04 September 2017
  • 1016 ნახვა

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

ფოტო გარეკანზე: Economist.com


„მე განვიხილავ, როგორც ერთი-სახელმწიფოს, ასევე ორი-სახელმწიფოს იდეას და მომწონს ის, რომელიც ორივე მხარეს მოწონს. ჩემთვის ორივე ვარიანტი მისაღებია.“ ამგვარი განცხადება გააკეთა, ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში ვიზიტისას. მსგავსი ორაზროვანი განცხადება და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასარეგულირებლად ცხადი და გამოკვეთილი პოლიტიკა დღემდე არ გააჩნია.

მაისში, დონალდ ტრამპი მისი პირველი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ისრაელსაც ეწვია და მეორეჯერ შეხვდა ქვეყნის ლიდერს. ვიზიტისას იგი ბეთლემშიც ჩავიდა და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც იმ თვეში უკვე მეორეჯერ ინახულა. შეხვედრებისას ტრამპი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მის კოლეგებს კონფლიქტის აუცილებლად მოგვარებაში აიმედებდა. მანამდე პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში უფროს მრჩევლად მისი სიძე ჯარედ კუშნერი, ხოლო ამავე რეგიონში ემისრად მისი პირადი მრჩეველი ისრაელის მიმართულებით ჯეისონ გრინბლეთი დანიშნა. ეს უკანასკნელი კონფლიქტის მიმართ აშშ-ის ტრადიციული პოზიციის გამომხატველია, რაც ორი-სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერაში გამოიხატება. ამერიკის ადმინისტრაციის მიერ რეგიონის და კონკრეტულად ამ კონფლიქტის მიმართ მსგავსი აქტიურობა, როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის პოლიტიკურ ელიტებში იმედს აჩენდა, რომ გაყინული საკითხი დაიძვრებოდა და მხარეები კონკრეტულ შედეგებს მიაღწევდნენ. დონალდ ტრამპმა მისი პროვოკაციული დაპირებაც, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანდა, უკან წაიღო.

კონფლიქტით დაზარალებულ პალესტინურ მხარეში ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მალევე გაჩნდა იმედგაცრუება. ივნისში კუშნერის რეგიონში პირველი ვიზიტიდან რამდენიმე დღეში პრემიერმა ნეთანიაჰუმ პალესტინის ტერიტორიებზე ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა დააანონსა. აგვისტოში, სანამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჯარედ კუშნერი მორიგ ტურნეს დაიწყებდა, მაჰმუდ აბასი ისრაელის მემარცხენე, ოპოზიციური პარტიის მერეცის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციაში სრული ქაოსია, მას კონფლიქტში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების იმედი არ აქვს.

მორიგი იმედგაცურება აღმოჩნდა გასულ კვირას ჯარედ კუშნერის ვიზიტი რეგიონში, სადაც იგი სპარსეთის ყურის, იორდანიისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდა, ხოლო ამის შემდეგ ისრაელ-პალესტინაში გაემგზავრა. კუშნერს რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები ჰქონდა, როგორც ნეთანიაჰუსთან, ასევე აბასთან, მაგრამ შეხვედრების შემგდომ პრესკონფერენციებზე ლიდერებს კონკრეტული ახალი არაფერი განუცხადებიათ. განსაკუთრებით უკმაყოფილო მაჰმუდ აბასი დარჩა, რომელიც აშშ-ის მიერ კონფლიქტის მიმართ გამოკვეთილი პოლიტიკის არ ქონის გამო სკეპტიკურადაა განწყობილი. აბასის მრჩევლის აჰმად მაჯდალანის თქმით, თუკი აშშ დროულად არ დაიწყებს აქტიური ნაბიჯების გადადგმას, მაშინ პალესტინა მის გეგმას მიჰყვება, რადგან მოცემული სტატუს კვო პალესტინისთვის დროში წამგებიანია.

ნეთანიაჰუმ კუშნერის ვიზიტი აშშ-ის ისრაელის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. ჯარედ კუშნერს ხშირად კონფლიქტში მიკერძოებულობისთვის ადანაშაულებენ, რადგან მას ისრაელში ბიზნეს-ინტერესები და პრემიერ ნეთანიაჰუსთან პირადი ურთიერთობა აკავშირებს. მსგავსი წინაპირობები ეჭვს აჩენს, მიაღწევს თუ არა საერთოდ ტრამპის დიპლომატიური მისია რეგიონში გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს.

ისრაელის პოლიტიკურ ლიდერებში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მზაობა რომ არ არის, კუშნერის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაირკვა. პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე - დასავლეთ სანაპიროზე 200-ზე მეტი უკანონო დასახლების დანგრევას და 600 000 ებრაელის უკან გაწვევას არასოდეს დააპირებს. პალესტინის მხრიდან მომლაპარაკებელი საებ ერკათმა ტრამპის ადმინისტრაცია მისი უმოქმედობისთვის, უკანონო მშენებლობების არ დაგმობისთვის და ორი-სახელმწიფოს იდეის შესუსტებისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამგვარი უმოქმედობით ისრაელს ხელს უწყობს გააგრძელოს მისი აპარტეიდის პოლიტიკა.

ივლისში, პალესტინელებსა და ებრაელებს შორის სისხლიანი დაპირისპირება იერუსალიმის ისტორიულ უბანში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუსლიმებისთვის ლოცვის აკრძალვას მოჰყვა. 1994 წლიდან იერუსალიმში მდებარე ქრისტიანული და მუსლიმური ტაძრების პატრონაჟს იორდანია ეწევა. 2000 წელს კემპ-დევიდის სამიტზე პალესტინელებმა ტაძრის სრული კონტროლი მოითხოვეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ტაძარში შესვლას ისრაელის უსაფრთხოების სამსახური პერიოდულად 50 წლის ქვემოთ მამაკაცებს და 45 წლის ქვემოთ ქალებს უკრძალავს. აკრძალავა განსაკუთრებით ღაზელ პალესტინელებზე მოქმედებს. ივლისის დაპირისპირება ისრაელის მხრიდან მეჩეთში შესასვლელად მეტალოდეტექტორების დაყენებას მოჰყვა. რამდენიმე დღიან შეტაკებებს სამი პალესტინელის და ორი ებრაელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

სამშვიდობო მოლაპარაკებების ქრონოლოგია

მას შემდეგ, რაც 1967 წელს ისრაელმა პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, გაერომ რეზოლუცია 242 ერთხმად მიიღო, რომლის მიხედვითაც, ისრაელს ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა განეხორციელებინა. დოკუმენტმა სამართლებრივად ცნო პალესტინელების უფლება მათ ტერიტორიაზე.

1976 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც 1967 წლამდე არსებული საზღვრებით ორი-სახელმწიფოს იდეას ინიცირებდა, აშშ-მა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ მხარეებს შორის საზღვარი ორმხრივი მოლაპარაკებებით უნდა გარკვეულიყო. აღნიშნულ იდეას 1970-იანი წლებიდან ფართო მხარდაჭერა აქვს გენერალური ასამბლეების სხდომებზე.

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მხარეებს შორის პირველი პირდაპირი შეხვედრა 1991 წელს მადრიდის სამშვიდობო კონფერენციაზე აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის ინიცირებით მოხდა. 1993 წელს ისრაელსა და პალესტინის განმანთავისუფლებელ ორგანიზაციას შორის ოსლოში შეთანხმება შედგა, რის მიხედვითაც, პალესტინის დროებით ხელისუფლებას დასავლეთ სანაპიროს ურბანულ (ზონა A), რურალურ (ზონა B) ტერიტორიებსა და ღაზის სექტორზე სამოქალაქო და უსაფრთხოების სფეროში კონტროლის დამყარების უფლება ენიჭებოდა. შეთანხმება არაფერს ამბობდა იერუსალიმის სტატუსზე.

მოლაპარაკებების თანამედროვე ეტაპი 2002 წლიდან იწყება, როდესაც კვარტეტმა - გაერო, აშშ, ევროპის კავშირი, რუსეთი - ‘საგზაო რუკა მშვიდობისათვის’ შექმნეს. გადაწყვეტილებას წინ დრამატული მოვლენები უსწრებდა, რამაც დიდწილად განაპირობა ამ დოკუმენტის შექმნა. 2002 წელს, ისრაელში მცხოვრებმა პალესტინელებმა, თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით სასტუმრო ნეთანიაში ე.წ. პასექის ჟლეტა მოაწყვეს. ტერორისტულ აქტს ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციით - თავდაცვითი ფარი - უპასუხა, რომელმაც პალესტინის ადმინისტრაციული შენობების გაანადგურა, დაიკავა პალესტინის დასახლებული ტერიტორიები და ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტი იასირ არაფატი საკუთარ რეზიდენციაში ტყვეობაში მოაქცია.

‘საგზაო რუკა მშვიდობისთვის’ ჯორჯ ბუში უმცროსის 2002 წლის სიტყვას დაეფუძნა. დოკუმენტის პირველი მონახაზი ევროპის კავშირმა გამოაქვეყნა, მას ამერიკული ვერსია მალევე მოჰყვა, მაგრამ საბოლოოდ, მისი ჩამოყალიბებული ვარიანტი 2003 წლის 30 აპრილს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის პირობები პალესტინის ახლად არჩეულმა პრემიერმა მაჰმუდ აბასმა მოიწონა, მაგრამ მისმა ებრაელმა კოლეგამ, აარონ შარონმა დოკუმენტში გაწერილი უკანონო დასახლებების დემონტაჟის განხორციელება შეუძლებლად მიიჩნია და პალესტინურ მხარეს საკუთარი 14 მოთხოვნა წაუყენა. აბასმა მოთხოვნები საგზაო რუკისგან აცდენილად, შესაბამისად, პალესტინისთვის მიუღებლად და განსახორციელებლად არარელევანტურად გამოაცხადა.

2003 წლის ბოლოსთვის ვერცერთმა მხარემ საგზაო რუკით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა: პალესტინური მხრიდან გაგრძელდა ტერორისტული თავდასხმები ისრაელის ტერიტორიაზე, ხოლო ისრაელმა არც პალესტინური ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინა და არც უკანონო მშენებლობები შეუწყვეტია. ამით საგზაო რუკის პირველი ფაზა ჩიხში შევიდა.

მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი 2007-09 წლებში მიმდინარეობდა, როდესაც მხარეები ყველაზე ახლოს იყვნენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგის მიღწევასთან. ამ პერიოდში ისრაელის პრემიერი ეჰუდ ოლმერტი და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი 36-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ოლმერტმა კონკრეტული გეგმა შესთავაზა პალესტინურ მხარეს. გეგმის მიხედვით, ისრაელის ჯარი დატოვებდა ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებს და შეიქმნებოდა მუდმივი საზღვარი; ისრაელი საკუთარი ტერიტორიის 5.8%-ს ღაზას სექტორის მეზობლად, პალესტინურ 6.3% ტერიტორიაში გაცვლიდა; ისრაელის ჯარი დისლოცირებას გააგრძელებდა პალესტინურ ტერიტორიაზე; უკანონო დასახლებებში მცხოვრებთა 60% დარჩებოდა და გააგრძელებდა ცხოვრებას; იერუსალიმის სტატუს კვო შენარჩუნდებოდა - ებრაული ნაწილი ისრაელის, ხოლო პალესტინური ნაწილი პალესტინის სუვერენიტეტის ქვეშ დარჩებოდა. ამასთანავე, მხარეები ითანამშრომლებდნენ უსაფრთხოების, ბიზნესის, წყლის მიწოდების, საბანკო და ტურიზმის სფეროში. პალესტინურმა მხარემ ტერიტორიების გაცვლაში მეტი სიცხადის შეტანა მოითხოვა, რადგან ისრაელისთვის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორია სხვა პერიმეტრით განისაზღვრება და ოლმერტის შეთავაზებული 6.3% რეალურად, შესაძლოა 8.5% ყოფილიყო. მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა - მხარეებმა კონტაქტის გაწყვეტაში ერთმანეთს დასდეს ბრალი.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა თავად პალესტინაში. ქვეყნის ორი წამყვანი პოლიტიკური ძალა - ჰამასი და ფათჰი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰამასმა მოღვაწეობა ღაზას სექტორში, ხოლო ფატჰიმ დასავლეთ სანაპიროზე განაგრძო. ორივე ძალა საკუთარ თავს პალესტინელი ხალხის ნების გამომხატველად მიიჩნევდა. ჰამასსა და ისრაელს შორის დაპირისპირებამ ამ პერიოდში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ეგვიპტემ შეძლო და 2008 წლის ივნისში მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე დაითანხმა, მაგრამ შეთანხმება ნახევარ წელიწადში დაირღვა. შედეგად 2008 წლის დეკემბერში ღაზას ომი დაიწყო.

2009 წელს აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა. ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კაიროში სიტყვით გამოსვლისას მუსლიმი სამყაროს ინტერესების დაცვასა და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე დასვა აქცენტები. მალევე იგი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ობამას მხრიდან ორი-სახელმწიფოს იდეის ხაზგასმაზე, ნეთანიაჰუ სამომავლოდ, პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას გარკვეული პირობებით დათანხმდა. პირობები მოიცავდა პალესტინის მხრიდან ისრაელის, როგორც ებრაული სახელმწიფოს აღიარებას, პალესტინის სამომავლო დემილიტარიზაციას, უსაფრთხოების გარანტიების მიღებას, იერუსალიმის ისრაელის ადმინისტრირების ქვეშ გადასვლას და აქ პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმას. ამასთანავე, ისრაელს უნდა დარჩენოდა უკანონო დასახლებების მშენებლობის უფლებაც. პალესტინურმა მხარემ მსგავსი მოთხოვნების შესრულება მაშინათვე უარყო.

ობამას ადმინისტრაციამ სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა 2010 წლის შემოდგომაზე სცადა. სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მხარეების პირისპირ შეხვედრას გეგმავდა, რათა საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ ორი-სახელმწიფოს კონცეფციაზე და მხარეებს მისი აღსრულება დაეწყოთ. მაგრამ ჰამასისა და ლიბანური ჰეზბოლას მუქარებმა, რომ ისინი ძალადობრივ პოლიტიკას გააქტიურებდნენ, თუკი მხარეებს შორის რაიმე ტიპის შეთანხმება მიიღწეოდა, მოლაპარაკებები დაწყება სათავეშივე ჩაახშო.

სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი 2013 წელს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ინიცირებით განახლდა. მოლაპარაკებები ვაშინგტონში დაიწყო, სადაც ისრაელის მხარეს იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი, ხოლო პალესტინურ მხარეს საებ ერეკათი წარმოადგენდა. მხარეებს შეთანხმების მიღწევამდე ვადა ჰქონდათ მიღწეული, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებების პროცესში მარტინ ინდიკმა პროცესის ჩაშლაში ბრალი ისრაელის მხარეს დადო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით კი, მოლაპარაკებების ეფექტური წარმართვისთვის არცერთი მხარე პოზიტიურ ნაბიჯებს არ დგამდა. ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვეტილია. მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობა კვლავ ნარჩუნდება.

გასული წლის მაისში კვარტეტის სპეციალური წარმომადგენლის, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატა ელ-სისი ინიციატივით გამოვიდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებები აღედგინათ. მათი მოლოდინები დამყარებული იყო იმაზე, რომ ისრაელში მოახლოებულ არჩევნებში პრემიერ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდს ლეიბორისტული პარტია შეცვლიდა, რომელსაც კონფლიქტის მიმართ უფრო რბილი დამოკიდებულება აქვს. მაგრამ არჩევნებში გამარჯვება კვლავ ლიკუდმა მოიპოვა და ქვეყნის მართვა კოალიციური მთავრობით გააგრძელა. სექტემბერში მხარეებს მოსკოვის სამიტზე შესთავაზეს მოლაპარაკებები, რომელსაც ნეთანიაჰუც და აბასიც დათანხმდა, მაგრამ შეხვედრის ზუსტი თარიღი არ დადგენილა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ბოლო ორ ათწლეულში გააქტიურებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, ისრაელსა და პალესტინას შორის სისხლიანი შეტაკებები არ შეწყვეტილა და თითქმის ყოველ წელს მსგავსი ინციდენტები ხდებოდა. 2000 წლიდან 2014 წლამდე ძალადობრივი ქმედებებს 6890 პალესტინელი და 1091 ებრაელი ემსხვერპლა.

ორ მხარეს შორის დღემდე რჩება საკითხები, რომელთა მოგვარების გარეშეც კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა რთულად წარმოსადგენია: საზღვრის გავლება და ტერიტორიული საკუთრება, ისრაელის უკანონო დასახლებები, იერუსალიმის სტატუსი, უსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები, პალესტინელი ლტოლვილების ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნება.

დღეისათვის, პალესტინას სახელმწიფოდ გაეროს 136 ქვეყანა აღიარებს. ქვეყნების უმრავლესობა, რომელიც პალესტინურ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებია. თუმცა საფრანგეთის, ესპანეთის, ბრიტანეთის, ბელგიის, ირლანდიისა და პორტუგალიის მთავრობები აღიარების მოლოდინში არიან.

 

პალესტინური თავსატეხი - ღაზა და ჰამასი

2006 წლის პალესტინის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჰამასს ერგო, რამაც შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში (ჰამასი დასავლეთს - აშშ-სა და ევროპის კავშირს - ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული) და პალესტინას ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ. ამ გარემოებამ მეორე წამყვან პოლიტიკურ ძალას პალესტინაში - ფათჰის საშუალება მისცა ჰამასთან ძალადობრივ კონფლიქტში ჩართულიყო. საერთაშორისო საზოგადოებამ მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ფათჰის ხელმძღვანელობას აღიარებდა პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციაც (PLO). შედეგად, 2007 წლის ივნისში ჰამასი ღაზას სექტორში გადავიდა და საკუთარი მმართველობა იქ გამოაცხადა. ფათჰის მმართველობამ ღაზას სექტორი მისი ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში სცნო, მაგრამ ჰამასი მას სამართლებრივად არ აღიარებდა.

ღაზაში ჰამასის მმართველობის პერიოდში ისრაელთან ორი ომი 2008-09 და 2014 წელში მოხდა. სამხედრო დაპირისპირებას თოთოეულ ომში 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან უმრავლესობა პალესტინელი იყო. ომის მიზეზები ისრაელის მიმართ ჰამასის აგრესიული პოლიტიკა იყო, რაც ისრაელის კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართ პერიოდულ სარაკეტო იერიშებში გამოიხატებოდა. 2014 წლის ომის საბაბი ჰამასის წევრების მიერ სამი ებრაელი თინეიჯერის გატაცება და დახოცვა გახდა.

2011 წელს ეგვიპტე შეეცადა პალესტინის პოლიტიკურ ძალებს შორის მოდერაცია გაეწია და მათ შერიგებას მიეღწია. 2012 წელს ჰამასი-ფათჰის დოჰას შეთანხმება შედგა, რის მიხედვითაც ღაზას სექტორში შუალედური არჩევნები უნდა გამართულიყო და რეგიონი დამოუკიდებელ ტექნოკრატებს ემართა. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება 2014 წელს შედგა და საერთო მმართველობისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ შეთანხმებამ მხოლოდ 2016 წლამდე გასტანა. ჰამასმა ღაზაში მისი პოლიტიკური გავლენების გაზრდა დაიწყო და კვლავ ალტერნატიული ხელისუფლება ჩამოაყალიბა.

ბოლო დეკადაში განვითარებული მოვლენები ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს არასათანადო პირობებში არსებობას აიძულებდა. მათ პერმანეტულად აწუხებთ სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის, სამშენებლო მასალების და ავტომობილების ნაკლებობა. მდგომარეობა ამჟამადაც არ შეცვლილია. მიმდინარე წელს მათ გაუსაძლის პირობებს კიდევ ერთი დაემატა - მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ. ღაზას სექტორს ელექტროენერგიას ისრაელი აწვდის და მის გადასახადს პალესტინის დასავლეთ სანაპიროს ცენტრალური, ფათჰის ხელისუფლება ფარავს. მიმდინარე წელს საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად, რომ იგი ტერორიზმს ებრძვის და მზადაა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, მაჰმუდ აბასმა ღაზისთვის მიწოდებული ენერგიის 40%-ის გადახდაზე უარი თქვა. თუკი აქამდე ღაზელი პალესტინელები დღეში ოთხ საათ ელექტროენერგიას იღებდნენ, ახლა მათ მხოლოდ 2.5 საათი მიეწოდებათ. აღნიშნული ნაბიჯი ღაზაში ჰამასის გავლენის შესამცირებლად იყო გამიზნული.

თებერვალში ჰამასმა ახალი ლიდერი იაჰია სინვარი აირჩია ლიდერად, რომელიც 22 წელი ისრაელის მთავრობას ჰყავდა დაპატიმრებული და მხოლოდ 2011 წელს, პატიმართა გაცვლისას გაათავისუფლეს. სინვარი ლოგიკურად, ჰარდლაინერი პოლიტიკოსი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღაზის სექტორი ისრაელთან ახალ კონფრონტაციაში უნდა ჩაერთო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. თავდაპირველად, სინვარმა შიდა პოლიტკური სიტუაციის დამშვიდება შეძლო, მან მოახერხა და ჰამასის პოლიტიკურ და სამხედრო ნაწილებს შორის უთანხმოება მოაგვარა. პირველ მაისს, ჰამასმა პარტიის ახალი პოლიტიკური პროგრამა გამოაქვეყნა, სადაც მისი პოზიცია ისრაელის მიმართ შედარებით შერბილებული იყო. ორგანიზაცია პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ 1967 წლის მდგომარეობით ცნობდა. დოკუმენტის მიხედვით, ჰამასი არ ებრძოდა ებრაელ ხალხს, არამედ სიონისტურ პროექტს და მას არ აღიარებდა. პოლიტიკურ პროგრამას ისრაელში სკეპტიკურად შეხვდნენ; ადმინისტრაციაში დოკუმენტს ‘მსოფლიოს მოტყუების მცდელობა’ უწოდეს. ისრაელში სინვარს ერთ-ერთ ხისტ ლიდერად მაინც თვლიან.

იაჰია სინვარმა ურთიერთობების დალაგება საგარეო არენაზეც დაიწყო. იგი ცდილობს პალესტინის ცენტრალური, ფათჰის ხელისუფლების მოკავშრეებთან - ეგვიპტე, ირანი - ურთიერთობა დაათბოს. მან კავშირი დაამყარა ფათჰის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერთან მოჰამედ დალანთან, რომელიც დღეს მაჰმუდ აბასის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა. როგორც ჩანს, არც ჰამასის ახალი ხელმძღვანელობის ინტერესში ფათჰისთან ურთიერთშეთანხმების მიღწევა არ შედის.

 

კონფლიქტი და რეგიონის ქვეყნები

რეგიონის წამყვან ქვეყნებს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართ თითქმის ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ისრაელს მის ოთხივე მუსლიმურ ქვეყანასთან გასული საუკუნის მეორე ნახევარში ომი ჰქონდა. ამას გარდა, საუდის არაბეთი, ერაყი, სირია, ლიბანი და ირანი ისრაელის სახელმწიფოებრიობას დღემდე არ აღიარებენ.

ეგვიპტემ 1979 წლის სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ისრაელის სახელმწიფო სცნო, სინას ნახევარკუნძულიდან სამხედრო დანაყოფები გაიყვანა და ტერიტორია დღემდე დემილიტარიზებული რჩება. სანაცვლოდ, ეგვიპტე აშშ-ისგან ყოველწლიურ ფინანსურ დახმარებას იღებს. გასულ კვირას ეგვიპტის ისლამური სოციალური სოლიდარობის კომიტეტმა გაერთიანებულ არაბთა ემირატების წარმომადგენლობასთან ერთად ღაზას სექტორისთვის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა გადაწყვიტა. ერთი წლის განმავლობაში ღაზა ყოველთვიურად 15 მილიონ დოლარის დახმარებას მიიღებს, რომელიც ჯანდაცვას, საბინაო ფონდსა და ელექტროენერგიის მიწოდებას მოხმარდება. ამ უკანასკნელისთვის იგეგმება ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის 18 თვეს გასტანს. მშენებლობის დაწყების თარიღი ჯერ გაურკვევლია. ეგვიპტე ცდილობს ჰამასთან უსაფრთხოების სფეროში ითანამშრომლოს და მაჰმუდ აბასის გადაწყვეტილებით ღაზაზე მიყენებული ზარალი დაფაროს.

ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აკავშირებს იორდანიასთანაც. იორდანიაში მასიურად ცხოვრობენ პალესტინელი ლტოლვილები. ქვეყნის ფარგლებში ისინი სრული სამოქალაქო უფლებებით სარგებლობენ. ლტოლვილთა უმეტესობა არასათანადო ლტოლვილთა თავშესაფრებში ცხოვრობს, რაც პალესტინურ მხარეს იორდანიის მხარდაჭერის მიმართ სკეპტიკურად განაწყობს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში მაჰმუდ აბასსა და იორდანიის მეფე აბდულა II-ს პოზიტიური ურთიერთობა პიკში შედის. პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა პალესტინა-იორდანიის კონფედერაციის იდეა, რომელიც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაერთიანება იქნება. კონფედერაციული მოწყობა საფრთხეს ქმნის იორდანიელებისთვის, რადგან იორდანიის მოსახლეობის ნახევარი პალესტინური წარმოშობისაა და ისინი შიშობენ, რომ სამომავლოდ იორდანიის ნაცვლად ‘დიდი პალესტინა’ შეიქმნება.

სირია, ლიბანი და ირანი ყველაზე ანტისიონისტური ქვეყნებია რეგიონში. ლიბანში ირანის მიერ დაფინანსებული მთავარი პოლიტიკური ძალა შიიტური ჰეზბოლაა, რომელიც ისრაელთან სამხედრო კონფლიქტში არაერთხელ ჩაბმულა. სირიას ისრაელთან ჯერ კიდევ ტერიტორიული დისპუტი აქვს, რაც 1967 წელს ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობების საერთაშორისო სტატუსში გამოიხატება. ირანი ისრაელს არალეგალურ წარმონაქმნად მიიჩნევს და მას ნომერ პირველ მტრად აცხადებს. ირანის მთავარი თავსატეხი ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის ფლობაა.

ბოლო პერიოდში ანტიისრაელური განწყობები იზრდება თურქეთში. ამას ქვეყნის პროისლამური ლიდერი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც უწყობს. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2010 წელს დაიძაბა, ღაზას სექტორის ბლოკადისას თურქული გემი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას შეეცადა. საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო რაზმმა ცეცხლის გახსნით თურქეთის ათი მოქალაქე იმსხვერპლა. მხარეებს შორის ურთიერთობა ფორმალურ დონეზე დღემდე არ მოწესრიგებულა. გასულ კვირას, კუშნერის ვიზიტის შემდგომ მაჰმუდ აბასი ერდოღანს ანკარას რეზიდენციაში ეწვია, სადაც თურქეთის ლიდერმა ორი-სახელმწიფოს იდეას ‘ისტორიული პასუხიმგებლობა’ უწოდა და ისრაელს მისი შესრულებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთი პალესტინის ხელისუფლებას ასეულობით მილიონი დოლარის დახმარებას უწევს და ქვეყანა ისრაელის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებს, მასსა და ისრაელს შორის ბოლო პერიოდში ტაქტიკური დაახლოების პროცესი მიმდინარეობს. ამ პოლიტიკური ტენდენციის მთავარი გამომწვევი მიზეზი საუდის არაბეთსა და ისრაელში გაზრდილი ანტიირანული რიტორიკაა. საუდის არაბეთის ინიციატივით, 2002 წელს ორგანიზაცია არაბული ლიგის ფარგლებში სამშვიდობო გეგმა შედგა, რომელიც ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებების ალტერნატივა იყო.

 

დასკვნის მაგიერ

ალ-აქსას მეჩეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება ჯერ არ განელებულა და შესაძლოა, ახალ ეტაპზე გადავიდეს; ღაზის სექტორში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაა; ორივე საზოგადოებაში ნელ-ნელა კლებულობს ორი-სახელმწიფოს იდეის განხორციელების ოპტიმიზმი; მაჰმუდ აბასის ხელისუფლება შერყეულია; განხეთქილებაა თვითონ ფათჰის პარტიაში; ახალგაზრდობაში იზრდება ძალადობისკენ მიდრეკილება, რომელსაც მიზანი არ გააჩნია; ისრაელის პოლიტიკურ წრეებში დასავლეთ სანაპიროს სრული ანექსიის იდეაც მზარდ მხარდაჭერას პოულობს.

საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა, რომ ათწლეულების წინანდელი ორი-სახელმწიფოს კონცეფციას ხორცის შეასხას, თითქოს, რეალობას აცდენილია.  გამოცდილებამ აჩვენა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები პალესტინელების დაყოფის, ისრაელის მიერ უკანონო დასახლებების გაფართოების და დასავლეთ სანაპიროს დე-ფაქტო ანექსიის პრობლემებს ვერ აგვარებს და ხშირ შემთხვევაში, წამქეზებლის ფუნქციასაც კი ასრულებს. კონფლიქტის ერთ-ერთი მედიატორი ამერიკული მხარე კი, ისრაელისა და პალესტინისგან ითხოვს დათანხმდეს იმას, რაც არცერთი მათგანისთვის მისაღები არაა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დაპირისპირების მიმართ თვითონ არაბულ სამყაროშიც კი ნელდება ინტერესი და ინდიფერენტულობა იზრდება. როგორც ჩანს, მსგავს, კომპლექსური კონფლიქტების გადაწყვეტას მხოლოდ დროებითი, არარელევანტური ჩარევები ვერ აგვარებს და მას საერთაშორისო საზოგადოების ფართო და ინტენსიური ჩართულობა სჭირდება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

04 September 2017

თურქული გამბიტი

04 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

04 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

04 September 2017

ობამა

04 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

04 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

04 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

04 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

04 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

04 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

04 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

04 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

04 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

04 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

04 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

04 September 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

04 September 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

04 September 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

04 September 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

04 September 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

04 September 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

04 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

04 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

04 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

04 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

04 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

04 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

04 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

04 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

04 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

04 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

04 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

04 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

04 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

04 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

04 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

04 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

04 September 2017

უნგრული სუვერენულობა

04 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

04 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

04 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

04 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

04 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

04 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

04 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

04 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

04 September 2017

დასავლური გახლეჩა

04 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

04 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

04 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

04 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

04 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

04 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

04 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

04 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

04 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

04 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

04 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

04 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

04 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

04 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

04 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

04 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

04 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

04 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

04 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

04 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

04 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

04 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

04 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

04 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

04 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

04 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

04 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

04 September 2017