17 July 2017
  • 593 ნახვა

ქალები ჯარში

ქალები ჯარში


ჩვენ არა ვართ ქალები, ჩვენ ვართ ჯარისკაცები „ - ქართული ქვედანაყოფების მიერ ფიზმომზადებისას ნამღერი ეს სამწყობრო სიმღერა აქტუალობას ნელ-ნელა კარგავს. დღეს მწყობრში სულ უფრო მეტ ქალბატონს შეხვდებით. იზრდება მათი რიცხვიც საერთაშორისო მისიებში. თუ აქამდე მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეები შტაბსა და სამედიცინო პუნქტებში საქმიანობდნენ, ახლა უკვე  თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა თუ სერჟანტა მომზადების ცენტრებშიც შეხვდებით.


ქალბატონები შეიარაღებულ ძალებში სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. თავდაპირველად მათთვის ფორმიანი სამსახური  უზრუნველმყოფ ქვედანაყოფებში, ზუგრში  იქნა დაშვებული. მოგვიანებით იგივე უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში ამჯერად უშუალო საბრძოლო მოქმედებების თეატრთან უფრო ახლოს, თუმცა “სუსტი სქესი” თავს სუსტად სულაც არ აღიქვამდა და ზოგიერთ ქვეყანაში მათ საბრძოლო ქვედანაყოფებში სამსახურის უფლებაც მოიპოვეს.


საქართველოში ამ მხრივ განვითარება შედარებით ნელა მიმდინარეობდა. საბრძოლო ქვედანაყოფებში ქალბატონების სამსახურს დღეს უკვე წესდება არეგულირებს. აქამდე კი პრინციპით „კანონი არ კრძალავს, ესე იგი დასაშვებია“ გამონაკლის შემთხვევევბში რამოდენიმე ქვედანაყოფში ქალებიც იგივე ამოცანებს ასრულებდნენ, რასაც მამაკაცი სამხედროები.


ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ქალბატონები ამ დროს აწყდებოდნენ, ცალკე ყაზარმა, საშხაპე და ტუალეტი იყო. სამხედრო ნაწილების ის ინფრასტრუქტურა, რაც ქართულ ჯარს საბჭოთა კავშირიდან შემორჩა, ქალ სამხედრო მოსამსახურეებზე გათვლილი არ ყოფილა. ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მდედრობითი სქესის ერთადერთ კურსანტს დანარჩენებთან ერთად უწევდა ცხოვრება და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა. დღეს უკვე სამხედრო აკადემიაშიც და სამხედრო ნაწილებში ქალბატონებისთვის ეს დისკომფორტი მოხსნილია. დაწესებულია ასევე ცალკე ნორმატივები ქალბატონებისთვის ფიზიკური მომზადებაში, თუმცა რამდენად არის გამართლებული ასეთი განსხვავების არსებობა, ეს დღემდე რჩება დავის საგნად.


დღეს ქალები სამხედრო სამსახურში საქართველოს შეიარაღებული ძალების შვიდ პროცენტს შეადგენენ, თუმცა თავდაცვის სამინისტრო არ განმარტავს, რამდენი პროცენტია საბრძოლო ქვედანაყოფში. განსხვავებულია ფიზიკური მომზადების ნორმატივებიც, თუმცა უცნობია, ეს  ნორმატივები ერთია თუ არა საბრძოლო ქვედანაყოფებში მოსამსახურე ქალებისთვის.


ისეთ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია და სადაც ქალბატონებიც ისევე ექვემდებარებიან საყოველთაო გაწვევას, როგორც მამაკაცები, ქალებს საბრძოლო ქვედანაყოფებში სამსახურის უფლების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით მოახერხეს და მათი  დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი შესაბამის ტესტებს ჩააბარებენ.


ბრძოლის ველზე განსხვავებული ნორმატივები დაუშვებელია. ის ნორმატივები, რაც არსებობს, გარკვეულ გათვლებს ემყარება. ამოცანის შესრულების თუ გადარჩენის სისწრაფე ერთი უნდა იყოს ნებისმიერი სამხედროსათვის სქესის მიუხედავად. ბრძოლის ველზე ასევე წარმოუდგენელია ცალკე სივრცის მოძებნა სქესის ნიშნის მიხედვით, შესაბამისად, ყველა ეს უხერხულობა ბრძოლის ველზე გასვლამდე წვრთნებზევე უნდა მოიხსნას. სამხედრო საქმე ადვილი არ არის, ის უდიდეს ფიზიკურ და მორალურ ძალისხმევას მოითხოვს და საამისო მზაობა ორივე სქესის მსურველს თავშივე უნდა ჰქონდეს გააზრებული.  დაუშვებელია სქესის ნიშნით გამონაკლისების დაშვება. ერთი უნდა იყოს გადაადგილების სისწრაფეც, აღჭურვილობის სიმძიმეც. ამოცანა არ იცვლება იმის გამო, რომ მისი შესრულება ქალებმა მოინდომეს.


დღეს გენდერული თანასწორობა ჯარში საკმაოდ აქტუალური საკითხია. გასულ წლებთან შედარებით იზრდება ქალების რიცხვი შეიარაღებულ ძალებში. გარკვეულ ქვეყნებში საბრძოლო ქვედანაყოფებშიც კი დაუშვეს, თუმცა ნორმატივი შეუძლებელია იქცეს სქესის ნიშნის მიხედვით დასაყოფ საგნად. მათი დაყოფის შემთხვევაში მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეებს იმ შანსს ვუკარგავთ გადარჩენისთვის, რასაც კაცებს ვაძლევთ ნორმატივების სახით და ამ შემთხვევაში, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა, რომელი უფრო მეტი დისკრიმინაციაა, სტნდარტის არ მიცემა თუ იმ სტანდარტის შეთავაზება, რაც მას კაცებთან შედარებით, ამოცანის შესრულების ან გადარჩენის ნაკლებ შანსს უტოვებს.



დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას



მსგავსი

ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოში: ბუნებრივი ხანძრები

17 July 2017

ტოტალური თავდაცვის ძირითადი მახასიათებლები

17 July 2017