01 September 2017
  • 1452 ნახვა

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით არჩევიდან ოთხი წლის გასვლის შემდეგ პოლიტიკური რეჟიმის შიგნით კარდინალური საკადრო გარდაქმნის პროცესი დაიწყო. გადანაცვლებათა ტალღა შეეხო პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გუბერნატორებს, ძალოვან უწყებებს, სახელმწიფო კორპორაციებს. 2017-2018 წლებში მოსალოდნელია ახალი ტალღა: საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გარდაუვალია ხელისუფლების „შერყევა“. რეჟიმი ადრეც განიცდიდა მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს, თუმცა ეს ცვლილებები ელიტის ღრმა შიდაპოლიტიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას არასდროს გამოხატავდა. თუ 2004, 2007 ან 2011-2012 წლების საკადრო გადანაცვლებები შეიძლება მართვად ადაპტაციად მივიჩნიოთ, 2016-2017 წლების ანალოგიური პროცესები მმართველობითი სისტემის ძირეულ ცვლილებაზე მიუთითებენ.   

 

პუტინის ეპოქის საკადრო გადანაცვლებები და მათი თავისებურებები

ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურმა რეჟიმმა, რომელიც თავის ვადას 2000 წლიდან ითვლის, უკვე გაიარა მასშტაბური საკადრო პერტურბაციები, თუმცა ამ ეტაპზე საქმე სრულიად ახალ მოვლენასთან გვაქვს.

პირველი დიდი გადანაცვლებები პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ 2003-2004 წლებში განახორციელა და იგი „გარდამავალი პერიოდის“ დასასრულს დაემთხვა. 1999 წლის ბოლოს პუტინმა აიღო არაფორმალური პოლიტიკური ვალდებულება შეენარჩუნებინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის საკადრო შემადგენლობა პირველი ვადის ამოწურვამდე, რაც პოლიტიკის მემკვიდრეობითობის და ბორის ელცინის და მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას წარმოადგენდა.

მიუხედავად ამისა, გადანაცვლებები „იუკოსის საქმის“ და ოლიგარქების სახელმწიფო მმართველობიდან ჩამოშორების პოლიტიკის გამო დაპირებულ ოთხ წელზე ადრე მოხდა. პოლიტიკურად გავლენიანი მსხვილი ბიზნესის მიმართ დაკავებული მკაცრი ხაზი ელცინის პერიოდის ლიბერალებთან ახალი პუტინის ძალაუფლების კონცეპტუალური კონფლიქტის ერთ-ერთი პირველი მიზეზი იყო, რამაც საკადრო როტაცია დააჩქარა. 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში მოხდა ახალი ხელისუფლების და ადმინისტრაციის ფორმირება, თუმცა იგი უფრო მიმდინარე პროცესის ლეგიტიმაციას წარმოადგენდა. მაგალითად, მთავრობის მეთაური დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2003 წელს დაინიშნა და დე-ფაქტო უკვე წარმოადგენდა პუტინის მარჯვენა ხელს მმართველობის ადმინისტრაციული სისტემის არაფორმალურ იერარქიაში. საბოლოო ჯამში, 2003-2004 წლების ცვლილებებმა საფუძველი ჩაუყარეს პუტინის და „პეტერბურგელების“ საკადრო ექსპანსიას. პრეზიდენტმა შეიქმნა კომფორტული მმართველობითი სივრცე, რომელიც ძირითადად დაქვემდებარებულთა პირად ერთგულებას და ლოიალიზმის პრინციპებს ეფუძნებოდა. ამ წლებში საკადრო ცვლილებები რეჟიმის პოლიტიკურ ამოცანებს დაუკავშირდა: ძალაუფლების ვერტიკალის გაძლიერებას და საკვანძო პოზიციებზე, ინსტიტუტებსა თუ პროცესებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას. აღნიშნული ექსპანსია 2007 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში პუტინთან დაახლოებული პირები სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე და ეკონომიკის სახელმწიფო სექტორში (ან კომპანიებში, რომლებიც სახელმწიფოსთან იყვნენ კავშირში) წამყვან პოზიციებს იკავებდნენ.

საკადრო გადაადგილებების მეორე ტალღა 2008 წელს განხორციელდა და „ჩანაცვლების“ ოპერაციის რეალიზაციას დაუკავშირდა: ქვეყნის ახალ მეთაურად აირჩიეს მედვედევი, ხოლო ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. მიუხედავად საკადრო გადანაცვლებების სიმრავლისა, რეჟიმის კონცეპტუალურად ახალი ბუნების ფორმირებაზე საუბარი შეუძლებელია. 2008-2011 წლების განმავლობაში შეიმჩნეოდა მედვედევის ხალხის შეზღუდული ექსპანსია, რაც ძალაუფლების გადანაწილებასთან დაკავშირებულ დროებით მოვლენას წარმოადგენდა.

მესამე ტალღას კი ადგილი 2011-2012 წლებში ჰქონდა. პუტინი კვლავ აირჩიეს რუსეთის პრეზიდენტად, დიმიტრი მედვედევი კი პრემიერი გახდა. ბევრმა მინისტრმა პუტინთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, ხოლო მინისტრთა კაბინეტმა უფრო ტექნოკრატიული სახე მიიღო. ეს იყო მედვედევის მემკვიდრეობის ნგრევის, კონსერვატორული რეფორმების და რეაქციის პერიოდი. საკადრო პოლიტიკა ტანდემის დაშლასთან ერთად ქვეყნის მეთაურის მიერ სრულად მონოპოლიზდა.

საკადრო ცვლილებებზე საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა 2011-2012 წლების მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოახდინა. აქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შიდა პოლიტიკის კურატორის ვლადისლავ სურკოვის ხელისუფლებაში გადასვლის და მისი ვიაჩესლავ ვოლოდინით ჩანაცვლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. ვოლოდინი, რომელიც პუტინის კამპანიის მთავარი პოლიტტექნოლოგი იყო, იმ მომენტში სურკოვზე მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომელმაც მომავალი პრეზიდენტის თვალში პოლიტიკური ნდობა დაკარგა (მედვედევთან დაახლოება, „ქალაქის გაბრაზებული საშუალო კლასისადმი“ სიმპათია).

ნათლად ჩანს, რომ სამივე ტალღა საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა და გარკვეულწილად რეჟიმის მიერ იყო დაგეგმილი. ეს იყო ინსტიტუციონალური და პოლიტიკური ცვლილებებისადმი მართავდი ადაპტაციის პერიოდი, რომელიც ძალაუფლების მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობდა.

2016-2017 წლების საკადრო როტაცია კი საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და ხელისუფლების სამომავლო ტრანსფორმაციას პირდაპირ არ უკავშირდება. ამასთან, საკადრო გადაადგილებები დიდწილად რეჟიმისთვის იძულებითი ცვლილებებია, რადგან არა ახალი მოთხოვნილებებით, არამედ მმართველობითი კრიზისის ზრდით არის გამოწვეული. ამიტომაც, 2004, 2007 ან 2012 წლების ცვლილებები მას დიდწილად არ ჰგავს. შესაბამისად, უფრო სწორია ვისაუბროთ არა 2016 წლის საკადრო ცვლილებებზე, არამედ საკადრო გარდატეხაზე.

 

საკადრო გარდატეხის წინაპირობები

შეგვიძლია გამოვყოთ ორი მთავარი მიზეზი, რომელმაც 2016 წლის ღრმა საკადრო პერტურბაცია გამოიწვია. პირველი მათგანი ინერციულ ხასიათს ატარებს და რეჟიმის განვითარების ლოგიკაში თავიდანვე იყო ჩადებული. მეორე კი საგარეო შოკის შედეგია, რომელმაც საკადრო გადანაცვლებებში კატალიზატორის როლი ითამაშა.

2012 წელს, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულმა ვლადიმერ პუტინმა „რესტავრაციის“ პროცესი განაახლა, რომელიც რეალურად 2011 წლის სექტემბერში დაიწყო (მედვედევის მთელი მემკვიდრეობის გადახედვა, ძალოვანების რევანში, კონსერვატორული რეფორმები). „რესტავრაციის“ პროცესმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა სახელმწიფო მმართველობა. ხელისუფლების როლი ინერციულ, ლოკალურ, ტექნიკურ საკითხებამდე შემცირდა. 2012-2013 წლებში, მინისტრთა კაბინეტს არცერთი მნიშვნელოვანი მმართველობითი გადაწყვეტილება არ მიუღია, ეკონომიკაში შეინიშნებოდა ვარდნა, ხოლო ყველა დისკუსია პუტინის „მაისის განკარგულებების“ შესრულების (უფრო სწორად შეუსრულებლობის) პრობლემებამდე დადიოდა. „მაისის განკარგულებებს“ პუტინმა ხელი არჩევისთანავე მოაწერა და იგი ძირითადად, მის წინასაარჩევნო დაპირებებს მოიცავდა. ამავდროულად, დაბრუნდა მართვის ძველი ლოგიკა, რომელიც 2006-2007 წლებში გამოიყენებოდა: სახელმწიფო კორპორაციების შექმნა (კორპორაცია „როსკოსმოსი“, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მართვის კორპორაცია, ბინადრობის კორპორაცია) და პიროვნული მართვა.  

შესაბამისად, ნელა, რეჟიმის შიგნით ყოველგვარი რყევების გარეშე, მისი დასუსტების წინაპირობები შეიქმნა, რომელიც კორუფციის მაღალ დონეში, უკიდურესად დაბალ ეფექტურობაში და მნიშვნელოვანი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების შეუძლებლობაში (პუტინის მესამე ვადის დაწყებისას დაანონსებული ქვეყნის განვითარების ხანგრძლივვადიანი სტრატეგიაც კი საბოლოოდ მიღებული არ იქნა) გამოიხატებოდა.  რეჟიმის რყევა დაბერების პროცესის მსგავსად ნაკლებად შესამჩნევი იყო, თუმცა შრომისუნარიანობის, დინამიზმის, განახლებისადმი მზაობის კლებასა და ცვლილებებისადმი შიშში აისახა. 2013 წლის ბოლოს უკვე შეგვეძლო გვესაუბრა სახელმწიფოს მმართველობითი იმპოტენციის ნიშნებზე, რომელსაც თან პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის უთანხმოებების ზრდა სდევდა (ჭორები მედვედევის შესაძლო გადადგომის შესახებ ფართოდ განიხილებოდა). მსგავსი მმართველობითი იმპოტენცია კი შესაძლოა რეჟიმის განახლების დაწყებამდე ან მის საბოლოოდ დაღუპვამდე გაგრძელებულიყო. მმართველობითი უუნარობა გახდა პირველი მიზეზი, რამაც საკადრო პერტურბაციებს საფუძველი ჩაუყარა.

მიუხედავად ამისა, 2013 წელს ჩანდა, რომ სრულფასოვან განახლებამდე რეჟიმს შეეძლო ინერციით, მნიშვნელოვანი რყევების გარეშე კიდევ მრავალი წელი ეარსება. მდგრადობის რეზერვი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. თუმცა 2014 წელს, რუსეთისთვის მძიმე გარდატეხა მოხდა, რომელიც გეოპოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. ახალი უკრაინული რევოლუცია; მისი თანმდევი ყირიმის ანექსია; სანქციების პირველი ტალღა; ჩამოგდებული Boeing-777 და მეორე, უფრო მტკივნეული სანქციების ტალღა; ძლიერი და დროში გაწელილი ფასების ვარდნა ნავთობზე; ზომიერი იზოლაცია და მსოფლიო ფინანსური ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა - ყველაფერი ეს რუსეთისთვის ნამდვილ კატასტროფას წარმოადგენდა.

დღეს, რთულია ვთქვათ, რა მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო კონფლიქტი უკრაინაში. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის მოვლენებმა დიდწილად გაზარდა მმართველობითი ზეწოლა რეჟიმზე და მოითხოვა მეტი ეფექტურობა. სახელმწიფოსა და პოლიტიკური რეჟიმისთვის უპრეცედენტო გამოცდა რესურსების შემცირებამ გაამძაფრა. იმედები ნავთობის ფასების გაზრდასა და სანქციების გაუქმებაზე არ გამართლდა, ხოლო უარყოფითი საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუქტურა ახალი რეალობის პერმანენტულ ფაქტორად იქცა.

ვლადიმერ პუტინს ორი წელი დაჭირდა იმისთვის, რომ ახალი რეალობა „გადაეხარშა“, რუსეთის ახალ მდგომარეობას შეგუებოდა და საკუთარი საკადრო პოლიტიკის პრინციპები შეეცვალა. 2014-2015 წლებში ქვეყანა ახალ, „სამხედრო“ რელსებზე გადავიდა და დე-ფაქტო ორ კამპანიაში ჩართული აღმოჩნდა - უკრაინის აღმოსავლეთსა და სირიაში. ეს მოითხოვდა არა მხოლოდ მეტ დინამიკასა და მთელი რესურსების მობილიზაციას, არამედ გადაწყვეტილებების განხილვის და მიღების უფრო ადეკვატური მექანიზმების და პლატფორმის შემუშავებას. ხელისუფლების ნაცვლად მნიშვნელოვანი მმართველობითი საკითხებით უშიშროების საბჭო დაკავდა. ФСБ-ს[1] როლი კანონშემოქმედებით პროცესში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კარდინალურად გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს როლიც. სამხედროებმა საგარეო პოლიტიკურ სფეროში გარკვეულწილად ჩაანაცვლეს კიდეც დიპლომატები. „დიდი პოლიტიკა“ პუტინისთვის კონცენტრირდა უკრაინასა და სირიაზე, რის შედეგადაც საშინაო პოლიტიკაში ვაკუუმი წარმოიქმნა. სახელმწიფო მმართველობა რუტინად გადაიქცა, პუტინი სულ უფრო ნაკლებად ერეოდა შიდა დავებში და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მმართველობით საკითხებს. თანდათან 2014-2015 წლების განმავლობაში მოხდა მმართველობითი „ბირთვის“ და „ჭაობის“ ფორმირება. პირველი ყოველდღიურად და დინამიურად იყო დაკავებული უსაფრთხოების საკითხებით და საგარეო პოლიტიკით. მეორეში კი ძირითადად პრობლემების დაგროვება ხდებოდა.

ყველაფერმა ამან გამოიწვია ფართომასშტაბიანი საკადრო გარდატეხა, რომელიც 2016 წელს დაიწყო და პოლიტიკური და სახელმწიფო მმართველობის ყველა დონე მოიცვა. 2016-2017 წლების საკადრო ცვლილებები შეიძლება სამ დონედ დავყოთ: კონფლიქტური, კლანური და ტექნოკრატიული.

 

კონფლიქტი - ცვლილების ახალი მამოძრავებელი ძალა

ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის თავისებურება 2000-2014 წლებში პოლიტიკური დავების დამალვასა და კონფლიქტების ელიტის შიგნით, ყოველგვარი ხმაურის გარეშე და ხშირად მისი პირადი მონაწილეობით მოგვარებაში მდგომარეობდა. მსგავს დაპირისპირებებს, ხშირად საკმაოდ მძაფრს და სახიფათოს (მაგალითად ძალოვანების ომები 2005-2006 წლებში ან დაპირისპირება პროგრესისტებს და კონსერვატორების შორის 2011-ში), მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. თუმცა გავლენის ჯგუფები არ ცდილობდნენ კონფლიქტების პოლიტიკურ ექსპანსიაში გადაზრდას, ხოლო პრეზიდენტი ყოველთვის არბიტრის როლს თამაშობდა და მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ინტერესთა ჯგუფებს შორის დაპირისპირება მწვავდებოდა, იგი გადამწყვეტ დარტყმას აყენებდა და რომელიმე მხარეს ასუსტებდა. ამასთან კონფლიქტები გასულ წლებში ატარებდა ჰორიზონტალურ ხასიათს, ანუ მიმდინარეობდა თანაბარი შიდაძალაუფლებრივი გავლენის მქონე მოთამაშეებს შორის (“გაზპრომის ჯგუფი“ სეჩინის წინააღმდეგ; ФСБ ФСО-ს[2] წინააღმდეგ და ა.შ.)

ახალი პერიოდის თავისებურებად კი იქცა ვერტიკალური ხასიათის კონფლიქტების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც რეჟიმის შიგნით სტრუქტურული დისბალანსის (სახელმწიფოს ძალოვანი ნაწილების, უპირველეს ყოვლისა კი სპეცსამსახურების სასარგებლოდ) ჩამოყალიბების შედეგია. ამასთან ФСО-მ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური თვალსაზრისით ФСБ-ს კონკურენტად მოიაზრებოდა, საკუთარი სტატუსი დაკარგა და „ნეიტრალიზდა“. მისგან გამოიყვანეს ყველა გავლენიანი, პუტინთან დაკავშირებული კადრები, ხოლო ФСБ-მ მნიშვნელოვანი პოლიტიკური უპირატესობა შეიძინა.

2016 წლის კონფლიქტური საკადრო გადანაცვლებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ФСБ-ს შიდა უსაფრთხოების მეექვსე სამსახურის საქმიანობის აქტივიზაციას უკავშირდება. მოხდა მრავალი საქმის ინიცირება, რომელიც კონტრაბანდას და საბაჟო საქმიანობას ეხებოდა. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმემ მსხვილი პეტერბურგელი ბიზნესმენის დიმიტრი მიხალჩენკოს წინააღმდეგ დააჩქარა ФСО-ს ხელმძღვანელის ევგენი მუროვის გადადგომა, რომელიც მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენის კომპანიებს ღიად მფარველობდა. „საბაჟოს საქმე“ გახდა ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის, ანდრეი ბელიანინოვის სახლში ჩატარებული ჩხრეკების ერთ-ერთი მიზეზი, რამაც იგი აიძულა თანამდებობა დაეტოვებინა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა თავად ФСБ-ს შიგნით: გაათავისუფლეს გავლენიანი წევრები, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც ბრალს კონტრაბანდული ბიზნესის, მათ შორის კომპანია ULS Global-ის „მფარველობაში“დებდნენ. УСБ-ს[3] ხელმძღვანელმა სერგეი კოროლევმა დაიკავა СЭБ-ის[4] ხელმძღვანელის თანამდებობა, რითიც ფაქტიურად ჩაყლაპა ФСБ-ს შიგნით არსებული კონკურენტული სტრუქტურა.   

ФСБ-ს შიგნით გავლენიანი ჯგუფების კონკურენციამ ასევე გამოიწვია დიდი სამართლებრივი პროცესი СКР-ის[5] გავლენიანი გამომძიებლების წინააღმდეგ (საქმე, რომელიც კანონიერ ქურდ შაქრო „მალადოის“ უკავშირდება), რაც პუტინის კურსელ ალექსანდრ ბასტრიკინისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. გენერლების ნაწილი დააკავეს, ხოლო СКР-ის ოფიციალური სახე ვლადიმირ მარკინი სამუშაოდ კომპანია „რუსგიდროში“ გადაიყვანეს, რომელიც „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის გავლენის ქვეშ იმყოფება. „როსნეფტში“ სამუშაოდ გადავიდა (თუმცა მცირე ხნით) УСБ-ს მეექვსე სამსახურის კურატორი და დირექტორის მოადგილე, გენერალი ოლეგ ფეოკტისტოვიც.

და ბოლოს, სწორედ ФСО-ს პოლიტიკურმა „ნეიტრალიზაციამ“ გამოიწვია უწყებიდან მთელი რიგი კადრების გადინება. 2015 წელს ФСО დატოვა პირველმა მოადგილე ალექსანდრ ბელიაკოვმა და მოადგილე ალექსანდრ ლაშუკმა. ФСО-დან წამოსულმა ალექსანდრ კოლპაკოვმა რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ კოჟიმი შეცვალა. პუტინის ყოფილი ადიუტანტი ალექსეი დემინი თავდაცვის სამინისტროდან ტულას ოლქის ხელმძღვანელად გადაიყვანეს (სავარაუდოდ, მინისტრთან უთანხმოების გამო). ФСО-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი დიმიტრი მირონოვი გარკვეული ვადით დასაქმდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო შემდეგ იაროსლავის მხარის გუბერნატორად დაინიშნა. ხოლო პუტინის კიდევ ერთმა ადიუტანტმა ФСО-დან ევგენი ზინიჩევმა, რომელიც გარკვეული ვადით ФСБ-ს კალინინგრადის ბიუროს ხელმძღვანელობდა, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, იქ დიდი ხანი არ დარჩა და ФСБ-ს ხელმძღვანელობაში გადაინაცვლა.

ФСО-ს საკადრო დაცლა, რომელიც ბევრმა შეცდომით „სილოვიკების“ ექსპანსიად აღიქვა, სხვა არაფერია, თუ არა მუროვ-ზოლოტოვის ყოფილი გუნდის დაშლა ФСО-ს კონკურენტი ФСБ-ს ექსპანსიის და გავლენის ზრდის ფონზე. პუტინის საკადრო პოლიტიკის მიხედვით კი ადგილი აქვს არა გამოცდილი მმართველების წინ წამოწევას, არამედ იმ ადამიანებს დასაქმებას, რომლებიც მუროვის პერიოდის ФСО-ს დასუსტებისა და დაშლის შემდეგ არასაჭირო აღმოჩნდნენ. აღნიშნული პროცესი ნებაყოფლობით-იძულებით ხასიათს ატარებდა და მისი ფორსირება „ჩეკისტების“ მხრიდან ხდებოდა.

ФСО-სა და ФСБ-ს შორის ინსტიტუციურ-საკადრო ხანგრძლივი კონფლიქტის საბოლოო დასასრულად კი 2016 წლის აპრილში სახელმწიფო გვარდიის სათავეში პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ძალების ყოფილი მეთაურის ვიქტორ ზოლოტოვის დანიშვნა იქცა. აღნიშნული საკადრო ნაბიჯი კანონზომიერად გამოიყურებოდა: ორი წლის განმავლობაში ზოლოტოვი ხელმძღვანელობდა შინაგან ძალებს, რომელიც სახელმწიფო გვარდიის ბირთვს წარმოადგენს. ზოლოტოვი ითვლება პუტინთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ „სილოვიკად“. 1990-იან წლებში იგი მუშაობდა სანკტ-პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის დაცვაში, სადაც გაიცნო ვიცე-მერი ვლადიმერ პუტინი, რომელთან ერთადაც ძიუდოთი იყო გატაცებული. ზოლოტოვი შემდეგ დაინიშნა გავლენიანი მეწარმის რომან ცეპოვის დაცვის უფროსად, რომელიც დაცვის კომპანია „ბალტიკა-ექსპორტს“ ფლობდა და ხელისუფლების ორგანოებს შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფდა. პრეზიდენტის დაცვის უფროსის თანამდებობაზე იგი 2000-2013 წლებში მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული ძალოვანი სტრუქტურების შიდაკლანურ დაპირისპირებებში: 2000-იანი წლების შუაში გამძაფრდა კონკურენცია ერთი მხრივ ФСО-ს (ევგენი მუროვი), СБП-ს[6] და ФСКН-ს[7], ხოლო მეორე მხრივ ФСБ-ს და გენერალურ პროკურატურას შორის. ზოლოტოვი ასევე ითვლება რამზან კადიროვის საკადრო მოკავშირედ. 

ზოლოტოვმა მოახერხა ახალი გავლენიანი ძალოვანი ცენტრის ფორმირება, რომელიც ეტაპობრივად ანაცვლებს ФСО-ს ФСБ-ს პოლიტიკური მოწინააღმდეგის როლში (გასაგებია, რომ ფუნქციონალური თვალსაზრისით სახელმწიფო გვარდია და ФСО ერთმანეთს არ კვეთენ). ეს ზრდასრული პუტინის რეჟიმის პოლიტიკური დანიშვნების ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც რეჟიმისთვის აქამდე უცხო იყო: საქმე მიდის ახალი ძალოვანი რესურსის, ფაქტიურად კონტრრევოლუციური სტრუქტურის ფორმირებაზე, რომლის უფლებამოსილებაც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ФСБ-ს უფლებამოსილებებს კვეთს. გარკვეული თვალსაზრისით, ეს სპეციალური ძალები მასობრივი საპროტესტო აქციების, არეულობების, ტერაქტების ან სხვა ძალადობრივი აქტების დროს სამოქმედოდ შეიქმნა. ამასთან ისინი პირდაპირ პუტინს ემორჩილებიან. შესაბამისად, ძალოვანების ექსპანსია მყარდება ინსტიტუციური განზომილებითაც, რომელიც რეჟიმს საშუალებას აძლევს დესტაბილიზაციის შემთხვევაში საკუთარი რესურსების მობილიზება მოახდინოს.

კონფლიქტურად შეიძლება მივიჩნიოთ გუბერნატორების გადადგომაც, რომლებიც სამართლებრივი დევნის ფიგურანტები გახდნენ. სახალინის მხარის გუბერნატორი სერგეი ხოროშავინი, კომის გამგებელი ვიაჩესლავ გაიზერი, კიროვის მხარის გუბერნატორი ნიკიტა ბელიხი, უდმურტიის გამგებელი ალექსანდრ სოლოვიოვი, მარია ელის გამგებელი ლეონიდ მარკელოვი... არასდროს რუსეთში არ აღძრულა ამდენი სისხლის სამართლის საქმე მოქმედი ან ახალმოხსნილი გუბერნატორების მიმართ. თუ გასულ წლებში მსგავსი შემთხვევები გამორჩეულ მოვლენას წარმოადგენდა და გარკვეული ლოკალური კონფლიქტის შედეგი იყო, დღეს თამამად შეგვიძლია ტრენდზე ვისაუბროთ: გუბერნატორის თანამდებობა სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადია. სასამართლო პროცესების რიცხვის ზრდა კი ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის ლოკალური და მან ფედერალური მნიშვნელობა შეიძინა. ყოველი სისხლის სამართლებრივი საქმის უკან როგორც წესი ФСБ დგას, ხოლო თავად პროცესები ხშირად დემონსტრაციულ ხასიათს ატარებენ. 

ФСБ-ს აქტივობას თან სდევდა მედია კამპანია. სამსახურების წარმომადგენლები ანონიმურად ეუბნებოდნენ ჟურნალისტებს, რომ არჩევნების წინ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად კარტ-ბლანში მიიღეს. მედიის ინფორმაციით, მათ ყველასთვის უნდა ეჩვენებინათ „თამაშის წესები“, რომლებიც სულ მცირე საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმოქმედებდა. ФСБ კი წარმოადგენდა ექსკლუზიურ ძალას, რომელსაც შეეძლო ქვეყნის მეთაურს წესრიგის დამყარებაში დახმარებოდა. სინამდვილეში ФСБ-ს სურდა ქვეყნის შიგნით ის მმართველობითი ვაკუუმი შეევსო, რომელიც გეოპოლიტიკური კრიზისის შემდეგ წარმოიშვა. ეს აქტივობა კი სანქცირებულ იქნა თავად პრეზიდენტის მხრიდან. 

ელიტის შიგნით კონფლიქტურობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახელმწიფო ინსტიტუტების, უპირველეს ყოვლისა კი ფედერალური ხელისუფლების სისუსტე გახდა, რომელმაც პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის დროს თავისი მმართველობითი უნარიანობა შეასუსტა. ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ინიციატივა სხვა სტრუქტურებსა თუ ფორმატებზე - ცენტრალურ ბანკზე, უშიშროების საბჭოზე, ФСБ-ზე, პრეზიდენტთან თათბირებზე და კრებებზე გადავიდა.

ამ თვალსაზრისით, შემთხვევითი არ არის 2016 წლის ნოემბერში ეკონომიკური განვითარების მოქმედი მინისტრის ალექსეი ულუკაევის დაკავება, რაც თანამედროვე რუსეთის ისტორიაში გამორჩეული მოვლენაა. საქმემ, რომელიც „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორის იგორ სეჩინის მიერ იყო ინიცირებული, პუტინთან დაახლოებული ფიგურების არაფორმალური შესაძლებლობების წინაშე პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის ღრმა პოლიტიკური მოწყვლადობა აჩვენა. ამასთან ამ სიტუაციაში აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ დაკავების ფაქტზე, არამედ სამართლებრივი საქმის მომზადების პროცესზეც: როგორც რუსული პრესა იტყობინებოდა, მინისტრიც და მისი სხვა კოლეგებიც, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ერთი წლის განმავლობაში ФСБ-ს მიერ ფარულად ისმინებოდნენ.  

ულუკაევის დაკავებამ კონფლიქტების მთელი წყება გამოავლინა, რომელიც იდეოლოგიურ და ინსტიტუციურ წინააღმდეგობებს ეფუძნება. უპირველეს ყოვლისა, იგი რუსეთის ეკონომიკის განსახელმწიფოებრიობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კონცეპტუალურ განსხვავებაში მდგომარეობს. ულუკაევი, ისევე როგორც მთლიანად ხელისუფლება, „ბაშნეფტის“ გაყიდვის წინააღმდეგ გამოდიოდა და პროცესს ფიქტიურ პრივატიზაციად მიიჩნევდა („როსნეფტი“ რეალურად სახელმწიფო კომპანიაა, თუმცა სახელმწიფო მასზე კონტროლს ირიბად - „როსნეფტგაზის“ საშუალებით ახორციელებს). სეჩინი კი მოითხოვდა ფორმალურ მიდგომას და „როსნეფტის“ მიერ კომპანიის აქტივების გამოსყიდვას. გამოძიების თანახმად, ულუკაევის სამართლებრივი დევნის საფუძველი „ბაშნეფტის“ პრივატიზაციის საკითხის კომპანიისთვის სასურველად გადასაწყვეტად „როსნეფტისგან“ ქრთამის გამოძალვა გახდა. თუმცა რეალობაში სეჩინის შეტევამ მხოლოდ ხაზი გაუსვა ხელისუფლების, როგორც ძალაუფლების ინსტიტუტის უუნარობას.   

ულუკაევის გადადგომა საკადრო გადაწყვეტილების კონფლიქტურობის ნათელი მაგალითია და რეჟიმის შიგნით სტრუქტურული და იდეოლოგიური დისბალანსების ზრდას ადასტურებს. ამ დროს ფორმალური უფლებამოსილების და პრეროგატივების დაძლევა უფრო ძლიერი მოთამაშეების მხრიდან ძალადობრივი მეთოდებით ხდება. ასეთი მოთამაშეების მოტივების სტიმულირებას კი კლებად რესურსებზე გამძაფრებული მოთხოვნილება ახდენს.

ინსტიტუციური წინააღმდეგობები ამ შემთხვევაში ვლინდება შესაბამის გადახრებში, როდესაც ძალაუფლების ლეგიტიმური ორგანო, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს, პოლიტიკურად საკუთარ ფუნქციას კარგავს და დევალვაციას განიცდის. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრები ზეწოლას განიცდიან იმ მოთამაშეების მხრიდან, რომელთაც პუტინთან პირდაპირი კავშირები და ძალოვან რესურსებზე წვდომა აქვთ.

ყველაფერი ეს იწვევს საკადრო არასტაბილურობის ზრდას და ახდენს როტაციის პროვოცირებას იქ, სადაც კადრები პოლიტიკურად ყველაზე ნაკლებად დაცულები არიან (გუბერნატორები და მთავრობა), ან სადაც რესურსებზე წვდომაზე ძლიერი კონკურენციაა (სილოვიკებს შორის ომები).

 

როტაცია ახლო წრეში

სახელმწიფო ძალაუფლების შიგნით კონფლიქტურობის საერთო ზრდასთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიკვეთა ელიტების როტაციის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც აქტუალობას სავარაუდოდ უახლოეს მომავალშიც შეინარჩუნებს. ეს ახალი ტენდენცია არის პუტინთან დაახლოებული პირების გავლენიანი პოსტებიდან ფორმალურად ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობებზე გადასვლა.

პირველ ასეთ გამორჩეულ შემთხვევად 2015 წელს ვლადიმირ იაკუნინის „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომა იქცა. იმ დროს ეს წარმოუდგენელი მოვლენა იყო: პუტინს მანამდე საკუთარი მეგობრები მსგავსი გზით არ გაუთავისუფლებია. მეტიც, იაკუნინმა „კომერსანტის“ ცნობით, მისთვის დამაკმაყოფილებელი კომპენსაცია - ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის პოსტი (თითქოს ამის წინააღმდეგ ვალენტინა მატვიენკო გამოვიდა) ვერ მიიღო. ჩვეულებრივი სენატორის თანამდებობა კი „რუსეთის რკინიგზის“ ხელმძღვანელს არ აკმაყოფილებდა. გადადგომის შემდეგ იაკუნინი საკუთარ „ცივილიზაციათა დიალოგის“ ინსტიტუტზე კონცენტრირდა, თუმცა დიდ პოლიტიკას იგი ფაქტიურად ჩამოშორდა.    

2016 წელს პუტინთან დაახლოებული გათავისუფლებული პირების რიცხვი გაიზარდა: ФСО-ს მეთაური ევგენი მუროვი (თუმცა, მისი გადადგომა დიდი ხნით ადრე მზადდებოდა), ВЭБ-ის[8] ხელმძღვანელი ვლადიმირ დმიტრიევი, ФТС-ის[9] დირექტორი ანდრეი ბელიანინოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი... ყველა მათგანთან დაკავშირებით პუტინს გარკვეული უკმაყოფილების მიზეზები ჰქონდა, რომელთაც გადამწყვეტი აქტუალობა 2015-2016 წლებში შეიძინეს. მუროვი ასაკის გამო გაათავისუფლეს (მის მოხსნას ჯერ კიდევ 2015 წელს ელოდნენ). ამასთან თავიდანვე გამოირიცხა მუროვის მიერ მემკვიდრის არჩევაში მონაწილეობის მიღება, ხოლო თავად ФСО-ში საკადრო წმენდა ჩატარდა. ვლადიმირ იაკუნინს ხელისუფლებასთან სუბსიდიების გამო ხანგრძლივი ბრძოლის ფონზე დაატოვებინეს თანამდებობა. იმ პერიოდში „რუსეთის რკინიგზის“ ეკონომიკური მდგომარეობა სავალალო იყო და კრემლი იძულებული გახდა უფრო ეფექტური მმართველი მოეძებნა. ВЭБ-ის ხელმძღვანელის გათავისუფლება ამ ინსტიტუტის ძალზე სარისკო პოლიტიკის შედეგი გახდა, როდესაც მან პოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებზე (მაგალითად, სოჭის ოლიმპიადისთვის სპორტული ობიექტების მშენებლობა) უპირობოდ დაუბრუნებელი კრედიტები გასცა. ანდრეი ბელიანინოვი კი იძულებული გახდა ФТС-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან მას შემდეგ წასულიყო, რაც გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, რომელიც საბაჟოზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას უკავშირდებოდა.  

როგორც ჩანს, ყველა ამ შემთხვევაში კრემლს გადამდგარ ხალხთან მნიშვნელოვანი პრეტენზიები ჰქონდა, იქნებოდა ეს არაეფექტურობა თუ მათ პროფესიულ სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემების გაჩენა. თუმცა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული არაეფექტურობა მხოლოდ 2015-2017 წლებში გამოვლინდა, არ არსებობს. პრეზიდენტის ხელქვეითების მენეჯმენტის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები პუტინის მთელი მმართველობის დროს ჩნდებოდა. ეს ნიშნავს, რომ კრემლის დამოკიდებულების ცვლილება თავის დანიშნულ ხალხთან უკავშირდება არა იმდენად მათი მუშაობის ხარისხს, რამდენადაც კრემლის, უფრო სწორად კი პირადად პუტინის მოთხოვნილებების ტრანსფორმაციას. პირველად, დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურობა ლოიალობაზე მნიშვნელოვანი გახდა.  

ტრანსფორმაციის მიზეზი ნათელია და გვიანდელი პუტინის რეჟიმის მიერ “ზრდასრულობის” მიღწევას უკავშირდება. თუ 2000-იან წლებში პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო საკადრო ექსპანსია, ხოლო მთავარ ამოცანას სისტემის შიგნით პოზიციების დაკავება და მისი ლოიალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა (ეს მოითხოვდა საკუთარი, განსაკუთრებით საიმედო კადრების დანიშვნას), მისი მესამე ვადისთვის აღნიშნული ამოცანა სრულად შესრულებული აღმოჩნდა. სისტემა საკადრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, ჰომოგენური, მთლიანად „პუტინისტური“ გახდა. ლოიალობა ამ შემთხვევაში უზრუნველოფილია არა პერსონების, არამედ სისტემის დონეზე.

ახალ ვითარებაში კი პუტინის „მეგობრების“ სტატუსი მათდამი პრეზიდენტის დამოკიდებულებასთან ერთად შეიცვალა. პრეზიდენტის მომხრეები კარგავენ საკუთარ გამორჩეულობას, შეუცვლელობას და შესაბამისად, პოლიტიკურ ღირებულებას. ადრე პუტინის „მეგობრის“ გათავისუფლება მნიშვნელოვან კომპენსაციას, ასევე საჯარო დაფასებას მოითხოვდა. დღეს კი ეს პროცესი არათუ რუტინულად, არამედ დამამცირებლადაც კი იქცა: ვლადიმერ პუტინი არ ცდილობს ზეწოლის ქვეშ მოყოლილი მომხრეების დაცვას (როგორც ეს ბელიანინოვის შემთხვევაში მოხდა). მეგობართა სტატუსის დეპოლიტიზაცია იწვევს კონფლიქტურ სიტუაციებში მათ უფრო დიდ მოწყვლადობას: სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ФСБ-მ პუტინის კურსელის, ალექსანდრ ბასტრიკინის წინააღმდეგ გასულ ზაფხულში აღძრა, СКР-ის ხელმძღვანელის პოზიციებზე ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა.  

ამ პროცესებისგან გამორჩეულად დგას გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ივანოვის გადადგომა, რომელმაც ფორმალურად ნაკლებად გავლენიანი თანამდებობა - გარემოსდაცვით, ეკოლოგიურ და სატრანსპორტო საკითხებში პრეზიდენის სპეცწარმომადგენელის პოსტი მიიღო. გადადგომის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს სერგეი ივანოვის დაღლილობა, რომელმაც ვლადიმერ პუტინის სიტყვებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მხოლოდ ოთხი წლით დატოვება სთხოვა. მედიაში კი არაოფიციალურად ორი ვერსია ფიგურირებდა. პირველი - ნეგატიური გავლენა ივანოვის შრომის ნაყოფიერებაზე მოახდინა 2014 წელს მისი შვილის ტრაგიკულმა დაღუპვამ. მეორე - უკრაინელთა დივერსია ყირიმში: მაშინ ФСБ-მ უკრაინის რამდენიმე მოქალაქე დააკავა, რომლებიც თითქოს ყირიმის ტერიტორიაზე პროვოკაციებს ამზადებდნენ. Газета.Ru-ს წყაროს ინფორმაციით, ივანოვმა ყირიმს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ოლეგ ბელავენცევი ჩამოაშორა, რომელმაც 2016 წელს იგივე თანამდებობა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ რეგიონში დაიკავა. წყაროს ინფორმაციით, „ივანოვი მფარველობდა ФСБ-ს საქმიანობას ყირიმში, თუმცა რეალურად ვითარებაში ვერ ერკვეოდა“.       

სინამდვილეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლება ბევრად მარტივი მიზეზის გამო მოხდა: პუტინთან დაახლოებულ პირებს შორის ივანოვის რეალური პოლიტიკური სტატუსი ყველაზე ნაკლებად შეეფერებოდა მის თანამდებობას, რომელიც სულ უფრო კარგავდა ფაქტიურ მნიშვნელობას და რუტინულ, ტექნიკურ სამსახურად ყალიბდებოდა. ამ პოსტზე მუშაობა ივანოვისთვის ცალსახად მოსაწყენი იყო, რაც გარკვეულ ხარვეზებს, მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხის ვარდნას და ლოკალურ სტრუქტურულ ჩავარდნებს იწვევდა.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფენომენია: სახეზეა სახელმწიფო მანქანის რუტინიზაცია და ტექნოკრატიზაცია. „ვერტიკალიდან“ ხდება რესურსების გადინება, სახელმწიფო მოხელეებისთვის კრიტიკულად იზრდება პოლიტიკური და სამართლებრივი დევნის რისკები, იკლებს მათი დაცულობის დონე, ხოლო პარალელურად იმატებს პერსონალური პასუხისმგებლობა. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე ხელისუფლებას და გუბერნატორთა კორპუსს. პოლიტიკური ეროზიის შედეგად სახელმწიფო ვერტიკალის შიგნით კრემლი მნიშვნელოვან თანამდებობებზე პოლიტიკურად სუსტ, ტექნიკურ ფიგურებს ნიშნავს. გავლენიანი მოთამაშეები კი არჩევენ ფორმალური კომპეტენციების და პასუხისმგებლობების მიღმა დარჩენას.

ივანოვის მაგალითი ნათლად აჩვენებს ამ ფენომენის ძალას: პრეზიდენტის უახლოესმა თანამებრძოლმა სპეციალურად მისთვის შემქნილი სპეცწარმომადგენლის სტატუსი კრემლზე პირდაპირ წვდომას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (რომლის რეალური მნიშვნელობაც ფორმალურზე ნაკლებია) სახელით უშიშროების საბჭოში მონაწილეობას ამჯობინა. თვითონ ივანოვმა ამავდროულად მნიშვნელოვანი გავლენა შეინარჩუნა - იგი კურირებს კრემლის სამუშაო ჯგუფის მუშაობას ბიზნესთან და სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ლობირებს „როსტეხის“ მსხვილ სამრეწველო პროექტებს (ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა) და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა არქტიკის ათვისება ან რუსეთის პოლიტიკა კლიმატის საკითხებში. 

აქ აუცილებელია აღვნიშნოთ ტენდენცია - რეალური ხელისუფლება და გავლენა კონცენტრირდება ძალაუფლების ფორმალური ინსტიტუტების მიღმა, რომელთა როლიც პარალელურად სუსტდება. პუტინის უახლოესი წრე, რომელიც ინარჩუნებს ან აფართოებს საკუთარ გავლენას, ფორმირდება ძალაუფლების ირგვლივ და არა მის შიგნით, სადაც ადგილებს ძირითადად ტექნიკური შემსრულებლები იკავებენ.

პუტინის მომხრეები, რომელთაც არ სურთ სახელმწიფო მმართველობის რისკების აღება, ახალ რეალობაში არსებობის უფრო კომფორტულ ფორმას პოულობენ: სახელმწიფო კორპორაციების მართვა (სერგეი ჩემეზოვი), პროსახელისუფლებო მედია (იური კოვალჩუკი), საქველმოქმედო ფონდები და კერძო კომპანიები (ძმები როტენბერგები და სისტემა „პლატონი). თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კრემლიც ამ შემთხვევაში ტექნიკურ მუშახელს ამჯობინებს პოლიტიკურ მძიმეწონოსნებს. 

 

ახალი ტექნოკრატები - ზრდასრული პოლიტიკური რეჟიმის საფუძველი

პუტინის დანიშნული გავლენიანი ფიგურების გადადგომის შემდეგ მათ ადგილებზე ტექნიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით წინამორბედებთან შედარებით უმნიშვნელო ფიგურები მოვიდნენ.

2014-2015 წლების კრიზისმა საკადრო პოლიტიკასთან პუტინის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში ჩაბმული პრეზიდენტი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მმართველობით გამოწვევებს. უკრაინის და სირიის ფონზე ძალების, დროის და რესურსების ეკონომიის გამო ქვეყნის შიგნით მმართველობითი ნაკლოვანებების შემცირების მწვავე მოთხოვნილება შეიქმნა. მართვის ძველი მოდელი დაპირისპირებების გადასაწყვეტად პრეზიდენტის ჩარევას მოითხოვდა, გადაწყვეტილებების განხილვა და მისი მიღება დიდ ენერგიას საჭიროებდა, ხოლო თავად მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება რთულად ხდებოდა. პრეზიდენტი სუბიექტურ-ობიექტური ურთიერთობის ჩარჩოში ურთიერთობდა მათთან, ვინც არაფორმალური მრჩევლის სტატუსზე აცხადებდა პრეტენზიას. გეოპოლიტიკური კრიზისის გამო მომხრეებთან შეხვედრა იშვიათად ხდებოდა, სამაგიეროდ კონტაქტები სპეცსამსახურებთან - ყოველდღიურ რეჟიმში.   

მოხდა გადაწყვეტილებების განხილვის ახალი - ვერტიკალური მოდელის ფორმირება, რომელიც პრეზიდენტისთვის უფრო კომფორტულია. სახელმწიფოს მეთაურის უახლოესი წრე შეივსო არა მისი მომხრეებით, არამედ მათი შემცვლელი შემსრულებლებით, რომლებიც ზედმეტ კითხვებს არ სვამენ და დისკუსიებს არ აწყობენ. იცვლება ფსიქოლოგიაც: პუტინსა და მის ხელქვეითებს შორის აღარ არის ემოციური კავშირი და ათეულობით ერთად გატარებული წელი. პუტინი უახლოვდება იმათ, ვინც მას ემსახურება, ხოლო შორდება იმათ, ვინც საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე თანამმართველის ფუნქციაზე აცხადებს პრეტენზიას. პრეზიდენტი არ საჭიროებს რჩევებს, მას სჭირდება ინფორმაცია და ისეთი ფიგურები, რომელთაც ენერგიის ზედმეტი ხარჯვის გარეშე მისცემს დირექტივებს.  

ეს პროცესი როგორც ხელისუფლების მთელ ვერტიკალში, ასევე მის მიღმა სტრუქტურებშიც შეინიშნება. მაგალითად ВЭБ-ში ვლადიმირ დმიტრიევი ახალგაზრდა მენეჯერმა „სბერბანკიდან“ სერგეი გორკოვმა შეცვალა, რომელსაც მტკივნეული წმენდის ჩატარება მოუწია. უფრო ადრე პოლიტიკური მძიმეწონოსამი ვლადიმირ იაკუნინი „რუსეთის რკინიგზაში“ ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ოლეგ ბელოზეროვმა ჩაანაცვლა. ФСО-სა და СБП-შიც მოთხოვნადი გახდნენ ფიგურები, რომლებიც პუტინთან დაახლოებული არ იყვნენ. უმნიშვნელოვანეს პოსტებზე მოვიდნენ პოლკოვნიკები (თუმცა მათ მალევე გენერლის წოდებები მიიღეს) დმიტრი კოჩნევი - ФСО-ს ხელმძღვანელად, ოლეგ კლიმენტიევი - ФСО-ს დირექტორის პირველ მოადგილედ, ალექსეი რუბეჟნოი - СБП-ს ხელმძღვანელად. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად კი სერგეი ივანოვის ნაცვლად მისი მოადგილე, ახალგაზრდა ანტონ ვაინო დაინიშნა, რომელიც ადრე პროტოკოლის სამსახურს კურირებდა.  

უფრო ტექნიკური ფიგურების მოსვლა ზემოთ ნახსენებ ოფიციალური პოსტების პოლიტიკურ დევალვაციას უწყობს ხელს. შესაბამისად, ავტორიტეტული და საქმიან წრეებში ცნობილი ალექსეი ულუკაევის შემცვლელის შერჩევა რთულ პროცესად იქცა: ხელისუფლებას მოუწევდა ან სამინისტროს პრეროგატივების გაფართოება და პოსტის მძიმეწონოსანთათვის მიმზიდველად ქცევა, რაც ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა, ან უფრო სუსტი მენეჯერის მოძებნა. უფრო მარტივი მეორე გზა აღმოჩნდა: ულუკაევი შეცვალა ნაკლებად ცნობილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ - 34 წლის მაქსიმ ორეშკინმა.

პოლიტიკურად დანიშნული ფიგურების ტექნოკრატებით შეცვლის პროცესში განსაკუთრებულ შემთხვევად იქცა ადმინისტრაციის მეთაურის პირველი მოადგილის ვიაჩესლავ ვოლოდინის გადადგომა, რომელმაც სახელმწიფო დუმის სპიკერის პოსტზე გადაინაცვლა. მისი ადგილი სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ მეთაურმა, ელცინის ეპოქის რეფორმატორმა სერგეი კირიენკომ დაიკავა.

ეს საკადრო როტაცია გამორჩეულად გამოიყურება და ერთი შეხედვით, ბოლოდროინდელ ტენდენციებში არ ეწერება. მაგალითად, გამოცდილი და გავლენიანი სერგეი კირიენკო რთულია მივიჩნიოთ ტექნიკურ ფიგურად, განსაკუთრებით თუ მის პოლიტიკურ გამოცდილებას (აქტიური პარტიული საქმიანობა 90-იანების დასასრულს, СПС-ში[10] მუშაობა, ელცინის ლიბერალებთან სიახლოვე) და პუტინის რეჟიმთან ადაპტაციას გავითვალისწინებთ. ხოლო ვიაჩესლავ ვოლოდინმა, ყველა ტრენდის მიუხედავად, პარლამენტის ქვედა პალატის პოლიტიზაციის გიგანტური სამუშაო და სახელმწიფო დუმის ავტორიტეტის გაზრდა დაიწყო. თუმცა მიუხედავად გარეგანი გამორჩეულობისა, ორივე საკადრო გადაწყვეტილება რეალურად აღწერილ ტენდენციებს ამტკიცებს.  

სერგეი კირიენკო, მთელი მისი პოლიტიკური წარსულის მიუხედავად, ბოლო წლებში ელცინის ეპოქის პოლიტიკოსიდან პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ გამორჩეულ მენეჯერად გადაიქცა, რომელმაც შეძლო როგორც სილოვიკებთან, ასევე პრეზიდენტის გარემოცვის გავლენიან ჯგუფებთან (მაგალითად, იური კოვალჩუკთან) თანამშრომლობა. კრემლში მას დაუძახეს არა როგორც СПС-ის ყოფილ თანათავმჯდომარეს, არამედ როგორც სახელმწიფო კორპორაციის წარმატებულ მმართველს. მისი მუშაობის გამოხატულ სტილისტიკად იქცა ადმინისტრაციის მუშაობის ყველა მიმართულებით კონფლიქტურობის შესუსტება: გუბერნატორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საექსპერტო წრესთან, „პროგრესულ კლასთან“ ურთიერთობაში. თუ მაგალითად, ვოლოდინის ინიციატივით შექმნილი ОНФ[11] გარკვეულწილად უპირისპირდებოდა ბიუროკრატიას, გუბერნატორთა კორპუსს, სახელისუფლებო პარტიას და აფიქსირებდა სახელისუფლებო რესურსისთვის კონკურენციას, კირიენკომ დაპირისპირების მოდელს კოოპერაცია ამჯობინა, რაც შიდა პოლიტიკის მართვის სისტემაში მმართველობით და პოლიტიკურ შეფერხებებს ამცირებს. მან ასევე აიღო შიდა პოლიტიკის მმართველობითი მუშაობის დეიდეოლოგიზაციის კურსი, როდესაც კონსერვატორულ რიტორიკას ჩამოშორდა.     

საპირისპიროდ კი, ვოლოდინი ახდენს პარლამენტის მუშაობის პოლიტიზებას. ახალ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მან აქტიურად დაიწყო სახელმწიფო დუმის მუშაობის არა მხოლოდ სტილის, არამედ მექანიზმების ცვლილებაც. ითვლება, რომ პარლამენტს უნდა ჩამოშორდეს „პრინტერის“ და „დისკუსიების ადგილის არარსებობის“ რეპუტაცია. საკანონმდებლო სამუშაოს ხარისხის გასაზრდელად კვლავ აღდგა პარლამენტის საექსპერტო მუშაობა, შემოიღეს კანონპროექტების უფრო საფუძვლიანი ექსპერტიზის მექანიზმები, გატარდა სახელმწიფო დუმის აპარატის რეფორმა, გაიზარდა მინისტრთა კაბინეტის ანგარიშვალდებულება დუმის მიმართ.

შესაბამისად, პოლიტიკა ვოლოდინთან ერთად გადავიდა საპარლამენტო დონეზე, რომელიც მიუხედავად ამისა, სახელმწიფო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საკითხში ინსტრუმენტალურ როლს ინარჩუნებს. ხდება ერთგვარი გაყოფა: პოლიტიკური ვერტიკალის შიგნიდან პოლიტიკა იდევნება, ხოლო მის მიღმა იგი მისაღები ხდება.

ტექნოკრატიზაცია შესამჩნევია რუსული რეგიონების დონეზეც. 2017 წლის დასაწყისის გადანაცვლებათა დიდმა ტალღამ აჩვენა, რომ მოთხოვნადია არა პოლიტიკურად დანიშნული ფიგურები, არამედ ნეიტრალური ბიუროკრატები. მაგალითად, პერმის მხარის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა მოსკოვის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაქსიმ რეშეტნიკოვი. ბურიატიის გუბერნატორი ვიაჩესლავ ნაგოვიცინი ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსეი ციდენოვმა შეცვალა. ნოვგოროდის ოლქის ხელმძღვანელი გახდა სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს მეთაური, ახალგაზრდა ანდრეი ნიკიტინი. კარელიის მეთაურად კი სკანდალური და კონფლიქტური ალექსანდრ ხულილაინენის ნაცვლად სასამართლო განჩინებების აღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი, პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის კურსელი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე არტურ პარფენჩიკოვი დაინიშნა.

თუმცა, თუ წარსულში გუბერნატორებს მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების მეთაურები ან ფიგურები პუტინის ახლო წრიდან ლობირებდნენ, ამჟამად, ეს უკეთეს შემთხვევაში თავად გუბერნატორების მხრიდან ხდება, რომელთა რჩევებსაც კრემლი ითვალისწინებს. მაგალითად, რიაზანის ოლქის მეთაურად ოლეგ კოვალევის ნაცვლად დაინიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი „ერთიანი რუსეთიდან“ ნიკოლაი ლუბიმოვი, რომელმაც რამდენიმე წელი კალუჟის ოლქში იმუშავა და რომელსაც რეკომენდაცია გუბერნატორმა ალექსანდრ არტამონოვმა გაუწია.

შესაბამისად, მოთხოვნადი გახდნენ ფიგურები, რომელთაც საჯარო პოლიტიკაში დიდი გამოცდილება, ასევე სერიოზული პოლიტიკურ-საკადრო წონა არ აქვთ. ხდება გუბერნატორთა კორპუსის დეპოლიტიზაცია, თუმცა ამასთან იზრდება გუბერნატორების სოციალურ-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ძალაუფლების სისტემაში მათი სტატუსის შემცირების პარალელურად.

 

ახალი საკადრო ცვლილებების მოლოდინი

2016 წელს, პუტინის რეჟიმმა დაიწყო ახალ რეალობასთან ადაპტაცია, მიაღწია რა გარკვეულ „ზრდასრულობას“ და გაიარა გეოპოლიტიკური კრიზისის გამოცდა. მან სცადა მმართველობითი ხარვეზების შემცირება და ეფექტურობის გაზრდა. თუმცა 2017 წელს გამოჩნდა ახალი გამოწვევები, რომელიც საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების ახალ ტალღას მოასწავებს.

პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადა იწურება, რომლის შემდეგაც მას ქვეყნის ძალაუფლების ტრანზიციისთვის მოსამზადებლად ბოლო ექვსი წელი დარჩება (თუ იგი კონსტიტუციის შეცვლაზე უარს იტყვის). რუსეთის ისტებლიშმენტი კარგად ხვდება, რომ პუტინს უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მოუწევს საკუთარი მომავლის ფორმატზე გადაწყვეტილების მიღება. 2024 წლის პრობლემა განსხვავდება 2007 წლის ანალოგიური სიტუაციისგან, როდესაც პუტინს ასაკის გამო, ასევე საერთო კონიუნქტურიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ჰქონდა უპრობლემოდ დაბრუნებულიყო ოთხი წლის გასვლის შემდეგ.

როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, რეჟიმმა ტრანფორმაცია პუტინის ვადის ამოწურვამდე უნდა დაასრულოს. არჩევის შემდეგ პუტინს მოუწევს საკუთარი მომავლის საკითხით დაკავება. იკვეთება სამი მთავარი სცენარი, რომელთაგან თითოეულს თავისი ქვესცენარი აქვს: მოხსნას საკონსტიტუციო შეზღუდვა კენჭისყრის ვადებზე და დარჩეს 2024 წლის შემდეგაც; წავიდეს საპრეზიდენტო პოსტიდან, თუმცა საკონსტიტუციო რეფორმის გატარებით შეინარჩუნოს თავისი გავლენა; გადასცეს ძალაუფლება სრულფასოვან მემკვიდრეს. ყველა ეს სცენარი ღრმა საკადრო როტაციას მოითხოვს. 

რეჟიმის ტრანსფორმაცია აპრიორი პუტინისთვის პოლიტიკური სისტემის საკონსტიტუციო საფუძვლების მნიშვნელობის და ღირებულების კლების პირობებში განხორციელედება. გეოპოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია მოლოდინების და რისკების მკვეთრი ზრდა და შეცვალა რუსეთის მდგომარეობა მსოფლიოში. კონსტიტუციის შეცვლა „საომარ“ პირობებში, „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის“ ლოგიკის იდეის, გაზრდილი სამხედრო ზეწოლის და მსოფლიო პოლიტიკის ქაოტიზაციის პირობებში ფსიქოლოგიურად უფრო მარტივია. რუსეთი გააძევეს „დიდი რვიანის“ ქვეყნებიდან, იგი დაუპირისპირდა დასავლეთს ღირებულებით დონეზე, რაც ნიშნავს, რომ მკაცრი პოლიტიკური რეფორმების თანმდევი რეპუტაციული ზიანი ნაკლები იქნება.

თუმცა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები 2018 და შემდგომ წლებში, თანდათან მოხდება პუტინის რეჟიმის დეპერსონალიზაციის პირობების ფორმირება. პიროვნების ავტორიტარულ როლს ჩაანაცვლებს ინსტიტუციონალიზაცია, რომლის დროსაც „სტაბილურობას“ არა პირადად პრეზიდენტი, არამედ მის მიერ შექმნილი სისტემა დაიცავს. ტრანფორმაციის ახალი ტალღა აუცილებლად ეცდება მოამზადოს სისტემა მსხვილი საკადრო და ინსტიტუციური რყევების შემდგომ თვითგადარჩენისთვის.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას



[1] უშიშროების ფედერალური სამსახური

[2] დაცვის ფედერალური სამსახური

[3] შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა უსაფრთხოების სამმართველო

[4] ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახური

[5] საგამოძიებო კომიტეტი

[6] პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვის სამსახური

[7] ნარკოვაჭრობის კონტროლის ფედერალური სამსახური

[8] ვნეშეკონომბანკი

[9] ფედერალური საბაჟო სამსახური

[10] მემარჯვენე ძალების კავშირი

[11] საერთორუსული სახალხო ფრონტი

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

01 September 2017

თურქული გამბიტი

01 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

01 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

01 September 2017

ობამა

01 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

01 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

01 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

01 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

01 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

01 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

01 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

01 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

01 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

01 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

01 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

01 September 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

01 September 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

01 September 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

01 September 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

01 September 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

01 September 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

01 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

01 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

01 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

01 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

01 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

01 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

01 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

01 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

01 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

01 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

01 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

01 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

01 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

01 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

01 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

01 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

01 September 2017

უნგრული სუვერენულობა

01 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

01 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

01 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

01 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

01 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

01 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

01 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

01 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

01 September 2017

დასავლური გახლეჩა

01 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

01 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

01 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

01 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

01 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

01 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

01 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

01 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

01 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

01 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

01 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

01 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

01 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

01 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

01 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

01 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

01 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

01 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

01 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

01 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

01 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

01 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

01 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

01 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

01 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

01 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

01 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

01 September 2017