16 October 2017
  • 884 ნახვა

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

ფოტო გარეკანზე: alarabiya.net


ხუთ ოქტომბერს მოსკოვში საუდის არაბეთის მეფის სალმან ბინ აბდულაზიზის ისტორიული ოთხდღიანი ვიზიტი შედგა. 1926 წლიდან მოყოლებული ეს პირველი შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც საუდის არაბეთის მონარქი რუსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საუდის არაბეთის 1500 კაციანი დელეგაცია მიანიშნებდა, რომ ვიზიტი არაბული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო

ქვეყნების ლიდერებმა შეხვედრისას მთელი რიგი კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო საკითხები განიხილეს, რომელთაც ასევე კონკრეტული შედეგები მოჰყვა. რუსეთი და საუდის არაბეთი თითო-თითო მილიარდიანი ენერგეტიკის და ჰაიტეკის საინვესტიციო ფონდებს შექმნიან. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, საუდის არაბეთი რუსეთისგან საჰაერი თავდაცვით სისტემა S-400-ებს, ტანკსაწინააღმდეგო და სარაკეტო დანადგარებს - მთლიანობაში სამი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკას შეიძენს. ამასთან ერთად, სერგეი ლავროვის განცხადებით,  შეიქმნება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტი.

მაგრამ ვიზიტის ორი წამყვანი საკითხი მაინც ირანის რეგიონში, მათ შორის სირიაში, მზარდი გავლენები და ნავთობის ფასებზე კონტროლისთვის წარმოების ოდენობის ჰარმონიზაცია წარმოადგენდა. სხვა საკითხები არაბული ქვეყნისთვის უფრო მეორეხარისხოვანი იყო.

 

ურთიერთობის არასახარბიელო ისტორია

საბჭოთა კავშირი პირველ ქვეყნად იქცა, რომელმაც საუდეთის სამეფოს დამოუკიდებლობა 1926 წელს აღიარა და ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. საბჭოელები ჰაჯის -მუსლიმთა პილიგრიმობის არაბულ სამყაროში კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელებისთვის გამოყენებას გეგმავდნენ. ურთიერთობის პირველ წლებში არაბეთში კომუნიზმი იოლად იკიდებდა ფეხს. საბჭოთა კავშირმა საუდის არაბეთს ფინანსური დახმარებაც კი შეთავაზა და 1920-იანი წლების ბოლოსთვის ოდესის პორტიდან სამეფოს ჰიჯაზის რეგიონისკენ საბჭოური წარმოების საქონლით დატვირთული გემები მოძრაობდნენ. შესაბამისად, საბჭოელები არაბულ ბაზარზე ნელ-ნელა იკიდებდნენ. 1932 წელს მეფე იბნ-საუდის ვაჟი პრინცი ფაიზალი საბჭოთა კავშირს, ბაქოში ეწვია და თავად ნახა ნავთობმოპოვების ინდუსტრია, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და სამეფოში მსგავსი ინდუსტრიული განვითარების სურვილი გაუჩინა.

არაბულ სამყაროში კომუნისტების გაძლიერების საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა იბნ-საუდთან ვაჭრობა დაიწყო და სამეფოს საბჭოელებზე უფრო დიდი ფინანსური დახმარება შესთავაზა. ამის შემდგომ იოსებ სტალინის ინიციატივით საუდის არაბეთის მიმართ ქვეყანა ინტერესს კარგავს და ურთიერთობა პასიურ ფაზაში გადადის. 1937 წელს არაბულ-რუსული ურთიერთობის მთავარი შემოქმედები ელჩები ქარიმ ხაკიმოვი და ნაზირ ტურიაკულოვი არაბეთიდან გაიწვიეს და მალევე ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს.

1938 წელს სამეფოს ტერიტორიაზე, დარანში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობსაბადო აღმოაჩინეს. სტალინმა სამეფოში ახალი ელჩები გააგზავნა, მაგრამ იბნ-საუდმა ისინი აღარ მიიღო და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შემდგომ საუდის არაბეთი ამერიკული და ბრიტანული გავლენის ქვეშ ექცევა.

ავღანეთის ომისას საუდები ამერიკულ CIA-სთან ერთად საბჭოთა სამხედროების წინააღმდეგ, ავღანელ მუჯაჰიდებს აიარაღებდა და აფინანსებდა. მათ საბჭოელების ათწლიანი ოკუპაცია დაასრულეს კიდეც.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1991 წელს აღდგა, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ერ-რიადში რუსეთის საელჩო გაიხსნა. თუმცა რეალურ თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევი იყო, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში სამხედრო კამპანიის ფონზე. მოსკოვში აქტიურად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას იმით, რომ სპარსეთის ყურის მონარქიები, მათ შორის საუდის არაბეთი ფინანსურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერდა ჩეჩენ ვაჰაბისტ ექსტრემისტებს. ამ ნეგატიური ფონის გარეშეც 1990-იან წლებში ახლო აღმოსავლეთი რუსეთის ინტერესებში ნაკლებად შედიოდა.

მხოლოდ 2000-იან წლებში დაიწყო მოსკოვმა თანდათან რეგიონის ქვეყნებთან კონტაქტების დამყარება. „2007 წელს პუტინის ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის სწრაფად დაიწყო ურთიერთობების განვითარება. ეს იგრძნობოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა შემდეგ დაიწყო „არაბული გაზაფხულის“ ცნობილი მოვლენები, რამაც ჩვენი ურთიერთობების ტემპის დაცემა გამოიწვია“ - განაცხადა საუდის არაბეთში რუსეთის ყოფილმა ელჩმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოლეგ ოზეროვმა.

2013 წელს რუსეთს არაბეთის პრინცი ბანდარი ეწვია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას მოახლოებული სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ტერორისტული საფრთხეების შემცირებას, რუსული იარაღის შესყიდვას და რუსეთის ეკონომიკაში მილიარდობით ინვესტიციას შეპირდა, სანაცვლოდ მან რუსეთისგან ირანის მიმართ მხარდაჭერის შეწყვეტა მოითხოვა. პრინცის დაპირებები არ შესრულებულა, მათ შორის არც რუსეთის ტერიტორიაზე განელებულა ტერორისტული საფრთხე - ოლიმპიადამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე ქალაქ ვოლგოგრადში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა რკინიგზის სადგურში თავი აიფეთქა და 34 ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა.

სიტუაციის ცვლილება 2015 წელს დაიწყო, როდესაც სამეფო ტახტის 29 წლის მეორე მემკვიდრემ და შემდგომ უკვე პირველმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა მონაწილეობა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო, სადაც იგი პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. იმის მიხედვით, რომ მათი თანამშრომლობა მას შემდეგ პრაქტიკულად რეგულარული გახდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ორმა პოლიტიკოსმა მოახერხა პირადი კონტაქტის დამყარება, რაშიც ასაკში სხვაობას ხელი არ შეუშლია.

 

შავი ოქრო

რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის წამყვანი საერთო ინტერესი აქვთ, რაც ნავთობის საერთაშორისო ფასის რეგულირებაში გამოიხატება. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში ნავთობზე ფასების მკვეთრად დავარდა. ფასების ვარდნამ წამყვანი ორი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა - რუსეთი და საუდის არაბეთი, რომელთა მიერ მოპოვებული ნავთობი მსოფლიოს მოპოვების 25%-ს შეადგენს, ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა.

ამის პარალელურად, რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ მასზე დაწესებულმა სანქციებმა კიდევ უფრო დააზარალა. ქვეყანა საერთაშორისო ინვესტიციების ძიებაში იყო. სწორედ ამ დროს პუტინისა და პრინც სალმანის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საუდის არაბეთი რუსეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა. აღნიშნული ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობის პირველი პრაქტიკული მაგალითი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ მანამდე რუსეთისთვის არაბული ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის მეშვეობით ვნეშეკონომბანკის დირექტორი ლობირებდა, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებს ვიზიტით არაერთხელ ეწვია, მაგრამ უშედეგოდ.

თავად სამეფოში კი 2015 წელს მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბიუჯეტის მაქსიმალური დეფიციტი დაფიქსირდა - 97 მილიარდი დოლარი (მშპ-ს 15%). პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ინიციატივით დაიწყო პროგრამა „ხედვა-2030 (Vision-2030), რომლის ძირითადი ამოცანაცაა საუდის არაბეთის ნავთობზე დამოკიდებულების გადალახვა ეკონომიკის დივერსიფიკაციის საშუალებით.

მსგავსი მიზნები აქვს რუსეთსაც. თუმცა ორივე მათგანი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირება გამარტივდება იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება ნავთობზე ფასების სტაბილიზაცია. გასულ წელს მოსკოვსა და ერ-რიადს შორის მიღწეულმა თანხმობამ ხელი შეუწყო OPEC-სა და დამოუკიდებელ ქვეყანა-მწარმოებლებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ამ შეთანხმებამ გახსნა ახალი გვერდი რუსულ-არაბულ ურთიერთობებში. ორივე მხარე დარწმუნდა დიალოგის შესაძლებლობაში. შეთანხმებას ვადა 2018 წლის მარტში გადის და შესაბამისად, ორივე ქვეყანას მოუწევს საკუთარი მომავალი ქმედებების შეთანხმება.

ის, რომ ნავთობის მოპოვების სფეროში კოორდინაციის თემა მოლაპარაკებების საკითხი იქნებოდა, შეხვედრამდე პუტინმა დაადასტურა. მან არ გამორიცხა შეთანხმების გახანგრძლივებაც. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ნავთობის ბაზრის მდგომარეობაზე გაზაფხულში. ჯერჯერობით დიპლომატიური წყაროები აცხადებენ, რომ შეთანხმება ზუსტად იმდენი ხნით გახანგრძლივდება, რამდენი ხნითაც ეს სასარგებლო იქნება მოსკოვისა და ერ-რიადისთვის.

ვიზიტის შედეგად ქვეყნებს შორის ენერგო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. რუსულმა ნავთობკომპანია Sibur Holding PJSC-მა საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია Aramco-სთან ნავთობგადამუშავების საერთო პროექტების განხორციელებას მოაწერა ხელი. სხვა პროექტების მიხედვით, შესაძლოა საუდის არაბეთის ჩართვა მოხდეს არქტიკულ წყლებში ნავთობმოპოვებაში - პროექტ Arctic LNG-ში, რომელსაც კომპანია Novatek PJSC ახორციელებს.

 

ირანი

საუდის არაბეთი შიშობს ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი გავლენების გამო, რომელიც ცდილობს საუდის არაბეთის გარშემო მის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ქვეყნების რკალი შექმნას - ლიბანი, სირია, ერაყი, იემენი, ყატარი და ბაჰრეინი. სამეფოს კიდევ ერთი თავსატეხი რუსეთსა და ირანს შორის გააქტიურებული ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობაა. ათწლეულების განმავლობაში საუდის არაბეთი რუსული შეიარაღების დიდი პაკეტების შეძენით ცდილობდა რუსეთის დამოკიდებულება თეირანის მიმართ შეეცვალა. შეხვედრაზე შეთანხმებული, სამეფოს მხრიდან მორიგი სამხედრო ტექნიკის პაკეტის შესყიდვა ამ ტენდენციის გაგრძელებაა. სინამდვილეში საუდის არაბეთს რუსული სამხედრო შეიარაღება არ სჭირდება, ქვეყანა მხოლოდ სამი მილიარდი დოლარის ტექნიკის შეძენას გეგმავს, როცა რამდენიმე თვის წინ სამეფომ აშშ-სთან 110 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტი გააფორმა. შედარებისთვის, რუსეთიდან შეძენილი შეიარაღება ამერიკულთან მიმართ საკმაოდ უმნიშვნელოა.

რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებაც საუდის არაბეთის მხრიდან მორიგი მცდელობაა რუსეთსა და ირანს შორის დისტანცირება მოახდინოს. შედარებისთვის, რუსეთისთვის საინვესტიციოდ შეპირებული 10 მილიარდი დოლარი მხოლოდ მცირედი თანხაა, სამეფოს მხრიდან აშშ-ში განხორცილებულ ტრილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციასთან შედარებით. საუდის არაბეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება ირანის შიიტური თეოკრატიის მაქსიმალურ საერთაშორისო იზოლაციას, ამისთვის ისინი შესაძლოა დათანხმდნენ სირიის რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებაზე, თუკი სირიიდან ირანული ძალები შეზღუდული და გაყვანილი იქნებიან.

სირიაში რუსული და არაბული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების მიერ დაფინანსებული სირიაში მოქმედი ისლამისტი მებრძოლები რუსულ სამხედრო დანაყოფებთან ნელ-ნელა უკან იხევენ და მარცხდებიან. ისინი რუსულ საჰაერო იერიშებს წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ. საუდის სამეფო კონფლიქტის მიმართ ინტერესს კარგავს, მისთვის ასადის რეჟიმის შეცვლაც მკვეთრ მიზანს აღარ წარმოადგენს. ქვეყანა ასტანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანამონაწილეა, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და სირიაში პოლიტიკური სტაბილურობის დამყარება უნდა გადაწყდეს. სამეფო თანხმდება სირიაში დეესკალაციის ზონების შექმნას, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს სამოქალაქო ომის დასრულებას. სირიის კონფლიქტში საუდის არაბეთს მხოლოდ ერთი მიზანიღა ამოძრავებს - როგორც სამხედრო, ასევე სამშვიდობო თვალსაზრისით, ირანის დისკრედიტაცია, გარიყვა და შესაბამისად, სირიაზე მისი გავლენის შემცირება მოახერხოს.

სირიის გარდა საუდის არაბეთს იემენში ამბოხებული ჰუტების მიმართ ირანის დახმარების შეზღუდვა სურს. სამეფო უკვე ორი წელია ამბოხებულებს აქტიურად ებრძვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ხელშესახები წარმატების გარეშე. ქვეყნის სამეფო ტახტს აღარ სურს სირიისა და იემენის კონფლიქტში უშედეგოდ ხარჯოს ფინანსები, რომელიც ქვეყნის დეფიციტურ ბიუჯეტს დამატებით ტვირთად კიდევ უფრო აწვება.

 

მიზეზი - აშშ

2014-15 წლებიდან საუდის არაბეთის რუსეთთან დაახლოება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ახლო აღმოსავლური პოლიტიკის უცნაურობამ გამოიწვია. 2015 წელს ობამას ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ ირანთან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ირანს საერთაშორისო სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი მოეხსნა. შეთანხმებამ ირანი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოიყვანა და რეგიონულ ასპარეზზე დააბრუნა. არაბული ქვეყნების ისტორიულ მეტოქესთან აშშ-ს ამგვარმა დაახლოებამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში უკმაყოფილება გამოიწვია. მათ აშშ არაბული ინტერესების ღალატშიც კი დაადანაშაულეს.

სირიაში 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ობამამ მისი გაცხადებული პოლიტიკა ‘ასადის უნდა წავიდეს’ რეალობაში არ განახორციელა და ქვეყანაში რეჟიმის შესაცვლელად სახმელეთო ჯარები არ შეიყვანა.

ჯერ კიდევ 2011 წელს ‘არაბული გაზაფხულის’ დროს საუდის არაბეთმა დაინახა, თუ როგორ არაფერი მოიმოქმედა შეერთებულმა შტატებმა მისი მოკავშირეების - ეგვიპტის ლიდერის ჰოსნი მუბარაქის და ტუნისის პრეზიდენტი ბენ ალის გადასარჩენად. პარალელურად, ობამას ადმინისტრაცია ხშირად აკრიტიკებდა საუდების მმართველობას, რომელიც უხეშად ლახავდა ადამიანის უფლებებს სამეფოში. ამ მოვლენებმა საუდების სამეფო ტახტს საერთაშორისო არენაზე სხვა მოკავშირეების ძიებისკენ უბიძგა.

აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილებამ და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ სიტუაცია შეცვალა. ტრამპის ადმინისტრაცია მკვეთრი ანტიირანული რიტორიკით გამოირჩევა. მაგრამ სპარსეთის ყურის კრიზისისას, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა ყატარი სწორედ, ირანთან დამთბარი ურთიერთობებისა და ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ბლოკადაში მოაქციეს, აშშ-მა საუდის არაბეთს ყატარში რეჟიმის ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ეს ფაქტი მოკავშირეებს შორის განაწყენების მიზეზად კვლავ იქცა.

 

დასკვნის მაგიერ

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხს სამი წამყვანი არაბული ქვეყანა - ეგვიპტე, ერაყი და სირია - სამ არაარაბულ ქვეყანასთან ერთად - ირანი, თურქეთი, ისრაელი - განსაზღვრავდნენ. სიტუაცია 2003 წლის ერაყის ომის და 2011 წელს დაწყებული არაბული გაზაფხულის დაწყებიდან შეიცვალა. არაბული ქვეყნების გავლენის შესუსტების ფონზე საუდის არაბეთი რეგიონში მთავარ ძალად წარმოჩინდა. სამეფო შეერთებული შტატების ზურგით მნიშვნელოვანი აქტორი გახდა, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენდა და გადაწყვეტილების მთავარი მიმღები მხარე ხდებოდა.

ბოლო ათწლეულში აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ცვლილებამ და რეგიონში რუსეთის აქტიურად ჩართვამ, რომელმაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები გამოიღო, საუდის არაბეთი რუსეთთან კონტაქტზე გასვლაზე დააფიქრა. დღეს რუსულ მხარესთან რეგიონიდან სირიასა და ირანის გარდა, ეგვიპტე, იორდანია და ისრაელი თანამშრომლობენ. რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მეტნაკლებად ნეიტრალურ მოთამაშედ მოგვევლინა, რომელიც ცდილობს რეგიონში არსებულ ჩახლართულ ინტერესებში ლავირება მოახდინოს და არცერთ აქტორთან კონფრონტაციულ ურთიერთობაში არ შევიდეს. რუსეთის მიერ რეგიონში გატარებულ პოლიტიკას, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოჰყვა და მისმა მოკავშირეებთან ერთგულებამ რეგიონის ქვეყნებში რუსეთის მიმართ სანდოობის დამოკიდებულება გააჩინა და მას კონფლიქტებში ლეგიტიმური მოდერაციის საშუალება მისცა. მეფე სალმანის მოსკოვში ვიზიტი ზემოთ აღნიშნული პროცესების გამოხატულება იყო, რომლითაც საუდის არაბეთმა აღიარა რუსეთის კონსტრუქციული როლი რეგიონში სტაბილურობის შექმნისათვის.

ბუნებრივია, მეფე სალმანის მოსკოვური ვოიაჟი საუდის არაბეთის საგარეო ვექტორის ცვლილებას არ გამოიწვევს. სამეფო მისი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის პარტნიორი დარჩება, რადგან მათ ერთმანეთთან მყარი პოლიტიკური ხედვები, სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებთ. საკუთრივ, რუსეთი კი არაბულ ინვესტიციებისა და მათთვის იარაღის მიყიდვის ხარჯზე თეირანთან და დამასკოსთან სტარტეგიულ პარტნიორობას არ გაწყვეტს. იგი დარჩება მხარეებს შორის ნდობით აღჭურვილ ბროკერად და ეკონომიკური და სამშვიდობო ინსტრუმენტებით რეგიონში საკუთარი გავლენების გაზრდას შეეცდება.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

16 October 2017

თურქული გამბიტი

16 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

16 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

16 October 2017

ობამა

16 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

16 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

16 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

16 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

16 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

16 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

16 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

16 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

16 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

16 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

16 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

16 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

16 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

16 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

16 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

16 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

16 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

16 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

16 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

16 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

16 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

16 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

16 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

16 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

16 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

16 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

16 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

16 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

16 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

16 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

16 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

16 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

16 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

16 October 2017

უნგრული სუვერენულობა

16 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

16 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

16 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

16 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

16 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

16 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

16 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

16 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

16 October 2017

დასავლური გახლეჩა

16 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

16 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

16 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

16 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

16 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

16 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

16 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

16 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

16 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

16 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

16 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

16 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

16 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

16 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

16 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

16 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

16 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

16 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

16 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

16 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

16 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

16 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

16 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

16 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

16 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

16 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

16 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

16 October 2017