03 August 2017
  • 1260 ნახვა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების პარადოქსულობა

ფოტო - ვოლტერ ვომაცკას მოზაიკის დეტალი ბერლინის მასწავლებელთა სახლზე

წყარო - http://www.w-volk.de/museum/hslehr01.jpg



საჯარო პედაგოგიკის მიმართულებით განხორციელებული კულტურული და ეკონომიკური პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოში მასწავლებლის, განათლების, მოქალაქეობისა და საერთოდ, საზოგადოებრივი კონტრაქტის ცნებებს და რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის სიმბოლურ როლს საზოგადოებაში. 

 

საქართველოში, დღევანდელი მდგომარეობით, ყველას, ვისაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება, ან კარიერული წინსვლა სურს, უნდა იხელმძღვანელოს პროფესიული განვითარების იმ თანმიმდევრული გზით, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, იგივე “მასწავლებელთა ცენტრმა” შეიმუშავა და რომელიც სავალდებულო ხასიათს ატარებს ყველა საჯარო სკოლისათვის (კერძო სკოლებს კი, მიეცათ არჩევის შესაძლებლობა, ან თავად განევითარებინათ ეროვნულ სტანდარტთან მიახლოებული სტანდარტები, ან შეერთებოდნენ ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს. კერძო სკოლათა უმრავლესობამ  მეორე შესაძებლობა არჩია და ისინიც უმრავლეს შემთხვევაში მოცემული სახელმწიფო სტანდარტით ხელმძღვანელობენ).

 

საუბარია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე, რომელიც 2015 წლის თებერვალშია მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N68), და 2017 წლის იანვარში - განახლებული. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელ მთავრობის დადგენილებაში, (იგივე სქემა) ვკითხულობთ, რომ “მასწავლებლის მომზადების აკადემიური პროგრამების მიზანია მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კადრების მოზიდვა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით რეგიონებში.”

 

საინტერესოა, თუ რა კონკრეტული იდეათა სისტემით განიმარტა თავის დროზე ისეთი უაღრესად სადავო ტერმინები, როგორებიც არის “თანამედროვე მოთხოვნები,” ან “საუკეთესო კადრები.” რას მოითხოვს თანამედროვეობა მასწავლებლებისაგან და როგორები უნდა იყვნენ ისინი რომ ჩაითვალნონ “საუკეთესოებად". განათლების რეფორმის დაგეგმვისას, ყველაზე წინააღმდეგობრივ და ფართოდ სადისკუსიო პოლიტიკურ საკითხს სწორედ მსგავს ცნებებზე შეჯერება წარმოადგენს. თუმცა, ეს ცალკე მოკვლევის საკითხია და უამრავ სხვა მონაცემებთან ერთად, ისეთი დოკუმენტების სიღრმისეული თვისობრივი ანალიზის შედეგად შეიძლება გავიგოთ, რომლებიც განსაზღვრავენ მასწავლებელთა პროფესიის უკან მოაზრებულ ნორმებსა და იდეებს. ასეთი დოკუმენტებია მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტები და ეროვნული სასწავლო გეგმა, და რომელთა შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას ძირითადად ვისმენთ ხოლმე ისეთ ზოგად განმარტებებს, რომ ისინი მსოფლიოში განათლების გამოწვევების გათვალისწინებით, და საქართველოს ავთენტური გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა.

 

ამჯერად, მხოლოდ მასწავლებელთა ფინანსური ანაზღაურების ასპექტზე შევჩერდებით იმის გასაგებად, თუ რამდენად შეუძლია დღევანდელ ფინანსურ მოცემულობებს უზრუნველყოს ისეთი სისტემის შექმნა, სადაც მასწავლებლებს, პედაგოგიური მოწოდებით განპირობებული მოტივაციის გარდა, ასევე გაუჩნდებათ მოტივაცია ღირსეული ანაზღაურების პირობებში უპასუხონ “თანამედროვეობის მოთხოვნებს,” გახდნენ “საუკეთესო კადრები,” და მოსწავლეებს შესთავაზონ “მაღალი სტანდარტის” სწავლება. მასწავლებელთა ფინანსური ანაზღაურება რომ შორს არის იდეალურისაგან, და რომ იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ განვითარებასთან, პოსტ-საბჭოთა საქართველოში საზოგადო ცოდნას წარმოადგენს. ამის გამო, წლების განმავლობაში მასწავლებლის როლის აღქმა ბევრად დაშორდა იმ დიადი საქმიანობის გაგებას, რასაც მასწავლებლის პროფესია წარმოადგენს.

 

ამისდა მიუხედავად, საინტერესოა გავიგოთ როგორი გამოიყურება კონკრეტული სურათი:

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, 2017 წლის 13 ივლისის მონაცემებით, დღეს, საქართველოში, სულ 66 285 მასწავლებელია. აქ იგულისხმება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მასწავლებლებიც. ამათგან, საჯარო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა რაოდეობა, რომლებიც განათლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან 59 222-ს არ აჭარბებს. ეს იმას გულისხმობს, რომ როდესაც საუბარია მასწავლებელთათვის ღირსეული პირობების შექმნაზე, საუბარია ქვეყანაში მცხოვრებ მხოლოდ 60 000-მდე პირის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფაზე.



საჯარო

კერძო

სულ

პრაქტიკოსი

42572

4320

46458

უფროსი

15455

2449

17481

წამყვანი

147

78

218

უსტატუსო

1048

1089

2128

სულ

59 222

7936

66 285


13/07/2017 მდგომარებით სკოლებში პედაგოგთა რაოდენობა სტატუსების მიხედვით (წყარო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).

 

საგულისხმოა, რომ ჩამონათვალი სტატუსებიდან მენტორის კვალიფიკაციისა და სტატუსის მქონე მასწავლებელი დღეს-დღეობით არ არსებობს, თუმცა განათლების მინისტრს უფლება აქვს წინა იერარქიული საფეხურების გავლის გარეშე, დამსახურების საფუძველზე მიანიჭოს პირს მენტორის კვალიფიკაცია. 

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული სქემის მიხედვით, განისაზღვრება მასწავლებელთა ოთხი ტიპის სტატუსი:

 

1)      პრაქტიკოსი მასწავლებელი

2)      უფროსი მასწავლებელი

3)      წამყვანი მასწავლებელი

4)      მენტორი

 

სტატუსობრივი ჩამონათვალი იერარქიულია განვითარების საფეხურების მიხედვით. თითოეული სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი მასწავლებელი სტატუსის მინიჭებისათვის სქემით განსაზღვრულ გარკვეულ ქულებს დააგროვებს და შესაბამის სახელფასო განაკვეთს მიიღებს. სტატუსობრივი დანამატი კი ასე განისაზღვრება: პრაქტიკოს მასწავლებლისთვის დანამატი არ არის გათვალისწინებული, უფროს მასწავლებელთათვის დანამატი 160 ლარია, წამყვანი მასწავლებლებისათვის - 250 ლარი, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის - 300 ლარი. ზემოთ მოყვანილ ცხრილში, სადაც პედაგოგთა რაოდენობაა მოყვანილი, კარგად ჩანს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები, რეალურად ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ, მენტორის სტატუსს კი ჯერ-ჯერობით არც ერთი მასწავლებელი არ ფლობს, მაშინ, როდესაც რეალობაში არ არსებულ მენტორის სტატუსის მქონეზე ყველაზე მეტი დანამატია გათვალისწინებული, ხოლო რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფზე, პრაქტიკოს მასწავლებლებზე სახელფასო დანამატი საერთოდ არ იგულისხმება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტატუსობრივი დანამატის პრინციპი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გამართულია იგი შინაარსობრივად, მასწავლებელთა არსებული კონტინგენტის უმრავლესობისათვის გამოუსადეგარია, ვინაიდან მათი უმრავლესობა სტატუსობრივ დანამატს ვერ იყენებს.

 

ამის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ერთ-ერთ პრობლემად სახელდება ასევე პედაგოგთა ხანდაზმულობის საკითხი, და ის, რომ მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საპენსიო ასაკს მიტანებული ან გადაცილებულია, რაც მათ არ უადვილებს კონკურენციის სქემებში ჩართვას და სტატუსობრივ წინსვლას. ასევე, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რეგიონებში, და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულების სწავლების მხრივ, ვინაიდან თუ ჰუმანიტარული საგნები განსხვავებული, მაგრამ მომიჯნავე პროფესიების მასწავლებლებისაგან სარგებლობს, რისი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია, საბუნებისმეტყველო საგნები მსგავსი პროფესიული გადაკვალიფიცირების საშუალებას ნაკლებად ტოვებენ.

 

მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით. ეს არის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების საკმაოდ ნიუანსური და კომპლექსური სისტემა, რომელიც ეფუძნება ერთის მხრივ მასწავლებელთა განათლებასა და კვალიფიკაციას და მეორე მხრივ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სპეციფიკას.

 

დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება გულისხმობს ა) თანამდებობრივ სარგოს, და ბ) თანამდებობრივ სარგოზე ბრძანების მიხედვით გათვალისწინებულ დანამატებს. ეს დამანატები შეიძლება იყოს ე.წ. კლასკომპლექტით (სხვადასხვა კლასების გაერთიანება მცირე კონტინგენტიან სკოლებში) სწავლება, არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება, კლასის დამრიგებლობის დანამატი, მოსწავლეთათვის პროფესიული ორიენტაციის კურსის წარმართვის დამანატი, სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი და სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი. ამგვარად, დანამატების მექანიზმი საკმაოდ ინდივიდუალურია თითოეული მასწავლებლის შემთხვევაში.

 

საბაზო თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს 355 ლარს. გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი კი ასე გამოითვლება: ეს არის გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს დამატებული ერთი თვის საბაზისო თანამდებობრივის სარგო, ასევე დამატებული მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი, და ასევე დამატებული მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი. ამასთან, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში წარმოადგენს 337 ლარსა და 25 თეთრს. სრული დატვირთვა კი გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგელობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში.

 

მასწავლებელთა სახელფასო ფონდი, 2017 წლის მდგომარეობით 418.5 მლნ ლარია, რაც განათლების სამინისტროს ბიუჯეტთან (1 116.2 მლნ ლარი) მიმართებაში 37.5%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ 59 222 მასწავლებლის ანაზღაურება განათლების სამინისტროს საკუთარი ბიუჯეტის 37.5% უჯდება.

 

მასწავლებელთა უმრავლესობა, როგორ უკვე ვახსენეთ, წარმოადგენს პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთა საშუალო ხელფასი დანამატების გათვალისწინებითა დასრული დატვირთვის შემთხვევაში 612 ლარია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სრული დატვირთვით, პრაქტიკოს მასწავლებელთა მხოლოდ 35 % მუშაობს, გამოდის, რომ მასწავლებელთა უდიდეს ნაწილს, საშუალოდ, 612 ლარზე ნაკლები ხელფასი ერიცხებათ. ეს მოცემულობა საქართველოში განათლების სფეროში არსებულ საშუალო ხელფასს - 563 ლარს უახლოვდება, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთოდ ქვეყანაში საერთო საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, რომელიც 949.4 ლარს შეადგენს.

 

უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგების საშუალო ხელფასი დანამატების გათვალისწინებით სრული დატვირთვის შემთხვევაში 970 ლარია. თუმცა, ვინაიდან სრული დატვირთვით უფროსი სტატუსის მქონე პედაგოგთა მხოლოდ 51% მუშაობს, ამ სტატუსის მატარებელთა მხოლოდ ნახევარს აქვს 970, ხოლო მეორე ნახევარს - ამაზე ნაკლები. რაც შეეხება წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგების რაოდენობას, მათი რიცხვი ისედაც ძალიან მცირედი - 202-ია, ხოლო საშალო ხელფასი 1020 ლარი. თუმცა, სრული დატვირთვით აქაც მხოლოდ 47% მუშაობს.

 

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების საგანი მრავალ ქვეყანაში  კოლექტიური გარიგებისა და მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს. სწორედ მასწავლებელთა რეპრეზენტაციისა და კოლექტიური გარიგების შედეგად ხდება ხოლმე ეკონომიკური ეფექტების მიღწევა და იმგვარ საკითხებზე შეთანხმება, როგორიც არის მასწავლებელთა საგადასახადო განაკვეთები, სახელფასო სქემები და ა.შ. ხელფასების ზრდის დემოკრატიული მექანიზმი სწორედ ამგვარ საშუალებას გვთავაზობს.

 

თუმცა, მსგავსი დემოკრატიული  მექანიზმების არსებობის მიღმაც, შეგვიძლია ვახსენოთ ჩვენი მეზობელი თურქეთის მაგალითი, სადაც 2015 წლის მონაცემებით, მასწავლებელთა ყოველწლიური ხელფასი საშუალოდ 28 110 აშშ დოლარს წარმოადგენს, რაც 2016 წლის მონაცემებით, თურქეთში არსებულ საშუალო წლიურ შემოსავალს - რომელიც 11 180 აშშ დოლარს შეადგენს - ორჯერ და მეტად აღემატება. ანუ თურქეთში, მასწავლებლობა, ფინანსურად საკმაოდ გამორჩეულ პრივილეგიებს ანიჭებს ამ სფეროში დასაქმებულ პირებს. თუმცა, მასწავლებელთა ხელფასის ამ მაჩვენებლით თურქეთი მაინც მნიშნელოვნად ჩამოუვარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 34 ქვეყანას, სადაც მასწავლებელთა წლიური ხელფასი საშუალოდ 44 600 აშშ დოლარს შეადგენს, მაგრამ მეტია ესტონეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ჩეხეთსა თუ უნგრეთში არსებულ მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურებებზე. 


ზემოთ მოყვანილი სიტუაცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სწავლების ხარისხი მინდობილია მხოლოდ მასწავლებელთა თავდადებას, კეთილ ნებასა და ინდივიდუალურ ძალისხმევას. ასე გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა, მასწავლებლებისაგან ითხოვს ჰეროიკულ მოწოდებას, რომ ისინი არსებული ფინანსური მოტივაციების პირობებში ჩაერთვებიან ზედმიწევნით კონკურეტულ სქემებში, და გაზრდიან სწავლების ხარისხს. ეს დამოკიდებულება პრაქტიკულად ილუზორულია და არ წარმოადგენს ზოგადი განათლების დახვეწისა და გაუმჯობესების სერიოზულ, სისტემურსა და გრძელვადიან ხედვას, ვინაიდან იგი მასწავლებლებს აიძულებს ინდივიდუალური პასუხი მოუძებნონ არსებულ გამოწვევებს. ეს კი დაახლოებით იმგვარი ლოგიკაა, რომ ცეცხლმოკიდებულ შენობის ხელსახოცებით ჩაქრობისაკენ მოვუწოდოთ გარკვეულ პიროვნებებს. მასწავლებელთა პროფესიის მნიშვნელობის ამგვარი აღქმა გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებას სასიკეთოს არაფერს უქადის. 


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.


მსგავსი

სასკოლო განათლება საერთაშორისო ინდექსებში: საქართველო - წარუმატებელ მოსწავლეთა ქვეყანა

03 August 2017

იპოთეკით დაზარალებულების საკითხი

03 August 2017

საბავშვო ბაღების პრობლემები და სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკა

03 August 2017

საპენსიო რეფორმა საქართველოში

03 August 2017

მიწის საკითხით გამოწვეული უკმაყოფილება და მისი მიზეზები

03 August 2017

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა

03 August 2017