მთავრობის გადადგომის მოთხოვნით “პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართა. მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს.
მათი განცხადებით, ქვეყანაში დღეს მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში, დაუსაქმებელია და განიცდის საბანკო ტერორს, მთავრობა არ ასრულებს დანაპირებს და ასეთ პირობებში კი “პატრიოტთა ალიანსი“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყანაში რეალური ოპოზიციაა და შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას.
„ეს არ არის წინასაარჩევნო აქცია, ეს არის აქცია ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, აქ უფრო მეტი ხალხი მოგროვდა, ვიდრე დღეს თბილისში “ნაციონალების“ აქციაზე. რამდენიმე დღეში აქციები ყოველდღიურ ხასიათს მიიღებს. გრანდიოზული აქციაა დაგეგმილი 29 ოქტომბერს და ეს გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ წავა სახლში", -განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.