09 October 2017
  • 726 ნახვა

სასკოლო განათლება საერთაშორისო ინდექსებში: საქართველო - წარუმატებელ მოსწავლეთა ქვეყანა


სასკოლო განათლება საერთაშორისო ინდექსებში: საქართველო - წარუმატებელ მოსწავლეთა ქვეყანა


სასკოლო განათლების შესახებ იმ საერთაშორისო კვლევების უახლესი მონაცემები, სადაც საქართველოც იღებს მონაწილეობას, მომდევნო წლებში გახდება ცნობილი; ბოლო უახლესი მონაცემების მიხედვით კი საქართველოში მოსწავლეთა კომპეტენციებისა და სასკოლო განათლების სისტემაში არსებული სიტუაციის მხრივ შემდეგნაირი მდგომარეობაა:  



1.PISA – მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა (Program for International Student Assessment)

მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა (PISA) - აწარმოებს  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ საერთაშორისო დონეზე შედარებად მონაცემებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) კვლევას სამ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს მასშტაბით 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის ატარებს. ეს იმ ასაკის მოზარდები არიან, რომლებიც უკვე უკვე მიუახლოვდნენ სავალდებულო განათლების დასრულების ასაკს, და იგულისხმება, რომ უკვე დაგროვილი უნდა ჰქონდეთ ის ძირითადი ცოდნა, უნარები თუ ჩვევები, რაც საჭიროა თანამედროვე საზოგადოებებში სრულფასოვანი მონაწილეობის მისაღებად.

კომპეტენციების შეფასება ხდება სკოლის ძირითადი საგნების მიხედვით: მეცნიერება (მოსწავლის უნარი, რომ მეცნიერებასთან და მეცნიერების იდეებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩაერთოს როგორც გულისხმიერი მოქალაქე), წიგნიერება (წაკითხულის გააზრება), და მათემატიკა. ასევე ფასდება მოსწავლეთა ინოვაციური მიდგომები იმ აზრით, რომ თანამედროვე ეკონომიკები არა მხოლოდ ცოდნას აფასებენ, არამედ იმასაც, თუ როგორ შეუძლია ინდივიდს არსებული ცოდნის გამოყენება. PISA-ს შეფასებს პროგრამის მეშვეობით, ხშირად ცხადი ხდება ხოლმე მსოფლიოში არსებული ტენდენციები და ის შესაძებლობები, თუ რა მიღწევები შეიძლება ჰქონდეთ მოსწავლეებს განათლების სისტემის საუკეთესო მოწყობის პირობებში და საერთოდ, რას წარმოადგენს საუკეთესო განათლების სისტემა.

2015 წლის PISA-ს შეფასების პროგრამის კვლევამ გამოიკვლია საბუნებისმეტყველო საგნების, წაკითხულის გააზრების, მათემატიკის და ასევე, როგორც არაძირითადი კომპონენტი, პრობლემის ერთობლივი გადაჭრის უნარები. 2015 წლისათვის გამოიკითხა 540 000 მოზარდი 72 ქვეყანაში ორ საათიანი კომპიუტერული ტესტის მეშვეობით. ამათგან, საქართველოდან შეირჩა 6200 მოსწავლე.

2015 წელს, OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემები, კატეგორიების მიხედვით ასე დალაგდა:

-     493 ქულით შეფასდა საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის საშუალო მონაცემი, აქედან საქართველოს მიენიჭა 411 ქულა.

- 493 ქულით შეფასდა ასევე წაკითხულის გააზრების საშუალო, აქედან საქართველომ დააგროვა 401 ქულა.

-      490 ქულით შეფასდა მათემატიკის საშუალო, ხოლო საქართველოს მიენიჭა 404.

ამგვარად, სამივე საგანში, OECD-ს საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება საქართველოს მაჩვენებელი, და ეს მაშინ, როდესაც წინა წლებთან შედარებით, ქვეყანამ გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა.

ასევე, საქართველოში იმ მოსწავლეთა პროცენტული წილი, რომლებიც ერთ-ერთ საგანში მაინც უმაღლესი მაჩვენებლით წარდგნენ - 2,6%-ია. ანუ მოსწავლეთა მხოლოდ 2.6% აღწევს საუკეთესო შედეგს, მაშინ როდესაც OECD-ს ქვეყნების საშუალოს მიხედვით, ეს მაჩვენებელი 15,3%-ია.  სამივე საგანში ყველაზე დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეების წილი საქართველოში - 36,3%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა ერთ მესამედზე მეტმა ვერ მიაღწია მინიმალურ შედეგებსაც კი. ამიტომაც, საქართველო იმ ქვეყანათა კატეგორიაში შედის, სადაც 15 წლის მოზარდები ძირითადად წარუმატებლად (low achievers) მოიაზრებიან და არა წარმატებულად (high achievers). მოსწავლეთა ყველაზე მეტი რაოდენობა, რომლებიც საუკეთესო შედეგებით გამოირჩევიან, გამოიკვეთა სინგაპურში (39.1%), იაპონიაში, ესტონეთში, კანადაში, ფინეთში, კორეაში, შვეიცარიაში და ჩინეთის ზოგიერთ მხარეში.

მიუხედავად საშუალოზე დაბალი მაჩვენებლისა მეცნიერებაში (საბუნებისმეტყველო საგნები), საქართველოში, OECD-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ მაღალია იმ მოზარდთა რიცხვი, რომელთაც ეპისტემური რწმენები გააჩნიათ, ანუ მხარს უჭერენ კვლევისა და დასკვნების წარმოების სამეცნიერო მეთოდებს. თუმცა, იმ მოზარდთა რაოდენობა, რომელთაც სურთ თავიანთი მომავალი კარიერა მეცნიერებას დაუკავშირონ, მხოლოდ 17%-ია. ამასთან, თუ სხვა ქვეყნებში არსებული მონაცემებით, როგორც წესი, უმეტესობა ბიჭებს აქვთ მოლოდინები სამეცნიერო კარიერას დაუკავშირონ საკუთარი მომავალი, საქართველოში, 2015 წლის გამოკითხვით, ოდნავ უფრო მეტმა გოგონამ გამოთქვა სამეცნიერო კარიერის სურვილი.

აქვე საინტერესოა, რომ როგორც 2015 წლის გლობალური შედეგებით გამოიკვეთა, მოზარდები რომლებიც დიდ სკოლებში სწავლობენ, შესაძლოა არ ჰქონდეთ დისციპლინის იმგვარი კლიმატი, როგორიც პატარა სკოლებს ახასიათებთ ხოლმე, მაგრამ უფრო კარგ ქულებს აგროვებენ მეცნიერებაში. ხოლო ყველა დამატებითი საათი, რომელსაც მოსწავლე გაატარებს საბუნებისმეტყველო საგნების რეგულარულ კლასში, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამავე საგანში მის შედეგებს. სკოლის ის სისტემები კი, სადაც მოსწავლეები რეგულარული კლასების შემდეგ რჩებიან, დამატებით ინსტრუქციებს იღებენ, და საშინაო დავალებებს აკეთებენ კერძო თუ სხვა მასწავლებლების საშუალებით, საბუნებისმეტყველო საგნებში ბევრად უფრო ნაკლებ შეფასებებს იღებენ.

2.TIMSS - მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა  (Trends in International Mathematics and Science Study)

TIMSS - ის კვლევათა სერიები წარმოადგენს საერთაშორისო შეფასების სისტემას, რომელიც ამოწმებს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა ცოდნას გლობალური მასშტაბით. TIMSS-ის კვლევა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ სწავლობს მეოთხე და მერვე კლასელებში მათემატიკისა და ბუნებისმეტყველებაში მიღწეულ შედეგებს და ასევე იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ საგნების სწავლის პროცესზე; ეს ფაქტორებია საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული შედეგები, მიღწევები შინაარსობრივ და შემეცნებით სფეროებში, ხელსაყრელი გარემო სახლში, სკოლის კომპოზიცია და რესურსები, სკოლაში არსებული გარემო, სკოლის უსაფრთხოება, და მასწავლებელთა და დირექტორთა მომზადების დონე.

2015 წელს, ასეთი კვლევა მეექვსედ ჩატარდა და ამით 20 წლიანი ტენდენციის დაკვირვების საშუალება შეიქმნა. კვლევები იმ მიზანს ემსახურება, რომ დაეხმაროს თითოეულ ქვეყანას, რათა განათლების სფეროში ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

2015 წლის კვლევამ, მოსწავლეთა მათემატიკის სწავლისა და სწავლების კომპონენტში, მეოთხე კლასის მოსწავლეებში ამგვარი შედეგები აჩვენა:

მიღწევები მათემატიკაში: TIMSS-ის შკალის ცენტრალური ციფრი (კომბინირებული მიღწევების დისტრიბუციის საშუალო) თუ წარმოადგენს 500-ს, საქართველოს მაჩვენებელი 2015 წელს 463-ით აღინიშნება, რაც საშუალოზე ბევრად დაბალი მონაცემია და საქართველოს ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ათავსებს. თუმცა 2011 წელს ეს მონაცემი უფრო ნაკლებს -  450-ს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს - 438-ს. მერვე კლასელთა შემთვევაში, მათემატიკაში მიღწეული შედეგები არ აჭარბებს 453-ს. თუმცა აქაც, წინა წლებთან შედარებით ოდნავი წინსვლაა შესამჩნევი: 2011 წელს, საქართველოს მონაცემი 431-ს, ხოლო 2007 წელს -  410-ს შეადგენდა.

რაც შეეხება მიღწევებს საბუნებისმეტყველო საგნებში, აქ, მეოთხე კლასის მოსწავლეებში 451 ქულა დაფიქსირდა, რაც შეფასების შკალის საშუალო (ცენტრალურ) მაჩვენებელს (500) ასევე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და კვლევაში მონაწილე 44 ქვეყნიდან ბოლო ათეულში იკავებს ადგილს. მათემატიკის მიღწევის მაჩვენებლისგან განსხვავებით, აქ წინა საკვლევ წელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია: 2011 წელს საქართველოს მაჩვენებელი 455-ს შეადგენდა, ხოლო 2007 წელს - 418-ს. როგორც მეოთხე ისე მერვე კლასელებში, გოგონების მაჩვენებელი აჭარბებს ბიჭების მაჩვენებელს, თუმცა ეს განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 2007 წლის მერე თითქმის აღარ არის.

მერვე კლასელებში, საბუნებისმეტყველო საგნებში არსებული მიღწევები შეფასდა კიდევ უფრო ნაკლები - 443 ქულით, და ამით, მერვე კლასელთა მიღწევების შედეგებითაც საქართველო ბოლო ათ ქვეყანას შორის იკავებს ადგილს. მეოთხე კლასის მსგავსად, მერვე კლასელებშიც შედარებით უპირატესობით სარგებლობენ გოგონები და ეს ტენდენცია 2007/2011 წლებიდან მოყოლებული ნარჩუნდება.


3.“განათლება ყველასათვის” (Education for All) გლობალური მონიტორინგის ანგარიში 2000-2015

იუნესკოს გლობალური მონიტორინგის ანგარიში “განათლება ყველასათვის” (EFA), წარმოადგენს პროგრესის კომპოზიტურ საზომს. ის იმ ექვს მთავარ და ზოგად მიზანს მოიცავს, რომელთა მიღწევაც მიზნად 2000 წელს, სენეგალში გამართულ მსოფლიო განათლების ფორუმზე 164 ქვეყნის მთავრობამ დაისახა, ესენია: საყოველთაო დაწყებითი განათლება, მოზრდილთა შორის წერა-კითხვის დონე, განათლების ხარისხი, გენდერული თანაფარდობა და თანასწორობა, ბავშვთა ადრეული განათლება და სწავლება (ECCE Index), და ბავშვთა და მოზარდთა სწავლების საჭიროებების დაკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ სენეგალის მსოფლიო ფორუმის შემდგომ უკვე ჩატარდა კორეის შეხვედრა და ჩამოყალიბდა 2030 წლის მიზნებიც და ეროვნული სამოქმედო ჩარჩოებიც, ქვემოთ ანგარიშიდან იმ ძირითად პუნქტებს შევეხებით, რომლებიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის დღესაც აქტუალურია:

EFA-ს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, თუ 1999 წელს, კერძო სკოლაში დადიოდა დაწყებით კლასებში დარეგისტრირებულ მოსწავლეთა 1%-მდე კატეგორია, 2012 წელს, ეს რაოდენობა 10%-ს შეადგენდა. საქართველო აქ განიხილება როგორც დაბალი და საშუალოზე დაბალ შემოსავლიან ქვეყნების ის კატეგორია, სადაც, მოსახლეობის შემოსავლის მიუხედავად, წლების განმავლობაში იზრდებოდა კერძო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობა. ასეთი კატეგორიის ქვეყნებს წარმოადგენენ ასევე, იემენი, მონღოლეთი, ლესოტო, გვინეა, ჯიბუტი, პალესტნა, მავრიტანია, მაროკო, ბურკინა ფასო, ბენინი, განა, გვინეა, გამბია და კონგო. თუმცა, კერძო სკოლებში დარეგისტრირების ზრდის 10%-იანი მაჩვენებელი მაღალ მაჩვენებლად მოიაზრება  საშუალოზე მაღალ და მაღალ შემოსავლიან ქვეყნებისთვისაც კი.

გარდა ამისა, საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, მოსწავლეთა 80%-ს, გამოკითხვის პერიოდში, ბოლო წლის განმავლობაში უსარგებლია რაიმე ტიპის  დამატებითი მომზადებითა და სწავლებით (ე.წ. კერძო რეპეტიტორი). კერძო რეპეტიტერობის სისტემას მრავალი კომპონენტი აქვს: როგორც წესი, ის აღიქმება, როგორც მასწავლებელთა დამატებითი შემოსავლის წყარო განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში დაბალია პედაგოგთა ანაზღაურება. მოსწავლეთა კერძოდ მომზადება შემოსავლის თვალსაზრისით, ხშირად მასწავლებელთა საშუალო ხელფასის 2/3 ნაწილსაც კი შეადგენს ხოლმე. თუმცა მიიჩნევა, რომ დამატებითი რეპეტიტორული სწავლებები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის სწავლებისა და სასწავლო პროცესის დინამიკას, სასწავლო გეგმის გეგმაზომიერ განხორციელებას, და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებებში უთანასწორობებს წარმოშობს. ამის თავიდან ასაცილებლად, რიგ ქვეყნებში (მაგ. ჩინეთი) დაწესდა აკრძალვები თუ ჯარიმები ფასიანი მომზადების თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია ხოლმე სახელმწიფოს მიერ მიღებული სხვა ზომებიც: შეფასების სისტემების მაღალი რისკიანობის შემცირება, ვინაიდან ეს რისკები ძირითად შემთხვევებში, მნიშვნელოვნად ზრდის კერძო მომზადების მოთხოვნას. მნიშვნელოვანია ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ პედაგოგები სრულფყოფილად მიყვებოდნენ და ფარავდნენ სასწავლო გეგმებით გაწერილ პროგრამებს.

გენდერული პარიტეტი და თანასწორობის საკითხში, საქართველო დაბალ და საშუალოზე დაბალ შემოსავლიან იმ ქვეყნებს შორის არის,  სადაც დაწყებითი განათლებისათვის თითქმის ერთნაირად რეგისტრირდებიან როგორც ბიჭები ისე გოგონები, თუმცა გოგონების 5%-ზე მეტი, მეხუთე კლასამდე ეთიშება სასწავლო პროცესს. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი ხარვეზებია სასწავლო სახელმძღვანელოებსა და საგანმანათლებლო რესურსებშიც, სადაც გენდერული როლები მიკერძოებულად არის გადმოცემული და ამ მხრივ, აქ თითქმის ისეთივე სიტუაცია იყო კვლევის ჩატარების პერიოდში, როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, პაკისტანში, ნიგერიაში, ხოლო მაღალშემოსავლიანი ქვეყნებიდან კი - ავსტრალიაში. ამ ქვეყნებში, პოლიტიკური ნებისა თუ ფართო საზოგადოების დონეზე მხარდაჭერის ნაკლებობა, როგორც წესი არ უწყობს ხელს, რომ ეს მიკერძოებები სასწავლო რესურსებიდან აღმოიფხვრას. განსაკუთრებით გამოყოფილია საქართველოს მაგალითი, სადაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება იმ მთავარ პროფესიონალთა არასათანადო გენდერული სენსიტიურობა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასწავლო სახელმძღვანელოების პრინციპების შედგენაში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, 1999-2012 წლებში, განათლების სფეროში გაწეული დანახარჯები 6%-ზე მეტით შემცირდა და მთლიან ხარჯებთან მიმართებაში დაახლოებით 7%-ს მიაღწია. ამ პერიოდში, განათლების ხარჯების მსგავსი მასშტაბის (5%-ზე მეტი) კლება მხოლოდ ისეთ ქვეყნებში დაფიქსირდა, როგორიც არის ვანუატუ, მაროკო, ინდოეთი, სიერა -ლეონე, პანამა, აზერბაიჯანი, გვინეა, ჩადი და ჯიბუტი. განათლების სფეროში გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს განამ, მოლდოვამ, ბრაზილიამ, ინდონეზიამ და ურუგვაიმ.


დასკვნის მაგიერ:


ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა კომპეტენციებისა და ზოგადად, სასკოლო განათლების მხრივ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სავალალოა, ხოლო წლიდან წლამდე ოდნავ გაუმჯობესებული შედეგები მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ქმნიან. ეს სიტუაცია თვალსაჩინოს ხდის საგანმანათლებლო პოლიტიკისა და არსებული ეროვნული სტანდარტის უფრო რადიკალური ცვლილებების აუცილებლობას.



დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. 

მსგავსი

იპოთეკით დაზარალებულების საკითხი

09 October 2017

საბავშვო ბაღების პრობლემები და სკოლამდელი აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკა

09 October 2017

საპენსიო რეფორმა საქართველოში

09 October 2017

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების პარადოქსულობა

09 October 2017

მიწის საკითხით გამოწვეული უკმაყოფილება და მისი მიზეზები

09 October 2017

საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა

09 October 2017