საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
გამოქვეყნებულია: 2008-12-06 16:20:09
მთავრობაში გუშინ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, განათლების მინისტრის თანამდებობას ნიკა გვარამია დაიკავებს, კულტურის სამინისტროს ზურაბ აბაშიძე ჩაუდგება სათავეში, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ბათუ ქუთელია იქნება. ჯერჯერობით უცნობია, სად წავლენ საგარეო საქმეთა, განათლების და თავდაცვის სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელები ეკა ტყეშელაშვილი, გია ნოდია და დავით კეზერაშვილი. ვინაიდან მთავრობაში მხოლოდ 4 მინისტრი შეიცვალა, კონსტიტუციის თანახმად, ამ ცვლილებებს პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება.
საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანგარიში პრეზიდენტს უკვე ჩააბარა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერმა გარკვეული ვადა ითხოვა ცვლილებების განსახორციელებლად და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. პრეზიდენტის განმარტებით, საკადრო ცვლილებების მიზანი მთავრობაში ახალი სისხლის გადასხმა იყო.
მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე დედაქალაქის მერმაც ისაუბრა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ცვლილებები მთავრობაში დაგეგმილი იყო და ის ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
წაკითხვა