იზორია „რუსთავი 2“-ის საქმეზე: „ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღებია, ვინაიდან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა“
გამოქვეყნებულია: 2017-03-03 11:37:00
„ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მისაღებია, ვინაიდან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამას", - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ „რუსთავი 2" ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, საზოგადოების დაკვეთაა, რომ მედია იყოს პლურალისტური კანონიერი მფლობელის ხელში. შეკითხვას, გაუჩნდა თუ არა პირადად მას კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იზორია პასუხობს, რომ ის „პატივს სცემს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“.„სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.
წაკითხვა