25 August 2017
  • 774 ნახვა

რეგიონული პოლიტიკის აუცილებლობა

რატომ ვერ ვითარდება საქართველოს რეგიონები


საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინკლუზიური განვითარება მიიჩნევა. ანუ, ეკონომიკის ზრდის შედეგად მიღებული სარგებელი არათანაბრად ნაწილდება საზოგადოებაში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა დედაქალაქისა და რეგიონებში ბიზნეს აქტივობების შედარებისას. თბილისი არის ქვეყნის როგორც პოლიტიკური ისე ფინანსური ცენტრი, ამასთან არის ყველაზე მხარჯავი და მაღალი მოხმარების სუბიექტი, შედეგად უცხოური ინვესტიციებისა თუ ახალი ბიზნესების უმრავლესობა საქართველოს დედაქალაქზე მოდის, მაშინ როდესაც რეგიონებში განვითარება მცირე დოზით აღწევს. შედეგად, ქვეყნის პერიფერიებში სოციალური ფონი ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე თბილისში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ინკლუზიური განვითარება იყო, ამის პარალელურად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში სივრცითი მოწყობა სწორედ რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას ისახავს მიზნად.

 

სივრცითი მოწყობის მთავარი მიზანია, ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ინკლუზიური ანუ საყოველთაო ეკონომიკური ზრდის საფუძველზე. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დიდწილადაა დამოკიდებული არა მარტო საერთო ეროვნული, არამედ რეგიონული განვითარების პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ძლიერ და კონკურენტუნარიან რეგიონებზე. წარმატებულ ქვეყნებში რეგიონული განვითარება განიხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთო ეროვნული წარმატების მისაღწევად.

 

ახლახან მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, 2017 წელს რეგიონებში მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ კაპიტალური დანახარჯები ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით გაზრდილია.

 

 „მომავალი წლიდან ჩვენ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს ვგეგმავთ. 2018 წლის მეორე კვარტლიდან სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ეს არ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის ნამდვილად რეალობა, რომელსაც ვგეგმავთ. ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება და ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

რეგიონული უთანასწორობა

დღეისათვის საქართველოში რეგიონებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი დისბალანსი, რაც უმეტესწილად გამოიხატება ქალაქ თბილისსა (მის შემოგარენს) და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის ეკონომიკური უთანასწორობით. ამის ნათლად აჩვენებს სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლები დაწყებული ინვესტიციებით, საშუალო ანაზღაურების ოდენობით დამთავრებული. შემნილ სიტუაციაზე ნათელი წარმოსახვის შესაქმნელად განვიხილოთ ეს მონაცემები თანმიმდევრულად.

 

თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგიონების მიხედვით გადანაწილებას გადავხედავთ, ვნახავთ რომ ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული მთელი FDI-ის (9,4 მლრდ. აშშ დოლარი) 73,6% თბილისზე მოდის, რაც  6,9 მლრდ. დოლარს შეადგენს. ანუ, მთლიანი FDI-ის ¾ საქართველოს დედაქალაქში იდება. მეორე-მესამე ადგილებს უცხოური ინვესტიციების ოდენობით 2009-2016 წლებში აჭარა და სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია იკავებს, შესაბამისად 875 მლნ. (მთელი FDI-ის 9%) და 500 მლნ. (5%) დოლარით. გამოდის რომ სხვა ყველა დარჩენილ რეგიონზე მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12% მოდის.

 

 მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მთელი FDI-ის ¾-ს ისრუტავს საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მაღალია უმუშევრობის დონე და ის 22%-ს (2016 წ. წყარო „საქსტატი“) შეადგენს. თბილისის შემდგომ დასაქმების პრობლემა ყველაზე მწვავედ აჭარაში დგას, სადაც უმუშევრობა 13%-ს უტოლდება. საყურადღებოა, რომ ორ უცხოელ ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველ რეგიონებში უმუშევრობა ყველაზე მაღალია და ორჯერ და მეტჯერ აღემატება კახეთს, სადაც შიდა ქართლის მერე, ყველაზე ცოტა FDI-ი განხორციელდა 52 მლნ. დოლარი, რაც მთლიანი მაჩვენებლის 0,5%-ია. თუ დასაქმების მაჩვენებელს გადავხედავთ, წინა წლებში რეგიონების ჭრილში იგივე ტენდენცია იყო რაც 2016 წელს.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (ათასი აშშ დოლარი) და უმუშვრობა (%) რეგიონების მიხედვით

რეგიონი

FDI 2009 - 2016 წ.

უმუშევრობა 2016 წ.

სულ საქართველოში

9,411,899

11,8%

ქ. თბილისი

6,929,509

22%

აჭარა

875,260

13%

სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია

500,290

10%

ქვემო ქართლი

473,133

8,6%

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

301,774

10,8%

სამცხე-ჯავახეთი

250,797

???

კახეთი

52,327

5,4%

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

28,806

9,2%

 

საქართველოს შრომის ბაზარზე მთავარი რეგიონული განსხვავება ქალაქ თბილისსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის არსებობს, თუმცა სხვადასხვა რეგიონებს შორისაც არის გარკვეული სხვაობები (მაგ., აჭარაში, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის დეფიციტია, უმუშევრობის დონე ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ქვემო ქართლში). აღნიშნული რეგიონული სხვაობების აშკარა ახსნა სხვადასხვა რეგიონის ურბანულ და სოფლის მახასიათებლებში შეგვიძლია ვეძებოთ. ოფიციალური უმუშევრობა გაცილებით უფრო დაბალია სოფლის, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. ეს სხვაობა დაახლოებით 20%-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ სოფლად დასაქმებულთა დიდი წილი თვითდასაქმებულ ფერმერებზე მოდის.

 

დასაქმების ოფიციალური სტატისტიკას რომ ნაკლოვანებები გააჩნია ამას სიღარიბის მაჩვენებელიც ნათლად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უმუშევრობა ყველაზე მაღალია რეგიონებში და ზოგადად ქალაქში დასაქმებულთა პროცენტული მაჩვნებელი უარესია ვიდრე სოფლად, სიღარიბის მაჩვენებელი აბსოლუტურად საპირისპიროა. ანუ, სოფლად სიღაღიბე უფრო მაღალია ვიდრე ქალაქად. თუ 2004 წელს საქართველოში სიღარიბის ზრღვარს მიღმა მოსახლეობის 32% იყო (ქალაქი - 32%; სოფელი - 33%) 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 21%-მდე შემცირდა, თუმცა უმეტესწილად ქალაქად მდგომარეობის გამოწორების შედეგად. ასე მაგალითად, გასულ წლის მონაცემებით სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი ქალაქად - 16,9%-ს შეადგენდა, ხოლო სოფლად 25%-ს.

 

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (%)*

წელი

ქალაქი

სოფელი

საქართველო

2004

32.0

33.1

32.6

2005

34.8

31.6

33.2

2006

37.2

32.4

34.7

2007

35.4

39.4

37.4

2008

29.9

36.9

33.4

2009

31.2

35.8

33.5

2010

31.3

40.9

36.1

2011

29.3

35.6

32.5

2012

24.4

33.0

28.9

2013

19.9

31.1

25.6

2014

17.3

27.2

22.4

2015**

16.7

24.7

20.8

2016

16.9

25.5

21.3

* წინასწარი მონაცემები

 

 

** სიღარიბის ზღვრის გაანგარიშების საბაზისო წელი

წყარო: საქსტატი

 

 

რა თქმა უნდა სიღარიბე უმეტესწილად გამოწვეულია უმუშევრობით, თუმცა ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს თვითდასაქმებულთა დაბალი შემოსავლები, რადგან როგორც მონაცემებიდან ჩანს რეგიონებში არსებული დაბალი უმუშევრობის მიუხედავად სოციალური ფონი კვლავ მძიმეა. ბოლო წლებში, სიღარიბის მაჩვენებლის გამოსწორება უმეტესწილად თბილისის ხარჯზე მოხდა, სადაც მიუხედავად 22%-იანი უმუშევრობისა სოციალური დახმარების მთხოვნელთა რიცხში დაბალია, სხვა რეგიონებთან შედარებით.

 

დღესდღეობით, ქვეყანაში ღარიბთა დაახლოებით 2/3 სოფლად ცხოვრობს. ქალაქ თბილისსა და სამცხე- ჯავახეთზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველაზე ნაკლები წილი მოდის, ხოლო შიდა ქართლზე – ყველაზე დიდი. ქალაქ თბილისში საარსებო შემწეობას პროცენტულად ყველაზე ნაკლები ოჯახი იღებს, შემდეგ მოდის სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და აჭარა. რეგისტრირებულ ღარიბთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად, მთიან და ეკონომიკურად სუსტ მცხეთა-მთიანეთზე მოდის, ასევე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე.


 


თბილისის უპირატესობა რეგიონების მიმართ თითქმის ყველა ეკონომიკურ კომპონენტში გამოიხატება. მათ შორის, დედაქალაქში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ორჯერ და მეტჯერ აღემატება პერიფერიებში მომუშავეთა საშუალო ანაზღაურებას. ამასთან თბილისში საშუალო ხელფასის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოში.

 

დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება რეგიონების მიხედვით (ლარი), 2017 წლის I კვარტალი

 

საქართველო სულ

1,024.0

თბილისი

1,137.3

აჭარის  ა.რ.

941.4

გურია

580.7

იმერეთი

660.9

კახეთი

622.9

მცხეთა-მთიანეთი

918.9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

462.0

სამეგრელო-ზემო სვანეთი

839.4

სამცხე-ჯავახეთი

631.3

ქვემო ქართლი

882.9

შიდა ქართლი

649.6

 

რაც შეეხება ბიზნეს აქტივობას, ამ მხრივაც საქართველოს დედაქალაქი წამყვან პოზიციას იკავებს ქვეყნის რეგიონებს შორის. 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აქტიური ბიზნეს-სუბიექტების 43% თბილისში ოპერირებს.


 

ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის სიმრავლე აისახება კიდეც მეწარმეების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულების (დღგ) ოდენობაზე. სტატისტიკის (უახლესი ხელმისაწვდომი) თანახმად ქვეყანაში შექმნილი დღგ-ს 49%, თითქმის ნახევარი სწორედაც რომ თბილისზე მოდის. მაშინ, როცა გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე შესაბამისად 2,3% და 2,8%-ი მოდის.

 

მთლიანი დამატებული ღირებულების განაწილება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (მიმდინარე ფასებში, მლნ. ლარი)  2015 წ.

 

კახეთი

1,519.9

თბილისი

13,450.9

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

1,592.5

ქვემო ქართლი

2,346.8

სამცხე-ჯავახეთი

780.2

აჭარა

2,194.3

გურია

648.2

სამეგრელო-ზემო სვანეთი

1,995.1

იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

2,940.5

მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზისო ფასებში

27,468.4

(+) გადასახადები პროდუქციაზე

4,445.4

(-) სუბსიდიები პროდუქციაზე

158.3

მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში

31,755.6

 

დასკვნა და რეკომენდაციები

მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო წლებში ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას უთმობს რეგიონებს და იქ ეკონომიკური საქმიანობის წახალისება, საგრძნობი გაუმჯობესება ჯერ არ მომხდარა. სახელმწიფოს მიერ რეგიონების განვითარებისთვის განხორციელებული პროგრამებიდან აღსანიშნავია, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტები, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მეწარმეობის ხელშეწყობა და „მთის კანონით“ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების პროგრამები. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ რეგიონებში სოციალური ფონი არ ამაღლდა, მოსახლეობის მიგრაციას მცირე დოზით გაცემული სოციალური დახმარებები ვერ შეაჩერებს. ასე მაგალითად, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარებების მიუხედავად, როგორიც იყო უფასო ხვნა-თესვა და სხვა, ამ სფეროში მდგომარეობა მხოლოდ მცირედით გამოსწორდა. ამიტომ ხელისუფლებას რეგიონების განვითარების უფრო სპეციალიზებული გეგმის შემუშავება მართებს სადაც კარგად იქნება გაანალიზებული თუ რა სფეროებს და წარმოების რა ნაწილში სჭირდებათ დახმარება. ანუ, თუ უმეტესად ხდებოდა პროდუქციის მოყვანის ხელშეწყობა, ხომ არ ჯობია, რომ მთავრობა კონცენტრირდეს გადამამუშავებელი წარმოების განვითარებაზე უფრო მეტად, ვიდრე ხვნა-თესვის სუბსიდირებაზე. შესაბამისად, ფერმერები, რომლებიც დაინახავენ, რომ აქვთ პროდუქციის გაყიდვის საშუალება თავად იქნებიან დაინტერესებულნი პროდუქტის მოყვანაში.

 

აქვე აღსანიშნავია, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაც, რომელიც ორიენტირებულია სწორედ რეგიონებში, როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის მხადაჭერაზე. თუმცა ამ პროგრამის ბიუჯეტი მცირეა და ვერ ხდება მასშტაბური მიზნების მიღწევა. პროგრამის არსებობის სამი წლის მანძილზე სულ 50 მილიონ ლარზე ცოტა მეტი დაიხარჯა მეწარმეობის მხარდასაჭერად.

 

რეგიონების დაბალი განვითარების ერთ-ერთ მიზაზად ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დაოუკიდებლობის არ არსებობა სახელდება. ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლებში საკუთარი შემოსავლების ხვედრითი წილი ჯერაც ძალზე დაბალია, რაც ამცირებს, როგორც მათი საბიუჯეტო დამოუკიდებლობის ხარისხს, ასევე, მიწოდებული საზოგადოებრივი მომსახურებების ხარისხს. თავის მხრივ, გამოთანაბრების ახალმა სისტემამ ვერ შეძლო 2008 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართვის შედეგად შემცირებული შემოსავლების ეფექტიანად კომპენსირება. შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლებები დიდწილად ცენტრალურ მთავრობაზე არიან დამოკიდებული და შეზღუდულნი არიან ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში.

 

ბოლოსკენ კი უნდა ითქვას, რომ რეგიონული თვითმმართველობები უფრო მჭიდროდ უნდა იყონ ჩართული ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის გაზრდაში. როდესაც საუბარია რამდენიმე უცხოურ ქვეყანაში ეკონომიკური ატაშეების დანიშვნაზე, რომლებიც საქართველოს ექპორტის განვითარებაში უნდა დაეხმარნონ. კარგი იქნებოდა „ეკონომიკური ატაშეები“ ჯერ საკუთარ რეგიონებში შეგვექმნა, რომლებიც პირველ რიგში ბიზნესს პროდუქტის შექმნაში დაეხმარებოდნენ. თუ  ადგილზე არ გვექნება პროდუქტი, რის ექსპორტს განვახორციელებთ უცნობია. გასაგებია, ის პოზიციაც, რომ რეგიონებში კვალიფიკაციის ნაკლებობაა და ამიტომ ცენტრალური მთავრობა არ აძლევს თვითმმართველობებს უფრო მეტ უფლებებს, მაგრამ ჯობია ადგილობრივი ნაკლებკვალიფიციური კადრი წყვეტდეს მის რეგიონში გასაკეთებელი საქმეების პრიორიტეტიზაციას, ვიდრე თბილისიდან კვალიფიციური ჩინოვნიკი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელაც არაა ნამყოფი იმ ქალაქსა თუ სოფელში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებებს იღებს. უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია რეგიონული თვითმმართველობების ეკონომიკური სამსახურების რეფორმირება, რომლებიც დღეისათვის ფაქტობრივად უფუნქციოდ არიან. საჭიროა, ამ სამსახურებმა მეტი აქტიურობა გამოიჩინონ რაიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის და შესაბამისად ადგილობრივი მეწარმეების დახმარებისთვის ლოკალურ დონეზე სხვადასხვა პროგრამების შემუშავება. მათ შორის შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალიური ინფორმაციების მიცემა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ “აწარმოე საქართველოსა” და მსგავსი ტიპის პროგრამებში. თუ საჭირო გახდება რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მაღალი ანაზღაურებაც უნდა შესთავაზონ კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე იქნებიან კონცენტრირებულნი.



დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

როგორი არ უნდა იყოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამა

25 August 2017

ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად

25 August 2017

ბიუჯეტს შიდა ვალი საგარეოზე 4-ჯერ ძვირი უჯდება

25 August 2017