06 September 2017
  • 1062 ნახვა

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

შესავალი

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და მისი რეჟიმი მსოფლიო ავტოკრატებისთვის წარმატებული მოდელია (success story). თანდაყოლილი პოლიტიკური ალღოს წყალობით იგი არა მხოლოდ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, არამედ ყოველგვარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი და სტრატეგიული რესურსების გარეშე, საკუთარ ხალხთან და საგარეო ძალებთან ურთიერთობის კომფორტული ფორმატიც ჩამოაყალიბა.

ლუკაშენკომ 23 წელიწადში შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კონსოლიდირებული და ადაპტირებადი ავტორიტარული რეჟიმი არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ შესაძლოა მსოფლიოშიც კი. სტატიაში ვეცდები გავაანალიზო ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი, მისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ვეცდები გავარკვიო, თუ რას ემყარება ბელორუსული პოლიტიკური მოდელი, რამდენად მდგრადია იგი პოტენციური საგარეო ზეწოლისადმი, რა მასშტაბისაა მისი შერყევის რისკები და ევოლუციის პერსპექტივები.

რუსულ-უკრაინულმა კონფლიქტმა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ დასავლური მედიის ხედვა შეცვალა. თუ ადრე ამ რეგიონს „ევროპული რეფორმების გზისკენ მიმავალი ქვეყნები vs. ავტორიტარიზმში ჩარჩენილების“ ბლოკების კონტექსტში განიხილავდნენ, ახლა მას ახალი პოპულარული რაკურსი - „კრემლის მომდევნო მსხვერპლნი“ დაემატა. გამონაკლისი არც ბელორუსია გახდა, რომელთანაც რუსეთის ურთიერთობა ბოლო წლებში მრავალი მიმართულებით გაუარესდა. 

ბელორუსია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე რუსიფიცირებულია. იგი არის რუსეთის სამხედრო მოკავშირე, რომელთანაც მთელი რიგი ინტეგრაციული შეთანხმებებითაა დაკავშირებული და რომელზეც თითქმის სრულად არის დამოკიდებული რესურსების თვალსაზრისით. ბელორუსების 90% სხვადასხვა სიხშირით ინფორმაციას რუსული ტელეარხებიდან იღებს. დასავლეთის თვალში ბელორუსია რუსეთის ექსპანსიის მიმართ მოწყვლადად გამოიყურება. დასავლელი ჟურნალისტების სტატიებში აქტიურად იწერება რუსეთის ფედერაციაში ბელორუსიის ძალადობრივი ინკორპორაციის შესახებ. აღნიშნული საკითხიც ამომწურავი პასუხის გაცემას მოითხოვს.

 

რეჟიმის კონსოლიდაცია

1994 წელს, ბელორუსიის ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოს მსგავსი ფსიქოლოგიური ტიპაჟის და იდეოლოგიური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსის მოსვლა შემთხვევითი არ იყო. უნიათო საბაზრო რეფორმების პირველი პოსტსაბჭოთა წლები; ცხოვრების დაბალი დონე; მზარდი კორუფცია და დანაშაული; სუსტი ნაციონალური იდენტობა და დემოკრატიული ტრადიციების არარსებობა; სტაბილურ საბჭოთა წლებზე მოსახლეობის უმრავლესობის ნოსტალგია; საზოგადოებაში პრორუსული განწყობების დომინირება; დაღლილობა ყოფილი პარტიული ნომენკლატურისგან, რომელიც რესპუბლიკის მართვას აგრძელებდა - ყველაფერმა ამან ახალგაზრდა და ენერგიულ პოპულისტზე მოთხოვნა განაპირობა, რომელმაც შეძლო ძლიერი ხელით წესრიგის დამყარება, რუსეთთან კავშირების აღდგენა და ხელისუფლებიდან „თაღლითების“ ციხეებში გაგზავნა.

ბელორუსიის პირველი პრეზიდენტის ქარიზმა, მისი მმართველობის სტილი და ლეგიმიტურობა დიდწილად იყო და ახლაც რჩება სახალხო. ლუკაშენკოს არ მოსწონდა ფორმალური დემოკრატიის ინსტიტუტები. პრეზიდენტი თავიდანვე დაუპირისპირდა პარლამენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს. პირადი ძალაუფლების რეჟიმის დამყარებისა და კონსოლიდაციისთვის კი მას ორი წელი დაჭირდა.

1996 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმმა და მისმა თანმდევმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ალექსანდრე ლუკაშენკოს კონტროლის ქვეშ მოაქცია აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროფკავშირები, ძალოვანი და სამართლადამცავი სტრუქტურები, ყველა ტელეარხი და ქვეყნის უდიდესი გაზეთები. პარლამენტმა დაკარგა უფლებამოსილება და ოპოზიცია. პრეზიდენტის განკარგულებები კანონებზე მაღლა დადგა.

სახელმწიფომ მოკლე ვადებში გააძლიერა საკუთარი გაბატონებული მდგომარეობა ეკონომიკაზე და შეწყვიტა ადრე დაწყებული პრივატიზაცია. გავლენიანი ძალოვანი და მაკონტროლებელი ინსტანციები, სახელმწიფო რეგულაციების სიმრავლე, არათავისუფალი სასამართლო და საკუთრების ნაციონალიზაციის გამარტივებული პროცედურები ხელისუფლების მიმართ ბიზნესის პოლიტიკურ ლოიალობას უზრუნველყოფდა.

2004 წელს, ახალი საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ სამუდამოდ პრეზიდენტობის უფლება მიიღო. ბელორუსიაში აიგო თავისებურად ეფექტური ძალაუფლების ვერტიკალი, რომელშიც პრეზიდენტი უმნიშვნელოვანეს საკადრო და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, მათ შორის ქალაქების და რაიონების ხელმძღვანელების, დაბალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების და დიდი ქარხნების დირექტორების დონეზე. ელიტების როტაციის უზრუნველყოფა მმართველი პარტიის მიერ არ ხდება, რადგან ასეთი პარტია ბელორუსიაში არ არსებობს. მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანდიდატებს ჭირდებათ პერსონალური ლოიალობა, პრეზიდენტის ხედვების გაზიარება და მმართველობითი გამოცდილება, რომელიც ლუკაშენკოს აზრით ამა თუ იმ პოსტისთვის შესაფერისი იქნება.   

რეჟიმის კონსოლიდაციას თან სდევდა ოპოზიციის მარგინალიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების თუ არასახელმწიფო მედიის მოქმედების არეალის ეტაპობრივი შეზღუდვა. ასე გაგრძელდა 2008 წლამდე, რის შემდეგაც მოხდა „მარწუხების“ ეტაპობრივი მოშვება, რომელიც გეოპოლიტიკური მანევრირებისა და დასავლეთთან დაახლოებისთვის იყო საჭირო. თუმცა ამ დროს იცვლებოდა მხოლოდ ხელისუფლების ქმედება. ავტორიტარიზმის კანონები და ინსტიტუტები ხელშეუხებელი რჩებოდა ან მკაცრდებოდა, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევდა ნებისმიერ მომენტში ოპერატიულად დაბრუნებოდა რეპრესიულობის საჭირო დონეს.

ლუკაშენკოს აგებული ეკონომიკური მოდელი (რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის მოდელს იმეორებს) სახელმწიფო რეგულაციების სიმრავლის, სახელმწიფო მონოპოლიის და შემოსავალთა გადანაწილების მაღალი დონის კომბინაციას წარმოადგენს. წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო კორპორაციების შენარჩუნება ხდება პირდაპირი დოტაციების სისტემის, შეღავათიანი კრედიტების და ჯვარედინი სუბსიდირების გზით - მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფები მათთვის შესაძლოა ბევრად ნაკლები იყოს, ვიდრე კერძო ბიზნესისთვის. ბოლო დრომდე სახელმწიფო ქმნიდა ქვეყნის მშპ-ს 60%-ს და დაახლოებით ამ რაოდენობის მოსახლეობას ასაქმებდა. 2015-2016 წლების კრიზისის შემდეგ ეს მაჩვენებელი მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემების თანახმად 50%-მდე შემცირდა.

კრიზისმა გავლენა მოახდინა სოციალური სახელმწიფოს გარკვეულ ელემენტებზეც: გაიზარდა საპენსიო ასაკი, დაუშვეს ზომიერი უმუშევრობა. თუმცა სისტემა კვლავინდებურად მიმართულია მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობის შემცირებაზე. ჯინის ინდექსის მიხედვით, რომელიც სოციალურ უთანასწორობას ზომავს, ბელორუსია ტრადიციულად, რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაზე მაღალ ადგილს იკავებს.

ბელორუსული ავტორიტარიზმის ერთ-ერთი საფუძველი არის მინსკის და მოსკოვის განსაკუთრებული ურთიერთობები. რუსულ იმპერიულ ამბიციებზე ჭკვიანური თამაშით და მოსკოვის სურვილით არ დაეკარგა მოკავშირე და გაერისკა პოლიტიკური სტაბილურობით ბელორუსიაში, რომელიც ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ლუკაშენკომ მოახერხა მოსკოვისგან ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მყარი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება (თუმცა დროგამოშვებით მათ შორის ურთიერთობები იძაბება).

 

რისკების მართვა

ლუკაშენკო ქვეყანაზე ინსტიტუციური კონტროლის დამყარებით არ შემოფარგლულა. გარკვეულწილად შეგნებულად, ხოლო გარკვეულწილად საკუთარი პოლიტიკური ინსტინქტებით, ბელორუსიის პრეზიდენტმა ავტორიტარიზმის თავდაცვის მოდელი - სისტემის სტაბილურობისთვის პოტენციური რისკების ოპერატიულად აღკვეთის უამრავი მექანიზმი შექმნა. ასეთი საბაზისო რისკები კი ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამია: მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, ელიტებში განხეთქილება ან დაპირისპირება და საგარეო ზეწოლა. ქვემოთ სამივე მათგანს განვიხილავ.

უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის დომინირების გამო ბელორუსების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური აქტივობის სფეროდან აპრიორი გამოთიშულია. ფართოდ გავრცელებული საკონტრაქტო სისტემის თანახმად, დამქირავებელს შეუძლია არ გაახანგრძლივოს შრომითი ხელშეკრულება მისი ამოწურვის შემდეგ (ხელშეკრულებები კი ძირითადად ერთწლიანია). შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი დასაქმებული მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ანალოგიურად, საზოგადოებრივი უკმაყოფილების კიდევ ერთი პოტენციური აქტივი, სტუდენტებიც უფრთხიან უმაღლესი სასწავლებლებიდან გარიცხვას, რომელთა უმრავლესობაც ასევე სახელმწიფოა.

ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს პროტესტის მინიმიზებაც. ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად ბელორუსიაში აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა. უარის თქმის „მენიუ“ იმდენად მრავალფეროვანია, რომ შესაბამისი მიზეზის მოძებნა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება.

ათასი ადამიანის შეკრება არასანქცირებულ მიტინგზე რთულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პერსპექტივები ბუნდოვანია - არ არსებობს სახელმწიფოს ძალადობრივ მანქანასთან ფიზიკური ბრძოლის რესურსი, არამედ იმიტომაც, რომ აქციის პოტენციურ მონაწილეებს ნათლად ესმით, თუ რა შედეგები მოყვება მათ აქტიურობას: ადმინისტრაციული ან ძალის გამოყენების ბრალდებით დაკავების რისკი. ხელისუფლება ამ წესებს 2015 წლის აგვისტო - 2017 წლის თებერვლის დათბობამდე მისდევდა, როდესაც არასანქცირებულ აქციებში მონაწილეებს მხოლოდ აჯარიმებდნენ. მას შემდეგ, რაც რეჟიმის წელიწადნახევრიანმა ლიბერალიზაციამ „შედეგები გამოიღო“ და რეგიონებში „უსაქმურობის“ დეკრეტის შესახებ აქციებზე ხალხმა გამოსვლა დაიწყო, ძალოვანებმა კვლავ მიიღეს ტრადიციული პრაქტიკის განახლების ბრძანება.

შესაძლო მასობრივი აქციების წინ ძალოვანები მიმართავენ პრევენციულ დაკავებებსაც: ოპოზიციის ლიდერებს და აქტივისტებს აქციების ჩატარების ადგილას სხვადასხვა მიზეზით არ უშვებენ - დოკუმენტების შემოწმება, რომელიც საათობით იწელება, ბაზაში ავტომობილის ნომრების შემოწმება, რომელიც შეიძლება მოპარული იყოს ან უბრალო ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (მაგალითად, „უცენზუროდ იგინებოდა ქუჩაში“, მოწმეები კი ამ შემთხვევაში ყოველთვის მილიციელები არიან).

ბელორუსიის ხელისუფლება მოქნილია და მას შეუძლია საზოგადოებრივ უკმაყოფილებასთან მუშაობა არა მხოლოდ მათრახის, არამედ თაფლაკვერის პოლიტიკითაც. „თაფლაკვერი“ თავისთავად არ გამოიყენება არჩევნების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებული ოპოზიციური დემონსტრაციების დროს. ამ შემთხვევაში მათდამი დამოკიდებულება „სისტემის მტრებისადმი“ დამოკიდებულების მეთოდით ხდება. თუმცა თუ ხელისუფლება და პირადად ალექსანდრ ლუკაშენკო თვლის, რომ პროტესტის უკან საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილებაა, იგი შეიძლება საპროტესტო მასების მიმართ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ამასთან პროტესტის ლიდერებს მაინც აკავებენ და უკმაყოფილოთა უმრავლესობისგან მათ ჩამოშორებას ახდენენ. შესაბამისად, უმრავლესობას უგზავნიან სიგნალს, რომ არსებობს ჩარჩოები, რომლის ფარგლებს მიღმა გასვლაც არ ღირს.

2011 წელს, მკვეთრად გაზრდილი ბენზინის ფასებით უკმაყოფილო ავტომობილის მძღოლებმა მინსკის ცენტრალური პროსპექტი გადაკეტეს და მანქანების დამტვრევის იმიტაცია მოაწყვეს. ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და დააჯარიმა. თუმცა იმავე დღეს პრეზიდენტმა საწვავზე ფასები პირადად დააკლო. ახალ, გაზრდილ ფასამდე საბოლოოდ მაინც მივიდნენ, თუმცა იგი თანდათან გაზარდეს, რითიც უკმაყოფილო მოსახლეობას თვითორგანიზების ახალი საბაბი არ მისცეს - პროტესტის მიზეზი ვერ გახდება ფასის ზრდა 1%-ით, თუნდაც რამდენიმე კვირაში ერთხელ.

ნახევარი წლის შემდეგ სამთომოპოვებითი საწარმო „გრანიტის“ მუშები ოფიციალური პროფკავშირიდან მასობრივად გავიდნენ და დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრობაზე გააკეთეს განაცხადი, პარალელურად კი ხელფასების დაგვიანება გააპროტესტეს. გამოსვლის ლიდერი და ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი ერთნახევარჯერ გაზრდილი ხელფასები გადაუხადეს.  

სქემა მთელი ქვეყნის მასშტაბითაც მუშაობს - „უსაქმურთა“ ბოლო გამოსვლები 2017 წლის გაზაფხულზე საკმაოდ მკაცრად, ასობით დაკავებულის ხარჯზე ჩაახშვეს. თუმცა ამავდროულად, ლუკაშენკო დათმობაზეც წავიდა, შეაჩერა რა ერთი წლით სკანდალური დეკრეტის ამოქმედება და დაპირდა დემონსტრანტებს მისგან განსაკუთრებით ოდიოზური ელემენტების ამოღებას.

ამასთან ხელისუფლების პროპაგანდისტული მცდელობები მიმართულია პროტესტების დისკრედიტაციაზე და სოციალური რყევების მიმართ ბელორუსების ისტორიულ შიშზე. ქვეყნის ჰიმნი იწყება სიტყვებით „ჩვენ, ბელორუსები მშვიდობიანი ხალხი ვართ“. იგივე იდეა კულტივირდება სახელმწიფო მედიის მიერაც, რომელიც უცხოური ძალადობრივი რევოლუციების და მათი თანმდევი ომებისა და ქაოსის მაგალითებს იყენებს. 

ნებისმიერი ავტორიტარისთვის სერიოზულ და პერსონალურ რისკს ატარებს მმართველი ელიტა - ეს შეიძლება იყოს უკმაყოფილება, შეთქმულება, გადატრიალება ან განხეთქილება. ლუკაშენკოს მოვლენების მსგავსი განვითარების წინააღმდეგ ორი ქმედითი მეთოდი აქვს - საკადრო პოლიტიკა და ხელისუფლების უალტერნატივობის იდეის კულტივირება.

ბელორუსიის პრეზიდენტი, როგორც წესი მნიშვნელოვან თანამდებობებზე, განსაკუთრებით კი მმართველ პოსტებზე ქარიზმატულ, ამბიციურ, ზედმეტად ინიციატურ და საჯაროდ აქტიურ ხალხს არ ნიშნავს. თავად იმ მოხელეებმა კი, რომლებიც უკვე იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ამის შესახებ იციან და ცდილობენ ზედმეტად არ გამოჩნდნენ, არ გახდნენ საჯარო, არ მისცენ ბევრი ინტერვიუ და დამალონ საკუთარი ოჯახები ჟურნალისტებისგან.

აღნიშნული საკადრო პოლიტიკის თანახმად ელიტებს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმე ძალაუფლების ვერტიკალში სტაბილურად იკავებს 2 ადგილს. ბელორუსულ ელიტაში არ არის და არც უნდა გაჩნდეს მემკვიდრე ან ფავორიტი.   

ალექსანდრ ლუკაშენკოს სამი შვილიდან უმცროსი, ნიკოლაი ახალგაზრდული ასაკის გამო მემკვიდრის როლს ჯერჯერობით არ შეეფერება. შუათანა დიმიტრი პოლიტიკით დაინტერესებული არ არის. ყველაზე მეტი მემკვიდრეობითი შანსები აქვს უფროს შვილ ვიქტორს. იგი პრეზიდენტის თანაშემწეა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო რეალურად ძალოვანი სტრუქტურების „მაყურებლის“ როლს ასრულებს. ვიქტორი კურირებს ერთ-ერთი მათგანის, ოპერატიულ-ანალიტიკური ცენტრის მუშაობას და ქვეყნის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაშიც შედის.

თუმცა ვიქტორ ლუკაშენკოს ირგვლივ ნომენკლატურის სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციისთვის საკმარისი ესეც არ არის. ბელორუსია არ არის ცენტრალური აზია და იქ არ არსებობს ტახტის მემკვიდრეობითი გადაცემის მონარქისტული ტრადიციები. ლუკაშენკოს ოჯახის წევრობა ვიქტორს ავტომატურად არ სძენს ლეგიტიმაციას ხალხის და ელიტის თვალში. ყველა საჯარო გამოსვლაში ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მის შვილებს არ სურთ მამის ბედი გაიზიარონ და არც ის ხედავს მათ საკუთარი მემკვიდრეების როლში. დღეს ეს პოზიცია საკმაოდ გულწრფელად გამოიყურება.

ბელორუსიაში რამდენიმე ძალოვანი სტრუქტურა მოქმედებს: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამსახური (КГБ), უშიშროების საბჭო, საგამოძიებო კომიტეტი, პროკურატურა, ოპერატიულ-ანალიტიკური ცენტრი და თავდაცვის სამინისტრო. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ, ხოლო პერიოდულად ერთმანეთთან კონკურენციაშიც შედიან. გამორჩეულად დგას პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური, რომლის უფლებამოსილებაც თითქმის შეუზღუდავია.   

ძალოვანებს შორის კლანების ფორმირების, ან თანამშრომლების მიერ რომელიმე სტრუქტურის უშუალო ხელმძღვანელისადმი პრეზიდენტზე მაღალი ლოიალობის გამოვლენის აღსაკვეთად, ლუკაშენკო რეგულარულად ახდენს კადრების გადანაცვლებას. თუ პრეზიდენტი ეჭვობს, რომ ესა თუ ის ძალოვანი საკმარისად ერთგული არ არის, იგი სასწრაფოდ გადაყავს ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ან საერთოდ პენსიაზე უშვებს.

ძალოვანების ილუზიის გასაქარწყლებლად, რომ მათ შორის არსებობენ ხელშეუხებელნი, ლუკაშენკო რეგულარულად აღძრავს ხოლმე სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც ძირითადად კორუფციას უკავშირდება. მნიშვნელოვანი მოხეელეების ოპოზიციაში გადასვლის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც 10-15 წლის წინ ხდებოდა, სტაბილურად მთავრდებოდა სამართლებრივი დევნით, რაც სხვებისთვის სამაგალითო იყო. პრეზიდენტის ნდობის ღალატი არსებულ სისტემაში მთავარი ცოდვაა.

მესამე სახის რისკი კი საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. ბელორუსული ეკონომიკის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე, რუსული მედიის გავლენა ბელორუსიის მოსახლეობაზე და ორი ქვეყნის სამხედრო ინტეგრაცია ცხადყოფს, რომ მოსკოვს ბელორუსიის საშინაო პოლიტიკაზე ზეგავლენის გარკვეული რესურსები გააჩნია.

ამის გათვალისწინებით, ლუკაშენკო მმართველობის პირველივე წლებიდან ცდილობს კრემლის თვალში საკუთარი თავი ბელორუსულ-რუსული მეგობრობის უალტერნატივო გარანტად წარმოაჩინოს. რუსეთის სამივე პრეზიდენტი ბელორუსთან ურთიერთობების დაძაბვის დროს ამ ფაქტორს ყოველთვის ითვალისწინებდა. რუსეთის ხელისუფლების აზრით, დანაკარგები დათმობის შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე ის დანახარჯები, რომელიც ბელორუსიის საკუთარ ორბიტაზე დასატოვებლად არის საჭირო, თუ რუსული დახმარების შემცირება შიდა რყევებს და ხელისუფლების უკონტროლო ცვლილებას გამოიწვევს.  

იმისთვის, რომ რუსეთს მოულოდნელად თავად არ შეექმნას ბელორუსიაში ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ქვეყანაში მხოლოდ პროევროპული ოპოზიცია არსებობს. სპეცსამსახურების მიერ ხდება ნებისმიერი პრორუსული ოპოზიციის შექმნის მცდელობების აღკვეთა. მოსკოვს ე.წ. გეგმა „ბ“ არ უნდა გაუჩნდეს - ბელორუსულ პოლიტიკაში პრორუსულ ვექტორზე მონოპოლია ლუკაშენკოს ხელში უნდა დარჩეს. პოლიტიკოსებს, რომლებთან დაკავშირებითაც მოსკოვთან ზედმეტ სიახლოვეზე ეჭვები არსებობს, მაღალ თანამდებობებზე არ ნიშნავენ (თუ მაღალ თანამდებობაზე საერთოდ შეიძლება საუბარი ბელორუსიის პირობებში).  

 

ალტერნატივების მარგინალიზაცია

მიუხედავად გაპიარებული ბრენდისა - „ევროპის უკანასკნელი დიქტატურა“, ბელორუსიაში ლეგალურად ფუნქციონირებს რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია. ხელისუფლება აძლევს მათ არსებობის უფლებას, რადგან ისინი სამ ფუნქციას ასრულებენ: ახდენენ არსებული პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციას, აძლევენ საზოგადოებას უკმაყოფილების გამოხატვის არხს და ახდენენ უკმაყოფილოთა აქტივის ლუსტრაციას.

ბელორუსიის ოპოზიციაში წარმოდგენლია ევროპული პოლიტიკის მთელი კლასიკური სპექტრი: ნაციონალისტები, ქრისტიან-დემოკრატები, ლიბერალები, მწვანეები და სოციალ-დემოკრატები. არსებობს მემარცხენე პარტია „სამართლიანი სამყაროც“. იგი ყოფილი კომუნისტებისგან შედგება, რომელთაც 20 წლის წინ ლუკაშენკოს მხარი არ დაუჭირეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით პარტია სულ მცირე 1000 წევრს უნდა ითვლიდეს, დღეს მათ უმრავლესობას უკეთეს შემთხვევაში ას წევრამდე, ხოლო ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე ათეული აქტივისტი ყავს. დანარჩენი წევრები სიებში ფორმალურად წერია.

პარტიების გარდა არსებობენ პოლიტიკური კამპანიები და მოძრაობები, რომლებიც ძირითადად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ კონკრეტული კანდიდატის ირგვლივ იქმნებიან. მათი იდეოლოგია უფრო ბუნდოვანია: „ყველაფერი კარგის მხარეს და ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ“. ამ მოძრაობების უმრავლესობა ხშირად მათ ლიდერთან ერთად ასრულებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.

ყველა ეს სტრუქტურა ალექსანდრე ლუკაშენკოსადმი ოპოზიციურად განწყობილია ოთხი იდეოლოგიური მიმართულებით: დემოკრატია/ავტორიტარიზმი; ევროკავშირთან დაახლოება/რუსეთთან ინტეგრაცია; ბელორუსული იდენტობის კულტივირება/მასზე უარის თქმა; საბაზრო ეკონომიკა/მმართველობითი სისტემა. თითოეული პარტია ან მოძრაობა ამ ოთხიდან საკუთარ მიმართულებას ირჩევს. ამ სქემებიდან ნაწილობრივ ამოვარდნილია პარტია „სამართლიანი სამყარო“, რომელიც პრეზიდენტის კურსს არასაკმარისად სოციალურად ორიენტირებულად მიიჩნევს და ევროკავშირთან დაახლოებას არ მოითხოვს. თუმცა ეს პარტია პროევროპულ ძალებთან შედარებით ნაკლებად შესამჩნევი და აქტიურია.

ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის საერთო რეიტინგი ხელისუფლების რეიტინგის ვარდნის დროსაც კი 20%-ს არ აღემატებოდა. ძირითადი მიზეზი ოპოზიციურ ძალებში საზოგადოების იმედგაცრუებაა. მოსახლეობის უმრავლესობას, მათ შორის საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილს, ოპოზიციის გაერთიანების და ქვეყნის განვითარების კონსოლიდირებული პროგრამის წარმოდგენის არ სჯერა იმ პირობებში, თუ მათ ხელში მოულოდნელად ძალაუფლება აღმოჩნდება. მუდმივ შიდა დავებს და განხეთქილებებს მოწინააღმდეგის რიგებში კი ხელისუფლება მხოლოდ მხარს უჭერს.

2001 წელს, მეორე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლუკაშენკოს წინააღმდეგ ოპოზიციამ დააყენა უქარიზმო, თუმცა მაინც ერთიანი კანდიდატი - პროფკავშირების ლიდერი ვლადიმირ გონჩარიკი. 2006 წელს, არჩევნებში უკვე ორი ოპოზიციური კანდიდატი მონაწილეობდა - „ერთიანი“ ალექსანდრ მილინკევიჩი და ალექსანდრ კოზულინი, რომელსაც მილინკევიჩის მოწინააღმდეგეებმა დაუჭირეს მხარი. 2010 წელს ლუკაშენკოს უკვე ცხრა ალტერნატივა ჰყავდა. მიუხედავად დიდი ეჭვებისა, რომ ყველა მათგანმა მოახერხა საჭირო ასი ათასი ხელმოწერის შეგროვება, ხელისუფლებამ სიამოვნებით დაარეგისტრირა ცხრავე კანდიდატი. 2015 წელს ოპოზიციას მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდა - ტატიანა კოროტკევიჩი. თუმცა ხელისუფლებისადმი არასაკმარისად მწვავე დამოკიდებულების გამო იგი თითქმის მთელმა დანარჩენმა ოპოზიციამ უარყო.

ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი ორია. უპირველეს ყოვლისა სერიოზული საკადრო შიმშილი და ბელორუსულ ოპოზიციაში ახალი სახეების არარსებობა. არსებული ლიდერები თავიანთ ადგილებს უფრთხილდებიან - ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნა მართალია სარისკო, მაგრამ მაინც პროფესიაა. ოპოზიციური სტრუქტურების ხელმძღვანელობის თვითწმენდის არავითარი მექანიზმი არ არსებობს: ისევე როგორც ხელისუფლება კარგავს საზოგადოებასთან კავშირს კონკურენტული არჩევნების არარსებობის პირობებში, ასევე კარგავს ოპოზიციაც.

მეორე მხრივ, ოპოზიციას არ აქვს გაერთიანების სტიმული, რადგან ფართო კოალიციამაც კი არჩევნებზე წარმატება ვერ მოიტანა. საარჩევნო ხმები ითვლება ხელისუფლების მიერ, ხოლო დამკვირვებლებს პროცესის კონტროლის საშუალება არ ეძლევათ. მრავალწლიანი წარუმატებელი ბრძოლის და გამარჯვების იმედების არარსებობის პირობებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვერ ხედავენ აზრს მცირე სტრუქტურებში საკუთარი ლიდერული პოზიციები გაურკვეველი მიზნების მქონე კოალიციებში მეორეხარისხოვანი როლის სათამაშოდ დათმონ.

თუმცა ასეთ სუსტ ოპოზიციასაც აქვს მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პოტენციალი. ნებისმიერ, ყველაზე აპოლიტიკურ პროტესტსაც კი, რომელიც ბელორუსულ საზოგადოებაში იქმნებოდა და შეიქმნება, პოლიტიკური წარმომადგენლობა და კოორდინაცია სჭირდება. ერთადერთი, ვისაც მსგავსი ორგანიზაციული გამოცდილება აქვს, ვისაც ბანალურად შეუძლია მიტინგებზე მეგაფონით გამოსვლა - არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მაგალითად, ოპოზიცია სწრაფად ჩაუდგა სათავეში სოციალურ გამოსვლებს ბელორუსიის ტერიტორიაზე „უსაქმურობის“ გამო მიღებული დეკრეტის წინააღმდეგ.  

არასახელმწიფო მედია, საპროტესტო აქციები და არჩევნები, როდესაც ხელისუფლება ვალდებულია ყველა კანდიდატს ეთერზე მინიმალური წვდომა მისცეს, ოპოზიციისთვის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ერთადერთ არხად რჩება. ეს ცოტაა საიმისოდ, რომ მან გარდატეხოს აპათია და გააქარწყლოს მასობრივი ამომრჩევლის უნდობლობა. ყველაფერ ამას ემატება ბელორუსების დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. მათი უმრავლესობა ხელისუფლებას აღიქვამს ბუნებრივ მოცემულობად და ფიქრობს, რომ მისი შეცვლა არ შეუძლია.

 

ბელორუსული იდეოლოგიის მეტამორფოზა

ყველა სხვა პოლიტიკოსის მსგავსად ხელისუფლებაში მოსვლის წინ ლუკაშენკოსაც ჰქონდა ბელორუსიის თავისებური ხედვა, ბელორუსული იდენტობის საკუთარი ვერსია. ბევრი რამ მან ცხოვრებისეული გამოცდილებიდან აიღო - ბავშვობა საბჭოთა სოფელში, კოლმეურნეობის მართვა და იმდროინდელ საქალაქო ნომენკლატურასთან ბრძოლა.

ლუკაშენკოს იდეოლოგიის საფუძველი იყო საბჭოთა წარსულის საუკეთესო ნიშნების შენარჩუნება და განვითარება. ბელორუსიას ხშირად უწოდებდნენ სსრკ-ს ყველაზე საბჭოთა რესპუბლიკას. იგი იყო საბჭოთა კავშირის ერთგვარი ინდუსტრიული ჰაბი. 1991 წლის მარტის საბჭოთა რეფერენდუმზე ბელორუსების 83%-მა სსრკ-ს შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პროექტი, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში ხალხს ნაციონალისტებმა და დემოკრატებმა შესთავაზეს, უცხო აღმოჩნდა არა მხოლოდ ლუკაშენკოსთვის, არამედ ბელორუსული საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც.

ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის დროს ნიადაგი ნაყოფიერი იყო ბელორუსიის რესოვეტიზაციისკენ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ ბელორუსიის პირველმა პრეზიდენტმა ჩაატარა რეფერენდუმი და დააბრუნა ოდნავ სახეშეცვლილი საბჭოთა სიმბოლიკა, მიანიჭა რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი და გამოაცხადა რუსეთთან ინტეგრაციის კურსი.

რამდენიმე წლის შემდეგ, ქვეყანაში აღდგა შაბათობები, დიდ სამამულო ომში გამარჯვების კულტი, კომსომოლის ანალოგი - БРСМ, 7 ნოემბრის აღნიშვნა, მსხვილ საწარმოებში იდეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელები და უმაღლეს სასწავლებლებში „ბელორუსული სახელმწიფო იდეოლოგიის“ კურსები.

თუმცა იდეოლოგიის გასაგებად ფორმულირება ვერ მოხერხდა. ლექციებზე სტუდენტებს უკითხავდნენ ქვეყნის უახლეს ისტორიას და მსოფლიო იდეოლოგიების მიმოხილვას. თვითონ ლუკაშენკომ ამ წარმოწყების ჩავარდნა 2010-იან წლებში აღიარა, ხოლო 2016 წლის ბოლოს იდეოლოგიური ვერტიკალის შემცირება №1 იდეოლოგიდან - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიდან დაიწყო.  

დროთა განმავლობაში შეიცვალა იდეოლოგიის ასპექტებიც, რომელიც ქვეყნის იდენტობას უკავშირდებოდა. მას შემდეგ რაც ხალხი და ელიტა მიეჩვია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას, რუსეთთან დავები სულ უფრო გახშირდა, ხოლო პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის ენთუზიაზმი შემცირდა. შეიცვალა აქცენტები ოფიციალურ დისკურსშიც.

ბელორუსიაში გახშირდა საუბარი სუვერენიტეტზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე. 2015 წელს სიტყვათშეთანხმება „დამოუკიდებელი ბელორუსია“ პირველად გამოჩნდა ლუკაშენკოს მთავარ წინასაარჩევნო ლოზუნგში. რუსეთთან ინტეგრაცია გადავიდა ეკონომიკური აუცილებლობის დონეზე და აღარ წარმოადგენს ქვეყნის უმთავრეს მიზანს. ხელისუფლება მოსახლეობას ინტეგრაციას დაპირდა იქამდე, სანამ იგი არ დაემუქრება ბელორუსიის სუვერენიტეტს. თვითონ ლუკაშენკომ მისი ფორმულირება შესაბამისად მოახდინა: „ჩვენ რუსეთთან ვცხოვრობთ ერთ სახლში, თუმცა სხვადასხვა ბინებში“.

ამ შეხედულების საერთაშორისო შტრიხად იქცა ბელორუსიის „აღმოსავლეთ ევროპულ შვეიცარიად“, რეგიონული კონფლიქტების, უპირველეს ყოვლისა - უკრაინა-რუსეთის მოსაგვარებელ ნეიტრალურ პლატფორმად წარმოჩენა. შესაბამისად, ბელორუსიას მოუწია დაეკავებინა პოზიცია რუსეთის საგარეო სამყაროსთან, იქნება ეს ვაშინგტონი, კიევი თუ ანკარა კონფლიქტში. მინსკი ცდილობს ამ გზით მოახდინოს იმ ფაქტის ნიველირება, რომ რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოში და ერთ სამხედრო ბლოკში - კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში (ОДКБ) იმყოფება.

რეგიონში მშვიდობის მატარებლის იმიჯი იდეურად კვებას საშინაო ნარატივს იმის შესახებ, რომ ბელორუსიისთვის მთავარია სტაბილურობა. ეს უბრალო რიტორიკული ხრიკი ბევრი ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი: ჩვენ ადამიანის უფლებებს კი არ ვზღუდავთ და ოპოზიციას ვჩაგრავთ, არამედ ვიცავთ მოქალაქეთა მშვიდობას და სტაბილურობას ქვეყანაში. თუმცა ბელორუსიაში სტაბილურობა პოლიტიკურ მემედ იქცა. ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერებს, რომელთაც საბჭოთა კავშირში „სავოკებს“ უწოდებდნენ, ბელორუსიაში „ზასტაბილები“ ჰქვიათ.  

საშინაო პოლიტიკის იდეოლოგიურმა გაფორმებამ მცირედით ევოლუცია განიცადა. რუსულ-უკრაინული კონფლიქტის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ ეროვნულობაზე ორიენტირებული დღის წესრიგის გარკვეული ელემენტები შემოიტანა. ქვეყანაში დაიწყო რბილი ბელორუსიზაცია - ბელორუსული ენის მოხმარების სფეროს ეტაპობრივი გაფართოება, საბჭოთა კავშირამდე ისტორიის და ეროვნული სიმბოლიკის პოპულარიზაცია.  

თვითონ ლუკაშენკო პირველად გამოვიდა ბელორუსულ ენაზე, სკოლებში კი გაიზარდა მისი შესწავლის საათები. ხელისუფლება ნაკლებად აგრესიულად ექცევა ეროვნული სიმბოლოებს (თეთრ-წითელ-თეთრ დროშას და გერბ „პაგონიას“). ქვეყანაში გაჩნდა „ვიშივანკების“ მოდა, რომლის ორნამენტებმაც საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე გადაინაცვლა. ეს პროცესი არამდგრადია, ხელისუფლება განსაკუთრებულ ენთუზიაზმს არ ავლენს, თუმცა მას ხელსაც არ უშლის.

უფრო პირიქით: ძალოვანებმა დროებით შეწყვიტეს მხოლოდ პროდასავლურ „მეხუთე კოლონაზე“ ფოკუსირება. რამდენიმე ადამიანი სოციალურ ქსელებში ბელორუსული ენის შეურაცხყოფის გამო დააჯარიმეს. რუსული სააგენტო „რეგნუმის“ სამი ავტორი, რომლებიც ბელორუსიზაციის მწვავე კრიტიკით და ბელორუსული სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ეროვნული შუღლის გაღვივების ბრალდებით დააკავეს.  

ამასთან ხელისუფლებამ უარი არ თქვა საბჭოთა იდეურ მემკვიდრეობაზე. არსად გაქრა პრეზიდენტის ნოსტალგია საკუთარ ახალგაზრდობაზე. ამიტომაც, ყოველწლიურად იგი შაბათობაზე მშენებლებთან ერთად გამოდის და საკუთარ ქვეყანას ოქტომბრის რევოლუციის წლისთავს ულოცავს, რომელსაც ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის - დღევანდელი დამოუკიდებლობის წინაპრის შექმნის წინაპირობად წარმოაჩენს. საბჭოთა რიტუალებში მონაწილეობა არ არის იდეური ენთუზიაზმის გამოვლენა. იგი უფრო პოლიტიკური ტრადიციებისადმი გარკვეული პატივისცემაა. სავარაუდოდ აღნიშნული ნოსტალგია გარკვეულ როლს თამაშობს საწარმოო გიგანტების - МАЗ-ის, БелАЗ-ის, მინსკის ტრაქტორის ქარხნის და ა.შ. პრივატიზაციის სურვილის არქონაზე. ლუკაშენკო ამ საწარმოებს ბელორუსულ ბრენდებად მიიჩნევს.    

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ლუკაშენკოს ხელში უკვე 23 წელია კონცენტრირებული, ქვეყანაში არ არის პიროვნების კულტი საბჭოთა თუ შუააზიური გაგებით. ბელორუსიაში არ არსებობს ლუკაშენკოს სახელობის ქუჩები, მისი ბიუსტები ან ძეგლები, პორტრეტები ბილბორდებზე ან ფულის კუპიურებზე. ბელორუსული ავტორიტარიზმის პერსონალიზმი გამოიხატება წვრილმანებში - სამართლის კოდექსის მუხლში პრეზიდენტის შეურაცხყოფის შესახებ, ტრადიციულ მიმართვაში „პატივცემულო ალექსანდრე გრიგორის ძე“ და ოთახი- მუზეუმის არსებობაში მოგილევის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ლუკაშენკო სწავლობდა.

ლუკაშენკოს კულტივირება ხდება არა როგორც კვაზი-ღვთაების აღმოსავლური დესპოტების ტრადიციებში, არამედ როგორც ყველაზე გამოცდილი და სანდო მმართველის, რომელმაც ქვეყანა 90-იანი წლების ქაოსიდან გამოიყვანა. ეს არის ფუნქციონალური და არა პერსონალური კულტი. გარკვეულწილად ამიტომაც, ძალაუფლების პრეზიდენტის შვილებისთვის გადაცემა ბელორუსიაში ნაკლებად მოსალოდნელია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

 

ერთიანი და გაყოფილი ხალხი

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ბელორუსიაში უხარისხოდ ტარდება. პოლიტიკურ თემებზე გამოკითხვების ჩატარება მკაცრად რეგლამენტირებული და ფაქტიურად სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზებულია. კვლევის შედეგები სახელმწიფოებრივ სტრუქტურებზე ან არ ქვეყნდება, ან პროპაგანდის პროდუქტად გამოიყურება, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების დუბლირებას ახდენს. ბელორუსიაში არსებობს მხოლოდ ერთი არასახელმწიფო კვლევითი ცენტრი НИСЭПИ („ლევადა-ცენტრის“ პარტნიორი), რომელიც 1992 წლიდან ბოლო დრომდე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე ყოველკვარტალურ გამოკითხვებს ატარებდა.

ბელორუსიის საზოგადოება გეოგრაფიულად ჰომოგენურია. მართლმადიდებლობის დომინანტობა ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში და კათოლიკების დიდი რაოდენობა დასავლეთ ბელორუსიაში ძირითად სოციოლოგიურ მაჩვენებლებზე გავლენას არ ახდენს. ქვეყნის დასავლეთი და აღმოსავლეთი ძირითადად ერთნაირად უყურებს რუსეთს, ევროპას, ლუკაშენკოს და ოპოზიციას, რეფორმების აუცილებლობას და ა.შ.  

ზოგადი მონაცემები: მკაცრად დასმულ კითხვაზე, რომელიც რუსეთთან გაერთიანებას ან ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება, ბელორუსების 40-50% რუსეთს, ხოლო 25-35% ევროკავშირს ირჩევს (მაჩვენებელი გამოკითხვის ჩატარების წლების მიხედვით იცვლება). ეს ციფრები აიხსნება არა მხოლოდ პროპაგანდით ან რუსი და ბელორუსი ხალხის ისტორიული სიახლოვით, არამედ პრაგმატული ფაქტორითაც. ბელორუსიის ეკონომიკა დამოკიდებულია რუსულზე, ხოლო ღირებული ალტერნატიული შემოთავაზება ბრიუსელის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს.

მხოლოდ 2009-2010 წლებში ბელორუსულ-რუსული საინფორმაციო ომის და მისი თანმდევი დასავლეთთან დაახლოების დროს პროევროპული განწყობები პრორუსულს გაუთანაბრდა (დაახლოებით 40-45%), ხოლო ზოგიერთ თვეებში ასწრებდა კიდეც მას. ეს პერიოდი იყო ხანმოკლე, თუმცა ნათლად აჩვენა, რომ ბელორუსების გეოპოლიტიკური ორიენტაცია ინფორმაციულ ვექტორზეა დამოკიდებული. კონფლიქტმა უკრაინაში და მისმა თანმხლებმა პროპაგანდამ პრორუსულ განწყობებს ორნიშნა უპირატესობა დაუბრუნა, თუმცა 2016 წლის შუაგულისთვის გრაფიკებმა კვლავ დაახლოება დაიწყეს.

თუ კითხვას სხვაგვარად დავსვამთ და რესპოდენტებს არჩევანს სტატუს-კვოს და რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას ან სტატუს-კვოს და ევროკავშირში გაწევრიანებას შორის დავუყენებთ, ორივე შემთხვევაში ამჟამინდელი სუვერენიტეტის შენარჩუნება თითქმის ორმაგი უპირატესობით - 50% 25-30%-ის წინააღმდეგ გაიმარჯვებს, ხოლო დანარჩენი 20-25% ამ წარმოსახვით რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარს განაცხადებს. შესაბამისად, რეალურ რეფერენდუმზე „სუვერენიტეტის ფრაქცია“ დაახლოებით 65%-ს დააგროვებდა. ბელორუსები დამოუკიდებლობას შეეგუენ და მისი დაფასება დაიწყეს.

ამას ადასტურებს გამოკითხვები საბჭოთა კავშირის დაბრუნების თემაზეც. 1990-იან წლებში ნოსტალგიური განწყობები დიდ ქვეყანაზე უმრავლესობაში იყო, თუმცა 1999 წლიდან ვითარება ამ მხრივ შეიცვალა. დღეს, დაახლოებით 60% საბჭოთა კავშირის აღდგენის მოწინააღმდეგეა, ხოლო 25-30% მომხრე.

ამასთან, მყარი რჩება ბელორუსების სიმპათიები ევრაზიული ინტეგრაციის მიმართ - მას მხარს უჭერს მოსახლეობის 60-65%. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ არ აღიქმება ოფიციალური დისკურსის წყალობით, რომლის თანახმადაც რუსეთთან ამ ფორმატში გაერთიანება ეკონომიკის სფეროდან პოლიტიკის სფეროში გადადინებას არ გამოიწვევს.

ამ საზოგადოებრივ განწყობებს იდეალურად ეხმიანება მინსკის ახალი საგარეო პოლიტიკური დოქტრინა - ნეიტრალიტეტი და კონფლიქტებში ჩაურევლობა, რომელშიც ბელორუსიის მეზობლები, უპირველეს ყოვლისა კი რუსეთი მონაწილეობს.

უკრაინის კონფლიქტში რუსული პოზიციის 55-65%-იანი მხარდაჭერის პირობებში, ბელორუსების სამი მეოთხედი თანამემამულეების ჩართვას კონფლიქტში არ ეთანხმება  და საკუთარი ტერიტორიის რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად გადაცემას ეწინააღმდეგება.

65% ასევე არ ეთანხმება მოსკოვის მიერ დასავლეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთებას. 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში, ჩამოგდებული ბომბდამშენის გამო დაწყებული რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის დროს, მხოლოდ ყოველი მეექვსე ბელორუსი უჭერდა მხარს თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის მიერთებას. მოსახლეობის 50%-მა, მიუხედავად რუსული ტელევიზიის პოპულარობისა, განაცხადა, რომ მინსკი ამ დავაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ბელორუსიაში რუსული ავიაბაზის განთავსების საკითხზეც: 43% - წინააღმდეგი, 22% - მომხრე.

შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრი საკმაოდ კონიუქტურულია. ალექსანდრ ლუკაშენკოს და დემოკრატიულ ოპოზიციას მხარდამჭერთა დაახლოებით თანაბარი ბირთვი ჰყავთ - 20-25%. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს კი სოციოლოგები „ელექტორალურ ჭაობად“ მიიჩნევენ - ისინი იშვიათად გადადიან ოპოზიციის ბანაკში, თუმცა ეკონომიკური ვარდნის პერიოდში ლუკაშენკოსაც არ უჭერენ მხარს.

სწორედ პრეზიდენტის ელექტორალური რეიტინგის 30%-ზე დაბლა დაცემის გამოქვეყნება გახდა 2016 წლის ზაფხულში НИСЭПИ-ს დახურვის მიზეზი. მას შემდეგ ბელორუსიის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ ეცემოდა და ქვეყანასაც ეკონომიკური პროტესტების ტალღამ გადაუარა, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დღეს ლუკაშენკოსთვის ხმის მისაცემად ბელორუსების მეოთხედზე ოდნავ მეტია მზად. ლუკაშენკოს მხარდაჭერა მაღალია ქალებში, რომლებსაც მისი პატრიარქალური სტილი და სტაბილურობაზე აქცენტის გაკეთება მოსწონთ. პრეზიდენტის მომხრეთა რიცხვი მაღალია მოსახლეობის ნაკლებად განათლებულ ფენებში და სოფლის მოსახლეობაშიც.

სხვადასხვა გამოკითხვებით, ბელორუსების 65-85%-ს სურთ რეფორმები. მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რას გულისხმობენ ისინი რეფორმების ქვეშ. აქ კი იშვიათი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ამ შემთხვევაში გულისხმობს ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაზრდას და არა მის შემცირებას, როგორც ბელორუსიას საერთაშორისო კრედიტორები ურჩევენ - მსოფლიო სავალუტო ფონდიდან დაწყებული მისი ევრაზიული ანალოგის, ЕФСР-ით დამთავრებული. საზოგადოების ამგვარი განწყობა შესაბამისად კიდევ უფრო ამცირებს ხელისუფლების სურვილს განახორციელოს საბაზრო რეფორმები.

 

პრაგმატიზმის კრისტალიზაცია

მინსკის საგარეო პოლიტიკამ, ისევე როგორც ბელორუსულმა საზოგადოებრივმა აზრმა, ემანსიპაციის პროცესი გაიარა. 1990-იანი წლების ბოლო პერიოდის ბელორუსიის დიპლომატია  დღევანდელისგან განსხვავდება. 

თუ ვინმე თვლის, რომ ლუკაშენკო დღეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას ემოციურია, მას არ უნახავს, თუ როგორ იქცეოდა პრეზიდენტი 20 წლის წინ. მაშინ ბელორუსიის მეთაური თავშეუკავებელი იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. მაგალითად 1998 წელს, როდესაც ევროკავშირთან და აშშ-სთან ვითარება დაიძაბა და ბელორუსული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან გააძევეს, ლუკაშენკომ დასავლელი ელჩები საკუთარი რეზიდენციებიდან კანალიზაციის რემონტის მოტივით გამოასახლა. სკანდალი მაშინ მინსკიდან დიპლომატების გამოწვევამდე მივიდა.

იმავე წელს, ბელორუსია, ერთადერთი მთელ ევროპაში, შეუერთდა ანტიდასავლურ მოძრაობას. ნატოს მიერ სერბეთის დაბომბვების დროს ლუკაშენკო პირადად ჩავიდა ბელგრადში სლობოდან მილოშევიჩის მხარდასაჭერად, ხოლო შემდეგ თავგამოდებით იცავდა სადამ ჰუსეინს. იმ წლებში ბელორუსიის პრეზიდენტი მსოფლიო იმპერიალიმზთან ბრძოლის ავანგარდში იდგა.

ყველაფერი ეს შესაძლებელი იყო მანამ, სანამ ბელორუსია თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. 2000 წელს რუსეთის ხელისუფლებაში პრაგმატიკოსი ვლადიმერ პუტინი მოვიდა. მასზე ელცინისგან განსხვავებით ლუკაშენკოს სიტყვები საერთო მტერსა და სლავურ ძმობაზე არ მოქმედებდა. ფრთიანად იქცა პუტინის გამოთქმა „ბუზების კატლეტებისგან“ განცალკევების შესახებ - საუბარი იყო ბელორუსიის მიერ რუსეთთან ინტეგრაციის მზაობის არქონაზე. 2000-იანი წლების მეორე ნახევარში ენერგეტიკული დავები მინსკსა და მოსკოვს შორის ყოველწლიურად იმართებოდა.  

2000-იანი წლების მეორე ნახევარშივე ბელორუსული დიპლომატია გაიზარდა და დაიწყო ექსპერიმენტირება რუსეთთან წარმოშობილი ტურბულენტურობის გამო. 2006 წელს დაიწყო სერიოზული გაზის კრიზისი, ხოლო 2007 წელს მოსკოვმა შემოიღო გადასახადები ბელორუსიაში ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით.

2008 წელს ლუკაშენკო პირველად მიტრიალდა დასავლეთისკენ. მინსკი ჩაერთო ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში. ევროკავშირთან ფლირტის მიზეზად კი რუსეთ-საქართველოს ომი იქცა: მოსკოვმა ღიად აჩვენა, რომ მეზობლებთან დავაში ტანკები შეიძლება არგუმენტად იქცეს. ლუკაშენკომ გაათავისუფლა პოლიტპატიმრები, შეასუსტა ზეწოლა მედიასა და ოპოზიციაზე. საპასუხოდ, ევროკავშირმა მოუხსნა სანქციები ბელორუსიას, ხოლო მინსკში ათწლიანი პაუზის შემდეგ რეგულარულად დაიწყეს ჩასვლა ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მოსკოვთან კონფლიქტის პიკად იქცა НТВ-ზე სერიალ Крестный батька”-ს ჩვენება. მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე ლუკაშენკომ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ნავთობის უტარიფო მიწოდებაზე შეთანხმება. სანაცვლოდ კი, ბელორუსიამ ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

რუსეთთან ურთიერთობები დარეგულირდა, ხოლო როდესაც ორწლიანმა საშინაო ლიბერალიზაციამ შედეგად საპრეზინდეტო არჩევნების დღეს 40 ათასიანი საპროტესტო აქცია გამოიწვია, ლუკაშენკომ დასავლურ ვექტორზე ფიქრი შეწყვიტა. დემონსტრაციების დაშლამ და მისი ლიდერების სამართლებრივმა დევნამ დასავლეთთან ურთიერთობები უკან დახია, თუმცა არა სამუდამოდ.

ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების პირველი განმუხტვა რუსეთის ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა. ცხადია, რომ ასეთი მოდელი აპრიორი არასტაბილურია, რადგან ენთუზიაზმი, რომლითაც ბელორუსია ცდილობდა დასავლეთთან დამეგობრებას, დამოკიდებული იყო რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვაზე. ამასთან, ბრიუსელიც და მინსკიც ილუზიებით მოქმედებდნენ: ევროპაში დაიჯერეს, რომ ბელორუსიამ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოების სანაცვლოდ დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყოს, ხოლო ლუკაშენკო თვლიდა, რომ დასავლეთი მას მოსკოვთან ურთიერთობების გაფუჭებით მიღებულ დანაკარგებს ნაწილობრივ მაინც აუნაზღაურებდა.

2015 წელს დაიწყო დასავლეთთან ახალი დაახლოება, რომელიც უფრო გააზრებულ, ზომიერ ხასიათს ატარებდა და რეალური დღის წესრიგით იყო განსაზღვრული: სავიზო რეჟიმის გამარტივებიდან და ადამიანის უფლებებზე დიალოგიდან ევროპული ბანკების ბელორუსიაში შესვლამდე და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების გაორმაგებამდე. მინსკისთვის, თავისთავად პრიორიტეტული ფინანსური თემები იყო, თუმცა ევროკავშირი ცდილობდა მისთვის ადამიანის უფლებათა საკითხები მუდმივად შეეხსენებინა. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ინტენსიურ დიალოგს ხელს არ უშლის.

მეორე დაახლოების ბიძგად კვლავ რუსეთის კონფლიქტი იქცა მეზობელთან, ამჯერად უკრაინასთან. მიდგომა, რომ არასაიმედოა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მხოლოდ მოსკოვზე ორიენტირება, ბელორუსიაში გაძლიერდა. მინსკისთვის არაკომფორტულად იქცა რუსეთის „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის“ პოლიტიკა და „კოლექტიურ დასავლურ ბოროტებასთან“ ბრძოლა. საპირისპიროდ, ბელორუსია საგარეო პოლიტიკაში სრულფასოვანი დასავლური ვექტორის ფორმირებას და რუსეთის კონფლიქტებში დანარჩენ მსოფლიოსთან დიპლომატიურად დისტანცირებას ცდილობს.

ყირიმის შეერთებას მინსკი მხოლოდ დე-ფაქტო აღიარებს. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელორუსულ კომპანიებს რეკომენდაციას აძლევს რუკებსა და ატლასებში ყირიმი კვლავ უკრაინის შემადგენლობაში დაბეჭდონ. ნებისმიერ ხელსაყრელ ვითარებაში დიპლომატები აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ერთიანობას, თუმცა არ აზუსტებენ თუ რა საზღვრებში, რათა რუსეთის უკმაყოფილება არ გამოიწვიონ.

სამხედრო აქტივობას და ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას აღმოსავლეთ ევროპაში მინსკი მიიჩნევს „სამხედრო გამოწვევად, თუმცა არა საფრთხედ“. როდესაც თურქეთმა ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი, რაც მოსკოვისთვის „ზურგში დანის ჩაცემას ნიშნავდა“, მინსკმა „მოძმე რუსეთს და მეგობარ თურქეთს“ ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა. რუსეთში ამერიკელთა მხრიდან „ტომაჰავკებით“ სირიულ ავიაბაზაზე თავდასხმას ვაშინგტონის აგრესიად მიიჩნევენ, ხოლო ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის განცხადებაში აშშ საერთოდ არ ფიგურირებს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციისადმი მინსკის ენთუზიაზმი ასევე შემცირდა. თავდაპირველად, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევდა, რომ ევრაზიული კავშირის ფარგლებში შეიქმნებოდა მრავალმხრივი მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, რომლის წყალობითაც რუსეთთან მგრძნობიარე ეკონომიკურ თემებზე - ნავთობზე, გაზზე, ბელორუსული საქონლის რუსეთის ბაზარზე შესვლაზე რეგულარული მოლაპარაკების აუცილებლობა დღის წესრიგიდან გაქრებოდა. სხვა სიტყვებით, ეს ფორმატი მთელი რიგი პრეფერენციების გარანტია იქნებოდა.

თუმცა ნავთობის და გაზის ბაზრების გაერთიანება საბოლოოდ 2025 წლამდე გადაიდო, კონფლიქტები კი კრემლთან პირისპირ მოლაპარაკებებისას კვლავ ჩნდება. გართულებულია რუსულ ბაზარზე უპრობლემო წვდომის საკითხიც. უპირველეს ყოვლისა, ეს 2015-2016 წლების კრიზისის შედეგია. მეორე მხრივ, ბელორუსულ მწარმოებლებს იმპორტის ჩანაცვლების პროგრამებიდან ხშირად თიშავდნენ, რადგან მათ უცხოურად მიიჩნევდნენ. ამასთან, როგორც კი მინსკის და მოსკოვის ურთიერთობები უარესდება, Россельхознадзор“ გაფუჭებულ ბელორუსულ რძესა და ხორცზე იწყებს საუბარს.

ევრაზიული ინტეგრაცია ლუკაშენკოსთვის მორიგ იმედგაცრუებად იქცა. თუმცა მისი ალტერნატივა, ან დატოვების შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომაც მინსკი ცდილობს ამ სიტუაციიდან მეტი სარგებელი მიიღოს. ინსტრუმენტი, რომელიც მეგობრობის გამყარების საფუძვლად უნდა ქცეულიყო, შანტაჟის მექანიზმად იქცა. მოსკოვთან ბოლო ენერგეტიკულ კრიზისში გამარჯვების მისაღწევად, ლუკაშენკომ მოახდინა ЕАЭС-ის სამიტის ბოიკოტირება, გაწელა საბაჟო კოდექსზე ხელმოწერა და თავისი წარმომადგენლების კავშირის სტრუქტურებიდან გამოწვევით დაიმუქრა. 

უშედეგოდ, თუმცა ბელორუსია ცდილობს ერთმანეთთან ორი ინტეგრაციული პროექტი - ევრაზიული კავშირი და ევროკავშირი დააახლოოს. იგი ამას მხოლოდ ახალი რეგიონული მშვიდობისმყოფელის იმიჯის გასამყარებლად არ აკეთებს. მისი მიზანია რიტორიკის დონეზე მაინც არ იყოს მიბმული მხოლოდ ევრაზიულ სტრუქტურებთან.

ბელორუსიის საგარეო პოლიტიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში გათავისუფლდა ემოციებისა და იდეოლოგიური დატვირთვისგან, გახდა უფრო პრაგმატული და რაციონალური. ამასთან არა მხოლოდ მოსკოვის მეზობლებთან და დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტების გამო ბალანსირების, არამედ რუსული გავლენის შემცირების სურვილითაც.

მინსკისა და მოსკოვის მრავალწლიანმა დავებმა ბელორუსია მრავალი ილუზიისგან გაათავისუფლა. კონფლიქტები კვლავ ძველი სქემით წყდება: პრობლემები ჩნდება ქვედა დონეზე, ხოლო როდესაც ისინი გროვდება და დავები პრეზიდენტების დონეზე გადადის, იწყება ემოციური ვაჭრობა, რომელიც ზოგჯერ შანტაჟში გადადის. შემდეგ კი იმართება ლუკაშენკოს და პუტინის შეხვედრა და ხდება გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ბოლო დროს, რუსეთმა, როგორც ძლიერმა მხარემ დაიწყო დავების გადაწყვეტის გაწელვა, რაც მას საშუალებას აძლევს ნაკლებ დათმობებზე წავიდეს.

მაგალითად, ბოლო ენერგეტიკული დავა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა და მხოლოდ 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ამასთან 2016 წლის შემოდგომაზე მინსკი პერიოდულად საუბრობდა მიღწეულ კომპრომისზე, თუმცა იგი მუდმივად კრახს განიცდიდა. შედეგად ბოლორუსიამ კონფლიქტის პერიოდში მიუღებელი ნავთობისგან დიდი დანაკარგი განიცადა, იძულებული გახდა ეღიარებინა და გადაეხადა ბუნებრივი აირის დავალიანება. საპასუხოდ, რუსეთმა აღადგინა ნავთობის მიწოდების ძველი მასშტაბები და დააკლო ბუნებრივ აირზე ფასი დაახლოებით 20%-ით.

რუსეთის ხელისუფლება შეეგუა იმ აზრს, რომ ლუკაშენკო არ არის მზად გაწიროს ქვეყნის სუვერენიტეტი. კრემლისთვის კვლავინდებურად მნიშვნელოვანია ბელორუსიის თავის ორბიტაზე ყოფნა როგორც იმიჯის, ასევე სამხედრო და ევროპაში ენერგორესურსების სტაბილური ტრანზიტის თვალსაზრისით. თუმცა ამოცანა, რომელსაც კრემლი საკუთარ თავს უყენებს, შეიცვალა: ადრე ის მდგომარეობდა ლუკაშენკოს ლოიალობის ყიდვაში და მისი სისტემის კეთილდღეობის შენარჩუნებაში, ახლა - სისტემის სტიქიური ნგრევის არდაშვებაში. ეს კი დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს.

 

მონოლითი მომავალი რღვევების კონტურებით

ბოლო წლებში შეიცვალა არა მხოლოდ ბელორუსიის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, არამედ მისი ნომენკლატურაც. სახელმწიფო მოხელეები პრეზიდენტის ირგვლივ არიან კონსოლიდირებული და მას ქვეყანაში სტაბილურობის და მათი თანამდებობების მთავარ გარანტად მიიჩნევენ. თუმცა პრეზიდენტის ლოიალობაში მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად ლუკაშენკო მათ ხშირად „სახელმწიფოს ხალხს“ უწოდებს. ბოლო წლებში გაჩნდა მცირე სივრცეც, სადაც შესაძლებელია ხმამაღლა გამოთქვა საკუთარი პოზიცია, რომელიც ხელისუფლების ხაზს არ ეთანხმება.

ლუკაშენკო დიდი ხანი ეყრდნობოდა ძველ ნომენკლატურას, დისციპლინირებულ თაობას და ასაკოვან ხალხს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ეფექტური მართვა უჭირთ და არ შეუძლიათ პრეზიდენტისთვის ალტერნატივის შეთავაზება. არაეფექტური, თუმცა იდეურად ახლო მოხელეების ხელისუფლებაში ყოფნა რუსული დოტაციების მსუყე წლებში და ნავთობის ფასების მისაღები კონიუნქტურის დროს შესაძლებელი იყო. როდესაც ეს წლები დამთავრდა, აუცილებელი გახდა პროფესიონალების მოხმობა.

2009, 2011 და 2014 წლების ბოლოს, ბელორუსული რუბლის დევალვაციის სერიების შემდგომ, რაც საგარეო ფაქტორებმა და ხელისუფლების შეცდომებმა გამოიწვია, ეროვნულ ბანკში, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკვანძო თანამდებობები საბაზრო ხედვების მქონე ახალგაზრდა ტექნოკრატებმა დაიკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა, პრეზიდენტის თანაშემწე კირილ რუდიმ ბელორუსული ეკონომიკური მოდელის კრიტიკაზე წიგნი და სტატიები დაწერა. ფაქტიურად რუდი წარმოადგენდა რეფორმატორების ხმას, სანამ ჩინეთში ელჩის თანამდებობაზე არ გადაიყვანეს. თუმცა ამან იგი ვერ შეაჩერა. უკვე დიპლომატიურ სტატუსში რუდი ჩავიდა მინსკში და მონაწილეობა მიიღო არასახელმწიფო საექსპერტო ფორუმში, სადაც ბიზნესზე ძალოვანების ზეწოლა და მთელი ეკონომიკური მოდელი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა.

დანარჩენი „ლიბერალები“ ხელისუფლებაში სხვაგვარად მოქმედებენ - ისინი ცდილობენ კულუარებში დაარწმუნონ ლუკაშენკო საბაზრო რეფორმების აუცილებლობაში. ამ მოხელეების წყალობით ბელორუსიაში 2015 წლიდან მიმდინარეობს ზომიერი მონეტარული პოლიტიკა. რუბლის კურსი გახდა მცურავი და სტაბილიზირდა. ბელორუსიაში არ ხდება ახალი მასშტაბური ემისიაც. გაიზარდა საპენსიო ასაკი, საცხოვრებელი-კომუნალური მომსახურება საკუთარი თავის შენახვაზე გადავიდა. ბელორუსიამ Doing Business რეიტინგში 37-ე ადგილზე აინაცვლა. ახლო მომავალში მოსალოდნელია ბიზნესის წახალისების ახალი ნაბიჯის გადადგმა, რაც მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმებების შემცირებას გულისხმობს.

აღნიშნული ცვლილებები ანტირეფორმისტული ლობის წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგებიან ძალოვანები და მაკონტროლებელი ორგანოები, ასევე ადგილობრივი პოლიტიკოსები და სახელმწიფო საწარმოების დირექტორატი, რომელთაც შეიძლება საკუთარი გავლენები და აქტივები დაკარგონ. თუმცა მთავარ კონსერვატორად ლუკაშენკო გამოდის. იგი არ ენდობა ბაზარს, ეშინია ქვეყანაში მხვილი ბიზნესის და ოლიგარქების გაძლიერების, ასევე უკონტროლო უმუშევრობის გაჩენის და სამრეწველო გიგანტების - ბელორუსული „ბრენდების“ სიკვდილის.

სწორედ ამიტომაც, ლუკაშენკო არ ეთანხმება მსოფლიო სავალუტო ფონდის და საბაზრო ეკონომიკის ბელორუსი მომხრეების მთავარ მოთხოვნას - მასშტაბურ პრივატიზაციას. 2016 წელს, პრეზიდენტი რეგულარულად ეკამათებოდა საკუთარ ხელისუფლებას. ლუკაშენკო უკვე ღიად აცხადებს, რომ მთავრობაში საბაზრო ეკონომიკის მომხრეები დაფუძნდნენ, რომლებიც „რადიკალური იდეებისკენ“ იხრებიან.

რატომ არ ახდენს პრეზიდენტი მათი ძალაუფლების ვერტიკალიდან ჩამოშორებას? საქმე შემცვლელების ნაკლებობაშია. ძველი კადრები ღრმა საპენსიო ასაკში არიან, ხოლო ახალგაზრდა პროფესიონალებს შორის ნაკლებია მათი რიცხვი, ვისაც სტრუქტურული საბაზრო რეფორმების არ სწამს.

პოლიტიკურ ფრონტზე ბელორუსული ელიტის ნაკლებად რეაქციული ნაწილი წარმოდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროთი და მისი ხელმძღვანელი ვლადიმირ მაკეით. საკვანძო დიპლომატები წარმოადგენენ პრაგმატულ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ შეამცირონ რუსეთზე დამოკიდებულება, მოახდინონ ევროპასთან ურთიერთობის დალაგება და შედეგად შემოიტანონ ევროპული მართვის მეთოდები და განავითარონ ეროვნული იდენტობის იდეა. ხელისუფლების ორგანოებში არსებული წყაროების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დახურულ დისკუსიებზე ღიად გამოდის ქვეყანაში ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების წინააღმდეგ, რადგან იგი დასავლური მიმართულებით მათ მუშაობას ართულებს.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ „ლიბერალები“, ისევე როგორც ბელორუსული ელიტის სხვა წარმომადგენლები პრეზიდენტისადმი ლოიალობას ინარჩუნებენ და საკუთარი პოლიტიკური გეგმების გატარებას არ ცდილობენ. ისინი ცდილობენ სისტემის გამოწორებას და ლუკაშენკოს გადარწმუნებას, თუმცა ჯერჯერობით არსებული პოლიტიკური წესრიგის მიღმა არ მოქმედებენ. ხელისუფლების მოულოდნელი შეცვლის შემთხვევაში მათ ახალ კონფიგურაციაში ცენტრალურ ადგილზე ექნებათ პრეტენზია, თუმცა არაფერს აკეთებენ, რომ ეს სცენარი რეალობად იქცეს. ბელორუსული ნომენკლატურა მონოლითურად რჩება. მიუხედავად ამისა, ახალი ტიპის პოლიტიკოსების მონოლითში გამოჩენა ნაპრალების გაჩენის ალბათობასაც ქმნის.

 

ბელორუსული ტრანზიციის ტრაექტორია

ნებისმიერი პერსონალისტური რეჟიმის მომავლის წინასწარმეტყველება ურთულესი საქმეა, რადგან მსგავსი რეჟიმები ლიდერსა და მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზედმეტად არის დამოკიდებული. თუ ავტოკრატიებში არ არსებობს კოლექტიური მმართველობა ან პოლიტბიუროს მსგავსი ორგანო, არა მხოლოდ მომდევნო მმართველის ფიგურა, არამედ ძალაუფლების გადაცემის ფორმატიც კი გამოცანად რჩება.

ალექსანდრე ლუკაშენკო 62 წლისაა. პრეზიდენტი მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და მასზე ქვეყნის საუკეთესო ექიმები ზრუნავენ. ამიტომაც ანალიტიკოსები ჯერჯერობით მოულოდნელი ტრანზიციის სცენარს არ განიხილავენ. თუმცა მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

თუ ტრანზიციის მომენტში ბელორუსული ნომენკლატურა იმავე მდგომარეობაში იქნება, როგორშიც დღეს იმყოფება (კლანების, მკვეთრად გამოხატული ელიტური ჯგუფების, ძალოვანი ბლოკის ერთობის და მემკვიდრის არარსებობა), მაშინ ძალაუფლების ქაოტური გადანაწილებაა მოსალოდნელი. მოსკოვზე არსებული დამოკიდებულების და მოსახლეობის უმრავლესობის რუსეთის ფედერაციაზე ორიენტაციის პირობებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ძალები ნომენკლატურის და საზოგადოების თვალში სავარაუდოდ, ფართო ლეგიტიმაციას მიიღებენ. დასავლეთს კი არ აქვს არც პოლიტიკური ნება და არც საკმარისი რესურსები, რომ ბელორუსიის საშინაო პოლიტიკაში ჩაერიოს. 

რადგან კონსტიტუციით პრეზიდენტს ფართო უფლებამოსილება აქვს, უახლოეს წლებში სპონტანური ტრანზიციის შემთხვევაში ახალი ბელორუსული რეჟიმი სავარაუდოდ, ასეთივე პერსონიფიცირებული იქნება, თუმცა ნაკლებად ქარიზმატული ლიდერით სათავეში. მიზეზი არის ბელორუსული ნომენკლატურის საერთო „სინაცრისფრე“, რაც პოპულარული კადრების მრავალწლიანმა და მიზნობრივმა დევნამ გამოიწვია. 

უფრო საინტერესოდ და სავარაუდოდ გამოიყურება მეორე სცენარი - ალექსანდრე ლუკაშენკოს ვერტიკალური რეჟიმის ეტაპობრივი შემსუბუქება მის ფიზიკურ დაბერებასთან ერთად.

ტრანზიციის მიზეზად ამ შემთხვევაში ეკონომიკა იქცევა. ქრონიკული კრიზისის გამო ქაოტურობა უკვე შეიმჩნევა პრეზიდენტის მმართველობით შეცდომებში ზემოთნახსენები „უსაქმურობის“ დეკრეტის მაგალითზე. მის შედეგად კი იქცა მასობრივი საპროტესტო აქციები, ზეწოლის გაძლიერება ხელისუფლების მხრიდან და დროებითი დაძაბულობა დასავლეთთან. საბოლოოდ რეჟიმი წავიდა დათმობაზე და შეაჩერა დეკრეტის მოქმედება. მსგავსი შეცდომები კრიზისის გაღრმავების შემდეგ გახშირდება და სახალხო მღელვარებასთან ერთად სისტემაში ტურბულენტურობის ელემენტს შეიტანს.  

საგარეო და საშინაო რესურსების შემცირება, რომელიც არსებულ ეკონომიკურ მოდელს ინარჩუნებს, ლუკაშენკოს მასში სახელმწიფოს როლის შემცირებისკენ უბიძგებს. მშპ-ის სულ უფრო დიდი ნაწილის წარმოება მოხდება კერძო სექტორის მიერ, რაც მსხვილი ბიზნესმენების და ოლიგარქების გამოჩენას გამოიწვევს. ისინი ბუნებრივია, მოითხოვენ საკუთარი ეკონომიკური გავლენის პოლიტიკურში გადაზრდას. პარალელურად გაგრძელდება ნომენკლატურაში თაობების ცვლა, გაიზრდება ბაზრის თავისუფლების მომხრე სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა და გავლენა. საკმაოდ ორგანულად გამოიყურება მათი კავშირი ოლიგარქიული ბიზნესის წარმომადგენლებთან. 

ყველაფერი ეს შეიძლება რეალობად იქცეს რამდენიმე წლის შემდეგ. ამავდროულად იმ პერიოდში უფრო მწვავედ დადგება ლუკაშენკოს მემკვიდრის საკითხიც. ღიად ან ფარულად მის ლობირებას დაიწყებს ნომენკლატურაც. ამის შემდეგ ქვეყანა სავარაუდოდ დღევანდელი სომხეთის ან ვლადიმირ ვორონინის მმართველობის პერიოდის მოლდოვას მსგავსს რბილ და ოლიგარქიულ ავტორიტარიზმზე გადავა.

ვერ ვიტყვით, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ტრანზიციის საკითხზე არ ფიქრობს. ბოლო წლის განმავლობაში მან რამდენჯერმე ახსენა რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის შესახებ. ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტმა ლიდია ერმოშინამ კი განაცხადა, რომ ლუკაშენკო მასთან შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ანუ პოლიტიკაში პარტიების როლის გაზრდას განიხილავდა. ბოლო თვეებში ლუკაშენკო ამ თემაზე არ საუბრობს - იგი დაკავებული იყო საპროტესტო აქციების ჩახშობით და რუსეთთან დავების მოგვარებით. თუმცა, მათი გადაწყვეტის შემდეგ, რეფერენდუმის საკითხი სავარაუდოდ, საჯარო დისკურსში დაბრუნდება.

კონსტიტუციით ექსპერიმენტები ბელორუსიის პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი არ არის. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას საქმე სავარაუდოდ, სერიოზულ და ხანგრძლივვადიან სტრატეგიასთან გვექნება, უფრო ზუსტად კი, მომავალი ტრანზიციისთვის სისტემის მომზადებასთან. სავარაუდოდ, შეიქმნება მმართველი პარტია, რათა მომავალი მემკვიდრის ირგვლივ ელიტების კონსოლიდირება მოხდეს.  

ჯერ რთულია ვივარაუდოთ, თუ რომელი სცენარით განხორციელდება ძალაუფლების გადაცემა: გაძლიერებული და პრეზიდენტზე ზეწოლის მომხდენი ელიტების თუ თავად ლუკაშენკოს მიერ, რომელიც მისი სპონტანური წასვლის შემთხვევაში სისტემის უკონტროლო ვარდნის რისკებს გაიაზრებს.

მოსკოვის როლი ამ პროცესში ტრანზიციის პერიოდში ბელორუსული ეკონომიკის რუსულზე დამოკიდებულების პროპორციული იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამ როლის გადაჭარბება არ ღირს. რუსეთის ფავორიტი 1994 წლის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ კობიჩი მაქსიმალურად პრორუსული პროგრამით და მოსკოვთან ახლო კავშირებით. თუმცა ლუკაშენკოს ქარიზმამ და მისმა სწრაფმა პოლიტიკურმა აღმასვლამ სიტუაცია სწრაფად შეცვალა - მასზე ორიენტირდა როგორც ნომენკლატურა, ასევე მოსკოვიც.

თავისთავად, დღეს კრემლს მეტი კონტროლი სურს მეზობელ ქვეყნებზე, ვიდრე 1990-იანების შუა წლებში. თუ რუსეთის საბაზისო ინტერესები ძალაუფლების ცვლილებისას ბელორუსიაში გარანტირებული იქნება, სავარაუდოდ იგი პროცესში პირდაპირ არ ჩაერევა და საკუთარი კანდიდატურის ლობირებას არ დაიწყებს, რომელსაც ბელორუსული ელიტის და საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნება. იმ პოლიტიკოსებს კი, რომელთაც რუსეთთან კავშირების გაწყვეტა სურთ, ხილულ მომავალში მსგავსი შიდა მხარდაჭერის მიღების შანსები არ აქვთ.  

თავისთავად, ყველა ეს ჰიპოთეზა უმოქმედო გახდება, თუ ლუკაშენკო თავად დანიშნავს საკუთარ მემკვიდრეს და შესაბამისად სწრაფ, კონტროლირებად ტრანზიციას უზრუნველყოფს. საპირისპირო სცენარით კი იგი შეიძლება ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და დაუშვას იმდენი ეკონომიკური შეცდომა, რომ ძალაუფლების შეცვლაში გადამწყვეტ ფაქტორად საპროტესტო გამოსვლები იქცეს.

 

დასკვნის მაგიერ: რატომ არ არის ბელორუსია უკრაინა

ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან უყვართ ბელორუსიის მეორე უკრაინად წარმოჩენა. ნებისმიერი საპროტესტო აქციები მინსკში „მაიდნის“ დასაწყისად განიხილება, ნებისმიერი დაპირისპირება რუსეთთან - ანექსიის წინაპირობად, ბელორუსული იდენტობის განვითარების ნებისმიერი ინიციატივა - ადგილობრივ „ბანდერებთან“ ფლირტად.  

მიუხედავად ჟურნალისტების მხრიდან მყვირალა სათაურების სიყვარულისა, აუცილებელია სიტუაციის რეალისტურად დანახვა. როგორიც არ უნდა იყოს ბელორუსული პოლიტიკური რეჟიმის ტრანზიციის სცენარი, იგი ნამდვილად არ გაიმეორებს უკრაინულს არც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების და არც რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

პროტესტმა რომ გამოიწვიოს ხელისუფლების ცვლილება, ის უნდა იყოს ისეთი მასობრივი და მტკიცე, რომ ხელისუფლების თვალში მისი ჩახშობის რისკმა მცირე დათმობის რისკს გადააჭარბოს. ამასთან, მმართველი ელიტის ნაწილმა პროტესტანტების მხარე უნდა დაიჭიროს. პროტესტანტებს კი თავის მხრივ ჭირდებათ როგორც ერთმანეთთან, ასევე იდეალურ ვარიანტში მთელ საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის არხი.

ბელორუსიის ხელისუფლებაში არ არის განხეთქილება ან ძალაუფლების ალტერნატიული ცენტრები. ძალოვანებმა ლუკაშენკოსადმი ერთგულება არაერთხელ დაამტკიცეს. თუ ყველაფერ ამას გვერდით გადავდებთ, „მაიდნის“ შესაძლებლობა ბელორუსიაში მაინც უმცირესი იქნება - სასტარტო ძალებს შორის კრიტიკული დისბალანსის გამო. უკრაინისგან განსხვავებით ბელორუსიაში არ არის არც საზოგადოებრივი და არც პოლიტიკური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მასობრივი პროტესტის ორგანიზება და მისი ხანგრძლივი ვადით კოორდინირება. ქვეყანაში არ არსებობენ დამოუკიდებელი ტელეარხები, გავლენიანი ოლიგარქები, პარლამენტის დეპუტატები ან ქვეყნის გარკვეული რეგიონები, რომლებიც რევოლუციას ღიად დაუჭერენ მხარს.  

ოპოზიციას არ გააჩნია ადამიანური და მატერიალური რესურსი ძლიერ ძალადობრივ მანქანასთან დასაპირისპირებლად. ეს მანქანა თავის მხრივ უკვე 15-20 წელი კონცენტრირებულია პროტესტის ჩახშობაზე. ბელორუს ძალოვანებს საფრთხის შემთხვევაში პრევენციულად შეუძლიათ პროტესტის პოლიტიკური ლიდერების ნეიტრალიზება, ინტერნეტის გათიშვა, ონლაინ მედიის და სოციალური ქსელების ბლოკირება, ხალხისთვის დათქმულ ადგილებზე შეხვედრის უფლების აკრძალვა და საჭირო სიმკაცრით მათი დაკავება, ვინც შეკრებას მაინც მოახერხებს.

მსოფლიოში პროტესტი იშვიათად იწყება სპონტანურად და ლიდერების გარეშე. ბელორუსიაში ამ მოდელის წინააღმდეგ „აზროვნებაზე ზემოქმედების“ მექანიზმიც მოქმედებს. ხალხმა იცის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება საპროტესტო აქციებით არასდროს შეცვლილა. სამაგიეროდ კი კარგად იცნობენ ძალოვანების იმ რეპრესიულ მეთოდებს, რომელთა ქვეშაც შეიძლება მოყვნენ. პროტესტის გამო თანმიმდევრული დასჯა ეფექტურ პროფილაქტიკურ ნაბიჯად გადაიქცა, რომელიც აქციების პოტენციური მონაწილეების დემოტივირებას ახდენს. 

თუმცა ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ რევოლუციის ან ნომენკლატურული ამბოხის შედეგად მინსკში ხელისუფლება შეიცვალა. ახალი ხელმძღვანელობა კი იმდენად მოწყვეტილია ეკონომიკურ რეალობას და ვერ ან არ იაზრებს რუსეთზე დამოკიდებულების მასშტაბს, რომ ბელორუსიის დასავლეთისკენ მიბრუნების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

უპირველეს ყოვლისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალაუფლების ყველა ფორსირებული ცვლილება რუსეთის ისეთ რეაქციას არ იწვევს, როგორიც 2014 წელს უკრაინაში „მაიდნის“ მოვლენებს მოჰყვა. სამხედრო ოპერაცია მეზობელი ქვეყნის ერთი ნაწილის ანექსიით და სხვა ნაწილში სეპარატიზმის მხარდაჭერით ფართო საერთაშორისო რისკებს, მატერიალურ და სამხედრო დანახარჯებს გულისხმობს. მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მეზობელი ქვეყნის დასავლეთისკენ პოტენციური შეტრიალება მოსკოვის თვალში რეალურად საფრთხის შემცველად უნდა გამოიყურებოდეს.   

უკრაინა ამ მხრივ ბელორუსიისგან ძალზე განსხვავდება. უკრაინაში არსებობდა როგორც პროევროპული დასავლეთი ნაწილი, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციას უჭერდა მხარს, ასევე პრორუსული აღმოსავლეთი, რომელიც ამ განწყობას არ ეთანხმებოდა. დამატებით არსებობდა ავტონომიური და ისტორიულად რუსეთთან ახლოს მყოფი ყირიმი, სადაც რუსეთის ფედერაციის ათასობით სამხედრო მოსამსახურე იყო განთავსებული. ყველაფერი ეს მზა ნიადაგს წარმოადგენდა ინტერვენციისა და რეგიონებს შორის დაპირისპირებაზე თამაშისთვის.

ჰომოგენურ ბელორუსიაში ასეთი მოცემულობა არ არსებობს: არც დიდი რაოდენობით ქვეყნის დასავლეთისკენ შეტრიალების მომხრე, არც განსაზღვრული რეგიონები, რომლებიც ამ იდეით არიან შეპყრობილი, არც ყირიმის და დონბასის ბელორუსული ანალოგები. ბელორუსიაში არ გვხვდება კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური რუსებიც (მათი რაოდენობა სულ 7-8%-ია), რათა მათი ტერიტორიები ჰიბრიდული ომის დასაწყებად იქნას გამოყენებული. რუსულენოვანი უმცირესობის შეზღუდვის გამოყენებაც რუსულენოვან ქვეყანაში შეუძლებელია.

უკრაინაში რევოლუციამდე (და მას შემდეგაც) სახელმწიფო ინსტიტუტები იყო სუსტი, ხოლო ბრძოლისუნარიანი ძალოვანი სტრუქტურები არ არსებობდა. ხელისუფლებისადმი ლოიალობა დონბასსა და ყირიმში კი ძალზე დაბალი იყო.  

საეჭვოა, რომ სამხედროები ბელორუსიის ხელისუფლებაში და მის ყაზარმებში ისევე სწრაფად მოახდენენ კაპიტულაციას ან დაიწყებენ დეზერტირობას, როგორც ეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ან მილიციამ დონეცკში გააკეთეს. ზოგადად ითვლება, რომ ბელორუსი ძალოვანები პრორუსულად არიან განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევები არასდროს ჩატარებულა. თუმცა გადამწყვეტ მომენტში დროშის შესაცვლელად მხოლოდ რუსეთისადმი სიმპათიები საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ხელისუფლებისადმი ერთგულება ამ სიმპათიაზე ნაკლები იყოს. მსგავსი მოცემულობისთვის კი აუცილებელია სამხედრო იყოს რეგიონის მცხოვრები ან უმცირესობის წარმომადგენელი (სოციალური ჯგუფის), რომელიც თავს დედაქალაქის ელიტების და დანარჩენი ქვეყნისგან გარიყულად გრძნობს. თუმცა ბელორუსიაში გეოგრაფიული და სოციალური განხეთქილება არ არსებობს.

ლუკაშენკო ფრთხილად ეკიდება საფრთხეებს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ მან გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა. 2014-2015 წლებში თავდაცვის ახალი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი - ანდრეი რავკოვი და სტანისლავ ზასი დაინიშნა. ორივე მათგანი შედარებით ახალგაზრდაა - დაახლოებით 50 წლის. ორივემ საჯაროდ განაცხადა, რომ ბელორუსიამ აუცილებელია უკრაინულ გამოცდილებაზე ისწავლოს, საზღვრები გააძლიეროს და არმიის მოდერნიზება მოახდინოს. 2016 წელს, ბელორუსიაში მიიღეს ახალი სამხედრო დოქტრინა, რომლის შემუშავებისასაც რავკოვის სიტყვებით ჰიბრიდული ომის რისკები გაითვალისწინეს და აქცენტი სპეციალურ ოპერაციებზე გააკეთეს.

ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი აჩვენებს, რომ ბელორუსიის დასავლეთისკენ შებრუნების შემთხვევაშიც კი სამხედრო გზით მისი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება ძვირადღირებული და სარისკო ოპერაცია იქნება. რუსეთს მოუწევს კონტროლის ქვეშ აიყვანოს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი არმიის მქონე მთელი ქვეყანა.

უფრო ლოგიკური და ეფექტური მოსკოვისთვის იქნება ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენება. იანუკოვიჩის მმართველობის ბოლო წლებში რუსეთის წილი უკრაინის ექსპორტში მხოლოდ 25% იყო. ბელორუსიის შემთხვევაში კი რუსეთში გატანილი საქონელი ქვეყნის ექსპორტის ნახევარს შეადგენს. ამასთან მინსკი 100%-ით დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ აირზე, ხოლო ბელორუსული ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა - რუსულ ნავთობზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის ხელისუფლებასთან ყველა ამჟამინდელი დავა ახლოსაც არ არის იმ ზღვართან, რომლის შემდეგაც კრემლში პრობლემის სამხედრო გადაწყვეტაზე დაფიქრდებიან. ემოციური კონფლიქტების პიკის დროსაც ბელორუსია მოსკოვისთვის ყველაზე ახლო სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის რუსეთზე ეკონომიკურად ყველაზე დამოკიდებულ ქვეყნად რჩება.

გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ისტორიკოსები ბელორუსული ისტორიის პირველ ეტაპს - კერძოდ კი, რუსეთთან იძულებით კავშირს ინსტიტუტების პარალელურ მშენებლობასთან ერთად დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთ რეალისტურ ვარიანტად შეაფასებენ, რომელიც სუსტი ეროვნული იდენტობის, საბჭოთა ეკონომიკის და მენტალობის მქონე ახალგაზრდა სახელმწიფოს ჰქონდა. ეს შეფასებები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზეც თუ რამდენად მშვიდად და უსისხლოდ ჩაივლის ძალაუფლების გადაცემის პერიოდი.

ღიად რჩება კითხვა, თუ რა ფასის გადახდა მოუწევს ბელორუსიას პრორუსული ორიენტაციის გამო და რამდენად აფერხებს იგი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაციას. ჯერჯერობით რუსული მხარდაჭერა უზრუნველყოფდა არა მხოლოდ რეჟიმის სტაბილურობას, არამედ ასუსტება დემოკრატიზაციის და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნის მოტივაციასაც.

დამოუკიდებელი ბელორუსიის ჩამოყალიბების ეტაპმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელში გაიარა. ადამიანების მსგავსად პოლიტიკურ სისტემასაც ძლიერ მხარეებთან ერთად სუსტი და მოწყვლადი მხარეები აქვს. ბელორუსული რეჟიმის ინსტიტუციური სიძლიერის, მისი მონოლითურობის და მართვადობის საპირისპირო მხარედ იქცა სისტემის დამოკიდებულება ლუკაშენკოს ხასიათსა და მსოფლმხედველობაზე - ძალაუფლებისკენ სწრაფვაზე, კონსერვატიზმზე და ცვლილებების შიშზე.

თუ მრავალი ანალიტიკოსის თვალთახედვის საპირისპიროდ ეს სისტემა მოულოდნელად დაინგრევა, რათა ლუკაშენკოს ავტორიტარიზმის საფუძვლებიდან გათავისუფლდეს, ბელორუსული საზოგადოების იმ თვისებების მოსაშლელად, რომელმაც აღნიშნული რეჟიმი არა მხოლოდ შესაძლო, არამედ სტაბილურიც გახადა, კიდევ მრავალი ათეული წელი იქნება საჭირო.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

06 September 2017

თურქული გამბიტი

06 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

06 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

06 September 2017

ობამა

06 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

06 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

06 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

06 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

06 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

06 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

06 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

06 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

06 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

06 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

06 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

06 September 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

06 September 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

06 September 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

06 September 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

06 September 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

06 September 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

06 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

06 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

06 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

06 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

06 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

06 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

06 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

06 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

06 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

06 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

06 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

06 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

06 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

06 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

06 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

06 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

06 September 2017

უნგრული სუვერენულობა

06 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

06 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

06 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

06 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

06 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

06 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

06 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

06 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

06 September 2017

დასავლური გახლეჩა

06 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

06 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

06 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

06 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

06 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

06 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

06 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

06 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

06 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

06 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

06 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

06 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

06 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

06 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

06 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

06 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

06 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

06 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

06 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

06 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

06 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

06 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

06 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

06 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

06 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

06 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

06 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

06 September 2017