27 October 2017
  • 614 ნახვა

„ბრექსითის“ ნისლიანი პერსპექტივა: დილემათა ჯამი

ფოტო გარეკანზე: flickr.com 

სიმბოლურია, რომ „ტოიოტას“ ქარხნის დირექტორი, დიდიე ლეროი მოუწოდებს „ნისლიან ალბიონს“ - დიდ ბრიტანეთს -  გაფანტოს ნისლი „ბრექსითის“ მოლაპარაკებებში. თუ მთავრობა ვერ მოახერხებს თავისუფალი ვაჭრობის მიღწევას ევროკავშირთან, „ტოიოტას“ მსგავსად მრავალი კომპანია დატოვებს დიდ  ბრიტანეთს. როგორც „ტოიოტას“ დირექტორი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ დაწესდება ტარიფები ან სხვა ტიპის გადასახადები ევროკავშირთან ვაჭრობისას, ეს წარმოებას ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის. მსხვილი ავტო-მწარმოებლების გასვლა დიდი დარტყმა იქნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. როგორც კომენტატორები ვარაუდობენ, „ტოიოტას“, „ჰონდას“ და ნისანის“ გასვლის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი 16 000 სამუშაო ადგილს დაკარგავს.  დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ერთიანი თანაცხოვრება წესით 2019 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესს წინ უამრავი დაბრკოლება უდგას. 

რა არის „განხეთქილების ვაშლი“, რომელზეც ვერ თანხმდება დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი? 
- დილემა 1: ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სთხოვს გადაიხადოს ევროკავშირის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებები. საუბარია 60 მილიარდ ევროზე, რაც დიდი ბრიტანეთის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6.7%-ს შეადგენს. ეს საკმაოდ დიდი ფასია ევროკავშირის დატოვებისთვის, რასაც პოლიტიკური განზომილებაც აქვს. ამ თანხის გადახდა ევროკავშირისთვის აუცილებლად წარმოჩინდება რადიკალების მხრიდან, როგორც უკან დახევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან. 

- დილემა 2: თუ ბრიტანეთს სურს „ერთიან ბაზარში“ დარჩენა, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, თუმცა აქ ტერეზა მეის კონსერვატიული მთავრობა დგას კიდევ ერთი დილემის წინაშე: მან ან უნდა გაანაწყენოს მოქალაქეები, რომლებიც მხარს უჭერენ მკაცრ სავიზო რეგულაციებს, ან  საფრთხის ქვეშ დააყენოს ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხი.  ევროკავშირის პოზიცია ცალსახაა: თუ დიდი ბრიტანეთი ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას, მაშინ ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის იდეა აზრს კარგავს. საფრთხის ქვეშ დგება თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების საკითხიც. 

- დილემა 3: ბრიტანეთმა უნდა მოაგვაროს ირლანდიას და ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ირლანდიას შორის არსებულ საზღვარზე ადამიანების გადაადგილების საკითხი. ეს არის ერთადერთი სახმელეთო კავშირი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. თუ ტერეზა მეი გადაწყვეტს მკაცრი კონტროლის დაწესებას ამ საზღვარზე, მაშინ იგი გაანაწყენებს ირლანდიელ იუნიონისტებს, რომლებთან ერთადაც მას კოალიციური მთავრობა აქვს შექმნილი. 

- დილემა 4: ბრიტანეთს სურს ევროკავშირთან გარდამავალი ხელშეკრულების დადება, რადგან ორ წელიწადში სამართლებრივი თვალსაზრისით ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ევროკავშირის დატოვება. ევროკავშირისგან დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის  დიდმა ბრიტანეთმა უნდა მოახდინოს ათასობით საკანონმდებლო აქტის მიღება, სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირება და ათასობით ადამიანის სამსახურში აყვანა. დღესდღეობით დიდ ბრიტანეთს ჰყავს 5000 მებაჟე. ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ, მას სავარაუდოდ დასჭირდება მებაჟეთა რაოდენობის გაორმაგება. იგივე შეიძლება ითქვას საიმიგრაციო სამსახურზე, სადაც 12 000 ადამიანი მუშაობს. სავარაუდოდ დიდ  ბრიტანეთს მოუწევს ამ სამსახურის თანამშრომელთა გაორმაგებაც. 2 წელიწადში ამდენი თანამშრომლის მიღება, გადამზადება და შემდგომში გასაკონტროლებელი ადამიანებისა და ტვირთების  გაზრდილი რაოდენობის სისტემის აწყობა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. 

ეს იმ დილემათა მცირედი ჩამონათვალია, რაც აფერხებს მოლაპარაკებების   პროცესს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის. სავარაუდოა რომ მოლაპარაკების ნისლიანი პერსპექტივა წლობით გაიჭიმება და დიდი ბრიტანეთის დღევანდლ მთავრობასაც შეიწირავს. 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა საქართველოსთვის

27 October 2017

აშშ-ჩინეთი: კონფრონტაცია არ არის გარდაუვალი

27 October 2017