02 October 2017
  • 2292 ნახვა

'პატივი კატალონიას?!'

ფოტო გარეკანზე: Flickr.com


ესპანეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დრამატული დღე - კატალონიის რეფერენდუმი - ბუნდოვანი შედეგით დასრულდა. რეფერენდუმში რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 42%-მა მიიღო მონაწილეობა და მათმა 90%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. კატალონიის ოფიციალური წყაროების მიხედვით, 800-მდე ადამიანი ესპანელ პოლიციელებსა და სპეციალურ ძალებთან დაპირისპირებაში დაშავდა, ხოლო რამდენიმე ათეული უბნიდან საარჩევო ყუთები მოიტაცეს. რეფერენდუმამდე ესპანეთის პოლიციამ საარჩევნო უბნებიდან ათასობით ბიულეტენი წაიღო, ხოლო კატალონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული პარალიზება მოახდინა.

კატალონიის პარლამენტს რეფერენდუმში მონაწილეობის ქვედა ზღვარი არ დაუწესებია, შესაბამისად, ხმის მიცემით დამდგარი ნებისმიერი შედეგი ლეგიტიმური იქნებოდა. რეგიონის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი მოსახლეობას შეპირდა, რომ თუკი დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეებზე მეტი იქნებოდა, იგი რეფერენდუმიდან 48 საათში კატალონიის დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. აღნიშნულის განხორციელების ლეგიტიმური უფლება კატალონიის პარლამენტს აქვს, რომელმაც რეფერენდუმის შედეგები უნდა დაამტკიცოს.

კატალონიის რეფერენდუმი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონგარეშედ გამოაცხადა, რომ იგი 1978 წლის ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ „ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიის ურღვევობის“ პრინციპს ეწინააღმდეგება. ამ კონსტიტუციას თავის დროზე კატალონიამაც დაუჭირა მხარი. როგორც რეფერენდუმის დღემ აჩვენა ოფიციალური მადრიდი კანონის უზენაესობას იცავს და მის აღსრულებას, მათ შორის ძალადობრივი გზებითაც არ ერიდება.

ესპანური ოპოზიციის ლიდერმა პედრო სანჩესმა პრემიერ-მინისტრ მანუელ რაჰოის კატალონიასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. მაგრამ რაჰოიმ მის ტელეგამოსვლაში კატალონიის ლიდერი პუჩდემონი რეგიონში არსებულ ქაოსსა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

ცენტრის ბრძანებით მოქმედმა ესპანურმა სპეციალურმა რაზმებმა კატალონიის რეფერენდუმი სრულად ვერ აღკვეთეს, მაგრამ მის სანდოობას და ლეგიტიმურობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. კატალონიის მთავრობამ კი მიიღო ის, რომ მან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და რეგიონის მიმართ ესპანეთის რეალური, აგრესიული დამოკიდებულება აჩვენა, რაც სამომავლოდ კატალონიის პოლიტიკური ელიტისთვის მყარი პოლიტიკური არგუმენტი იქნება.

 

მოკლე ისტორიული რაკურსი

კატალონია არსებობას შუა საუკუნეებიდან, კერძოდ კი, მე-8 საუკუნის მიწურულიდან იწყებს, როდესაც ფრანკთა სამეფომ პირენეების გადაღმა არაბთა შემოსევებისგან თავდასაცავად მათი ვასალი ტერიტორიები გააერთიანეს და ბარსელონას საგრაფო ჩამოაყალიბეს, რომელსაც შემდგომში კატალონია ეწოდა. 1137 წელს კატალონია არაგონის სამეფოს დაექვემდებარა, ხოლო მე-15 საუკუნის მიწურულიდან, როდესაც არაგონისა და კასტილიის სამეფო გაერთიანდა და ახალი პოლიტიკური ერთეული - ესპანეთი ჩამოყალიბდა, კატალონიაც ესპანეთის ნაწილი გახდა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ესპანეთის უკანასკნელმა ჰაბსბურგმა მეფემ, კარლ II-მ მის მემკვიდრედ საფრანგეთის ბურბონთა სახლიდან ფილიპ V დაასახელა, არაგონის სამეფომ, მათ შორის კატალონიამ, მხარი ავსტრიელ ჰაბსბურგებს დაუჭირეს და ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრედ კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი გამოცხადეს. მემკვიდრეებს შორის დაწყებულმა ომმა ესპანეთის ევროპისგან გამოყოფა გამოიწვია. 1714 წლის 11 სექტემბერს, ფილიპ V-მ ბარსელონა აიღო და ესპანეთზე ჰაბსბურგების პრეტენზიას წერტილი დაუსვა. ახალმა მეფემ მოღალატეების დასასჯელად ნუევა პლანტას დეკრეტი გამოსცა, რომლითაც არგონი და კატალონია კასტილიის სამეფოს სრულად შეერწყა, გაუქმნდა მათი დამოუკიდებელი ინსტიტუტები და კანონმდებლობა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კატალონიამ ინდუსტრიალიზაციის ეფექტური გზა განვლო. რეგიონი არა მარტო ესპანეთის, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულ მხარედ იქცა. კატალონიურმა კულტურას, მაშ შორის ენას, რენესანსის ხანა დაუდგა. ამ პერიოდიდან ღვივდება თანამედროვე კატალონიური ნაციონალიზმი. პირველ რიგში მუშათა ანარქისტული მოძრაობები იკრებენ ძალებს. მათ 1919 წლისთვის, ევროპაში პირველად, რვასაათაინი სამუშაო დღის უფლება მოიპოვეს. 1914 წელს კატალონიის პროვინციებს თანამეგობრობის შექმნის საშუალება მიეცათ. მე-20 საუკუნის პირველ სამ ათწლეულში მათ რამდენჯერმე მოიპოვეს და დაკარგეს ავტონომიის გარკვეული ხარისხები.

1931 წელს ესპანეთში მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურა დასრულდა და ესპანეთის მეორე რესპუბლიკას ჩაეყარა საფუძველი. კატალონიამ ფართო ავტონომია მოიპოვა, ჩამოყალიბდა კატალონიის მთავრობა, თავისი პარლამენტითა და სასამართლოთი, რომელსაც მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების გადაჭრის უფლება გააჩნდა. რეგიონმა პირველად, პრეზიდენტი, მემარცხენე, დამოუკიდებლობის მომხრე ფარნცისკ მასია აირჩია.

მიუხედავად ამგავრი წარმატებისა, რეგიონში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული იყო, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა კატალონიელთა დამარცხება ესპანეთის სამოქალაქო ომში (1936-39) ფრანცისკო ფრანკოს ფაშისტურ ძალებთან. ფრანკომ აკრძალა კატალონიაში ნებისმიერი სახის პოლიტიკური საქმიანობა, კატალონიური ენის გამოყენება და სხვა კულტურული საქმიანობები. მაგრამ ფრანკოს მმართველობის მეორე ნახევარში კატალონიელებს საშუალება მიეცათ, როგორც მათი რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის, ასევე კატალონიური ენის გამოყენების უფლებაც.

1975 წელს ფრანკოს გარდაცვალების შემდგომ, კატალონიამ მხარი დაუჭირა ესპანეთის დემოკრატიულ კონსტიტუციას. კონსტიტუცია ესპანეთის ურღვევობის პრინციპს ცნობდა და ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების - მადრიდის სუვერენიტეტს აღიარებდა. 1977 წელს კატალონიის ავტონომიის ახალი სტატუსი მიიღეს, რითაც აღდგა კატალონიური მთავრობა, რომელიც 1939 წლიდან გადასახლებაში იმყოფებოდა და რეგიონს ფართო ავტონომიის სტატუსი კვლავ დაუბრუნდა.

 

თანამედროვე რეალიები

1980-2000-იან წლებში კატალონიური პარტიები მადრიდისგან დამატებით უფლებებს ითხოვდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ეროვნულ პარლამენტში მმართველ კოალიციაში უხდებოდათ ყოფნა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღის წესრიგში ავტონომიის სტატუსის შეცვლა დგება. კატალონიელი პარლამენტარები მადრიდისგან კატალონიელების, როგორც ერად აღიარებას და რეგიონში კატალონიური ენის პირველ ოფიციალურ ენად გამოცხადებას ითხოვდნენ.

2004 წელს, ესპანეთის მემარცხენე მთავრობას ხოსე ლუის საპატეროს მისი ინიციატივების გასატანად კატალონიელი სოციალისტების მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამიტომ იგი კატალონიის პარლამენტის მიერ ავტონომიის სტატუსის გადახედვას დათანხმდა. 2006 წელს, სტატუსში ცვლილებები, როგორც რეგიონულმა, ასევე ეროვნულმა პარლამენტმა დაამტკიცა. ცვლილებებზე რეფერდუმიც ჩატარდა, სადაც მას კატალონიელთა 74%-მა მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით, სამ ძირითად ასპექტს გაესვა ხაზი: მადრიდი აღიარებდა კატალონიელთა სიმბოლიკებს, რომლებიც მათ იდენტობას განსაზღვრავდა; მადრიდმა ბარსელონას პოლიტიკური ავტონომიის გაღრმავების შესაძლებლობა დაუტოვა; მადრიდმა რეგიონთან ფისკალური პოლიტიკის რეფორმაზე საუბარი დაიწყო.

ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ესპანეთის სახალხო პარტია. 2010 წელს მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ავტონომიის სტატუსი გაუქმება იყო, რამაც ელექტორატზე გავლენა იქონია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, სახალხო პარტიამ სტატუსის გადასინჯვა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა. სასამართლომ 2006 წლის სტატუსით მინიჭებული ყველა უფლება კატალონიას კვლავ ჩამოართვა.

ამის საპასუხოდ, 2014 წლის სექტემბერში კატალონიის პარლამენტმა რეფერენდუმის ჩატარება დაამტკიცა. რეგიონის პრეზიდენტმა არტურ მასმა კონკრეტულ თარიღად კი 9 ნოემბერი გამოაცხადა. რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, ხოლო ცენტრალური მთავრობა მისი დაბლოკვით დაიმუქრა. პრეზიდენტმა მასმა რეფერედუმის სტატუსი არასავალდებულო ხასიათის „სახალხო მონაწილეობის პროცესად“ შეცვალა და მიუხედავად კვლავ წინააღმდეგობისა, იგი დაგეგმილ დღეს მაინც გაიმართა. გამოკითხვაში კატალონიელ ამომრჩეველთა ნახევარზე მნიშვნელოვნად ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, შედეგად მათმა 80%-მა 10%-ის წინააღმდეგ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. შემდგომში არტურ მასი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებისთვის ბრალდებულებად იქნა ცნობილი.

2015 წლის კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მემარცხენე და მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებს ხვდა წილად, რომელთა სამთავრობო კოალიციის მთავარი მიზანი რეფერენდუმის გზით კატალონიის დამოუკიდებლობის მიღწევა იყო. მათი ლიდერი  კარლეს პუჩდემონი გახდა.

დღეს ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი მანუელ რაჰოი რეგიონული სეპარატიზმის მიმართ ერთიანი ცენტრისტული ძალებით ბრძოლას გეგმავს და იმავე ინსტრუმენტების გამოყენებას აპირებს, რასაც ესპანეთი ბასკური ტერორისტული ორგანიზაციის ეტას წინააღმდეგ იყენებდა. რაჰოის მთავრობისთვის ეს შედეგი შეიძლება საერთოდ არ დამდგარიყო თუკი მისი პარტიის სურვილით 2006 წლის სტატუსი არ გადაიხედებოდა. მაგრამ რაჰოის კატალონიურ პოლიტიკურ კლასთან, გარდა სეპარატისტული ხედვების გამო, იდეოლოგიური დაპირისპირებაც აქვს; მისი კონსერვატიზმისთვის რეგიონული მემარცხენე ძალები კატეგორიულად მიუღებელია. შედეგად, ანტისეცესიონისტური სახალხო პარტიის მართველობის პერიოდში კატალონიაში დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა ფაქტიურად გაორმაგდა. თუკი მანამდე ეს რიცხვი 20-25%-ს შეადგენდა, ახლა ის 40%-ს სცდება.

 

დამოუკიდებლობა იდენტობის თუ ეკონომიკის გამო?

ოფიციალურ მადრიდს ესპანეთის ორ რეგიონთან, ბასკეთსა და ნავარასთან სპეციალური შეთანხმება აქვს გაფორმებული, რის მიხედვითაც ამ რეგიონებს საკუთარი ფისკალური პოლიტიკის გატარების უფლება აქვთ და გადასახადებისგან ამოღებული თანხები მადრიდში არ მიდის. რეგიონებს ეს შესაძლებლობას აძლევს მეტი სოციალური პროგრამები განახორციელონ განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით და ხელი შეუწყონ კეთილდღეობის განვითარებას. ამგავრი შეთახმება მადრიდასა და ბარსელონას შორის არ მოქმედებს.

7.5 მილიონი მოსახლით კატალონია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონია ესპანეთსა და მთლიანად ევროპაში. ესპანეთის მშპ-ში მისი წილი 19%-ს უტოლდება. ტურიზმის კუთხით, ესპანეთის ვიზიტორთა 25% რეგიონზე მოდის. კატალონიის ეკონომიკა დაახლოებით პორტუგალიისა და ფინეთის ზომისაა.

ცენტრალურ ხელისუფლებას კატალონიიდან გადასახედებით უფრო მეტი მიაქვს, ვიდრე სახელმწიფო ხარჯებით უკან აბრუნებს. აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც 2012 წელს რაჰოის მთავრობამ კატალონიაში გადასახადები ჯანდაცვასა და განათლებაზე კიდე უფრო გაზარდა. ეს ის პერიოდია, როდესაც 2008 წლის ფინანსური კრიზისით დაზარალებულმა ესპანურმა ეკონომიკამ ზრდის მაჩვენებელი ვერ დააფიქსირა და კრიზისში დარჩა. როგორც აღმოჩნდა ოფიციალური მადრიდი საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად თანხების აკუმულირებას კატალონიიდან ახორციელებდა. შედეგად, იმავე წელს, რეგიონი იძლებული გახდა მადრიდისგან სახელმწიფო ფინანსური დახმარება ეთხოვა. კატალონიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადის მარჟაა ევროპის მასშტაბით. კატალონიელები დაახლოებით იმავე ოდენობის გადასახადებს იხდიან, როგორც ეს სკანდინავიურ ქვეყნებშია.

კატალონიის მთავრობის თქმით, სხვაობა მადრიდის მიერ რეგიონიდან მოზიდული და რეგიონზე განაწილებულ თანხებს შორის 11-15 მილიარდ ევრომდეა. ცენტრალური მთავრობის ოფიციალური განცხადებით კი, ეს ციფრი მხოლოდ 8.5 მილიარდ ევროს უტოლდება. აღნიშნული პროცესი კატალონიას საშუალებას არ აძლევს მეტი დახარჯოს როგორც სოციალურ პროგრამებში, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ამოღებული თანხებით ოფიციალური მადრიდი ესპანეთის სხვა, უფრო ღარიბი რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს. მაგრამ კატალონიელთა ბრაზს იწვევს ის, რომ ზოგიერთ სხვა რეგიონში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უკვე მეტია ვიდრე თვითონ კატალონიაში. რეგიონში ფრაზა ‘მადრიდი ჩვენ გვძარცვავს’ აქტიურად მუსირებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ მდიდარი რეგიონებიდან მეტი თანხის ამოღება და ღარიბი რეგიონების განვითარებისთვის გამოყენება აპრობირებული მეთოდია, მაგრამ კატალონიის შემთხვევა განსხვავებულია. კატალონიელები თავს სხვა ერად თვლიან, რომელთაც საკუთარი ენა, კულტურა და ცხოვრების წესი გააჩნიათ და არ სურთ მისი ისტორიული მეტოქის მათი სახსრებით განვითრება-გამდიდრება.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფები ავითარებენ არგუმენტს, რომ კატალონია მარტო უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდება, მაგრამ ორგანიზაცია Societat Civil Catalana-ს კვლევის მიხედვით, ესპანეთისგან გამოყოფის შემთხვევაში კატალონია 400 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს დაკარგავს, 30%-ს აცდება უმუშევრობა და 20 მილიარდი ევროთი ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევა რეგიონში. ესპანეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებლობის შემთხვევაში კატალონიის ეკონომიკა 30%-ით შემიცრდება. იგი ავტომატურად დატოვებს ევროზონასაც და მის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო პროდუქტების 75%-ზე ტარიფები დაუწესებდა.

მიუხედავად არსებული მწვავე სიტუაციისა, კატალონია საკუთარი დამოუკიდებლობის სურვილში ერთიანი არ არის. როგორც პოლიტიკური, ასევ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო ბოლო გამოკითხვებით, კატალონიაში ამომრჩეველთა მეტი წილი დამოუკიდებლობას არ ემხრობა (49%), მას მხარს მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი უჭერს (41%). მოწინააღმდეგეთა შორის თავად ბარსელონას მერი ადა კოლაუცაა. მაგრამ ისიც, როგორც კატალონიელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფერედუმის ჩატარების მომხრეა. მაგრამ ამგავრი სიტუაცია შეიძება დიდხანს არ შენარჩუნდეს. ბოლო დღეებში გამძაფრებულმა სიტუაციამ და რაჰოის მთავრობის მიერ მდგომარეობის ესკალაციამ ძალადობრივი ინსტრუმენტებით, რთული გახადა პოლარიზებულ საზოგადოებაში შუალედური პოზიციის ქონა და შესაძლბელია დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

საერთაშორისო გამოხმაურება

კატალონიაში მიმდინარე პროცესებში ოფიციალური ბრიუსელი ნაკლებად აქტიურობს. ევროპის კავშირს წევრი ქვეყნების შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩარევის შესაძლებლობა და ლეგიტიმაცია ნაკლებად გააჩნია. როგორ ბრიუსელში, ასევე სხვა წევრი ქვეყნის ლიდერები ესპანეთის მთავრობას მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოქალაქეებს ნების გამოხატვის თავისუფლება მისცეს, დაიცვან კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

კატალონიის მიერ ესპანეთის დატოვებას მისი ევროპის კავშირის ეკონომიკური სივრციდან და შენგენის ზონიდან ავტომატურად გასვლა მოჰყვება. გაერთიანებაში დასაბრუნებლად ბარსელონას ორგანიზაციის წევრობისთვის აპლიკაციის შეტანა თავიდან მოუწევს. გაერთაინების პროცედურას კი წლები ესაჭიროება. ბუნებრივია, კატალონიის ევროპულ კავშირში ინტეგრაცია ოფიციალური მადრიდი დაბლოკავს და რეგიონის მისწრაფება შესაძლოა, მხოლოდ სურვილად დარჩეს. მადრიდმა შესაძლოა ეკონომიკური ემბარგოც კი დაუწესოს რეგიონს. თუკი კატალონია ამ პირობებში დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, მის გარეშე თავად ესპანეთსაც, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურად გაუჭირდება. თავად ევროპის კავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომელთაც საკუთარი სეპარატისტული პრობლემები გააჩნიათ, გაერთიანების წევრი ქვეყნიდან ახალი სახელმწიფოს მარტივად და უვნებლად წარმოქმნა, რაც თანამედროვე ევროპულ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ, სამართლებრივ პრეცედენტს შექმნის, მიუღებელია.

დღეს ევროპის კავშირი იმ დილემის წინაშე დგას, რაც ათწლეულებია საერთაშორისო სამართალს აწუხებს. 1918 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო უილსონის მიერ ინიცირებული პრინციპი, რომ ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება და უფლება თავად გადაწყვიტოს ვისი სუვერენიტეტის ქვეშ იქნება, გაერთიანებული ერების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპიცაა. ამასთანავე, გაერო ქვეყნების ტერიტორიული ურღვევობის პრინიცპსაც აღიარებს.

მიუხედავად საერთაშორისო სამართალში ამ პრინციპის არსებობისა, ერის თვითგამორკვევის პროცესი პრაქტიკაში იოლად იშვიათად თუ ხდება. ახალი სახელმწიფოს წარმოქმნა უმეტესწილად სისხლიან კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაღების ხარჯზე ხდება. ამას თანამედროვე - კოსოვოსა და სამხერთ სუდანის მაგალითებიც მოწმობს.

პოლიტიკური ერთეულის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევას რამდენიმე დეტერმინანტი განაპირობებს: დაქვემდებარებული სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემა; როგორც ცენტრის, ასევე ერთეულის პოლიტიკური ელიტის ხასიათი; საერთაშორისო მდგომარეობა - აქვს თუ არა პოლიტიკურ ერთეულს მხარდაჭერა და შეუძლია მას თუ არა ცენტრის დისკრიმინაცია, ისე რომ საერთაშორისო საზოაგდოებამ მასზე ზეწოლა განხორციელოს; არსებობისთვის საჭირო მნიშვნელოვანი რესურსები; მსხვერპლის გაღების ნებელობა და ა.შ. ხშირად, კატალონიის დამოუკიდებლობის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ანალიტიკოსებს არგუმენტად სწორედ ეს უკანასკნელი პირობა მოჰყავთ ხოლმე.

თანამედროვებაში ერი-სახელმწიფოს იდეის შესუსტების ტენდენციის მიუხედავად, ძალადობის გარეშე მათი დაშლა ან მისი ნაწილის ლეგიტიმურად გამოყოფა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. საბოლოოდ, საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ არ არსებობს დამოუკიდებლობის მოპოვების ოპტიმალური, იოლი გზა. თავის დროზე სახელმწიფოების ტერიტორიული ურღვევობის პრინციპი ქვეყნებს შორის ომების, საზღვრების უკანონოდ შეცვლის და სეპარატისტული ამბოხებების გასანელებლად იქნა აღიარებული, ხოლო თვითგამორკვევის უფლება დიქტატორული ან ოკუპანტი რეჟიმებისგან მოქალაქეთა ჯგუფის დასაცავად. თანამედროვებაში რეალობა რადიკალურად შეცვილილია და აღნიშნული პრინციპები პრაქტიკას აღარ ესადაგება. 


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდესსაზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას 

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

02 October 2017

თურქული გამბიტი

02 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

02 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

02 October 2017

ობამა

02 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

02 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

02 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

02 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

02 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

02 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

02 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

02 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

02 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

02 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

02 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

02 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

02 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

02 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

02 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

02 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

02 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

02 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

02 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

02 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

02 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

02 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

02 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

02 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

02 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

02 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

02 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

02 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

02 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

02 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

02 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

02 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

02 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

02 October 2017

უნგრული სუვერენულობა

02 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

02 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

02 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

02 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

02 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

02 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

02 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

02 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

02 October 2017

დასავლური გახლეჩა

02 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

02 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

02 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

02 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

02 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

02 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

02 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

02 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

02 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

02 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

02 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

02 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

02 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

02 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

02 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

02 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

02 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

02 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

02 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

02 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

02 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

02 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

02 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

02 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

02 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

02 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

02 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

02 October 2017