20 September 2017
  • 764 ნახვა

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

საგარეო დამკვირვებლების მხრიდან ინტრიგის ხელოვნურად შემოტანის მიუხედავად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინა საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გერმანულმა პოლიტიკურმა სისტემამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია გარკვეულ ბალანსს, რაც დასავლეთის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქტიური პოლიტიკური ცხოვრების ფონზე კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება. ანგელა მერკელსა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ მარტინ შულცს შორის გამართულმა ტელედებატებმა აჩვენა, რომ გერმანული პოლიტიკური სიმშვიდე ჯერ-ჯერობით ურყევია.

2005 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გერმანული ოპოზიციის ლიდერი ანგელა მერკელი ამომრჩეველს გრანდიოზულ გეგმებს სთავაზობდა - მაგალითად, საგადასახადო სისტემის რადიკალურ რეფორმირებას და ერთიანი საშემოსავლო გადასახადის შემოღებას. თუმცა ამ ინიციატივამ ამომრჩეველზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მერკელმა მართალია გაიმარჯვა, მაგრამ მცირე უპირატესობით მაშინდელ კანცლერზე და სოციალ-დემოკრატ გერჰარდ შრიოდერზე. აღნიშნული არჩევნები მერკელისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. მას შემდეგ იგი მუდმივად ფრთხილად მოქმედებს და სტაბილურობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

ამ სტაბილურობის სიმბოლოდ იქცა „დიდი კოალიცია“, კერძოდ ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების საერთო მმართველობა. 60-იან წლებში მსგავსი ფორმატის ხელისუფლებამ მცირე ხანი იარსება და ერთგვარ კაზუსადაც ჩანდა, რომელიც ქრისტიან- დემოკრატებსა და ლიბერალებს შორის უთანხმოებით იყო გამოწვეული. ანგელა მერკელმა, რომელიც თავად იქცა პოლიტიკურ ინსტიტუტად და თანამედროვე მშვიდი გერმანული პოლიტიკის სიმბოლოდ, „დიდი კოალიცია“ ნორმად აქცია. მერკელის სამი კაბინეტიდან ორის, მათ შორის ამჟამინდელის ფორმირება, სწორედ ამ ფორმატში მოხდა.

 

წინასაარჩევნო კამპანია

სიფრთხილე დღემდე შენარჩუნებულია. ფედერალურ არჩევნებზე, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება, მერკელს სურს კანცლერად მეოთხე ვადითაც აირჩიონ. არა მხოლოდ მისგან, არამედ სხვა დიდი პარტიების ლიდერებისგანაც ახალი და გაბედული იდეები ევროინტეგრაციის, ციფრული ეკონომიკის, ენერგეტიკული პოლიტიკის და ევროპის მომავლის შესახებ არ ისმის. ყველა მათგანი ცდილობს მაქსიმალურად ფრთხილად და გეგმაზომიერად იმოქმედოს.

მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში ფაქტიურად მერკელის პიროვნების კულტი ჩამოყალიბდა. პარტიაში მხოლოდ სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და ღირსეულ ხელფასებზე საუბრობენ. გერმანიის დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის თემა საერთოდ არ განიხილება. ქრისტიან-დემოკრატიული და მისი მოკავშირე ბავარიული ქრისტიან-სოციალისტური პარტია მთელი ძალით ცდილობენ თავიდან აიცილონ საუბრები მილიონობით დევნილის და იმიგრანტის ინტეგრაციის შესახებ, რომლებიც გერმანიაში ბოლო წლებში ჩამოვიდნენ.

პარტიის ლიდერები ტელეგამოსვლებში არ ეხებიან არც გლობალიზაციას და არც აშშ-ს მხრიდან გამოცხადებულ პროტექციონიზმზე რეაგირებას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საგარეო და საშინაო პოლიტიკა ფაქტიურად არ განიხილება.

ლოგიკურად შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ამ თემებზე აქტიურად ისაუბრებს ლიბერალური და ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული თავისუფალი დემოკრატიული პარტია. 2013 წელს მან 5%-ზე ნაკლები დააგროვა და ბუნდესტაგი დატოვა, თუმცა ამჯერად, სავარაუდოდ ფედერალურ პარლამენტში დაბრუნდება.

თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო თემებს შორის არ არის არც ბიუროკრატიასთან ბრძოლა, არც საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაცია. პარტია დუმს იმის შესახებ, რომ გერმანული მრეწველობა და საზოგადოება მზად არ არის ციფრული რევოლუციისთვის, რომელიც კოლოსალურ გავლენას მოახდენს დასაქმებაზე, განათლებასა და დემოგრაფიულ ვითარებაზე.

სანაცვლოდ, თავისუფალი დემოკრატები ამომრჩეველს პირდებიან ბერლინის აეროპორტ ტეგელის დახურვისგან გადარჩენას, რომლის ბედიც 24 სექტემბერს რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს (საპარლამენტო არჩევნების პარალელურად). პარტია აქტიურად ჩაეჭიდა ამ თემას იმის მიუხედავად, რომ აეროპორტის შენარჩუნება თავისი სიმცირის გამო მგზავრთა ნაკადის პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამასთან პარტია არ აკრიტიკებს მმართველობით ჩავარდნას, რომელიც შიონეფელდთან ახალი აეროპორტის მშენებლობის დაბალ ტემპებს უკავშირდება.

თავისუფალ დემოკრატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჯერ კიდევ 2009-2013 წლებში შემოეთავაზებინათ სერიოზული რეფორმები, როდესაც ისინი კოალიციაში ქრისტიან-დემოკრატების უმცროსი პარტნიორები იყვნენ. თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ვერ წამოაყენეს ვერცერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. მხოლოდ ერთხელ, პარტიის ლიდერმა და მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ გაეროს უშიშროების საბჭოში ლიბიაში ინტერვენციის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან შეიკავა თავი. საბოლოოდ, ეს ინტერვენცია ნატოს ოპერაციად გადაიქცა, რომელშიც გერმანიამ მონაწილეობა არ მიიღო და მწვავე კრიტიკის ობიექტადაც იქცა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სწორად გამოიყურება იმ ქაოსის ფონზე, რომელიც ლიბიაში მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ დამყარდა.

რაც შეეხება სოციალ-დემოკრატებს, მათ სამი პრობლემა აქვთ: პარტიის იდეური ხაზის დაკარგვა, მერკელისგან დისტანცირების შეუძლებლობა და გერჰარდ შრიოდერთან დაკავშირებული რეპუტაციული პრობლემები.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანცლერობის კანდიდატი, ევროპარლამენტის ყოფილი სპიკერი მარტინ შულცი ამტკიცებს, რომ შეუძლია მერკელის დამარცხება, აქტიურად ავითარებს ანტიამერიკულ თემას და გამოთქვამს ეჭვებს ნატოს შესახებ. შულცი და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, აქცენტს გერმანელი ამომრჩევლის პაციფიზმზე აკეთებენ: მაგალითად, ისინი აკრიტიკებენ ნატოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მშპ-ს 2%-ზე ნაკლების თავდაცვაზე ხარჯვის შესახებ. მერკელი საპასუხოდ ახსენებს სოციალ-დემოკრატებს, რომ თავის დროზე ისინი აღნიშნულ ინიციატივას დაეთანხმნენ. ანტიამერიკული რიტორიკის საპასუხოდ კი მერკელი ღიად საუბრობს ევროპის მიერ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ.

რაც შეეხება შრიოდერს, მისი ქმედებები ჯერჯერობით ქრისტიან-დემოკრატების წისქვილზე ასხამს წყალს. 2005 წლიდან შრიოდერი იღებს ხელფასს გაზპრომისგან პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადში“, ხოლო აგვისტოში იგი როსნეფტის დირექტორთა საბჭოში წარადგინეს, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს და აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული.

მთავარ პრობლემას კი წარმოადგენს სოციალ-დემოკრატების მიერ პოლიტიკური იდენტობის დაკარგვა. ამომრჩევლისთვის სულ უფრო რთულია პარტიულ პროგრამებში განსხვავების პოვნა. ყველაფერი ეს კორელაციაშია ხელისუფლებაში მრავალწლიან თანამშრომლობასთან და სოციალური ბაზის ერთგვარობასთან. სოციალ-დემოკრატიული და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების საშუალოსტატისტიკური ამომრჩეველი ერთი და იგივე ადამიანია - უმაღლესი განათლების მქონე საშუალო კლასის წარმომადგენელი, რომელიც საკუთარი ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილია.

ამ მოვლენის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია ორივე პარტიის ელექტორატში მუშათა წილია. 2000 წელს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხრეებში მათი წილი 44% იყო, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებისაში - 35%. დღეს ეს მონაცემები 17% და 16%-ია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიან-დემოკრატების საშუალო რეიტინგი მათ ოპონენტებზე მაღალია, აბსოლუტურ ციფრებში მერკელის პარტიას დღეს მუშათა კლასის უფრო მეტი წარმომადგენელი უჭერს მხარს.

შულცის პარტია „დაბერდა“ (პენსიონერები მისი ამომრჩევლის 36%-ს შეადგენენ, რაც 10%-ით მაღალია 2000-იანი წლების დასაწყისზე) და „გამდიდრდა“. მან საბოლოოდ დაკარგა „პატარა ადამიანების პარტიის“ იმიჯი.

სოციალ-დემოკრატების ცენტრისტულ პოზიციებს ღიად დასცინის მემარცხენე პარტია - გდრ-ის კომპარტიის მემკვიდრე, რომელიც რადიკალურად მემარცხენე პოზიციებს იკავებს. „მწვანეებს“ კი, რომელთა ლიდერებიც მომავალ ხელისუფლებაში შესვლას იმედოვნებენ, იდეები საერთოდ ამოეწურათ. ეკოლოგიის საკითხი შეიარაღებაში ყველა ძირითადმა პარტიამ აიღო.

რჩება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - ევროსკეპტიკოსების და იმიგრაციის მოწინააღმდეეგეების (განსაკუთრებით მუსლიმური ქვეყნებიდან) პარტია. „ალტერანტივა“ აქტიურად ცდილობს ბუნდესტაგში შესვლას და ეყრდნობა თავის ნაციონალისტურ დღის წესრიგს. თუმცა პარტიაში მრავლადაა შიდა პრობლემები და წინააღმდეგობები. ერთ-ერთმა მისმა ლიდერმა ბერლინის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს „სამარცხვინო ძეგლი“ უწოდა, რამაც პარტიაში განხეთქილება კიდევ უფრო გაამწვავა.

 

შესაძლო კოალიციები 

ქორწინება სიყვარულით: ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები

თუ არჩევნების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალები მჭიდროდ მიუახლოვდებიან ხმების 50%-ს, გზა მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციისკენ გახსნილი იქნება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერები უკვე აცხადებენ, რომ შავ-ყვითელი (პარტიების ფერები) კოალიციის შექმნის არითმეტიკული შესაძლებლობა არ გულისხმობს მის ავტომატურ შექმნას. სავარაუდოდ, ამ განცხადებით ლიბერალები ცდილობენ უფროს პარტნიორთან მინისტრთა პოსტების გადანაწილებისა და ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის განსაზღვრის საკითხში მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის შექმნას. 2009 წელს კოალიციაში მოუმზადებლად შესვლის შემდეგ ისინი სწრაფად გაითქვიფნენ ხელისუფლებაში და საბოლოოდ, მომდევნო არჩევნებზე ბუნდესტაგის დატოვებაც მოუწიათ. ამჯერად, თავისუფალი დემოკრატების მიზანია ტექნოლოგიური დღის წესრიგის გატანა და ფედერალურ დონეზე ეკონომიკის გაციფრულების სამინისტრო შექმნა.

საგარეო პოლიტიკურ არენაზე ლიბერალები, რომლებიც გერმანულ ბიზნესზე არიან ორიენტირებული, ემხრობიან რუსეთთან კონსტრუქციულ დიალოგს და სანქციების ეტაპობრივ შემცირებას მის საბოლოოდ გაუქმებამდე (უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციის პარალელურად). პარტიის ლიდერი კრისტიან ლინდნერი გერმანული ისტებლიშმენტის წარმომადგენლისთვის უცნაური განცხადებით გამოირჩა, როდესაც ყირიმის ანექსია „ხანგრძლივვადიან მოვლენად“ დაახასიათა. ლინდნერი მიიჩნევს, რომ ყირიმის თემა რუსეთთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და მხარეები სხვა საკითხებში თანამშრომლობაზე კონცენტრირდნენ. აღნიშნულმა განცხადებამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა როგორც ქრისტიან-დემოკრატების, ასევე მწვანეების მხრიდან.

ჯერჯერობით შავ-ყვითელი კოალიციის შექმნას ხმები არ ყოფნის, თუმცა ლიბერალებმა უკვე განაცხადეს, რომ მინისტრთა პორტფელებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებენ, თუ ისინი შესაბამისი პოლიტიკური კურსით იქნებიან გამყარებული.

 

ქორწინება გარიგებით: ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები

პირველად გერმანიის ისტორიაში არჩევნების შემდეგ დიდი კოალიციის შენარჩუნებას შეიძლება ხელი შეუწყოს გერმანელ ამომრჩეველში პოპულარულმა პოლიტიკურმა კურსმა „იგივე გზის გაგრძელება“ (Weiter-so-Politik). ამ პოლიტიკას მხარდამჭერთა დიდი რიცხვი ჰყავს ორივე პარტიაში და გაფართოებული ცენტრის მმართველობა ბევრის მხრიდან უალტერნატივოდაც კი აღიქმება.

სოციალ-დემოკრატების დაბალი რეიტინგი და მემარჯვენე კოალიციის შესაქმნელად საკმარისი მხარდაჭერის არარსებობა აღნიშნული კოალიციის შექმნის რელევანტურობას ზრდის. თავად კანცლერი მერკელი, როგორც ჩანს, ამ ვარიანტის განხილვასაც აპირებს, რადგანაც ცოტა ხნის წინ დიდი კოალიცია საჯაროდ შეაქო და მის მიღწევებს გაუსვა ხაზი.

საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, სოციალ-დემოკრატები ცდილობენ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებას და სანქციების ეტაპობრივ მოხსნას. ამ პოზიციის გამო მემარცხენე-ცენტრისტულ ბანაკში ისინი აქტიურად გააკრიტიკეს „მწვანეებმა“. სოციალ-დემოკრატების უკან მკაფიოდ დაფიქსირდა „გამგებლების“ (Versteer) იმიჯი, რაც გერმანულ პოლიტიკაში რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, დიდი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში სავარაუდოდ მოსალოდნელია არსებული პოლიტიკური კურსის შენარჩუნება და რადიკალური ცვლილებების თავიდან არიდება. 

 

იამაიკური ექსპერიმენტი: ქრისტიან-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და მწვანეები

მომავალი ხელისუფლების მესამე შესაძლო სცენარი საინტერესო და უცნაურია. ბოლო ათწლეულების იდეოლოგიური ცვლილებების შედეგად გერმანული პოლიტიკა ცენტრისკენ გადაიხარა, რამაც ოდესღაც ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის პროგრამული და ღირებულებითი სხვაობის ნიველირებას შეუწყო ხელი.

2008 წელს ჰამბურგში რეგიონულ დონეზე პირველად შედგა კოალიცია ქრისტიან-დემოკრატებსა და მწვანეებს შორის. 2013 წელს იგივე განმეორდა ჰესენში. სრულფასოვანი „იამაიკა“ (კოალიციამ ეს სახელი მასში შემავალი პარტიების ფერების გამო მიიღო, რომელიც აღნიშნული ქვეყნის დროშას იმეორებენ) 2009 წელს საარლანდში შედგა. ფედერალურ არჩევნებამდე ბოლო რეპეტიცია - არჩევნები შლეზვიგ-ჰოლშტეინში კვლავ „იამაიკის“ წარმატებული ფორმირებით დასრულდა.

ბოლო დროს ქრისტიან-დემოკრატები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ აღნიშნული კოალიციის შექმნაზე. შლეზვიგის პრემიერ-მინისტრმა დანიელ გიუნტერმა განაცხადა, რომ მისი მიწა შეიძლება ფედერალურ დონეზე კოალიციის შექმნის მაგალითად იქცეს. ჯერჯერობით თავისუფალ დემოკრატებსა და მწვანეებს შორის აღნიშნულ კოალიციაზე არ საუბრობენ, თუმცა ანგელა მერკელი მსგავსი ფორმატის მიმართ „პოზიტიურადაა განწყობილი“. ივნისის ბოლოს მან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - მოახდინა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება. „ქორწინება ყველასთვის“ თავისუფალი დემოკრატების და მწვანეების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო და ამ ბარიერის მოშლით მერკელმა არჩევნების შემდეგ აღნიშნულ პარტიებთან მოლაპარაკებებს გაუხსნა გზა.

საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ქრისტიან-დემოკრატების პოზიციები შეიძლება მწვანეებმა გააძლიერონ. ყირიმსა და უკრაინასთან ერთად ისინი რუსეთის ხელისუფლებას ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაშიც ადანაშაულებენ და პროგრამულ დოკუმენტში სანქციებს საგარეო პოლიტიკის ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევენ. 

 

დასკვნის მაგიერ

შულცის მოსვლის ეფექტი სწრაფად გაანელა რეგიონულმა არჩევნებმა გაზაფხულზე საარლანდში, შლეზვიგ-ჰოლშტეინში და მოგვიანებით შულცის მშობლიურ რაინ-ვესტფალიაში, სადაც სოციალ-დემოკრატები არა მხოლოდ მერკელის პარტიასთან დამარცხდნენ, არამედ ოთხი წლის წინანდელზე უარესი შედეგებიც აჩვენეს. დღეს, ბუნდესტაგის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, არავის ეჭვს არ იწვევს, რომ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატ/ქრისტიან- სოციალისტების კოალიცია გაიმარჯვებს და მხოლოდ მოვლენათა წარმოუდგენელ განვითარებას შეუძლია მერკელს ხელი შეუშალოს მეოთხე ვადით კანცლერად გახდომაში.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 36%-ს იღებს, სოციალ-დემოკრატიული პარტია - 22%,ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 11%-ს, მემარცხენეები - 10%-ს, თავისუფალი დემოკრატები - 9%-ს, ხოლო მწვანეები – 8%-ს. გერმანელები რომ მთავრობის მეთაურს პირდაპირი არჩევის წესით ირჩევდნენ, მერკელს კარგი შანსები ექნებოდა უკვე პირველ ტურში გამარჯვების.

ტრადიციის მიხედვით გამარჯვებული პარტია კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებებში უპირატესობას იღებს და პოტენციურ პარტნიორებს კონსულტაციებისთვის იწვევს. ალბათობა იმისა, რომ მერკელი ყველა შესაძლებლობას მოსინჯავს, საკმაოდ მაღალია. საბოლოო ჯამში არჩევანი მერკელზე იქნება, რაც მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში მერკელი სხვა ვარიანტებზე გადავა. მთელი პროცესი დაახლოებით ერთ (თუ პარტიები იდეოლოგიურად ახლო პოზიციებზე დგანან (ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები) ან ორ (თუ პარტიათა პოზიციები განსხვავებულია (ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ან ქრისტიან-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და მწვანეები) თვეს იკავებს. ნებისმიერ შემთხვევაში დეკემბრისთვის გერმანიას ახალი ხელისუფლება ეყოლება.

რომელი ვარიანტი გამოიყურება შესაძლებლად? პრინციპში, თუ მიწები გერმანიაში ექსპერიმენტის სივრცეებად აღიქმება (16 გერმანული მიწიდან 13-ს სხვადასხვა სახის კოალიცია მართავს), ფედერალურ დონეზე კლასიკა ყოველთვის უფრო მიზანშეწონილად გამოიყურება. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოაგროვებენ თუ არა უმრავლესობას ქრისტიან-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები. თუ ეს არ მოხდა, მერკელმა შესაძლოა გადაწყვიტოს პოლიტიკური კურსის ცვლილება და შექმნას ხელისუფლება მწვანეებსა და ლიბერალებთან ერთად. მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემთხვევაში კი მას ყოველთვის შეუძლია დაუბრუნდეს სოციალ-დემოკრატებთან დიდი კოალიციის ვარიანტს.

გერმანელი ამომრჩეველი რეალურად მრავალი წლის განმავლობაში განმეორებული რუტინის წინაშე დგას. გერმანულმა პოლიტიკურმა სისტემამ ბოლო წლებში მსოფლიოში მიმდინარე ტურბულენტურობის ფონზე უჩვეულო სტაბილურობას მიაღწია. მთავარი საკითხია, თუ რა დამოკიდებულებას იწვევს გერმანელ ამომრჩევლებში მიმდინარე კატაკლიზმების ფონზე პოლიტიკოსების აღნიშნული სიმშვიდე.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

 

 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

20 September 2017

თურქული გამბიტი

20 September 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

20 September 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

20 September 2017

ობამა

20 September 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

20 September 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

20 September 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

20 September 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

20 September 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

20 September 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

20 September 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

20 September 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

20 September 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

20 September 2017

'პატივი კატალონიას?!'

20 September 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

20 September 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

20 September 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

20 September 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

20 September 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

20 September 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

20 September 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

20 September 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

20 September 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

20 September 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

20 September 2017

ბრექსიტის ლოგიკა

20 September 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

20 September 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

20 September 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

20 September 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

20 September 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

20 September 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

20 September 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

20 September 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

20 September 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

20 September 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

20 September 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

20 September 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

20 September 2017

უნგრული სუვერენულობა

20 September 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

20 September 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

20 September 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

20 September 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

20 September 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

20 September 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

20 September 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

20 September 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

20 September 2017

დასავლური გახლეჩა

20 September 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

20 September 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

20 September 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

20 September 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

20 September 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

20 September 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

20 September 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

20 September 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

20 September 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

20 September 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

20 September 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

20 September 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

20 September 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

20 September 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

20 September 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

20 September 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

20 September 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

20 September 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

20 September 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

20 September 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

20 September 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

20 September 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

20 September 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

20 September 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

20 September 2017

რეფერენდუმი თურქეთში

20 September 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

20 September 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

20 September 2017