19 July 2017
  • 997 ნახვა

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

შესავალი

ბოლო წლებში აფხაზეთში არსებულ დაპირისპირებას პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ერთი შეხედვით შიდაპოლიტიკური წინაპირობა გააჩნია და ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდება, თუმცა მნიშვნელოვანწილად იგი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. უმთავრეს გამოწვევად რჩება სიღარიბე. 2015 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37%-ს ფული მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ყოფნის (ან არ ყოფნის). უმუშევრობის მაჩვენებელი 70%-ია.

დღეს, აფხაზეთის ეკონომიკაში რუსეთი ფუნდამენტურ როლს თამაშობს. იგი პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებითაც არის დაკავებული. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ეკონომიკა სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. იგი აფინანსებს აფხაზეთის ბიუჯეტის 70%-ს. ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების გარდა, ამას ადასტურებს სავაჭრო ურთიერთობებიც, რომელშიც რუსეთთან ვაჭრობა მეორე ადგილზე მყოფი თურქეთის მაჩვენებლებს ხუთჯერ აღემატება. მიუხედავად ამისა, გარკვეული დაძაბულობა რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში შეინიშნება. მედიაში ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ.


ეკონომიკის სტრუქტურა

აფხაზეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, არაღიარებული ქვეყნის მშპ 28 მილიარდ რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 710 მილიონი აშშ დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ 2015 და 2016 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი 3,7%-ით გაიზარდა, მისი რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე დაბალია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1900 აშშ დოლარს შეადგენს.

2015 წლის შეჯამებისას აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საკუთარმა შემოსავლებმა 1 მილიარდ 791 მილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო რუსული ფინანსური დახმარებით გათვალისწინებული იყო 8 მილიარდ 325 მილიონი რუბლის გადმორიცხვა. ამ თანხებიდან რეგულარულად ერიცხებათ ხელფასები სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რისი მოცულობაც წლიურად 2 მილიარდ 772 მილიონ რუბლს შეადგენს. საბოლოო ჯამში აფხაზეთს 2015 წლის ბიუჯეტის თითქმის ორჯერ შემცირება მოუწია: საშემოსავლო ნაწილი 10 მილიარდ 115 მილიონი რუბლიდან 5 მილიარდ 189 მილიონ რუბლამდე ჩამოვიდა. შეიძლება დავასკვნათ, რომ დაპირებული რუსული ფული აფხაზეთში ჯერ არ ჩასულა. შესაძლოა, ეს რუსული ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობით აიხსნას. ამასთან აუცილებელია აღინიშნოს, რომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 50-55% ჩრდილოვან ეკონომიკაზე მოდის, რაც თავად ბიუჯეტის შემოსავლებს ოთხჯერ აღემატება.

2009 წელს აფხაზეთის მთლიან შიდა პროდუქტში დარგობრივად მოწინავე სამი პოზიცია ვაჭრობას, მშენებლობას და სოფლის მეურნეობას ეკავა. ბოლო წლებში ვითარება შეიცვალა და სოფლის მეურნეობის სექტორი მმართველობითმა სექტორმა ჩაანაცვლა, რომელიც არაფერს აწარმოებს. თავად სოფლის მეურნეობამ კი მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ გადასახადები ბიუჯეტში ძირითადად კურორტებს და ტურიზმს შეაქვს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ პირველ სამეულში საერთოდ არ შედის.

ამასთან ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში, რომელიც ექსპერტების მიერ ხელოვნურად გაბერილად და არაეფექტურადაა მიჩნეული, ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების 73%-ია დასაქმებული. ამასთან ის აფხაზეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ზე ნაკლებს ქმნის. სახელმწიფო ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 17%-ს შეადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთში 5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძირითადად სახელმწიფო და სამშენებლო სექტორში.

აფხაზეთს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო გააჩნია: ექსპორტის წილი შეადგენს 17%-ს, ხოლო იმპორტის 83%-ს. დე-ფაქტო ხელისუფლება ამ მაჩვენებლების ნიველირებას ტურიზმის სფეროს განვითარებით ცდილობს. საგარეო ვაჭრობის კუთხით აფხაზეთს ოცამდე საგარეო პარტნიორთან აქვს ურთიერთობა, რომელთაგან უდიდესი რუსეთი (52%) და თურქეთია (22%). ძირითად საექსპორტო საქონელს შეადგენს სოფლის მურნეობის პროდუქცია (90%-მდე) - ციტრუსები, ხილი, ჩაი. საწარმოო სექტორიდან აფხაზეთი ახდენს ქვანახშირის (ძირითადად თურქეთში) და ღვინის (ძირითადად რუსეთში) ექსპორტსაც. აფხაზეთის შემოსავლებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს საკუთარი საზღვაო შელფის არენდას თევზჭერისთვის.

აფხაზური ეკონომიკის პრობლემები

აფხაზეთის ეკონომიკური განვითარება კვლავ დაბალ დონეზეა. მის ეკონომიკაში კვლავ არსებობს მთელი რიგი დისბალანსების, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

-         უპირველეს ყოვლისა ეს არის წინააღმდეგობა ეკონომიკის რეალურ სექტორს და ინვესტიციების დაბალ მაჩვენებლებს შორის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს კაპიტალის მრეწველობაში დაბანდებას. შედეგად საწარმოების დიდი რაოდენობა გაჩერებულია;

 

-         დისბალანსი მოხმარებასა და წარმოების მაჩვენებლებს შორის;

 

-         წინააღმდეგობა მოსახლეობის დიდი ნაწილის რეალურ შემოსავლებსა და სახელმწიფოს სოციალური დაცვის მექანიზმებს შორის;

 

-         დისბალანსი საგარეო ვაჭრობაში, რომელიც გამოიხატება იმპორტის მაჩვენებლის ზრდაზე ექსპორტთან შედარებით;

 

-         ეკონომიკის რეალური სექტორის ხელმიუწვდომლობა კრედიტებზე მაღალი საბანკო პროცენტის გამო;

 

-         დაბალი ხელფასი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, რაც ამ ადამიანების მხრიდან დე-ფაქტო რესპუბლიკის დატოვებას იწვევს.


ხაჯიმბას რეფორმები

2009 წლიდან 2014 წლამდე რუსეთის ბიუჯეტიდან აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფარგლებში 15 მილიარდ რუბლზე (211 მილიონი ამერიკული დოლარი) მეტი გადაირიცხა, რომელიც საავადმყოფოების, სკოლების და სტადიონების აშენებას მოხმარდა. შედეგად აფხაზეთის ეკონომიკა რუსულზე დამოკიდებული გახდა, ხოლო ბიუროკრატიას ამ მოცემულობის შეცვლა არ შეეძლო.

თუმცა რუსეთში ეკონომიკური სირთულეების დაწყებამ, რომელიც 2014 წელს დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს უკავშირდება, აფხაზეთი აიძულა გამოსავალი ეძებოს.

საგადასახადო რეფორმა - პირველი ნაბიჯია საგადასახადო სისტემის ცვლილება. არაღიარებული ქვეყნის საგადასახადო სისტემა რბილია. საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 31%-ს. არსებობს სპეცგადასახადიც - ინდივიდუალური მეწარმე თვეში 800 რუბლს იხდის (დაახლოებით 12 ევრო). ასევე მცირე სპეციალურ გადასახადს იხდის მინისასტუმროს მფლობელიც. რეფორმის თანახმად, იმპორტულ საქონელზე საბაჟო მოსაკრებლის გარდა, მეწარმეებს დამატებითი გადასახადიც დაეკისრათ. დღგ-ს განაკვეთი 10%-ით განისაზღვრა. ხელისუფლების ვარაუდით, ამ ნაბიჯმა აფხაზური საქონელი იმპორტისგან უნდა დაიცვას და ადგილობრივი წარმოება წაახალისოს. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის აზრით, ამ ზომების გატარებით, აფხაზეთის ბიუჯეტში დამატებით ერთი მილიარდი რუბლი შევა. ახალი გადასახადების შემოღების პარალელურად იგეგმება არაეფექტური გადასახადების გაუქმებაც (მაგალითად, საკურორტო გადასახადი).

იმ პირობებში, როდესაც იმპორტის მოცულობა ექსპორტს ექვსჯერ აჭარბებს, ადგილობრივი წარმოების წახალისება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა აფხაზეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცვლილება უმთავრესი მიზანი კვების პროდუქტების მწარმოებლების (სოხუმის რძის ქარხანა) საქმიანობას გააუმჯობესებაა. აღნიშნული ქარხანა 2014 წელს რუსეთის ფინანსური დახმარებით შეიქმნა, თუმცა რამდენიმე თვეში საქმიანობა შეწყვიტა, რადგანაც იმპორტული საქონლის კონკურენციას ვერ გაუძლო.

კიდევ ერთი ბენეფიციარი იმპორტზე დაწესებული გადასახადის სამშენებლო მასალების მწარმოებლები იქნებიან. ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი რუსულ და თურქულ საქონელს უჭირავს, რომელსაც აფხაზური საქონელი კონკურენციას ვერ უწევს. არაღიარებული ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში ამ მოცემულობის ცვლილების იმედი აქვთ.

ახალი გადასახადების დაწესებას სავაჭრო ფირმების მფლობელთა საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სოხუმში პარლამენტის შენობასთან გაიმართა. თუმცა დემონსტრანტებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ დასაბეგრი საქონლის სია უმნიშვნელოდ შეამცირეს.

ახალი ბიუჯეტი – 2016 წლისთვის აფხაზეთმა ამბიციური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. წინა წლებთან შედარებით ბიუჯეტი ორჯერ უნდა გაიზარდოს დამოუკიდებლად შემოსული სახსრებით, რუსული დახმარების გარეშე. აღნიშნული შედეგების მიღწევას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებით და ხარისხიანი ადმინისტრირებით აპირებს. მთავარი ნაბიჯი ამ მიმართულებით ზემოთაღწერილი საგადასახადო ცვლილებებია. კიდევ ერთი პროექტი კი სახელმწიფო შეკვეთებზე ღია კონკურსის წესის შემოღებას ეხება.

საბიუჯეტო სახსრების კონტროლი და ბიუროკრატიის შემცირება – 2016 წლის თებერვალში აფხაზეთში შეიქმნა სახელმწიფო ხაზინა, რომლის ძირითადი ფუნქცია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლია. აფხაზეთის მთავრობის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრები დიდწილად არა დამტკიცებული გეგმის, არამედ ჩინოვნიკების შეხედულებების მიხედვით იხარჯება. ამიტომაც, ხაზინის ამოცანა აღნიშნულ პროცესზე მკაცრი კონტროლის დაწესება და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნება. სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით 2015 წელს აფხაზეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან თანამშრომლების 15% დაითხოვეს. ხაჯიმბას ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

ეკონომიკის „ორი დაავადება“

აფხაზეთში ეკონომიკური სირთულეების შესახებ ხშირად იწერება აფხაზურ თუ რუსულ პრესაში. თუმცა ამ პუბლიკაციებში ძირითადად „ომის მოუშუშებელ ჭრილობებზე“ საუბრობენ. სტატიებში მიუთითებენ დე-ფაქტო რესპუბლიკის მეურნეობაზე საქართველოსთან ომის გავლენაზე, რომელიც სტატიების ავტორთა აზრით, 2008 წლის „აგვისტოს ომით“ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში შედარებით დასტაბილურდა, ეკონომიკური სიტუაცია არ გაუმჯობესებულა.

თავისთავად, კონფლიქტის შედეგები გავლენას ახდენს აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა იგი მაინც მეორეხარისხოვანია ორ სხვა პრობლემასთან შედარებით, რომელსაც არაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკა აწყდება.

თუ ჩვენ წარსულში, შორეულ 80-იან წლებში დავბრუნდებით, სწრაფად შევძლებთ გავარკვიოთ, თუ რა ეკონომიკური პრობლემები უდგას აფხაზეთს. ამ პერიოდში მისი ეკონომიკა შემოსავლის ორი ძირითადი წყაროთი არსებობდა: ციტრუსების გაყიდვა და ტურიზმი. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ეკონომიკის ეს ორი ძირითადი სექტორი რეგიონის მოსახლეობის კარგ ცხოვრებას უზრუნველყოფდა.

მაგალითად ავიღოთ ოჯახი, რომელსაც ჰქონდა მიწის ნაკვეთი მასზე გაშენებული ციტრუსების, მაგალითად მანდარინის მცირე პლანტაციით. თუ სეზონზე მისგან შესაძლებელი იყო 10 ტონა ნაყოფის მოყვანა და მისი საბაზრო ფასად (2-3 რუბლი კილოგრამზე) გაყიდვა, მაშინ ოჯახის შემოსავალი 20-30 ათას რუბლს შეადგენდა. მსგავსი მაჩვენებელი 80-იან წლებში, როდესაც 200-250 რუბლი (2400-3000 რუბლი წელიწადში) ღირსეულ შემოსავლად ითვლებოდა, დიდ ბენეფიტს წარმოადგენდა.

დღევანდელი დღის გადმოსახედიდან სიტუაცია რადიკალურად შეცლილია. იგივე ოჯახი დღეს ერთ კილოგრამ მანდარინს 40-60 რუბლად ყიდის და 10 ტონა მოსავლისთვის 400-600 ათასი რუბლის გამომუშავება შეუძლია. მიუხედავად ამ შემოსავლებისა, ფასების კორექციიდან გამომდინარე იგი 80-იანი წლების მაღალ შემოსავლებს ვერ უტოლდება.  

ამასთან აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ დათვლებში ე.წ. ტრანზაქციული ხარჯები - ტრანსპორტირება, რეალიზაცია და ა.შ არ შედის. ამიტომაც ფაქტიური შემოსავალი ზემოთ დათვლილზე ნაკლებია.

აგრარული სექტორის შემოსავლების მკვეთრი ვარდნა ის ძირითადი ფაქტორია, რომელმაც ომის შემდგომ პერიოდში აფხაზეთის ეკონომიკის შემცირება გამოიწვია. აფხაზურ მანდარინს, ლიმონს და ნიგოზს რუსულ ბაზარზე მსოფლიოს სხვა ტერიტორიებიდან შემოტანილ პროდუქტებთან კონკურენციის გაწევა უწევს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ვარდნის მიზეზია. პროდუქტი არ არის დეფიციტური, როგორც საბჭოთა პერიოდში, როდესაც შეზღუდვების წყალობით (ე.წ. სახელმწიფო მონოპოლია საგარეო ვაჭრობაზე) შესაძლებელი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ხელოვნური ფასების შენარჩუნება. დღეს, პროდუქციის სიმრავლე და ფასების სიმცირე აფხაზეთის „ეკონომიკურ დაავადებას“ წარმოადგენს.

მეორე დაავადებას კი წარმოადგენს ტურიზმი, უფრო სწორად კი მისი ძლიერი შემცირება. საქმე მხოლოდ აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაში არ არის. აფხაზეთისთვის ტურისტების ძირითად ბაზას წარმოადგენს რუსეთი, რომლის მოქალაქეებიც ხშირად დასასვენებლად სხვა ქვეყნებს ირჩევენ. საბჭოთა კავშირის დროს მის მოქალაქეებს დასასვენებლად საზღვარგარეთ გასვლა უჭირდათ, შესაბამისად ადრე არსებობდა ჭარბი მოთხოვნილება შიდა კურორტებზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ეფექტურად ითვისებდა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მსგავსი მოთხოვნილებაც არ არსებობს. ხოლო დღეს აფხაზეთის კურორტებს თურქული თუ ევროპული კურორტებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს.

ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნილება ისტორიის კუთვნილება გახდა, რაც აფხაზეთის ეკონომიკისთვის პრობლემად იქცა (პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ანალოგიური რეგიონების მსგავსად). ეს პრობლემა ხელისუფლებების ცვლილების შედეგად ვერ გადაიჭრება. შეზღუდული საერთაშორისო აღიარების პირობებში კი ახალი ეკონომიკური ნიშების ფორმირება რთული და თითქმის შეუსრულებელი ამოცანაა.


ფოტო გარეკანზე: Flickr.com


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

19 July 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

19 July 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

19 July 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

19 July 2017

უპარტიო “დემოკრატია”

19 July 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

19 July 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

19 July 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

19 July 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

19 July 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

19 July 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

19 July 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

19 July 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

19 July 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

19 July 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

19 July 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

19 July 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

19 July 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

19 July 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

19 July 2017