12 September 2017
  • 1227 ნახვა

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

2011 წლის დეკემბერში, მოულოდნელად გარდაიცვალა 1994 წლიდან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი. მისი მემკვიდრის თაობაზე კითხვები არ გაჩენილა. ბელადმა მემკვიდრედ უმცროსი შვილის - კიმ ჩენ ინის დასახელება მოასწრო, რომელიც მამის გარდაცვალების დროს მხოლოდ 27 წლის იყო.

ბევრი უცხოელი ექსპერტი ეჭვობდა, შეძლებდა თუ არა მმართველობითი გამოცდილების არმქონე ლიდერი ქვეყნის გაძღოლას. ხუთი წლის გასვლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რადიკალური პროგნოზები არ გამართლდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცვლილებები არ განხორციელდა. შეინარჩუნა რა მემკვიდრეობითობა იდეოლოგიაში, პოლიტიკურ რიტორიკასა და პროპაგანდაში, ჩრდილოეთ კორეამ სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა პრაქტიკულად ყველა სფეროში - პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოების ცხოვრებაში, შეიარაღებულ ძალებში, ქვეყნის მმართველობით სტრუქტურაში და ა.შ.

სავარაუდოდ, კიმ ჩენ ირი თავისი მემკვიდრის შესახებ მხოლოდ 2008-2009 წლებში ჩამოყალიბდა, ხოლო საჯაროდ იგი 2010 წელს კორეის მშრომელთა პარტიის მესამე პარტიულ კონფერენციაზე წარადგინა. შედარებისთვის: კიმ ირ სენმა მემკვიდრე გარდაცვალებამდე 22 წლით ადრე დაასახელა, ხოლო კიმ ჩენ ირი ორი ათეული წელი იღებდა სახელმწიფოს, პარტიის და შეიარაღებული ძალების მართვის გამოცდილებას.

სიტუაცია ეკონომიკაში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა. მართალია ქვეყანამ გაიარა 1990-იანი წლების შუა და ბოლო „მძიმე პერიოდი“, თუმცა საკვები პროდუქტების მხრივ მდგომარეობა კვლავ რთული იყო. ქარხნები და ფაბრიკები ვერ ახერხებდნენ სოციალისტური ბანაკის დანგრევის და პროდუქციის გასაღების ადგილების დაკარგვის შემდგომ აღდგენას. ადამიანები უფრო დამოკიდებული იყვნენ „სტიქიურ ბაზრებზე“, ვიდრე სახელმწიფოზე. კიმ ჩენ ირის ცხოვრების ბოლო წლების ეკონომიკური პოლიტიკა არათანმიმდევრული იყო. საბაზრო ურთიერთობების ელემენტების ჩანასახოვან დონეზე შემოტანის არაერთი მცდელობა გატარდა. 2009 წლის ნოემბრის ბოლოს კი, ჩრდილოეთ კორეაში მოხდა კონფისკაციური ფინანსური რეფორმა, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დანაზოგის გარეშე დატოვა.  

სარაკეტო-ბირთვული გამოცდების გამო რუსეთმა და ჩინეთმა მხარი დაუჭირეს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. ორ კორეას შორის ურთიერთობები, რომელიც 1998-2007 წლებში დათბობას განიცდიდა, სეულში ხელისუფლებაში ლი მიონ ბაკის ხელმძღვანელობით კონსერვატორების მოსვლის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. შედეგად, უცხოელი ექსპერტები ახალი ლიდერის ხელში ჩრდილოეთ კორეაში ფართომასშტაბიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ელოდნენ.  

საშინაო პოლიტიკა და სახელმწიფო მმართველობა

ახალგაზრდა კიმმა საკუთარი ავტორიტეტის და გავლენის შესახებ შეკითხვები აგრესიული ქმედებებით სწრაფად მოხსნა. კიმ ჩენ ინი მიხვდა, რომ გარემოცვა მის ნომინალურ ფიგურად გადაქცევას და რეალურ ძალაუფლებაზე წვდომის შეზღუდვას შეეცდებოდა. უკვე მმართველობის პირველ თვეებში გავრცელდა ხმები, რომ კიმი ამა თუ იმ მიზეზით სახელმწიფო მმართველობიდან სამხედროების ჩამოშორების პოლიტიკას ახორციელებს. კულმინაციად იქცა გენერალიტეტის ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლის - ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვიცე-მარშალ რი იონ ჰოს გადაყენება. 2012 წლის ივლისში რი „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო ყველა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახალი ლიდერის მმართველობის წლებში ხუთი-ექვსჯერ შეიცვალა არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი. უმაღლესი გენერლები კარგავდნენ „ვარკვლავებს“, შემდეგ კვლავ იღებდნენ მას და კალეიდოსკოპური სისწრაფით ინიშნებოდნენ და იხსნებოდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.   

სამხრეთ კორეული დაზვერვის მონაცემებით, 2016 წლის აგვისტომდე კიმ ჩენ ინმა სიკვდილით დასაჯა 140 სახელმწიფო მოხელე, რომელთა უმრავლესობაც სამხედროები იყვნენ. სავარაუდოდ, ციფრები გადაჭარბებულია, თუმცა არმიაზე რეპრესიების აქცენტირება ეჭვებს არ იწვევს. დიდი რეზონანსი გამოიწვია 2013 წლის ნოემბერში კიმ ჩენ ინის ბიძის - ჩან სონ თხეკის სიკვდილით დასჯამ. კიმ ჩენ ირის დროს იგი სახელმწიფო იერარქიაში მეორე პირს წარმოადგენდა. ბევრი ექსპერტი სწორედ ჩანს მიიჩნევდა „რუხი კარდინალობის“ მთავარ პრეტედენტად. 

თუ დავეყრდნობით სამხრეთ კორეის დაზვერვის სტატისტიკას, კიმის მიერ საკუთარი გარემოცვის დევნა მუდმივად იზრდებოდა, რაც საშუალებას იძლევა ვისაუბროთ „შიშის და ტერორის პოლიტიკაზე“ ჩრდილოეთში. 2012 წელს სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ სამი მაღალჩინოსანი, 2013 წელს უკვე 30, 2014 წელს - 40, ხოლო 2015 წელს - 60. შესაძლოა მონაცემები გაზრდილია, თუმცა პარტიის მაღალჩინოსნებმა, მინისტრებმა და გენერლებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრი დაიწყეს.

„რეგენტობის“ შესაძლო კანდიდატების ჩამოშორების ძირითადი სამუშაო კიმ ჩენ ინმა პირველ ორ-სამ წელიწადში გააკეთა, ხოლო პარალელურად იგი წმენდებს და გადანაცვლებებს აწარმოებდა ხელისუფლების უმაღლეს და საშუალო დონეზე. ელიტაში შეიყვანეს ადამიანები, რომელთა კავშირებიც ყოფილ ბელადთან სუსტი იყო. ნათელი გახდა, რომ სამხედროებს ანაცვლებენ პარტიული მოხელეები და ტექნოკრატები. ძალაუფლების ცენტრმა პარტიის მხარეს გადაინაცვლა და სულ უფრო კონცენტრირდა კიმ ჩენ ინის ხელში. 

კიმ ჩენ ინის ძალაუფლების შემდგომ გამყარებას ხელი შეუწყო სახელმწიფო მმართველობის სტრუქტურაში ცვლილებამაც. მამისგან განსხვავებით, რომელიც კიმ ირ სენის სიკვდილის შემდეგ სამი წლის განმავლობაში ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებდა, კიმ ჩენ ინი უკვე 2011 წლის 30 დეკემბერს კორეის მშრომელთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო 2012 წლიდან ორი საკვანძო ორგანო - პარტიის ცენტრალური კომიტეტი და თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ჩაიბარა. კორეის მშრომელთა პარტიის გენერალური მდივნის და თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობები სამუდამოდ დაკავებული აქვს მის გარდაცვლილ მშობელს, ხოლო ახალგაზრდა კიმი პირველ მდივნად და პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა. 

დაახლოებით 2014 წლიდან დაიწყო ხმების ცირკულირება, რომ კიმ ჩენ ინი მართვის სქემის ცვლილებას აპირებს. სახელმწიფო და პარტიული მმართველობის სისტემის რეფორმები მომზადდა და განხორციელდა 2016 წლის გაზაფხულ-ზაფხულში კორეის მშრომელთა პარტიის მეშვიდე შეკრებაზე (მაისი) და უმაღლესი სახალხო კრების მე-13 მოწვევის მეოთხე სესიაზე (ივნისი). განსხვავებები აისახა კონსტიტუციის ახალ ტექსტშიც. გააუქმა რა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა, კიმი გახდა „პარტიის ხელმძღვანელი“. სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ნაცვლად ჩამოყალიბდა სახელმწიფო საბჭო, რომლის ხელმძღვანელადაც კიმ ჩენ ინი დაინიშნა. მისი მოადგილე არის სამი ადამიანი - შეიარაღებული ძალების მთავარი პოლიტსამმართველოს ხელმძღვანელი ჰვან ბიონ სო, პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ჩჰვე რიონ ჰე და პრემიერ-მინისტრი პაკ პო ჩჟუ, რომლებიც საკუთარ მიმართულებებს კურირებენ: არმია, პარტია და მთავრობა.

დღეს კიმ ჩენ ინი ოფიციალურად იკავებს ცხრა თანამდებობას: ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, კორეის მშრომელთა პარტიის თავმჯდომარე, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი წევრი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, პარტიის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრების მე-13 მოწვევის დეპუტატი. 2016 წლის ზაფხულში კიმ ჩენ ინმა დაასრულა სახელმწიფო მმართველობითი სისტემის თავისი ხედვის მიხედვით შეცვლა.

იდეოლოგია

„მესამე კიმის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწრაფად მოხდა ძირითადი იდეოლოგიური ხაზის კორექტირებაც. ჩრდილოეთ კორეის შექმნის დღიდან ძირითადი დოქტრინა იყო კიმ ირ სენის სწავლება - „კიმირსენიზმი“. მისი გარდაცვალების შემდეგ დამფუძნებელ მამას გაუთანაბრეს კიმ ჩენ ირი, ხოლო იდეოლოგიამ კომპლექსური სახელი - „კიმირსენიზმ-კიმჩენირიზმი“ მიიღო. ახალი ლიდერისგან ელოდნენ საკუთარ კონცეფციას, რომელსაც დღეს „ეკონომიკური მშენებლობის და ბირთვული ძალების შექმნის სტრატეგიულ პარალელურ კურსს“ უწოდებენ. სახელწოდებას ძირითადად ამცირებენ „პარალელური განვითარების ხაზამდე“ ან „პიონჩჟინის ხაზამდე“. თავდაპირველად, კიმ ჩენ ინმა ახალი იდეოლოგიის შესახებ 2013 წლის 31 მარტს პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ხოლო მომდევნო დღეს პარლამენტმა შესაბამისი კანონიც მიიღო.

2016 წლიდან ხდება კიმ ჩენ ინის კულტის ფორმირება. მანამდე იგი გარკვეულწილად წინაპრების ჩრდილქვეშ იყო. პროპაგანდამ დაიწყო მისი მიღწევების და წარმატებების ხაზგასმა. მისი გამოსახვა ხდება ბაბუის და მამის სტილში. თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ „მესამე კიმი“ ოფიციალურად „ორი ბელადის“ დონეზე ჯერ არ ასულა და შესაძლოა, სიცოცხლის განმავლობაში არც ავიდეს. მაგალითად, დღემდე კიმ ჩენ ინის დაბადების დღე ეროვნულ დღესასწაულად არ არის გამოცხადებული და არც მისი გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნებია დამზადებული. თუმცა პიროვნების კულტი სულ უფრო ინტენსიური გახდა.

ჩრდილოეთ კორეული პოპულიზმი

კიმ ჩენ ინმა მმართველობით სტილში და ზოგადად ატმოსფეროში ახალი ნიშნები შემოიტანა. მან ნაწილობრივ გაამართლა იმ ექსპერტთა პროგნოზები, რომლებიც მისგან რეფორმატორულ მიდგომას ელოდნენ, თუმცა ეს რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებში არ გადაზრდილა. ახალგაზრდა ლიდერი მამაზე ხშირად ჩნდება პუბლიკის წინაშე. მან პრაქტიკაში დააბრუნა საჯარო გამოსვლები, რომლებზეც წინა ორი ბელადი სიცოცხლის ბოლო წლებში უარს ამბობდა. კიმ ჩენ ინმა აღადგინა კიმ ირ სენის ტრადიციაც - ცენტრალური ტელევიზიით ერისთვის ახალი წლის მილოცვა. სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინი მიზანმიმართულად უსვამს ხაზს პირველ ბელადთან და არა საკუთარ მამასთან მსგავსებას. „პირველი კიმი“ უმთავრესი ავტორიტეტია, რომლის მმართველობის პერიოდსაც ბევრი დღემდე ნოსტალგიით იხსენებს. კიმ ჩენ ირის ეპოქა კი უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ კრიზისთან ასოცირდება. ამჟამინდელი ბელადი ჩაცმულობით და მანერებით ცდილობს ბაბუას მიბაძოს და მოსახლეობას აჩვენოს, რომ „კარგი დროება“ კვლავ დაბრუნდა.

კიმ ჩენ ინმა განაახლა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების რეგულარული ყრილობების, კონფერენციების, შეკრებების ჩატარება, რომელშიც პირადად მონაწილეობს და რომლებზეც კიმ ჩენ ირი დიდწილად უარს ამბობდა. პირველად 36 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში ჩატარდა პარტიის კონგრესი. ეს კეთდება იმის ხაზგასასმელად, რომ მძიმე, კრიზისული პერიოდის შემდეგ უკეთესი დრო დადგა, როდესაც „ყველაფერი გეგმის“ მიხედვით მიდის. რეგიონებში ვიზიტებისას ახალგაზრდა კიმი გარეგნულად ახდენს რეგიონულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის და ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობის დემონსტრირებას. ოფიციალური ქრონიკის კადრების მიხედვით, იგი ხშირად გარშემორტყმულია ხალხით, ეხვევა ჯარისკაცებს, ბავშვებს, მუშებს, უფლებას აძლევს გოგოებს ქალთა საჯარისო ნაწილებიდან ფოტოგრაფების წინ ხელი ჩაკიდონ და ა.შ. ანუ ახალი ლიდერის სტილი მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის სტილისგან.

აუცილებელია ასევე აღინიშნოს, რომ „ტერორის და შიშის მმართველობა“ შეეხო უშუალოდ უმაღლეს ხელმძღვანელობას და არა უბრალო ხალხს. მრავალი სპეკულაციის საბაბად იქცა 2012 წელს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიით გადაცემული კონცერტი, რომელსაც კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ უოლტ დისნეის მულტფილმების გმირები, ისმოდა დასავლური მუსიკა, ხოლო ქალთა ანსამბლი მინი-კაბებში გამოდიოდა. კიმ ჩენ ირის პერიოდის მმართველ ელიტას ვერ წარმოედგინა კონცერტი მიკი მაუსით, რომელიც „იდეოლოგიურად მავნე მუსიკაზე“ ცეკვავს.

გარეგნულ ცვლილებას წარმოადგენს კინ ჩენ ინის მიერ საკუთარი მეუღლის, ლი სოლ ჩჟუს საჯარო დემონსტრირება. ლი არ ერიდება საჯაროდ ქმრისთვის ხელის ჩაკიდებას, მუდმივად იღიმის, ხშირად დაყვება მას მოგზაურობებში, ყოველთვის ჩნდება პუბლიკასთან მოდური ჩაცმულობით, აქვს კარგი გემოვნება და ფიზიკურადაც შესანიშნავად გამოიყურება. მოკლედ, როგორც უცხოურმა მედიამ ერთხმად აღიარა, ჩრდილოეთ კორეას ახლა სრულფასოვანი პირველი ლედი ყავს.

ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები

ეკონომიკა აპრიორი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ სუსტ წერტილად ითვლება. თუმცა კიმ ჩენ ინის მმართველობის პირველ ხუთწლედში ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. თუ კიმ ჩენ ირის დროს ხელისუფლება მხოლოდ ეგუებოდა სტიქიურად განვითარებულ საბაზრო ურთიერთობებს, ხოლო ხშირად (თუმცა უშედეგოდ) ეწინააღმდეგებოდა კიდევ მას, კიმ ჩენ ინის პირველ ხუთწლედში ხელისუფლება საბაზრო მექანიზმებს საერთოდ არ ეხება. ჩრდილოეთ კორეული კომუნიზმის ფასადის უკან დაბალ დონეზე ვითარდება საბაზრო ურთიერთობები, ჩნდება სულ უფრო მეტი კერძო წარმოება, რესტორნები, კომპანიები, დე-ფაქტო მიმდინარეობს უძრავი ქონებით ვაჭრობაც. სიტყვებით და დოკუმენტაციით ყველაფერი ფორმდება „ჩუჩხეს იდეოლოგიის ხედვებით“, სინამდვილეში კი გადამწყვეტ ფაქტორს ფული თამაშობს.

თუ ვისაუბრებთ საკანონმდებლო ცვლილებებსა და განკარგულებებზე, რომელიც ხელისუფლებამ რეფორმების გასატარებლად მიიღო, უნდა ვახსენოთ 2012 წელს მიღებული „28 ივნისის ინსტრუქცია“, რომელიც სოფლის მეურნეობის და ნაწილობრივ მრეწველობის სტრუქტურაში რადიკალურ ცვლილებებს ითვალისწინებს, და მისი შემავსებელი 2014 წელს მიღებული „30 მაისის ზომები“. ეს აქტები ღიად არსად გამოქვეყნებულა, თუმცა მათი რეალიზება პრაქტიკაში ხდება. გლეხებს უფლება მიეცათ იმუშაონ არა მხოლოდ მსხვილ კოლმეურნეობებში, არამედ საკუთარ მცირე მეურნეობებშიც. საბაზრო ურთიერთობების და კერძო მეწარმეობის ელემენტები შემოიტანეს სამრეწველო საწარმოებშიც.

ახალი ნაბიჯების შედეგად მოხდა მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყანა ფაქტიურად საკუთარ თავს საკვებით მთლიანად უზრუნველყოფს. მარცვლეულის ჯამური მოსავალი ხუთი მილიონი ტონის ფარგლებში მერყეობს. ჩრდილოეთ კორეას არ ემუქრება 1990-იანი წლების შუა და ბოლო პერიოდის სიტუაციის განვითარება. შესაძლოა ისე სწრაფად არა, როგორც ხელისუფლებას სურს, თუმცა სულ უფრო მეტი ქარხანა და ფაბრიკა აფართოებს წარმოებას. მუშაობის შესაძლებლობა მისცეს კერძო მეწარმოეებსაც, რომელთაც უფლება აქვთ გახსნან რესტორნები, სატრანსპორტო კომპანიები, სავაჭრო ფირმები.  

მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ახალ ობიექტებს, რომელთაც კიმ ჩენ ინის მმართველობის ხუთწლედში ფხენიანის სახე შეცვალეს. ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ჩრდილოეთ კორეაში მუშაობენ, აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის იერსახე 1980-იანი წლებიდან იცვლებოდა, თუმცა კიმ ჩენ ინის მოსვლის შემდეგ დინამიკა აშკარად გაიზარდა. 2012-2017 წლებში აშენდა მსხვილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კვარტლები ჩჰანჩჟონის, ინჰას, მირეს და რიომიონის ქუჩებზე. გაიხსნა აკვაპარკი მუსნუ, იპოდრომი მირიმი, ატრაქციონების პარკი რინრა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასახლე და ა.შ. ფხენიანმა მიიღო თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი სუნანი. აქტიურად აშენებენ (თუმცა არა დედაქალაქის ტემპებით) პროვინციაშიც, სადაც გამორჩეულია ვონსანი და მიმდებარე რაიონები. ფაქტიურად ყველა მსხვილ ქალაქში - ჰამჰინში, ჩჰოჩჟინში, სინიჩჰუში, რასონში და კესონში მასშტაბური საბინაო მშენებლობა მიმდინარეობს.    

საფინანსო სფეროში რეფორმები ნელა ტარდება, თუმცა ჩინელი ექსპერტების მონაცემებით, ქვეყანაში 30-40 კომერციული ბანკი მუშაობს და სულ უფრო იზრდება ადგილობრივი პლასტიკური ბარათების მომხმარებელთა რაოდენობა. თანდათან უმჯობესდება სიტუაცია ელექტროენერგიით მომარაგების თვალსაზრისითაც. გაიზარდა ავტომობილების რიცხვი, ხოლო ფხენიანის ქუჩებში ბევრი ტაქსი დადის. ვითარდება ტელესაკომუნიკაციო სექტორი, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობაც. მობილური ქსელის აბონენტთა რაოდენობა უკვე სამ მილიონ ადამიანზე მეტს ითვლის. ადამიანი სმარტფონით ფხენიანში ჩვეულებრივი მოვლენაა. მოსახლეობამ დაიწყო უკეთ ჩაცმა და ყიდულობს სულ უფრო ძვირადღირებულ ტექნიკას. ბიზნესმენებს შორის გამოჩნდნენ მდიდარი ადამიანებიც.

მრეწველობის სხვადასხვა სექტორში აქტიურად ინერგება ახალი ტექნოლოგიები. ზოგადად, წარმოებასა და ეკონომიკაში აქცენტის გაკეთება მეცნიერების და ტექნიკის უახლეს მიღწევებზე კიმ ჩენ ინისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. თავად კიმი ყოველთვის ხაზს უსვამს მზადყოფნას უზრუნველყოს ცხოვრების მაღალი დონე (ჩრდილოკორეული მასშტაბით) მეცნიერებისთვის, ინჟინრებისთვის, ტექნიკური სპეციალისტებისთვის. სამეცნიერო მუშაკები ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საქმროების სიაში შედიან.

ჩრდილოეთ კორეის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ზუსტი სტატისტიკის მიღება ძალზე რთულია და უცხოური ინსტიტუტების გამოცემებში არსებული ციფრები მიახლოებითია. კორეის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მონაცემებით 2012-2014 წლებში ჩრდილოეთ კორეის მშპ-ს ზრდამ 1-1,3% შეადგინა, ხოლო 2015 წელს მან 1,1%-იანი კლება განიცადა. ეს რთულად ემთხვევა ეკონომიკის თვალსაჩინო განვითარებას, ამიტომაც რეალობასთან დაახლოებულ ციფრად ჩრდილოეთ კორეის მშპ-ის წელიწადში 3-4%-ით ზრდა ითვლება. შეიძლება ასევე ითქვას, რომ არასდროს ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში განვითარების და კეთილდღეობის დონე ისეთი მაღალი არ იყო, როგორც კიმ ჩენ ინის პერიოდში.  

მეორე მხრივ, ყველა ეს გაუმჯობესება კოსმეტიკურ ხასიათს ატარებს. მაღალია ალბათობა, რომ ხდება ზრდის პოტენციალის რეალიზება, რომელიც არსებული სისტემის ფარგლებში არსებობდა. ეს ერთგვარი „დაბალი ბაზის“ ეფექტია, როდესაც პირველი წარმატებები შთამბეჭდავად გამოიყურება და მარტივად მიიღწევა, ხოლო შემდგომი გაუმჯობესებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. სიტუაციის რადიკალურად შესაცვლელად ფხენიანი უნდა დათანხმდეს, როგორც სერიოზულ რეფორმებს, ასევე ეკონომიკის სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებას. მან ასევე უნდა შეძლოს მსხვილმასშტაბიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. თუმცა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას შესანიშნავად ახსოვს, თუ როგორ დასრულდა ეს პროცესი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. კიმ ჩენ ინის ეკონომიკურ პოლიტიკას შეიძლება შევაფასოთ მაქსიმალური ჩაკეტილობის და პოლიტიკური სისტემის თუ იდეოლოგიის შენარჩუნების პარალელურად ფარული რეფორმების თავისუფალი ბაზრის ელემენტების შემოტანით განხორციელებად.   

შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოება

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის სამხედრო სიძლიერზე „ასიმეტრიული პასუხი“ დიდი ხანია განსაზღვრა - ბირთვული იარაღის და მისი გადასატანი საშუალებების, უპირველეს ყოვლისა ბალისტიკური რაკეტების შექმნა და სრულყოფა. ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და აღნიშნული სტატუსი 2012 წლის აპრილში კონსტიტუციაშიც დააფიქსირა. სარაკეტო, ასევე ბირთვული სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში კიმ ჩენ ინის მმართველობის დროს ქვეყანამ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. სპეციალისტები თვლიან, რომ ფხენიანის ხელში არის არსენალი, რომელსაც შეუძლია დაემუქროს არა მხოლოდ სამხრეთ კორეას და იაპონიას, არამედ კუნძულ გუამზე განთავსებულ ამერიკულ ბაზებსაც. 2017 წლის 4 და 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ-14“, რომელსაც ბევრი ექსპერტის აზრით შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილზეც შეუძლია დარტყმის მიყენება.

სარაკეტო მშენებლობა სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება. ცდების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მიზანია სხვადასხვა სახის ბალისტიკური რაკეტების - ახლო, საშუალო სიშორის, საკონტინენთაშორისო, სატელიტების მატარებელი, მყარ და თხევადსაწვავიანის, სახმელეთო და წყალქვეშა ბაზირების, ფრენის საბოლოო ეტაპზე მანევრირების უნარის მქონე და ა.შ. სრულფასოვანი არსენალის შექმნა. სარაკეტო ცდების მიხედვით ნათელია, რომ ფხენიანი ამ სფეროში ბოლო წლებში გააქტიურდა. თუ კიმ ჩენ ირის მმართველობის 17 წლის განმავლობაში 1994 წლიდან 2011 წლამდე სამი ტიპის ბალისტიკური რაკეტების სულ 15 გაშვება განხორციელდა, კიმ ჩენ ინის მმართველობის ხუთწელიწად ნახევარში - 2011 წლის ბოლოდან 2017 წლის აგვისტომდე გაშვებათა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, ხოლო გამოცდილი მოდიფიკაციების - 12-მდე, რომელთა ნახევარიც სრულიად ახალი ტიპის რაკეტები იყო.  

ბირთვული იარაღის თვალსაზრისითაც ჩრდილოეთ კორეის მიღწევები თვალშისაცემია. დღემდე მან სულ ბირთვული იარაღის ექვსი გამოცდა ჩაატარა, რომელთაგანაც სამი კიმ ჩენ ინის მმართველობის დროს მოხდა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკვე 2020 წლისთვის ფხენიანის შეიარაღებაში 20-დან 100-მდე ბირთვული ქობინი იქნება. 2 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ.

ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ჩვეულებრივი შეიარაღების შექმნის საქმეშიც. გაჩნდა ახალი საზენიტო სისტემა „პონგე-5“, 300 მმ-იანი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა KN-09, შეიმუშავეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების და სისტემების ახალი დანადგარები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ორი ახალი ტიპი და ა.შ. ყველაფერი ეს შთამბეჭდავად გამოიყურება იმ ფონზე, რომ ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება, ხოლო სპეციალისტებს ამ ქვეყნიდან თითქმის მთლიანად აქვთ შეზღუდული ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად იყოს გამოყენებული. 

საერთაშორისო ურთიერთობები

თუ ეკონომიკასა და სამხედრო სექტორში კიმ ჩენ ინის დროს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებებს მიაღწია, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი პირიქით არის. ჩრდილოეთ კორეისთვის საგარეო პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, რაც ფხენიანის საფასურს წარმოადგენს სარაკეტო და ბირთვული პროგრამების განვითარებისთვის. გასულ ხუთ წელიწადში მხოლოდ გაერომ ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო ექვსი რეზოლუცია მიიღო (2013 წელს - №2087 (იანვარი) და №2094 (მარტი), 2016 წელს - №2270 (მარტი) და №2321 (ნოემბერი), 2017 წელს - №2356 (ივნისი), №2371 (აგვისტო).

ჩინეთთან, მთავარ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორთან, ურთიერთობები გაუარესდა. პეკინი ხშირად უარს აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სრულფასოვან ეკონომიკურ ბლოკადაზე, თუმცა გასულ წლებში ფხენიანის მიმართ საერთაშორისო სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. შეერთებულ შტატებთან არსებობდა შეთანხმების შესაძლებლობა, როდესაც ვაშინგტონი და ფხენიანი 2012 წლის თებერვალში შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ახალ სარაკეტო და ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმი გაეცვალათ. თუმცა შეთანხმება ჩაიშალა. ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ და მისი მოკავშირეები მისდევდნენ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას და უარს აცხადებდნენ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე მანამ, სანამ ჩრდილოეთ კორეა დენუკლეარიზაციისკენ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა. ყოველ სარაკეტო გამოცდას ამერიკელები ცალმხრივი სანქციების გამკაცრებით პასუხობდნენ. 2016 წლის ბოლოს დონალდ ტრამპის მოსვლამ, რომელიც იმპულსური ქმედებებისკენაა მიდრეკილი, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. ეს ცხადი გახდა 2017 წლის გაზაფხულზე და აგვისტოში, როდესაც ექსპერტებმა რეგიონში ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტზე საუბარი სერიოზულად დაიწყეს. ჯერჯერობით მოხერხდა უარესი სცენარის თავიდან აცილება, თუმცა დაძაბულობა რეგიონში კვლავ შენარჩუნებულია.   

ორ კორეას შორის ურთიერთობები კიმ ჩენ ინის მმართველობის დაწყებისთანავე რთული იყო. კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებაში პაკ კინ ჰეს მოსვლის შემდეგ სეულს მცდელობები ჰქონდა ამ მიმართულებით, თუმცა 2016 წლის დასაწყისში განხორციელებულმა სარაკეტო და ბირთვულმა გამოცდებმა სამხრეთ კორეა აიძულეს ფხენიანთან ყოველგვარი ურთიერთობა გაეწყვიტა. ორ კორეას შორის დიალოგის აღდგენის იმედები კვლავ გაჩნდა 2017 წლის მაისში, როდესაც სამხრეთ კორეაში არჩევნებზე გაიმარჯვა პროგრესულმა ბანაკმა ამჟამინდელი პრეზიდენტის მუნ ჩჟე ინის მეთაურობით, რომელმაც სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის კავშირების აღდგენისკენ აიღო კურსი. თუმცა ამ პოტენციალის რეალიზების საკითხი სტატიის ფარგლებს ცდება. კიმ ჩენ ინის პირველი ხუთი წლის გაანალიზების შემდეგ შეიძლება მოვახდინოთ ფაქტის კონსტატაცია, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობები პრაქტიკულად შეწყდა.

რუსეთთან ფხენიანი აპირებს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. თუმცა მოსკოვმა მხარი დაუჭირა ახალ სანქციებს, ამას პეკინისგან განსხვავებით ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გამოუწვევია. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ პერიოდი 2014 წლიდან საუკეთესოა მოსკოვსა და ფხენიანს შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თუმცა ყველაფერი შემოფარგლულია პოლიტიკური ჟესტებით, კულტურის სფეროში თანამშრომლობით და „სახალხო დიპლომატიით“. ეკონომიკური თვალსაზრისით მოსკოვი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ფხენიანისთვის პეკინის ალტერნატივად ვერ იქცა. ყველა პერსპექტიული პროექტი შეჩერებულია საერთაშორისო სანქციების გამო. ერთადერთ აღსანიშნავ რუსულ-ჩრდილოკორეულ პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლოგისტიკური პროექტი „ჰასან-რაჯინი“, რომელმაც სრულფასოვანი მუშაობა 2014 წელს დაიწყო.

დასკვნის მაგიერ

კიმ ჩენ ინს შეუძლია მმართველობის ხუთი წელი აქტივში ჩაიწეროს. მიუხედავად საერთაშორისო სანქციების და საერთაშორისო აქტორების მხრიდან სისტემის შერყევის მცდელობებისა, სერიოზული არასტაბილურობის ნიშნები არ არსებობს. კიმ ჩენ ინმა მოახერხა საკუთარი ძალაუფლების დაცვა და ქვეყნის იმ მიმართულებით წაყვანა, რომელიც თავად სურს. რამდენადაც საზოგადოებრივი განწყობები აჩვენებს, კორეელები საკუთარი სამშობლოთი ამაყობენ, ხოლო გარედან შემოსული ინფორმაციის კონტროლის პირობებში თვლიან, რომ საკმაოდ კარგადაც ცხოვრობენ. კიმ ჩენ ინმა მოახერხა გაეთავისუფლებინა ქვეყანა კრიზისული რეჟიმის პირობებიდან, რომელიც 1995-1998 წლების შიმშილობით და მისი შედეგებით აიხსნებოდა და დაებრუნებინა იგი ნორმალური (ჩრდილოეთ კორეული სტანდარტებით) ცხოვრებისკენ. 

თუმცა ურთიერთობები გარე სამყაროსთან გაუარესდა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციები შემოიღეს. პერიოდულად დაძაბულობა ნახევარკუნძულზე ღია ომში გადაზრდის საშიშროებას ქმნის. ეკონომიკაში ვერ ვისაუბრებთ ფუნდამენტალურ წინსვლაზე, ხოლო უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სტაგნაცია.

მიუხედავად საკუთარი მდგომარეობის გაძლიერებისა, კიმ ჩენ ინი სტაბილურობის თვალსაზრისით გარკვეულწილად თავად წარმოადგენს სუსტ რგოლს. იგი ზედმეტად კონცენტრირებულია ძალაუფლებაზე და არ ჰყავს მრჩევლები, რომლებიც ალტერნატიულ აზრს მიაწვდიან. თავად კიმს დღემდე არ ჰქონია შეხვედრა უცხოელ ლიდერებთან და არ დაუტოვებია ქვეყნის საზღვრები. მემკვიდრეობითობის არარსებობის პირობებში ბელადის მოულოდნელმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემის ჩამოშლა. მიუხედავად სახელმწიფოს მეთაურისთვის ახალგაზრდა ასაკისა (33 წლის), კიმს ჭარბი წონა და შესაძლოა, მისგან გამომდინარე დაავადებები აწუხებს.

რა მცდელობებიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეაში გარედან სულ უფრო მეტად შედის. ჩვეულებრივი მოქალაქეების დიდი ნაწილი ხვდება, რომ სიტუაცია მსოფლიოში პროპაგანდით ნაჩვენებისგან განსხვავდება. ახალგაზრდა თაობას ათწლეულებით გამეორებული ლოზუნგები და მოწოდებები ბეზრდება, ამიტომაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მოსახლეობის ლოიალობის შესანარჩუნებლად გარკვეული ძალისხმევის გაღება.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

12 September 2017

თურქული გამბიტი

12 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

12 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

12 September 2017

ობამა

12 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

12 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

12 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

12 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

12 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

12 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

12 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

12 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

12 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

12 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

12 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

12 September 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

12 September 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

12 September 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

12 September 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

12 September 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

12 September 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

12 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

12 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

12 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

12 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

12 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

12 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

12 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

12 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

12 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

12 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

12 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

12 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

12 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

12 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

12 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

12 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

12 September 2017

უნგრული სუვერენულობა

12 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

12 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

12 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

12 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

12 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

12 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

12 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

12 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

12 September 2017

დასავლური გახლეჩა

12 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

12 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

12 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

12 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

12 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

12 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

12 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

12 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

12 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

12 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

12 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

12 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

12 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

12 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

12 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

12 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

12 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

12 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

12 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

12 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

12 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

12 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

12 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

12 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

12 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

12 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

12 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

12 September 2017