ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობს, დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, მაგრამ მეოთხედფინალამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია.
ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ორი მეტოქის (კუბელი იასელ ბაეზა დიასი და ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი) დამარცხების შემდეგ, ბელგიელ მატიას კასესთან წააგო.
ამავე წონაში ტრისტან მოსახლიშვილმა ლიბანელი ანდრეას მეჩლების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელ სტუარტ მაკვოტთან დამატებით დროში წააგო.
ორი ქართველი ასპარეზობდა 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში - გიორგი ჩიქოვანმა ჯერ ლიხტენშტეინელ რაფაელ შვენდინგერს მოუგო, შემდეგ კი დომინიკელ რობერტ ფლორენტინოსთან ვაზარით წააგო.
იმედა გოგოლაძემ კი საწყის წრეშივე ორი ვაზარი მიიღო უზბეკი მუხამად კარიმ ხურამოვისგან.
გოგონათა შორის 63 კილოგრამში მარიამ ჭანტურიამ გამოსვლა მე-2 რაუნდიდან დაიწყო და მონღოლი სარუულ ოტგონბაიარი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი სუფთად წააგო ჰოლანდიელ სანე ვერმეერთან.