თამარ ჟვანია - საარჩევნო უბნებზე პროცესებმა, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 13:41:00
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე პროცესებმა, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა და რაიმე განსაკუთრებულ ინცინდენტებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა. ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა.„წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45. 65 % შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. ძირითადად ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება. რაც მთავარია, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა ჟვანიამ.როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, საერთო ჯამში, ყველა საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 309 საჩივარია შესული. ამათგან, ყველაზე მეტი საჩივარი მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში დაფიქსირდა. ჟვანიას განცხადებით, საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. „საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს ეხება და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა გახლავთ კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა, არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომლებიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს და საჭიროებს შესწავლას. დარღვევებთან დაკავშირებული ფაქტების უმრავლესობა ცესკო-ს მიერ გადამოწმდა. ფაქტების უმრავლესობაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს, მოხდა მყისიერი რეაგირება, თუმცა დარღვევების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა გაჟღერებული, არ დადასტურდა“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
წაკითხვა