09 October 2017
  • 1021 ნახვა

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

ევროპამ მიაღწია ინტეგრაციის მაღალ დონეს: ერთიანი ეკონომიკური, ფინანსური, სამართლებრივი სივრცე ბებერი კონტინენტის ქვეყანათა უმრავლესობას აერთიანებს. უდიდესი უპირატესობების გარდა ამ პროცესს ზოგიერთის აზრით, ნეგატიური მხარეებიც ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ქვეყნების მიერ საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილის ზესახელმწიფოებრივი ორგანოების სასარგებლოდ დათმობა. ამის პარალელურად, თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთი თავისებურება სეპარატიზმის პრობლემების გამწვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ თავად სახელმწიფოები ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან, მათი შემადგენელი ნაწილები საპირისპიროდ - ავტონომიის და დამოუკიდებლობის მიღებას ცდილობენ. კატალონია, შოტლანდია, ვალონია და ბასკეთი ამის ნათელ მაგალითებს წარმოადგენენ.

სახელმწიფოები სეპარატიზმის პრობლემას სხვადასხვაგვარად წყვეტენ. ერთი ნაწილი რეგიონების გამოყოფის შესაძლებლობას უშვებს, მეორე ნაწილი კი მას მძაფრად ეწინააღმდეგება. რა არის განსხვავებული მიდგომების მიზეზები? შესაძლებელია თუ არა კომპრომისი ცენტრსა და დამოუკიდებლობის მსურველ პროვინციას შორის?

 

სუვერენიტეტის პარადოქსები

სუვერენიტეტის ცნება მეცნიერებს, პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მოღვაწეებს შორის დღემდე დავის საგანს წარმოადგენს. ზოგადი გაგებით სუვერენიტეტი გულისხმობს სახელმწიფოს ძალაუფლების არსებობას განსაზღვრულ ტერიტორიასა და მოსახლეობაზე. საბოლოოდ დამკვიდრდა რა ევროპულ სისტემაში ვესტფალიის ზავის შემდეგ, ეს საფუძველმდებარე პრინციპი დანარჩენ სამყაროზეც გავრცელდა მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში დანარჩენი მსოფლიოს ჩართვა დაიწყეს.

დროთა განმავლობაში იმის გაგება, თუ რა არის სუვერენიტეტის წყარო, იცვლებოდა. თუ XVII საუკუნეში მის ქვეშ უმრავლესობა მონარქს მოიაზრებდა, ამერიკის და საფრანგეთის რევოლუციების შემდეგ დამკვიდრდა იდეა, რომ სუვერენიტეტი ხალხისგან ან ერისგან მომდინარეობს. XX საუკუნემ ეს ტენდენცია გაამყარა: ხალხთა თვითგამორკვევის უფლება პოლიტიკურ დისკურსში შევიდა.  

XX საუკუნის მეორე ნახევარში თითქოს სუვერენიტეტთან დაკავშირებული დღის წესრიგი შეიცვალა. გლობალიზაციის და ინტეგრაციის პროცესებმა, რომელიც არა მხოლოდ ევროპის კონტინენტს, არამედ სხვა რეგიონებსაც ახასიათებდა, ბევრს მისცა ფიქრის საფუძველი, რომ აღნიშნულმა კონცეპტმა აქტუალობა დაკარგა. საერთაშორისო კოოპერაციის, ვაჭრობის, ინფორმაციული ურთიერთდამოკიდებულების დონის სწრაფმა ზრდამ ბევრი დაარწმუნა, რომ მომავალი თანამშრომლობის ახალ ფორმებშია, რომელიც სუვერენული ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებს მიღმა გადის. ყველაზე ნათელ არგუმენტად კი ევროპის კავშირის პროექტი ჩანდა, რომელმაც მრავალრიცხოვანი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების გადაჭრა შეძლო. 

თუმცა ინტეგრაციული პროცესების გაძლიერებასთან ერთად, რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის ზესახელმწიფოებრივ დონეზე გაერთიანება იყო, გარკვეულმა რეგიონებმა აქტიურად დაიწყეს სუვერენული სახელმწიფოს უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლა. ევროპის კავშირი ამის ნათელ მაგალითადაც იქცა. ამასთან, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, დამოუკიდებლობის მოძრაობათა დიდი ნაწილი საკუთარი რეგიონების მომავალს ევროპის კავშირის შემადგენლობაში ხედავს. კატალონია და შოტლანდია გეგმავენ გახდნენ სუვერენული სახელმწიფოები, რათა ევროკავშირში შესვლით სწრაფადვე თქვან უარი საკუთარი ნანატრი სუვერენიტეტის ნაწილზე. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ევროკავშირის შემადგენლობაში უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება დაიცვას საკუთარი, რეგიონული ინტერესები, ვიდრე დიდი ქვეყნის საზღვრებში. თავისთავად, შიში, რომ შოტლანდიას დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის შემდეგ გაუჭირდებოდა ევროკავშირის შემადგენლობაში შესვლა, ერთ-ერთი გადამწყვეტ ფაქტორად იქცა 2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე.  

რჩება მნიშვნელოვანი საკითხი - როგორ ხდება გამოყოფა. ლეგიტიმურ საშუალებად ითვლება პლებისციტი. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაუშვას მისი ჩატარება, რაც მას ავტომატურად აიძულებს დაეთანხმოს შედეგებსაც. რა აიძულებს ხელისუფლებას წავიდეს ან არ წავიდეს ამ ნაბიჯზე? მადრიდი კატეგორიული წინააღმდეგია კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების, ხოლო შოტლანდიამ მისი ჩატარების უფლება მოიპოვა.

მიდგომებში განსხვავებას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ეკონომიკური, პოლიტიკური და იურიდიული, ასევე ისტორიული განვითარების თავისებურებები. დიდ როლს თამაშობს სუვერენიტეტის განსხვავებული გაგებაც: ესპანეთში იგი დაფიქსირებულია კონსტიტუციაში, ხოლო დიდი ბრიტანეთში დაწერილი კონსტიტუციის არარსებობის პირობებში პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნდა ინსტრუმენტი დაპირისპირებოდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას.

 

სუვერენიტეტის გაგება: ისტორიული რაკურსი

ორივე მონარქია სამეფო ძალაუფლების ინსტიტუტის ირგვლივ სხვადასხვა ტერიტორიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. შოტლანდიაც და კატალონიაც დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებელ ერთეულებად ითვლებოდნენ, რომელთაც ინგლისსა და კასტილიასთან საერთო მეფე აკავშირებდა. საბოლოო შერწყმა დაახლოებით ერთ დროს მოხდა. ინგლისის და შოტლანდიის გაერთიანება (დიდი ბრიტანეთის შექმნა) დასრულდა 1707 წელს უნიის აქტით. ესპანელმა ჰაბსბურგებმა დაყოფილი მიწების უნიფიცირება ერთიანი სახელმწიფოს საზღვრებში ვერ მოახერხეს. მხოლოდ ესპანეთის ტახტისთვის ბრძოლის დასრულების და ბურბონების დინასტიის დამყარების შემდეგ, 1713 წელს ქვეყანამ მოახერხა ერთიანი იურიდიული, ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცის შექმნა და შუასაუკუნეობრივი ფუეროსის (წესების და პრივილეგიების ნაკრები, რომელიც კატალონიის გამორჩეული მდგომარეობის გარანტი იყო ესპანეთში) გაუქმება. 

გაერთიანების პროცესი ბრიტანეთის კუნძულებზე განსხვავდება პირენეის ნახევარკუნძულზე განვითარებული პროცესებისგან. ინგლისისა და შოტლანდიის უნიის აქტის თანახმად შეიქმნა ერთიანი სამეფო საერთო პარლამენტით (სამეფო ხელისუფლება ერთიანი იყო უკვე XVII საუკუნის დასაწყისიდან). შოტლანდიის წარმომადგენლებმა გარანტირებულად მიიღეს განსაზღვრული რაოდენობის მანდატები პარლამენტში. რეგიონი ინარჩუნებდა ავტონომიის ნაწილს, მათ შორის სამართლებრივ სისტემას, რელიგიას და განათლების სისტემას. თუ ესპანეთში გაერთიანება ხდებოდა აბსოლუტისტური მეთოდით ანუ სამეფო დეკრეტის გამოცემით, დიდ ბრიტანეთში იგი მოხდა ორი პარლამენტის მოლაპარაკებების გზით. ამან განაპირობა შოტლანდიის გამორჩეული მდგომარეობა ერთიანი სამეფოს შიგნით.

მიდგომებს შორის განსხვავებამ გარკვეულწილად განაპირობა განსხვავება ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობას შორის. თუ ესპანეთში ხელისუფლება ემყარებოდა ცენტრის ძალას, მის ბრძანებებს, დიდ ბრიტანეთში ლონდონის ძალაუფლების წყაროდ იქცა შეთანხმება, რომლის მიღწევაც ვაჭრობის შედეგად მოხერხდა. საინტერესოა, რომ სტიუარტების მომხრეთა აჯანყებები, რომელიც შოტლანდიაში 1746 წლამდე გაგრძელდა (მათ იაკობინურის სახელითაც მოიხსენიებენ), მკაცრად იხშობოდა და გარკვეული კულტურული შეზღუდვებიც გამოიწვია (მაგალითად, კილტის ტარების აკრძალვა), თუმცა მას არ მოჰყოლია პრივილეგიების გაუქმება, რომლითაც რეგიონი უნიის აქტის მიხედვით სარგებლობდა.

XIX საუკუნეში შოტლანდია ეკონომიკურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონად, ხოლო კატალონია - ესპანეთის ყველაზე განვითარებულ პროვინციად იქცა. ამასთან კატალონიაში ასწლეულის მეორე ნახევარში შეიქმნა ძლიერი ნაციონალისტური მოძრაობა პოლიტიკური და კულტურული ავტონომიის მოთხოვნით. შოტლანდიაში იმავე XIX საუკუნეში მსგავსი სიძლიერის კულტურული მოძრაობა არ არსებობდა. არ შექმნილა პოლიტიკური კავშირებიც, რომლებიც მიზნად ავტონომიურობის გაფართოებას დაისახავდნენ.

დეცენტრალიზაციის პროცესი, ცენტრიდან რეგიონისთვის ძალაუფლების გადაცემა, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ერთ დროს - XIX-XX საუკუნეების გასაყარზე დაიწყო. 1885 წელს აღდგა „შოტლანდიის ოფისი“ - სახელისუფლებო ორგანო, რომელიც 1746 წელს გაუქმებამდე შოტლანდიის საქმეებით იყო დაკავებული. თავდაპირველად მას უნდა მოეგვარებინა განათლების და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის საკითხები, თუმცა თანდათან მოქმედების სფერო გაფართოვდა: მასში ჩართეს ადგილობრივი სამართალწარმოების და ჯანდაცვის საკითხებიც. იგი სულ უფრო ჩამოყალიბდა შოტლანდიურ ორგანოდ და არა ბრიტანეთის მმართველობის ინსტიტუტად. მაგალითად, 1939 წელს გაჩნდა მისი სათაო ოფისი ედინბურგში. ამ დროს შოტლანდიის ოფისი უკვე რეგიონის მიწების საკუთრების საკითხებსაც არეგულირებდა. 1914 წელს მადრიდმა დაუშვა კატალონიური თანამეგობრობის (La Mancomunidad de Cataluña) შექმნა, რომელიც ერთი რეგიონის პროვინციებს საშუალებას აძლევდა საერთო პრობლემების გადასაჭრელად ძალისხმევის კოორდინირება მოეხდინათ. ამისთვის შეიქმნა კატალონიური პროვინციების დეპუტატთა საბჭო, რომელიც ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო და კულტურული საკითხებით იყო დაკავებული.

XX საუკუნის განმავლობაში შოტლანდიამ ცენტრისგან სულ უფრო მეტი მმართველობითი უფლება მიიღო. პროცესის კულმინაციად იქცა 1999 წელს შოტლანდიის პარლამენტის შექმნა. კატალონიის და ესპანეთის ხელისუფლების ურთიერთობა გასულ საუკუნეში უფლებების და თავისუფლებების მკაცრი ჩახშობის (1874-1885 წლების რესტავრაციის დასაწყისი, მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურა, ფრანკოს დიქტატურა) და ფართო ავტონომიური უფლებების მინიჭების (პირველი რესპუბლიკა, მეორე რესპუბლიკა, „ტრანზისიონის“ პერიოდი) მონაცვლეობაა.

 

ეკონომიკური საკითხები

ეკონომიკური განვითარების დონეში სხვაობა პროვინციასა და ქვეყნის ძირითად ნაწილს შორის დამოუკიდებლობის საკითხის წამოჭრაში გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება. მაგალითად, შოტლანდიის ნაციონალური პარტია 1934 წელს გაჩნდა, თუმცა მისმა ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ მოახერხა ბრიტანეთის პარლამენტში შესვლა 1970-იან წლებამდე, სანამ შოტლანდიის სანაპირო შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მდიდარი საბადოები არ აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე შოტლანდია ეკონომიკური მაჩვენებლებით დიდ ბრიტანეთს ჩამორჩება. თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე მთელ ქვეყანაში 43 ათასი დოლარია, შოტლანდიაში იგი 32 ათას დოლარს შეადგენს. ამასთან შოტლანდიაში აქტიურად არის შენარჩუნებული კეთილდღეობის სახელმწიფოს საფუძვლები, როდესაც დანარჩენ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის პერიოდიდან მოყოლებული იგი თანდათან შეიზღუდა. შოტლანდიელი ნაციონალისტები ხშირად საუბრობენ სოციალური დაცვის პრობლემაზე და რეგიონზე სუვერენურ უფლებას იმ ფაქტზე აფუძნებენ, რომ შოტლანდიელებს უფრო სურთ კეთილდღეობის სახელმწიფო, ვიდრე ინგლისელებს. რეგიონის ეკონომიკური უპირატესობის საკითხები დანარჩენ დიდ ბრიტანეთზე წინა პლანზე იშვიათად გამოდის. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმი, სადაც ორიენტაცია მოქალაქეთა სოციალურ მხარდაჭერაზე ძლიერია, გარკვეულწილად გამოხატავს ამ განწყობას შოტლანდიაში.      

განსხვავებული სიტუაციაა კატალონიაში. ბასკეთთან ერთად იგი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქვეყნის სამრეწველო განვითარების ლიდერია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე კატალონიაში შეადგენს 28,9 ათას დოლარს, ხოლო ესპანეთში - საშუალოდ 23,3 ათას დოლარს. სწორედ ეკონომიკური ასპექტები იქცა დამოუკიდებლობის მომხრეთა ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტად, თუმცა ეს მოვლენა შედარებით ახალია (2000-იანი წლების ბოლომდე ავტონომიის მოთხოვნები აგებული იყო კულტურული და ენობრივი იდენტობის დაცვის ირგვლივ). საკვანძოდ იქცა რეგიონების ფინანსური გათანაბრების პრობლემაც, კერძოდ კი განვითარებული პროვინციებიდან ღარიბ პროვინციებში რესურსების გადაქაჩვის საკითხი. ესპანეთის კონსტიტუცია რეგიონებს გარკვეული სახის ფინანსურ ავტონომიის გარანტიას აძლევს, რომელიც სოციალური სფეროს მხარდასაჭერადაა საჭირო (მუხლი 156). თუმცა მომდევნო მუხლი ამოქმედებს ტერიტორიათშორის საკომპენსაციო ფონდს (Fondo de Compensación interterritorial), რომლის თანახმადაც ყველაზე შეძლებული რეგიონები დანარჩენ რეგიონებს უნდა დაეხმარონ (მუხლი 157).

შედეგად კატალონია იქცა ერთ-ერთ რეგიონად, რომელიც საერთო სახელმწიფო ბიუჯეტში დანარჩენებზე მეტს იხდის. იგი იკავებს მეორე ადგილს მადრიდის შემდეგ. კატალონიელი ნაციონალისტები ამას უსამართლობად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ესპანეთი ზღუდავს მათ სუვერენულ უფლებას განკარგონ საკუთარი შემოსავლები.

 

იურიდიული ტრადიციები და სუვერენიტეტი

შოტლანდიის და კატალონიის ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლომდე ვერ ხსნიან რეგიონების გამოყოფისადმი ლონდონსა და მადრიდს შორის დამოკიდებულებების განსხვავებას. პასუხი უნდა ვეძებოთ განსხვავებული სამართლებრივ აზროვნებაში და ამ დროს გავითვალისწინოთ ორი საკვანძო მომენტი.

უპირველეს ყოვლისა, დიდი ბრიტანეთის, როგორც შოტლანდიის და ინგლისის კავშირის ისტორიული მოცემულობა პირველს სუვერენიტეტის მოთხოვნის უფლებას აძლევს. ეს აღიარებულია ლონდონის მიერ დიდი ხნის განმავლობაში: ამის შესახებ წერდა მოგონებებში მარგარეტ ტეტჩერი, ამ უფლების ანალიზით იწყება მოხსენება „შოტლანდიური ანალიზი: დევოლუცია და შოტლანდიური დამოუკიდებლობის მნიშვნელობა“, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში 2013 წელს წარადგინეს. მეორე მხრივ, შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ 2011 წელს ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, სადაც უმრავლესობა მიიღო - 69 მანდატი 129-დან, რამაც მას საშუალება მისცა წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზაცია მოეხდინა.

არჩევნების შედეგების მსგავსი აღქმა ბრიტანული პოლიტიკური სივრცის მთელი სპექტრისთვისაა დამახასიათებელი. ლეიბორისტი ანას სარვარი 2013 წლის იანვარში ამბობდა: “... შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ მოიპოვა რეფერენდუმის ჩატარების მანდატი. მან მიიღო უფლება, საარჩევნო პროგრამის თანახმად, კითხვა დაუსვას შოტლანდიელ ხალხს“. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა კონსერვატორული პარტიის წევრმა აიენ სტიუარტმა: „მე დემოკრატი ვარ და მესმის, რომ შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა შოტლანდიის პარლამენტში. დამოუკიდებლად იმისა, თუ რას აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, იყო თუ არა კონსტიტუციური საკითხი პოლიტიკური დებატების ცენტრში საარჩევნო კამპანიის დროს, იგი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის პოლიტიკურ პროგრამის ნაწილია და მან მიიღო იდეალური ლეგიტიმაცია რეფერენდუმის ჩატარებაზე.

ყველაფერ ამას ხელს უწყობდა ედინბურგის შეთანხმების ხელმოწერა, რომელმაც 2014 წლის რეფერენდუმის ძირითადი პირობები განსაზღვრა: „ნათელი კითხვა“ და პლებისციტის ჩატარების მონიტორინგი საარჩევნო კომისიის (electoral commission) მხრიდან. ბრექსიტის შემდეგ, შეიქმნა სხვა სიტუაცია. ახლა ბრიტანეთის ხელისუფლება ნაკლებად არის მოწადინებული მისცეს შოტლანდიას ახალი რეფერენდუმის ჩატარების უფლება. ეს შეიძლება დავუკავშიროთ იმ ფაქტს, რომ შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას არ აქვს ისეთი სოლიდური მანდატი, როგორც ადრე. შოტლანდიელი ნაციონალისტების ხელისუფლება - უმცირესობის ხელისუფლებაა, რადგან 2016 წლის არჩევნებზე მათ პარლამენტში 63 ადგილი მიიღეს.

კატალონიის შემთხვევაში რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლება სრულიად განსხვავებული იურიდიული საფუძვლიდან ამოდის. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ესპანეთში არსებობს მკაცრად გაწერილი კონსტიტუცია. ამიტომაც ესპანურმა რეგიონმა უნდა მოძებნოს სამართლებრივი საფუძველი შესაძლო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ესპანეთის კონსტიტუცია რეგიონებს ფართო ავტონომიის გარანტიას აძლევს (მუხლი 3), უზრუნველყოფს მათ კულტურულ და ენობრივ თვითმყოფადობას (მუხლი 4). თუმცა ეს მათ არ აძლევს რეფერენდუმების და „სახალხო კონსულტაციების“ ჩატარების უფლებას, რომელიც სახელმწიფოს „განსაკუთრებულ“ პრიორიტეტად რჩება (მუხლი 149 პარაგრაფი 32ა). 2006 წელს კატალონიამ სცადა ახალი ავტონომიური სტატუსის მიღება, რომლის 122 მუხლშიც განისაზღვრებოდა პროვინციის უფლება ჩაეტარებინა რეფერენდუმი. თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა 2010 წელს ეს მუხლი დაბლოკა. შემდეგ 2013 წლის იანვარში კატალონიის პარლამენტმა მიიღო „დეკლარაცია სუვერენიტეტის და კატალონიელი ხალხის გადაწყვეტილების მიღების უფლების შესახებ“. მასში დაფუძნებული იყო რეგიონის მოსახლეობის უფლება გადაეწყვიტა საკუთარი პოლიტიკური მომავალი ცხრა პრინციპზე დაყრდნობით: სუვერენიტეტი, დემოკრატიული ლეგიტიმაცია, გამჭვირვალობა, დიალოგი, სოციალური მდგრადობა, ევროპეიზმი, კანონიერება, პარლამენტის უზენაესობა, საყოველთაო ჩართულობა. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა კატალონიის ამ უფლების აღიარებაზე, დაეყრდნო რა კონსტიტუციის ზემოთ მოყვანილ მუხლებს.

შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში სუვერენიტეტის უფლება განიხილება პერმანენტული პლებისციტის შედეგად. ანუ თუ არჩევნებზე გაიმარჯვებს პარტია, რომელიც მხარს უჭერს რეფერენდუმს ამა თუ იმ საკითხზე, ლონდონის თვალში ასეთი პროგრამის გამარჯვება მას მოქმედების უფლებას მისცემს. ესპანეთში სუვერენიტეტის უფლება დიდი ხანია განიხილება მთელი ესპანელი ხალხის უფლებად, რომელიც 1978 წლის კონსტიტუციის რეფერენდუმზე მიიღეს.

 

სუვერენიტეტის ალტერნატიული გაგება

კატალონიის და შოტლანდიის შემთხვევები იმის მაგალითია, რომ რეგიონები ცდილობენ გამოვიდნენ სახელმწიფოს შემადგენლობიდან, რათა იქცნენ ახალ სახელმწიფოებად და მიიღონ იგივე უფლებები. საერთაშორისო ურთიერთობების რაიმე სახის ღირებულებითი ცვლილება, სადაც მთავარ სუბიექტებს სუვერენული ქვეყნები წარმოადგენენ, არ განიხილება.

ამასთან ევროპაში დრო და დრო ჩნდება ე.წ. მესამე გზის კონცეფცია. თანამედროვე დასავლური სამყაროსთვის დამახასიათებელია მრავალგვარი იდენტობის კონცეფციის აღზევება. ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები თავს არა მხოლოდ მის მოქალაქეებად, არამედ სხვა საზოგადოების - რეგიონულის, საერთოევროპულის, დასავლურის წევრებადაც მიიჩნევენ. საუკეთესოდ ამ მოვლენას აღწერს ტერმინი „ახალი შუა საუკუნეები“. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ინგლისური სკოლის დამფუძნებელი ჰედლი ბული ტრადიციული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გაბუნდოვანებაზე და ერთგვარად ვესტფალიის ზავამდე არსებულ ურთიერთობათა სისტემამდე დაბრუნებაზე საუბრობს, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება სხვადასხვა სუბიექტებს გააჩნდათ. ეს შეიძლება ყოფილიყო ეკლესია, გრაფი, იმპერატორი და ა.შ. ჩვენს დროში ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გარდა ძალაუფლებას ფლობს სხვა არასახელმწიფო ორგანოებიც, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის რეგიონი ფართო უფლებამოსილებას იღებს საერთაშორისო არენაზე მოქმედებისთვის.

ამ მხრივ გამორჩეულია ბასკეთის მაგალითი, რომელმაც ესპანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში ფართო ავტონომია მოიპოვა. ფრანცისკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ მან მიიღო შესაძლებლობა დამოუკიდებლად აეკრიფა გადასახადები, რომლის განსაზღვრული ნაწილიც უნდა გადაერიცხა ესპანეთის ეროვნულ ბიუჯეტში. დანარჩენი რეგიონები მიღებულ შემოსავლებს გადასცემენ მადრიდს, რომელიც შემდეგ მისი გადანაწილებით არის დაკავებული. ესპანეთში გრძელდება დავა იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს ამ პრივილეგიის წყაროს. ბასკეთში მას განიხილავენ ბასკური პროვინციების ბუნებრივ და ხელშეუხებელ ისტორიულ უფლებად, რომელიც ესპანეთის ხელისუფლებამ XIX საუკუნის ბოლოს ჩამოართვა და ხაზს უსვამენ მის კონსტიტუციამდელ ხასიათს. მადრიდში კი მასში 1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციის საჩუქარს ხედავენ. ანუ, თუ დედაქალაქში სუვერენიტეტის წყაროდ აღიქმება საერთოესპანური კანონმდებლობა, ბასკეთში ცდილობენ გაამყარონ იდეა ესპანეთის სახელმწიფოს და რეგიონის კერძო ან საერთო სუვერენიტეტის შესახებ.

ამ უფლებების გაფართოების მცდელობას ადგილი ჰქონდა 2000-იანების შუა წლებში. 2005 წელს ბასკეთის პარლამენტმა ესპანეთის კორტესებში გააგზავნა იბარეჩეს გეგმა, რომელსაც ბასკეთის რეგიონული ხელისუფლების ხელმძღვანელის სახელი ეწოდა. იგი გულისხმობდა ესპანეთის შემადგენლობაში ბასკეთის, როგორც თავისუფალი ასოციაციის არსებობას. ამასთან გამორიცხული არ იყო ამ მდგომარეობის შეცვლა, ანუ ქვეყნის შემადგენლობის დატოვება თვითგამორკვევის უფლების თანახმად. გეგმაში გაწერილი იყოს ის უფლებები, რომელიც მადრიდს რჩებოდა: თავდაცვა, საბაჟო პოლიტიკა, სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეული ნაწილი. საგარეო პოლიტიკა ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას რჩებოდა, თუმცა ბასკეთი არ უნდა შეზღუდულიყო საგარეო არენაზე მოქმედებაში, როგორც ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული. მაგალითად, ბასკეთს უნდა ჰქონოდა საკუთარი წარმომადგენლობა ევროკავშირის ინსტიტუტებში, თუმცა არ იყო შემუშავებული მათი ესპანურთან ურთიერთობის მექანიზმი. განცალკევებულად განიხილებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის სფეროები, უპირველეს ყოვლისა სოციალური გარანტიები და ხელფასები, რომლის ტვირთიც როგორც რეგიონულ ხელისუფლებას, ასევე მადრიდს დაეკისრებოდა. დაგეგმილი იყო ბასკეთის მოქალაქეობის შემოღება, რომლის მიღებაც შეეძლო ყველას, რომელიც ცხოვრობს ბასკეთის ტერიტორიაზე ან მის მიღმა, თუმცა აქვს ბასკური წარმოშობა. ამ გეგმის მოქმედების ზონაში შედიოდა ბასკეთი, ნავარა და საფრანგეთის ბასკური პროვინციები.    

გეგმა სხვადასხვა მხრიდან გააკრიტიკეს. რადიკალი ბასკი ნაციონალისტები მას არსებული მდგომარეობის მოდიფიკაციად მიიჩნევდნენ. საერთოესპანური კონსერვატიული სახალხო პარტია კი ნაბიჯად დამოუკიდებლობისკენ. ნაკლებად კრიტიკული იყო სოციალისტური პარტია, თუმცა ისიც არ უჭერდა გეგმას მხარს.

ამ გეგმაში ჩანს სუვერენიტეტისადმი მიდგომა, რომელიც განსხვავდება ტრადიციული მიდგომისგან, რომელიც ევროპულ პოლიტიკაში ბოლო 300 წლის განმავლობაში დომინირებდა. რეგიონული ხელისუფლების სწრაფვა მიიღოს წარმომადგენლობა საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომელიც საერთოესპანურის მსგავსად იმოქმედებს, შეიჭრა სფეროში, რომელიც ძირითადად განსაზღვრავდა ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტს - საგარეო პოლიტიკის წარმოება. უფრო მეტიც, მცდელობა გავრცელდეს ეს წარმონაქმნი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე - საფრანგეთის ბასკურ პროვინციებზე კიდევ უფრო აბუნდოვანებს სუვერენიტეტის გაგებას. ახალი წარმონაქმნის ნაწილი აღმოჩნდებოდა ესპანეთის მეფის იურისდიქციაში (გეგმით, სწორედ ის უნდა დარჩენილიყო სახელმწიფოს მეთაურად), ნაწილი კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ხოლო ბასკეთი შეიძენდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლებას. აღნიშნული ვითარება კი ძალზე წააგავს XVI საუკუნეს მრავალგვარი ლოალობით და ამ ლოიალობათაგან რომელიმეს უგულებელყოფის ფართო ველით. გასაკვირი არ არის, რომ ესპანეთის პარლამენტმა კანონპროექტი უარყო. ბასკეთის პარლამენტმაც კი იგი მხოლოდ 4 ხმის უპირატესობით მიიღო (39-35-ის წინააღმდეგ). მცდელობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს იმ მიმართულების, რომლისკენაც შეიძლება წავიდეს სეპარატისტული მისწრაფებების მქონდე რეგიონების მქონე სხვა ევროპული ქვეყნების რეგიონული პოლიტიკა. მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ევროპული ინსტიტუტების ორიენტაცია იპოვონ შეთანხმებული გადაწყვეტილება სადავო საკითხებში. ეს გადაწყვეტილება კი არის სუვერენიტეტის დაყოფა სახელმწიფოს სხვადასხვა დონეებზე, რეგიონებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება, მათ შორის საერთოევროპულ ინსტიტუტებში მონაწილეობის უფლების მიცემა.

შედეგად, პასუხი კითხვაზე სუვერენიტეტის წყაროების შესახებ განსაზღვრავს ხელისუფლების ქმედებას რეგიონების მიმართ, რომლებიც ავტონომიისა და დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან. პრობლემა შეიძლება გადაიჭრას არა მხოლოდ მკაცრი ოპოზიციის ჩარჩოში - დამოუკიდებლობა ან სტატუს-კვო. ევროკავშირის წარმოქმნა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს და ზესახელმწიფოებრივ ორგანოებს შორის რთული ურთიერთობათა სისტემით წარმოადგენს მდიდარ მასალას სუვერენიტეტის გადასააზრებლად, ალტერნატიული ხედვის ჩამოსაყალიბებლად, ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა დელეგირების ხელშესაწყობად. კითხვა, თუ როგორ აისახება ეს პროცესები სუვერენიტეტის გააზრებაზე, ჯერ კიდევ ღიად რჩება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

09 October 2017

თურქული გამბიტი

09 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

09 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

09 October 2017

ობამა

09 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

09 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

09 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

09 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

09 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

09 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

09 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

09 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

09 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

09 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

09 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

09 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

09 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

09 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

09 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

09 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

09 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

09 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

09 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

09 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

09 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

09 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

09 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

09 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

09 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

09 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

09 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

09 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

09 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

09 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

09 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

09 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

09 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

09 October 2017

უნგრული სუვერენულობა

09 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

09 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

09 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

09 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

09 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

09 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

09 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

09 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

09 October 2017

დასავლური გახლეჩა

09 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

09 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

09 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

09 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

09 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

09 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

09 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

09 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

09 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

09 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

09 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

09 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

09 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

09 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

09 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

09 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

09 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

09 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

09 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

09 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

09 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

09 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

09 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

09 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

09 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

09 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

09 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

09 October 2017