26 July 2017
  • 1521 ნახვა

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში


ფოტო გარეკანზე: გერარდ ტერბორხის ნახატი "მიუნსტერის ზავის რატიფიკაცია" (1648).


23 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა “ჩვენი ერისთვის ჩვენს ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ჩვენს რწმენას ჩვენი ერისთვის არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია და ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის”. პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება სხვადასხვანაირად იქნა აღქმული სხვადასხვა ჯგუფების მიერ. კერძოდ, თუკი საზოგადოების ერთი მხარე, განსაკუთრებით კი ტრადიციონალისტები კმაყოფილნი დარჩნენ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეორე მხარეს, საზოგადოების ლიბერალური ნაწილის მიერ პრემიერის განცხადება აღქმულ იქნა როგორც ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური რიტორიკა.

 

რა არის სეკულარიზმი?

 

ზოგადად, სეკურალიზმის უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაყოფილია. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი მაგალითად შუა საუკუნეებში თეოცენტრული სამყაროს პირობებში ეკლესია და სახელმწიფო ერთ სხეულს წარმოადგენდა, რომელთა ერთობლივი იდეების აბსოლუტური ინტერნალიზაცია ხდებოდა საზოგადოების ყველა ფენაში, განმანათლებლობამ და მეცნიერების აღზევებამ დასავლეთში ამგვარი კულტურა ეჭვის ქვეშ დააყენა და ამით საფუძველი დაუდო სეკულარიზმს. ამრიგად, სეკულარიზმის წარმოშვება ძირითადად (მაგრამ არა მთლიანად) უკავშირდება ანთროპოცენტრული სამყაროს გაჩენას, რა დროსაც რელიგიის უზენაესობა ჩანაცვლდა ადამიანის, ინდივიდის პრიმატით.

 

თუმცა ტერმინი სეკულარიზმი ხშირად არასწორად, ან ზედაპირული კონტექსტუალიზაციით გამოიყენება. სოციოლოგი ქრეგ კალჰუნი განმარტავს, რომ „სეკულარიზმი ხშირად აღიქმება როგორც ერთგვარი არ არსებობა. ეს არის ის, რაც რჩება რელიგიის გაქრობის შემდეგ. ეს არის რელიგიის გამოცალკავება საჯარო სფეროდან, მაგრამ ამასთანავე ის რაღაც ნეიტრალური რამ არის. ეს ცხადია უკვე დამაბნეველია. საჭიროა რეალურად დავინახოთ სეკულარიზმი, როგორც მოვლენა რათა ჩამოვყალიბდეთ და გავიგოთ თუ რასთან გვაქვს საქმე.“[1]  კალჰუნის აზრით, სეკულარიზმი არის ერთგვარი იდეოლოგია, გარკვეული კონსტიტუციური მიდგომა რელიგიისადმი, რომელიც მოითხოვს გულისყურით შესწავლას და ჩვენ მისი არსი არ უნდა გავიგოთ, როგორც უბრალოდ რელიგიის უზენაესობის უარყოფა. ასევე, ტერმინ სეკულარიზმთან ერთად ჩვენ გვესმის ტერმინი სეკულარიზაცია, რომელიც სეკულარული იდეოლოგიის პრაქტიკულ რეალიზაციას გულისმხობს.  მაგალითად, ფილოსოფოსი ჩარლზ ტეილორი წერს, რომ სეკულარიზაციის აშკარა პროცესი იწყება რეფორმაციის პერიოდიდან „კერძოდ, ეს ეხება გარკვეული ფუნქციების, საკუთრებისა და ინსტიტუციების საეკლესიო კონტროლიდან საერო კონტროლის ქვეშ გადასვლას.“[2] ამრიგად, მარტივად რომ ვთქვათ, სეკულარიზმი როგორც მოდერნული პოლიტიკური და სოციო-კულტურული პროექტი გულისხმობს საზოგადოებისა და ინდივიდის რაციონალიზაციას, რა დროსაც რელიგიისა და ეკლესიის ძალაუფლებას ანაცვლებს სამოქალაქო რელიგია, ანუ სუვერენის (სახელმწიფოს) ძალაუფლება, რომელიც ქმნის განსხვავებულ სიმბოლოებს და ღირებულებათა სისტემას.

 

როგორი ტიპის საზოგადოებებში მუშაობს სეკულარიზმი?

 

სეკულარული იდეოლოგია, თავისი შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, პრინციპულად  განეკუთვნება მხოლოდ მოდერნულ, თანამედროვე საზოგადოებების კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეს. სეკულარიზმს უჭირს იქ სადაც ადამიანთა ქცევას და აზროვნების წესს განსაზღვრავს ტრადიციული პრაქტიკები და ღირებულებები. მარტივად რომ ვთქვათ, სეკულარიზმი როგორ დასავლური პროექტი რთულად რეალიზდება არადასავლურ, ტრადიციული კულტურებში. თუმცა, სეკულარიზმი ხშირად მიუღებელია ზოგიერთი დასავლური კულტურისთვისაც, მაგალითად კათოლიკური ერებისათვის, სადაც ბევრს საუბრობენ თანამედროვე სეკულარული ტოტალიტარიზმის შესახებ, რომლის იდეაც მათივე აზრით კათოლიკური ცხოვრების წესის მოშლაა. ასევე, სეკულარულ იდეოლოგიას განსხვავებული როლი და ადგილი აქვს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. კერძოდ, ფრანგული განმანათლებლობის სოციალურ და პოლიტიკურ დოქტრინათა ზეგავლენით, სეკულარიზმის (Laïcité) გავლენა ფრანგულ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდია, რაც ასევე გამოიხატება ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების მიერ რელიგიური შეხედულებებისგან ემანსიპაციით, მაშინ როდესაც დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად სეკულარული წესრიგისა, პოლიტიკური ლიდერების მიერ გამოყენებულ ენაში ღმერთსა და ქრისტიანულ რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. შესაბამისად, სეკულარიზმი არის რთული პროექტი, რომელიც არ შეიძლება მოვარგოთ ყველა კულტურას. მარტივად რომ ვთქვათ, სეკულარული იდეოლოგიის უნივერსალიზაცია არის მიუღწეველი მიზანი, რომელიც შეიცავს ერთგვარ საფრთხეებსაც კი (მაგალითად საზოგადოების მკვეთრი პოლარიზაცია, სოციალური კონფლიქტის რეგენერაცია, კონსპირაციის თეორიების გაჩენა და ა.შ.).

 

არსებობენ გარკვეული კულტურები, რომლებიც რეზისტენტულები არიან იმგვარი იდეების მიმართ, რომლებიც არ შეესაბამება მათი ისტორიული გამოცდილების კონტექსტებს და კულტურულ იდენტობას. მაგალითად, დასავლური იდეების მიუღებლობა აღმოსავლურ საზოგადოებებში არ არის განპირობებული მხოლოდ პოლიტიკურად კონსტრურებული პროცესებით (ანუ ელიტების მიერ შექმნილი პრაქტიკითა და წარმოდგენებით), არამედ ამას ასევე განაპირობებს ადგილობრივი საზოგადოების ხასიათი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზოგიერთი კულტურა მიდრეკილია კოლექტიური აზროვნებისა და ცხოვრების წესისკენ, სადაც ცხადია ტრადიციული ინსტიტუტები ცენტრალურ როლს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია დასავლური სეკულარიზმის იდეა, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ინდივიდის იდეალიზაციას, რამაც უნდა ჩაანაცვლოს რელიგიური დოგმატიზმი საზოგადოებაში, სრულიად მიუღებელია ისეთი კულტურებისათვის, სადაც ერი და რელიგია ერთმანეთთან გაიგივებული ერთგვარი მოცემულობაა.

 

სეკულარიზმი საქართველოში

 

ლიბერალური დემოკრატია პოსტსაბჭოთა საქართველოს უმთავრესი იდეოლოგიური ორიენტირია. გამომდინარე აქედან, სეკულარული იდეოლოგია, როგორც ლიბერალური დემოკრატიული წესრიგისათვის დამახასიათებელი ნორმა აქტუალური პრობლემაა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის. ზოგადად, დისკურსი სეკულარიზაციის საჭიროების შესახებ საკმაოდ პოპულარული თემაა, თუმცა საქართველოში ჩვენ ვხედავთ სეკულარიზმის დილემას.

 

სეკულარიზმის დილემა გამოიხატება იმაში, რომ ერთის მხრივ ჩვენს გვსურს თანამედროვე დემოკრატიული წესრიგისთვის დამახასიათებელი ნორმების ინტერნალიზაცია, რაც ასევე მოიცავს ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკავებას ანუ სეკულარიზაციას. მაგრამ მეორეს მხრივ, ქართული საზოგადოების სოლიდურ ნაწილს ვერ წარმოუდგენია რელიგიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან  განცალკავება. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტები ცდილობენ მანიპულირებას, ისინი ხშირად იყენებ ორივე დისკურსს, როგორც სეკულარიზმის ასევე არასეკულარული წესრიგის, გააჩნია იმ გარემოსა და ვითარებას სადაც მათ უწევთ ამ თემებზე საუბარი.

 

ქართული საზოგადოების კონსერვატიულ და რელიგიურ ხასიათს ასევე ასახავს ზოგიერთი ემპირიული მონაცემები. მაგალითად, პიუს კვლევითი ცენტრის (Pew Research Center) მიერ ჩატარებული კვლევით, რომელიც გამოქვეყნდა 2017 წლის მაისში, საქართველოში გამოკითხულ რესპოდენტთა 80% ფიქრობს, რომ რელიგიური ინსტიტუტები აძლიერებენ მორალურობას. ასევე, გამოკითხულთა 52% ეთანხმება ხელისუფლების მიერ რელიგიური ღირებულებების განვრცობასა და მხარდაჭერას, ხოლო 46% კი ფიქრობს, რომ რელიგიურ ლიდერებს გარკვეულ დონეზე პოლიტიკური გავლენები უნდა ჰქონდეს. ამავე კვლევის მიხედვით, ქართველების 82% ფიქრობს, რომ დომინანტური ეკლესია უნდა იღებდეს ფინანსურ მხარდაჭერას მთავრობისაგან.

 

ამრიგად, საქართველოსთვის სეკულარიზაციის პროცესი არის საკმაოდ რთული გამოწვევა. ამას განაპირობებს ის, რომ ერთის მხრივ სეკულარიზაციის პროცესი არაჰარმონიულია ტრადიციულ ქართულ საზოგადოებასთან, მეორეს მხრივ კი სეკულარიზაციის პროექტზე უარის თქმა ნიშნავს ლიბერალური დემოკრატიაზე და პროდასავლურ ორიენტაციაზე უარს. თუმცა, ცხადია ხელისუფლების უპირველესი ინტერესია ქვეყნის შიგნით მაღალი სოციალური ლეგიტიმაციის გაზრდა, ამიტომ ხშირად პოლიტიკოსების მიერ ხდება არასეკულარული დისკურსების გამოყენება. თუმცა, ეს მხოლოდ პოპულისტური ნარატივია, რადგან დომინანტური ქართული პოლიტიკური ელიტების ქცევები და აზროვნების სტილი მეტწილად მოდერნულია ვიდრე ტრადიციონალისტური.

 

საქართველოში სეკულარიზაციის პროცესის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა სამოქალაქო ელიტები, რომლებიც ცდილობენ სეკულარული იდეების ლიბირებას როგორც პოლიტიკურ ასევე კულტურულ ცხოვრებაში. ხელისუფლებაც, თავისი ლიბერალური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ანგარიშს უწევს სამოქალაქო ელიტების მოსაზრებებს და გარკვეულ დონეზე მათი იდეების ლეგიტიმაციას ახდენს (მაგალითად კანონდებლობის ლიბერალიზაცია რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში, დისკრიმინაციის შესახებ კანონი და ა.შ.).

 

თუმცა, იმისათვის, რომ არ დაკარგოს ტრადიციულ ღირებულებებზე მდგომი ამომრჩეველი, მათი მობილიზაციის მიზნით ხშირად, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლება იყენებს ერთგვარ კონსერვატიულ ნარატივებს და დისკურსებს, რომლებიც შესაძლოა არის იყოს ჰარმონიული სეკულარიზაციის დღის წესრიგთან. შესაბამისად მანევრირება და მანიპულირება ორ დისკურსს შორის პოსტსაბჭოთა ქართული ელიტების უმთავრესი სტრატეგია. ამ მიდგომით, ისინი ერთის მხრივ ცდილობენ გლობალური ლიბერალური დღის წესრიგში სტაბილურად ყოფნას, რითაც ძლიერდება მათი დომინანტური პოზიციები, მეორეს მხრივ კი ცდილობენ პოპულისტური ნარატივების გამოყენებით ამომრჩეველთა მობილიზაციას, რამაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკის კეთებას. მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად ტრადიციული დისკურსის გამოყენება ხდება იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ელიტებმა მიიღონ მაღალი სოციალური ლეგიტიმაცია, რათა შემდგომ შეასრულონ ლიბერალურ დემოკრატიაზე მორგებული პოლიტიკის დღის წესრიგი.

 

რასაკვირველია, კონსერვატიული კულტურული დისკურსების გამოყენებისას, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს სეკულარული სახელმწიფოს იდეას, ხელისუფლება ასევე ცდილობს მოიპოვოს მხარდაჭერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან, რომელიც დღემდე საქართველოში ყველაზე მაღალი მორალური ავტორიტეტის მქონე ტრადიციული ინსტიტუციაა.

 

დასკვნის მაგიერ

 

შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სეკულარიზმის კლასიკური გაგების უადგილობის შესახებ არ იყო მოულოდნელი. ასევე, აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. პირველი ეს არის ემოციური გარემო, ანუ პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ემოციურ ვითარებაში, სოფელ სნოში, საეკლესიო პირების გარემოცვაში. მეორე ფაქტორი, არის ის რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რაც შექმნილია პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პირობებში, რა დროსაც პოლიტიკური ელიტები იყენებენ არაერთგვაროვან დისკურსებსა და რიტორიკას სხვადასხვა სოციალურ ფენებზე მანიპულირების მიზნით. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი პრაქტიკა დამახასიათებელია პოსტკომუნისტური პოლიტიკური ელიტებისათვის, რომლებიც პოპულიზმისა და ლიბერალიზმის ნაერთით ცდილობენ საკუთარი დომინანტური პოზიციების გაძლიერებასა და კვლავწარმოებას.

 


[1] იხ. Craig Calhoun, ‘Rethinking Secularism’, The Hedgehog Review, Vol. 12, No. 3 (Fall 2010), p. 35

[2] იხ. Charles Taylor, ‘Western Secularity’, in: Craig Calhoun, Mark Jurgensmeyer, and Jonathan Vanantwerpen (eds). Rethinking Secularism (Oxford, UK: Oxford University Press, 2011), p. 32



დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

26 July 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

26 July 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

26 July 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

26 July 2017

უპარტიო “დემოკრატია”

26 July 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

26 July 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

26 July 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

26 July 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

26 July 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

26 July 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

26 July 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

26 July 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

26 July 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

26 July 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

26 July 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

26 July 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

26 July 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

26 July 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

26 July 2017