შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლისა და მის ახლომდებარე 15 სოფელში (დიცი, ნიქოზი, კარალეთი, რუისი, დირბი, არცევი, სასირეთი, ქვახვრელი, აგარა, ატენი, ურბნისი, ქვენატკოცა, ტინისხიდი, ხელთუბანი, ვარიანი) კიდევ ერთი წლით გაგრძელდება პროექტი საფეხბურთო თერაპია, რომელიც ძმები არველაძეების ფონდის ინიციატივით 2015 წელს დაიწყო.
სოფელ ტინისხიდში პროექტის მთავარმა კოორდინატორმა მერაბ თევზაძემ მწვრთნელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, შემდეგ კი ადგილობრივი ტინისხიდისა და ვარიანის გუნდებს შორის მატჩი გაიმართა.
პროექტში ჩართულია 300-მდე მოზარდი, რომელთაც ვარჯიშები კვირაში სამი დღის მანძილზე, სპეციალური პროგრამით უტარდებათ.
მერაბ თევზაძემ გოჩა ტყებუჩავა შეცვალა, რომელმაც ზაფხულში მუშაობა ტაშკენტის "ფახთაქორში" შოთა არველაძის ასისტენტად გააგრძელა.
53 წლის თევზაძემ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი ლანჩხუთის "გურიაში" გაატარა. ასევე, უთამაშია თბილისის "დინამოს" შემადგენლობაშიც.