31 October 2017
  • 1069 ნახვა

საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა - ექსკლუზიური ინტერვიუ პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში


რატომ გააქტიურდა ბოლო ერთი წლის მანილზე პოლიტიკური ურთიერთობები პოლონეთსა და საქართველოს შორის და უნდა ველოდოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოვებას; როგორ დაარწმუნებს პოლონეთი ევროკავშირს იმაში, რომ აუცილებელია საქართველოს სრული ინტეგრირება და რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპაში მემარჯვენე-კონსერვატიული ძალების გაძლიერება; რატომ აკრიტიკებენ დღეს პოლონელები ბალცეროვიჩის რეფორმებს და რატომ გაატარა პოლონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი - ამ და ქართულ-პოლონური ურთიერთობების სხვა აქტუალურ თემებზე პირველი არხის ჟურნალისტი ზვიად ავალიანი პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - მარიუშ მაშკევიჩს  ესაუბრა


უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქართულისთვის. ჯერ ერთი წელიც არ გასულა რაც ვარშავამ თქვენ მოგავლინათ ელჩად საქართველოში, თუმცა ამ პერიოდში აშკარად შეინიშნება ურთიერთბების განსაკუთრებული გააქტიურება საქართველოსა და პოლონეთს შორის. რით შეიძლება ავხსნათ ეს გააქტიურება და უნდა ველოდოთ თუ არა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოვებას მომავალში?

არ მინდა დავიტრაბახო რომ განსაკუთრებულად გავააქტიურე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა - იგი წინა წლებშიც იტენსიური იყო, თუმცა, ჩემთვის სასიამოვნოა და მიხარია, თუ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ახლა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიურია.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ამჟამინდელი მმართველი პარტია - „კანონი და სამართლიანობა“  ხელისუფლებაში მოვიდა 2015 წლის ბოლოს. ახალმა ხელისფლებამ დაიწყო ფიქრი პოლონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ახალი ხელისუფლება აკრიტიკებს მის წინამორბედ მთავრობებს იმისთვის, რომ წინა პერიოდში არ იყო საკმარისი აქტიურობა ჩვენი  აღმოსავლელი მეზობლების მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში ეს აქტიურობა ატარებდა ფორმალურ ხასიათს და გათვლილი იყო იმაზე, თუ რა მოწონებიდა ბრიუსელს. პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლება განსხვავებლად უყურებს მოვლენებს. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესები. მათ შორის - ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი უსაფრთხოება კი ვერ იქნება უზრნველყოფილი თუ არ გავითვალისწინებთ სიტუაციას უკრაინაში, საქართველოში და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორედ პოლონეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვაწყობთ ჩვენ ურთიერთობებს როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის გარეთ.

შესაბამისად - ჩვენი ახლო ურთიერთობა საქართველოსთან არ გამომდინარეობს მხოლოდ ემოციებიდან, კეთილი განწყობებიდან და კულტურული სიახლოვიდან. ეს ყველაფერი ცხადია  თავისთავადაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ინტერესები და ეს ინტერესები ემთხვევა საქართველოს ინტერესებს.

მომავალში პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. საქართველოს ეწვევიან პოლონეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები -  მათ შორის, მომავალ წელს ველოდებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტსაც.

 

ერთი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი. ქართულ მხარესთან შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო. რეალურად, რას შეიძლება ველოდოთ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისგან, რომელიც მალე გაიმართება და როგორ უყურებენ ვარშავაში ამ ფორმატის პერსპექტივებს მასში შემავალი ქვეყნების ინტერესებს შორის არსებული განსხვავებების ფონზე?

პოლონეთი  დღეს ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს ევროპის გაფართოებას. ჩვენ ვთვლით რომ ევროპა არ შეიძლება დაიუხუროს იმ ქვეყნებისთვის,  რომლებიც მისკენ მიისწრაფვიან.  „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ პოლონურ-შვედური პროექტია. პირველად ამ საკითხზე მუშაობა პოლონეთში დაიწყო 2007 წელს, ხოლო 2009 წელს იყო პირველი სამიტი პრაღაში.

ამის შემდეგ პროექტი ცოტა შეფერხდა საქართველოში მომხდარი კონფლიქტისა და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გამო. რუსეთმა დაიწყო აგრესიული რეაგირება იმ პროექტებზე, რომლებიც აფართოებენ დემოკრატიას და იმ პრინციპების გავრცელებას რომლებიც მთავარია ევროკავშირისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცისთვის. შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.  რუსეთი ამ პროექტს უყურებდა არა როგორც შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავადაც მიეღო სარგებლობა, არამედ როგორც მტრულ აქტივობას ისეთი ევროპული ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა პოლონეთი. რუსეთმა დაიწყო მუშაობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოების გასაღვივებლად და დღეს ესეც სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის. ეს ყველაფერი არ იძლევა საშუალებას იმისთვის, რომ პროექტი ბოლომდე განვითარდეს  და დააკმაყოფილოს  პარტნიორების მოლოდინები.

დღესდღეობით აღმოსავლეთის პარტნიორობაში როგორც წესი სამი ქვეყანა იგულისხმება, რომლებიც აქტიური პარტნიორები არიან - ეს ქვეყნებია საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ჩვენ სწორედ ამ თანმიმდევრობით ვასახელებთ ამ ქვეყნებს რადგან საქართველო რეალურად არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა ამ ჯგუფში. იგი თანმიმდევრულად და სწრაფად მიისწრაფვის ევროკავშირთან დაახლოვებისკენ.

 

თბილისში ვიზიტისას ვაშჩიკოვსკი მონაწილეობდა "თბილისის მეორე კონფერენციაში", რომელიც მიეძღვნა პოლონეთის როლის ამაღლებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირის სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების დარწმუნებას საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის საჭიროებაში?

ძალიან საინტერესოა პოლონური გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის მივეკუთვნებოდით ევროპის დასავლურ კულტურას, მაგრამ 1949 წელს ჩვენთვის დასავლეთ ევროპა დაიხურა.  მსოფლიო დათანხმდა ამ ძალადობრივ გაყოფას იმისთვის, რომ წყნარად და მშვიდობიანად ეცხოვრა. სიტუაცია ძალიან რთული იყო. მაშინ  არავის სურდა სტალინის გაღიზიანება და კიდევ ერთი ომი. სტალინმა კი გადაწყვიტა რომ აღმოსავლეთ ევროპა იქნებოდა მოსკოვის გავლენის ზონა.

ამის გამო -  და ასევე კომუნისტი მოღალატეების მცირე ჯგუფის გამო, რომელიც წავიდა სტალინთან გარიგებაზე, ჩვენ, მეგობარ ჩეხო-სლოვაკებთან, უნგრელებთან და რუმინელებთან ერთად აღმოვჩნდით იმ ქვეყნის პირისპირ, რომელმაც ამერიკული ფულის და ტექნიკის წყალობით გაიმარჯვა ომში და ძალიან გაძლიერდა. 

აქედან გამომდინარე 2004 წელს პოლონეთის შესვლას ევროკავშირში ჩვენ ვუყურებთ როგორც სამართლიანობის მომენტს. ჩვენ ნაწილობრივ დაგვიბრუნეს ის, რაც ძალით გვქონდა წართმეული. ეს არ ყოფილა არც ჯილდო და არც მსხვერპლი დასავლეთის მხრიდან. ეს მათი მოვალეობა იყო და დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ.

ზუსტად იგივეს ვფიქრობთ ჩვენ ყველა ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებით, რომლებიც წლების მანძილზე იყვნენ ტოტალიტარიზმის, კომუნიზმისა და ბოლშევიზმის გავლენის ქვეშ. ამ ქვეყნებში ცხადია ვგულისხმობთ საქართველოსაც, რომელიც არის ევროპა. ხანდახან ამბობენ რომ საქართველო აზიაა, თუმცა სინამდვილეში ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა. ჯერ კიდევ ბიზანტიის დროს საქართველო იდგა ზუსტად იმ პრინციპების სადარაჯოზე აღმოსავლეთში, რომლებსაც უკრაინელებთან და ლიტველებთან ერთად ჩვენ ვიცავდით ევროპის ცენტრალურ ნაწილში. 

ამიტომ ამ პროცესს არ უნდა შევხედოთ როგორც მსხვერპლის გაღებას საფრანგეთის, იტალიის ან გერმანიის მხრიდან. არასწორი მიდგომაა თითქოს მათ თავიანთი სიმდიდრის მცირე ნაწილი უნდა უწყალობონ საქართველოს ისე, რომ ბევრიც არ გამოვიდეს. არა - ყველაფერი უნდა გავანაწილოთ სამართლიანად. აქ საჭიროა არა ქველმოქმედება, არამედ მიპატიჟება დემოკრატიის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საერთო პროცესში მონაწილეობისთვის.

 

დღეს ევროკავშირში ძლიერდება იზოლაციონისტური და პროტექციონისტური განწყობები. როგორია დამოკიდებულება  საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ დღეს პოლონეთში, რომელზეც ბოლო პერიოდში ხშირად მიუთითებენ როგორც ამ პროცესის მაგალითზე?

ეს ძალიან რთული პროცესია და უკავშირდება პოლიტიკური ძალებისა და იდეოლოგიური პრინციპების გადალაგებას ევროპაში. საერთოდ, ჩვენ მივეჩვიეთ დავინახოთ ევროპის მხოლოდ ერთი მხარე. ამაში განსაკუთრებით ვრწმუნდები, როცა ვუსმენ ქართველ ექსპერტებს. რასაც ჩვენ მივეჩვიეთ ეს არის ევროპის მემარცხენე-ლიბერალური მხარე. მე შევხვედრივარ ქართველ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც შეშფითებულები არიან ამ პროცესით. ისინი შიშობენ, რომ თუ ეს მემარცხენე-ლიბერალური ძალები წავლენ, ევროპა მაშინვე დაიკეტება. მე ვფიქრობ რომ ეს ასე არ იქნება, თუმცა სიტუაცია აშკარად არ არის ცალსახა.

მემარჯვენეები იზიარებენ ქრისტიანობის პრინციპებს და მოწოდებული არიან ოჯახისა და სიცოცხლის დასაცავად მისი ჩასახვის მომენტიდან. თუ აპ პრინციპებს გავყვებით, პოლონეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შემთხვევაში, რაც უფრო მეტად იქნებიან მემარჯვენე ძალები წარმოდგენილი ხელისუფლებაში,  მით უფრო მეტად მოიაზრებენ ეს ქვეყნები თავიანთ აღმოსავლელ მეზობლებს ევროპის ნაწილად.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას - საფრანგეთში, მაგალითად, მარინ ლე პენი შესაძლოა მოელაპარაკოს პუტინს, მაგრამ ჩვენ მოსკოვი ვერ დაგვარწმუნებს იმაში რომ დღეს რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა. კაგებეს ყოფილი თანამშრომლები და მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი პროფესორები დღეს თავს ასაღებენ ტრადიციული ღირებულებების დამცველებად. ეს სასაცილოა. პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში და რუმინეთში  ჩვენ თვითონ გვყავს ძალიან ბევრი ასეთი ყოფილი ბოლშევიკი. ამიტომ ისინი ჩვენ ვერ მოგვატყუებენ. დასავლეთ ევროპაში კი სიტუაცია განსხვავებულია. მათ კარგად არ იციან ამ ფარსის დეტალები და მოსკოვის პოზიციას იღებენ როგორც სინამდვილეს. ისინი აღიქვამენ პუტინს როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველს. ამ საკითხში მარინ ლე-პენის პარტიის ან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შედარება პლონეთის მმართველ პარტიასთან არ შეიძლება.

მთლიანობაში, მემარჯვენე პარტიების შეხედულებები ზოგ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ზოგ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ ახლა ევროპაში ერთგვარი ქაოსის პერიოდია, თუმცა ჩემი აზრით ეს შემოქმედებითი ქაოსია. ეს არის პროცესი რომელმაც უნდა გამოავლინოს რა არის მართლაც ფუნდამენტური ღირებულება და რა არის სიყალბე. ასეთივე პროცესი გაიარა ევროპამ XX საუკუნის 40-50-იან წლებში. ამ დროს მოღვაწეობდა სარტრი და ბევრი სხვა ცნობილი ჰუმანისტი, რომელთა წიგნებზეც გავიზარდეთ. ისინი მაშინ სტალინისა და მაო ცზე დუნის სერიოზული გავლენის ქვეშ იყვნენ. მათ უბრალოდ არ იცოდნენ რომ ამ ადამიანებმა საკონცენტრაციო ბანაკები შექმნეს. მათ არ სურდათ ამის დანახვა. მათ უბრალოდ მოსწონდათ კომუნიზმის იდეა. ევროპას არაერთი წელი დაჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაეანალიზებინა.

იოანე პავლე II და ბენედიქტ XVI, რომლებიც ჩვენთვის ავტორიტეტებად რჩებიან, ხშირად ამბობდნენ, რომ მთავარია განვასვხავოთ სიკეთე ბოროტებისგან. ამას ამბობს საქართველოს პატრიარქიც. სწორედ ამგვარი, ფუნდამენტური ღირებულებების ძიების პროცესი მიმდინარეობს ახლა პოლონეთსა და ევროპაში. ამ პროცესში ევროპულ ინსტიტუციებში ხანდახან ძალიან უსაფუძვლო კრიტიკაც გვესმის პოლონეთისა თუ უნგრეთის წინააღმდეგ, მაგრამ აქ ხშირად საქმე გვაქვს იდეოლოგიური ლოზუნგების გამოყენებასთან საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით.

 

მიმდინარე წელს  საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები. საქართველოს ბევრი აქვს საერთო ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებთან. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესალებელი საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკური კონტაქტი ან ფორმატი საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად?

ვიშეგრადის ჯგუფი, ისევე, როგორც ევროკავშირის შიგნით არსებული სხვა ჯგუფები არ წარმოადგენენ სრულად ფორმალიზებულ სტრუქტურებს. ეს არ არის ინსტიტუცია ან ორგანიზაცია. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ განსხვავებული ინტერესები და ხედვები. დასავლეთ ევროპის ქვეყნები ხშირად ერთიანდებიან თავიანთი ინტერესების და ხედვების ირგვლივ. ჩვენ, ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ვცდილობთ ჩვენი ინტერესების დემონსტრირებას და დაცვას.

მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია ცდილობენ არ დაუშვან საკუთარ ეკონომიკაში ე. წ. „იაფი სამუშაო ძალა“. ისინი ცდილობენ ჩაიკეტონ ჩვენგან და არ მოგვცენ საშუალება შევიდეთ მათ ბაზარზე და გამოვიმუშავოთ ფული. წესით ჩვენთვის ეს ბაზარი ღია უნდა იყოს, რადგან ჩვენ, ისევე როგორც გერმანიას, ხელი გვაქვს მოწერილი ევროკავშირის შესახებ შეთანხმებაზე რაც გულისხმობს კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას. ამის მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ.

რამდენიმე წლის წინ იყო მცდელობა ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან ევროკავშირის ინსტიტუტებში დასაქმებული ადამიანებისთვის მიეცათ ნაკლები ხელფასი ვიდრე აძლევენ იგივე ინსტიტუტებში დასაქმებულ დასავლეთ ევროპელებს. ასეთი უსამართლობის მაგალითები ძალიან ბევრია. მათ შესახებ საჯაროდ იშვიათად საუბრობენ. ამას საქართველოში ალბათ არც დაიჯერებენ, მაგრამ ეს ასეა. რეალურად, ევროკავშირის შიგნით სერიოზული კრივია სხვადასხვა ინტერესების მქონე მხარეებს  შორის, მაგრამ ეს კრივი მიმდინარეობს პრინციპების და წესების დაცვით. ეს არ არის ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ ეს მაინც არის ძალიან დაძაბული ბრძოლა.

სწორედ ეს პრობლემები გვიბიძგებს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს დაჯგუფებისკენ, თუმცა გარდა ამ პრობლემებისა რასაკვირველია ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი აღმოსავლელი მეზობლების ინტერესები. უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენი საერთო უსაფრთხოება.  

 

პოლონეთს საქართველოსთან აკავშრებს არა მხოლოდ სოციალისტური წარსული არამედ პოსტსოციალისტური პერიოდის ეკონომიკური რეფორმებიც. ე.წ. „შოკური თერაპია“ უპირველეს ყოვლისა სწორედ პოლონეთთან ასოცირდება. რა შეიძლება ამ კუთხით საქართველომ გაითვალისწინოს პოლონური გამოცდილებიდან და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს რეფორმები ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებაში?

იმისთვის რომ გავიგოთ რა იყო „შოკური თერაპია“ კარგად უნდა ვიცნობდეთ იმდროინდელი პოლონეთის რეალობას. საბჭოთა კავშირში კერძო სექტორი საერთოდ არ არსებობდა ან არსებობდა ძალიან მცირე მასშტაბებში. საბჭოთა კვაშირისგან განხვავებით, პოლონეთში 70-იან წლებში კერძო სექტორი ძალიან ძლიერი იყო. 80-იან წლებში კი კერძო ბიზნესს და ვაჭრობას კომუნისტებთან ეკონომიკური ბრძოლის ფორმადაც ვთვლიდით. პოლონეთში კერძო სექტორი რეფორმამდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა მისთვის.

ამის გამო, მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, არ შეიძლება შოკური თერაპია შევადაროთ ე. წ. „პრიხვატიზაციას“. არ შეიძლება ბალცეროვიჩის რეფორმა შევადაროთ იმას, რაც მოხდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში დაიწყო სახელმწიფო ქონების დატაცების პროცესი. ეს არ ყოფილა არვითარი რეფორმა - ეს იყო ბანალური ძარცვა.

შესაძლოა არა ფაბრიკების და ქარხნების დონეზე, მაგრამ პოლონეთში კერძო სექტორი რეფორმამდეც არსებობდა და როცა ჯერ კიდევ ბოლო კომუნისტი მინისტრის დროს რეფორმები დაიწყო, ქვეყანა მზად იყო ამისთვის. საჭირი იყო მხოლოდ გადართვის ოპერაციის შესრულება. სწორედ ეს გააკეთა ბალცეროვიჩმა თავის თანაგუნდელებთან ერთად.

პრინციპში, შოკური თერაპიის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანებს მისცეს ბიზნესის კეთებისა და ვაჭრობის უფლება, თუმცა ამ პროცესს ქონდა ნეგატიური მხარეც - კერძოდ, ამ დროს მოიშალა სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი აგროსამრეწველო კომპლექსი და დაიხურა არარენტაბელური ფაბრიკა-ქარხნები. ამ სექტორებში დასაქმებული ადამიანები ძალიან დაზარალდნენ.

დიდი უსამართლობა იყო ისიც, რომ სპეცსამსახურების ოფიცრებმა და კომუნისტური ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა ძალიან სწრაფად გადაიფორმეს სახელმწიფო ქონება. ყველაფერი ძალიან სწრაფად იყიდებოდა.

ამის გამო ბოლო 25 წლის მანძილზე სოციალური კონფლიქტები კი არ მცირდებოდა, არამედ პირიქით, იზრდებოდა. შემდეგ მოვიდნენ ლიბერალური მთავრობები, რომლებიც სოციალურ პრობლემებს ძალიან მცირე ყურადღებას უთმობდნენ. საერთოდ, პოლონეთში ამ დროის მანძილზე ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. გაქრა ბევრი ქარხანა და მთელი დარგებიც კი. 25 წლის შემდეგ ჩვენ გავაცნობიერეთ რომ ფატობრივად არაფერი გვეკუთვნის.

გაინტერესებთ რატომ გაიმარჯვა „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიამ პოლონეთში? ამ პარტიამ აჩვენა ადამიანებს, რომ მათ მუდმივად ძარცვავენ. ძარცვავენ არა გარე ძალები, არამედ ისინი, ვინც ქვეყანას არ უყურებენ როგორც საკუთარ ქვეყანას. ისინი, ვინც არ არიან პატრიოტები და რომელთათვისაც ყველაფერი სულერთია. ისინი, ვისთვისაც ყველაზე მთავარი ფულია და სულ ერთია ვის მიყიდიან ქარხანას - ამერიკელს, ჩინელს თუ რუსს. ამ დროს ამას აქვს სოციალური მნიშვნელობაც - მცირე დასახლებაში ერთ ქარხანაზე შეიძლება დამოკიდებული იყოს მოსახლეობის 40%. თუ ამ ქარხანას მივყიდით უცხოელს, უკვე ყველაფერი მის ხელში იქნება. ჩვენი მედია, მაგალითად, უკვე თითქმის მთლიანად უცხოელების ხელშია. ახლა ჩვენ ვცდილობთ ეს პროცესი ნაწილობრივ მაინც შემოვაბრუნოთ. ვფიქრობ, საქართველომ და მოლდოვამ ასეთ შეცდომებზე უნდა ისწავლონ. შესაბამისად, მე რომ შემეძლოს რჩევის მიცემა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ვურჩევდი მას ესწავლა ჩვენს შეცდომებზე.


ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 34%-ით გაიზარდა. რა მიმართულებებით არის შესაძლებელი ეკონომიკური კავშირის გაღრმავება მომავალში? რა არის საინტერესო პოლონური ბიზნესისთვის საქართველოში და რაზე შეიძლება იყოს მოთხოვნა პოლონეთში, რომელიც შეიძლება საქართველომ დააკმაყოფილოს?

გასულ წელს საქართველოს და პოლონეთს შორის ტვირთბრუნვის მოცულობამ 120 მილიონ დოლარს მიაღწია. წელს უფრო მაღალი მაჩვენებელი გვექნება. ზოგადად,  დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ჩვენ გვსურს რომ ეს ვაჭრობა იყოს ორმხრივი და პროპორციული. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ძალიან ბევრი საქონელი შემოვიტანოთ საქართველოში,  მაგრამ ჩვენ გვინდა საქართველომაც შეძლოს პოლონეთში საქონლის გატანა. ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ ამ მიმართულებით.

როცა ვლაპარაკობთ ეკონომიკურ კავშირზე, ვაჭრობასთან ერთად ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს პოლონელი ტურისტებიც. ტურიზმი შეიძლება ჩავთვალოთ ექსპორტის ერთ-ერთ ტიპად. ეს არის ექსპორტი ქვეყნის შიგნით.

გასულ წელს 50-დან 60 ათასამდე პოლონელი ტურისტი იყო საქართველოში. წელს სულ მცირე 70 ათასი იქნება. თუ ამ ციფრს გავამრავლებთ 200-300 ევროზე, რასაც  ერთი ტურისტი როგორც მინიმუმს ტოვებს საქართველოში, მივიღებთ დამატებით 20 მილიონს რომელიც პოლონელებს შემოაქვთ ამ ქვეყანაში.

პოლონელებს ძალიან უყვართ საქართველოში ჩამოსვლა და ისინი ჩერდებიან არა თბილისისა და ბათუმის ფეშენებელურ სასტუმროებში, არამედ როგორც წესი მიდიან სოფლებში და მთაში. ისინი პროვინციაში ყოფნით იღებენ სიამოვნებას და სწორედ იქ ტოვებენ ფულს. ასეთია პოლონური ტურიზმი.  საერთოდ, ტურიზმის ეს ტიპი - მოდით დავარქვათ მას აგროტურიზმი - ძალიან საინტერესო მოვლენაა და აქ ქართულ მხარეს მართებს მეტი აქტიურობა. სხვათა შორის არა მხოლოდ პოლონეთის მიმართულებით.

საექსპორტოდ რასაკვირველია ასევე საინტერესოა ქართული ღვინოც, თუმცა ჯერ-ჯერობით ქართული ღვინო ძალიან ძვირია ფრანგულ და იტალიურ ღვინოებთან შედარებით. აქ ქართულმა ფირმებმა ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაონ იმისთვის რომ ჩამოვიდნენ პოლონური ბაზრისთვის მისაღებ ფასზე. ცხადია თქვენთვის შეიძლება ჩინური ბაზარი უფრო წარმატებული იყოს, მაგრამ ექსპორტი ევროპის მიმართულებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის პოლონეთი არის ძალიან სწრაფად განვითარებადი ღვინის ბაზარი რადგან პოლონელებმა რეალურად ბოლო ორი ათეული წელია რაც დაიწყეს ღვინის მოხმარება. ამიტომ ეს ძალიან პერსპექტიული ნიშაა საქართველოსთვის. მას შეუძლია დაიკავოს ეს ნიშა. ამისთვის საჭიროა ფასის კორექცია და სტაბილური ხარისხის უზრუნველყოფა.

 

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ დღეს ურთიერთობები ვარშავასა და ბრიუსელს შორის ალბათ ყველაზე კრიტიკულ ნიშნულზეა. ოფიციალური ბრიუსელი პოლონეთს ქვეყანაში შექმნილი საკონსტიტუციო კრიზისის გამო მკაცრად აკრიტიკებს. ბრიუსელში პოლონეთისთვის ევროპულ ინსტიტუციებში ხმის უფლების შეჩერებაზეც კი დაიწყეს საუბარი. ამ სიტუაციის ფონზე, როგორ ხედავთ თქვენ ბრუსელსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების განვითარების მომავალს?

როცა ვლაპარაკობთ კრიტიკაზე, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვინ გვაკრიტიკებს ბრიუსელიდან. ზოგადად, პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე „ევრო-ოპტიმისტური“ ქვეყანაა და ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ე.წ. „პოლექსიტი“ დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ვთვლით რომ ევროკავშირი წარმატებული პოლიტიკური პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს სტაბილურ განვითარებას და უსაფრთხოებას, მაგრამ ევროკავშირის შიგნით ცუდად და არაეფექტიანად მუშაობს ბევრი ინსტიტუტი. ამიტომ საჭიროა ისინი ერთობლივი ძალისხმევით გავაუმჯობესოთ და თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს.

ევროპის გარედან შემოსულმა მიგრაციულმა ტალღამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი არ არის მზად ამ ახალ პრობლემასთან გასამკლავებლად და ცდილობს ძველი მეთოდებით გადაჭრას ისინი.

მაგალითად - გერმანია ომის შემდეგ ყოველთვის იღებდა მიგრანტების დიდ რაოდენობას და მერკელი მართალია იმაში, რომ გერმანიას შეუძლია მათი მიღება. ის სარგებლობს კიდეც ამით რადგან ქვეყანაში შედის ახალგაზრდა სისხლი და ენერგიული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა. ეს სქემა გერმანიის შემთხვევაში ყოველთვის მუშაობდა. ბერლინი ანაწილებდა მიგრანტებს გერმანიის სხვადასხვა მიწებზე და საზოგადოება განსაკუთრებულად ვერც კი ამჩნევდა რომ ქვეყანაში ადამიანების დიდი რაოდენობა შემოვიდა. 

დღეს გერმანიის მთავრობა ცდილობს, იგივე პრინციპი გაავრცელოს მთელს ევროპაზე. ბერლინში წარმოიდგინეს, რომ ჩვენ ვართ მათი ადმინისტრაციის ნაწილი რომელიც კვოტებით მიიღებს მიგრანტებს.  სინამდვილეში კი პოლონეთი სამწუხაროდ არ არის მზად ათობით ათასი ადამიანის მისაღებად. ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი ექსპერიმენტის მცდელობა ჩეჩენ ლტოლვილებთან და ეს იდეა ძალიან წარუმატებლი აღმოჩნდა. ჩვენ გულითადად მივიღეთ ომისგან გამოქცეული ჩეჩნები... ჩემი შვილები მათთან ერთად სწავლობდნენ სკოლაში, მაგრამ ძალიან ხშირი იყო კონფლიქტები. ჩვენი კულტურები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

იგივე ხდება გერმანიაშიც. რატომ აკრიტიკებს ხალხი გერმანიის მმართველ ელიტას? რატომ გაძლიერდა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და მსგავსი ძალები? იმიტომ რომ ადამიანები ძალიან გაღიზიანდნენ. ადამიანეს აღიზიანებს, როცა გერმანიაში ჩადის სირიული ან თურქული ოჯახი, იღებს საცხოვრებელს, სოციალურ დაცვას, დახმარებას ბავშვებზე და ა.შ.. მათ არ ჭირდებათ მუშაობა - ისინი კმაყოფილი არიან იმ შემწეობით რასაც ევროპაში იღებენ რადგან აქ ერთ თვეში იღებენ იმდენს რამდენსაც ალბათ ერთი წლის მანძილზე ვერ გამოიმუშავებდნენ თავიანთ სამშობლოში. გერმანელები ბოლო დროს ძალიან მძაფრად აპროტესტებენ ამ უსამართლობას.

გარდა ეკონომიკურისა, მწვავდება კულტურული წინააღმდეგობებიც. ვიცით რაც მოხდა კიოლნში ახალ წელს. მუსლიმი კაცები ძალადობდნენ გერმანელ გოგონებზე. აღმოჩნდა, რომ მათ არ შეუძლიათ ცხოვრება იმ საზოგადოებაში, სადაც გოგონას შეუძლია მოკლე კაბის ჩაცმა. ისინი თვლიან რომ ეს არის მიპატიჟება სექსზე. ეს განსხვავება კულტურებს შორის მართლაც დამთრგუნველია. იგივე სიტუაციაა საფრანგეთში და სხვა ქვეყნებშიც.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით როცა ვამბობდით რომ ლტოლვილებს უნდა დავეხმაროთ იქ, სადაც ისინი ახლოს იქნებიან თავიანთ ოჯახებთან და სამშობლოსთან. ასევე არ არის საჭირო ევროპაში ტერორისტებისთვის ხელსაყრელი ნიადაგის იმპორტიც. ცხადია მიგრანტები თავისთავად არ არიან ტერორისტები, მაგრამ ისინი ქმნიან ტერორისტებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს. ამას ამტკიცებს გახშირებული ტერაქტებიც დასავლეთ ევროპაში და ხალხი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ეს პრობლემა სხვა გზებით უნდა გადაიჭრას.  

ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია რომ არ მივიღოთ მიგრანტები, რომლებსაც კვოტებით გვთავაზობენ, მაგრამ ძალიან მგრძნობიარედ ვეკიდებით ამ პრობლემას და სოლიდარულები ვართ მათ მიმართ. ჩვენ ვეხმარებით მათ ფინანსურად და სხვა საშუალებებით.

სხვათა შორის, პირადად ჩემთვის შოკი იყო როცა ვხედავდი ათობით ათას მიგრანტს - ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც მიდიოდნენ ავსტრიიდან გერმანიის მიმართულებით. რატომ არ შეიძლებოდა მათთვის მიგვეცა იარაღი, ტანსაცმელი და საკვები იმისთვის, რომ მათ ებრძოლათ თავისუფლებისთვის თავიანთ სამშობლოში?  იგივე სიტუაციაში იყვნენ ახალგაზრდა პოლონელები, რომლებიც 1939 წელს იძულებულები გახდნენ გაქცეულიყვნენ დასავლეთში. ისინი ჩავიდნენ ბრიტანეთში და ჩამოაყალიბეს იქ პოლონური არმია. ეს არმია პოლონურ ფორმაში იცავდა დიდ ბრიტანეთს. ამ შემთხვევაში გასაგებია რატომაც იყვნენ უზრუნველყოფილი ეს ადამიანები და მათი ოჯახები - მაგრამ სოციალური დახმარება უბრალოდ ისე - არაფრის გამო - ცოტა არ იყოს გაუგებარია. 

 

ბოლო დროს ევროპულ ქვეყნებში ხშირად გაისმის პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელსაც ჰიბრიდული ომს უწოდებენ. რამდენად დაცულად გრძნობს თავს ამ საფრთხეების წინაშე ამჟამად პოლონეთი, რომელიც უკვე არის ნატოს წევრი  და საკმარისია თუ არა ნატოს უსაფრთხოების დამატებითი ძალების ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირება პოლონეთის უსაფრთხოების გარანტიისთვის?

თუ ნატოს სტრატეგიას შევხედავთ საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან,  რა თქმა უნდა იქნება გაღიზიანებაც და დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც იმის გამო, რომ ნატო დაუყოვნებლოვ არ იღებს საქართველოს თავის რიგებში. აქ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ნატო არის პასუხისმგებლიანი ქვეყნების  ორგანიზაცია. პასუხისმგებლიანობაში აქ ვგლისხმობ სიფრთხილეს. შესაძლოა ეს სიფრთხილეც ძალიან ბევრია - მაგრამ ნატო მოქმედებს როგორც ექიმი, რომელმაც არ უნდა დააზიანოს პაციენტი რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. რაც უფრო ნაკლები იქნება დაძაბულობა, მით უფრო შევძლებთ მოვაგვაროთ ჩვენი უსაფრთხოების პრობლემები. რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით დაკავებული საკუთარი ძალის დემონსტრირებით, მით უკეთესი იქნება ეს ყველასთვის.

მეორე მხრივ, ნატოს იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ძალიან შორს არიან რუსეთიდან - იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში დღეს უფრო აცნობიერებენ რუსულ საფრთხეებს. ეს პრობლემა მივიდა სკანდინავიამდეც, მაშინ როცა ყველა სკანდინავიური ქვეყანა არც არის ნატოს წევრი. იმისთვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება საჭიროა დიპლომატიური და პოლიტიკური  მანევრირება.

საქართველოდან თუ შევხედავთ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ნატო დღეს პასიურია, მაგრამ უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება ასევე ნატოს გააქტიურება აღმოსავლეთის ფლანგზე და ის დინამიკა, რომელიც ბალტიისპირეთში, პოლონეთში და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო პერიოდში შეინიშნება. იქ არიან ჯარისკაცები, რომლებიც მზად არიან თავდაცვითი სიტუაციისთვის.

რუსეთი სამწუხაროდ დღემდე ბოროტად იყენებს კოსოვოს მტკივნეულ პრეცედნეტს, სადაც სულ სხვა რეალობა იყო იმისთვის, რომ დაამკვიდროს თავისი პრინციპები ევროპაში. ეს ძალიან საშიშია და დღითი დღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან არასამშვიდობო განწყობა აქვს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ოცნებობს დიდ კონფლიქტზე, სადაც შესაძლოა გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღიც და საბოლოოდ, ამ კონფლიქტის შემდეგ, რუსეთი მოგებული დარჩება. რუსეთი გათვლას აკეთებს იმაზე, რომ ამ დროს ამერიკა დაკავებული იქნება საკუთარი პრობლემებით და ევროპას ადვილად მოახვევს თავს საკუთარ ნებას. ეს არის ბანდიტური ტაქტიკა.

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად უკრაინაშია და უკრაინის ხელისუფლების აზრით ანტოკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევა. ის უკრაინაში პოლონეთიდან შეიჭრა. საქართველოში კი მასზე ძებნაა გამოცხადებული. საზოგადოებას აინტერესებს, რატომ გაატარეს პოლონელმა მესაღვრეებმა სააკაშვილი საზღვარზე უკრაინული პასპორტით, რომელსაც თავად უკრაინის ხელისუფლება არ აღარებს? იყო თუ არა ეს არამეგობრული ჟესტი უკრაინის  ან საქართველოს ხელისუფლების მიმართ და როგორ ფიქრობთ, აისახება თუ არა ეს მომავალში პოლონურ-უკრაინულ ან პოლონურ-ქართულ ურთიერთბაზე?

უპირველეს ყოვლისა გასარკვევია რა სტადიაზეა ამჟამად „სააკაშვილის საქმე“ საქართველოში. მე მეჩვენება, რომ ეს საქმე არავითარ სტადიაზე არ არის. ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლონურმა მხარემ თბილისისგან მიიღო ინფორმაცია სააკაშვილზე გამოცხადებულ ძებნასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო პირადი ელ-ფოსტით გაგზავნილი წერილი ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნისგან. ამასთანავე, ეს იყო შეკითხვა სააკაშვილის პოლონეთში ყოფნის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით. სულ ეს იყო. არ ვიცი, გამოცხადებულია თუ არა საქართველოში ძებნა მიხეილ სააკაშვილზე.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ისტორია სააკაშვილის უკრაინული პასპორტის გაუქმებასთან დაკავშირებითაც. ის ამერიკიდან პოლონეთში მოქმედი პასპორტით ჩაფრინდა. მას ამის სრული უფლება ქონდა. უკრაინელები ამბობენ რომ სააკაშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა, თუმცა ეს საკითხი პოლონეთში გარკვეული არ იყო: ჩემი აზრით პროცედურულად ეს არ გაკეთებულა და არ გაკეთებულა ისე, როგორი ინფორმაციაც ვრცელდება მედიაში. სინამდვილეში, პროცედურულად სააკაშვილთან დაკავშირებით არც კიევს და არც თბილისს ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. ეს ყველაფერი რაღაც ფეიკია, როგორც მაგალითად, საქართველოსა და უკრაინის შს მინისტრების საუბარი აღმოჩნდა ფეიკი. თვითონ მიხეილ სააკაშვილის გადასახედიდან ეს ყველაფერი შეიძლება ჩანდეს როგორც პუტინის მხრიდან მისი განადგურების მცდელობა. ჩემი აზრით ის შეიძლება ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან.

მე არ მსურს შევაფასო სააკაშვილის საქმიანობა. ეს არ არის ჩემი საქმე. ვიცი რომ მას ბევრი მტერი ყავს საქართველოში და ვიცი ისიც, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მისი მმართველობის დროს დაზარალდნენ. მეორე მხრივ, ვიცი მისი მმართველობის დროს გაკეთებული კარგი საქმეებიც - იყო ბევრი რეფორმა და ძალიან სწრაფად მოხდა ქვეყნის ევროპეიზაცია. შემიძლია უბრალოდ აღვნიშნო, რომ როცა სააკაშვილის მმართველობის წლებში საქართველოში ჩამოდიოდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი,  ის ყოველთვის ხვდებოდა ოპოზიციას. მათ შორის ისეთ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც მაშინდელ მმართველ გუნდს ძალიან არ მოსწონდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლონელებს უყვართ ყველა ქართველი - პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

 

 

 

 

 

 

მსგავსი