოდერნისტი“ პრეზიდენტის როჰანის მეთაურობით ირანმა მოახერხა პოზიციების გამყარება ერაყში, იემენსა და სირიაში, სადაც სამხედრო ბაზების განთავსებას აპირებს. სიტუაციას ართულებს ირანის მოწინააღმდეგე არაბულ კოალიციაში არსებული განხეთქილება. აშშ-ს მთავარი მიზანი რეგიონში ძალთა ბალანსის აღდგენა და ირანის შეკავებაა. ამიტომაც თეირანი ტრამპის მიერ „რეგიონულ ბოროტებად“ გამოცხადდა.

ირანის შეკავების მეთოდები განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ამერიკელები არ აპირებენ ირანის არმიასთან პირდაპირ დაპირისპირებას და სურთ მისი რეგიონული მოკავშირეების განადგურება. Foreign Policy წერს, რომ ირანის რეგიონული მოკავშირეები ერაყში, სირიასა და იემენში წარმოადგენენ რეგიონში ამერიკული გავლენის შესუსტების და არაბულ სახელმწიფოებთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტებს. აშშ-სთვის კიდევ ერთ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობა, რომელიც რეგიონში ირანის ექსპანსიისთვის ბარიერად და ირანელი ქურთების ოპერაციისთვის ზურგის ბაზად იქცევა. ერაყის ქურთისტანში ამერიკული ბაზების სავარაუდო განლაგება კი ირანის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თუმცა ეს სტრატეგია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის დიდ რისკებს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბირთვული „წითელი ხაზების“ გადაკვეთის საფრთხე. ტრამპმა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს ობამას ბირთვული გარიგება და არ მისცეს ირანელებს ბირთვული პროგრამის განახლების შესაძლებლობა. მეორე რისკი უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას. ირანისა და რუსეთის ურთიერთობა სირიის კონფლიქტმა გააღრმავა. ამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებშიც მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. აღნიშნული თანამშრომლობა კი ახლო აღმოსავლეთში რუსეთის როლის ზრდას უწყობს ხელს.

 

„სასარგებლო მანიაკი“

ბოროტების ღერძის მესამე ელემენტი კი ტრადიციული მტერი - ჩრდილოეთ კორეაა. ტრამპს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი მიაჩნიათ მანიაკად ბირთვული იარაღით ხელში. კიმ ჩენ ინი ასევე დე-ფაქტო მსოფლიოს ბირთვული იარაღის გავრცელებით ემუქრება (იგი აქტიურად ვაჭრობს ბირთვული ტექნოლოგიებით). ამიტომაც, ერთი შეხედვით, ტრამპის აგრესიული პოზიცია კიმ ჩენ ინის მიმართ აბსოლუტურად გამართლებულია.

მეორე მხრივ, კი აღნიშნული რიტორიკა არარაციონალურია. ჩრდილოეთ კორეის პრობლემას არ გააჩნია სამხედრო გადაწყვეტა. ნებისმიერი თავდასხმა კიმების რეჟიმზე (სარაკეტო-ბირთვული ობიექტებით შემოფარგლულიც კი) გამოიწვევს საპასუხო თავდასხმას სამხრეთ კორეაზე. თავდასხმის შედეგები იქნება უმძიმესი როგორც ამ ქვეყნისთვის, ასევე რეგიონული სტაბილურობისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის. სანქციების გზით პრობლემის მოგვარება ასევე არაეფექტურია. ჩრდილოეთ კორეამ უკვე აჩვენა, რომ შეუძლია ნებისმიერი სახის საერთაშორისო სანქციების გაძლება. ამასთან ქვეყანას ზურგს უმაგრებს ჩინეთის რესპუბლიკა. მიუხედავად მათ შორის არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობისა, ჩინეთისთვის კიმის რეჟიმის დამხობა მრავალმილიონიან დევნილთა ნაკადს და საზღვარზე ამერიკულ ბაზების გაჩენას ნიშნავს. პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა ფხენიანში რეჟიმის ეტაპობრივი ევოლუციაა.

თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ტრამპის ჩრდილოეთ კორეული კამპანიის მთავარი მიზანი ჩინეთის შეკავებაა. ახალარჩეული პრეზიდენტის აგრესიული რიტორიკა და კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მიზნად ისახავს აღმოსავლეთ აზიაში ჩინური ექსპანსიის საწინააღმდეგოდ მოკავშირეების მობილიზებას. ექსპერტთა აზრით, ამერიკული ბაზები კორეასა და იაპონიაში (მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები) მიმართულია არა ამ ქვეყნების კიმის რეჟიმის თავდასხმისგან დასაცავად, არამედ ჩინეთზე ზეწოლის მოსახდენად. მათი აზრით, ტრამპის გააქტიურება აღმოსავლეთ აზიაში მიზნად სწორედ ჩინეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ექსპანსიის შეჩერებას ისახავს.

თუმცა „ამერიკული არწივის“ და „ჩინური დრაკონის“ დაპირისპირების მთავარი ბენეფიციარი კვლავ რუსეთია. რაც უფრო კონფლიქტური გახდება ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები, მით უფრო მოუწევს ორივე მხარეს რუსეთთან დაახლოების გზების ძიება. ჩინეთი რუსეთის „მოქრთამვას“ საინვესტიციო პროექტებით (პროექტ „ერთი გზა, ერთი სარტყელი ჩართვით) და რუსეთისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებში კონსტრუქციული პოზიციის დაჭერით ეცდება. საპირისპიროდ ჩინეთ-რუსეთის კავშირის თავიდან ასაცილებლად აშშ ხელს არ შეუშლის რუსეთ-იაპონიის ურთიერთობების დაახლოებას და შედარებით რბილ პოზიციას დაიკავებს რუსეთის პოლიტიკის მიმართ ევროპაში.

 

დასკვნა

ფლორიდაში გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა საკუთარი თეზისი ახალი საგარეო პოლიტიკური დოქტრინის შესახებ. ტრამპის სიტყვებით, აშშ-მ უნდა მისდიოს „პრინციპული რეალიზმის პოლიტიკას, რომელიც ამერიკულ ღირებულებებში, ინტერესებში და საღ აზრშია გამჯდარი“. ეს იდეა ფაქტიურად აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს, რასაც ტრამპის მხრიდან მასზე ხშირი საუბარი ადასტურებს. იგი პირველად სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა გააჟღერა და მედიაც შესაბამისად „ტილერსონის დოქტრინის“ სახელით მოიხსენიებს. აღნიშნული ფორმულირების ქვეშ აშშ მოითხოვს მოკავშირეების ფინანსური და სამხედრო დანახარჯების ზრდას საერთო თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, მათი პასუხისმგებლობის ზრდას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

აღნიშნული სტრატეგიის ქვეშ ტრამპი კიდევ ერთ მნიშვნელოვან იდეას ავითარებს. კუბის მიმართ წამოყენებული ბრალდებები იარაღით ვაჭრობაში, ირანის ტერორიზმის დაფინანსებაში და ჩრდილოეთ კორეის ბირთული ტექნოლოგიების გაყიდვაში დადანაშაულება ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ - კონფლიქტისა და დაპირისპირების სტრატეგიაში ეწერება. კონფრონტაციისთვის კი ტრამპს ჭირდება მოწინააღმდეგე, რომელიც „პრინციპული რეალიზმის“ საჭიროებას გაამართლებს. ასეთ მოწინააღმდეგეს კი ტრამპის მიერ შექმნილი ახალი „ბოროტების ღერძის“ ქვეყნები - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კუბა თამაშობენ. 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

03 July 2017

თურქული გამბიტი

03 July 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

03 July 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

03 July 2017

ობამა

03 July 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

03 July 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

03 July 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

03 July 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

03 July 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

03 July 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

03 July 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

03 July 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

03 July 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

03 July 2017

'პატივი კატალონიას?!'

03 July 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

03 July 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

03 July 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

03 July 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

03 July 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

03 July 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

03 July 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

03 July 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

03 July 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

03 July 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

03 July 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

03 July 2017

ბრექსიტის ლოგიკა

03 July 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

03 July 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

03 July 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

03 July 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

03 July 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

03 July 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

03 July 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

03 July 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

03 July 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

03 July 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

03 July 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

03 July 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

03 July 2017

უნგრული სუვერენულობა

03 July 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

03 July 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

03 July 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

03 July 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

03 July 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

03 July 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

03 July 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

03 July 2017

დასავლური გახლეჩა

03 July 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

03 July 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

03 July 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

03 July 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

03 July 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

03 July 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

03 July 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

03 July 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

03 July 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

03 July 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

03 July 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

03 July 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

03 July 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

03 July 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

03 July 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

03 July 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

03 July 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

03 July 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

03 July 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

03 July 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

03 July 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

03 July 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

03 July 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

03 July 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

03 July 2017

რეფერენდუმი თურქეთში

03 July 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

03 July 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

03 July 2017