27 October 2017
  • 896 ნახვა

ობამა

სტატიაში განხილულია წიგნები:

Obama: The Call of History by Peter Baker. The New York Times / Callaway, 2017

Audacity: How Barack Obama defied his Critics and created a Legacy that will Prevail by Jonathan Chait. Custom House, 2017

A Consequential President: The Legacy of Barack Obama by Michael D’Antonio. Thomas Dunne Books, 2017

„მე მქვია ბარაკ ობამა, ვარ შავკანიანი მამაკაცი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი“ - განუცხადა ერთხელ ობამამ თავის პერსონალს, როდესაც საშინაო პოლიტიკაში სარისკო გადაწყვეტილებაზე მსჯელობდა. მისი პრეზიდენტობა იქცა ისტორიულად ეთნიკური წარმომავლობის გამო: მეორე სახელი - ჰუსეინი, რის გამოც გვარს ხშირად სპეციალურად ურევდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურის სახელთან, როგორიცაა ოსამა ბინ ლადენი. იგი მართავდა ქვეყანას დიდი საგარეო და საშინაო კრიზისების დროს. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები და რამდენიმე მკაფიო წარუმატებლობა. თუმცა ყველა მათგანი მოხდა კონკრეტული პოლიტიკური წესრიგის კონტექსტში. დაპირებები, რომელიც ობამამ საპრეზიდენტო კამპანიის დროს გასცა - „იმედი და ცვლილებები“ - იმ დროს დრამატულად ჩანდა. ლიბერალებს შორის მოლოდინები ისეთივე დიდი იყო, როგორც დღეს ზოგიერთ კონსერვატორში, რომლებიც დონალდ ტრამპის პოპულისტური რადიკალიზმით არიან აღფრთოვანებული. ობამა - ზომიერად ავანტიურისტი პოლიტიკოსი სამშობლოში და ფრთხილი რეალისტი მის გარეთ. იგი იყო ფრთხილი, ზოგჯერ ზედმეტადაც, დაფიქრებული, დახვეწილი და თავშეკავებული მაშინ, როდესაც ამ თვისებებს ყველაზე ნაკლებად აფასებდა საზოგადოება ან მედია.

რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ობამას პრეზიდენტობის რაციონალურად შეფასება. თუმცა უშიშარი ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ გარკვეული შეჯამების გაკეთებას. პიტერ ბეიკერის წიგნი „ობამა“ - კარგად ილუსტრირებული სასაჩუქრო გამოცემაა შესანიშნავი ფოტოებით და გამორჩეულია თავის ჟანრში საავტორო რეპორტაჟის და ანალიზის ხარისხით. ობამას პრეზიდენტობის დროს ბეიკერს, როგორც კორესპოდენტს პირველ რიგში ეკავა ადგილი, როდესაც „The New York Times“-სთვის თეთრი სახლიდან წერდა. ჯონათან ჰაითის წიგნი „თავხედობა“ - ჭკვიანური და მიკერძოებული აღწერაა როგორც ობამას შიდაპოლიტიკური წარმატებების, ასევე მემარჯვენე და მემარცხენე ფლაგებზე არსებული პოლიტიკური ძალების, რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი მიღწევების დაფასებას. მაიკლ დ’ანტონიო წიგნში „თავდაჯერებული პრეზიდენტი“ გვთავაზობს უფრო ადამიანურ ხედვას ობამას პრეზიდენტობაზე, ვიდრე ჰაიტი, რომელიც ასკეტური პოლიტიკოსის პორტრეტს ხატავს.   

 

მთავარი პედანტი

ჰაიტი ზუსტად ხვდება ობამას საშინაო პოლიტიკის ხასიათს: „მისი დიდი ნაწილი ნასესხები იყო ზომიერი რესპუბლიკელებისგან: საქმე იმაშია, რომ რესპუბლიკელებმა თავად განაცხადეს უარი ამ დღის წესრიგზე“. კანონი ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე, ანუ Obamacare, კონსერვატორული ფონდ „მემკვიდრეობისგან“ (Heritage Foundation) იღებდა საკვანძო პრინციპებს, ინდივიდუალურ მანდატს და სამედიცინო დაზღვევის ბაზრებს (ე.წ. „ბირჟებს“). ეტაპობრივი, თუმცა საფუძვლიანი დაშორება საწვავის წიაღისეული ფორმებისგან, რომელიც ობამამ განახორციელა, ფესვებით რიჩარდ ნიქსონის და ჯორჯ ბუშ-უფროსის ეკოლოგიურ პოლიტიკასთან მიდის. საგარეო პოლიტიკური რეალიზმი ასევე წარმოადგენდა ბუში-უფროსის ადმინისტრაციის პოლიტიკის გაგრძელებას. ობამას დოქტრინა „არ ჩაიდინო იდიოტობები“ - საგარეო პოლიტიკაში ჰიპოკრატეს ფიცის ექვივალენტია - მორიდებულობა და სიმშვიდე ჯორჯ ბუში-უმცროსის გულუბრყვილო იდეალიზმის და სამხედრო აქტიურობის საპირისპიროდ. ობამამ განიცადა წარუმატებლობები ლიბიასა და სირიაში, როდესაც უარი განაცხადა ამ დოქტრინაზე. იგი ვერ შეეწინააღმდეგა გიგანტურ ბანკებს უოლ-სტრიტზე მას შემდეგაც კი, რაც მათ საკუთარი უსინდისობა გამოავლინეს. თავდაპირველად მან სცადა ბანკების უფრო მკაცრად რეგულირება, თუმცა 2009 წლიდან მათი სტიმულირების გეგმაზე გადაერთო. დ’ანტონიო მიუთითებს, რომ Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსის საშუალო მაჩვენებელი მასტიმულირებელი პაკეტის მიღებისას 300 პუნქტით დაეცა, ხოლო ჰაიტი 2010 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე ამახვილებს ყურადღებას: ამერიკელთა მხოლოდ მესამედი თვლიდა, რომ პროგრამამ „მოსახლეობის დასაქმების კუთხით ვითარება გააუმჯობესა“.

ობამას პრეზიდენტობის საოცარ ასპექტად იქცა საზოგადოების და მედიის მხრიდან მისი პროგრამების გონივრულად და ღირსეულად შეუფასებლობა. იყო ეს გამოწვეული რასიზმით, პოლიტიკური ექსტრემიზმით თუ ამერიკული საზოგადოების უუნარობით გაიგოს რთული საკითხები ან სცადოს მათი გაგება? ცხადია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო მედიის შეხედულების სკეპტიციზმიდან ცინიზმისკენ გადანაცვლებამ. სხვა სიტყვებით, ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ქმედება წაუგებელი ვიწროპარტიული თამაშის ნაწილს წარმოადგენდა. 

რეაქცია ობამას მნიშვნელოვან მიღწევაზე - კანონზე ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების შესახებ ნათელი მაგალითია იმ სირთულეების, რომლებსაც იგი როგორც პრეზიდენტი აწყდებოდა და რომელიც დღესაც კი ხელს უშლის მისი დამსახურებების შეფასებას. კონსერვატორმა პოპულისტმა პეტ ბიუკენანმა ერთხელ აღნიშნა: „გადაჭარბებული მეტაფორა რეალურად არის ამერიკული პოლიტიკური ენის მთავარი პროდუქტი“. იმ დროს, როდესაც ობამამ საპრეზიდენტო სავარძელი დაიკავა, “გადაჭარბებული მეტაფორა” მრავლისმეტყველი დამახინჯების დონემდე დეგრადირდა. რესპუბლიკელები ობამას გეგმას ჯანდაცვის სფეროში „სახელმწიფო მედიცინად“ მოიხსენიებდნენ იმის მიუხედავად, რომ იგი თავისუფალ ბაზარს და კერძო სადაზღვევო კომპანიებს ეყრდნობოდა. ალასკას ყოფილმა გუბერნატორმა სარა პეილინმა ამ ინიციატივაში არარსებული „სიკვდილის პანელები“ ანუ პრიორიტეტული სამედიცინო მომსახურება დაინახა. რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან მიჩ მაკონელმა იგი „ბოლო 50 წელიწადში ყველაზე ცუდ კანონპროექტად“ დაახასიათა. უილიამ კრისტოლი, კონსერვატორული ჟურნალის Weekly Standard-ის მაშინდელი რედაქტორი კი აღნიშნავდა: „მატარებლის მოსალოდნელი ვარდნა სახელად Obamacare - სახელმწიფო ლიბერალიზმის ჩვეული შედეგია“.   

კანონპროექტი შეიცავდა სერიოზულ ხარვეზებს. შტატების ჯანდაცვის ბაზრებს გააჩნდათ მცირე ბაზა, რომელთა რეგიონულად ქცევაც აუცილებელი იყო კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. აუცილებელი იყო ასევე მათი გახსნა არა მხოლოდ კონკრეტული მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა საწარმოსთვის, რაც დამზღვევთა მოგებას გაზრდიდა. თავად გეგმები იყო ფრთხილი და მოითხოვდა ზედმეტად ბევრ სავალდებულო მომსახურებას. მარტივი და სწრაფი დაზღვევა კი პროგრამას უფრო მიმზიდველს გახდიდა ახალგაზრდებისთვის. თუმცა არავითარი „გარდაუვალი ავარია მატარებელ Obamacare-ის” არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია გამოვიდა პროგრამიდან, ხოლო ზოგიერთ შტატებში ჯანდაცვის სფეროში მომხმარებლებს მხოლოდ ერთ გეგმას სთავაზობდნენ, დღეს სამედიცინო დაზღვევით ოცი მილიონით მეტი ადამიანი სარგებლობს, ვიდრე კანონის ამოქმედებამდე. ობამამ წარმატებას მიაღწია სამედიცინო მომსახურების მზარდი ღირებულების შეჩერებაშიც, შესთავაზა რა სამედიცინო პროვაიდერებს ფინანსური სტიმულები, როდესაც უარი თქვა „ანაზღაურება მომსახურებისთვის“ არაეფექტურ სისტემაზე და გადავიდა ფიქსირებულ ხელფასზე ექიმებისთვის. როგორც ჰაიტი აღნიშნავს, მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ შეუძლია აირჩიოს სამი ან მეტი გეგმიდან სასურველი. იგი აგრძელებს: „სადაზღვევო დაფარვის ყველაზე მაღალი დონის დროსაც სადაზღვევო პრემიები პრაქტიკულად იდენტური იქნება იმ პროგნოზის, რომელიც კონგრესის საბიუჯეტო დაგეგმარების სამმართველომ Obamacare-ზე ხმის მიცემის წინ გააკეთა“.   

რესპუბლიკელების ბრძოლა წარმომადგენელთა პალატაში საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონის „შეცვლის ან გაუქმებისთვის“ ამ პროგრამის ღირებულების მაჩვენებელია. თუმცა საზოგადოებამ რატომღაც Obamacare უფრო მუქ ფერებში დაინახა, ვიდრე იგი რეალურად იმსახურებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მედიამ ვერ შეძლო ან არ მოისურვა ახალი პოლიტიკის სირთულეების განმარტება. რესპუბლიკელებს შეეძლოთ გაეკრიტიკებინათ ის მარტივი წინადადებებით, როდესაც პროგრამის დაცვა რთულ წინადადებებს რთულად გასაგები ქვეპუნქტებით მოითხოვდა. კიდევ ერთი პრობლემა იყო პროგრამის ობამას სახელთან დაკავშირება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა დადებითად განწყობილი „კანონისადმი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ“, ვიდრე Obamacare-ის მიმართ. აშშ-ში სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ კანონი ემოციურად მხარდაჭერილი იყო მემარცხენეების მხრიდან, რომლებიც სახელმწიფო ჯანდაცვას ემხრობიან.  

ნაწილობრივ პრობლემა იყო ობამაშიც, რომელსაც თითქოს ეფექტურად შეეძლო ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება. მან სცადა სამიზნე ჯგუფები საკუთარი პროგრამის ყველაზე პოპულარული ელემენტების ღირებულებებში დაერწმუნებინა: აკრძალვა სადაზღვევო დაფარვის კონკრეტულ პარამეტრებზე, აკრძალვა სადაზღვევო დაფარვაზე უარის თქმაზე და პუნქტი იმის შესახებ, რომ 26 წლამდე ახალგაზრდა შეიძლება მშობლების სადაზღვევო პოლისში ჩაერთოს. ამავდროულად მან არაფერი გააკეთა პროგრამის არასწორად გაგების მთავარი მიზეზის აღმოსაფხვრელად: რომ Obamacare საჩუქარია ღარიბებისთვის. რეალურად ღარიბების ჯანდაცვას უკვე ფარავდა ღარიბებისთვის სამედიცინო დახმარების ფედერალური სისტემა, მაშინ, როდესაც ობამას პროგრამა მიმართული იყო დასაქმებულ მოსახლეობასა და თვითდასაქმებულებზე, რომელთაც სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდათ.

ანალოგიურად იჩქმალებოდა ობამას სხვა საშინაო პოლიტიკური მიღწევები. მან დაიწყო რეფორმები განათლების სფეროში, როგორიცაა „რბოლა ზევით“ - კონკურენტუნარიანი გრანტი, რომლის წინააღმდეგად მასწავლებელთა პროფკავშირები, დემოკრატების რიგებში ყველაზე ძლიერი ინტერესთა ჯგუფი გამოდიოდა. მან აღიარა, რომ განათლების პროგრამაში სახელად „ადრეული დასაწყისი“, რომელსაც დემოკრატები წარმატებულად მიიჩნევდნენ, სერიოზული ხარვეზები იყო. საყოველთაო სახელმწიფო კვლევამ აჩვენა, რომ იგი მინიმალურ გავლენას ახდენდა და რეფორმირებას საჭიროებდა. მის მიერ ალტერნატიული ენერგიის წყაროების მხარდაჭერა, მათ შორის 2009 წლის საგადასახადო შეღავათებით, დაეხმარა ქარის და მზის ენერგიას მიეღწია კრიტიკული მასისთვის ამერიკის ეკონომიკაში, რაც არააქტუალურს ხდის ტრამპის მცდელობებს ააღორძინოს ქვანახშირის წარმოება. იუსტიციის სამინისტროს რეაქცია ობამას ადმინისტრაციის დროინდელ სამწუხარო ინციდენტზე, როდესაც პოლიციელმა მისურის შტატის ქალაქ ფერგიოსონში მაიკლ ბრაუნი მოკლა, დაბალანსებული იყო: ოფიცერის რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო ქალაქი და პოლიციის დეპარტამენტი სისტემურ რასიზმში ცნეს დამნაშავედ. ამ გადაწყვეტილებამ ვერ დააკმაყოფილა ვერც მემარცხენეები და ვერც მემარჯვენეები, რაც ობამას მთელ პრეზიდენტობაზეც შეიძლება ითქვას.

 

ობამა საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ ობამამ მოახერხა დიდი კატასტროფების აცილება ქაოსის პერიოდში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. რეგიონის ქვეყნებს შორის პირდაპირი საზღვრების ნგრევა დაიწყო 100 წლის შემდეგ, რაც ისინი კოლონიური სახელმწიფოების მხრიდან დაიხაზა. ჯორჯ ბუშის ერაყში შეჭრამ დააჩქარა ქაოსის დადგომა, თუმცა რადიკალური ტრანსფორმაცია, სავარაუდოდ, მაინც გარდაუვალი იყო. ერაყი, ლიბია, სირია და იემენი უფრო თეორიებს წარმოადგენდნენ, ვიდრე ერებს. ავღანეთი და პაკისტანი განწირული არიან მუდმივი არასტაბილურობისთვის 1893 წლის შემდეგ, როდესაც დურანდის ხაზმა, რომელიც ჰინდუყუშის პროვინციაში გაივლო, პუშტუნები გაყო. ამან გამოიწვია ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს თალიბების აჯანყება. 

ობამა პაკისტანს დედამიწაზე ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევდა არა მხოლოდ მის ჩრდილოეთში თალიბების ამბოხის გამო, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებში მოქმედი პარტიზანული მოძრაობების და სამხედრო არსენალში არსებული 120 ბირთვული ქობინის გამოც. რაც უფრო უარესია, ფაქტობრივ მოკავშირეს აქვს სამხედრო გადატრიალებების მდიდარი ისტორია და საკუთარ ტერიტორიაზე ტერორისტების შეფარების ლტოლვა. ქაოსი რეგიონში გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ საქველმოქმედო ფონდები საუდის არაბეთიდან აფინანსებდნენ რადიკალ სალაფიტებს, როგორიცაა „ალ-ყაიდა“ და „ისლამური სახელმწიფო“. ამასთან შიიტური ირანის სუნიტურ საუდის არაბეთთან დაძაბული ურთიერთობა სირიასა და იემენში სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ობამამ რაციონალურად გათვალა, რომ აშშ-ს ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია რეგიონში მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებდა. ამასთან მან გააფართოვა სპეციალური ძალების, უპილოტო თვითმფრინავების და კიბერიარაღის გამოყენება ტერორისტული საფრთხის შესამცირებლად. მისი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე სარისკო დიპლომატიური აქცია - ბირთვული გარიგება ირანთან - პოტენციურად შეიძლება აშშ-ს გავლენის ბერკეტად და ნეიტრალურობის გარანტად გარდაქმნილიყო შიიტურ-სუნიტურ დაპირისპირებაში. იგი იმედოვნებდა, რომ ირანის ზომიერი მოსახლეობა და საშუალო კლასის დიდი ნაწილი ადრე თუ გვიან აიძულებდა თეოკრატიულ სამხედრო დიქტატურას შეეზღუდა ბირთვული ამბიციები და დაეწყო შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა საერთო ინტერესის მქონე საკითხებში, კერძოდ კი ისლამურ სახელმწიფოსთან და „თალიბანთან“ ბრძოლაში. თუმცა ირანის ხელისუფლება იცავდა შეთანხმების პირობებს, რეჟიმების შეუთავსებლობამ პრაქტიკულად არარეალურად აქცია ალიანსი მოკლევადიან პერსპექტივაში. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონისთვის სამომავლოდ კვლავ რჩება შესაძლებლობა შიიტურ-სუნიტურ კონფლიქტში დაბალანსებული პოზიციის დაკავების. 

ჰაიტი, რომელიც თავს აშკარად უფრო კომფორტულად გრძნობს საშინაო პოლიტიკაში, ზედაპირულად დაწერილ თავში ქედმაღლურად აფასებს ობამას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ავღანეთი თითქმის არ არის ნახსენები, კიბერომების მზარდი მნიშვნელობა თითქმის არ არის აღიარებული. იგი ადანაშაულებს ობამას „ტრანფორმაციული“ საგარეო პოლიტიკის - რაღაც „მონროს დოქტრინის“ ან „თეოდორ რუზველტის დიდი ხელკეტის“ მსგავსი მოდელის არშექმნაში. თუმცა მსგავსი დოქტრინების როლი მრავალპოლარულ სამყაროში გადაფასებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ობამას მოუწია საკუთარი ჰიპოკრატეს ფიცის დადება და ბუშის ადმინისტრაციის უგუნური ქმედებების შემდეგ საგარეო პოლიტიკის კორექტირება.

რეალურად, ობამას დოქტრინას უნდა შეესაბამოს უმთავრესი ეპილოგი: „არ ვთქვათ სისულელეები“. რაც არ უნდა უცნაური იყოს, პრეზიდენტი, რომელიც თვითდისციპლინით ამაყობდა, ბევრ გაუაზრებელ სისულელეს ამბობდა და ხშირად უხერხულ ვითარებაშიც ხვდებოდა. მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ხელმძღვანელისთვის უპასუხისმგებლო იყო სირიაში ჩახლართული სამოქალაქო ომის დროს გაკეთებული განცხადება, რომ ბაშარ ასადი „უნდა წავიდეს“, ხოლო შემდეგ პრაქტიკულად არაფრის გაკეთება ამ მიზნის მისაღწევად. ასევე სისულელე იყო „წითელი ხაზის“ გავლება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე და მისი დარღვევისას უმოქმედობა. როდესაც ობამას წასვლის შემდეგ ასადმა აღნიშნული იარაღი გამოიყენა, ტრამპმა ფრთოსანი რაკეტებით დაამტკიცა, რომ აშშ-ს შეუძლია პროპორციული ნაბიჯების გადადგმა, თუ სირიის ლიდერი „წითელ ხაზს“ გადააბიჯებს. ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის შესახებ და „შებრუნებაზე“ აზიის მიმართულებით. თუმცა ეს გეგმები ძირითადად მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლა.

პრეზიდენტი უფრო თავშეკავებული იყო საშინაო პოლიტიკაში, თუმცა დროდადრო აქაც მიმართავდა გადაჭარბებას: „როგორც არ უნდა მოგვეხდინა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება, ჩვენ ამერიკელ ხალხს მივეცით დაპირება: თუ თქვენ არ მოგწონთ მკურნალი ექიმი, თქვენ შეგიძლიათ მიატოვოთ ის. თუ თქვენ არ მოგწონთ არჩეული გეგმა ჯანდაცვის სფეროში, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ იგი. რაც არ უნდა მოხდეს, ამ უფლებას თქვენ არავინ წაგართმევთ“. რეალურად მხოლოდ მოქალაქეთა მცირე რაოდენობამ, რომელთა პოლისებსაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონით მოთხოვნადი დაფარვა არ გააჩნდა, ვერ შეძლო საკუთარი ექიმების და გეგმების შენარჩუნება. ამან რესპუბლიკელებს დამატებითი მიზეზი მისცა არასწორად მოეხდინათ კანონპროექტის ინტერპრეტირება.

და მაინც, მიუხედავად გადახვევებისა, ობამა გამოირჩეოდა თავისი პედანტიზმით. იგი სერიოზულად იკვლევდა იმ საკითხებს, რომელიც მას აწუხებდა. ბეიკერი ამბობს, რომ მრავალთვიანი ფიქრის შემდეგ ობამამ მოუწოდა თავის პერსონალს გაეზარდათ სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში: „მე უფრო ღრმად ჩავედი ამ საკითხში, ვიდრე პრეზიდენტს ევალება და ახლა თქვენ უნდა მოაგვაროთ ის“. მისი ინტელიგენტურობა ზოგჯერ აღიზიანებდა კონგრესის რესპუბლიკელ ლიდერებს, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს. „პრეზიდენტმა ობამამ დაურეკა და დაღალა ჯონ ბენერი თავისი რთული ნოტაციებით და შეგონებებით. - ამბობს ბეიკერი. - ბოლოს ბენერმა დადო ტელეფონი და სიგარეტს მოუკიდა, ხოლო პრეზიდენტი საუბარს აგრძელებდა. ანალოგიური საუბრები ობამასთან ჰქონდა მიჩ მაკონელსაც. მართალია იგი არ დებდა ტელეფონს მაგიდაზე, თუმცა ზოგჯერ უყურებდა ბეისბოლის თამაშს ტელევიზორში, სანამ პრეზიდენტი საუბრობდა“.

სხვა შემთხვევებში, განსაკუთრებით როდესაც მედია მოითხოვდა ემოციურ რეაქციას რთულ ვითარებაზე, რომელსაც ობამა არ თვლიდა რთულად, იგი გამაღიზიანებლად გულგრილი ჩანდა. მაგალითად, მექსიკის ყურეში ნავთმომპოვებელ პლატფორმა Deepwater Horizon-ზე აფეთქების შემდეგ დემოკრატების პოლიტიკური სტრატეგი ჯეიმს კარვილი გაბრაზებული იყო. „როგორ ჩანს, მას საერთოდ არ ადარდებს ეს კატასტროფა“ - განაცხადა კარვილმა ტელევიზიაში. - რაღაც ხომ უნდა ვიღონოთ, ავიყვანოთ სიტუაცია კონტროლის ქვეშ, დავნიშნოთ პასუხისმგებელი პირი შედეგების სალიკვიდაციოდ, რომ დავძრათ საქმე მკვდარი წერტილიდან. არ შეიძლება ყველაფრის თვითნებურად მიშვება“.

კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო ობამას გულგრილობა მორიგი ტერაქტების შემდეგ. მისი „სფინქსისეული გულგრილობა“, როგორც ბეიკერმა თქვა, ერთგვარი ტაქტიკა იყო. პრეზიდენტი თვლიდა, რომ მედია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ისეთები როგორიც ტრამპია, საფრთხეს აბუქებენ. ტერორიზმი იყო სუსტი დაავადება, რომელიც დროდადრო იფეთქებდა, მიუხედავად შეერთებული შტატების ყველა მცდელობისა. სიტყვაში, რომელიც 2014 წლის მაისში უესტ-პოინტში წარმოთქვა, ობამამ მიანიშნა ტერორიზმთან ომის შეწყვეტაზე: „ზღურბლი, რომელიც ამართლებს საომარ ქმედებებს, უფრო მაღლა უნდა იყოს“. დრო ამ განცხადებისთვის ცუდად იყო შერჩეული, რადგან იმავე წლის გაზაფხულზე ისლამურმა სახელმწიფომ დიდი ტერიტორიების დაკავება დაიწყო ერაყსა და სირიაში.

თუმცა, მიუხედავად უფლებადამცველების წინააღმდეგობისა, ობამამ მოახდინა ბუშის მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის პროგრამის რატიფიცირება. ბეიკერის სიტყვებით, ერთხელ პრეზიდენტმა თავის თანაშემწეებს ირონიის გარეშე უთხრა: „დაზვერვის ცენტრალური სამმართველო იღებს იმას, რაც მას სჭირდება“. ობამა მხარს უჭერდა ტერორისტებზე ზეწოლას სპეციალური ოპერაციების საშუალებით: მან გასცა ბენ ლადენის თავშესაფარზე თავდასხმის ბრძანება, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ტერორისტების წინააღმდეგ, რასაც იემენში ანვარ ალ-ავლაკი შეეწირა - აშშ-ს მოქალაქე, რომელიც მუსლიმებს მთელ მსოფლიოში მოუწოდებდა ჯიჰადისკენ. თუმცა ობამას ასევე ესმოდა, რომ ზოგიერთი ე.წ. ტერაქტი - მაგალითად 49 ადამიანის მკვლელობა ორლანდოში, გეი-კლუბში - უფრო მასობრივი მკვლელობების კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელიც ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ადამიანებმა ჩაიდინეს. ობამა უარს აცხადებდა ტერმინ „რადიკალური ისლამური ტერორიზმის“ გამოყენებაზე. იგი სულელურად მოიქცა და გოლფის სათამაშოდ წავიდა იმ დღეს, როდესაც ისლამურმა სახელმწიფომ ამერიკელ ჟურნალისტ ჯეიმს ფოულის თავი მოკვეთა. მსგავსი ქცევა მიუთითებდა, რომ პრეზიდენტი სათანადოდ არ განიცდიდა ამ დანაშაულის მთელ საშინელებას.   

როდესაც ობამას ანონიმური თანაშემწე ლიბიაზე თავდასხმის მხარდაჭერის შემდეგ პრეზიდენტის ინტელექტუალობას უსვამდა ხაზს, მან New Yorker-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტი „ჩრდილიდან მართავს“ - ევროპელები ბომბავდნენ ლიბიას აშშ-ს მხარდაჭერით. ეს იქცა მეტაფორად, რომელსაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები ხშირად სიმხდალის ევფემიზმად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში გამჟღავნდა ობამას დუმილის მიზეზი: ევროპამ და არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ არ გამოავლინეს ინტერესი მუამად კადაფის მოშორების შემდეგ ლიბიის სახელმწიფოს მშენებლობაში შეეტანათ წვლილი. ლიბია ობამას წარუმატებელ პროექტად იქცა.  

პრეზიდენტობის ბოლოს ობამა უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ვიდრე მისი დემოკრატი წინამორბედი ბილ კლინტონი. თუმცა ისინი ქვეყანას სრულიად განსხვავებულ ეპოქებში ხელმძღვანელობდნენ. კლინტონი პრეზიდენტი გახდა ცივი ომის დასრულებისთანავე - მსოფლიოში უპრეცედენტოდ მშვიდობიან და ამერიკის სიძლიერის ეპოქაში. არკანზასის შტატის გუბერნატორობის გამოცდილება ძირითადად საშინაო საქმეებისთვის ყურადღების მიქცევას გულისხმობდა. კლინტონი თვლიდა, რომ აშშ-ს უმთავრესი წვლილი მსოფლიო სტაბილურობაში გლობალიზაციის საშუალებით ეკონომიკური ზრდის გაფართოებაა. იგი ხშირად ამბობდა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა - საგარეო პოლიტიკაა.

კლინტონმა ცოტა რამ იცოდა არმიაზე (მას მოუწია სამხედრო მისალმების სწავლა) და მხოლოდ პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას, როდესაც რიჩარდ ჰოლბრუკმა მოახერხა ბალკანური ომების დამთავრება, დაიწყო ოკეანის მიღმა მოვლენებისთვის ყურადღების მიქცევა. მას გააკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს დაუშვა „ალ-ყაიდას“ გაძლიერება და თუ რეტროსპექტივაში შევხედავთ, მართლაც საჭირო იყო უფრო აგრესიული ქმედებების გატარება ავღანეთში ბენ ლადენის ქმედებების აღსაკვეთად. კლინტონმა აღიარა, რომ სიამოვნებით გამოცდიდა საკუთარ თავს კრიზისულ ვითარებაში, თუმცა მას არ გაუმართლა: ისტორიამ ასეთი შანსი არ მისცა.

განსხვავებით კლინტონისგან, ობამას პრეზიდენტობის დროს ომები არ წყდებოდა. იგი თეთრ სახლში მივიდა გამოუცდელ ადამიანად, რომელსაც საგარეო პოლიტიკა აინტერესებდა. მისი ამბიციები ბევრად აღემატებოდა კლინტონის ამბიციებს. სანამ 2008 წლის ეკონომიკური კოლაფსი პრეზიდენტის ყურადღებას ამერიკული ეკონომიკის აღდგენას მიაპყრობდა, ობამა იმედოვნებდა, რომ მისი უმთავრესი წვლილი დანარჩენი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მუსლიმების მიმართ აშშ-ს ცალმხრივი და მილიტარისტული ქმედებების შეწყვეტა იქნებოდა. სიტყვა, რომლითაც იგი 2009 წლის ივნისში კაიროში გამოვიდა, რეგიონში ახალი, პოსტკოლონიური წესრიგის დამყარების მოწოდებად იქცა. ობამა იმედოვნებდა, რომ მისი ძალაუფლებაში მოსვლა დანარჩენი მსოფლიოსადმი დასავლეთის ქედმაღლურ-ცინიკური დამოკიდებულების დასრულებას მოასწავებდა. ამის სანაცვლოდ მსოფლიო სხვა მიმართულებით შეტრიალდა: ბევრი ქვეყანა ჩაიკეტა და პოპულისტურ მენტალიტეტს მიმართა, რომელიც ობამას კოსმოპოლიტურ მსოფლმხედველობას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა.   

 

დასკვნის მაგიერ

შეცდომებს ყველა პრეზიდენტი უშვებს. ობამამ დაუშვა უფრო ცოტა, ვიდრე პრეზიდენტების უმრავლესობამ, თუმცა ეს შეცდომები გაბუქდა მისი ეპოქისთვის დამახასიათებელი პარტიული მიკერძოებულობის და იმ მოლოდინების გამო, რომელთა ტალღაზეც იგი თეთრ სახლში შევიდა. მისთვის სამაგალითო იყო აბრაამ ლინკოლნი, რომელიც ასევე გაყოფილ ქვეყანას მართავდა. თუმცა საბოლოო ჯამში ობამა არ იყო გამორჩეული ლიდერი - ასეთები დღეს საერთოდ ცოტაა. მისით აღფრთოვანებული იყო ბევრი, მისი მჭევრმეტყველება აფრთიანებდა ქვეყანას რთულ მომენტებში. ობამას რეაქცია სენდი ჰუკის, ჩარლსტონის და დალასის ტრაგედიებზე ღრმად პირადი და ემოციურია. ამის საწინააღმდეგოდ კი მისმა სურვილმა აეკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა სრული ფიასკო განიცადა. საინტერესოა, რომ მან ვერ შეძლო დაპირისპირებოდა ეროვნული სასროლი ასოციაციის სიძლიერეს და გავლენას იმის მიუხედავად, რომ ამერიკელების უმრავლესობა ამ სფეროში ობამას ზომიერ რეფორმებს მხარს უჭერდა. გონებაგახსნილობამ და რაციონალურობამ მოახერხებინა მას ყოფილიყო გაცვეთილ პოლიტიკურ შაბლონებზე და ბანალურობებზე მაღლა. სიტყვაში, რომელიც ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოებისას წარმოთქვა (და რომელიც ბევრის აზრით მას არ დაუმსახურებია), ობამა განმარტავს, თუ რატომ არის ზოგჯერ აუცილებელი ძალის გამოყენება: „ის, რომ მე დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ - დოქტორ კინგის მთელი ცხოვრების დამსახურებაა. მე ცოცხალი მოწმე ვარ არაძალადობის ზნეობრივი ძალის. მე ვიცი, რომ განდის და კინგის სწავლებაში, რწმენასა და ცხოვრებაში არაა სისუსტე, არაა პასიურობა, არაა ნაივურობა. თუმცა როგორც სახელმწიფოს მეთაურს, რომელმაც ფიცი დადო დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მე არ შემიძლია ვიხელმძღვანელო მხოლოდ ამ მაგალითებით. მე ვურთიერთობ თანამედროვე სამყაროსთან და არ შემიძლია მშვიდად შევხედო საფრთხეებს, რომელიც ამერიკელ ხალხს ემუქრება. არ უნდა მოვტყუვდეთ: ჩვენს სამყაროში არსებობს ბოროტება. არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობა ვერ შეძლებდა ჰიტლერის შეჩერებას. მოლაპარაკებებს არ შეუძლიათ დაარწმუნონ „ალ-ყაიდას“ ლიდერები დაყარონ იარაღი. იმის აღიარება, რომ ძალის გამოყენება ზოგჯერ აუცილებელია, არ ნიშნავს ცინიზმისკენ მოწოდებას - ეს არის ისტორიული ფაქტების, ადამიანის არასრულფასოვნების და ადამიანური გონის შეზღუდული შესაძლებლობების აღიარება“.

თუმცა მისი სიტყვების უბრალო ძალა ამერიკულ საზოგადოებაში მიმდინარე პოლემიკაში ჩაიკარგა. კონსერვატორებმა განაცხადეს, რომ ევროპელებმა ობამას აჩუქეს ეს პრემია და ამოისუნთქეს, რადგან ბუშის საომარი განწყობები წარსულში დარჩა. ზოგიერთი მემარცხენე წუწუნებდა, რომ ობამა არ იმსახურებდა მშვიდობის პრემიას: იგი აწარმოებდა ორ ომს და ოსლოში გამოსვლისას მოუწოდებდა დანარჩენ მსოფლიოს ფართომასშტაბიანი კონტრტერორისტული კამპანიისკენ. საბოლოო ჯამში პარტიული მიკერძოებულობის და მეწვრილმანეობის ხშირი და შხამიანი ღრუბელი ჩრდილს აყენებს ყველაფერს, რასაც ობამა აკეთებდა.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

მსგავსი

ახალი წონასწორობა: როგორ შეცვალა მირზოევმა უზბეკეთის ხელისუფლების საკადრო შემადგენლობა

27 October 2017

თურქული გამბიტი

27 October 2017

მეოცნებე პრინცი ანუ საუდის არაბული გაზაფხული

27 October 2017

შესანიშნავი შვიდეული: როგორ დაიმორჩილა სი ძინპინმა პოლიტბიურო

27 October 2017

ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ

27 October 2017

უკრაინა: ახალი დესტაბილიზაციის გზაზე?

27 October 2017

ANO - ახალი ჩეხური პროექტი

27 October 2017

იაპონიის გადატვირთვა: რა მოუტანა აბეს ვადამდელმა არჩევნებმა

27 October 2017

სი ძინპინი პუტინიზაციის გზაზე

27 October 2017

ერ-რიადი მოსკოვის მოსასყიდად

27 October 2017

გამწვავებული აშშ-თურქეთის ურთიერთობა და თურქეთის ‘ოსთპოლიტიკა’

27 October 2017

კატალონია და სუვერენიტეტის საკითხი ევროპაში

27 October 2017

‘ჩაის პარტიის’ პრეზიდენტი ‘დიდი ძველი პარტიის’ წინააღმდეგ

27 October 2017

'პატივი კატალონიას?!'

27 October 2017

ისტორიის ახალი ფურცლის მოლოდინში - ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

27 October 2017

არჩევნები გერმანიაში: უიდეო სტაბილურობა

27 October 2017

ევროკავშირ-თურქეთის მიგრანტთა შეთანხმება - პრაგმატიზმი ღირებულებების წინააღმდეგ

27 October 2017

„მესამე კიმის“ პირველი ხუთწლედი

27 October 2017

დაუსრულებელი ომი ანუ ამერიკის ავღანური ოდისეა

27 October 2017

ბელორუსული სახელმწიფოებრიობის ფენომენი

27 October 2017

გადადებული მშვიდობა - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

27 October 2017

რუსეთის პოლიტიკური ელიტის ტრანსფორმაცია: 2014-2017 წლები

27 October 2017

აფხაზეთი სირიული აღიარების მოლოდინში

27 October 2017

კოსოვო - სერბეთის დილემა ევროპულ გზაზე

27 October 2017

გლობალიზაცია ყველასთვის - Foxconn-ის ბადეები აშშ-ში?

27 October 2017

ბრექსიტის ლოგიკა

27 October 2017

გავლენების ახალი რუკა ახლო აღმოსავლეთში

27 October 2017

ჩრდილოკორეული კრიზისი: ხმაური და ცეცხლი

27 October 2017

აშშ და რუსეთი: კონიუნქტურული გაუარესებიდან სტრატეგიულ კრიზისამდე

27 October 2017

სახელმწიფო დეპარტამენტის სახეცვლილი მისია

27 October 2017

კლიმატის ცვლილება და გლობალური პოლიტიკა

27 October 2017

მალოროსიის უტოპიური პროექტი

27 October 2017

ევროპარლამენტის ინსტიტუციური გამოწვევები

27 October 2017

აშშ-ს ახალი ელჩი რუსეთში: მორმონი, მილიარდერი და ტრამპის კრიტიკოსი

27 October 2017

პოსტგადატრიალების თურქული ეკონომიკა

27 October 2017

დონალდ ტრამპი პოლონეთში

27 October 2017

ამერიკის პერსპექტივა სირიის კონფლიქტში

27 October 2017

„დიდი ოცეულის“ სამიტი - პროტექციონიზმისკენ დაბრუნება?

27 October 2017

უნგრული სუვერენულობა

27 October 2017

„დიქტატორები“, „ტერორისტები“ და „შეშლილები“ - ტრამპის ახალი „ბოროტების ღერძი“

27 October 2017

ირანი და ისლამური სახელმწიფო

27 October 2017

ობამაქეარიდან ტრამპქეარისკენ

27 October 2017

უკრაინა და პოროშენკო: მმართველობის სამი წელი

27 October 2017

ამერიკის კორპორატიული პოლიტიკა

27 October 2017

ოტო უორმბირის სიკვდილის ისტორია

27 October 2017

დაეში - არაორდინალური ტერორისტული სუბიექტი

27 October 2017

კრიზისი დემოკრატიულ პარტიაში

27 October 2017

დასავლური გახლეჩა

27 October 2017

საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

27 October 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები: მაკრონი ძალაუფლების კონცენტრაციის გზაზე

27 October 2017

ტერორიზმის ტრანსფორმაცია

27 October 2017

ყატარის ბლოკადის რეალური მიზეზები

27 October 2017

არაბული სამყარო ყატარის წინააღმდეგ

27 October 2017

თურქეთის ევროპული პერსპექტივის დაისი

27 October 2017

ევროპა ტრამპის საპასუხოდ

27 October 2017

დიმიტრი მედვედევის პოლიტიკური მომავალი

27 October 2017

ნატოს სამიტი ბრიუსელში

27 October 2017

ჰასან როჰანი საკუთარ მანდატს აძლიერებს

27 October 2017

კიბერსანქციების ომი - უკრაინაში რუსული საიტების დაბლოკვის შედეგები

27 October 2017

ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ცვლილებები - ერაყის ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა

27 October 2017

დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე

27 October 2017

შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება აშშ-ში

27 October 2017

ევროპის კავშირის მომავლის ფრანკო-გერმანული გზამკვლევის ძიებაში

27 October 2017

დონალდ ტრამპის დიდი შემობრუნება - პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებს იწყებს

27 October 2017

ამერიკულ-რუსული დიალოგი: ფრთხილი მიდგომა

27 October 2017

მერკელი სოჭში: უკრაინული საკითხი

27 October 2017

სირიის კონფლიქტი - ახლო აღმოსავლეთის ავანსცენა

27 October 2017

ევროპის კავშირი - მოდერნული გაერთიანება ღირსეული წარსულითა და ბუნდოვანი მომავლით

27 October 2017

დონალდ ტრამპი საგარეო დახმარების შემცირების ინიციატივით გამოდის

27 October 2017

რუსეთი და ევროკავშირი: დიალოგის ახალი მცდელობა?

27 October 2017

ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

27 October 2017

„ბრექსითის“ თავსატეხი

27 October 2017

რეფერენდუმი თურქეთში

27 October 2017

მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

27 October 2017

საფრანგეთის არჩევნები - პოლიტიკის ბუნდოვანება

27 October 2017