რუსეთის აგრესიის შემსწავლელმა კომისიამ გორში სხდომა გამართა
გამოქვეყნებულია: 2008-12-04 16:30:24
რუსეთის აგრესიის შემსწავლელმა კომისიამ გასვლითი სხდომა გორში გამართა. კომისიის წევრებმა დღეს ის მოსახლეობა დაკითხეს, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალდა. მთავარი კითხვა ომის დაწყების თარიღს ეხებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სროლა არა 7 აგვისტოს, არამედ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2 აგვისტოს დაიწყო, როცა სოფელ ავნევსა და ნულზე სეპარატისტებმა შეტევა ცეცხლსასროლი იარაღითა და მძიმე ტექნიკით განახორციელეს.
მათივე განცხადებით, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალებს ამის აღსაკვეთად არანაირი ზომები არ მიუღიათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა ამ პროვოკაციას არ უპასუხეს, ფრონეს ხეობასთან ერთად დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებიც დაიბომბა.
კომისიის მხრიდან დასმული იყო კითხვები მარადიორობის ფაქტებზეც. კომისიის წევრების განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რაც საბოლოო დასკვნაში აისახება.
წაკითხვა