09 October 2017
  • 621 ნახვა

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება


“იმპერიალიზმის ხანაში, ბიზნესმენები გახდნენ პოლიტიკოსები და გამოცხადდნენ სახელმწიფო მოღვაწეებად, ხოლო სახელმწიფო მოღვაწეებს მხოლოდ მაშინ აღიქვამენ სერიოზულად, როდესაც წარმატებული ბიზნესმენების ენით საუბრობენ”.

ჰანა არენდტი, გერმანელი პოლიტიკის თეორეტიკოსი


ზოგადად, წარმატებული საარჩევნო კამპანია ეფუძნება ორ ძირითად ფაქტორს. პირველი, თუ რამდენად არის ის აგებული რეალურ გარემოებებზე და მეორე, როგორ არის დასახული ის ადეკვატური მიზნები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი გახდება არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში, თბილისის მერობის კანდიდატები ძირითადად იყენებენ პოპულისტურ პოლიტიკურ სტრატეგიებს, თუმცა კანდიდატები ეკლექტურად პიზიციონიერებენ საჯარო სივრცეში. კანდიდატების რიტორიკას, მოქმედების სტილსა და პოლიტიკურ ენას შორის არის, როგორც გარკვეული იმიტაციები ასევე განსხვავებები. წარმოდგენილი წერილი მიმოიხილავს თბილისის მერობის კანდიდატების პოლიტიკურ სტრატეგიებსა და პოზიციონირების სტილს ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციისთვის.

კახა კალაძე - ქათული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

კახა კალაძის პოლიტიკური სტრატეგია ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ძირითადად ორიენტირებულია ყველა სოციალური ფენის მოზიდვაზე. ის მეტწილად თავს წარმოაჩენს ახალგაზრდა და ენერგიულ ლიდერად, რომელიც პოლიტიკური და კულტურული ელიტების მხარდაჭერით სარგებლობს. კალაძე ასევე პოზიციონირებს როგორც წარმატებული სპორტსმენი, რომელიც ცდილობს მისი სპორტული გამოცდილება და კონტაქტები გამოიყენოს ამომრჩეველთა სიმპათიების გასაზრდელად. მაგალითად, იგივე საფეხბურთო მატჩში თბილისში, საქართველოსა და მსოფლიო ვარსკვლავებს შორის, რომელმაც ამომრჩეველზე ემოციურად იმოქმედა, იყო ერთგვარი სტრატეგია საარჩევნო კამპანიაში.

ასევე, კალაძის რიტორიკა ეფუძნება თბილისში გარკვეული კულტურული ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის იმას, რომ თბილისი უნდა გახდეს ერთგვარი გართობის ქალაქი. ამ როტორიკით კალაძე ალბათ ცდილობს წარმოჩინდეს როგორც ახალგაზრდების სასურველი კანდიდატი, რომელიც ორიენტირებულია იმისკენ, რომ მათი ცხოვრება უფრო სახალისო და ბოჰემური გახადოს. ცხადია, ასეთი  მიდგომა და ასევე ამას დამატებული მისი სპორტული აქტივობები, ალბათ ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ამომრჩეველთა მობილიზაციას მის მხარდასაჭერად. თუმცა, რამდენად წარმოადგენს გართობა და ღამის ცხოვრება თბილისელი ახალგაზრდების უმთავრეს საჭიროებას, ეს ცალკე განხილვის საგანია.

კალაძე აგრეთვე ცდილობს წარმოჩინდეს როგორც იმ მმართველი ძალის ლიდერი, რომელმაც შეძლო სააკაშვილის სისტემის დამარცხება და შესაბამისად მოიტანა მეტი თავისუფლება და დემოკრატია, რასაც ის ხშირად  უსვამს ხაზს. უფრო კონკრეტულად, კალაძე მიყვება ქართული ოცნების იმ დღის წესრიგს, რომელიც ეფუძნება არსებული ხელისუფლების მორალური, ჰუმანისტური და ეთიკური უპირატესობების წარმოჩინებას სააკაშვილის ხელისუფლებასთან შედარებით.

ზაალ უდუმაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რადგან ზაალ უდუმაშვილი წარმოადგენს ოპოზიციური პარტიის კანდიდატს, ცხადია, მისი პოლიტიკური კამპანიის სტრატეგია ორიენტირებულია ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მობილიზაციაზე და ასევე ისეთ ამომრჩევლებზე, რომლებიც თვლიან, რომ პარტიამ კათარზისი განიცადა. უდუმაშვილი პოზიციონირებს როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ლიდერი, ვინც მისი აზრით დაიჩაგრა ქართული ოცნების მმართველობის დროს. უდუმაშვილის კამპანიის სტრატეგია პოპულისტური ნარატივებზეა აგებული და ორიენტირდება თბილისის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის დრამატულ წარმოჩენაზე, სადაც დიდი ინკვიზიტორის როლში ქართული ოცნება ჰყავს წარმოდგენილი, ხოლო თავად კი პრობლემების ერთადერთ მხსნელად და ადამიანთა გადამრჩენელად გვევლინება.

აგრეთვე, უდუმაშვილი პოზიციონირებს როგორც განახლებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და როგორც ყოფილი ჟურნალისტი, რომელსაც ფორმალურად არაფერი ჰქონდა საერთო წინა ხელისუფლებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, უდუმაშვილი თავს წარმოაჩენს როგორც სრულიად ახალი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი ამბიციები აქვს შეცვალოს არსებული წესრიგი და ამ ცვლილებებში მის თავს აღიქვამს როგორც ერთგვარ მესიას.

ელენე ხოშტარია - საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“.

მსგავსად ზაალ უდუმაშვილისა, ელენე ხოშტარიას პოლიტიკური კამპანიის სტრატეგია ასევე ეფუძნება ქართულ ოცნებაზე განაწყენებული ამომრჩევლების მოზიდვას. ხოშტარია წარმოჩინდება როგორც ახალი პარტიის ახალი სახე, როგორც თბილისელი და ყველასთან ფამილარულ ურთიერთობაში მყოფი. მისი რიტორიკა არის ვულგარულად მკაცრი, ხოლო ენა კი მარტივი, სატირული და გაბრაზებული.  ხოშტარია წამოაჩენს მის კანდიდატურას როგორც უბრალო მოქალაქეს (მაგალითად, მან გადაწყვიტა საარჩევნო კამპანიის დროს ცოტა ხნით იცხოვროს თბილისის სხვადასხვა უბნებში), რომელიც ისევეა შეწუხებული არსებული პრობლემებით როგორც რიგითი თბილისელები, შესაბამისად, მისი აგრესიულობა მორგებულია აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ემოციებზე.

გარდა ამისა, ხოშტარია პოზიციონირებს როგორც პროევროპელი კანდიდატი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ის და მისი პარტია წარმოადგენენ ერთადერთ პროევროპულ ძალას საქართველოში. შესაბამისად, პროევროპული სიმბოლიზმი და ფორმალობა გამოიხატება როგორც მის საარჩევნო კამპანიაში, ასევე მოქმედების სტილში (უშუალობა, ანტიელიტიზმი და ა.შ.). თუმცა, ამგვარი პოლიტიკური სტრატეგია არის სპეკულაციური და ძირითადად პროევროპული სენტიმენტების კარნავალიზაციას ეფუძნება.

კახა კუკავა - საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“.

კახა კუკავას პოლიტიკური კამპანიის სტრატეგია იმიტაციაა სააკაშვილის პერიოდის ოპოზიციის პოლიტიკური სტრატეგიებისა. კუკავა და მისი კოალიცია პოზიციონირებენ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება არსებული მმართველი კლასის წინააღმდეგ. კუკავას სტრატეგია ორიენტირებულია როგორც ქართულ ოცნებაზე, ისე ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებულ ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციაზე. კუკავა თავს წარმოგვიდგენს, როგორც საუკეთესო კანდიდატურა იმ ამომრჩეველთათვის, რომელთაც არ მოსწონთ არც ერთი კანდიდატი არც ქართული ოცნების, და არც ნაციონალური მოძრაობის ან ევროპული საქართველოდან, და რომელთაც აქვთ სენტიმენტი სააკაშვილის პერიოდის ოპოზიციის ან ოპოზიციური სახეების მიმართ.

აგრეთვე, კახა კუკავა პოზიციონირებს როგორც ანტილიბერალური მსოფლმხედველობის პოლიტიკოსი, როგორც კულტურული ნაციონალიზმითა და სოციალური კონსერვატიზმის სენტიმენტებით გაჯერებული ლიდერი. შესაბამისად, ის წარმოაჩენს ლიბერალიზმს და ლიბერალური ელიტებს როგორც ქვეყნის მთავარ საფრთხეს და საკუთარ თავს მიიჩნევს იმ ძალად, ვინც ამ ელიტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ სისტემას დაუპირისპირდება.

ირმა ინაშვილი - დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის სტრატეგია ნაციონალისტურ ნარატივებსა და აგრესიულ პოპულისტურ რიტორიკაზეა აგებული. კონკრეტულად, ინაშვილი ცდილობს თავი წარმოაჩინოს ერთის მხრივ კულტურული იდენტობის, მეორეს მხრივ კი სოციალური სამართლიანობის გარანტად საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ინაშვილის სტრატეგია არ არის მიმართული ყველა ამომრჩეველის მობილიზაციაზე, არამედ ის უფრო კონცენტრირდება დაბალ სოციალურ ფენებზე, ნაციონალისტურად განწყობილ ჯგუფებსა და საზოგადოების იმ ნაწილზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაატარა საჭირო ან საკამრისი ზომები წინა რეჟიმის ელიტების წინააღმდეგ და შესაბამისად არ მოახდინა მათი სრული მარგინალიზაცია საჯარო სივრციდან.

ასევე, ირმა ინაშვილი პოზიციონირებს როგორც გამბედავი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას. ის ცდილობს საკუთარი თავი და ზოგადად მისი პარტია წარმოაჩინოს როგორც ქართული ოცნების მორალური ალტერნატივა, რომელიც შეასრულებს ძირითადად პოლიტიკური შინაარსის დაპირებებს და საკადრის პასუხს გასცემს წინა რეჟიმის იმ ელიტებს, რომლებიც დღეს პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად არიან წარმოდგენილი. ინაშვილის სტრატეგია მეტწილად ემყარება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ემოციურ და მორალურ კონტექსტებს, ისეთ პათოსს რომელიც მოქმედებს ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებაზე გაბრაზებულ მოქალაქეთა შეხედულებებსა და გრძნობებზე.

გიორგი გუგავა - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია

გიორგი გუგავა ძირითადად მისი პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის იმიტაციას ახდენს და მისი პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიაც ამ იმიტაციაზეა აგებული. ის თავს წარმოაჩენს პრინციპულ პოლიტიკოსად, რომელიც სოლიდარულია დაბალ სოციალურ ფენებზე. მისი რიტორიკა და ენა აგებულია ძირითადად არა ქართული ოცნების, არამედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვულგარულ კრიტიკაზე. გუგავა პოზიციონირებს, როგორც აგრესიული პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გააღვივოს მუდმივი სოციალური პროტესტის შეგრძნება საზოგადოების ჩაგრულ ფენებში. ამიტომ, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან, ის მხოლოდ ყოფითი სოციალური ცხოვრების პრობლემებზე ორიენტირდება. ამიტომ, მისი პოლიტიკური ენა არის პოპულისტური და პროვოკაციული, ძირითადად მორგებული საზოგადოების ემოციურ ფენებზე.

გუგავა ასევე ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც შალვა ნათელაშვილის ერთგული თანამებრძოლი და ვეტერანი ლეიბორისტი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის მიმართ სიმპათიები გაიზარდოს იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც სენსიტიურად არიან განწყობილნი შალვა ნათელაშვილის, როგორც ინდივიდის და პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ასეთი პოზიციონირება გუგავას მატებს მეტ ნდობას ლეიბორისტურლი პარტიის ელექტორატის მხრიდან.

გიორგი ვაშაძე - საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“.

გიორგი ვაშაძის სტრატეგია ძირითადად აგებულია მისი უნარებისა და მარკეტინგული თვისებების წამოჩენაზე. ის პოზიციონირებს როგორც წარმატებული მენეჯერი, რომელიც აცხადებს რომ სახელმწიფო და ადმინისტრაციული მმართვის სფეროში სრულიად ახალი მეთოდების და მიდგომების მცოდნეა. მაგალითად, ის თვლის რომ მისი რამდენიმე იდეა დღეს უადვილებს მოქალაქეებს ცხოვრებას, მაგალითად იუსტიციის სახლი. ამიტომ, სიმბოლურია რომ მან საკუთარი კანდიდატურის პრეზენტაცია იუსტიციის სახლის წინ ჩაატარა, სადაც თავი წარმოაჩინა როგორც წარმატებულმა რეფორმატორმა და მენეჯერმა.

მარტივად რომ ვთქვათ, ვაშაძე წარმოდგვიდგება არა როგორც პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოღვაწე, არამედ როგორც მენეჯერი და წარმატებული ლიდერი მართვის სფეროში. შესაბამისად, მისი სტრატეგია უფრო ორიენტირდება ისეთ ამომრჩევლებზე, რომლებსაც სურთ უფრო მეტად მენეჯერული ხასიათის მჭერმეტყველება მოისმინონ ვიდრე სახელმწიფო მოღვაწის განცხადებები. შეიძლება ითქვას, რომ ვაშაძის მიზანია შეიქმნას მენეჯერის და არა პოლიტიკოსის იმიჯი, თუმცა რამდენად რაციონალური და გონივრულია მისი ეს სტრატეგია რთული სათქმელია, რადგან ის თავად წარმოადგენს პარტიულ ლიდერს და დღესაც ვერ ახდენს პარტიული პოლიტიკისგან გამიჯვნას.

თენგიზ შერგელაშვილი - შენების მოძრაობა

შენების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის სტრატეგია აგებულია ძირითადად მის ცოდნასა და გამოცდილებაზე თვითმმართველობის სფეროში. თენგიზ შერგელაშვილს, რომელსაც ადგილობრივი პოლიტიკის მართვის სფეროში ნამუშევარი აქვს როგორც არასამათვრობო ასევე სამთავრობო სექტორში, ამბიცია აქვს, რომ ის ყველაზე უკეთ შეძლებს თბილისის განვითარებას. შერგელაშვილი ძირითადად პოზიციონირებს როგორც პრაგმატული ლიდერი, რომელიც ებრძვის პოპულისტურ ნარატივებს (მაგ. მან გააკრიტიკა ის კანდიდატები, რომლებიც “სითი პარკის” გაგდებას პირდება ხალხს და შესაბამისად ასეთ რიტორიკას პოპულისტური უწოდა). ამით, შერგელაშვილი ახდენს მისი პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის იმიტირებას, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც არაპოპულისტი პოლიტიკოსი, რომლის ქმედებებიც ხშირად შესაძლოა საერთოდაც არ იყოს პოპულარული. თუმცა, უსუფაშვილის ენა ხშირად გაუგებარი, ამბივალენტური და უშინაარსოა, მაგალითასთვის მოვიყვანოთ მისი შემდეგი განცხადება: “პარტიული საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს, როგორიცაა: ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; კონკურენცია და არა მტრობა; შემკრებობა და არა გამთიშველობა”.  

თუმცა ასეთი, “არაპოპულისტური პოპულიზმით” შერგელაშვილი პოზიციონირებს როგორც პოლიტიკოსი, რომელსაც სურს დააჯეროს ხალხი იმაში, რომ ის არის პატიოსნებით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამორჩეული კანდიდატი, რომელსაც შესწევს ძალა იმისათვის, რომ პრაგმატული მიდგომებითა და ცივი გონებით მართოს ქალაქი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შერგელაშვილს სტრატეგია ეფუძნება იმას, რომ ამომრჩევლებში შეიტანოს ისეთი განწყობა რომ ის თითქოს სულ სხვა კლასის პოლიტიკოსს წარმოადგენს, რომელიც განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან არ გასცემს პოპულისტურ დაპირებებს.

ალექსანდრე ელისაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი, საინიციატივო ჯგუფი

ალექსანდრე ელისაშვილი არის თბილისის მერობის ერთადერთი უპარტიო კანდიდატი. შესაბამისად მისი სტრატეგია აგებულია მის უპარტიობაზე და აგრეთვე პარტიული პოლიტიკის თუ პარტიული ელიტების კრიტიკაზე. ელისაშვილი პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არავისზე არ არის დამოკიდებული გარდა ხალხისა, ანუ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა თუ ფინანსურ ჯგუფზე. შესაბამისად მისი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ თუკი ისინი მას აირჩევენ ის მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული  და არავინ სხვაზე.  ელისაშვილი იყენებს პარტიული პოლიტიკის და ელიტების ამჟამინდელ კრიზისს ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის, ამიტომ მისი რიტორიკა არის ანტიელიტისტური და პოპულისტური, ხოლო ენა კი ვულგარული, ზედაპირული და აგრესიული, მაგალითისათვის მისი ეს მონუმენტალური გამონათქვამი გამოგვადგება: “კბილებს დავუმტვრევ ყველას, ვინც გაბედავს, რომ არჩევნები გამიყალბოს, კბილებს დავამტვრევ”.

ელისაშვილი პოზიციონირებს როგორც ყველა იმ ადამიანის დამცველი, რომელიც მისი აზრით დაიჩაგრა როგორც წინა, ასევე მოქმედი მმართველი კლასის მიერ. მისი სტრატეგიაა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკოსი, როგორც უბრალო ადამიანი რომლის პრინციპული მიზანია არსებული დღის წესრიგის შეცვლა. შეიძლება ითქვას, რომ ელისაშვილის სტრატეგია უფრო ემოციურია ვიდრე რაციონალური, ამიტომ ცხადია ის გავლენას მხოლოდ გაბრაზებულ მოქალაქეებზე მოახდენს. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ თუკი ელისაშვილი პოზიციონირებს როგორც პოლიტიკური ელიტების შეურიგებელი მტერი, მას მტრული დამოკიდებულება სულაც არა აქვს კულტურული და სამოქალაქო ელიტების მიმართ: მსგავს ელიტებთან მას საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა აქვს და ისინიც მისი პოლიტიკური კარიერის მხარდამჭერები არიან.

დასკვნის მაგიერ

როგორც ვხედავთ, ზოგიერთი კანდიდატის პოლიტიკური კამპანიის სტრატეგია და პოზიციონირების სტილი ერთმანეთს ჰგავს, ზოგიერთის კი ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსები აქვს კანდიდატს, როგორია მისი პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება და მისი ღირებულებითი სივრცე. შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატების უმრავლესობა ცდილობს ამომრჩევლების ემოციებსა და სენტიმენტალურ გრძნობებზე იმოქმედოს, გაახსენოს მას წარსული ან დრამატულად დაანახოს აწმყო. აგრეთვე, თუკი კარგად დავაკვირდებით, პოლიტიკური ირონია, ვულგარული ენა და მოვლენათა დრამატიზაცია არის ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც დამახასიათებელი ყველა კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვხედავთ ერთგვარ პოლიტიკურ კარნავალიზაციას და საარჩევნო კამპანიების თეატრალურ წარმოდგენას, სადაც კანდიდატებს არა აქვთ გამოკვეთილი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული რეფლექსიები და არ შეუძლიათ წარმოადგინონ რაციონალურ და პრაგმატულ ხედვაზე დაფუძნებული საარჩევნო პროგრამა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.


მსგავსი

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

09 October 2017

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

09 October 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

09 October 2017

უპარტიო “დემოკრატია”

09 October 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

09 October 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

09 October 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

09 October 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

09 October 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

09 October 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

09 October 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

09 October 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

09 October 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

09 October 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

09 October 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

09 October 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

09 October 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

09 October 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

09 October 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

09 October 2017