ირაკლი ალასანია - ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ
გამოქვეყნებულია: 2014-11-01 10:08:00
ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მისი უწყების მაღალჩინოსნების
დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, შესყიდვების პროცესს აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა."მთავარი, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმა მიიღო.როგორც ალასანიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი უკვე მიადგა, აუცილებელია, ჭეშმარიტების დასადგენად, საქმეს გრიფით "საიდუმლო" მოეხსნას.მინისტრის თქმით, მთელი უწყება მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხება. ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა. მინისტრი ბერლინიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა