08 September 2017
  • 1177 ნახვა

საქართველო-ევროკავშირი: თავისუფალი ვაჭრობის შედეგები


საქართველო 2014 წელს შეუერთდა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს, რაშიც შედიან ევროკავშირთან ერთად საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილს. ითვლება, რომ ამგვარი სავაჭრო ურთიერთობები გააძლიერებს ქართულ ეკონომიკას და გარკვეულ დივიდენდებს მოიტანს სოციალური და გარემოსდაცვითი კუთხითაც. საერთაშორისო საკონსულტაციო და კვლევითმა ორგანიზაციამ ecorys-მა ევროკომისიის დაკვეთით ჩაატარა განხორციელებადობის ანალიზი, რომლის მიზანი იყო მხარდაჭერა აღმოეჩინა საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების პროცესისთვის. დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2012 წელს გამოქვეყნდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამ ეტაპზე ერთადერთი კვლევა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მოდელირება და გაიზომა ის შესაძლო სიკეთეები და რისკები, რომლებიც შეიძლება მოუტანოს საქართველოსა და ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ. კვლევის დასკვნაში პოზიტიურად არის შეფასებული სავაჭრო ხელშეკრულების შედეგები საქართველოსთვის. კერძოდ,  ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ეროვნული შემოსავალი გაიზრდება 292 მილიონი ევროთი, ხელფასების გაიზრდება 3.6%-ით და სამომხმარებლო ფასები შემცირდება 0.6%-ით. კვლევის მიხედვით მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტი გაიზრდება დაახლოებით 9%-ით და იმპორტი 4.4%-ით. გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტი გაიზრდება 12%-ით, იმპორტი 7.5%-ით. DCFTA-ით ყველაზე მეტად მოგებული დარჩება ქიმიკატების, რეზინისა და პლასტმასის სექტორი, რომლის საერთო გამოშვება გაიზრდება 60%-ით.  კიდევ ერთი  მოგებული სექტორი ევროკავშრითან თავისუფალი ვაჭრობით იქნება ბოსტნეულის, ხილის, თხილისა და სხვა კაკლის სექტორი, რომლის გამოშვება გაიზრდება 3.4%-ით.


თუმცა, როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, საქმე არც თუ ისე სასიკეთოდ არის, როგორც ეს ოპტიმისტებს მიაჩნდათ. მაგალითად, ევროკავშირში ექსპორტი 2014-2015 წლებში 2.8 - 3,3 %-ით გაიზარდა, 2016 წელს კი 11.3 პროცენტით შემცირდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში საშუალოდ 12.5 პროცენტით იზრდებოდა, მაშინ ბოლო სამი წლის მონაცემები ოპტიმიზმის საბაბს ნაკლებად უნდა იძლეოდეს. საგულისხმოა ისიც, რომ არც ecorys-ის მიერ გამოყოფილი ზემოთ აღნიშნული სექტორები იძლევა მნიშვნელოვან შედეგებს. მაგალითად, თუ ავიღებთ ქიმიკატების, რეზინისა და პლასტმასის სექტორს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ამ პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 11.4 პროცენტით არის შემცირებული. ბოსტნეულის, ხილის, თხილისა და სხვა კაკლის   სექტორების ექსპორტის ზრდა ევროკავშირში კი მხოლოდ 1.8%-ია, ასოცირების შეთანხმების დადების შემდეგ. ბუნებრივია, სამ წლიანი მონაცემებით რთულია ვითარების სიღრმისეული ანალიზი, თუმცა როგორც ქვემოთ მოცემული  მაჩვენებლებით ირკვევა, საქართველოს მთავრობას მოუწევს გაბედული ნაბიჯების გადადგმა საექსპორტო კალათის დივერსიფიკაციისა და უფრო რთული საექსპორტო პროდუქციის (sophistication of exports)  წარმოების ხელშეწყობის მხრივ.


ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოკლე აღწერა

შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე საქართველოში წარმოშობილ საქონლის იმპორტზე ევროკავშირში საბაჟო გადასახადი გაუქმდა ყველა პროდუქტზე გარდა ნივრისა, რომელზეც ვრცელდება სპეციალური კვოტა. თუმცა, საქართველოდან ევროკავშირში შეტანილ პროდუქციის გარკვეულ სახეობებზე მოქმედებს ორი ტიპის რეგულაცია: ევროკავშირში “შესვლის ფასი” (entry price – ad valorem free) და “გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი” (anti-circumvention mechanism).


“ევროკავშირში შესვლის ფასი” არის სპეციფიკური საბაჟო გადასახადი, რომელიც მოქმედებს განსაზღვრული პროდუქტების სახეობებზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში წარმოებული პროდუქტის საინვოისო ფასი დაბალია ევროკავშირში წარმოების ფასზე. მაგალითად, “ევროკავშირში შესვლის ფასი” მოქმედებს შემდეგი დასახელების პროდუქტებზე.


  • 8 სახეობის ყურძნის წვენი და ნექტარინი

  • 4 სახეობის ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი, არტიშოკი  და ყაბაყი)

  • 7 სახეობის ციტრუსი  (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი)

  • 9 სახეობის ხილი (კურკოვანი ხილი და სუფრის ყურძენი)


https://lh6.googleusercontent.com/VwrVPu2CgG2B4rIN8BNHWUwkop2lpHWrVexW7_ncce5Lrs6eJnkhNnjDv3dx9nsZlCwJD87W4aqF-LL9ZpuFgCanj6qGDPZchw0708_O3rSemwz8SUudHOjHqnqQ4QGVkLjMvMor

დიაგრამა 1 დიაგრამა აღებულია გიორგი ჩიტაძის პრეზენტაციიდან „"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის".


განვიხილოთ, პომიდვრის მაგალითი.  თუ 100 კგ პომიდვრის ფასი ნაკლები იქნება  48.4 ევროზე, პირველი ივნისიდან 30 სექტემბამდე პერიოდში, ამ შემთხვევაში ყოველ 100 კილოგრამს დაემატება საბაჟო გადასახადი დაახლოებით 44 ევროს ოდენობით. ეს გადასახადი ვრცელდება 27 სახეობის პროდუქტზე. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ პროდუქციაზე არ გავრცელდება “შესვლის ფასი”, იქედან გამომდინარე რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილზე წარმოება მეტწილად უფრო ძვირი ჯდება.


გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის 277 სატარიფო ხაზზე ვრცელდება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომლის მთავარი მიზანია თავიდან აირიდოს საქართველოს ტერიტორიიდან უცხოური წარმოების პროდუქციის ევროკავშირში შეტანა ქართული ბრენდის ქვეშ. თუ საქართველოდან ევროკავშირში ექპსორტირებული რომელიმე პროდუქტი მიაღწევს ფიქსირებული ოდენობის 70%-ს, ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს ამის შესახებ. ფიქსირებულ ოდენობაზე გადაჭარბების შემთხვევაში საქართველო ვალდებულია დაუსაბუთოს ევროკავშირს გადაჭარბების მიზეზები. ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს უხვმოსავლიანობა, წარმოების მოცულობის სრწაფი ზრდა და ა.შ. დასაბუთების შემთხვევაში საქართველოს აქვს უფლება შეიტანოს გადაჭარბებული ოდენობის პროდუქცია. თუ შეტყობინება არ მოხდა, ევროკავშირი იტოვებს უფლებას შეაჩეროს პრეფერენციები ამ პროდუქციაზე 6 თვის განმავლობაში.


  • საქონლის, ღორის და ცხვრის ხორცი- 4 400 ტონა;

  • ფრინველის ხორცი - 550 ტონა;

  • რძის ნაწარმი - 1650 ტონა;

  • კვერცხი ნაჭუჭით - 6 600 ტონა (132 მლნ. ცალი);

  • კვერცხები და ალბუმინები - 330 ტონა;

  • სოკო - 220 ტონა;

  • მარცვლოვანები- 200 000 ტონა;

  • ალაო და ხორბლის წებოვანა - 330 ტონა;

  • სახამებლები - 550 ტონა;

  • შაქარი - 8000 ტონა;

  • ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები - 2 200 ტონა;

  • შაქრიანი სიმინდი - 1500 ტონა;

  • შაქარი დამუშავებული - 6 000 ტონა;

  • გადამუშავებული მარცვლეული - 330 ტონა;

  • სიგარეტები - 500 ტონა;


ცხრილი 1 აღებულია აღებულია გიორგი ჩიტაძის პრეზენტაციიდან „"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის".


კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლებისთვის, ეხება საქონლის წარმოშობის წესებს. საქონლის წარმოშობის სერთიფიკატს (EUR1) გასცემს საქართველოს საშემოსავლო სამსახური. ეს რეგულაცია მოიცავს საქონლის დამუშავების აუციელებელ მინიმალურ სტანდარტებს, ასევე საქონლის წარმოებისთვის გამოყენებულ ზღვრულ ოდენობას, რომელიც მესამე ქვეყნიდან არის იმპორტირებული. თუმცა მოქმედებს კუმულაციის პრინციპი, საქართველოს, ევროკავშირს და თურქეთს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ საქონელს შეიძლება მიენიჭოს საქართველოში წარმოშობის სერთიფიკატი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ საქონლის წარმოებაში გამოყენებულია თურქეთში ნაწარმოები არასასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.  “საქონლის წარმოშობის წესები” შეიძლება იქცეს ერთგვარ გამოწვევად მსხვილი წარმოების გახსნისთვის. მაგალითად, თუ მსხვილი მანქანების მწარმოებელი კონცერნი გადაწყვიტავს საქართველოში ქარხნის გახსნას ევროკავშირში ექსპორტირების მიზნით, მისთვის “საქონლის წარმოშობის წესები” იქცევა მნიშვნელოვან დაბრკოლებად. ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმის დანართში მოცემულია კრიტერიუმები პროდუქტების “საკმარისად გადამუშავების” შესახებ, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით მსუბუქი ავტომობილების საწარმოო მასალების (inputs) ღირებულება, რომელიც საქართველოში არ არის წარმოშობილი, არ უნდა აღემატებოდეს ავტომანქანის სრული ღირებულების 40%-ს. დღესდღეობით, მულტინაციონალურ კორპორაციებს საკუთარი წარმოებები გაფანტული აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, შესაძლოა ერთი რომელიმე საავტომობილო კონცერნი, მანქანის საჭეს ამზადებდეს იაპონიაში, ფარებს ტაივანში, ხალიჩებს კერავდეს ბანგლადეშში და ავტომობილებს აწყობდეს ჩინეთში. ამიტომაც, საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი მსხვილი კონცერნები შემოვიდნენ, იმის იმედით რომ ევროკავშირის ბაზარი მათთვის ღია იქნება.


გარდა ამისა, საქართველოს, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოუწევს რიგი სტანდარტების დაკმაყოფილება, რათა უზრუნველყოს საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ეს ვალდებულბები მოიცავს, ტექნიკურ რეგლამენტებს, მეტროლოგიის, ფიტოსანიტარულ, ბაზრის ზედამხედველობის, ასევე აკრედიტაციიისა და შესაბამისობის შეფასების სისტემების დანერგვის მხრივ. ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ცვილებები უნდა შეეხოს სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, სახელმწიფო შესყიდვებს, ვაჭრობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ბარიერებს და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავრობისთვის, ასევე ქართველი მწარმოებლებისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, გამომდინარე იქედან, რომ მათ მოუწევთ მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაკეთება ამ სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის.


საქართველო ევროკავშირის ვაჭრობის ძირითადი ტენდენციები


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მზარდი ხასიათი აქვს. თუ ბოლო ათწლეულში ვაჭრობის ტენდენციებს დავაკვირდებით,  საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი იზრდებოდა. თუ არ ჩავთვლით, 2009, 2012 და 2016 წლებს. ამ სამ წელიწადში ექსპორტის კლება შეიძლება აიხსნას პოლიტიკური ფაქტორებით, რომელიც უკავშირდებოდა 2008 წლის ომს, 2012 წლის ტრანსფორმაციულ საარჩევნო ციკლს და 2014-2015 წლებში არსებულ რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა, ბუნებრივია არსებობდა სხვა ეკონომიკური ფაქტორებიც. ევროკავშირში ექსპორტმა მაქსიმალურ ოდენობას 2015 წელს მიაღწია და შეადგინა 645 მილიონი დოლარი.


https://lh4.googleusercontent.com/Rdcif3QUtbEDPQMIHpDcqzBV_Fj3eys9s73WVIodjKoChNtB8JBV4zAUxlbIEO8LSwxx43UUUahvePIvoPA7We4R-hwr65J3cD5iIlCBi2gkYRsbIIuGh6QvghSvZYLqNmO52am1

დიაგრამა 2 მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით


რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტის წილს საერთო ექსპორტში, ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში 15-დან 29 პროცენტამდე მერყეობდა. ყველაზე დაბალ ნიშნულს კი 2012 წელს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო შეურთდა ღრმა და ყოვლისმომცველ სივრცეს, ამ მაჩვენებლმა 27 და 29 პროცენტს მიაღწია 2015-2016 წლებში.


https://lh4.googleusercontent.com/ZLluJznHjsr6h748JyYlI98nvCF-Hqix0_fV_zECYtUYwP5DfybwPlIxiJVf94_D7fjQDM5RTvRBVgyERogjWarRhqHtEcC8f_G6whtjqpjat3sRxifpI6Zmb_Pjqp-4B6PRhdC1

დიაგრამა 3მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით


საინტერესოა ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის სტრუქტურა ორი ნიშნით. პირველი, ეს არის საექსპორტო კალათის დივერსიფიკაციის დონე და მეორე, - ექსპორტირებული პროდუქციის სირთულე. ეს ორივე ინდიკატორი ბუნებრივია ინტერესს იძენს დინამიკურ კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ  საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს საექსპორტო კალათის დივერსიფიკაცია. ISET-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის 80%-ი კონცენტრირებულია ერთი მხრივ მინერალებზე და ლითონებზე, მეორე მხრივ, კი საკვებ პროდუქტებზე (ღვინო, სასმელები, ბოსტნეული და ა.შ.) როგორც ქვემოთ დიაგრამაზეა მოცემული, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქცია მეტწილად კონცენტირებულია რამდენიმე ათეულ პროდუქტზე. კერძოდ, 11 ძითადი პროდუქტი  იკავებს მთლიანი ექსპორტის  80 პროცენტს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ტენდენცია საკმაოდ მდგრადია და არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა DCFTA-ს ნაწილი.


https://lh3.googleusercontent.com/pW-I8vVFACoqlDdEk9G_j1B4zhPw_LAV6eCpEsVA9MvsiW1wX0IqPZjRefnXRVbXb8Ceo6oHQ1pHKYNLJLdkA5sOCSQ-lVk1GDYrqmuwLfNBs8LLIbXi2KhrJn8l0THFOcloWXl4

დიაგრამა 4 მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით


ამასვე ადასტურებს მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის  მიხედვით, “ძველი” პროდუქტების გატანის მაჩვენებელი ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ მაღალია, თუმცა, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს “ახალი” პროდუქტების გატანას საქართველოდან ევროკავშირში. ექსპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია იქედან გამომდნარე, რომ ქართული ექსპორტიორები ამ ეტაპზე მეტწილად სპეციალიზებულები არიან ისეთი პროდუქტების წარმოებაზე, რომლებიც ქმნიან დაბალ დამატებით ღირებულებას და ამგვარი პროდუქტების წარმოება ქმნის არასტაბილურ და დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

პროდუქტების დივერსიფიკაცია.png

დიაგრამა 5 ცხრილი აღებულია მსოფლიო ბანკის კვლევიდან: GEORGIA:   TRADE COMPETITIVENESS DIAGNOSTIC


საექსპორტო პროდუქტების სირთულის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო მეტწილად “სპეციალიზდება” სიღარიბეზე. ქვემოთ ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველოდან ძირითადად გადის ნედლეული, ან პირველადი დამუშავების საქონელი. 11 უმსხვილესი  საექსპორტო პროდუქტიდან სამი ქართული წარმოშობის არ არის, ანუ რეექსპორტია. ამასთან ერთად, საექსპორტო კალათაში ქართული წარმოშობის პროდუქტებს საკმაოდ დაბალი სირთულე აქვს. თუ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების ექსტრაპოლაციას მოვახდენთ ევროკავშირში გატანილ პროდუქციაზე,  დავინახავთ რომ ე.წ. Expy-ის ინდექსი დაბალია,  საქართველოს მსგავსი ეკონომიკების, კერძოდ უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, სადაც დივერსიფიკაციისა და სირთულის მაჩვენებლები მაღალია.


საექსპორტო კალათიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტად გაიზარდა თხილის ექსპორტი ევროკავშირში. გადაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი არ ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკისათვის, ნაკლებად იქმნება სამუშაო ადგილები და რომლებიც იქმნება არის დაბალანაზღაურებადი და ნაკლებად სტაბილური. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა და ამასთან ერთად მიწები მეტწილად დანაწევრებულია, მცირე ფერმერებს უწევს დიდი ტრანზაქციული ხარჯების გაწევა პატარა მეურნეობების სამართავად, თუმცა შემოსავლები დაბალია. ამასთან ერთად, როგორც ნებისმიერ სხვა სოფლის მეურნეობის ნედლ პროდუქტს, თხილსაც გააჩნია კლებადი უკუგება კაპიტალზე, რადგან პროდუქტიული მიწის რესურსი შეზღუდულია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა მეტწილად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.


ისეთი პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში, რომლებიც გამოირჩევიან მეტი სირთულით, დამატებითი ღირებულებით და ქმნიან სტაბილურ სამუშაო ადგილებს, 2014 წლის  შემდეგ თხილის მსგავსად ექსპონენციალურად არ იზრდებოდა. მეტიც, 2016 წელს სასუქის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად დაეცა 32 მილიონიდან 24 მილიონამდე. იგივე შეიძლება ითქვას, ხილისა და ბოსტნეულის წვენების წარმოებაზეც, სადაც ექსპორტის ოდენობა 5.7 მილიონი დოლარიდან 2.1 მილიონ დოლამდე შემცირდა. 2014 წლიდან ევროკავშირში ღვინის ექსპორტი იზრდებოდა, კერძოდ, ღვინის ექსპორტი გაიზარდა 10.7 მილიონიდან 14.2 მილიონ დოლარამდე.  თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ღვინის ექსპორტის კუთხითაც არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი გარღვევა.



დასახელება

2012 წელი

2013   წელი

2014 წელი

2015 წელი

2016 წელი

მადნები და კონცენტრატები სპილენძის

53.5

161.6

180.2

153.1

173.1

თხილი და სხვა კაკალი

51.1

116.4

143.6

149

145.5

ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან

26.8

40.7

33.2

77.9

26.8

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი

40.8

51.7

32.3

65.9

24.1

ფეროშენადნობები

1.5

25.1

25.9

21

17.9

ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები

11.9

29.8

24.3

13.7

21.8

ყურძნის ნატურალური ღვინოები

9.1

10.7

13.8

12.5

14.2

მსუბუქი ავტომობილები

57.2

51.6

32.6

11.3

4.7

მინერალური და მტკნარი წყლები

7.5

8.6

11.3

10.7

12.2

ხილისა და ბოსტნეულის წვენები

9

2.7

5.7

3.4

2.1

რეზინის პნევმატური სალტეები


6

9.6

10.4

15.2

სულ ექსპორტი ევროკავშირში

352.9

607.1

624.1

646.4

571

ცხრილი 2 მომზადებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს ძირითადი ექსპორტი სტრუქტურულ ჭრილში“ ანგარიშების მიხედვით



უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების წინ, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთის შემთხვევაშიც, ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზრდებოდა, იქედან გამომდინე, რომ საქართველოსთვის გაიხსნებოდა დიდი ბაზრები ევროკავშირისა და ჩინეთის სახით. მაგალითად, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ამბობდა, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ეს ავტომატურად გამოიწვევდა მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მართლაც, 2014-2016 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  იზრდებოდა და ეს ქვემოთ დიაგრამაზე ნათლად ჩანს. მეტიც, ამ სამწლიან პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, სხვა სამწლიან პერიოდებთან შედარებით.


https://lh4.googleusercontent.com/ojifeNJ9AieUnKicS2wbruBhxDFsVrrmuYN9TssrrPNkoGPcV74ltpX3b3fgI1iSps0_xPXkejqWAwDvVEiI0jpK_u25n3s3zX_lvXt-u5UUhvNKSwI3XILNgIabqEahAXPn1JkU

დიაგრამა 6 აღებული სტატიიდან “საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა - რაც მეტი მით უკეთესი”


თუმცა, თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, ეს არ უნდა იყოს პირდაპირ კავშირში DCFTA-სთან. როგორც ქვემოთ დიაგრამიდან ჩანს, სოფლის მეურნეობის სექტორში შენარჩუნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი. კერძოდ, 2014-2016 წლებში, საშუალოდ სოფლის მეურნეობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მაჩვენებლის  0.7% შეადგენდა. დამამუშავებელ მრეწველობაში, 2014-2015 წლებში, დაფიქსირდა ყველაზე დაბალი პროცენტული წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეს ორი დარგი, დამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, უნდა ყოფილიყო ის სექტორები სადაც უნდა შემოსულიყო ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რის საშუალებითაც მოხდებოდა ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდაც, თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, სასურველი შედეგები არ დადგა.

https://lh6.googleusercontent.com/DzUEFn7Ua6jpR-nwhTIsA0VYvV3TWXYKombjy6k7Mrul09srULgulmWlAEZdMHkCb9zgYPR7E0n1e9cKt8cT0kMZXLjaDmgUvPzUz4ay8ZxqA2DLlbPgbXc4OXwr4qcbkAbgI21R

დიაგრამა 7 მომზადებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით


უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით. მთავრობას აქვს DCFTA განხორციელების 2014-2017 წლის სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა სხვა პუნქტებთან ერთად მოიცავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ექსპორტის დივერსიფიცირებისკენ, მათ შორის: მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დაარსება, ამ სააგენტოს დატრეინინგება DCFTA-ს მოთხოვნებზე, ტექნიკური დახმარების გაწევა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, DCFTA-ის რეგულაციებში, დამწყები start-up ბიზნესების მხარდაჭერა, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ქართული ბიზნესისთვის საექსპორტო პოტენციალის ზრდა სავაჭრო გამოფენებისა და მედია კამპანიებში მხარდაჭერის საშუალებით.


თუმცა, მთავრობას მოუწევს ბევრად უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა ექსპორტის ხელშეწყობისათვის. აუცილებელია ამ მხრივ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობები და რესურსები, ხოლო მისი ფინანსები მიემართოს ექსპორტის წახალისებაზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით ექპორტის სუბსიდირება იკრძალება, თუმცა, არსებობს ამ რეგულაციიდან გვერდის ავლის შესაძლებლობა. მაგალითად, საქართველოს მთავრობას შეუძლია დეპრესიულ რეგიონებში წარმოების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსება, რომლის საშუალებითაც მოხდება ისეთი ბიზნესების წახალისება, რომლებიც ექსპორტზეა ორიენტირებულია.


ზოგადი რეკომენდაციები

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სარგებლის სრულად გამოყენებისათვის, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გამოიყენოს pick the winner სტრატეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობამ უნდა ამოარჩიოს წარმატებული მწარმოებლები და მათი ჩართულობით დაგეგმოს ექსპორტის დივერსიფიცირების გზები. მთავრობამ სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების პარალელურად შესაძლებელია გამოიყენოს ექსპორტის დისციპლინის  ინსტრუმენტი. მსხვილ კომპანიებს აქვთ დიდი ბიზნეს პოტენციალი, აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მასშტაბზე და გამოიყენონ მენეჯერული თუ სტანდარტების ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მასშტაბური ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ექსპორტის დივერსიფიცირების კუთხით.

 

აუცილებელია საქართველოს გააჩნდეს განვითარების ბანკი ან მოხდეს საპარტნიორო ფონდის მოდერნიზება, გამომდინარე იქედან, რომ კომერციული ბანკები ვერ უზრუნველყოფენ ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, რაც სავსებით ბუნებრივია. კომერციული ბანკები ლოგიკურია სესხების გაცემის დროს კონსერვატიულები არიან, ამიტომაც სახელმწიფოები ქმნიან განვითარების ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რისკიან და გრძელვადიან ინოვაციებს.



მნიშვნელოვანი იქნება, თუ საქართველო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინვესტიციების, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლასიფიკაცია და პრეფერენციბის მინიჭება იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ექსპორტის დივერსიფიცირებას.



მიზანშეწონილი იქნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე შეიქმნას შესაბამისი ეკონომიკური სამსახურები, რომლებიც მოახდენენ ინფორმაციის აკუმულირებას და ანალიზს და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დაგეგმავენ სახელმწიფო ინვესტიციებს და ექსპორტის ხელშემწყობ პროექტებს. მცირე საინვესტიციო რეგიონული ფონდების გამოყენება მკაცრი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებების პირობებში, შესაძლოა წინაგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს საექსპორტო პროდუქციის წარმოებისთვის.

 

საქართველოს მთავრობას, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არა აქვს ეფექტური საინფორმაციო-ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც მოახდენს ფერმერების  ინფორმირებას პროდუქციის ფასებისა და პროდუქციაზე მოთხოვნის შესახებ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ამგვარი სამსახურების არსებობა ასევე მნიშვნელოვანია დარგობრივი კონსულტაციების მხრივაც, რაც ეხება შესაბამისი სტანდარტების ცოდნას, ასევე აგრო-პროდუქციის წარმოებაში ინოვაციების დანერგვას. მცირე ფერმერების მხრიდან შესაბამისი კულტურების მოყვანა ქაოტურად ხდება, რის შედეგადაც ხშირად ხდება ჭარბი პროდუქციის წარმოება, ან იმგვარი პროდუქციის წარმოება, რომელიც ევროკავშირში ქვეყნებში არ იქნება კონკურენტუნარიანი

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 


მსგავსი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები: ფოთის მაგალითი

08 September 2017

ვიწრო ინტერესები საზოგადოებრივი სიკეთის წინააღმდეგ

08 September 2017

მცირე და არაეფექტური ბიუროკრატია

08 September 2017

სახელმწიფო დანახარჯები საქართველოსა და ევროკავშირში

08 September 2017

„აწარმოე საქართველოში“ - გაურკვეველი შედეგები

08 September 2017

სახელმწიფო შესყიდვების როლი განვითარების პოლიტიკაში

08 September 2017

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა - რაც მეტი მით უკეთესი

08 September 2017

ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება

08 September 2017

კოოპერაციული მეურნეობების არამდგრადობა

08 September 2017

კონკურენციის სააგენტოს უძლურება

08 September 2017

კვლევა და განვითარება საქართველოში

08 September 2017

ეკონომიკის სამინისტრო უკვე 1,5 წელია ნაქირავებში ცხოვრობს

08 September 2017

სად მიდის საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებელი

08 September 2017