22 August 2017
  • 581 ნახვა

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

ფოტო: www.parliament.ge

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და მასთან დაკავშირებული კონსენსუსის მიწღევა ისევ აქტუალური გახდა მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსის საჭიროება არ დგას პროცესში ჩართული სუსტი აქტორების გამო, რომლებსაც არა აქვთ გადაწყვეტილების დაბლოკვის არანაირი მექანიზმი. განახლებულ დიალოგში ოპოზიციამ კვლავ დაასახელა ის ორი საკითხი, რაზეც ისინი დათმობას არ აპირებენ: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ეს არის ასევე პრინციპული საკითხი მმართველი გუნდისათვის, რომელიც საეჭვოა რომ ასეთ დათმობაზე წავიდეს. მიუხედავად ამისა,  ქართული ოცნება კვლავ აგრძელებს დიალოგის და კონსენსუსის მიღწევის პროცესს. წინამდებარე სტატია შეეცდება კიდევ ერთხელ ახსნას საკონსტიტუციო დიალოგის მიზნები.

პოსტ-კოლონიალური აზროვნება

კონსტიტუციური კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობა მეტწილად განპირობებულია კონსტიტუციური რეფორმების პროცესის საერთაშორისო, უფრო კონკრეტულად კი დასავლური ლეგიტიმაციის მიზნით ანუ უფრო გარეგანი ვიდრე შიდა ფაქტორებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ვერ წარმოუდგენია მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დასავლური აქტორების ჩარევის გარეშე. ცხადია აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ დასავლური ინსტიტუტები თუ ელიტები პირდაპირ მონაწილეობენ კონსტიტუციური რეფორმების პროცესში, არამედ აქ საუბარი იმაზე, რომ თავად ქართულ პოლიტიკურ ელიტებს ამოძრავებთ “მიტმასნილობის” პოლიტიკა რათა დასავლეთის მიერ პროცესის ლეგიტიმაცია აღიქმება, როგორც პროცესის ტრიუმფალური სვლა. ეს არის დისკურსი, რომელშიც დატყვევებულია ქართული პოსტსაბჭოთა პოლიტიკური ცხოვრება და მთლიანად ქართული საზოგადოება, რომელიც საკუთარი ელიტების უმოქმედობის გამო, ასევე იმედიანად შეჰყურებს იმას თუ რას იტყვის დასავლეთი.

თავის მხრივ, ირონიულია ისიც, რომ დასავლეთი თავად ამ პროცესში ნაკლებადაა ჩართული, ყოველ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური ელიტები. დასავლეთის ჩართულობა ამ პროცესში გამოიხატება ძირითადად ვენეციის კომისიის ჩართვით, რომელმაც პროცესის ერთგვარი ექპერტიზა უნდა უზრუნველყოს და არა მისთვის განაჩენის გამოტანა. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია, რომლის შემადგენლობაში არაპოლიტიკური წევრები შედიან (მეცნიერები, იურისტები, დამოუკიდებელი სპეციალისტები და ა.შ.) მხოლოდ სარეკომენდაციო ტიპის შენიშვნებს იძლევა, ქართული პოლიტიკური ელიტები მათ სავალდებულოდ მიიჩნევს. თუმცა, არსებობს ვენეციის კომისიის მიერ დასმული საკითხები, რომელიც არც ხელისუფლებამ და არც ოპოციურმა ელიტებმა არ გაიზიარეს. მთელი პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროატლანტიკური ფანატიზმის ასახვა კონსტიტუციაში, არასწორად მიიჩნია ვენეციის კომისიამ, მაშინ როდესაც მას სწორად მიიჩნევენ ქართული პოლიტიკური ელიტები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩანაწერი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ არის მხოლოდ ანტიპოლიტიკური დებულება, რომელიც მხოლოდ პოსტ-კოლონიალურ ტენდენციებზე მიანიშნებს.

შესაბამისად, ერთის მხრივ სახე გვაქვს დასავლეთის მიმართ ლოიალიზმი და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, მაგრამ მეორე მხრივ კი -  თავად დასავლეთის მხრიდან პროცესისადმი გულგრილი დამოკიდებულება. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ დასავლეთი არ ითხოვს ჩვენგან მსგავს ფანატიზმს, რომ ყველაფერი რაც კეთდება მათ მიერ იქნას მოწონებული და აღიარებული, ამას უბრალოდ ქართული პოლიტიკური ელიტები თავად აკეთებენ, რაც დასავლეთის მიმართ მორჩილების საუკეთესო გამოხატულებაა.

დიდი პარტიების მარგინალიზების მცდელობა

მმართველი პარტია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ცდილობს რაც შეიძლება მეტ პარტიასთან დიალოგის წარმართვას, რითაც მიზნად ისახავს მინიმუმ მცირე პარტიებთან კონსენსუსის გამონახვას. ამით შეიძლება შესრულდეს ორი პრინციპული მიზანი. პირველი, ამით ხელისუფლება მოახდენს დიდი პარტიების მარგინალიზებას იმ გაგებით, რომ მხოლოდ ისინი არ არიან ჩართულნი პროცესში და ის, რაც სხვებმა გაიზიარეს არ გაიზიარეს მათ. მეორე, ასეთი კონსენსუსის მიღწევით, მმართველი გუნდი შეასრულებს მის ერთგვარ ეთიკურ ვალდებულობას დასავლეთის მიმართ და მიაღწევს კონსენსუსს, რასაც ალბათ ასევე აღიარებს დასავლეთი და მათ წარმოსახვაში დიდი პარტიები არაკონსტრუქციულ ოპოზიციად წარმოჩინდება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მოხდება დიდი პარტიების საერთაშორისო მარგინალიზაცია.

შესაბამისად, პოლიტიკურ სივრცის ასეთი პოლარიზება, ანუ დიალოგი ბევრ პოლიტიკურ აქტორს შორის, მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებშია, რადგან პროცესის ჰომოგენურობა მხოლოდ შეასუსტებდა მათ პოზიციების რეფორმებს პროცესში. ასეთი პოლარიზაციით მმართველი გუნდი ცდილობს უფრო მეტად რეალური გახადოს კონსენსუსი პროცესის ფორმალური რიტუალი და გარკვეული პირობებით შეუთანხმდეს მცირე პარტიებს.

სპეკულაციები პლებისციტით

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი აქტიურად აყენებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესახებ პლებისციტის ჩატარების იდეას. არსებობს არც თუ ისე წინააღმდეგობრივი მოსაზრება, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესის გზით.  შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს მოსაზრება უმაგრებს ზურგს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც პლებისციტის იდეით გამოდის. თუმცა, იგივე ენთუზიაზმით და ერთიანობით არ გამოირჩევა ოპოზიცია, როცა საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დიდ ნაწილს მართლაც სურს რომ პრეზიდენტი აირჩიოს პირდაპირი გზით, თუმცა ასევე მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია შეინარჩუნოს შერეული საპარლამენტო სისტემა, მაშასადამე მაჟორიტარი დეპუტატები. ხალხის სურვილი, პირდაპირი წესით აირჩიოს პრეზიდენტი და ჰყავდეს მაჟორიტარები, მიუთითებს იმაზე რომ მოსახლეობა ცდილობს დაიტოვოს პოლიტიკაზე ზეგავლენის ინსტრუმენტები, რადგან თანამედროვე პოლიტიკური სისტემები მიისწრაფვის ტექნოკრატიული მმართველობისკენ. პოლიტიკური სისტემების ამგვარ ტრაექტორიას საქართველოს შემთხვევაში პოლიტიკის პერიფერიულობა კიდევ უფრო მწვავე ფორმებს სძენს. ამას ემატება,  ადგილობრივი მმართველობის სისუსტე საქართველოში, რა დროსაც მოქალაქეები ცდილობენ საკუთარი პრობლემების მოგავრების მიზნით მაჟორიტარებს მიმართონ, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების მაღალ ინსტანციასთან ასოცირდებიან.

ბუნებრივი ბარიერის შესახებ

ზოგადად, საარჩევნო ბარიერის მიღებული საერთაშორისო სტანდარტია 2%, 3% ან 5%, თუმცა ცხადია არსებობს ქვეყნები, სადაც ბარიერი გაცილებით მეტია და ასევე დივერსიფიცირებულია, ანუ განსხვავებული საარჩევნო ბარიერია დაწესებული პარტიებისა და ბლოკებისათვის. ასევე, არსებობენ ქვეყნები, სადაც ბუნებრივი ბარიერის სისტემა მოქმედებს, ასეთებია მაგალითად ნიდერლანდები, პორტუგალია, ფინეთი, სამხრეთ აფრიკა და მაკედონია. მაგალითად, ნიდერლანდებში ბუნებრივი ბარიერია 0.67% (100% გაყოფილი 150 საპარლამენტო მანდატზე).

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან მიღწევის კონსენსუსით მიზნით შესაძლოა ერთ-ერთ წინადადებად ბუნებრივი ბარიერის სიტემის შემოღება დაასახელოს. ასეთი ბარიერის შემთხვევაში, საპარლამენტო მანდატს მოიპოვებს პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა 1.3%-ი (100% გაყოფილი 77 მანდატზე პროპორციული სიით). თუკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითს დავაკვირდებით, ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტში საპარლამენტო მანდატს მიიღებდა 8 პოლიტიკური პარტია.

ერთი შეხედვით, ბუნებრივი ბარიერის სისტემის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი მეთოდის გამოყენებით პარლამენტი ხდება პარტიულად მრავალფეროვანი და იდეოლოგიურად პოლარიზებული. ცხადია, ეს თავის მხრივ, ხელს შუწყობს საპარლამენტო ცხოვრებაში პოლემიკისა და დებატების პრაქტიკის გამდიდრებას. თუმცა, მეორეს მხრივ ასეთი სისტემის ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში პარტიული სისტემის კრიზისის ფონზე (იდეოლოგიური პლატფორმის არ არსებობა, პარტიული ცხოვრების სიღარიბე, პოლიტიკური პროგრამების სისუსტე და ა.შ.) მცირე პარტიების წარმოდგენა პარლამენტში ვერ გაზრდის ვერც საპარალამენტო ცხოვრების ხარისხს და ვერც იმის გარანტია შეიქმნება, რომ მცირე პარტიები რომელიმე სოციალური ფენის რეპრეზენტაციას მოახდენენ საპარლამენტო სივრცეში.

რამდენად შეთანხმდება ქართული ოცნება და ოპოზიცია “ბუნებრივი ბარიერის” სისტემის შემოღებაზე რთული სათქმელია რადგან მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები ასეთ მეთოდზე უარს ამბობენ. გამომდინარე აქედან, თითქოს მიმზიდველი წინადადება შესაძლოა საერთოდ არ გახდეს კონსენსუსის მიღწევის საშუალება თუ ინსტრუმენტი.

ქართული პოლიტიკის პერვერსიული ბუნება

ქართული პოლიტიკის როგორც პერვერსიული, ასევე გროტესკული გამოხატულების მაგალითია ის, რომ კონსენსუსს ითხოვენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გააჩნიათ უკიდურესად სუსტი ან საერთოდ არ გააჩნიათ რაიმე საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მცირე პარტიები, რომლებიც კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე ამბიციურად და ხმამაღლა საუბრობენ, პრაქტიკულად არ წარმოადგენენ საზოგადოების არც ერთ ფენას. ამიტომ, გროტესკულია ის, რომ ასეთი პარტიები, რომლებიც მხოლოდ ერთ ინდივიდთან არიან ასოცირებულნი ითხოვენ კონსენსუსს და კომპრომისს ხელისუფლებისგან.

ქართული პოლიტიკის პერვერსიულობაზე მეტყველებს ისიც, რომ ზოგიერთი მცირე პარტია, რომელსაც საერთოდ არა აქვს რეპუტაცია და აღიარება საზოგადოებაში, იღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. იდეაში, დაფინანსების მიზანია მათი პარტიული საქმიანობის, პროგრამისა და ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა. თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პარტიების ვერც ორგანიზაციულ განვითარებას და ვერც ფართო რეპრეზენტაციის მცდელობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იღებენ მსხვილ დაფინანსებას, ისეთი პარტიებისათვის, რომლებიც არ ვითარდებიან და არ წარმოადგენენ საზოგადოების არც ერთ ფენას ნებიმისმიერი დაფინანსების მიცემა ვერ უწყობს ხელს პარტიული ცხოვრების განვითარებას.

დასკვნის მაგიერ

საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესი საკმაოდ რთული ამოცანა გახდა თანამედროვე ქართული პოლიტიკური ელიტებისთვის და ზოგადად ქვეყნისათვის. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში დაუსრულებელმა პროცედურულმა საკითხებმა და ხშირად უშინაარსო დებატებმა საზოგადოებაში შესაძლოა აამაღლოს პოლიტიკური ნიჰილიზმი და უნდობლობა ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ. ასევე, როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის ეკლექტურმა პოზიციებმა საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი შეიყვანა ერთგვარ ჩიხში, სადაც კონსენსუსის მიღწევის შეუძლებლობა კიდევ უფრო  გაღრმავდა. პროცესის სირთულეს ასევე უშლის ხელს სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ჯგუფის უცნაური ჩართულობა, რომელიც ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის ინტერნალიზაციას ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. თუმცა, სამოქალაქო ელიტების როლს სხვა სტატიებში შევეხები.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.


მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

22 August 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

22 August 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

22 August 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

22 August 2017

უპარტიო “დემოკრატია”

22 August 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

22 August 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

22 August 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

22 August 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

22 August 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

22 August 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

22 August 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

22 August 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

22 August 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

22 August 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

22 August 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

22 August 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

22 August 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

22 August 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

22 August 2017