29 August 2017
  • 1789 ნახვა

საბავშვო ბაღების პრობლემები და სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკა

ფოტოზე: მოზაიკა თბილისის N1 ბაგა-ბაღის ეზოში

წყარო: https://goo.gl/Wn11rH                  

სკოლამდელი განათლება რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებასა და სასკოლო მზაობაში, ამაზე გლობალურად სულ უფრო და უფრო მზარდი შეთანხმება არსებობს, როგორც განათლების სპეციალისტებს, ისე - განათლების პოლიტიკის შემქმნელებს შორის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სულ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა იმის შესახებ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს ადრეული სწავლება ბავშვის განვითარებაზე და მის შემდგომ ცხოვრებაზე, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსეპექტივაში: მის მიღწევებზე განათლების მიღების სფეროში, შემოსავლის რაოდენობაზე და შესაბამისად - ქვეყანაში საშუალო კლასის გაძლიერებაზე, აგრეთვე, კრიმინალური ქცევისა და დანაშაულის შემცირებაზე.

დღეისათვის, მრავალ ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ბავშვთა უთანასწორო განვითარებაა.  ამ უკანასკნელ წინადადებაში - ბავშვთა უთანასწორო განვითარება - იგულისხმება მნიშვნელოვანი განსხვავება ბავშვთა სასკოლო მზაობასა თუ იმ მიღწევებში, რაც არსებობს მაღალ და დაბალ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახებს შორის, რაც თავის მხრივ, ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე, სხვადასხვა სახის უთანასწორობას წარმოქმნის. სწორედ ამიტომ, ეფექტური სკოლამდელი განათლების პროგრამებში სახელმწიფო დანახარჯების ზრდა მოიაზრება ინვესტიციად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან სარგებელს მოიტანს, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით კი, სკოლამდელი განათლების პოლიტიკის ეფექტური მოდელი ეყრდნობა სამ მთავარ ღირებულებით კომპონენტს: მცირე რაოდენობის აღსაზრდელები ჯგუფებში, უწყვეტ განათლებაში ჩართული განათლებული პედაგოგები, და  ამ პედაგოგთა ადეკვატური ანაზღაურება.   

საქართველოს საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების მაგალითზე თითოეულ კომპონენტს ქვემოთ განვიხილავთ.

1. პედაგოგთა თანაფარდობა აღსაზრდელებთან - გადავსებული ჯგუფები

2017 წლის სექტემბრიდან, თბილისში 171 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება იფუნქციონირებს, სადაც ჯამში 60 000-მდე აღსაზრდელს მიიღებენ. თითოეულ ბაღში, როგორც წესი, 5-დან 20-მდე ჯგუფია, ხოლო ჯგუფში კი - 30-ზე ბევრად მეტი აღსაზრდელი - რიგ შემთხვევებში, მათი რიცხვი 40-საც აღწევს. ჯგუფების გადატვირთულობის მხრივ, რეგიონებშიც რთული სიტუაციაა - როგორც გაეროს ბავშვთა ფონდში და არასამთავრობო ორგანიზაცია “კარიტასმა” გამოიკვლია, არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ რაიონში თითოეულ ჯგუფში 55 ან 60 ბავშვია.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც პირველად 2016 წლის ივნისში მიიღეს - საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობა 2020 წლისათვის, სამ წლამდე ასაკის ჯგუფში არ შეიძლება აღემატებოდეს 25 ბავშვს, ხოლო ოთხ და ხუთ წლამდე ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში - 30 ბავშვს.

თითოეულ ჯგუფში ბავშვთა ეს რაოდენობა ოპტიმალური სულაც არ არის, თუმცა მოცემულ მომენტთან შედარებით ოდნავ უკეთესი ალტერნატივაა. დღეისათვის, გადავსებული ჯგუფები ერთ-ერთ ფუნდამენტურად პრობლემად რჩება: ასეთ ჯგუფებში, თუ აღმზრდელთა რაოდენობა საკმარისი არ არის, სათანადო ყურადღება ვერ ექცევა თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა თუ საჭიროებებს; ასევე შეუძლებელი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპების უზრუნველყოფა, როგორიც არის ინკლუზიური განათლება და ბავშვთა ინტერესებზე მორგებული პრაქტიკა.

2.  სკოლამდელი აღზრდის საყოველთაო ხელმისაწვდომობა

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი, ხარისხიანი და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისათვის, უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა: “სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისათვის.” ეს ჩანაწერი ადგილობრივ თვითმმართველობებს ავალდებულებს, მშობლის  სურვილის  შემთხვევაში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ნებისმიერ შემთხვევაში დააკმაყოფილონ და საბავშვო ბაღში დაარეგისტრირონ. თუმცა, რეგიონებში არსებული პრაქტიკის დახასიათებისას, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ოლღა მუსხელიშვილი აცხადებს, რომ ამ უფლებრივი პრინციპის შესახებ ხშირად მშობელთათვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის პრინციპით არ სარგებლობენ.

ბოლო წლებში, ხელმისაწვდომობის პრინციპი, თბილისის მასშტაბით განსაკუთრებით პრობლემატური იყო. ამის შედეგად, 10 000-ობით აღსაზრდელი რჩებოდა საბავშვო ბაღს მიღმა. ამის მიზეზი კი არა მხოლოდ რეგისტრაციის სისტემის ტექნიკური გაუმართაობა იყო, არამედ ისიც, რომ ბაღებში ბავშვთათვის არ არის საკმარისი ადგილები.  

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ბავშვთა რაოდენობა 61 766-ს შეადგენდა. ამათგან კი, როგორც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ჩანს, 58 732 (რაც მთლიანი რიცხვის 95%-ს შეადგენს) ბავშვი დარეგისტრირდა საჯარო ბაღებში. თუმცა, ვინაიდან, რეგისტრირებულ აღსაზრდელებში მოიაზრებიან როგორც თბილისში მუდმივად რეგისტრირებული ბავშვები, ასევე დროებით მცხოვრები მშობელთა შვილებიც; რეალურად კი თბილისში მცოვრებ აღსაზრდელთა რაოდენობა იუსტიციის სამინისტროს მონაცემებს აჭარბებს, და შესაბამისად, მათი საბავშვო ბაღებში ადგილებით უზრუნველყოფა ვერ განისაზღვება 95%-იანი მაჩვენებლით.

წლები

აღსაზრდელთა რაოდენობა

2014

52 226

2015

56 150

2016

58 732

2017 (ივნისის ბოლო)

59 821

რეგისტრირებულ აღსაზრდელთა მონაცემები წლების მიხედვით

წყარო: თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

თბილისში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის პოლიტიკას ახორციელებს არასამეწარმეო და არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ), თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. სააგენტოს დამფუძნებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ის მერიის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონი ლარით ფინანსდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა არასაკმარისი ადგილების მიზეზად, 2005-2007 წლებში  50-მდე საჯარო ბაღის დახურვას მიიჩნევს, რომელთა ნაწილი დაექვემდებარა პრივატიზაციას, ზოგში დევნილები ცხოვრობენ, ზოგიერთი კი (მაგ; ჩუღურეთის რაიონი, კიევის  ქუჩა 2, 132-ე საჯარო ბაგა-ბაღი) გადაკეთდა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისად.


ქვეყნაში გააქტიურებული შიდა მიგრაციასა და თბილისის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, რის შედეგადაც შიდა მიგრანტთა რაოდენობამ 2014 წლისთვის მთლიანი მოსახლეობის 28.5%-ს მიაღწია, კიდევ უფრო აქტუალური გახდა ბაღებში არასაკმარისი ადგილების საკითხი. ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შიდა მიგრანტთა მთლიანი რაოდენობის 33% დედაქალაქში ცხოვრობს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტების საშუალებით, თბილისში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა დაახლოებით 20-ით გაიზარდა: თუ 2013 წელს, 156 ბაღი ფუნქციონირებდა, 2017 წლის სექტემბრიდან მათი რიცხვი 171-ს აღწევს, ხოლო ახალი გახსნილი ჯგუფების რაოდენობა 100-ზე მეტია. შედეგად, მხოლოდ მიმდინარე სააღმზრდელო წელს, ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელთათვის 7 595-ზე მეტი ახალი ადგილი იქნება ხელმისაწვდომი. სწრაფად ვითარდება ინფრასტრუქტურა რეგიონებშიც. თუმცა, მიუხედავად, საბავშვო ბაღებში ახალი ადგილების შექმნის ზრდადი ტენდენციისა, მაგალითად თბილისში, სააგენტო ვერ ახერხებს პრობლემის სრულ აღმოფხვრას, ვინაიდან იგი არ ფლობს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ადგილია საჭირო საკითხის მოგვარებისათვის. ეს იმიტომ, რომ სააგენტოს არ აქვს კონკრეტული და ყოველწლიურად განახლებადი მონაცემები თბილისში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შესახებ - ინფორმაცია არსებობს მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი. ეს ვითარება კი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაღების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, შეუძლებელს ხდის მოსალოდნელი არასაკმარისი ადგილების წინასწარ განჭვრეტას.

სკოლამდელ განათლებაში ჩართულობის მხრივ, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, გაეროს ბავშვთა ფონდის 2015 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, ამგვარი ვითარებაა: 2015 წლისათვის, საქართველოში საჯარო ბაღებში დასწრების მაჩვენებელი 3-დან 5 წლამდე ბავშვებს შორის 60%-ით განისაზღვრა, რაც 8%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანი განსხვავებებია საბავშვო ბაღში დასწრების მხრივ, სოფლისა და ქალაქის, ასევე მდიდარი და ღარიბი ოჯახის ბავშვებს შორის. თუ ქალაქში მცხოვრებ ბავშვთა 67.6% დადის საბავშვო ბაღებში, სოფელში ეს მაჩვენებელი 55.1%-ია. ასევე, ბავშვები მდიდარი ოჯახებიდან უფრო მეტად ერთვებიან სკოლამდელ აღზრდაში (70%), ვიდრე ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან (51%).

3. საბავშვო ბაღების აღმზრდელთა შრომითი ანაზღაურება

2016 წლიდან, საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, განასხვავებს აღმზრდელ-პედაგოგებსა და აღმზრდელებს. აღმზრდელ-პედაგოგი იქნება პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას განახორციელებს, და მისი პროფესიული სტანდარდი საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაამტკიცოს. ხოლო - აღმზრდელი, იქნება პირი, რომელიც აღმზრდელ-პედაგოგს დაეხმარება და სააღმზრდელო ფუნქციებს განახორციელებს. თუმცა, ღია და პრობლემატურ საკითხად რჩება ის, თუ როგორ უნდა მოხდეს სტატუსობრივი ცვლილება, და რა მექანიზმებით შეიძლება ამჟამინდელი სტატუსები ჩანაცვლდეს ზემოთხსენებული ახალი სტატუსებით: ვის მიენიჭება აღმზრდელ-პედაგოგისა და აღმზრდელის  სტატუსები და რის საფუძველზე.

თბილისის ბაგა ბაღებში საშტატო საკითხს ბაღის დირექტორი სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს. თბილისის ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგთა დაახლოებით 1500 შტატია, ხოლო დარიცხული ანაზღაურება მთლიან შტატზე, ანუ სრულ განაკვეთზე, შეადგენს 660 ლარს. სრულ განაკვეთზე კი აღმზრდელ-პედაგოგთა მხოლოდ 20% მუშაობს. შტატები იყოფა  დილის და მეორე ცვლის პრინციპით. დილის ცვლის შრომითი ანაზღაურება მთლიანი საშტატო ანაზღაურების 2/3-ს, ანუ 440 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე ცვლის ანაზღაურება - 1/3-ს, ანუ დაახლოებით 220 ლარს.

რაც შეეხება აღმზდელთა თანაშემწეებს, მათი ანაზღაურება მთლიან შტატზე 550 ლარია. მათი საშტატო ერთეულებიც იყოფა დილის და მეორე ცვლის პრინციპით და ანაზღაურება თითოეულ ცვლაში 275 ლარს შეადგენს.

პოზიცია

დასაქმებულთა   რაოდენობა

სრული განაკვეთზე დასაქმებულთა  რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო (დარიცხული)

არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო (დარიცხული

აღმზრდელი

2277

776

660 ლარი

1501

0.67(განაკვეთი) 442.20 ლარი

0.33 (განაკვეთი) 217.80 ლარი

აღმზრდელის თანაშემწე

1833

1180

550 ლარი

653

275 ლარი

აღმზრდელთა შრომითი ანაზღაურება საშტატო ერთეულების მიხედვით

წყარო: თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

აღმზრდელთა და  თანაშემწეთა ხელფასები სრული განაკვეთის შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში 45%-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 54%-ით ჩამოუვარდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის მაჩვენებელს.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული ანაზღაურება თბილისის მასშტაბით, 2016 წლის თებერვლიდან 10%-ით არის გაზრდილი და ასახავს მხოლოდ ქალაქ თბილისში არსებული საბავშვო ბაღების  მდგომარეობას. შესაბამისად, მასში არ მოიაზრება საქართველოს რეგიონების საბავშვო ბაღები. რეგიონის ბაღებში აღმზრდელთა სახელფასო განაკვეთების განსაზღვრის პრეროგატივა ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობას და როგორც წესი, თბილისის საბავშვო ბაღებთან შედარებით, იქ ბევრად დაბალი ანაზღაურება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ აქამდე არ იყო განსაზღვრული საბავშვო ბაღის აღმზრდელთა შრომის მინიმალური საბაზისო ანაზღაურება, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას ფლებამოსილებას ანიჭებდა, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით განესაზღვრა აღმზრდელის შრომის ანაზღაურება (თუნდაც 150 ლარით). მნიშვნელოვანია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ 2016 წელს მიღებულ კანონში ჩაიწერა, რომ აღმზრდელ-პედაგოგთა შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობა უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. აქედან გამომდინარე, 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ოდენობას. რაც შეეხება აღმზრდელის სტატუსის მქონე პირების საბაზისო ანაზღაურებას, ამაზე კანონში ჩანაწერი არ არის.

4. აღმზრდელთა კვალიფიკაცია


ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აღმზრდელთა კვალიფიკაციასა და კომპეტენციებთან დაკავშირებული საკითხები რჩება. აღმზრდელთა კვალიფიკაციაზე საუბრისას, არსებული პრაქტიკის დეტალურ დახასიათებას  სხვადასხვაგვარ პრობლემასთან მივყავართ, ესენია: შესაბამისი პედაგოგიური კვალიფიკაციის არ არსებობა, ბავშვის ინტერესების ნაცვლად მასწავლებელზე მორგებული პრაქტიკა და ა.შ. ამ პროლემების საფუძვლებზე საუბრისას, სკოლამდელი განათლების სპეციალისტები მიუთითებენ სკოლამდელი განათლების აღმზრდელთათვის სპეციალური უმაღლესი კვალიფიკაციის არ არსებობასა და მისი დამკვიდრების აუცილებლობაზე.

პრობლემა აქ ისაა, რომ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც ქვეყანაში არსებულ ყველა კვალიფიკაციის გამაერთიანებელი დოკუმენტია, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს და აყალიბებს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს პირს ატესტატის, პროფესიული დიპლომის, თუ დიპლომის მისაღებად?. მოცემულ მომენტში დოკუმენტი არ ითვალისწინებს და შესაბამისად, არ აღიარებს სკოლამდელი განათლების პედაგოგის უმაღლეს კვალიფიკაციას. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების სპეციალისტები აღიარებენ სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთა სასწავლო პროგრამის აუცილებლობას და ასევე რიგი უნივერსიტეტებისა  გამოთქვამენ მზადყოფნას განავითარონ შესაბამისი უმაღლესი კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სასწავლო პროგრამა, მაგრამ მათ ამის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.

5. ბაგა-ბაღების მართვის სტანდარტი

საქართველოში, დღეისათვის არ არსებობს დადგენილი სტანდარტი, თუ როგორ უნდა იმართებოდეს საბავშვო ბაღები. რა უნდა ისწავლებოდეს და რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი მისი დამთავრების შემდეგ. მოცემული მომენტისათვის, მსგავსი საკითხები მუნიციპალიტეტების დონეზე წყდება.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ სტანდარტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით უნდა დაამტკიცოს საქართველოს მთავრობამ. ცენტრალური მთავრობის მიერ პროფესიული სტანდარტის დამტკიცება უნდა მოხდეს 2017 წლის 1 ოქტომბრამდე. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოებმაც უნდა მიიღონ ნორმატიული აქტი, დაწესებულების ზოგადი პროფესიული სტანდარტების შესახებ. ამავე პერიოდში, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული და ჰიგიენა-კვების სტანდარტების დამტკიცება. მინისტრთა კაბინეტმა, ასევე, უნდა დაამტკიცოს ბაღების ავტორიზაციის წესი.


როგორც გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე ამბობს:


კანონის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე, გათვალისწინებულია განათლების, კვების, სანიტარია-ჰიგიენის და ინფრასტრუქტურის ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცება ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებში. აღნიშნული სტანდარტები სავალდებულო იქნება ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებისათვის საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ხარისხის გარკვეული სტანდარტები (მაგ. ჯგუფში ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა, ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები და სხვა) კანონშივეა დაზუსტებული. სავალდებულო სტანდარტები არის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვის კეთილდღეობისთვის, სწავლისა და განვითარების ხელშეწყობისთვის და არ ზღუდავს სკოლამდელი განათლების მრავალფეროვან მოდელებსა და მიდგომებს. სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები მნიშვნელოვანია ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმწისაწვდომობისათვის: ნებისმიერ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მიუხედავად იმისა, თუ რომელ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ის. კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტების დაცვა, რაც ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით. ამისათვის კი სტანდარტების დამტკიცებისთანავე მუნიციპალიტეტებს დასჭირდებათ ადგილობრივი საჭიროებების შესწავლა, სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესაბამისი ბიუჯეტის გამოყოფა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯებესებისათვის.


მოცემულ მომენტში, აღმზრდელთა პროფესიული სტანდარტის მხრივ, მაგალითად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს შიდა ბრძანებით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, რომლიც განისაზღვრება მინიმალური სტანდარტებით: უმაღლესი განათლების აუცილებლობით, ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებითა, ასევე ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების ქონით.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, საბავშვო ბაღების მიმართ განხორციელებული პროექტები მიმართული იყო ახალი ბაღების აშენებისა და აღსაზრდელთა ადგილებით უზრუნველყოფისაკენ, არ არის ზუსტად დათვლილი, თუ რამდენი ახალი ადგილის შექმნაა საჭირო, რათა მოგვარდეს ბაღებში არასაკმარისი ადგილების პრობლემა. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი ის არის, რომ დასახვეწია ქვეყნის შიდა მიგრაციის დათვლის მექანიზმი და იშვიათად ჩატარებული საყოველთაო აღრიცხვის შიდა მიგრაციის ზოგადი მონაცემების გარდა, რეალურად არ ვიცით, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს ყოველწლიურად თითოეულ ქალაქსა თუ რაიონში და როგორ იცვლება ეს მონაცემები წლიდან წლამდე. შესაბამისად, არც იმის ზუსტი დათვლის მექანიზმი არსებობს, თუ რამდენი ადგილი იქნებოდა საკმარისი თბილისის ბაგა-ბაღებში ყოველწლიურად. ამის შედეგად კი, აშენებული ახალი ბაღებისა თუ გახსნილი საბავშვო ბაღის ჯგუფების მიუხედავად, ყოველ წელს ბაღების მართვის სააგენტო და მუნიციპალიტეტები შესაძლოა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდნენ.

მნიშვნელოვან პრობლემად რჩება აღმზრდელთა სახელფასო ანაზღაურებაც, რომელიც ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის თითქმის ნახევარს წარმოადგენს და არ უზრუნველყოფს სისტემაში არც ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვას და არც - სკოლამდელი ასაკის პედაგოგთა როლის მნიშვნელობის წარმოჩენას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელთა კვალიფიკაციისა და ბაგა-ბაღების მართვის სტანდარტების დახვეწა ფინანსური მხარის გაძლიერების პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდეს.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.


მსგავსი

სასკოლო განათლება საერთაშორისო ინდექსებში: საქართველო - წარუმატებელ მოსწავლეთა ქვეყანა

29 August 2017

იპოთეკით დაზარალებულების საკითხი

29 August 2017

საპენსიო რეფორმა საქართველოში

29 August 2017

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების პარადოქსულობა

29 August 2017

მიწის საკითხით გამოწვეული უკმაყოფილება და მისი მიზეზები

29 August 2017

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა

29 August 2017