24 October 2017
  • 926 ნახვა

ვიწრო ინტერესები საზოგადოებრივი სიკეთის წინააღმდეგ

ფოტო გარეკანზე, წყარო: flickr.com 

გასულ კვირას მსოფლიო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში Fiscal Monitor სახელწოდებით: „გავუმკლავდეთ უთანასწორობას“. ამ ანგარიშში, IMF-ი მწვავედ აკრიტიკებს მსოფლიოს მთავრობებს შემცირებული საშემოსავლო საგადასახადო განაკვეთის შესახებ და პირდაპირ მოუწოდებს მათ გაზარდონ გადასახადები მდიდრებისთვის. ანგარიშის მიხედვით, უთანასწორობა პრობლემურია არამხოლოდ სოციალური სამართლიანობის მხრივ, არამედ ის აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას, რადგან უთანასწორობა იწვევს სოციალურ კრიზისებს და ასუსტებს საჯარო სერვისებს, რაც ბუნებრივია ეკონომიკას ნაკლებად პროდუქტიულს აქცევს. რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ?

პროგრესული გადასახადები, რაც უთანასწორობის დაძლევის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, საქართველოს კანონმდებლობით ფაქტიურად აკრძალულია. მიხეილ სააკაშვილის აქტიური დაჟინებით, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში  2010 წელს ჩაიწერა, რომ ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით, რომელიც მთავრობამ უნდა გამოაცხადოს. ზოგადად, ქართული კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია რეფერენდუმი გამოცხადდეს 200 000 ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადასახადების საკითხზე ეს წესი არ ვრცელდება, რეფერენდუმის გამოცხადება მხოლოდ მთავრობას ხელეწიფება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს მუხლი არ ამოიღო ახალი კონსტიტუციის რედაქციიდან, რომელიც 2018 წლის მარტში შევა ძალაში.

საქართველოში უთანასწორობის საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უგულვებელყოფილი იყო. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ქართული მოვლენა, გლობალურად მიჩნეული იყო რომ ეკონომიკური ზრდა გარკვეულ ეტაპზე თავად გახდებოდა მოსახლეობის მაქსიმალური კეთილდღეობის მიღწევის წინაპირობა. თუმცა, მოლოდინი იმის შესახებ რომ „a rising tide lifts all boats“ (ეკონომიკური ზრდა ყველასთვის სასარგებლოა),  არა გამართლდა.  მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას ემსახურება არაეფექტური აღმოჩნდა. ამას აჩვენებს როგორც გლობალური, ასევე ლოკალური, ქართული გამოცდილებაც.

როგორც ჯოზეფ შტიგლიცი,  ნობელის პრემიის ლაურიატი ეკონომიკის დარგში ამბობს,  უთანასწორობა არ არის ეკონომიკური განვითარების გვერდითი ეფექტი, იგი არის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მსხვილი ბიზნესის ვიწრო და მოკლევადიან ფინანსურ ინტერესებს. უთანასწორობას გააჩნია ორი მდგენელი: პირველი ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც  სამართლიანობასთან არის დაკავშირებული. მეორე  განზომილება ეკონომიკურია, რაც ეფექტიანობას უკავშირდება.

დავიწყოთ პოლიტიკური საკითხით. საქართველოში მოქმედებს ბრტყელი გადასახადები, რომელიც ერთ პირობებში აყენებს როგორც მსხვილ ბიზნესმენებს, რომლებიც იხდიან იმავე მოგებისა და დივიდენდის გადასახადს, რასაც წვრილი ბიზნესი, რაც შეადგენს მოგების განაწილების შემთხვევაში 20%-ს.  საშემოსავლო გადასახადიც ბრტყელია და  მასწავლებელი რომლის  გადასახადის გადახდამდე (pre-tax) შემოსავალი 250 დოლარს შეადგენს იხდის 20 პროცენტს, ისევე როგორც მსხვილი ბანკის დირექტორი, რომლის თვიური ხელფასი დაახლოებით 100 000 დოლარს შეადგენს.  დომინანტური ეკონომიკურ თეორიის მიხედვით ხელფასების ოდენობას განსაზღვრავს ზღვრული პროდუქტიულობა, რაც ადამიანის საზოგადოებაში შეტანილ წვლილს ეკვივალენტურად ასახავს. რამდენად სამართლიანია ისეთი რეალობა,   როცა მასწავლებლის დამატებით ღირებულებას თითქოს 400-ჯერ აღემატება, ბანკის დირექტორის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება ეს საზოგადოებისთვის  განსჯის საკითხად უნდა იქცეს. თუმცა, ის ფაქტი რომ მასწავლებელიც და ბანკის დირექტორიც თავიანთი შემოსავლის 20%-ს იხდიან გადასახადის სახით, სამართლიანობის პერსპექტივიდან კრიტიკას ვერ უძლებს.

ეკონომიკური კუთხითაც, ბრტყელი გადასახადები არაეფექტიანია. დავუბრუნდეთ,  ისევ მასწავლებლის და ბანკის დირექტორის ხელფასს. მასწავლებლის ხელფასიდან 50 დოლარი მიდის საშემოსავლო გადასახადის სახით. პროგრესული დაბეგვრის შემთხვევაში ეს 50 დოლარი სავარაუდოდ სრულად ან მეტწილად დარჩებოდა მასწავლებლის ჯიბეში, რითიც ის შეიძენდა დიდი ალბათობით მეტ პირველადი მოხმარების საგნებს და საკვებს და ეს ფული ადგილობრივ ეკონომიკაში დარჩებოდა. მართლაც, დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავს ძირითადად ადგილობრივ დონეზე წარმოებულ პირველადი მოხმარების საგნებში და საკვებ პროდუქტში, რითიც ახდენს საერთო მოთხოვნის სტიმულირებას. რა ვითარება გვაქვს ბანკირის შემთხვევაში? ბანკირი თავის შემოსავლის 20%-ს ანუ დაახლოებით თვიურად  20 000 დოლარს იხდის საშემოსავლო გადასახადის სახით. მის ჯიბეში რჩება, 80 000 დოლარი. ამ შემოსავლის მხოლოდ ძალიან მცირე წილი მიდის საკვებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე. უმეტესწილად ხდება ამ თანხის ფუფუნების საგნებში ხარჯვა, რაც მეტწილად იმპორტირებულია ან  ხდება კაპიტალის გადინება. მაგალითად, საქართველოს ბანკის ყოფილმა დირექტორმა 2015 წელს, თავის შემოსავლის დიდი ნაწილი, კერძოდ (682 785 ევრო) მადრიდში ბინის შეძენას და რემონტს მოახმარა.

საშემოსავლო გადასახადის პროგრესული დაბეგვრის შემთხვევაში გვექნებოდა თვისობრივად სხვაგვარი რეალობა, კერძოდ, დაბალ შემოსავლიანი მასწავლებელი გათავისუფლებოდა საშემოსავლო გადასახადიდან (ან გადაიხდა შემოსავლის მცირედ  ნაწილს) და დარჩენილი თანხით შეისყიდა მომსახურებას ან საქონელს, რომელიც ნაწარმოებია ადგილობრივი ბიზნესის მიერ, რაც ავტომატურად ნიშნავს მეტ შემოსავალს ბიზნესისთვის, მეტ სამუშაო ადგილებს და ნაკლებ სიღარიბეს. პროგრესული დაბეგვრის პირობებში ბანკის დირექტორს მოუწევდა შემოსავლის უფრო დიდი წილის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ნიშნავს იმას რომ ქვეყანას ექნებოდა უკეთესი საჯარო მომსახურება, მათ შორის: უკეთესი სკოლები, ბაღები, კარგად ანაზღაურებული პოლიცია და ჯანდაცვა.

ზემოთ მოყვანილი არგუმენტები არ არის მხოლოდ თეორიული დაშვებები. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროგრესული დაბეგვრა ეფექტური საშუალებაა, როგორც ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ასევე უთანასწორობისა და სიღარიბის დასაძლევად. ევროკავშირის ქვეყნების აბსოლუტურ  უმრავლესობაში მოქმედებს პროგრესული საშემოსავლო დაბეგვრის სისტემა, მაგალითად ფინეთში ზედა ზღვარი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პირებისთვის 62%-ს შეადგენს. გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ირლანდიაში და ევროპის სხვა განვითარებულ ქვეყნებში საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვარი 40%-ზე მაღალია. ის მითიც კი, რომ ჯერ სახელმწიფოები უნდა გამდიდრდნენ და შემდეგ უნდა გადაანაწილონ მცდარ ფაქტებს ეფუძნება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაღარიბებულ და განადგურებულ ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედებდა საკმაოდ მაღალი პროგრესული გადასახადები. მაგალითად, დასავლეთ გერმანიაში 1958 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ პროგრესული გადასახადის ზედა ზღვარი 53%-ს შეადგენდა. 1945 წელს ოკუპაციისგან განთავისუფლებულ საფრანგეთში 60%-ი იყო. მასიური დაბომბვების დროს  კი ინგლისში 1941 წელს საშემოსავლო გადასახადი ყველაზე მდიდრებისთვის 97.5 %-ი იყო.

ქართულ ეკონომიკას, დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება სამართლიანი და ეფექტური საგადასახადო სისტემა. ბრუკინგის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ირკვევა რომ საქართველო შემოსავლების უთანასწოროდ გადანაწილების მიხედვით მე-8 ადგილზეა.  დღეს ბიზნესს სასიცოცხლოდ სჭირდება უფრო ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები, რასაც მოწმობს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის გამოკვლევაც. ქართული ბიზნესისთვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს განათლებული მუშა-ხელის ნაკლებობა. მართლაც, ამავე ინდექსის მონაცემების მიხედვით საშუალო განათლების მხრივ საქართველო 106 ადგილს იკავებს და ჩამორჩება მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის მაჩვენებლებს. უმაღლესი განათლების მხრივ კი საქართველო 101 ადგილს იკავებს. გასაკვირი იქნებოდა რომ სხვა მდგომარეობა ყოფილიყო იმ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლობა ერთი-ერთი ყველაზე დაბალ-ანაზღაურებადი პროფესიაა. პროგრესული საშემოსავლო გადასახადი იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამგვარი პერვერტული მდგომარეობის გადასალახად. იქნებ დადგა დრო ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ყური დაუგდოს IMF-ის რჩევებს და პირველ რიგში დააყენოს ხალხის ინტერესები? 


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები: ფოთის მაგალითი

24 October 2017

მცირე და არაეფექტური ბიუროკრატია

24 October 2017

საქართველო-ევროკავშირი: თავისუფალი ვაჭრობის შედეგები

24 October 2017

სახელმწიფო დანახარჯები საქართველოსა და ევროკავშირში

24 October 2017

„აწარმოე საქართველოში“ - გაურკვეველი შედეგები

24 October 2017

სახელმწიფო შესყიდვების როლი განვითარების პოლიტიკაში

24 October 2017

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა - რაც მეტი მით უკეთესი

24 October 2017

ბანკების მოგება მოსახლეობისა და ჯარიმების ხარჯზე იზრდება

24 October 2017

კოოპერაციული მეურნეობების არამდგრადობა

24 October 2017

კონკურენციის სააგენტოს უძლურება

24 October 2017

კვლევა და განვითარება საქართველოში

24 October 2017

ეკონომიკის სამინისტრო უკვე 1,5 წელია ნაქირავებში ცხოვრობს

24 October 2017

სად მიდის საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებელი

24 October 2017