11 September 2017
  • 1640 ნახვა

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

ფოტო გარეკანზე: thesleuthjournal.com


ერთადერთი გზა ტერორიზმის დასამარცხებლად მისი შეჩერება, განადგურება და ამოძირკვაა იქიდან, სადაც ის იზრდება.“ 2001 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში განხორციელებული 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდგომ, ჯორჯ ბუშ უმცროსმა ავღანეთში ომის დაწყება კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ამგვარად დააანონსა. ომი დაიწყებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის რეჟიმი ამერიკულ მხარეს ოსამა ბინ ლადენს არ გადასცემდა. ამერიკულმა სამხედრო შენაერთებმა ავღანეთში ინტერვენცია 7 ოქტომბერს დაიწყეს. ომის მიზანი ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობა და მისი მოკავშირე ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ოსამა ბინ ლადენის ორგანიზაცია ალ-ყაიდას განადგურება იყო. ავღანეთში ტერორისტებთან 16 წლიანი ომის შემდგომ მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველია, სამხედრო კამპანია კი გრძელდება.

21 აგვისტოს, ყველასთვის მოულოდნელად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის გაგრძელების ახალი სტარატეგია გამოაცხადა, რომელიც თვისებრივად მისი წინამორბედებისგან არ განსხვავდება. ამერიკის მიზანი ავღანეთში თალიბანზე გამარჯვება, ალ-ყაიდას და ისლამური სახელმწიფოს განადგურება დარჩება, მაგრამ აშშ აღარ შეეცდება ავღანეთის შიდაპოლიტიკურ რეალიებში ჩარევას და ავღანური ცხოვრების წესზე საკუთარი იდეოლოგიის თავს მოხვევას. ამერიკული ჯარი განუსაზღვრელი ვადით დარჩება ავღანეთში და თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში დისლოცირებულ 8500-მდე ჯარისკაცს დამატებით 4000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაემატება.

ტრამპის გადაწყვეტილება მისი შეხედულებების საპირისპიროა. იგი ჯერ კიდევ წლების წინ ავღანეთის ომს ‘საშინელ შეცდომად’ და ‘ტოტალურ კატასტროფად’ მოიხსენიებდა, რომელიც ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ფინანსური რესურსებიგან ცლიდა. ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაუსრულებლობისთვის ტრამპი საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისას აქტიურად აკრიტიკებდა ბარაკ ობამასაც და ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთის დაუყოვნებლივ დატოვებას ითხოვდა. მისი მოსაზრების ცვლილება თავდაცვის მდივნის ჯეიმს მეტისის და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ავღანეთში აშშ-ის ახალ სტრატეგიაზე რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად შეიცვალა. ტრამპის თქმით, მას საკუთარი ინსტინქტი ომის დასრულებას კარნახობდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ოვალური კაბინეტის მაგიდასთან გადაწყვეტილებები სხვაგვარად მიიღება.

აგვისტოში, კემპ დევიდში ჯეიმს მეტისსა და გენერლებთან ბოლო შეხვედრისას თეთრი სახლის ადმინისტრაცია რამდენიმე დასკვნამდე მივიდა: ამერიკელი მოქალაქეების იმედგაცრუების  და ომში ამერიკული ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი დანაკარგის ფონზე, აშშ-ის მმართველობა ვალდებულია ომი გამარჯვებით დაასრულოს; ავღანეთის აშშ-ის მიერ სწრაფი დატოვება წარმოქმნის ვაკუუმს, რომელსაც აუცილებლად შეავსებს ტერორისტული ორგანიზაციები, როგორც ეს მოხდა ერაყის შემთხვევაში, როდესაც აშშ-მა ქვეყნიდან მისი საჯარისო შენაერთების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო; ავღანეთი და მასთან ერთად პაკისტანი, სადაც თალიბანის მებრძოლების გადადინება და შეფარება ხდება, აშშ-ისთვის ტერორიზმის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონს წარმოადგენს.

აშშ-ის ავღანური სტარტეგია ორი ძირითადი ამოცანით განისაზღვრება: ავღანეთის მთავრობისა და ჯარის მიმართ დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებით ტერორისტებთან ბრძოლა და პაკისტანზე, როგორც ტერორისტების მფარველ ქვეყანაზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება. აშშ-ის ერთ-ერთი ამოცანა იქნება კონფლიქტში ინდოეთის აქტიური ჩართვაც.

პირველი ამოცანა არ გულისხმობს ავღანური სახელმწიფოს შენებაში ჩარევას. ტრამპის განცხადებით, ავღანეთის მომავალი თავად ავღანელებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ უნდა იცხოვრონ, როგორც მათ სურთ. აშშ-ის მიზანი მხოლოდ ‘ტერორისტების დახოცვაა’. მეორე ამოცანა წარმოადგენს პაკისტანის იძულებას, რომ მის მიერ შეფარებული თალიბანის და ალ-ყაიდას მებრძოლები ქვეყნიდან განდევნოს. ტრამპის თქმით, აშშ მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევს პაკისტანს, მაგრამ იგი საპასუხოდ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და რომ ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის დიდხანს ვერ გაგრძელდება.

 

გამოხმაურება სტრატეგიის თაობაზე

ახალმა სტრატეგიამ არაერთგვაროვანი რეზონანსი გამოიწვია აშშ-ის პოლიტიკურ ელიტასა და საერთაშორისო საზოგადოებაში. პენტაგონის გეგმის მთავარი მხარდამჭერები ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი იყვნენ. ტრამპის გამოსვლამდე პენსმა გეგმის მონახაზი კონგრესში რესპუბლიკურ პარტიას პირადად წარუდგინა. გეგმა მოიწონეს პარტიის ლიდერებმა, სპიკერმა პოლ რაიანმა და სენატორმა ჯონ მაკკეინმაც. მაკკეინმა გეგმას მხოლოდ ‘დაგვიანებული’ უწოდა. სტარტეგია გააკრიტიკა კონგრესის უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ავღანეთში ამერიკული ჯარის ყოფნის დროში განუსაზღვრელობა და ჯარისკაცების რაოდენობის ზედა ზღვრის დაუწესებლობა.

სტრატეგიას ცალსახად პოზიტიურად შეხვდნენ ავღანელი ლიდერები. ქვეყნის ელჩმა აშშ-ში ჰამდულა მოჰიბმა განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არის ის, რაც ახლა ავღანეთს ესაჭიროება: ამერიკის სამხედრო ძალის ჩარევა საერთო მიზნის მისაღწევად, ავღანელი ხალხის მუდმივი ტყვეობისგან ხსნა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის თვითდაჯერებულობის ამაღლება. ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ ღანმა ყანდაარის პროვინციაში, რომელიც თალიბანის სამშობლოა, ავღანელი ჯარისკაცები გაამხნევა, რომ აშშ ავღანეთის დროში შეუზღუდავი მოკავშირე იქნება. ხოლო თალიბანს მიმართა, რომ „ისინი ვერ მოიგებენ ამ ომს“. მიუხედავად ამისა, ქაბულში ფიქრობენ, რომ გაძლიერებულმა აგრესიამ შესაძლოა, თალიბანის გააქტიურება და დასახლებულ ადგილებში ტერორისტული აქტების გახშირება გამოიწვიოს.

ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა პაკისტანის ტრადიციული მეტოქე ინდოეთი, რომელიც ავღანეთის რეკონსტრუქციაში რეგიონიდან ყველაზე მეტი - 2 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. ინდოეთი იზიარებს აშშ-ის მიზნებს და თალიბანის მიერ რეგიონის უსაფრთხოებისთვის შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებს.

ტრამპის სტრატეგიას მხარდაჭერა გამოუცხადეს მისმა ტრადიციულმა მოკავშირეებმა დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ახალი გეგმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ავღანეთი ტერორისტთა მყურდო თავშესაფარი აღარასდროს აღარ უნდა გახდეს.

თალიბანის სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა დონალდ ტრამპი გააფრთხილა, თუკი ამერიკელი სამხედროები ავღანეთის მიწას არ დატოვებდნენ, იგი მალე მათ ‘სასაფლაოდ’ გადაიქცეოდა. „უკვე თაობებია ამ ომში იბრძვიან, ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლო ამოსუნთქვამდე. ისინი ჯარისკაცებს მსხვერპლად წირავენ. ჩვენ ვიცით როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხდა მუჰაჯიდმა.

ტრამპის გეგმა მტრულად აღიქვეს პაკისტანში, სადაც ეროვნულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას ურჩია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შეზღუდოს პაკისტანური საჰაერო და სახმელეთო მარშრუტების გამოყენება. გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი პაკისტანისთვის სამხედრო დახმარების შემცირების და მისთვის, როგორც მოკავშირის სტატუსის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა. აშშ პაკისტანს თალიბანის ლიდერების ქალაქ კუეტასა და ფეშავარში თავშესაფრის მიცემისთვის აკრიტიკებს. შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ავღანეთსა და პაკისტანში ელის უელსის ვიზიტი ისლამაბადში გადაიდო, ასევე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მისი ვიზიტი აშშ-ში გადადო. აშშ პაკისტანისთვის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარებისთვის უკვე წლებია, რაც ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს. წელს ქვეყნისთვის 742 მილიონი დოლარის დახმარების გაწევა იგეგემება, საიდანაც 388 მილიონი დოლარის უსაფრთხოების საკითხებს უნდა მოხმარდეს.

ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგია რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს, მაგრამ ამასთანავე, მათ პაკისტანი დაიცვეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ დაფასებული უნდა იყოს პაკისტანის ანტიტერორისტული ძალისხმევა, რომელსაც ქვეყანა წლებია ეწევა.

 

შიდა დაპირისპირება სტრატეგიის შესახებ

ავღანეთის ომი განხეთქილების საკითხად იქცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში. თემაზე დაპირისპირება პრეზიდენტის სტრატეგიული მრჩევლის სტივ ბენონსა და სამხედრო კორპუსს - გენშტაბის ახალი უფროსის ჯონ კელის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერსა და თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისს შორის არსებობდა. სტივ ბენონი საგარეო თავგადასავლების და ინტერვენციონიზმის წინააღმდეგია. იგი თვლიდა, რომ აშშ-ის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ავღანეთში აშშ-ის სამხედრო შენაერთების დარჩენას ეჭვის თვალით უყურებდა. მან პრეზიდენტს ახალი ინიციატივა შეთავაზა, რომლის მიხედვითაც, აშშ ავღანეთში სახელმწიფო თავდაცითი ძალების ნაცვლად კერძო, დაქირავებულ ჯარისკაცებს გამოიყენებდა. იდეა არასერიოზუალდ აღიქვეს გენერალიტეტში, მაგრამ იგი ტრამპს მოეწონა. ბენონის ხედვების მთავარი მოწინააღმდეგე გენერალი მაკმასტერი იყო, რომლის სამხედრო წარმომავლობა და ცენტრისტული ხედვები ბენონის ნეიტივისტური იდეოლოგიის საპირისპიროა. მაკმასტერის წრეში ავღანეთის ომს ‘მაკმასტერის ომსაც’ კი უწოდებდნენ. ჯერ კიდევ ივნისში, მისი ინიციატივით ჯეიმს მეტისს საშუალება მიეცა ავღანეთში დამატებით 3900 ჯარისკაცი გაეგზავნა, მაგრამ მეტისი ტრამპის მიერ ავღანეთის ომის სტრატეგიის საჯაროდ გაცხადებას დაელოდა.

ავღანური გეგმის გაცხადებამდე ორი დღით ადრე სტივ ბენონი ადმინისტრაციიდან დაითხოვეს. ამ შემთხვევაში გამარჯვება სამხედრო კორპუსს დარჩა. ბენონის წასვლით დონალდ ტრამპმა მისი იდეოლოგიური გარემოცვა დაკარგა, რომლის დახმარებითაც იგი, როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე მისი ხელისუფლების იდეურ მმართველობას ეწეოდა. სავარაუდოდ, მმართველობის პროცესში ტრამპზე გენერალიტეტის გავლენა გაიზრდება, რამაც შესაძლოა ტრამპის შედარებით სტანდარტულ, კონვენციურ პრეზიდენტად გადაქცევის პროცესი დაიწყოს.

ახალი სტრატეგიის მიღებისას დონალდ ტრამპი ავღანეთის დატოვების მკვეთრ პოზიციას არ იკავებდა. როგორც NBC News-ის ინფორმაციით ირკვევა, დონალდ ტრამპი გენერლებთან შეხვედრისას უკმაყოფილება გამოთქვა რომ ამერიკა ავღანეთში ომს ვერ იგებს. მან უკმაყოფილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების დახმარების შესუსტებაზეც გამოთქვა. ის უკვე მესამე პრეზიდენტია, რომელიც ამ ომს უმკლავდება და მას გამარჯვება სურს. მისი უკმაყოფილების მთვარი სამიზნე ავღანეთის ომის მეთაური გენერალი ჯონ ნიკოლსონი აღმოჩნდა, რომელიც პოსტს 2016 წლიდან მოყოლებული იკავებს. ტრამპის მიერ ომში დამარცხების პასუხისმგებლობის ნიკოლსონზე დაკისრება მოულოდნელი აღმოჩნდა გენერალიტეტისთვის. გენერალი ნიკოლსონი დაიცვა, როგორც მაკმასტერმა, ასევე ჯეიმს მეტისმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამ საქმისთვის უკეთესი პროფესიონალის მოძებნა აშშ-ს გაუჭირდება. ისინი შეეცადნენ ტრამპსა და გენერალ ნიკოლსონს შორის შეხვედრის ორგანიზება მოეხერხებინათ, რათა ტრამპის უკმაყოფილება მის მიმართ განელებულიყო. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა სენატრომა ლინდსი გრემმაც ნიკოლსონის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თუკი ტრამპი არ მოუსმენს გენერლებს, მაშინ ავღანეთში ამერიკის სამხედრო კამპანიის კოლაფსი გარდაუვალია.

დონალდ ტრამპმა ავღანეთის ომის სტრატეგიის შემუშავებას, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მუშაობს, 1987 წელს მანჰეტენზე მისი ერთ-ერთი საყვარელი რესტრონის ‘Club 21’-ის განახლებას შეადარა. რესტორანმა განახლებისთვის ერთი წლით შეწყვიტა მუშაობა, დაიქირავა კონსულტანტები, რომელთაც მხოლოდ ის ურჩიეს, რომ დაწესებულებას უფრო დიდი სამზარეულო ესაჭიროებოდა. მხოლოდ ამ რჩევისთვის რესტორანმა მნიშვნელოვანი დრო და ფინანსური მოგება დაკარგა. რამდენიმეთვიანმა სტრატეგიის შემუშავებამ მხოლოდ ის დასკვნა გამოიტანა, რომ აშშ-ის ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდა ესაჭიროება. ამისთვის, აშშ-მა ნახევარი წელი დაკარგა და ბრძოლაში პოზიციები შეუსუსტდა.

 

ტრამპის ავღანური გეგმის მეორადი მიზანი

ავღანეთის ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის, ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური ინსპექტორის მონაცემებით, 714 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული, რაც თვეში საშუალოდ 4 მილიარდ დოლარს უტოლდება. ამ დანახარჯის ამოსაღებად და ავღანეთის სტაბილიზაციისთვის დონალდ ტრამპი ავღანეთში არსებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისებას გეგმავს.

ავღანეთში არსებული ბუნებრივი რესურსები 3 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. მათში შედის ოქროს, სპილენძის, ურანის, საწვავის და სხვა იშვიათი მინერალების საბადოები. ამ რესურსების უმეტესობას დღეს თალიბანი აკონტროლებს.

რესურსების მოპოვებაში დახმარებას აშშ-ის მთავრობას სამხედრო ორგანიზაცია DynCorp სთავაზობს, რომელიც ქვეყანაში 2003 წლიდან ოპერირებს, ავიაციის, ლოჯისტიკის, სამხედროთა წვრთნების და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების კუთხით.

ავღანური რესურსებით აშშ-ის გარდა სხვა საერთაშორისო აქტორებიც არიან დაინტერესებული. ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილი მდიდარია ბუნებრივი აირით, რომელიც ათწლეულებია რუსეთის ინტერესის სფეროში ექცევა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ინტერვენციის შემდგომ რუსებმა გაზის ველებზე კონტროლი დაამყარეს, მაგრამ თალიბანის რეჟიმის დამყარების შემდგომ ეს ტერიტორიები მიატოვეს.

გასულ თვეში, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერშტაინმაიერს ესაუბრა. გერმანია ჰელმანდის პროვინციაში არსებული ლითიუმის მარაგებითაა დაინტერესებული. ლითიუმი მნიშვნელოვანი ელემენტია მაღალი ტექნოლოგიებისა და ელექტრომობილებისთვის საჭირო ბატარეებისთვის.

CNBC-ის ინფორმაციით, თებერვალში ჩინური მეტალურგიული კომპანია MCC ავღანეთში 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სპილენძის მოპოვებას გეგმავდა. ჯერ კიდევ 2007 წელს, ამავე კომპანიამ ქაბულთან ახლოს მიწა 3 მილიარდ დოლარად იჯარით აიღო, რათა სპილენძის მოპოვება დაეწყო, მაგრამ პროცესი შეაჩერა გათხრების შედეგად აღმოჩენილმა 5000 წლის წინანდელმა ბუდისტურმა ტაძარმა.

ჯერ კიდევ ავღანეთში ომის დაწყებამდე თალიბანის რეჟიმი კარგად იაზრებდა ქვეყნის რესურსებით განვითარების შესაძლებლობას. 1997 წელს, მათი წარმომადგენლები ტეხასის შტატს ეწვივნენ, სადაც ისინი კალიფორნიის ნავთობკომპანიათა გაერთიანებას შეხვდნენ. იგეგმებოდა 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობ და გაზსადენების ავღანეთში გაყვანა, მაგრამ შეთანხმება ჩავარდა. მიზეზი თალიბანის მიერ აშშ-ის ხელისუფლებისგან მათი რეჟიმის საერთაშორისოდ აღიარება გახდა.

 

დაუსრულებული ომის ქრონიკა

ავღანეთში ომის დაწყებით სათავეს იღებს ბუშის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ძირითადად, ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათი შემფარველი ქვეყნების წინააღმდეგ უპირატესი ომის წარმოებით შემოიფარგლებოდა. დოქტრინის პოლიტიკური პრინციპების აღსრულება უმეტესწილად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებს შეეხებოდა.

ჯერ კიდევ 1999 წელს, გაერომ მიიღო რეზოლუცია 1267, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ თალიბანის რეჟიმი, რომელიც 1996 წლიდან ავღანეთის ხელისუფლებაში იყო, და ალ-ყაიდა ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ამასთანავე, თალიბანს ბრალი ედებოდა ალ-ყაიდას წევრების ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედების უფლების მიცემაში.

11 სექტემბრის ტერაქტამდე ორი დღით ადრე, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მთავარი ადგილობრივი მოწინააღმდეგე სამხედრო დანაყოფის - ჩრდილოეთის ალიანსის ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი ალ-ყაიდას წევრებმა მოკლეს. ამან კიდევ უფრო ხელ-ფეხი გაუხსნა ალ-ყაიდას შემდგომი ოპერაციების განსახორციელებლად.

ავღანეთში ომი 2001 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის რეჟიმმა აშშ-ისთვის ოსამა ბინ ლადენის გადაცემაზე უარი განაცხადა. აშშ-მა სამხედრო ოპერაცია ‘მტკიცე თავისუფლება’ (Enduring Freedom) წამოიწყო. სამხედრო ოპერაციამ წარმატებას მალევე მიაღწია. ნოემბერში თალიბანის შეართებმა უკან დახევა დაიწყეს; დეკემბრის დასაწყიში ბინ ლადენმა ავღანეთის ტერიტორია დატოვა და პაკისტანში გადავიდა. უკვე 9 დეკემბერს, თალიბანის რეჟიმი დაემხო, რაც იგი ყანდაარის რეგიონში დანებდა და მისმა ლიდერმა მულა ომარმა ქალაქი დატოვა. წლის ბოლომდე ავღანეთში 1000 ამერიკელი ჯარისკაცის დისლოცირება მოხდა, ხოლო მომდევნო წელს მათი რიცხვი 10 000-მდე გაიზარდა.

5 დეკემბერს, გერმანიაში, ქალქ ბონში გაეროს წარმომადგენლობა ავღანეთის პოლიტიკურ ფრაქციებს შეხვდა და ჰამიდ ყარზაის მეთაურობით ავღანეთის შუალედური ხელისუფლების ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება გაეროს რეზოლუცია 1383-მა გაამყარა. შუალედური მთავრობის ჩამოყალიბება ირანის დიპლომატიური მხარდაჭერით შედგა, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოეთის ალიანსის მხარდამჭერი და თალიბანის რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო.

2002 წლის აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ავღანეთის რეკონსტრუქციის ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყანას მარშალის გეგმის მსგავსი დახმარება უნდა გაწეოდა. ავღანეთს ამ მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღია, მაგრამ 2001-09 წლებში, ქვეყანამ აშშ-ისგან 38 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

2003 წლის პირველ მაისს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა ავღანეთში მთავარი საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ამ პერიოდში აშშ ახალ ომს ერაყის ტერიტორიაზე აწარმოებდა.

2003 წლის აგვისტოდან, ავღანეთში უსაფრთხოების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო ძალებმა (ISAF) აიღეს. ეს ნატოს პირველი ოპერაცია აღმოჩნდა ევროპის ტერიტორიის მიღმა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ნატოს ჯარების რაოდენობა ქვეყანაში ნელ-ნელა იწყებს ზრდას. 2006 წელს, ავღანეთში ნატოს ალიანსის 28 ქვეყნის და მისი მოკავშირე 14 ქვეყნის 65 000-მდე ჯარისკაცი იმყოფებოდა. თავდაპირველად, ნატოს მისია ქაბულსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების შენარჩუნება იყო, ხოლო შემდგომ ალიანსის შენაერთები ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდნენ.

2004 წლის იანვარში, ავღანეთის სხვადასხვა რეგიონებიდან 502 დელეგატმა ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც ავღანეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად აქცია. ხოლო ოქტომბერში ჰამიდ ყარზაი ავღანეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი გახდა. უკვე მომდევნო წლის სექტემბერში, ექვსმა მილიონმა ავღანელმა ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები აირჩია.

2005 წლიდან ავღანეთში ტერორისტული აქტების რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ერთ წელიწადში მათი რაოდენობა გახუთმაგდა. 2007 წლის მაისში, ნატოს ჯარებმა ქვეყნის სამხრეთში თალიბანის სამხედრო მეთაური მულა დადულა მოკლეს, რომელიც უცხოელი სამხედრო ჯარისკაცების მიმართ აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა.

2009 წელს, აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა. ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთსა და ერაყში ომის დარულების დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში. მაგრამ თავდაპირველად, ობამამ ავღანეთში ტერორისტებთან ბრძოლა აშშ-ისთვის მნიშვნელოვან მიზნად გამოაცხადა. შესაბამისად, წლის დასაწყისში ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა 68 000-მდე იზრდება, ხოლო უკვე დეკემბრისთვის მათი რიცხვი ისტორიულ პიკს აღწევს და 100 000 ხდება. ობამას ახალი სტრატეგია ავღნეთის ომში წარმატების მისაღწევად პაკისტანისთვის დახმარების გაზრდას, ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შექმნას და მისი ტერიტორიიდან ალ-ყაიდას განდევნასაც გულისხმობდა.

2010 წლის ნომებერში, ლისაბონის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები შეთახმდნენ, რომ 2014 წლისთვის ავღანეთზე კონტროლი მთლიანად ავღანური უსაფრთხოების ძალებს უნდა გადასცემოდა. გადაწყვეტილებას ავღანეთში სკეპიტიკურად შეხვდნენ, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ავღანური ძალები ამ გამოწვევას ადეკვატურად ვერ უპასუხებდნენ.

2011 წლის პირველ მაისს, ამერიკულმა ძალებმა პაკისტანის ტერიტორიაზე აშშ-ის ნომერ პირველ საფრთხედ შერაცხული ოსამა ბინ ლადენი მოკლეს. ამ ფაქტმა ამერიკულ პოლიტიკაში ავღანეთის ომის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საპასუხოდ, ბარაკ ობამამ 2012 წლის ზაფხულისთვის ავაღანეთში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობის 33 000-ით შემცირება დააანონსა. ომის დაწყებიდან ათი წლის თავზე, აშშ-ის 1800 ჯარისკაცი ჰყავდა დაკარგული, 444 მილიარდი დოლარი დახარჯული, ხოლო მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველი იყო - ავღანეთის და პაკისტანი ტერორისტთა თავშესაფრად ჯერ კიდევ რჩებოდა.

2013 წლის ივნისში, ავღანეთში უსაფრთხოებაზე კონტროლის გადაცემის პროცესი ნატოს ჯარებიდან ავღანურ ძალებზე დასრულდა. ამერიკელ სამხედროთა მისია ავღანელი პარტნიორების გაწვრთნა და სპეციალური კონტრტერორისტული ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება დარჩა.

2014 წელს, ბარაკ ობამამ ავღანეთის 2016 წლის ბოლომდე სრულად დატოვების გეგმა გამოაცხადა. მანამდე კი ქვეყნის ტერიტორიაზე 9800 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩებოდა. დეკემბერში დასრულდა ნატოს ISAF-ის სამხედრო მისიაც და იგი ‘მტკიცე მხარადჭერის’ (Resolute Support) ოპერაციამ ჩაანაცვლა. ამ პერიოდში ავღანეთში ხელისუფლების ცვლილება განხოცრიელდა. ჰამიდ ყარზაი ახალმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა ჩაანაცვლა.

სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებამ ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაართულა. თალიბანის მხირდან სამხედრო ბაზებზე თავდასხმები გახშირდა. სიტუაციის მსგავსი სახით განვითარებამ ბარაკ ობამას ავღანეთის სრულად დატოვების გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მისი ახალი გადაწყვეტილებით ავღანეთის ტერიტორიაზე 8400 ჯარისკაცი 2017 წელსაც დარჩებოდა.




2017 წლის 13 აპრილს, დონალდ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ ავღანეთში ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი ‘ყველა ბომბის დედა’ ჩამოაგდო. გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული დაეშის ბაზების - გვირაბები, მიწიქვეშა გამოქვაბულები - განადგურება იყო. ბომბმა 96 ჯიჰადისტი იმსხვერპლა.

ომის დაწყებიდან 16 წლის თავზე, აშშ-მა 2400-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ნატოს კოალიციის დარჩენილმა ნაწილმა 1000-ზე მეტი. ომს 30 000 ავღანელი ჯარისკაცი და პოლიციელი, ხოლო 31 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ავღანეთის ომი მთლიანობაში აშშ-ს 714 მილიარდი დოლარი დაუჯდა.


 

დასკვნის მაგიერ

დონალდ ტრამპის ავღანეთის ომის ახალი სტრატეგია განსაკუთრებულ სიახლეს არ შეიცავს. იგი რეალურად, ცუდსა და უარესს შორის ცუდზე გაკეთებული არჩევანია. ავღანეთში აშშ-ის მიერ სამხედრო შენაერთების შემცირება ან ტერიტორიიდან გაყვანა იმ სცენარის განვითარების რისკის შესაძლებლობას გაზრდიდა, რომელიც აშშ-ის მიერ ერაყის დატოვებას მოჰყვა - ისლამური სახელმწიფოს წარმოქმნა და მისი ტერიტორიულ-იდეოლოგიური ექსპანსია, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ტრამპის ავღანური სტარტეგიის უშედეგობას და სამომავლოდ ომის კიდევ უვადოდ გახანგრძლივებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: თალიბანთან ბრძოლაში აშშ თითქმის მარტო დარჩა - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ევროპულ ქვეყნებს ავღანეთში ანტიტეროსისტული ომის წარმოების გამოკვეთილი სურვილი და მოტივაცია აღარ გააჩნიათ; აშშ-მა ვერ შეძლო ბრძოლაში სხვა გლობალური მოთამაშეების ჩართვა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი; ავღანეთის ამჟამინდელი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, რომელიც იმდენად არაპოპულარულია, რომ ნელ-ნელა თალიბანის სახალხო მხარდამჭერა იზრდება; ამ დროის განმავლობაში, ავღანეთში ვერ მოხერხდა სამოქალაქო კონსოლიდაცია, რომელიც თალიბანთან ბრძოლას მიზანმიმართულს გახდიდა; წლების განმავლობაში ასეულობით მილიონის ჰუმანიტარულმა დახმარებამ ქვეყნის განვითარებაზე ვერანაირი ასახვა ვერ ჰპოვა; მაშინ, როდესაც 100 000 ამერიკელმა ჯარისკაცმა თალიბანის პრობლემა ვერ მოაგვარა, ბუნებრივია, მის გადაჭრას ვერც 13 000 მოახერხებს; ამასთან, პაკისტანთან ურთიერთობის გაფუჭება და მისთვის დახმარების შემცირება ირიბად თალიბანისა და ალ-ყაიდას გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

როდესაც აშშ-ის ახალი ადმინისტარციის და გენერალიტეტის გაცხადებული მიზანი ავღანეთში ომის გამარჯვებით დასრულებაა, სავარაუდოა, რომ მომავალში ამერიკული კონტიგენტი ამ მიზნის მისაღწევად ავღანეთში ეტაპობრივად კვლავ გაიზრდება, რაც ომის უახლოეს წლებში დასრულებას ფაქტობრივად გამორიცხავს.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივიმაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

11 September 2017

თურქული გამბიტი

11 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

11 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

11 September 2017

ობამა

11 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

11 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

11 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

11 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

11 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

11 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

11 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

11 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

11 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

11 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

11 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

11 September 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

11 September 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

11 September 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

11 September 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

11 September 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

11 September 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

11 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

11 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

11 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

11 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

11 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

11 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

11 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

11 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

11 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

11 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

11 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

11 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

11 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

11 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

11 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

11 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

11 September 2017

უნგრული სუვერენულობა

11 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

11 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

11 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

11 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

11 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

11 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

11 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

11 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

11 September 2017

დასავლური გახლეჩა

11 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

11 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

11 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

11 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

11 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

11 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

11 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

11 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

11 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

11 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

11 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

11 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

11 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

11 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

11 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

11 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

11 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

11 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

11 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

11 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

11 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

11 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

11 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

11 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

11 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

11 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

11 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

11 September 2017