03 November 2017
  • 1052 ნახვა

პარტიული ცხოვრების სიღატაკე: პოლიტიკური პარტიების შემოსავლები საქართველოში

ფოტო: www.tech4parties.org


საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს უდგათ არა მხოლოდ იდეოლოგიური კრიზისი, არამედ ორგანიზაციული თუ ინსტიტუციონალური განვითარების პრობლემები, რაც ხელს უშლის ზოგადად ქვეყანაში წარმატებული პარტიული პოლიტიკის განვითარებას. მაგალითად, ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული გამოწვევა ქართული პოლიტიკური პარტიებისათვის არის დაფინანსების არაეფექტური და პოლიტიკურად უშინაარსო სისტემა. წარმოდგენილი წერილი არის მცდელობა საქართველოში პარტიების დაფინანსების თუ შემოსავლების მოკლე მიმოხილვისა, სტატია ასევე შეეცდება ახსნას თუ რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ პარტიების დაფინანსების ევროპული პრაქტიკისგან.

პარტიების დაფინანსება და ქართული კანონმდებლობა

საქართველოს ორგანული კანონით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, პარტიის ქონებას ქმნის: საწევრო შენატანები, შემოწირულობები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი. ქართული კანონმდებლობა განმარტავს, რომ შემოწირულობად ითვლება საქართველოს მოქალაქის მიერ პარტიისთვის ჩარიცხული თანხა, პარტიის ანგარიშზე საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა და ასევე ის მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობა რაც პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისგან უასასყიდლო ან შეღავათიანი პირობებით იქნა მიღებული. თუმცა, კანონმდებლობით, პარტიას ასევე უფლება აქვს აიღოს კრედიტი საქართველოში მოქმედი კომმერციული ბანკისგან „საერთო რაოდენობის არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.“

ქართულ კანონმდებლობას ცხადია ასევე აქვს გარკვეული აკრძალვები პარტიების დაფინანსების კუთხით. კერძოდ, იმავე ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოში პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ მოძრაობებიდან, სახელმწიფო ორგანოებისგან ან სახელმწიფოსთან ასოცირებული ორგანიზაციებიდან გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არასამეწარმეო იურიდული პირისგან ან რელიგიური ინსტიტუციებისგან, მოქალაქეობის არმქონე პირისგან და ანონიმური ფორმით. თუმცა, პარტიამ შესაძლოა მიიღო შემოსავალი რაიმე საჯარო ღონისძიებებისგან, მაგრამ კანონი განსაზღვრავს რომ ასეთი აქტივობიდან მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში. ასევე, კანონმდებლობით, პარტიის მიერ ყოველი მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო ყოველი იურიდიული პირისგან მიღებული შემოწირულობები კი წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. ხოლო რაც შეეხება პარტიის წევრების საწევრო შენატანს, თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.

როგორც უკვე აღინიშნა, ქართული კანონმდებლობით, პარტიების დაფინანსების წყაროს აგრეთვე წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები. კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს პარტიებისათვის რისი მიზანიც არის მათი საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ განმარტავს: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით).“ შესაბამისად, როგორც ვხედავთ, ქართული კანონმდებლობა არ ანიჭებს სახელმწიფოს უფლებას მოახდინოს საქართველოში რეგისტრირებული ყველა პარტიის სუბსიდირება. კანონი მკაფიოდ განმარტავს, რომ მხოლოდ ის პარტია იღებს დაფინანსებას რომელიც მიიღებს ხმათა 3 პროცენტს და შესაბამისად განიხილება როგორც კვალიფიციური სუბიექტი.

პარტიების შემოსავლები საქართველოში: ხუთი პოლიტიკური პარტიის მაგალითზე

მიუხედავად იმისა, რომ კანონით პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ აამუშავონ შემოსავლების მიღების თუ გაზრდის სხვადასხვა მექანიზმები თუ საშულებები, როგორც წესი მათი მოქმედების სტრატეგია ამ კუთხით არ არის მოქნილი და ორიგინალური. საქართველოში, მეინსტრიმულ პარტიათა ძირითადი შემოსავლის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება და შემოწირულობებია. ქვემოთ წარმოდგენილ სურათში განხილულია საქართველოში 5 პარტიის ძირითადი შემოსავლის წყაროები და მათი ჯამური შემოსავალი.

სურათი 1: პარტიების შემოსავლები - 2016 წლის სტატისტიკა (წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური)

პარტია

საბიუჯეტო შემოსავალი

მიზნობრივი დაფინანსება

მიზნ. დაფინანსება რეკლამა

დაფინანსება წარმომადგენლებისათვის

შემოწირულობები

საწევრო

არაფულადი

შემოწირულობები ჯამში

სხვა შემოსავალი

ჯამური შემოსავალი

ქათული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

1,918, 540.00

111,258.00

119,563.77

638,700.00

22,962, 869.00

240.00

32,475.00

22,995,584.00

1,00,749.00

26,793, 394.77

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

3,202, 616. 00

532,633.00

297,213.97

608,300.00

1,06,111.00

-

97,250.00

1,163, 361. 00

41,40.00

5,845, 523. 97

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

1,438, 572.00

236,724.00

200,370.18

381,650.00

1,55,625.00

-

88,784.00

1,645, 409. 00

12,14. 00

3,914, 829.18

ევროპული საქართველო

104,502. 00

20,785.00

-

-

-

-

-

-

-

125,287.00

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

384,906.00

236,724.00

145,099.16

381,650.00

41,215.00

-

5,000.00

46,215.00

120,984.00

1,315,578.16

შენიშვნა: მოცემულ ცხრილში ქართული ოცნების შემოსავალი მოცემულია როგორც პარტიის შემოსავალი, რადგან როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ასევე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება მონაწილეობდა როგორც კოალიცია. შესაბამისად, აქ წარმოდგენილი თანხები განკუთვნილია არა კოალიცია ქართული ოცნებისათვის, არამედ პარტია ქართული ოცნებისათვის

როგორც ვხედავთ, ცხრილში მოცემულ პარტიათა ძირითადი შემოსავლის წყარო პირველი რიგში საბიუჯეტო დაფინანსება და მიზნობრივი დაფინანსებაა, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. აგრეთვე, მათი შემოსავლის წყაროებია ფულადი და არაფულადი შემოწირულობები, ხოლო რაც შეეხება საწევრო შენატანებს, როგორც ვხედავთ ეს სეგმენტი არანაირ როლს არ ასრულებს პარტიათა დაფინანსების პროცესში.

რასაკვირველია, საწევრო გადასახადების ასეთი დაბალი მაჩვენებელი მიუნიშნებს იმაზე, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში მათი წევრები მინიმალურ როლს ასრულებენ და პარტიის ფინანსური აგებულება მთლიანად სახელმწიფოსა და ბიზნეს ჯგუფებზეა მიბმული. ეს კი ცხადია თავის მხრივ მიანიშნებს მოქალაქეთა პოლიტიკურ ნიჰილიზმსა და პარტიებისადმი სკეპტიკურ განწყობებზე. თუმცა, რასაკვირველია, საწევრო შენატანების არ არსებობა შესაძლოა ასევე გამოწვეული იყოს დაბალი ეკონომიკური განვითარებით. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენში დემოკრატია არ მუშაობს, რადგან ღარიბი ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ვერ იქნება დემოკრატიული ორგანიზმის მატარებელი.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ევროპაში: ზოგიერთი გამოცდილება

თანამედროვე დასავლურ ევროპულ პრაქტიკაში, ცხადია როგორც სახელმწიფო დაფინანსება ასევე ცალკეული შემოწირულობები და საწევრო შენატანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პარტიების დაფინანსების პროცესში. თუმცა, როცა საუბარია შემოწირულობებზე, ხშირად ევროპულ პარტიებში შემოწირულობები კეთდება არა მხოლოდ კერძო პირების მიერ, არამედ კონკრეტული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ცალკეულ პარტიებში თავიანთ იდეოლოგიურ პლატფორმას, ინტერესთა თანხვედრას თუ საერთო იდეებზე აგებულ დღის წესრიგს ხედავენ. ამის მაგალითად გამოგვადგება ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, რომლის დაფინანსებაშიც აქტიურად მონაწილეობს ბრიტანეთის პროფკავშირები, რაც ცხადია განპირებებულია საერთო იდეოლოგიური შეხედულებებით სხვადასხვა პოლიტიკურ, კულტურულ თუ ეკონომიკურ საკითხებზე. თუმცა, გარდა შემოწირულობებისა, დასავლურ პრაქტიკაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საწევრო შენატანები, რომლებიც საერთი ჯამში საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს აძლევს ევროპულ პარტიებს. თავის მხრივ, საწევრო შენატანებზე აგებული პარტიული დაფინანსების სისტემა ხელს უწყობს პარტიის დეოლიგარქიზაციას და მეტ დემოკრატიზაციას.

როდესაც საწვერო შენატანებზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია დავაკვირდეთ იმავე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის პრაქტიკასა და გამოცდილებას. მაგალითად, 2016 წელს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის საწევრო შენატანები შეადგენდა 14.4 მილიონ ბრიტანულ ფუნტს, მაშინ როდესაც კონსერვატიულმა პარტიამ თავის წევრთაგან მხოლოდ 1.5 მილიონის ფუნტის შეგროვება შეძლო. ბრიტანეთის ლეობორისტული პარტია დაახლოებით 569,000 წევრისგან შედგება და პარტიაში საწევრო შენატანი 48 ფუნტით განისაზღვრება, თუმცა გარკვეული სპეციალური შეღავათები აქვთ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, მათ შორის ახალგაზრდებს თუ ვეტერანებს.

დაფინანსების საკმაოდ მოქნილი და გამჭირვალე სტრატეგია აქვს ესპანურ პოდემოსს. განვიხილოთ პოდემოსის დაფინანსების სტრატეგია და მეთოდები. პოდემოსის დაფინანსების ძირითადი წყაროებია:

  • რეგულარული შემოწირულობები წევრებისგან - 5 ევროდან (ყოველთვიურად)

  • მიკროკრედიტები - ეს გულისხმობს პარტიის საარჩევნო კამპანიების დაფინანსებას მიკროკრედიტის საშუალებით. არჩევნების შემდეგ, შესაბამისი სუბსიდირების მოპოვებისას კი პარტია უკან უბრუნებს თანხას კონტრიბუტორს.

  • მაღაზია - პოდემოსის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს მათ მიერ გამოცემული თუ დამზადებული წიგნების, ტანსაცმელებისა და აქსესუარების გაყიდვა.

  • მასიური დაფინანსება (crowdfunding) - რაც გულისხმობს შემომწირველების მიერ სპეციფიკური პროექტების დაფინანსებას.

პოდემოსის მიერ პარტიის დაფინანსების ასეთი სტრატეგიის შემუშავება ხელს უწყობს პარტიის დემოკრატიულ განვითარებას და ფინანსურ გამჭირვალობას. აღსანიშნავია ისიც, რომ პოდემოსს, როგორც მისი შემოსავლები, ასევე დანახარჯები დეტალურად აქვს გასაჯაროებული მის ვებ-გვერდზე.

რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ ევროპული გამოცდილებიდან?

იმისათვის რომ საქართველოში პარტიები მიმზიდველნი გახდნენ მოქალაქეებისათვის და შესაბამისად განვითარდეს პარტიული პოლიტიკის პრაქტიკა, საჭიროა დაფინანსების სისტემის სრულიად ახლებური გააზრება. საქართველოში პრობლემას ქმნის ის, რომ განსხვავებით ევროპული გამოცდილებიდან, პარტიებს არ ჰყავს ისეთი შემომწირველი ორგანიზაციები, რომლებიც ცალკეული პარტიის პროგრამაში თავიანთ ინტერესებს ხედავენ. ასეთი პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს, რადგან პარტიათა დაფინანსება არ არის არც პროფკავშირების ინტერესებში და არც სხვა ორგანიზაციებში.

რაც შეეხება მოქალაქეთა ანუ კერძო პირების შემოწირულობებს, ძირითადად უცნობია ის მიზეზები რის გამოც ისინი გარკვეულ თანხას აძლევენ პარტიას, სავარაუდოა რომ ასეთი შემოწირულობები ეფუძნება არა იდეოლოგიურ თუ მსომფლმხედველობრივ პრინციპებს, არამედ კლიენტალისტურ ურთიერთობებსა თუ სხვა ტიპის ურთიერთობებს, რაც განპირობებულია კლანური ან/და პატრონ-ყმური ინტერაქციებით. შესაბამისად, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა საჭიროა ერთგვარი ტრანსფორმაციის პროცესი განიცადონ, რა დროსაც შეიმუშავებენ შემოსავლების მიღების სრულიად ახალ, ინოვაციური მეთოდს, თუნდაც ისეთს როგორიც პოდემოსს აქვს. ასევე, საჭიროა მათი შემოსავლის წყაროს მნიშვნელოვან სეგმენტად იქცეს საწევრო შენატანები, რაც შესაძლებელია გაკეთდეს პარტიის მიერ საზოგადოებაში მორალური ავტორიტეტის ამაღლებით, რაც ცხადია ასევე უკავშირდება ელიტების განახლების პროცესს და ახალ ლიდერებზე კონცენტრირებას, როგორც ეს მოხდა ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის შემთხვევაში, როდესაც ჯერემი კორბინის მოსვლამ პარტიის ლიდერად გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა პარტიის ცხოვრებაში.

დასკვნის მაგიერ

შეიძლება ითქვას, რომ თუკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებში საწევრო შენატანებს დავაკვირდებით, პარტიებსა და მოქალაქეებს შორის არ არსებობს არანაირი პოლიტიკური სენტიმენტი თუ ლოიალიზმი. მარტივად რომ ვთქვათ, პარტიების შემოსავლები საერთოდ არ კონცენტრირდება მის წევრთა მაღალ ფინანსურ ჩართულობაზე და ძირითადი აქცენტები გადააქვთ ან სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე ან ბიზნესმენებზე, რომლებიც გარკვეულ შემოწირულობებს გაიღებენ ამა თუ იმ პარტიისათვის. საწევრო შენატანების სრულ სიღატაკეს განიცდის როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციური სპექტრი. შესაბამისად, ეს არის ერთგვარი პრაქტიკა თუ ტენდენცია, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოსტაბჭოთა ტრანსფორმაციული ეპოქის პარადიგმა, რა დროსაც მდიდრები პარტიების ერთადერთი კონტრიბუტორები ხდებიან, რაც ცხადია ხელს უშლის არა მხოლოდ პარტიული სისტემის, არამედ მთლიანად პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაციას საქართველოში.


დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

მსგავსი

ადგილობრივი არჩევნები - ქართული პოლიტიკის ლაკმუსის ქაღალდი

03 November 2017

თბილისის მერობის კანდიდატები: პოლიტიკური კამპანიის სტრატეგიები და პოზიციონირება

03 November 2017

მე არ ვადარებ საქართველოს აზერბაიჯანს. მე საქართველოს ვადარებ იმას, რისკენაც ის მიისწრაფვის - ექსკლუზიური ინტერვიუ ლორა თორნტონთან

03 November 2017

უპარტიო “დემოკრატია”

03 November 2017

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ: რთული პროცესის ახალი გამოწვევები

03 November 2017

ექსკლუზიური ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

03 November 2017

საქართველო და სეკულარიზმი: მოდერნული იდეა ტრადიციულ საზოგადოებაში

03 November 2017

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკა

03 November 2017

კონსტიტუციური კომპრომისის შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად

03 November 2017

ქალაქის მერი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა

03 November 2017

კონსტიტუციური მონარქია საქართველოში: წარსულის შეუძლებლობა

03 November 2017

ცხოვრება ჯარის შემდეგ

03 November 2017

რესპუბლიკური პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების ახალი ალიანსი: გატკეპნილი გზა დამარცხებისკენ?

03 November 2017

მანდატების გადანაწილების შესახებ: სტაბილურობის და დემოკრატიის დილემა

03 November 2017

საქართველოს პრეზიდენტის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლი კონსტიტუციურ სისტემაში

03 November 2017

საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში: დემოკრატია ძალაუფლების პირისპირ

03 November 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მისი სირთულეები

03 November 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმოხილვა საქართველოში: დებატები და ინიციატივები

03 November 2017

პრეზიდენტის ინსტიტუტი საპარლამენტო სისტემის პირობებში: ევროპული დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

03 November 2017