11 July 2017
  • 893 ნახვა

დონალდ ტრამპი პოლონეთში

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩანდა, რომ გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, ტრამპის ჰიპოთეტური გამარჯვებით „კმაყოფილი“ მხოლოდ რუსეთი არ დარჩებოდა. საუდელი პრინცეპის, ისრაელელი მემარჯვენეების და ირანელი კონსერვატორებისთვის პრეზიდენტი ტრამპი უფრო სასურველი ვარიანტი იყო, ვიდრე ჰილარი კლინტონი. ტრამპის გამარჯვებაზე იმედებს ამყარებდნენ ნაციონალ-პოპულისტები აღმოსავლეთ ევროპაშიც. ისინი იმედოვნებდნენ, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი მათ ლიბერალური ბერლინისა და ბრიუსელის გავლენის შემცირებაში დაეხმარებოდა.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბევრი აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერი სიხარულს არ მალავდა  და იმედოვნებდა, რომ უახლოეს მომავალში ვაშინგტონელ თანამოაზრესთან შეხვედრას მოახერხებდა. მაშინ ეს საუბრები ნაივურად ჩანდა, რადგანაც ობამას პერიოდიდან მოყოლებული იგრძნობოდა, რომ აღმოსავლეთ ევროპამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების არიერგარდში უიმედოდ გადაინაცვლა. თუმცა ტრამპს უყვარს ობამას მემკვიდრეობის გადახედვა. თავდაპირველად, მან თეთრ სახლში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გამართა რუმინეთის პრეზიდენტთან, ხოლო შემდეგ საკუთარი მეორე საერთაშორისო ტურნე პოლონეთით დაიწყო. 

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეწვია, წესით არაფერი გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ტრამპმა სიახლეების მოყვარულთ იმედები არც ახლა გაუცრუა: ევროკავშირზე განაწყენებული პოლონეთის სხვა ევროპულ ქვეყნებზე და დიდი ოცეულის სამიტზე წინ დაყენება ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა.

 

ისტორიის „ნათელ“ მხარეს

პოლონეთის ხელისუფლებაში იაროსლავ კაჩინსკის პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მოსვლის შემდეგ ვარშავის საგარეო პოლიტიკა უიმედოდ გამოიყურებოდა. თუ მეზობელი უნგრეთი ახერხებდა ევროკავშირთან კონფლიქტის აღმოსავლეთით კავშირების განვითარებით დაბალანსებას, პოლონეთი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. ვარშავას ბოლო საგარეო პოლიტიკურ „ტრიუმფად“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის არჩევნები იქცა, როდესაც ორგანიზაციის 28 ქვეყნიდან 27-მა პოლონელი დონალდ ტუსკის უფლებამოსილების გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, თავად პოლონეთი იყო.

ამ დამარცხებამ მნიშვნელოვნად შეარყია მმართველი პარტიის რეიტინგები, თუმცა მას მოულოდნელად „ახალი ტრიუმფი“ დაატყდა თავს: აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტი პოლონეთით დაიწყო.

ვარშავას საგარეო პოლიტიკის ხარისხიდან გამომდინარე, ტრამპის არჩევანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურებას ნაკლებად შეგვიძლია დავუკავშიროთ. სავარაუდოდ, საქმეში ჩართული იყო პოლონური დიასპორა აშშ-ში, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა მთავარი როლი სავარაუდოდ თავად ტრამპის პირადმა წარმოდგენებმა ითამაშეს. პოლონეთი  ევროპის ქვეყნებიდან საუკეთესოდ ეწერება მისი წინასაარჩევნო პროგრამის ლოზუნგებსა და მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის მოთხოვნებში.

ვარშავაში ჩასვლისას ტრამპმა გაამხნევა ქვეყანა, რომელიც თავდაცვაზე ნატოს წევრი ქვეყნებისთვის დაწესებულ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს სამაგალითოდ ხარჯავს. პუტინთან შეხვედრამდე ტრამპმა დაადასტურა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც. მან ასევე აჩვენა ბერლინს და პარიზს, რომ ჰყავს მოკავშირე ევროპაში. ტრამპმა პოლონელები ამერიკული იარაღის და ბუნებრივი აირის შეძენაზეც კი დაითანხმა. შესაბამისად, მან შეასრულა ყველა ის ძირითადი პუნქტები, რომელშიც ამერიკული ისტებლიშმენტის მხრიდან კრიტიკასა თუ უკმაყოფილებას აწყდებოდა. ტრამპმა მიიღო პოზიტივის დოზა დიდი ოცეულის სამიტზე უსიამოვნო საუბრების წინ.

პოლონელებმა თავის მხრივ ტრამპს იმედები არ გაუცრუეს და ვარშავაში პრეზიდენტს მრავალათასიანი მხარდამჭერი აქცია დაახვედრეს. ტრამპის სიტყვა იდეალურად იყო შედგენილი. იგი დიდწილად ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ პოლონური აუდიტორია ეკონომიკის, თანამშრომლობის პოტენციური სარგებლის, მომავლის გეგმების იდეებთან ერთად წარსულისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებასაც აფასებს. პოლონელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უცხოელმა ლიდერმა პოლონეთის ისტორიის საკვანძო მომენტების მიმართ „სწორი“ დამოკიდებულება აჩვენოს.

თავის დროზე არავითარ ფასდაკლებას გაზზე ან მრავალმილიარდიან საერთო პროექტებს არ შეეძლო პუტინის რეპუტაციის გაუმჯობესება პოლონეთში, რომელიც კატინის დახვრეტების და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თავშეკავებული შეფასების გამო იყო გაფუჭებული. ტრამპმა მასობრივი პოლონური სიყვარული მხოლოდ LNG ტერმინალებზე საუბრით ან ნატოს მეხუთე პუნქტისადმი ერთგულებით არ დაიმსახურა. გამოსვლისას მან პოლონეთის ათასწლოვან ისტორიაზე, პოლონელების მხრიდან თავისუფლების მარადიულ სიყვარულზე, 1920 წლის ვისლას საოცრებაზე, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სიმუხთლეზე, ვარშავის აჯანყების გმირობაზე და იოანე პავლე მეორეზე ისაუბრა. ტრამპი ასევე პოლონურ რელიგიურობას, შოპენსა და კოპერნიკსაც შეეხო. მის გამოსვლაში იყო პოლონური ისტორიული ნარატივის ყველა ძირითადი ელემენტი, რომლებიც „სწორი“, ნაციონალისტური კუთხით იყო წარმოჩენილი განსხვავებით ბარაკ ობამასგან, რომელმაც უყურადღებობის გამო ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები „პოლონურად“ მოიხსენია.

პოლონეთის ისტორიის სწორი აღწერის გარდა, ტრამპის გამოსვლაში იყო უფრო მნიშვნელოვანი გზავნილები თანამედროვე პოლონური და ევროპული ხელმძღვანელობის მიმართ. ბრიუსელის კრიტიკის საწინააღმდეგოდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვარშავას და მის გადაწყვეტილებას არ მიიღოს დევნილები ისლამური ქვეყნებიდან, დაიცვას ოჯახური ღირებულებები, ეროვნული ტრადიციები და აწარმოოს „ბრძოლა ბიუროკრატიასთან“. ბიუროკატიასთან ბრძოლაზე საუბარისას აშკარად იგულისხმებოდა, რომ პოლონეთის ნაციონალური ხელმძღვანელობა ევროკავშირის ზენაციონალურ სტრუქტურებთან ბრძოლაში თამამად უნდა იდგეს. თავად ევროკავშირი ტრამპმა ხსენების ღირსადაც კი არ ჩათვალა.

ტრამპმა მცირე მინიშნებაც კი არ გააკეთა იმაზე, რომ პოლონეთს აქვს პრობლემა დემოკრატიასთან, პრესის თავისუფლებასთან, ხელისუფლების გადანაწილებასთან, რაც პოლონეთის ლიდერებისთვის ყველაზე სასიამოვნო იყო. აღნიშნული პრობლემები ბოლო პერიოდში ერთადერთი განხილვის თემაა ვარშავასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ამ ვითარებაში კი აშშ-ს პრეზიდენტმა უმაღლესი სასამართლოს შენობის წინ გამოსვლისას საერთოდ არ ახსენა სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დამორჩილება, რომელიც პოლონეთში წელიწადნახევარია მიმდინარეობს.

ტრამპის თვალსაზრისით, აშშ ამიერიდან პოლონეთთან ერთად დაიცავს დასავლურ ცივილიზაციას ისლამისტი რადიკალებისა და პუტინის ბოროტმოქმედებისგან. პოლონეთი არ არის გარიყული, იგი წარმოადგენს ევროპის „სულს“, ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებების დამცველს. ასევე პოლონეთს არ აქვს პრობლემა დემოკრატიასთან, მას უბრალოდ გააჩნია თავისუფლებების და ტრადიციების სწორი გაგება, რომელიც ლიბერალიზმით დაკავებულ დასავლეთ ევროპაში საერთოდ დაივიწყეს.

ერთი ვიზიტით ტრამპმა გადაჭრა როგორც პოლონეთის, ასევე ბოლო წლების აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ფსიქოლოგიური კონფლიქტი. მან ახსნა, რომ შესაძლებელია გიყვარდეს პუტინის მეთოდები და ამავდროულად არ გიყვარდეს პუტინი. ბრიუსელის საუბრები აღმოსავლეთ ევროპის პუტინიზაციის შესახებ ამ შემთხვევაში „არაადეკვატურად“ ჟღერს. სინამდვილეში მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის ტრამპიზაცია. ტრამპის აზრით, აშშ და აღმოსავლეთ ევროპა ისტორიის სწორ მხარეს დგანან და ჭეშმარიტი დასავლურ-ამერიკული ღირებულებების დაცვას აგრძელებენ.  

 

გაზი და იარაღი

მას შემდეგ, რაც ტრამპმა პოლონეთს და აღმოსავლეთ ევროპას მსოფლიოს ახალი სურათი აჩუქა, შეგვიძლია ვიზიტის პრაქტიკულ მხარეზეც ვისაუბროთ. ერთადერთი შედარებით პრაქტიკული დოკუმენტი, რომელსაც მოლაპარაკებების დროს მოეწერა ხელი, გახლავთ შეთანხმება პოლონეთის მიერ ამერიკული ანტისარაკეტო კომპლექსების, „პეტრიოტების“ შეძენის შესახებ. კონტრაქტის საერთო ღირებულება დიდია - დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი. თუმცა მოლაპარაკებები ამ შესყიდვის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს, წინამორბედი პრეზიდენტების - კომოროვსკის და ობამას პერიოდში დაიწყო.

სამი ზღვის სამიტი, რომელშიც ტრამპმა მონაწილეობა მიიღო, ბუნდოვანი ინიციატივაა. ეს მხოლოდ მეორე სამიტია ისტორიაში, რომლის პირველ შეხვედრაზეც, 2016 წელს ბევრი აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერიც კი არ ჩავიდა. აღნიშნულ სამიტზე თვით პოლონელებიც არ ელოდნენ ასეთ მაღალი რანგის სტუმრებს და ამიტომაც სასწრაფო წესით სამიტის ვროცლავიდან დედაქალაქ ვარშავაში გადატანა მოუწიათ.

სავარაუდოდ, ტრამპი საკუთარი ვიზიტის დროს სამი ზღვის სამიტს პოლონეთის და ხორვატიის გამო დაესწრო. სწორედ ეს ქვეყნები არიან ამ ფორმატის ინიციატორები, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოცამდე ქვეყნის ურთიერთობათა სტიმულირება უნდა მოახდინოს. ორივე ქვეყანა აქტიურად ლობირებს აღმოსავლეთ ევროპაში თხევადი გაზის იმპორტს. პოლონეთმა გასულ წელს უკვე აამუშავა LNG ტერმინალი სვინოუსტიეში, ხოლო ხორვატია საკუთარის აგებას უახლოეს წლებში კუნძულ კრკზე აპირებს.

აშშ-დან თხევადი გაზის იმპორტის თემამ ტრამპს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ დაეჭირა მხარი ამერიკული წარმოებისთვის და გაექარწყლებინა ბრალდება რუსული კავშირების შესახებ - ამ ნაბიჯით იგი ცდილობს დაიცვას ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სგან.

ამერიკული თხევადი გაზის ეპიზოდური მიწოდება აღმოსავლეთ ევროპაში სრულიად შესაძლებელია, რაც ამა წლის ივნისში პოლონეთში ტანკერის შესვლამ უკვე აჩვენა. თუმცა მასობრივი იმპორტი შორეულ პერსპექტივად ჩანს. სამი ზღვის ოცი სახელმწიფო (ყველა მათგანი დამოკიდებულია რუსეთიდან იმპორტზე) წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. გასულ წელს ამუშავებულ პოლონურ ტერმინალს წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი შეუძლია მიიღოს. შესაძლოა, 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 7,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს, თუმცა ახალი ტერმინალების მშენებლობა ჯერ არ იგეგმება. პოლონური ტერმინალის აგებას კი 10 წელზე მეტი დრო დაჭირდა. 

ხორვატიაში LNG ტერმინალის პროექტს კუნძულ კრკზე 1990-იანი წლებიდან განიხილავენ. 2008 წლიდან მისი განხილვა უკვე კონკრეტული ინვესტორების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 2018 წლის დასაწყისში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ წარსულში ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღებმა უკვე რამდენჯერმე გადაიწია. გადავადებასთან ერთად შემცირდა ტერმინალის სიმძლავრეც. თავდაპირველად საუბრობდნენ 10 ან 15 მილიარდ კუბურ მეტრზე წელიწადში, რომელიც ეტაპობრივად ჯერ ექვს, ხოლო შემდეგ სამ მილიარდ კუბურ მეტრზე ჩამოვიდა. ამჟამად საუბარი 2,6 მილიარდ კუბურ მეტრზე მიმდინარეობს.   

ეს კი იმ ვითარებაში, როდესაც პოლონეთმა ვერ მოახერხა ყატარელებისგან (რომელთაგანაც თხევად გაზს ყიდულობს) „გაზპრომზე“ დაბალი ფასების მიღება. ამასთან, ხანგრძლივვადიანი შეთანხმება ყატართან 1,4 მილიარდ კუბურ მეტრზე წელიწადში take-or-pay პირობებში დაიდო. ტერმინალი სვინოუსტიეში გახსნის სავალდებულო თარიღს ჩამორჩებოდა და პოლონეთს ყატარელებისთვის არსებული დანაკარგის ანაზღაურება იმ ფასში მოუწიათ, რომელშიც ყატარი ამ ბუნებრივ აირს გაყიდდა. თუმცა არავითარი რეალური მიწოდება ტერმინალისთვის ამ პერიოდში არ მომხდარა. პრინციპში აშშ-ს ამ ეტაპზე დიდი ბაზარი არც სჭირდება - შტატებში გახსნილია მხოლოდ ერთი ტერმინალი, რომლიდანაც გასულ წელს 4,4 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტირება მოახდინეს.

 

დასკვნის მაგიერ

შედეგად ტრამპის პოლონეთში ვიზიტი სასიამოვნო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, თუმცა იქაც იყო ერთი ფაქტი, რომელმაც ხელი შეუშალა ვიზიტის სრულ იდილიად ქცევას. ვიზიტი ძალზედ პარტიული გამოდგა.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ტრამპი ვარშავაში დიდი ოცეულის სამიტამდე ჩავა, ყველამ სწრაფად გაიხსენა 2003 წელს გერმანიის და საფრანგეთის უარი ერაყში ინტერვენციის მხარდაჭერაზე. მაშინ ვაშინგტონმაძველი ევროპის“ ლოიალობა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ არსებობს ახალი ევროპაპოლონეთის მეთაურობით, რომელიც ამერიკის ჭეშმარიტ მოკავშირეს წარმოადგენს.

სიტუაცია მართლადიდწილად მსგავსია, თუმცა 2003 წლის შემდეგ პოლონეთი ძლიერ შეიცვალა. მაშინ ქვეყანაში არსებობდა ზეპარტიული კონსესუსი, რომ აუცილებელია ამერიკასთან ერთად ყოფნა, რადგან გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთთან ურთიერთობის გამო შესაძლოა პოლონეთს უღალატონ. ამერიკის პრეზიდენტი ითვლებოდა უპირობო ავტორიტეტად, ხოლო მისი ვიზიტები პოლონეთში საყოველთაო დღესასწაულად.

სხვა ვითარებაა 2017 წელს, როდესაც ყველა პოლონელს ტრამპის ჩამოსვლა არ გაუხარდა. ვარშავაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი ტიპიური დასავლური ლოზუნგებით: სექსიზმის და რასიზმის წინააღმდეგ და ეკოლოგიის მხარდასაჭერად. მსხვილ მედიასა და ოპოზიციაში ისმოდა სკეპტიკური ხმები, რომ ვაშინგტონთან კავშირი თავისთავად აუცილებელია, თუმცა პოლონეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბრიუსელი და ბერლინია.

ტრამპის ვიზიტის დროს ვარშავაში გაჩნდა ახალი, ჯერ მხოლოდ სუსტი, თუმცა უკვე შესამჩნევი განცდა, რომ არა ამერიკა ხვდება პოლონეთს, არამედ ამერიკის ნაწილი ხვდება პოლონეთის ნაწილს, ხოლო მათი დანარჩენი ნაწილები ამ შეხვედრას დიდად არ მიესალმებიან. რა თქმა უნდა, ნაციონალური იდენტიფიკაცია კვლავ საბაზისოა საერთაშორისო დონეზე, თუმცა იგი თანდათან საკუთარ მონოპოლიას კარგავს. ლიბერალი პოლონელები ლიბერალ გერმანელებს და ლიბერალ ამერიკელებს უფრო თავისიანებად მიიჩნევენ, ვიდრე კონსერვატორ თანამემამულეებს. მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტი ტრამპი კი ფსიქოლოგიურ ეროვნულ საზღვრებს უფრო ეფექტურად ანგრევს, ვიდრე ყველაზე ფანატიკოსი კოსმოპოლიტები.  

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

11 July 2017

თურქული გამბიტი

11 July 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

11 July 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

11 July 2017

ობამა

11 July 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

11 July 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

11 July 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

11 July 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

11 July 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

11 July 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

11 July 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

11 July 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

11 July 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

11 July 2017

'პატივი კატალონიას?!'

11 July 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

11 July 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

11 July 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

11 July 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

11 July 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

11 July 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

11 July 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

11 July 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

11 July 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

11 July 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

11 July 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

11 July 2017

ბრექსიტის ლოგიკა

11 July 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

11 July 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

11 July 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

11 July 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

11 July 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

11 July 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

11 July 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

11 July 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

11 July 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

11 July 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

11 July 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

11 July 2017

უნგრული სუვერენულობა

11 July 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

11 July 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

11 July 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

11 July 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

11 July 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

11 July 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

11 July 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

11 July 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

11 July 2017

დასავლური გახლეჩა

11 July 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

11 July 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

11 July 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

11 July 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

11 July 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

11 July 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

11 July 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

11 July 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

11 July 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

11 July 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

11 July 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

11 July 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

11 July 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

11 July 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

11 July 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

11 July 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

11 July 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

11 July 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

11 July 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

11 July 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

11 July 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

11 July 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

11 July 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

11 July 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

11 July 2017

რეფერენდუმი თურქეთში

11 July 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

11 July 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

11 July 2017