აკაკი ზოიძე - კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშ
გამოქვეყნებულია: 2017-11-02 20:41:00
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ ექიმების დასაქმების თვალსაზრისით არავითარ დამატებით რეგულაციაზე, ან აკრძალვებზე საუბარი არ არის. პირველ არხთან საუბარში ზოიძე აცხადებს, რომ მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც ექიმი ძალიან ბევრ ადგილას მუშაობს, თუმცა საუბარი ისეთ შემთხვევაზე არ არის, როცა ექიმი ერთ-ორ ადგილას, ან კონსულტანტად მუშაობს. მისი თქმით, მაღალკვალიფიციური ექიმები არსებობენ, რომლებიც შეიძლება ხუთ-ექვს დაწესებულებაში კონსულტანტებად იყვნენ, რომლებიც პაციენტებისთვის კონსულტაციის გაწევას ტელეფონით ახერხებენ, როცა რთული შემთხვევები არ არის. „ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ჩვენს პირობებში სხვა პრაქტიკა შეიქმნა, როცა დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, ზოგჯერ, სამედიცინო პერსონალი ხუთ-ექვს კლინიკაში 20-20 საათი მუშაობს, დღეში ხუთ ოპერაციას აკეთებს და ამან შეიძლება ადამიანი საექიმო შეცდომამდე მიიყვანოს, რაც პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. შეიძლება, ამით საექიმო შეცდომის რისკი გაიზარდოს. კლინიკების შერჩევითი კონტრაქტირება საშუალებას მოგვცემს, რომ მაღალკვალიფიციური პერსონალი ღირსეული ანაზღაურებით ისეთ კლინიკებში დასაქმდეს, სადაც მას მოტივაცია აღარ ექნება, რომ ხუთ ადგილას იმუშაოს“, - აღნიშნავს ზოიძე. დეპუტატის ინფორმაციით, ზოგჯერ პაციენტს არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ნამდვილად არსებობს „საამქროები“, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება. „ექიმებს ისეთ დაწესებულებაში მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, სადაც მოცულობა და პაციენტების მხრივ დატვირთვა მაღალია, ამიტომ გამომუშავებული თანხაც მაღალია, ღირსეული ანაზღაურება აქვთ და აუცილებლობა არ აქვთ, რომ დღე-ღამის განმავლობაში იმუშაონ და ამით იმის საფრთხე გაზარდონ, რომ შეცდომა დაუშვან და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. იმის გამო, რომ თითოეულს შეუძლია კლინიკა გახსნას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, ამიტომ ბოლო ორ წელიწადში 64 კლინიკა გაიხსნა. შეიძლება კარგია, რომ ბევრი ადამიანი საქმდება, მაგრამ ბევრი ადამიანი კი არ საქმდება, ერთი და იმავე ადამიანი რამდენიმე ადგილას საქმდება და მეტი პაციენტის მიღება ხდება. ზოგჯერ არასაჭირო გამოკვლევებსაც უტარებენ და ეს „საამქროები“ მართლაც არსებობს, რომელიც სახელმწიფო ფულის გადამუშავებას ემსახურება და სისტემას ასეთ საამქროებს რომ მოვაშორებთ, ის მაღალკვალიფიციური კლინიკები დაგვრჩება, სადაც ექიმები სრულად დასაქმებულ იქნებიან და საჭიროება არ ექნებათ, რომ ხუთ კლინიკაში იარონ იმისთვის, რომ თავისთვის მისაღები ანაზღაურება მიიღონ“, - აღნიშნავს ზოიძე.
წაკითხვა