14 August 2017
  • 2963 ნახვა

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

ფოტო გარეკანზე: Flick.com

2017 წლის 4 ივლისს, ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა რაკეტა „ჰვასონ-14“, რომელიც საკუთარი პარამეტრებით შეიძლება ჩაითვალოს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტად. 28 ივლისს სარაკეტო გამოცდა იაპონიის ზღვის თავზე განმეორდა. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ წამოიწყეს სამხედრო წვრთნები, რომლის დროსაც ტაქტიკური რაკეტებიც გამოიყენეს. 5 აგვისტოს კი, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო ახალ სანქციებს უწესებს. ფხენიანის განცხადებასთან ერთად, ბირთვული იარაღის შექმნის დასრულების შესახებ ეს ფაქტი ხაზს უსვამს გაურკვევლობის პერიოდს, როდესაც დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ ევარაუდათ, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთული პრობლემა თავისთავად გადაწყდება.

კრიზისში ჩართული ყველა სერიოზული მოთამაშე აღმოჩნდა გარდაუვალი და არასასურველი არჩევანის წინაშე „ცუდს“ და „ძალიან ცუდს“ შორის. ამასთან, გაურკვეველია არასასურველი შედეგების რომელი ბლოკია უფრო ნაკლებად სახიფათო. სტატიაში განხილულია ყველა ძირითადი მოთამაშის მოტივაცია და მათი შესაძლო ქმედებები აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით.


ფხენიანი: არჩევანი არჩევანის გარეშე

ერთი შეხედვით ჩანს, რომ რეგიონული პრობლემის საფუძველი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამის განვითარებაა. თუმცა, ფხენიანის ქმედებები არა პროაქტიური, არამედ რეაქტიურია. ჩრდილოეთ კორეა თავს გრძნობს „მტრების ალყაში“. მის ამ დამოკიდებულებას კი გარკვეული საფუძველი მართლაც გააჩნია.

სამხრეთ კორეის კონსტიტუციის და სხვა საკანონმდებლო აქტების თანახმად, კორეის რესპუბლიკა შედგება კორეის ნახევარკუნძულისა და მიმდებარე კუნძულებისგან, რომლის ჩრდილოეთ ნაწილსაც „ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია“ აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, კორეის რესპუბლიკა ჩრდილოეთ ნაწილზე ფორმალურად მმართველობას ე.წ. „ხუთი ჩრდილოური პროვინციის სამმართველოს“ საშუალებით ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელებაც თავიანთ საქმიანობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ შეუდგებიან. სამხრეთის ოფიციალური სტრატეგიას კი ჩრდილოეთის მიმართ წარმოადგენს „ჩაყლაპვა“. ეს დებულება გამოხატულებას პოულობს არა მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებებში, არამედ სისტემატურად მიმდინარე სამხედრო წვრთნებშიც, რომლებზეც ძირითადად თავდასხმით ოპერაციებს ამუშავებენ. 

ჩრდილოეთ კორეა იყო და არის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან მიზანმიმართული დემონიზაციის ობიექტი: მედიაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაციები სიკვდილით დასჯის მეთოდების ან მშენებლობების მაღალი ტემპების ასახსნელად მუშებისთვის მეტამფეტამინების მიცემის შესახებ. ასტრონავტის მზეზე დასმის ისტორია, რომელიც თითქოს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა ტელევიზიამ გადასცა, ღიად ყალბი ინფორმაცია იყო. მიუხედავად ამისა, მსგავსი ამბები საკუთარ აუდიტორიას ოფიციალური უარყოფის შემდეგაც პოულობენ.

ამას უნდა დავამატოთ დამახინჯებული ინფორმაცია ჩრდილოეთის და სამხრეთის სამხედრო პოტენციალების შესახებ. ჩრდილოეთ კორეის არმია მსოფლიოში რაოდენობრივად მეოთხეა, თუმცა მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არა საბრძოლო დაჯგუფება, არამედ უნივერსალური/სამობილიზაციო რეზერვია. კორეის რესპუბლიკის არმია იკავებს მეექვსე ადგილს, ხოლო მისი სამხედრო ბიუჯეტი ჩრდილოეთისას 25-ჯერ აღემატება, რაც სამხედრო ტექნოლოგიებში უდიდეს უპირატესობაში აისახება. 1953 წლის საერთო თავდაცვის შეთანხმების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის აგრესიის შემთხვევაში შეერთებული შტატები ვალდებულია დაიცვას სამხრეთი ყველა შესაძლო საშუალებით. ანალოგიური მოკავშირე ჩრდილოეთს არ ჰყავს. ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ნებისმიერი დათმობა გარეშე ზეწოლისადმი ან თავდაცვისუნარიანობის შემცირება რეჟიმის დამხობას და სუვერენიტეტის დაკარგვას გამოიწვევს.  

„ირანის სცენარი“ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით განუხორციელებელია. ირანში არ იდგა ტოლობის ნიშანი ბირთულ იარაღზე უარის თქმასა და რეჟიმის ლიკვიდაციას შორის. ამასთან ირანს სურდა სანქციების მოხსნა, საკუთარი ნავთობისა და ბუნებრივი არის ექსპორტი და შესაბამისად კეთილდღეობის გაზრდა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებების დაწყების დროს თეირანის ბირთვული პროგრამა ჯერ კიდევ არ იყო რეალიზებული, რაც ირანს საშუალებას აძლევდა ყოველგვარი დანაკარგის გარეშე გაეცვალა იგი სანქციების მოხსნაზე. ჩრდილოეთ კორეა კი არ ცხოვრობს სტრატეგიული რესურსის ექსპორტის ხარჯზე. მისი ეკონომიკური ურთიერთობების სტრუქტურა განსხვავებულია. ჩრდილოეთ კორეაში ეჭვებს ამძაფრებს ტრამპის ადმინისტრაციის უარყოფითი დამოკიდებულებაც ირანთან ბირთვული გარიგების მიმართ.

მსგავს ვითარებაში ჩრდილოეთ კორეის სტრატეგია გულისხმობს სარაკეტო-ბირთვული პოტენციალის მაქსიმალურ დაფინანსებას და „საიმედო შეკავების“ დონის მიღწევას, რომლის დროსაც ჩრდილოეთ კორეის საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილება საპასუხო ბირთვულ პასუხს უპირობოდ შეხვდება. ეს კი მოწინააღმდეგის ნებისმიერ წარმატებას გააუფასურებს. ფხენიანი იმედოვნებს, რომ აშშ-ს მოუწევს მასთან მოლაპარაკება და მათი ურთიერთობა ორი ბირთვული სახელმწიფოს დაპირისპირების მოდელის თანახმად განვითარდება. თუმცა აღნიშნული სტრატეგია ძალზე სარისკოა.    

უპირველეს ყოვლისა, ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას (მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იგნორირებით, რომელთაც იურიდიული ძალა გააჩნიათ). მეორე მხრივ, ბირთვულ სახელმწიფოდ გამოცხადების სურვილით იგი არღვევს მსოფლიო წესრიგის მოდელს, რომლის მიხედვითაც ბირთვული სტატუსი მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შეიძლება ჰქონდეთ. თუ ჩრდილოეთ კორეა მიიღებს ამ სტატუსს, ბირთვული იარაღის შექმნას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეებიც დაიწყებენ. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეს მოთამაშეები იქნებიან სამხრეთ კორეა (იგი თავის ბირთვულ პროგრამას XX საუკუნის 70-იან წლებში ამუშავებდა, თუმცა აშშ-ს ზეწოლის შემდეგ შეწყვიტა), იაპონია, ხოლო პერსპექტივაში ტაივანიც, რაც „ერთი ჩინეთის“ კონცეფციას წერტილს დაუსვამს.   

ჩრდილოეთ კორეის აქტივობა ქმნის უსაფრთხოების დილემას და აძლიერებს შეიარაღების რეგიონულ შეჯიბრს. ამას ადასტურებს იაპონიის თანმიმდევრული რემილიტარიზაცია და რეგიონში ამერიკული სტრატეგიული პოზიციების გაძლიერება. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ების კორეის რესპუბლიკაში განთავსება ამის ნათელი მაგალითია.


 

ვაშინგტონი: „სტრატეგიული მოთმინების“ ამოწურვა

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამისადმი შესაძლო ქმედებების სტრატეგია აშშ-ში ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე განიხილებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს. პირველი არის ამა თუ იმ ფორმით ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სტატუსის აღიარება, ხოლო მეორე - რეჟიმის ცვლილება, რაც უდაოდ ღია კონფრონტაციას გამოიწვევს. 

სანქციების პოლიტიკის გამკაცრება მოსალოდნელ შედეგებს არ იძლევა: ჩრდილოეთ კორეამ ისწავლა სანქციების რეჟიმის ქვეშ ცხოვრება და მისთვის გვერდის ავლასაც ახერხებს. თუ სანქციები გარდაიქმნება სრულმასშტაბიან ფინანსურ, სავაჭრო და სატრანსპორტო ბლოკადად, იგი კორეის ჩრდილოეთში რეჟიმის ცვლილების მცდელობად იქნება აღქმული.

პრევენციული თავდასხმა ბირთვულ ობიექტებზე ასევე შეუძლებელია, რადგან იგი რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების მიმართ ჩრდილოეთ კორეის საპასუხო დარტყმას გამოიწვევს. თუ თავდასხმა არა მხოლოდ ბირთვულ ობიექტებს, არამედ პოტენციური „საპასუხო დარტყმის“ საშუალებებსაც შეეხება, მაშინ საქმე ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციასთან გვექნება. რთულია კიმის რეჟიმის შეცვლა რევოლუციითაც, რომლისთვის საკმარისი წინაპირობები ან „აუცილებელი ინფრასტრუქტურა“ არ არსებობს. ამასთან ეფექტური სამხედრო გადაწყვეტილების ფანჯარა ნელ-ნელა იხურება - დრო ამ შემთხვევაში ფხენიანზე მუშაობს.  

თუ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სტატუსის აღიარება მოხდება, იგი აშშ-სთვის შემდეგ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს:

 - სერიოზული დარტყმა მიადგება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება მინიმუმ რეგიონში ბირთვულ შეჯიბრს გამოიწვევს;

 -  ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დამხობა აშშ-ის, როგორც მსოფლიო ჰეგემონის პრესტიჟს შეურაცხყოფს. არსებული მსოფლიო წესრიგი დიდწილად ეფუძნება ამერიკულ დომინაციას, მათ შორის ბირთვული პოტენციალის წყალობითაც. ახალი მსოფლიო წესრიგი დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასაც. შესაბამისად, მსოფლიო პოლიციელის როლის თამაში მნიშვნელოვნად გართულდება;

 - დამატებით სირთულეს ქმნის შიდაპოლიტიკური/რეპუტაციული ზიანიც. ჩრდილოეთ კორეის დემონიზაციის და აშშ-ში პროტესტანტიზმის დიდი გავლენის შედეგად ჩრდილო კორეული ათეისტური კოლექტივიზმი უპირობო ბოროტებად აღიქმება. მასთან კონფრონტაციაზე უარის თქმა ამერიკული საზოგადოების დიდ ნაწილში „ეშმაკთან გარიგებად“ იქნება აღქმული;

 - არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სტატუსის აღიარების შემდეგ „მსოფლიოსთვის ჩრდილოკორეული საფრთხე“ არ გაიზრდება: შეერთებულ შტატებში ბევრი დარწმუნებულია, რომ ფხენიანი დათმობების შემდეგ გააგრძელებს მსოფლიო საზოგადობის „შანტაჟს“, დაემუქრება სამხრეთ კორეის სუვერენიტეტს ან მიყიდის ბირთვულ ტექნოლოგიებს ტერორისტებს.

თუ აშშ ჩრდილოეთ კორეასთან სერიოზულ კონფრონტაციაზე წავა, მაშინ:

 - არსებობს დიდი რისკი, რომ „ერაყულ სტილში“ ბლიცკრიგის ნაცვლად აშშ-მ მიიღოს გაჭიანურებული ომი სერიოზული დანაკარგებით. ამერიკელი სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიძლება უფრო დიდი ზიანის მომტანი გახდეს, ვიდრე 1950-1953 წლების კორეის ომი იყო;

  - რეგიონული კონფლიქტი შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, თუ მასში ჩინეთი ან რუსეთი ჩაებმევა;

 - აშშ-ის და მისი მოკავშირეების გამარჯვება არ გამოიწვევს მყისიერ მშვიდობას. ომით დანგრეულის აღდგენა, დევნილების პრობლემები, ჩრდილოეთის მოსახლეობის ლოიალობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები - ყველაფერი ეს ომისშემდგომი სტაბილიზაციის პროცესს ხანგრძლივს, რთულს და ძვირადღირებულს ხდის;

  - აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩრდილოეთ კორეის შესაძლო სარაკეტო დარტყმები იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე: ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმა ეკოლოგიური კატასტროფების საფუძველი გახდება.

რომელი მიდგომაა ამ ვითარებაში აშშ-სთვის უფრო სასურველი? ანალიტიკოსების აზრით, არჩევანი რთულია, თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო სამხედრო მიდგომას უფრო მეტი არგუმენტი აქვს, ვიდრე დიალოგს:

 - პოლიტიკოსების დამოკიდებულება საზოგადოებრივ აზრზე. ფსიქოლოგიური და რეპუტაციული თვალსაზრისით, აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო რთულია, ვიდრე კენედის უკანდახევა კარიბის კრიზისის დროს;

  - სიტუაციის არასწორი შეფასება. ამერიკას არ აქვს შესაძლებლობა კომპეტენტურად შეაგროვოს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის შესახებ. უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს ტექნიკური დაზვერვის მონაცემებთან, რომელიც ინტერპრეტაციას საჭიროებს (განყოფილება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის აგენტურული დაზვერვით იქნება დაკავებული, აშშ-ში მხოლოდ ახლა იქმნება). ჯერჯერობით ამერიკელები ეყრდნობიან სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებს, რომელიც ცდილობს კიმების რეჟიმი პერმანენტულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფად წარმოაჩინოს. ამ ვითარებაში აშშ-ს ადმინისტრაციამ შეიძლება გააკეთოს არასწორი დასკვნა, რომ მცირე დანახარჯებით შესაძლებელია „პრევენციული თავდასხმის“ განხორციელება და რეჟიმის კრახის გამოწვევა;

 - დაცულობის ილუზია, რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განვითარებას უკავშირდება. საბრძოლო ვითარებაში გამოუცდელმა ანტისარაკეტო კომპლექსებმა შესაძლოა ვერ უზრუნველყონ სრულყოფილი თავდაცვა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ძალოვანი გადაწყვეტილებისადმი მიდრეკილება თეთრ სახლში ძალაუფლების ცვლილებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. დონალდ ტრამპის გამოჩენამ ოვალურ კაბინეტში მხოლოდ პროცესების დაჩქარება გამოიწვია. ვითარების არსი კი სხვა ფაქტორებშია.

უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება პოტენციურად მიღებული გადაწყვეტილებების არასაკმარის საექსპერტო ანალიზს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერ ბოლომდე ფორმულირებული არ არის. ამ სიტუაციაში კი ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებების შესაძლებლობა, რომელიც ad hoc რეჟიმში მიიღება, იზრდება.

მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური სიტუაცია ტრამპს უზღუდავს მანევრირების საშუალებას. მისი კაპიტულანტური პოზიცია კიდევ უფრო გააღრმავებს პრეზიდენტის დაპირისპირებას ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და გაზრდის მისდამი უკმაყოფილებას საზოგადოებაში.

ცხადია, რომ რთული არჩევანის გაკეთება არავის სურს. „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკის კრახის შესახებ განცხადებების მიუხედავად ამერიკული ადმინისტრაცია იგივე პოლიტიკას აგრძელებს, თუმცა სხვა სახით. ამჯერად აქცენტი სავარაუდოდ გაკეთდება ე.წ. „მეორად ბოიკოტზე“, როდესაც აშშ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას თუ კომპანიას, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებში იქნება შემჩნეული. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ზეწოლის ობიექტად იქცევა ჩინეთი.


პეკინი: მომზადებული სტრატეგიის არარსებობა

პეკინში ხვდებიან, რომ პრობლემის „დადებითი“ გადაწყვეტა არ არსებობს. ბოლო პერიოდში ჩინეთი უშედეგოდ ცდილობდა მხარეები კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარებაზე დაეთანხმებინა. ექვსმხრივი მოლაპარაკებების აღდგენის შემთხვევაში გაურკვეველია ამ ფორმატში განსახილველი საკითხის რაობაც კი: დენუკლეარიზაცია შესაძლებელია მხოლოდ რეჟიმის შეცვლასთან ერთად, რომელმაც ბირთვული სტატუსი ქვეყნის კონსტიტუციაში დააფიქსირა. გარკვეულწილად, კიმ ჩენ ინის ქმედებებს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური ტრენდი, რომლის შეცვლაც ჩრდილოეთ კორეის პოზიციაზე არანაკლებ რთულია.

შესაბამისად, ჩინეთის რთული არჩევანი მდგომარეობს არა „თავდასხმაში ან მოლაპარაკებაში“, არამედ მხარის არჩევაში.

ჩრდილოეთ კორეის უპირობო მხარდაჭერა აშშ-ს წინააღმდეგ გამოიწვევს ჩინეთისთვის შემდეგ უარყოფით მოვლენებს:

 - ჩრდილოეთ კორეული საფრთხის საბაბით ვაშინგტონი რეგიონში საკუთარ პოზიციებს გააძლიერებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას გაშლის, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ერთაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგაც იქნება მიმართული. THAAD-ების სამხრეთ კორეაში განთავსებას ჩინეთი სწორედ ამ ჭრილში განიხილავს.

 - ორი ქვეყნის ურთიერთობა შესაძლოა გადავიდეს ღია კონფლიქტის ფაზაში, რაც ჩინეთზე სანქციების გავრცელებას გამოიწვევს. ჩინურ-ამერიკული სავაჭრო ურთიერთობები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ხოლო ანტიჩინური რეგიონული კოალიციის ფორმირება დაჩქარება;

 - ჩინელი ექსპერტების აზრით, ჩინეთი ჯერჯერობით მზად არ არის ღიად დაუპირისპირდეს აშშ-ს. თეორიულად, დრო მასზე მუშაობს, თუმცა ნაადრევი დაპირისპირების შემთხვევაში, პეკინის წარმატების შანსები დაბალია;

  - ამასთან, არსებულ მსოფლიო წესრიგში ჩინეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სამომავლოდ კი, როდესაც ბირთვულ ჩრდილოეთ კორეას მოყვება ბირთვული იაპონია, სამხრეთ კორეა და ტაივანი, პეკინისთვის არასახარბიელო ვითარება შეიქმნება.

შესაბამისად, ჩინეთის მთავარი რისკი ამ შემთხვევაში კონფლიქტში მისთვის არასასურველი პოზიციით ჩართვა და იმ სტატუს-კვოს დარღვევაა, რომელიც პეკინისთვის ამ ეტაპზე ხელსაყრელია.

თითქოს ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაზე უარის თქმის მიზეზები საკმარისია. თუმცა არავითარი გარანტიები არ არსებობს, რომ ვაშინგტონი ამ შემთხვევაში პეკინის კრიტიკას სხვა მიმართულებით შეწყვეტს. თუ ჩინეთი დაიწყებს ვაშინგტონთან ფხენიანის წინააღმდეგ თანამშრომლობას (რაც სავარაუდოდ რეჟიმის და შესაბამისად ჩრდილოეთ კორეის ლიკვიდაციას გამოიწვევს), მას უსიამოვნებების სხვა პაკეტი ელოდება:

 - ჩრდილოეთში სამხედრო კონფლიქტის ან მისი სამხრეთ კორეის მიერ დაკავების შემთხვევაში ჩინეთს ლტოლვილთა ტალღა მიაწყდება. მის საზღვრებთან (და ჩინეთის ტერიტორიაზეც) გაჩნდება ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც „ოკუპანტების“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ. პეკინისთვის ეს ნაკლებად სასურველია, რადგან კონფლიქტის დარეგულირება ჩინეთისთვის საჭირო რესურსების ხარჯვას გამოიწვევს;  

 - „კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთით გაფართოების“ შემთხვევაში ბუფერული ზონა ჩრდილოეთ კორეის სახით გაქრება, ხოლო შეერთებული შტატები რეგიონში ხელსაყრელ პოლიტიკურ პლაცდარმს მიიღებენ, რომლის ეფექტურად გამოიყენებაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ჩინური ინტერესების საწინააღმდეგოდ შეეძლებათ;  

 - ერთიანი კორეა ჩინეთისთვის, როგორც რეგიონული ძალისთვის, ხელსაყრელი არ არის. უპირველეს ყოვლისა პირობითი ვასალის დაკარგვა დიდი დარტყმაა მისი პრესტიჟისთვის. მეორე მხრივ, გაერთიანებული კორეის იდეოლოგია სავარაუდოდ ჩინეთის მიმართ აგრესიული ნაციონალიზმით გამორჩეული იქნება, რაც ამ ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული დავების გააქტიურებას გამოიწვევს;

 - ჩრდილოეთ კორეის გაქრობის შემდეგ „რეგიონული ლიდერი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“ გახდება ჩინეთი, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა ხშირად ისმის (მათ შორის პოლიტიკური პატიმრების ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებითაც კი).

შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ძირითად ფაქტორებზე, რომელმაც შეიძლება პეკინის ამა თუ იმ მხარეს გადახრა გამოიწვიოს:

 - ჩინეთის ხელისუფლება უკეთ არის ინფორმირებული შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ჩრდილოეთ კორეაში და ნაკლებად არის იძულებული გადაწყვეტილების მიღების დროს საზოგადოებრივ აზრს დაეყრდნოს.

 - სავარაუდოდ, ჩინეთის ტაქტიკას განსაზღვრავს ორი ტრენდის ურთიერთობა: შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოეთ კორეა ჩინეთისთვის არა მოკავშირე, არამედ მტრის მტერი და ერთგვარი ბუფერული სივრცეა სამხრეთ კორეაში განლაგებულ ამერიკულ ძალებს და ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს შორის. ამავდროულად, ჩინეთის გაღიზიანებას იწვევს ჩრდილოეთ კორეის თვითნებური პოლიტიკა, რომელიც ჩინეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

 - მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ცდილობს იმოქმედოს პროაქტიურად, იგი ზოგჯერ იძულებულია შეერთებული შტატების ნაბიჯებს „კორეის საკითხის გადაწყვეტის“ საქმეში უპასუხოს. ამიტომაც, თუ აშშ მიმართავს ესკალაციის გზას, ჩინეთს მოუწევს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა.

ამერიკის მსგავსად, ჩინეთის ხელისუფლებასაც სურს არ ქონდეს არჩევანი „ორ ბოროტებას შორის“. ჯერჯერობით მისი ქმედებები შემოიფარგლება მკაცრი განცხადებებით, როგორც ფხენიანის, ასევე ვაშინგტონის მიმართ და „ორმაგი დეესკალაციის“ პროექტის ლობირებით (თუ ჩრდილოეთ კორეა შეაჩერებს საკუთარ სარაკეტო-ბირთვულ პროგრამას, კორეის რესპუბლიკა და აშშ შეამცირებენ საერთო სამხედრო წვრთნების მასშტაბებს და ამერიკული სტრატეგიული იარაღის რაოდენობას კორეის ნახევარკუნძულზე).


სამხრეთ კორეა: ახალი ხელისუფლების კურსი

2017 წლის 9 მაისს, კორეის რესპუბლიკის სათავეში მოვიდა მემარცხენე ძალების წარმომადგენელი მუნ ჩე ინი. საკუთარ პროგრამაში იგი აანონსებდა THAAD-ის პროექტზე უარის თქმას და მთელ რიგ ინიციატივებს ორ კორეას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ამავდროულად, სამხრეთ კორეის ყველა ხელისუფლებისთვის აუცილებელია სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სა და ეკონომიკურ პარტნიორ ჩინეთს შორის ურთიერთობის დაბალანსება.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეის რეჟიმი არასდროს ყოფილა მარიონეტული, საგარეო პოლიტიკურ არენაზე სეული დიდწილად ვაშინგტონზე დამოკიდებულია. შესაბამისად, პოლიტიკური კავშირები სეულსა და ვაშინგტონს შორის უფრო მყარია, ვიდრე ეკონომიკური კავშირები სეულსა და პეკინს შორის. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 8 ივნისს THAAD-ის კომპლექსების განთავსება სრულფასოვანი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასრულებამდე შეჩერდა, უკვე 11 ივნისს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დაარწმუნა ამერიკელი დიპლომატები, რომ თანამშრომლობა გრძელდება და შეთანხმების პირობებიც სრულფასოვნად შესრულდება.  

შეიცვალა სამხრეთ კორეის დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეის მიმართაც. 2017 წლის 16 ივნისს, პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში მუნ ჩჟონ ინმა გააჟღერა ახალი სტრატეგია, რომელიც ფაქტიურად ახდენდა „ორმაგი დეესკალაციის“ დუბლირებას, თუმცა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწრაფად გააკეთა განცხადება, რომ მუნმა საკუთარი განცხადების შინაარსი ხელისუფლებასთან არ შეათანხმა.

სამხრეთ კორეაში ხმამაღალი განცხადებების მყისიერ ასრულებას აფერხებს თავად ქვეყნის პოლიტიკური მოწყობაც. მმართველობის პირველ ნაწილს პრეზიდენტი რადიკალური საკადრო წმენდის ჩატარებას, საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი მომხრეების დანიშვნას და ძალაუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას უთმობს. აღნიშნული პერიოდი დაახლოებით ერთი წელი გრძელდება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება პოლიტიკური კურსის რეალობაში გატარება. თუ გავითვალისწინებთ იმ წინააღმდეგობებს, რომელსაც მუნი ახალი პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნის დროს წააწყდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვან პოსტებზე კადრების დანიშვნა დიდ დროს წაიღებს.

შესაბამისად, თუ მუნი თანმიმდევრულ მემარცხენე პოლიტიკას გაატარებს, სეულში ხელისუფლების ცვლილება შიდაკორეულ დაპირისპირებას მხოლოდ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამცირებს. რეგიონული კრიზისის განვითარების პოტენციური სისწრაფე აჩენს კითხვებს, მოასწრებს თუ არა სამხრეთ კორეის ახალი ხელისუფლება საკუთარი კურსის გატარებას იქამდე, სანამ სიტუაცია კრიტიკულ ფაზაში გადავა, როდესაც სეულს უკვე ვითარებიდან გამომდინარე მოუწევს მოქმედება.


დასკვნის მაგიერ

უსაფრთხოების დილემა და მზარდი დაძაბულობა ნახევარკუნძულზე კონფლიქტის შესაძლებლობას ზრდის არა მხოლოდ რაციონალური გადაწყვეტილებების, არამედ იმ ფაქტორების გავლენითაც, რომელთაც შეიძლება „ირაციონალური“ ვუწოდოთ (არასაკმარისი ინფორმირებულობა, დემონიზაცია ან სტრესული სიტუაციის გავლენა).

უპირველეს ყოვლისა, მხარეები ერთმანეთს ცუდად იცნობენ, ხოლო ის მცირე ცოდნა, რომელიც მათ გააჩნიათ, ხშირად დამახინჯებულია. ჩრდილოეთ კორეაში ადამიანთა რიცხვი, რომელთაც წვდომა აქვთ დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე მცირეა, ხოლო ქვეყანაში შემავალი კონტენტი მკაცრად იფილტრება. მსგავსი პრობლემა არსებობს დასავლეთშიც: საინფორმაციო ნაპრალები ფაქტებს შორის ივსება დაშვებებით, რომელიც ძირითადად ექსპერტების ინტერპრეტაციებს ეფუძნება. ეს აჩენს საფრთხეს, რომ კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის პრობლემების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ ექნებათ ან ამა თუ იმ ნაბიჯს არასწორად გაიგებენ. 

ყველაფერ ამას ემატება „ომის აჩრდილის“ ფაქტორი: ჩრდილოეთის და სამხრეთის ერთობლივი მცდელობების წყალობით ყველა კონტაქტი მათ შორის თითქმის გამქრალია და ინციდენტის შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის გაფრთხილების დროც კი არ აქვთ. ერთმანეთის დემონიზაციის წყალობით მხარეებს არა თუ არ შეუძლით, არამედ არც სურთ რეალობის დანახვა: ოპონენტის ნებისმიერი ქმედება მაქსიმალურ ბოროტებად იქნება აღქმული. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში მისი გამწვავების ტრენდი კონფლიქტის შენელების ტრენდზე უპირატესი იქნება.

არ უნდა დავივიწყოთ ის სტრესიც, რომელიც დიდ ზეწოლას ახდენს კონფლიქტის მხარეებზე, განსაკუთრებით მის ქვედა ეშელონზე და გაუგებარ ან არასტანდარტულ ქმედებებზე არაადეკვატური რეაქციის ალბათობას ზრდის. ამ ვითარებაში, „სამხედრო საშიშროების“ პირობებში ნებისმიერი საეჭვო ქმედება რომელიმე მხარის მხრიდან შეიძლება ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფუძველი გახდეს. როგორც ჩინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ცზიუ სიუდუნმა თქვა, „ნებისმიერი უნებლიე გასროლა, გაუგებრობა ან არასწორი ქმედება შეიძლება ისეთი სიტუაციის განვითარების საფუძველი გახდეს, რომლიდანაც გამოსავალი აღარ იქნება“.

მიუხედავად ამისა, სიტუაცია ძირითადად უცვლელი რჩება: ომის დაწყება ორივე მხარეს ეშინია. ჩრდილოეთ კორეა არ დაიწყებს ომს, რომელშიც გარანტირებულად დამარცხდება. ამერიკულ-სამხრეთ კორეული კოალიციას კი ომის შემთხვევაში ელოდება კლასიკური პიროსის გამარჯვება, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გააჩენს, ვიდრე გადაწყვეტს. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სეულში შედარებითი სიმშვიდეა, ხოლო სამხრეთ კორეული გაზეთები აქტიურად განიხილავენ უფასო სადილების მენიუს, რომელიც სამხრეთ კორეელ მოსწავლეებს უნდა მისცენ.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

14 August 2017

თურქული გამბიტი

14 August 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

14 August 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

14 August 2017

ობამა

14 August 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

14 August 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

14 August 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

14 August 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

14 August 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

14 August 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

14 August 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

14 August 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

14 August 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

14 August 2017

'პატივი კატალონიას?!'

14 August 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

14 August 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

14 August 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

14 August 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

14 August 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

14 August 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

14 August 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

14 August 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

14 August 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

14 August 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

14 August 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

14 August 2017

ბრექსიტის ლოგიკა

14 August 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

14 August 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

14 August 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

14 August 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

14 August 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

14 August 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

14 August 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

14 August 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

14 August 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

14 August 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

14 August 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

14 August 2017

უნგრული სუვერენულობა

14 August 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

14 August 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

14 August 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

14 August 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

14 August 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

14 August 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

14 August 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

14 August 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

14 August 2017

დასავლური გახლეჩა

14 August 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

14 August 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

14 August 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

14 August 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

14 August 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

14 August 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

14 August 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

14 August 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

14 August 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

14 August 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

14 August 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

14 August 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

14 August 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

14 August 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

14 August 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

14 August 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

14 August 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

14 August 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

14 August 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

14 August 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

14 August 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

14 August 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

14 August 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

14 August 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

14 August 2017

რეფერენდუმი თურქეთში

14 August 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

14 August 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

14 August 2017