ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალში იმღერებს – ქართველმა კონკურსანტმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.
სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა. პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა, ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.
საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს. მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და ტურს საუკეთესო შემსრულებლები გადალახავენ.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულის“ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.
ფინალი 23 მაისს შედგება, სადაც 2015 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გამოვლინდება.