საზოგადოებრივი
104.5 FM
2931

აღმოჩენილია ყველაზე ცხელი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა უმეტესობაზე მხურვალეა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 20:30:00

მეცნიერებმა იპოვეს ეგზოპლანეტა, რომელიც ყველაზე უცნაურია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. იგი გაზის გიგანტია, მაგრამ სულაც არ ჰგავს ჩვენი მზის სისტემის იუპიტერს — თავის ვარსკვლავს ყოველ 1,5 დღეში ერთხელ უვლის გარს, ზედაპირის ტემპერატურა კი უმეტეს ვარსკვლავზე მაღალია.  

პლანეტა მოძრაობს მხურვალე ვარსკვლავ KELT-9-ის გარშემო, რომელიც დედამიწიდან 650 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონომები ვარსკვლავის სიახლოვეს ასე ცხელ პლანეტას პოულობენ — ის განსხვავდება ყველა ობიექტისგან, რაც კი აქამდე გვინახავს. 

პლანეტა KELT-9b იმდენად ცხელია, რომ დღის მხარეს, მისი ზედაპირის ტემპერატურა 4 327 °C-ს აღწევს. შედარებისათვის, მზის ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5 527 °C-ია და მისი უახლოესი პლანეტა — მერკური, ზედაპირზე ძლივს აღწევს 427 °C-ს.  

ასეთი ჯოჯოხეთური სიცხის მიზეზია გაზის გიგანტის სიახლოვე თავის დედა-ვარსკვლავთან, რომელიც თავის მხრივ, ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ვარსკვლავია — მისი ტემპერატურა დაახლოებით 9 897 °C-ს აღწევს.  

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პლანეტა ჩვენთვის ცნობილ ვარსკვლავთა 80%-ზე ცხელია, ნამდვილად გამაოგნებელი ფაქტია“, — უთხრა ScienceAlert-ს ავსტრალიის სამხრეთ კვინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯონტი ჰორნერმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა. 

„არსებითად, იგი თავის ვარსკვლავის ზედაპირზე სრიალებს; ეს ვარსკვლავი კი მზეზე ბევრად უფრო კაშკაშა და ცხელია“. 

გაზის გიგანტი პლანეტა KELT-9b იუპიტერზე 2,8-ჯერ მძიმეა, მაგრამ აქვს მისი სიმკვრივის მხოლოდ ნახევარი, რადგან ატმოსფეროს მუდმივად აცლის მძლავრი დედა-ვარსკვლავი. 

„მასაზე დაფუძნებული ნებისმიერი ტიპური დეფინიციით, იგი პლანეტაა, მაგრამ მისი ატმოსფერო თითქმის არაფრით ჰგავს ჩვენთვის ამ დრომდე ცნობილ ნებისმიერი სხვა პლანეტისას“, — აღნიშნავს განცხადებაში ერთ-ერთი მკვლევარი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასტრონომი სკოტ გაუდი. 

სხვათა შორის, პლანეტა იმდენ სიცხეს იღებს, რომ მკვლევრები მისი არსებობითაც კი გაკვირვებულნი არიან.  

„გულწრფელად გაოცებული ვარ, რომ ამ პლანეტას ვხედავ“, — უთხრა ScienceAlert-ს ასტრონომმა ალენ დაფიმ. 

„რადგან როდესაც შენ გაქვს ძალიან მასიური და კაშკაშა ვარსკვლავი, მისი რადიაციის ძალა იმდენად ინტენსიურია, რომ შეუძლია პლანეტას სრულად შემოაცალოს გარშემო არსებული მატერია. აღარ რჩება იმდენი გაზი და მტვერი, რომ პლანეტამ იარსებოს“. 

KELT-9-ის მიდამოებში არსებული ულმობელი პირობები როგორც ჩანს, ახლად აღმოჩენილი პლანეტის სიცოცხლეს ხანმოკლეობასა და სისასტიკეს უქადის. მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, პლანეტა წამში 10 მილიონ კილოგრამ მასას კარგავს და სავარაუდოდ, წარმოქმნის ისეთ კუდს, რომელსაც ხშირად ვხედავთ კომეტათა გასწვრივ. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ან სრულიად გაქრება, ან საბოლოოდ დარჩება მხოლოდ მისი ბრტყელი, კლდოვანი ბირთვი (ჯერჯერობით არ ვიცით, აქვს თუ არა KELT-9b-ის მსგავს პლანეტებს კლდოვანი ბირთვი). 

კვლევა წარმართა მკვლევართა და მოყვარულ ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა და როგორც ჰორნერი აცხადებს, იგი მოიცავს ზოგიერთ ნამდვილად რთულ დაკვირვებას. 

„ეს კვლევა გვაბრუნებს უკან, ჩვენს ტექნოლოგიურ მიღწევათა კიდეზე, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ან რა შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ჩვენს მიღმა არსებობს, ეს კი ინოვაციურია ძალიან მრავალი თვალსაზრისით“, — უთხრა მან ScienceAlert-ს. 

როგორც წესი, მეცნიერები ეგზოპლანეტებს ეძებენ ჩვენი მზის მსგავსი, შედარებით პატარა, მკრთალი ვარსკვლავების მიდამოებში, რადგან იქ მათი შემჩნევა უფრო ადვილია და მეტია იმის იმედიც, რომ რომელიმე მათგანი სიცოცხლისათვის ვარგისი იქნება. 

თუმცა, ჯოჯოხეთური KELT-9b-ის აღმოჩენა აფართოებს ჩვენს გაგებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ჩვენ მიღმა, ასევე, როგორ იბადებიან და ნადგურდებიან პლანეტები.  

„ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ შეგვიძლია ვიყოთ მეტად გაბედულნი და წარმოვიდგინოთ, რომ შესაძლოა პლანეტები არსებობდეს ძალიან დიდი და კაშკაშა ვარსკვლავების გარშემოც, რისი იმედიც აქამდე არ გვქონია“, — განუცხადა დაფიმ ScienceAlert-ს. 

მომაჯადოებელი აღმოჩენის შემდეგ, მკვლევრებს  იმედი აქვთ, რომ სულ მალე, KELT-9b-ის შესახებ უფრო მეტ დეტალს შეიტყობენ სხვა ტელესკოპთა მეშვეობით; ამ მხრივ მათ განსაკუთრებით ეიმედებათ ჯეიმს ვების ტელესკოპი, რომელსაც NASA  მომავალ წელს გაუშვებს. 

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. 






მომზადებულია ScienceAlert-ისა და news.vanderbilt.edu-ს მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი
წაკითხვა
გიგანტური მოხეტიალე პლანეტები გალაქტიკაში იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ
გიგანტური მოხეტიალე პლანეტები გალაქტიკაში იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ
ვარშავის უნივერსიტეტის ობსერვატორიის, ოჰა
წაკითხვა